ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მნიშვნელობა აუდიტორებისთვის - #12(216), 2017
რა პირობებით არიან დაზღვეული აუდიტური ფირმები?

2016 წლის 17 ოქტომბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გამოსცა ბრძანება №12 „აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“. ბრძანება სულ სამ მუხლს მოიცავდა. თუმცა, 28 ოქტომბერს სამსახურის ხელმძღვანელმა ახალი ბრძანება №18 გამოსცა და მესამე მუხლი გააუქმა.

საბოლოოდ, ბრძანება №12‑ით დამტკიცებული წესის სახე ასეთია:

აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტური ფირმის მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის
განსაზღვრის წესს.

2. ეს წესი განკუთვნილია აუდიტორებისა და აუდიტორული (აუდიტური) ფირმების (შემდგომ – აუდიტური ფირმა) სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ
– რეესტრი) რეგისტრირებული ან რეგისტრაციით დაინტერესებული, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის, უცხოური საწარმოს ფილიალისა და ფიზიკური პირისათვის.

3. ამ ბრძანების მიზნებისთვის აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება) (შემდგომ – აუდიტორული მომსახურება) განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) მე‑2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 2. დაზღვევის არსებითი პირობები

1. აუდიტორის/აუდიტური ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული აუდიტორული
მომსახურების გაწევის შედეგად სუბიექტისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი.

2. აუდიტორის/აუდიტური ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ხორციელდება მისი (დამზღვევის) მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს:

ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ‑სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც
რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სადაზღვევო შემთხვევად, ამ ბრძანების მიზნებისთვის, ჩაითვლება რეესტრში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტური ფირმისთვის სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში სუბიექტის მხრიდან ისეთი მოთხოვნის წარდგენა, რომლის საფუძველია ამ აუდიტორის/აუდიტური ფირმის მიერ სადაზღვევო პოლისის მოქმედების (ან რეტროაქტიური) პერიოდის განმავლობაში, მისი რეესტრში რეგისტრაციის
შემდეგ განხორციელებული აუდიტორული მომსახურებისას განზრახ, გაუფრთხილებლობით ან/და შეცდომით განხორციელებული ქმედების შედეგად
დამდგარი მატერიალური ზიანი.

4. აუდიტორების/აუდიტური ფირმების განზრახ ქმედებით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის
შედეგად და შემდეგ მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევის მიმართ გამოიყენოს რეგრესის უფლება.

5. აუდიტორი/აუდიტური ფირმა ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე დაზღვეული ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობა. სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 1 წლით. სადაზღვევო პოლისით რეტროაქტიური პერიოდი უნდა განისაზღვროს სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლის
თარიღის წინმსწრები არანაკლებ 24 კალენდარული თვით. რეტროაქტიურ პერიოდში აუდიტორების/აუდიტური ფირმების მიერ აუდიტორული მომსახურების პროცესში განხორციელებული ქმედებების შედეგად დამდგარი მატერიალური ზიანის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის აუცილებელია, რომ სადაზღვევო შემთხვევის საფუძვლად განსაზღვრულ
ქმედებას ადგილი ჰქონდეს რეტროაქტიური პერიოდის განმავლობაში. ასევე, აუცილებელია, რომ აუდიტორების/აუდიტური ფირმებისათვის სუბიექტის მოთხოვნისშესახებ პირველად გახდეს ცნობილი შესაბამისი სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში.

6. აუდიტორის/აუდიტური ფირმისთვის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ამ აუდიტორის/აუდიტური ფირმის მიერ დაზღვევის პოლისის
მოქმედების პერიოდში განხორციელებული მომსახურების შედეგად სუბიექტისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველი პასუხისმგებელია რეგისტრაციის შეწყვეტიდან მომდევნო 12 თვის
განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო 12 თვისა.

7. პროფესიული პასუხისმგებლობის სადაზღვევო პოლისის მთლიანი სადაზღვევო თანხის ოდენობა განისაზღვრება აუდიტორის/აუდიტური ფირმის მიერ წინა წელს აუდიტორული მომსახურებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მიხედვით და გამოიანგარიშება ქვემოთ ჩამოთვლილ სიდიდეებს შორის უდიდესის საფუძველზე:

ა) არანაკლებ აუდიტორული მომსახურებიდან მიღებული წინა წლის მთლიანი შემოსავალი გამრავლებული 2‑ზე;

ბ) 100 000 ლარი.

8. ლიმიტი თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე უნდა შეადგენდეს მთლიანი სადაზღვევო თანხის არანაკლებ 10%‑ს.

9. ფრანშიზა (მზღვეველის მიერ აუნაზღაურებელი მინიმუმი) თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის უნდა შეადგენდეს ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 5%‑ს, მაგრამ არანაკლებ:

ა) 1 000 ლარს, თუ დამზღვევს წარმოადგენს ფიზიკური პირი და ინდივიდუალურად ახორციელებს აუდიტორულ მომსახურებას;

ბ) 2 000 ლარს, თუ დამზღვევს წარმოადგენს იურიდიული პირი – აუდიტური ფირმა.

10. აუდიტორი/აუდიტური ფირმა ვალდებულია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე დაზღვევის ხელშეკრულების დადების, შეწყვეტის ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე (მათ შორის, სადაზღვევო
თანხის გაზრდის ან შემცირების შესახებ) აცნობოს სამსახურს ხელშეკრულების დადების, შეწყვეტის ან მასში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშო
დღისა.

როგორც ვხედავთ, ამ ბრძანებით, აუდიტორების და აუდიტური ფირმებისთვის სავალდებულო გახდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ყიდვა. ეს ძალიან კარგია, რადგან აუდიტორული მომსახურება _ რთული მომსახურებაა, და რაგინდ მაღალი დონის პროფესიონალებიც არ უნდა მუშაობდნენ აუდიტურ
ფირმაში, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული.

ცნობილია, რომ #12 ბრძანების ამოქმედებამდე, რამდენიმე წამყვან აუდიტურ ფირმას ჰქონდა პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეული, მაგრამ
საყოველთაო ხასიათი ამას არ ჰქონია. ზოგ შემთხვევაში, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ნაწილობრივ ფიქციური ხასიათის იყო, იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ძალიან დიდ სადაზღვევო შემთხვევას ფარავდა
და ამგვარ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას უფრო მარკეტინგული მიზნით მიმართავდნენ.

სადაზღვევო კომპანიებს გარანტირებულად გაეზარდათ დაზღვევის პოლისების გაყიდვა ამ მიმართულებით. ზოგადად, უნდა აღვნიშნოთ, რომ სადაზღვევო ბიზნესი, ისევე როგორც ბიზნესის ნებისმიერი ცალკეული სახეობა,
ცდილობს საკუთარი მომსახურებით და შეთავაზებით მაქსიმალური მოგება მიიღოს. უკეთესი პირობების შეთავაზებით სადაზღვევო კომპანიები ცდილობენ მეტი კლიენტის მიზიდვას და კონკურენცია მაქსიმალურად
მაღალია ხოლმე. როდესაც ნებაყოფლობითს სავალდებულო დაზღვევა ანაცვლებს, კონკურენტული გარემო აშკარად მცირდება. თუმცა, კონკურენციის
ადგილი კვლავ რჩება სადაზღვევო ფირმებს შორის, დარგს კი უკვე გარანტირებული ბაზარი უჩნდება.

სადაზღვევო ბაზრის, ისევე როგორც ზოგადად ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა 2004 წლიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში მაქსიმალურმა
დერეგულაციამ, გადასახადების რადიკალურმა შემცირებამ ეკონომიკის წინსვლა გამოიწვია და მათ შორის, როგორც აუდიტის, ასევე დაზღვევის ბაზარიც გაზარდა. დაზღვევის ბაზრის შემთხვევაში, ეს არის მარტივად ხელმისაწვდომი
ინფორმაცია, რომელიც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საიტზე დევს. ის სადაზღვევო ბაზრის ზრდის სტატისტიკას 2007 წლიდან ასახავს. 2007 წელს თუ სადაზღვევო კომპანიების ჯამურად მოზიდული თანხა 118,836,623 ლარი იყო, 2012 წლის მონაცემებით, მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ უკვე 515,471,427 ლარი შეადგინა. 2013‑2014 წლებში სადაზღვევო ბაზარი შემცირდა, 2015 წლიდან
კი კვლავ ზრდას დაუბრუნდა და მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 2015 წელს 359,798,773 ლარი შეადგინა, 2016 წელს კი _ 393,038,614 ლარი.

საინტერესოა ის სტატისტიკა, რაც ჩვენი სტატიის თემას უშუალოდ უკავშირდება, ანუ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წილს მთლიან
სადაზღვევო ბაზარზე. ამ მხრივ, მთლიანი ბაზრის შემცირების მიუხედავად, პასუხისმგებლობის დაზღვევის წილი 2016 წლის ჩათვლით მატულობდა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
გამოქვეყნებული, 2017 წლის სამი კვარტალის მონაცემების მიხედვით, პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართ ინტერესი შემცირებულია. შესაბამისად, ბაზარზე დაზღვევის ამ სახეობის წილიც დაკლებულია. სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც „პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას“ მოიცავს, ბოლო წლებში სულ უფრო მეტად იყიდებოდა. მაგალითად, 2012‑ში ამ კუთხით მოზიდული ჯამური პრემია 7,985,268 ლარი იყო, რაც მთელი ბაზრის 1,55%‑ს უდრიდა. 2013 წელს დაზღვევის ამ სახეობამ 8,377,225 ლარი მოიზიდა და ბაზრის 1,78% დაიკავა. 2014‑ში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წილად 11,722,071 ლარია, რაც ბაზარზე 3,87%‑ს შეესაბამებოდა. 2015 წელს კი, პასუხისმგებლობის დაზღვევის კუთხით მოზიდული თანხა 16,078,111 ლარამდე გაიზარდა.
ბაზრის წილიც 4,47%‑ს შეადგენდა. 2016 წლის საბოლოო მონაცემებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში 25,189,538 ლარია გადახდილი, რაც მთელი ბაზრის 6.41%‑ს შეესაბამება. კარგად ჩანს, რომ სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის შემოღების დროს აღნიშნული სახეობის წილი ბაზარზე იზრდებოდა. თუმცა, გასულ წელს დაზღვევის ამ სახეობის ზრდის ტემპი კვლავ შენელდა. 2017 წლის საბოლოო სტატისტიკური მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, ცნობილია გასული წლის სამი კვარტალის მონაცემები. იანვარ‑სექტემბრის ჩათვლით, სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევამ 15,338,307 ლარი მოიზიდა, რაც მთელი ბაზრის 4,44%‑ს უდრის.

წინასწარი ვარაუდით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებას სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევის მატების ტენდენცია კიდევ უფრო მზარდი უნდა გაეხადა, თუკი ბევრია ისეთი აუდიტური ფირმა, ვინც მანამდე პროფესიული
პასუხისმგებლობის დაზღვევას არ ყიდულობდა და ახლა კი უკვე იძულებულია, ეს დაზღვევა იყიდოს. რას იწვევს ეს ბრძანება და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დავალდებულება? ჩვენმა ჟურნალმა გასულ
წელს რამდენიმე აუდიტური ფირმის წარმომადგენელს შემდეგი შეკითხვებით მიმართა.

1. რა იცვლება პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის დავალდებულებით აუდიტური კომპანიებისთვის – ხარჯი მნიშვნელოვნად ეზრდებათ? ვისაც ისედაც ჰქონდა ეს დაზღვევა ნაყიდი, მათთვის რამე იცვლება?

2. თუ ჰქონია კონკრეტულ აუდიტორულ ფირმას სადაზღვევო შემთხვევა დამდგარი და როგორ დასრულდა ეს ამბავი – დროულად აანაზღაურა სადაზღვევომ, დროში გაჭიანურდა თუ საერთოდ არ აანაზღაურა (მაგალითად, გადამზღვევმა უარი თქვა)?

3. სადაზღვევო კომპანიებს რამდენად გაეზრდებათ გაყიდვები, ბევრად მეტ ფასად გაყიდიან პოლისებს იმის გამო, რომ პროფესიული პასუხისმგებლობა სავალდებულო გახდა?

4. რადგან პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდა, აუდიტორის საქმიანობის ხარისხის გაუარესებას ხომ არ შეუწყობს ხელს („ჩემ შეცდომას მაინც სადაზღვევო დაფარავს“ პრინციპით)?

შპს `აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯიას~ (MGI Georgia) მმართველ პარტნიორსა და დირექტორ გიორგი ხმალაძეს მიაჩნია, რომ სიახლე დადებითია. ჩვენს შეკითხვებზე მისი პასუხები შემდეგია:

`1. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა აუდიტში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა. იმავდროულად,
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხდება ქართული საკანონმდებლო სივრცის ევროპულთან დაახლოება‑ჰარმონიზაცია, შესაბამისი ევროდირექტივებით კი აუდიტორების/აუდიტური ფირმების პროფესიული
პასუხისმგებლობის დაზღვევა პირდაპირ მოითხოვება. რაც შეეხება ხარჯების ზრდას აუდიტორებისა და აუდიტორული ფორმებისათვის: დაზღვევის ხარჯები უკავშირდება იმ რისკების განეიტრალებას, რომელიც თან სდევს აუდიტორულ საქმიანობას და რომელზეც აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს სადაზღვევო კომპანიაც. რისკების გადანაწილება კი, ცხადია, უფასო ვერ იქნება.

ვისაც სადაზღვევო მომსახურება უკვე შეძენილი ჰქონდა, მას უბრალოდ მოეთხოვება არსებული დაზღვევის პირობები დათქმულ ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს მარეგულირებელი ნორმატიული აქტის („დაზღვევის წესების“) მოთხოვნებთან.

2. ჩვენს კომპანიას სადაზღვევო შემთხვევა არ დადგომია. ამდენად, გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამასთან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზრის არსებობის მანძილზე, დაფიქსირებულია მხოლოდ 2‑3 უმნიშვნელო შემთხვევა აღნიშნულის გამო. თუმცა, საბოლოო ჯამში როგორ დასრულდა დამკვეთისთვის აუდიტორის/აუდიტური ფირმის მიერ მიყენებული ზარალის (ზიანის) დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურების საკითხი ეს უცნობია.

3. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენი ინდივიდუალურად აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორი და აუდიტური ფირმა გაივლის რეგისტრაციას და მოხვდება აუდიტორების/აუდიტური ფირმების სახელმწიფო რეესტრში. დღეს, ზედამხედველობის სამსახურის მიერ რეესტრში შეყვანილია 200‑ზე მეტი აუდიტური ფირმა და ინდივიდუალური საქმიანობის განმახორციელებელი აუდიტორი, რაც, ალბათ, ვერ ჩაითვლება მთლიანი სადაზღვევო ბაზრისათვის მნიშვნელოვნად.

4. ასეთი პრინციპი ვერ იმუშავებს, რადგან აუდიტორის/აუდიტური ფირმის განზრახ ქმედებით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია
უფლებამოსილია აუდიტორის/აუდიტური ფირმის მიმართ გამოიყენოს რეგრესის უფლება. იმავდროულად, აუდიტორისთვის /აუდიტური ფირმისათვის ყველაზე ღირებული მისი „შეუბღალავი რეპუტაციაა“, რაც კიდევ
ერთი ბარიერია საქმიანობის ხარისხის გაუარესების გზაზე. და კიდევ, თუ გამოიკვეთება თქვენს კითხვაში დაფიქსირებული ტენდენცია, მაშინ მარეგულირებელიც გააქტიურდება, გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას
და საეჭვო, დაბალი ხარისხის მომსახურების გამწევ აუდიტორებს/აუდიტორულ ფირმებს მოუწევთ ბაზრის დატოვება~.

სავალდებულო დაზღვევის შემოღებას დადებითად აფასებს შპს „ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგის“ მმართველი პარტნიორი და დირექტორი ზვიად
ახვლედიანი.

1. ვფიქრობ, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მსგავსი ტიპის სავალდებულო დაზღვევა არსებობს თითქმის ყველა წამყვან სახელმწიფოში და მათი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ აუცილებელია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. რაც შეეხება ხარჯს, ჩვენ მიღებული გვაქვს
თითქმის ყველა წამყვანი სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზება. შემიძლია ვთქვა, რომ მათი ფასები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
ვფიქრობ, რომ მოქმედი აუდიტური კომპანიისთვის პასუხისმგებლობის დაზღვევის წლიური პრემიის ღირებულება არ უნდა იწვევდეს ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდას. ვერ ვიტყვით, რომ სადაზღვევო კომპანიებმა
ისარგებლეს ამ ახალი ინიციატივით და გაზარდეს პრემიის ღირებულება პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევისთვის.

2. არა, ჩვენს ფირმას არ ჰქონია სადაზღვევო შემთხვევა დამდგარი, და რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ძალიან იშვიათია ასეთი ტიპის სადაზღვევო შემთხვევები.

3. მართალია, ეს კითხვა უფრო მეტად სადაზღვევო კომპანიებს ეხებათ, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ამ ინიციატივამდეც საკმაოდ ბევრი აუდიტური კომპანია
სარგებლობდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით.

4. პროფესიონალი აუდიტორი თავის საქმიანობას ეკიდება დიდი პასუხისმგებლობით, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დაზღვეული რისკები. გარდა ამისა, აუდიტორული საქმიანობა დაფუძნებულია რეპუტაციაზე.
შეიძლება სადაზღვევომ მოახდინოს შენი შეცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ ასეთი შეცდომის გამო აუდიტური ფირმის რეპუტაციას
შეიძლება დიდი ზიანი მიადგეს, რაც აისახება მისი კლიენტების რაოდენობაზეც. აქედან გამომდინარე, პროფესიონალი აუდიტორი არავითარ შემთხვევაში არ გააუარესებს მისი მომსახურების ხარისხს, იმ პრინციპით,
რომ „მის შეცდომას მაინც სადაზღვევო დაფარავს“.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის კომენტარს, კითხვებზე „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ გვიპასუხა. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ სტამბოლიშვილი
დადებითად არის განწყობილი აუდიტორთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებით.

1. როგორია სადაზღვევოების დამოკიდებულება ამ ბრძანების მიმართ?

– დამოკიდებულება ცხადია ძალიან პოზიტიურია, ვინაიდან ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი დაზღვევის სახეობები სავალდებულო ხასიათს ატარებს, რაც დადებითად მოქმედებს როგორც ინდუსტრიის განვითარებაზე ასევე საბოლოო ბენეფიციარის – აუდიტორის კლიენტის დაცულობის გარანტიცაა.

2. თუ ჰქონია „ჯიპიაიში“ დაზღვეულ კონკრეტულ აუდიტორულ ფირმას სადაზღვევო შემთხვევა დამდგარი და როგორ დასრულდა ეს ამბავი – დროულად აანაზღაურა სადაზღვევომ, დროში გაჭიანურდა თუ საერთოდ არ აანაზღაურა (მაგალითად, გადამზღვევმა უარი თქვა)?

– „ჯი პიაი ჰოლდინგი“ აუდიტორების პროფესიულ პასუხისმგებლობას რამდენიმე წელია აზღვევს. შესაბამისად, ზარალების ისტორიაც გვაქვს. ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარეგულირების პროცესმა ყველა შემთხვევაში გართულების გარეშე ჩაიარა და გაცხადებული სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდა პირობების შესაბამისად.

როგორც შარშან ამ დროს ჩანდა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულო წესად შემოღება უარყოფითად არაფერზე უნდა ასახულიყო.
ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი ასეთი იყო. ამ თვალსაზრისით, მოულოდნელობაა, რომ 2017 წლის 3 კვარტალის მონაცემების მიხედვით, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის კუთხით მოზიდული თანხაც და ბაზარზე დაზღვევის ამ სახეობის წილიც შემცირებულია.

ვინ რა პირობებით არის დაზღვეული

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა პირობებით აქვთ დაზღვეული პროფესიული პასუხისმგებლობა წამყვან აუდიტურ კომპანიებს და რამდენიმე მათგანის შესაბამისი მონაცემები გადავამოწმეთ (იხ. ცხრილი). მონაცემები აღებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდიდან.
     

როგორც ამ ცხრილიდან შეიძლება დავასკვნათ, წამყვანი აუდიტური კომპანიები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენ მიერ ზემოთ განხილული წესის მოთხოვნებს.

დამატებით შევნიშნავთ, რომ #12 ბრძანებაში აღნიშნული `არანაკლებ აუდიტორული მომსახურებიდან მიღებული წინა წლის მთლიანი შემოსავალი~
ეხება არა აუდიტური ფირმის მთლიან შემოსავალს პროფესიული საქმიანობიდან, არამედ მხოლოდ აუდიტორული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავალს, რაც განმარტებულია `ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ~ საქართველოს კანონის მე‑2 მუხლის `ვ~ ქვეპუნქტის შესაბამისად.

თემურ იობაშვილი