ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
მთავრობა ბიზნესს ახალ შეზღუდვას ჰპირდება - #6(210), 2017
ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების და სადაზღვევოების ფლობას უკრძალავენ 

მთავრობა ფარმაცევტულ ბიზნესს ახალ რეგულაციებს უმზადებს. ყოველ შემთხვევაში, დავით სერგეენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება ჩამოართვან. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საქართველოს მთავრობა რომელიმე ახალი რეგულაციის შემოღების საჭიროებას ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებას აბრალებს. ფარმაცევტული ბიზნესის მფლობელებისთვის სამომავლო შეზღუდვის დაწესება და კანონმდებლობის შეცვლა სერგეენკოს მტკიცებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ ერთი ვალდებულებაა. 

„ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის იმას, რომ შეიძლება აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიას კლინიკის და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეს. თუმცა, ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გაივლის დარგის წარმომადგენლებთან ექსპერტიზას, შემდეგ ალბათ პარლამენტში იქნება მსჯელობა. მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის იმპერატიული პირობა“, – განაცხადა სერგეენკომ. 

ჯანდაცვის მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კანონპროექტის სავარაუდო მონახაზიც არ გავრცელებულა და საქმე მხოლოდ ზეპირ განცხადებებშია. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლას უკვე მოჰყვა საკმაო რეზონანსი და რეგულაციების ერთ ერთი მთავარი სამიზნე გამოეხმაურა კიდეც. 

ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლის შემდეგ განცხადება გააკეთა სააფთიაქო ქსელი „პეესპეს“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა, ამჟამად უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა კახა ოქრიაშვილმა. ცნობილია, რომ კომპანია „პეესპე“ რამდენიმე მიმართულებაზეა ბაზარზე წარმოდგენილი და აერთიანებს ფარმაცევტულ საწარმო „ჯი ემ პის“, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსს“, სადაზღვევო კომპანია „პსპ დაზღვევას“ და „პე ეს პე იმპორტსა და დისტრიბუციას“. ასე რომ, თუ დავით სერგეენკოს დაანონსებული რეგულაცია ძალაში შევა, ოქრიაშვილის ბიზნესს სერიოზული პრობლემები ელოდება. კახა ოქრიაშვილმა მთავრობას მიმართა, რომ თუკი მას კლინიკის ფლობის უფლება აღარ ექნება, მაშინ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ნიუ ჰოსპიტალსი“ და შესაბამისი თანხაც გადაუხადოს კლინიკის ამჟამინდელ მფლობელს. 

„თუ ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ექნებათ, ჩვენ დავუბრუნებთ მთავრობას საავადმყოფოს და მათ დაგვიბრუნონ ჩვენი ფული“, – ასე გამოეხმაურა კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი იმასაც აცხადებს, რომ მთავრობის ასეთი განცხადებები ზოგადად ბიზნესგარემოს აზიანებს. 

„შეფასებას არ გავაკეთებ. მომხრე არ ვარ არავითარი აკრძალვების, დანგრევების და ა.შ., თუ უკვე რაღაცაა გაკეთებული, თანაც კარგად. თუ ეს საკითხი სერიოზულად დადგება და საკითხი დგას ჩემს კომპანიაზე, ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფო, ინვესტირება გავაკეთეთ 50 მილიონი დოლარის, მთავრობის დადგენილების საფუძველზე. დავუბრუნებთ უკან მთავრობას, დაგვიბრუნოს ჩვენი ფული. ეს არის ჩვენი პასუხი“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა. 

რაც შეეხება სერგეენკოს განმარტებას, ახალი რეგულაციის შემოღება ევროდირექტივას უკავშირდებაო, ოქრიაშვილი ამბობს, რომ ასეთი ევროდირექტივა არ უნახავს. დეპუტატი ყველას მოუწოდებს, არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც ბიზნეს განწყობას დააზიანებს. 

„მსგავს ევროდირექტივას არ ვიცნობ და ასეთი არ არსებობს. იმას ვემხრობი, რომ სახელმწიფო, მათ შორის სერგეენკოც და ყველა მინისტრი ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ, რადგან ყელში ამოიყვანეს. ბიზნესის კეთება არავის აღარ სჭირდება და არც მე, არც ჩემს კომპანიას. ბიზნესში მუდმივი რაღაც აკრძალვა განწყობას აფუჭებს. წავიდნენ, ბიზნესი აკეთონ, ამის თავი არ აქვთ“, – განაცხადა ოქრიაშვილმა. 

ოქრიაშვილი აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას მის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბანკებისთვის არაპროფილური ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა. 

„ერთმანეთს საეჭვოდ ისეთი გარემოებები ემთხვევა, როცა გამოვდივარ, ბანკებს ვაკრიტიკებ და უცებ, გამოდიან და ამბობენ, რომ ფარმაცევტული ბაზარი უნდა დავშალოთ, დავყოთ და დავაქუცმაცოთ. ეს რაღაც რაღაცები ერთმანეთს ძალიან ხშირად ემთხვევა და არ მინდა, ვიფიქრო, რომ მე რომ საბანკო სექტორს ვაკრიტიკებ, ამით არის გამოწვეული ის, რომ ჩემს ბიზნესს არტყამენ. უკვე ათჯერ მაინც მოხდა, როცა ბანკები გავაკრიტიკე და ეს დაემთხვა. ამიკრძალონ! ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგია, ჩემთვის უფრო წინ დგას და ამ სიტუაციაში ჩემი ბიზნესი ფეხებზე მკიდია“, – განაცხადა ოქრიაშვილმა. 

მიუხედავად მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა, ოქრიაშვილი მაინც დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და დაანონსებული რეგულაციები კანონის სახით არ შემოვა. თუმცა, ასევე გავრცელდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის – აკაკი ზოიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს და ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. ზოიძის განცხადებით, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე. 

კანონპროექტის დეტალებზე „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრმა, ექსპერტმა ფარმაციის საკითხებში, თინა ტურძილაძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი „გლობალ ალიანს კონსალტინგმა“ შეიმუშავა, რომლის გაცნობასა და განხილვას სამუშაო ჯგუფი მალე დაასრულებს. ტურძილაძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია, მაინც დადებითია. 

„სამინისტრო ამ კანონით ქვეყანაში არსებული რეგულირების მოდელის რადიკალურად შეცვლას გეგმავს. დღეს ქვეყანაში ლიბერალური რეგულირების მოდელია, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში, მინიმალურ ინტერვენციას ითვალისწინებს. შესაბამისად უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული გარანტიებიც მინიმალურია. ახალი მოდელი კი სახელმწიფოს მხრიდან ტოტალურ ინტერვენციას გულისხმობს, რაც მართალია ბაზარზე არსებული წამლების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული რისკებიც ახლავს. შესაძლოა ამ მოდელით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ. ეს არის ევროპული მოდელი, თუმცა, უკვე ცოტა მოძველებულია, დაახლოებით, 10 15 წლის წინანდელი. ამიტომ, სამინისტროს ვთავაზობთ, რომ მისი თითოეული ინსტრუმენტი თუ მეთოდოლოგია გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა ტურძილაძემ. 

მისივე თქმით, ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში იმაზეც არის საუბარი, თუ როგორ გამოსწორდეს სექტორში არსებული ბიზნესმოდელები, როცა წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვეო სექტორი, კლინიკა და ა.შ. ერთი კომპანიის ხელშია მოხვედრილი. 

„კანონის შემუშავებული მოდელი, ფარმაცევტული საქმიანობის სექტორში არსებული ბიზნესმოდელების კორექციას გულისხმობს. ყველაზე მთავარი და პრობლემატური ის არის, რომ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების მფლობელობაშია. აქედან ერთი – მოთხოვნას, მეორე კი მიწოდებას განაპირობებს. მაშინ როცა მოთხოვნა და მიწოდება ერთი კომპანიის, ერთი ჰოლდინგის ხელშია, ყოველგვარი მოთხოვნა მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია, რადგან მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს. სწორედ ამის შედეგია, რომ ქართულ ბაზარზე წამლის დეფიციტი გვაქვს. 8 ათასი არსებული გენერიკული ფორმულიდან, ახალ ფორმულებზე არ ვლაპარაკობ, ქართულ ბაზარზე, მხოლოდ 1200-1500 ფორმულაა. მათ შორის ბევრი ძირითადად მოძველებული მოლეკულებია. შესაბამისად, ბაზარზე არსებული ამ ბიზნესმოდელების კორექტირება ძალიან კარგია, მაგრამ მეთოლოგიები, რომლებსაც ახლა განვიხილავთ, ურთულესია და ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავს. ამიტომ რიგ თემებზე სამუშაო ჯგუფი ჯერ ვერ შეთანხმდა“, – ამბობს თინა ტურძილაძე. 

მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით ჩვენი ჟურნალი „საქართველოს დაზღვევის ასოციაციის“ ხელმძღვანელ დევი ხეჩინაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ჯერ მხოლოდ განცხადებები ისმის, რომ არსებული მოდელის შეცვლა სურს მთავრობას, თუმცა, დასაბუთებული არგუმენტები მას არ მოუსმენია. 

„საქართველოში გვაქვს ე.წ. ვერტიკალური სტრუქტურა. ანუ, როდესაც შესაძლებელია ერთი მფლობელი ჰყავდეს ფარმაცევტულ კომპანიას, სადაზღვევოს და კლინიკას. გვესმის, რომ აპირებენ ამ სტრუქტურის დაშლას, მაგრამ მე პირადად აქამდე არ გამიგია ვინმეს დასაბუთებული კვლევა წარმოედგინოს – არსებულ მოდელს რატომ შლიან; დაშლის შემთხვევაში რა ზარალი ან რა სიკეთე მოჰყვება როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. უნდა გვაჩვენონ არგუმენტები, რას ველით ცვლილებისგან, რა პოლიტიკას გაატარებენ ამ სფეროში, ან, რა მონიტორინგი იქნება...“, – ამბობს ხეჩინაშვილი. 

დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელს მაგალითად ენერგეტიკის სფეროში არსებული მოდელი მოჰყავს და ამბობს, რომ საქართველოში არის ვერტიკალური ინტეგრაცია – ერთ მფლობელს შეუძლია ჰქონდეს ელექტროენერგიის გამომმუშავებელი საწარმოც და გამანაწილებელიც. ევროკავშირში რადგან ასეთი მოდელი არ მუშაობს, სავარაუდოდ საქართველოშიც დაშლიან და ვერტიკალური ინტეგრაცია აღარ იარსებებს. ასეთ ცვლილებას ითვალისწინებს კიდეც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. 

აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც ნებისმიერი რეგულაცია, ამ რეგულაციის შემოღებაც საკმაო თანხას მოითხოვს – ბიზნესს ხარჯი ეზრდება და შესაბამისად, შემოსავალი უმცირდება. ამიტომ, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ და მთელი რიგი ევროპული რეგულაციების შემოღებამ მოუწიათ, ევროკავშირმა დიდი ფინანსური დახმარება გაუწია თავის ახალ წევრებს. 

რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანიებისთვის სადაზღვევოების და კლინიკების ფლობის აკრძალვის საკითხს, დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით უცნობია, რეგულაციის შემოღებით რა სიკეთეს ან რა ზარალს მივიღებთ. 

„ამიტომ, მსჯელობა რას უნდა ველოდეთ, მიმაჩნია, რომ ზედაპირული თემებია. მაშინ, ჩამოთვლილ კითხვებზე უნდა გაგვცენ ჯერ პასუხი. რაც შეეხება თანამფლობელების შეზღუდვას, აქ თუ ფარმაცევტულ კომპანიას და კლინიკას ან სადაზღვევო კომპანიას შორის ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, ეგ მომენტებია შესასწავლი“, – ამბობს ხეჩინაშვილი. 

ცალკე საკითხია დაპირებული რეგულაცია რა გავლენას მოახდენს ინვესტორებზე. იგივე ენერგეტიკულ ბიზნესში წინასწარ იყო ცნობილი, რომ ენერგეტიკის რეფორმის პერიოდში, მაგალითად, 2005-2006 წლებში ინვესტორებს საქართველოს მთავრობა ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელს სთავაზობდა და ინვესტორებისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი გახლდათ. რაც შეეხება ფარმაცევტული ბიზნესისთვის კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების ფლობის ამჟამინდელ აკრძალვას, სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს როგორც ხდება განვითარებული ქვეყნების ბაზარზე მსგავსი ბიზნესის რეგულირება, როგორ მუშაობს იქაური მოდელი, შეაფასონ და იმის მიხედვით შემოიღონ საქართველოში ოპტიმალური რეგულაცია. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილების მიღება, დევი ხეჩინაშვილს პასუხი არ აქვს. 

„ვერ გეტყვით მიიღებენ თუ არა. მე ჯერ ველი არგუმენტაციას რატომ ცვლიან არსებულ მოდელს და რას უნდა ველოდეთ ცვლილებით. აქამდე მხოლოდ ის გავიგეთ, რომ მინისტრმა თქვა რაღაც და მეტი არც არაფერი მომხდარა“, – ამბობს დევი ხეჩინაშვილი. 

ჯანდაცვის მინისტრის გაკეთებულ განცხადებაზე თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავდაპირველად სიტუაცია უნდა შეაფასოს. 

„როდესაც მსგავსი რეგულაციების შემოღებას აპირებენ, ხელისუფლებამ ჯერ ბაზარი უნდა შეისწავლოს. მაგალითად, თუ ფარმაცევტულ კომპანია „პეესპეს“ უკრძალავენ კლინიკის ფლობას, შეისწავლონ სიტუაცია – „პეესპეს“ კლინიკაში მკურნალობის მსურველთა რაოდენობა მატულობს თუ კლებულობს? ასევე სხვა ფარმაცევტული კომპანიების შემთხვევაშიც, ვისაც აგრეთვე აქვს კლინიკა, მაგალითად, ფარმაცევტულ კომპანია „ავერსს“. რაც მე ვიცი, ასეთ კლინიკებში პაციენტების რაოდენობა მზარდია და ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ირჩევს მათ მიერ შეთავაზებულ სერვისებს“, – ამბობს ხორგუაშვილი და მიიჩნევს, რომ შეზღუდვების დაწესებით პირველ რიგში სწორედ მომხმარებელი დაზარალდება. თუმცა, ცხადია, მომხმარებლის გარდა ასევე ზარალდება ბიზნესიც. 

„ასეთი რეგულაციების შემოღება თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესზე და ინვესტიციებზე ამ სფეროებში. მას შემდეგ, რაც მთავრობამ მთელ რიგ მედიკამენტებზე რეცეპტები სავალდებულო გახადა და თითქოს აკრძალა გარკვეული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა, ამ რეგულაციამ კონკრეტულ ბიზნესებზე უარყოფითი გავლენა იქონია. დღეს კი ნებისმიერი წამლის ურეცეპტოდ ყიდვა ფაქტობრივად მაინც შესაძლებელია. ანუ, მედიკამენტებით ვაჭრობა გადავიდა „ჩრდილში“. თუკი ფარმაცევტულ კომპანიას აუკრძალავენ კლინიკის თუ სადაზღვევოს ფლობას, მაშინ ის იძულებული იქნება საავადმყოფოც და სადაზღვევოც იაფად გაყიდოს. 

რაც საყურადღებოა, საავადმყოფოს მართვას გამოცდილება სჭირდება და დღეს ვისაც აქვს ეს ბიზნესი აწყობილი და გამართულად ამუშავებს, სხვა იგივენაირად ვერ გაართმევს მართვას თავს. შესაბამისად, დღეს თუ კარგად მუშაობს კლინიკა, იმის რისკი გაიზრდება, რომ გასხვისების შემდეგ ძველებურად გამართულად ამ კლინიკამ ვეღარ იმუშაოს. ეს კი, გარდა იმისა, რომ კონკრეტულ ბიზნესს დააზარალებს, პირველ რიგში გაუუარესებს სერვისების მიღებას რიგით ადამიანებს. ფარმაცევტულ კომპანიას თუ შემოსავალი შეუმცირდება და ხარჯები გაეზრდება, ეს მაშინ წამლის გაძვირებასაც შეუწყობს ხელს“, – ამბობს ზვიად ხორგუაშვილი. 

მისი თქმით, ხარისხის ზრდას და ფასების შემცირებას პირველ რიგში კონკურენცია უწყობს ხელს და თუ ამ შედეგის მიღებას ცდილობს ხელისუფლება, მაშინ რეგულაციების გაზრდის კი არა, პირიქით, შემცირების გზით უნდა წავიდეს. ასევე, თუკი ბაზარზე რაიმე ცვლილებას აპირებს, პირველ რიგში ბაზარია შესასწავლი, რაც ხორგუაშვილის ვარაუდით, ხელისუფლებას არ გაუკეთებია. 

დავით სერგეენკოს დაანონსებულ რეგულაციებს პარლამენტი დაამტკიცებს თუ არა, მოგვიანებით გამოჩნდება. როგორც „პეესპეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ამბობს, იგი დარწმუნებულია, რომ ფარმაცევტულ ბიზნესს კლინიკების და სადაზღვევოების ფლობას არ აუკრძალავენ. თუმცა, როგორც ვხედავთ, ხელისუფლებას ერთგვარი მანერა ჩამოუყალიბდა, როდესაც მიუხედავად ოპონენტების მხრიდან არგუმენტების არსებობისა, რაიმე რეგულაცია მაინც შემოაქვთ, მოგვიანებით კი თავისივე შემოღებულ რეგულაციას თვითონვე აუქმებენ. მაგალითად, სავიზო რეჟიმის მთელი რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გართულება და შემდეგ ამ ბარიერების მოხსნაც გამოდგება. რაც შეეხება ფარმაცევტულ ბიზნესში აკრძალვებს, პარლამენტმა რომც არ დაამტკიცოს, ექსპერტთა თქმით, ხელისუფლების მხრიდან წამოსული მესიჯები უკვე ახდენს გავლენას ბიზნესზე და სფეროს მიმართ ინვესტორებს ინტერესს უმცირებს. სადაც ინვესტორების ინტერესი მცირდება, იქ რიგითი მომხმარებელი, როგორც წესი, აუცილებლად ზარალდება... 

თემურ იობაშვილი