ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანიების შედეგები 2017 წელს - #3(219), 2018
როგორ ვითარდება სადაზღვევო ბაზარი საქართველოში

ვაგრძელებთ ჩვენი ჟურნალის ტრადიციას და როგორც წინა წლებში, ამჟამადაც გავეცნოთ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე გასული წლის შედეგებს. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2017 წლის სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რა მდგომარეობა იყო შარშან, რა ცვლილებები მოხდა ბაზარზე და როგორ ვითარდება სადაზღვევო ინდუსტრია. პირველი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, სადაზღვევო ბაზარი გაიზარდა მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვითაც და ბაზრის მოთამაშეებითაც. 2016 წელს თუ 14‑მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 393,038,614 ლარის მოზიდვა შეძლო, 2017 წელს 16 სადაზღვევო კომპანია იყო აქტიური და ჯამურად 441,400,962 ლარი მოიზიდეს. შესაბამისად, პრემიის ზრდამ 12,03% შეადგინა. რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის მიერ ზარალების ანაზღაურებას, 2017 წელს კომპანიებმა 248,769,530 ლარი აანაზღაურეს, 2016 წელს იგივე მაჩვენებელი 231,862,996 ლარს შეადგენდა. ასე რომ, ზარალის ანაზღაურების ზრდამ 7,29% შეადგინა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გასულ წელს 20,341,627 ლარი იყო. 2016‑ში კი ეს მაჩვენებელი 18,856,176 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება 7.87%‑ით გაზრდილა.

იგივე ფინანსური მაჩვენებლებით, 2017 წელს სადაზღვევო კომპანიები ერთობლივად 580,219,624 ლარს ფლობდნენ, სადაც კომპანიების ვალდებულება 425,968,242 ლარი იყო, კაპიტალი კი 154,251,382 ლარი. 2016 წლის მონაცემებით სადაზღვევო კომპანიები 542,3 მილიონ ლარს ფლობდნენ, ხოლო კაპიტალი 136,267,230 ლარს შეადგენდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2017 წელს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა გაიზარდა და 17 შეადგინა. თუმცა, 2017 წელს ერთ მათგანს – „ჰუალინგ დაზღვევას“ ფაქტობრივად არ უაქტიურია და კომპანია სადაზღვევო საქმიანობაში წლევანდელი წლიდან ჩაებმება. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტალიდან გეგმავს, – ამის შესახებ „ბაზისბანკში“ იანვრის დასაწყისში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარებს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. ასევე მიმდინარეობს ბაზრის კვლევაც. მათი განცხადებით, „ბაზისბანკის“ ჰოლდინგის ახალ შვილობილ კომპანია „ჰუალინგ დაზღვევას“ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიები უკვე მიღებული აქვს. კითხვაზე, არასიცოცხლის სახეობის კონკრეტულად რომელი პროდუქტების გამოტანას აპირებს ბაზარზე „ჰუალინგ დაზღვევა“, „ბაზისბანკში“ განმარტავენ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

სადაზღვევო კომპანიების შედეგები

ტრადიციულად შევადგინეთ რეიტინგი მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით. საინტერესოა, რომ არის კომპანიები, რომელთა მოზიდული პრემია და ანაზღაურებული ზარალი განსხვავებული თანაფარდობისაა. მაგალითად, მოზიდული პრემიის მიხედვით რეიტინგში მეორეადგილოსან „ალდაგზე“ მეტი ზარალი რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფმა „იმედი ელმა“ გადაიხადა. ცხრილი 1‑ში კომპანიების რეიტინგია მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით.

2017 წელს ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია მოიზიდა და ბაზრის ლიდერობა შეინარჩუნა „ჯი პიაი ჰოლდინგმა“. მოზიდული თანხა 102,735,449 ლარია, რაც ბაზრის 23,27%‑ია. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 15,58%‑ით მეტი თანხის მოზიდვა შეძლო. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კომპანიამ 61,048,747 ლარი დაფარა, ეს კი წინა წელთან შედარებით 45,29%‑ით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს 2015‑თან შედარებით „ჯი პიაის“ ზარალის ანაზღაურებაში 17,42%‑ით ნაკლები თანხა ჰქონდა დაფარული.

შარშანდელის მსგავსად რეიტინგში მეორე ადგილზეა „ალდაგი“ მოზიდული 90,254,176 ლარით და ბაზრის 20,45%‑იანი წილით. კომპანიამ 2016 წელთან შედარებით 15,85%‑ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო. ზარალის ანაზღაურებაში 35,395,552 ლარი გადაიხადა, რაც 2016 წელთან შედარებით 29,65%‑ით მეტია.

მესამე ადგილზეა აგრეთვე შარშანდელის მსგავსად – „იმედი ელი“ მოზიდული 51,711,226 ლარით და ბაზრის 11,72% წილით. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიამ 2016 წელთან შედარებით საგრძნობლად ნაკლები ჯამური პრემიის მოზიდვა შეძლო, კლება 30,76%‑ია. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 43,712,228 ლარი გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 20,27%‑ით ნაკლებია. საინტერესოა, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით მეორე ადგილზე მყოფ „ალდაგზე“ მეტი ზარალი აანაზღაურა „იმედი ელმა“. 2016 წელს კი კომპანია სულაც ლიდერი იყო ზარალების დაფარვაში, რაც ცხადია ფინანსური თვალსაზრისით სახარბიელო არ გახლავთ.
     

რეიტინგის მეოთხე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ მოზიდული 34,486,413 ლარით და ბაზარზე 7,81%‑იანი წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 9,38%‑ით მეტი თანხის მოზიდვა შეძლო, თუმცა, ბაზარზე მისი წილი შემცირდა. 2016 წელს „არდი“ ბაზრის 8,02%‑ს იკავებდა. ზარალის ანაზღაურებაზე 2017 წელს კომპანიამ 20,719,586 ლარი მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით 24,89%‑ით მეტია.

მეხუთე პოზიციაზეა „თიბისი დაზღვევა“. დასახელებული ბრენდი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც „თიბისი ბანკმა“ 2016 წლის ოქტომბერში სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ შეიძინა და რებრენდინგი განახორციელა. 2017 წელს „თიბისი დაზღვევამ“ უკვე 31,761,886 ლარის მოზიდვა შეძლო. ეს თანხა ბაზრის 7,20%‑ს შეესაბამება. „კოპენბურის“ 2016 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ჯამური პრემიის ზრდამ 312%‑ზე მეტი შეადგინა. მსგავსი ზრდა 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე სხვა არცერთ კომპანიას არ განუცდია. ზარალის ანაზღაურებაში „თიბისი დაზღვევამ“ 9,163,716 ლარი გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 107%‑ზე მეტია.

რეიტინგში მეექვსე ადგილზეა „პსპ დაზღვევა“ მოზიდული 31,761,886 ლარით და ბაზრის 7,20% წილით. კომპანიამ 2016 წელთან შედარებით, თითქმის უმნიშვნელოდ, 0,93%‑ით მეტი პრემიიის მოზიდვა შეძლო. მოზიდულ თანხასთან შედარებით, ზარალის ანაზღაურებაზე „პსპ დაზღვევამ“ საკმაოდ დიდი თანხა 31,168,342 ლარი გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 8,43%‑ით მეტია.

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით მეშვიდე ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 30,839,395 ლარით და ბაზარზე 6,99%‑იანი წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ ჯამური პრემია 45,70%‑ით გაზარდა. 2017 წელს „უნისონმა“ 9,605,242 ლარი აანაზღაურა, რაც წინა წელთან შედარებით 37,23%‑ით მეტია. საინტერესოა, რომ 2016 წლის მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ, „უნისონმა“ ჯამური პრემიის გაზრდა შეძლო. კომპანიას 2 წლის წინ უკეთესი პოზიცია ჰქონდა. 2015‑ში 31,430,005 ლარი მოიზიდა, ბაზრის 8,74% დაიკავა და მაშინდელ რეიტინგშიც მე‑4 პოზიციაზე იყო.

მერვე ადგილზეა „ირაო“ მოზიდული 24,222,590 ლარით და შესაბამისად, ბაზრის 5,49% წილით. 2016 წელთან შედარებით კომპანიის მოზიდული ჯამური პრემიაც და ბაზარზე წილიც შემცირებულია. მოზიდული პრემია 16,14%‑ით არის შემცირებული, ბაზარზე კომპანიის წილი კი 2016‑ში 7,16% იყო. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კომპანიამ 16,176,519 ლარი დაფარა, რაც წინა წელთან შედარებით 72,83%‑ით ნაკლებია. როგორც ჩანს, „ირაომ“ გასულ წელს შემცირებისკენ გადადგა ნაბიჯები.

რეიტინგის მეცხრე ადგილზეა „აი სი ჯგუფი“ მოზიდული 11,378,623 ლარით და შესაბამისად, ბაზრის 2,58% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიის მიერ 32%‑ით ნაკლები თანხაა მოზიდული და ბაზრის წილიც შემცირებულია 3,82%‑იდან. გასულ წელს კომპანიამ 7,108,455 ლარი აანაზღაურა, რაც 2016 წელთან შედარებით 23,48%‑ით ნაკლებია.

მეათე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „ალფა“ მოზიდული 10,128,267 ლარით, რაც ბაზრის 2,29%‑ის ტოლი აღმოჩნდა. კომპანიამ წინა წელთან შედარებით 58,87%‑ით მეტი თანხის მოზიდვა შეძლო. ზარალის ანაზღაურებაზე 6,658,362 ლარი გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 17,66%‑ით ნაკლებია.

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით მეთერთმეტეა კომპანია „ქართუ“, რომელმაც 6,187,097 ლარი მოიზიდა და ბაზრის 1,40% დაიკავა. საინტერესოა, რომ ბოლო წლებში „ქართუ“ შემცირების გზას ადგას და 2016 წელთან შედარებით ჯამური პრემია 77,99%‑ით არის დაკლებული. ზარალის ანაზღაურებაში კომპანიამ 4,209,405 ლარი მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით ასევე 30,13%‑ით ნაკლებია.

რეიტინგში მეთორმეტე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“ მოზიდული 5,476,832 ლარით და ბაზრის 1,24% წილით. კომპანია „პრაიმი“ „სტანდარტ დაზღვევა საქართველოს“ რებრენდინგის შედეგია. „სტანდარტ დაზღვევის“ 2016 წლის შედეგებს თუ შევადარებთ, „პრაიმმა“ 2017 წელს ჯამური პრემიის გაზრდა ვერ შეძლო და პირიქით, ოდნავ შეუმცირდა კიდეც. კლებამ 5,48% შეადგინა. ზარალის ანაზღაურებაზე „პრაიმმა“ 2,478,516 ლარი გადაიხადა, რაც 2018 წელს „სტანდარტ დაზღვევის“ დაფარულ ზარალთან შედარებით 16,21%‑ით ნაკლებია.

მეცამეტე პოზიცია დაიკავა „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა“. კომპანიამ ბაზარზე ოპერირება 2017 წლის ივლისში დაიწყო. წლის ბოლომდე კომპანიამ 5,352,169 ლარის მოზიდვა და ბაზრის 1,21%‑ის დაკავება შეძლო. ზარალის ანაზღაურებაზე 507,166 ლარი მიმართა. როგორც ჩანს, სასტარტო სიტუაციაში კომპანიას საკმაოდ კარგი შედეგი აქვს და თუ როგორ გაგრძელდება კომპანიის განვითარება, უკვე მომავალი წლის შედეგებთან შედარებისას გამოჩნდება.

მეთოთხმეტეა ბაზრის დებიუტანტი „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“. როგორც კომპანიის საიტზე ვკითხულობთ, ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან ერთად საქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG დაინტერესდა. მათ ქართველ ექსპერტებთან და ქართულ კომპანია „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად დააფუძნეს ახალი კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“. კომპანიაში აცხადებენ, რომ იმ სარგებლით ე.წ. „ბენეფიტებით“, რაც აქამდე დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სადაზღვევო მომსახურებას შესთავაზებს“, – წერია კომპანიის საიტზე. კომპანიამ საქმიანობა 2017 წლის მარტში დაიწყო და წლის ბოლომდე 4,647,785 ლარის მოზიდვა შეძლო, რაც სადაზღვევო ბაზრის 1,05%‑ია. გასულ წელს კომპანიამ 728,525 ლარი ზარალი აანაზღაურა. როგორ გააგრძელებს კომპანია განვითარებას, ეს მიმდინარე წლის შედეგების გამოქვეყნებისას გამოჩნდება.

რეიტინგში მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა კომპანია „კამარამ“ მოზიდული 604,522 ლარით და ბაზრის 0,14% წილით. 2016 წელთან შედარებით კომპანიამ 83,83%‑ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო. გაიუმჯობესა ბაზარზე წილის მაჩვენებელიც. 2016‑ში ბაზრის 0,02% ეკავა. ზარალის ანაზღაურება 2017‑ში 53,184 ლარი დაუჯდა, რაც წინა წელთან შედარებით 282%‑ით ნაკლებია.

რეიტინგში ბოლო ადგილზეა კომპანია „ტაო“ მოზიდული 77,543 ლარით, რაც ბაზრის 0.02%‑ს შეესაბამება. კომპანია აგრძელებს შემცირებას 2015 წლიდან მოყოლებული. 2016 წელს 118,434 ლარის მოზიდვით ბაზრის 0,03% დაიკავა. შესაბამისად, შემცირებამ 52,73% შეადგინა. საინტერესოა, რომ 2015 წელს „ტაოს“ 623,371 ლარი ჰქონდა მოზიდული და ბაზრის 0.17%‑ს იკავებდა. ზარალის ანაზღაურებაზე გასულ წელს კომპანიამ 35,985 ლარი გადაიხადა, რაც 2016 წელს გადახდილ თანხასთან შედარებით 133,73%‑ით ნაკლებია.

გადაზღვევა 2017 წელს

კიდევ ერთი სტატისტიკური ინფორმაცია, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე, მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევის მაჩვენებელია. სწორედ აქ ჩანს სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა – რამდენად მეტ რისკს იტოვებენ თავად და მოზიდული პრემიიდან რა ნაწილის გადაზღვევას ამჯობინებენ. როგორც ცხრილი 2‑დან ჩანს, შარშანდელთან შედარებით რამდენიმე კომპანიამ გაზარდა გადაზღვევის პროცენტული წილი, რამდენიმემ შეამცირა. ასევე არის ისეთი კომპანიები, რომლებიც გადაზღვევას წინა წლებშიც არ მიმართავდნენ და არც ამჟამად შეუცვლიათ დამოკიდებულება. მთლიანობაში კი, სადაზღვევო კომპანიებმა 2017 წელს ჯამურად 1%‑ზე ოდნავ მეტი სადაზღვევო პრემია გადააზღვიეს, ვიდრე 2016 წელს.

დაზღვევის პოპულარული სახეები

ყველაზე მოთხოვნადი რომელი დაზღვევაა, კარგად ჩანს ცხრილი 3‑ში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სტრუქტურა წლიდან წლამდე მცირედ თუ იცვლება. 2016 წლის შედეგებით, ყველაზე პოპულარული დაზღვევის 5 სახეობა 2015 წლის შედეგებს ზუსტად დაემთხვა. 2017 წლის შედეგებში კი წინა წელთან შედარებით მცირე სხვაობაა. მეორე ადგილზე ავტომობილების დაზღვევამ გადაინაცვლა და ქონების დაზღვევას ადგილი გაუცვალა. ჯამური პრემიის მიხედვით, ოდნავ მოიმატა თვითმფრინავების დაზღვევამ და ვალდებულებათა შესრულებამ და ასევე ტვირთების დაზღვევას გადაასწრო. დანარჩენ სახეობებში პოპულარობა უმნიშვნელოდ არის შეცვლილი და შეიძლება ვთქვათ, რომ წინა წლების ტენდენცია გრძელდება.
     


კომენტარები სადაზღვევო შედეგებზე

„დაზღვევის ასოციაციის“ თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, სადაზღვევო ბაზრისთვის 2017 წელი პოზიტიურად გამორჩეული არ ყოფილა. მისი თქმით, ის პრობლემები, რომელიც ინდუსტრიაში არსებობდა, არ მოგვარებულა და ისევ მწვავედ დგას.

ხეჩინაშვილის განცხადებით, 2017 წელს ციფრებში ზრდაა, რომელიც სამწუხაროდ არ არის შედეგი სადაზღვევო მოცვის ზრდისა და სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებისა. მისი შეფასებით, 2017 წელს თითქმის იგივე რაოდენობის ხალხი ეზღვევა, რაც წინა წლებში ეზღვეოდა. ზრდა ძირითადად, ინფლაციურია.

„ეს არის უპირველეს ყოვლისა სამედიცინო ფასების ინფლაცია, გადაწყვეტილებები მთავრობის, რომელმაც გაზარდა ხარჯები კერძო ჯანმრთელობის დაზღვევაში. ეს არის ის, რაც იყო ყოველთვის. სადაზღვევო ბაზარი ცოტა უფრო სწრაფად ეზღვეოდა, ვიდრე ეკონომიკა. თუმცა, ეს ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა, საზოგადოება, სადაზღვევო ბაზარი, სახელმწიფო არის სადაზღვევო თვალსაზრისით კარგად დაფარული და რისკების შემთხვევაში ძირითადი ხარჯები ანაზღაურებული იქნება“, – აცხადებს ხეჩინაშვილი.
     

„სადაზღვევო ინსტიტუტის“ პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, 2017 წელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის შესაძლოა პოზიტიურად შეფასდეს. მისი განცხადებით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი სტაბილურია, ეს კი სადაზღვევო ბაზარს ძალიან უყვარს. გიგოლაშვილის მტკიცებით, წელს არავითარი რყევები და ბაზრიდან გასვლები არ ყოფილა.

როგორც გიგოლაშვილი აცხადებს, წელს საკმაოდ აქტუალური იყო ხანძრების თემა.

„პირველი ხანძრის, ანუ `ბავშვთა სამყაროს~ შემთხვევაში არავის არ ჰქონდა დაზღვეული, ხოლმე ელიავას ბაზრობის შემთხვევაში უკვე 30‑დან 17‑ს ჰქონდა დაზღვევა“, – ამბობს გიგოლაშვილი.

გადაცემა „ბიზნეს კოდში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მაღალი მოგება, 16,457,056 „ალდაგს“ აქვს, მეორე ადგილზეა „ჯი პიაი ჰოლდინგი“ 6,713,074 ლარით, მესამეზეა „არდი“ 2,186,074 ლარით და მეოთხე ადგილს „უნისონი“ 1,399,964 ლარით. მეხუთე ადგილი დაიკავა „თიბისი დაზღვევამ“, რომლის წმინდა მოგებამ 1,109 მილიონ ლარს გადააჭარბა. ზოგიერთი კომპანია ასევე ზარალზეც მიანიშნებს. მაგალითად, „პსპ დაზღვევაში“ ამბობენ, რომ 2017 წელს საქმიანობაში 4,5 მილიონიანი ზარალი ნახეს. ზარალზე ლაპარაკობენ „იმედი ელშიც~.

დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილე არჩილ ცერცვაძე აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიების მოზიდული ჯამური პრემია და ფინანსური მოგება შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს ერთიმეორისგან განსხვავებული. მისი თქმით, კომპანია `ალდაგმა~ 16 მილიონიანი ფინანსური მოგება იმის ხარჯზე მიიღო, რომ კომპანიის სტრატეგია არ გახლავთ ჯანმრთელობის დაზღვევა. დაზღვევის ეს სახეობა კი იმთავითვე არ გამოირჩევა მოგების მაღალი მარჟით. ჯანმრთელობის დაზღვევაში აქტიურად ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გასულ წელს მათ მნიშვნელოვანი ზარალი ნახეს კიდეც საქმიანობაში.

ცერცვაძე ამბობს, რომ შემოსავლის გარდა, მნიშვნელოვანია ზარალის სტატისტიკა:

„ზარალის მიხედვით თუ შევხედავთ, აქ არის სხვადასხვაობა სადაზღვევო კომპანიებს შორის. ჩვენ ვნახავთ, რომ შესაძლებელია ზარალიანობა მეტი ჰქონდეს იმას, ვისაც მეტი აქვს გაყიდვები. მივდივართ იქამდე, რომ გააჩნია ვინ რომელ დაზღვევის სახეობას ახორციელებს“, – ამბობს ცერცვაძე.

ამგვარად, ზოგი კომპანია ზარალზე ლაპარაკობს, ზოგიერთი კი პირიქით – დიდ მოგებასაც ნახულობს. ასევე ფაქტია, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მოთამაშეთა რაოდენობა იზრდება. თავისთავად, თუკი ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია განვითარდება, კომპანიები იძულებული იქნებიან მომხმარებელს უფრო უკეთესი პირობებით დაზღვევა შესთავაზონ. ასეთ შემთხვევაში კი ყველაზე მოგებული მომხმარებელი დარჩება.

თემურ იობაშვილი