ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა - ახალი ხარჯი მძღოლებისთვის - #1(229), 2019
მთავრობის ახალი ინიციატივის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პოზიციები

სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ ხელისუფლება მძღოლებს კიდევ ერთი სავალდებულო ხარჯის დაკისრებას უპირებს. ლაპარაკია სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლის მიერ მესამე მხარისთვის მიყენებულ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. დაზღვევა ყველა მძღოლმა უნდა იყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებენ. პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი – „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, რომლის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ხოლო ავტორები – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსი პ სახელმწიფო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კანონპროექტი ბიურომ 4 თებერვალს განიხილა. საკომიტეტო მოსმენები 26 თებერვლამდე, ხოლო პლენარულ სხდომებზე განხილვები უკვე 22 მარტამდე უნდა დასრულდეს. კანონის ამოქმედება 1 ივლისიდან არის დაგეგმილი.
 
რა ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სავალდებულო დაზღვევა 

კანონპროექტის მიხედვით, მზღვეველ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, დაზღვეული მძღოლის გამო მომხდარი ავარიისას გამოწვეული ზარალი აანაზღაუროს წინასწარ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში. 

სადაზღვევო შემთხვევისას თითოეული დაზარალებულის ზიანის მაქსიმალური ანაზღაურება 30 000 ლარია, ხოლო თითო სადაზღვევო შემთხვევისას, სადაც რამდენიმე დაზარალებულია, ჯამური ანაზღაურება მაქსიმუმ 300 000 ლარი იქნება. 

იმ შემთხვევაში, თუ ავარიაში მოყოლილი დახეიბრდება ან გარდაიცვლება, სადაზღვევო 30 000 ლარს აანაზღაურებს; თუ ჯანმრთელობის დაზიანების გამო დასჭირდება სამედიცინო მომსახურება, ამ შემთხვევაში ანაზღაურების მაქსიმალური თანხა 15 000 ლარი იქნება. 

კანონპროექტში მითითებულია, რომ მომხდარი შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარესების ან გარდაცვალების შემთხვევაში ასევე მოხდება ანაზღაურება დადგენილ ფარგლებში. ამისთვის ქმედუნარიანობის შეზღუდვის ახალი ხარისხის, ან გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 45 დღეში უნდა წარედგინოს სადაზღვევო კომპანიას დოკუმენტები. 

აღნიშნულია, რომ თუ შემთხვევის დროს რამდენიმე დაზარალებულია და მათი ზარალის დაფარვა დადგენილ ლიმიტს აჭარბებს, მაშინ თითოეულ დაზარალებულზე სადაზღვევო ანაზღაურება პროპორციულად გაიცემა. 

რაც შეეხება სადაზღვევო შემთხვევის დროს ქონებისთვის ზიანის მიყენებას, ამ შემთხვევაში კანონპროექტის ავტორებმა ასევე განსაზღვრეს ლიმიტები. ერთი დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის ასანაზღაურებელი ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 

რა ეღირება სავალდებულო დაზღვევა 

კანონპროექტში ზარალის ანაზღაურებასთან ერთად ასევე განსაზღვრულია ჯამური პრემიები სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტის დაზღვევისთვის. 
კანონპროექტის მე-5 მუხლში ჩამოთვლილია წლიური სადაზღვევო პრემიის ოდენობა კატეგორიების მიხედვით: 

ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75-110 ლარი; 

ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის – 100-150 ლარი; 

გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება – 160-240 ლარი; 

დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210-310 ლარი; 

ე) მისაბმელისათვის – 50-75 ლარი; 

ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60-90 ლარი. 

კანონპროექტის მიხედვით, თუ ავტომფლობელი გაყიდის ავტომობილს, ახალი მფლობელი ვალდებულია თავად იყიდოს წლიური დაზღვევა. 

პროექტის ავტორებმა ასევე განსაზღვრეს ჯარიმები მათთვის, ვინც სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევას არ იყიდეს. მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო-სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება. 

ავტობუსის ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი 200-ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება. 

ამასთან, მძღოლს, ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება. 

სავალდებულო დაზღვევის შეძენა შესაძლებელი იქნება მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის ან სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით, ელექტრონულ-ტექნიკური გადახდის საშუალებით. 

ინიციატივის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეძენის აუცილებლობა არ გავრცელდება საქართველოს თავდაცვის ძალების, ასევე იმ სახელმწიფო ორგანოების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სამხედრო დანიშნულებისთვის გამოიყენება. 

კიდევ ერთი სახელმწიფო უწყება – სავალდებულო დაზღვევის ბიურო 

როგორც დაგროვებითი საპენსიო სქემის ასამოქმედებლად შექმნეს საპენსიო სააგენტო, სავალდებულო დაზღვევის შემოღების დროსაც სახელმწიფოში ახალი უწყება – სსიპ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ბიურო იქმნება. უწყებას განესაზღვრება საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, ბეჭედი, ლოგო და ა.შ. ბიურო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე. 

მითითებულია, რომ ბიურო აანაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც გამოწვეული იქნება დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და ასევე იმ ავტომობილით, რომელიც არ არის დაზღვეული. ასევე, აანაზღაურებს ზიანს, რომელიც გამოწვეულია იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის მფლობელმა კი დააზღვია საკუთარი პასუხისმგებლობა, მაგრამ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომენტისთვის, მზღვეველ კომპანიას სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაუქმებული აქვს და მიმდინარეობს გაკოტრების წარმოების პროცესი. 

კანონპროექტის მე-17 მუხლში მითითებულია, რომ იქმნება დაზღვევის ბიუროსთვის ფულადი ფონდები: 

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკომპენსაციო ფონდი; 

ბ) პრევენციული ღონისძიებების ფონდი. 

ფონდებში ფულს სადაზღვევო კომპანიები შეიტანენ. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: 

„მზღვეველი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას, ვალდებულია საკომპენსაციო ფონდში შეიტანოს ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში მოზიდული ბრუტო პრემიის 2 (ორი) პროცენტი არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვისა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მზღვეველს ეკისრება საურავი შესატანი თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით“. 

ასევე, სადაზღვევო კომპანიის ხარჯია შემდეგი: 

„მზღვეველი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევის სახეობაში მოზიდული ბრუტო პრემიის 1% მიმართოს პრევენციული ღონისძიებების ფონდში, რომლის გადახდის პერიოდულობას სავალდებულო დაზღვევის ბიუროს დებულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად განსაზღვრავს საბჭო“. 

რაც მთავარია, სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობის მიღებას აპირებენ სავალდებულო დაზღვევის პროგრამაში, ვალდებულები არიან დაზღვევის ბიუროში პირველადი შენატანი გადაიხადონ 100 000 ლარის ოდენობით. 

სავალდებულო დაზღვევის ბიუროს უხელმძღვანელებს უფროსი და სავალდებულო დაზღვევის ბიუროს საბჭო, რომელიც თავის მხრივ 5 წევრისგან შედგება. ცხადია, ყველა მათგანის საქმიანობა იქნება ანაზღაურებადი და განისაზღვრება ყოველი წლის ბიუჯეტის მიხედვით. ბიუროს ხელმძღვანელის, ასევე საბჭოს წევრების შერჩევის წესები განსაზღვრულია კანონპროექტში. სადაზღვევო ბიუროს საქმიანობას ყოველწლიურად შეამოწმებს გარე აუდიტორი, რომელსაც საბჭო შეარჩევს. 

ინიციატივის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა კომენტარები 

სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებით უკვე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღება სწორია და არგუმენტად შემდეგი სიტუაცია მოჰყავთ: არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო შემთხვევის დროს დამნაშავე მძღოლს არც დაზღვეული აქვს მანქანა და არც თავად აქვს ზიანის ანაზღაურების საშუალება. 

„როდესაც ვინმე უფულო მძღოლი მომაყენებს ზარალს, სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში ზარალი აუნაზღაურებელი აღარ დამრჩება“, – ამბობენ სავალდებულო დაზღვევის შემოღების მომხრეები. თუმცა, აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ საყოველთაობის პრინციპიდან გამომდინარე, დაზარალებულიც აფინანსებს დამნაშავე მძღოლს, რადგან თავადაც არის სადაზღვევო პრემიის გადამხდელი სადაზღვევო კომპანიისთვის. მაგალითად, მძღოლს თუ წლების მანძილზე არავისთვის მიუყენებია ზიანი და მას დაეჯახნენ, სავალდებულო დაზღვევა ზიანს აუნაზღაურებს. თუმცა, თავად ამ მძღოლს წლების მანძილზე მუდმივად აქვს სავალდებულო დაზღვევის თანხა გადახდილი სადაზღვევოსთვის. 

სავალდებულო დაზღვევის შემოღებას მხარს უჭერს დაზღვევის ასოციაცია. უწყების ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ სავალდებულო დაზღვევის შემოღება ქვეყანაში დაზღვევის კულტურის ამაღლებას შეუწყობს ხელს. 

„სულ ცოტა, 15 წელია ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ინიციატივა შესულიყო პარლამენტში. ასე რომ, ჩვენთვის დიდი დღეა და საერთოდ, დიდი დღეა სადაზღვევო ურთიერთობების განვითარებისთვის საქართველოში“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა „მაესტროს“ ეთერში. 

მისი თქმით, დაზღვევის სიძვირეზე და მოგების მაღალ მარჟაზე ლაპარაკი არასწორია, რადგან სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. 

„სავალდებულო დაზღვევა იმდენ შემოწმებას გაივლის, რომ მერწმუნეთ, მისი მომგებიანობა იქნება დაბალი. მთავარი აქ სხვა რამეა – ჩვენ ვამკვიდრებთ ახალ სისტემას, მთავრობის ინიციატივა ქმნის ისეთ სისტემას, როგორიც არის მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. არის უალტერნატივო იმისთვის, რომ მოხდეს ჩქარა, არაბიუროკრატიულად, ქვეყანაში არსებული საგზაო შემთხვევების შედეგების ეფექტიანად დაფარვა. ეს არის სრულიად განსხვავებული პროდუქტი. ის ეფუძნება, მაგალითად, ბრალეულობის მიუხედავად ანაზღაურებას“, – ამბობს ხეჩინაშვილი და სავარაუდო პერიოდსაც ასახელებს, რაც სისტემის მაქსიმალურად გამართულ მუშაობას დასჭირდება. 

„ეს სისტემა რომ გახდეს ისეთივე ეფექტიანი, როგორიც არის მაგალითად ევროპის ქვეყნებში, 2-3 წელი დაგვჭირდება“, – ამბობს დევი ხეჩინაშვილი. 

ინიციატივის მოწინააღმდეგეები, ისევე როგორც დაგროვებითი პენსიის დროს ხდება, ამ შემთხვევაშიც მთავარ მიუღებელ მომენტად „სავალდებულოს“ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ დაზღვევა კარგია, თუმცა, უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ყველამ თავად შეაფასოს საკუთარი რისკებიც და შესაძლებლობებიც. 

კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ბიუროზეა განხილული და მთავარი დეტალები საპარლამენტო განხილვების დროს უნდა გამოიკვეთოს. მანამდე კი დარგის ექსპერტები მთავრობის ინიციატივას ნაჩქარევს და მოუმზადებელს უწოდებენ. 

„რატომ ახლა, ნაუცბათევად და მიჩუმათებულად შეაპარეს პარლამენტში განხილვის გარეშე ასეთი მასშტაბური ცვლილება? მაშინ, როცა მძღოლებს ძალიან დიდი ხარჯი აწევთ ისედაც, რატომ იყო სავალდებულო, მაინც და მაინც ახლა დაწყებულიყო სავალდებულო დაზღვევა და არა 2020 წლიდან? ვინ დაადგინა და რის მიხედვით დათვალეს ტარიფები, რა გაანგარიშებას ეყრდნობა ეს? დაზღვევა შესაძლებელი იქნება ყველგან თუ ეს იქნება სახელმწიფო დაზღვევა? ხომ არ არის ეს ყველაფერი რაიმე ბიზნეს-გარიგებასთან კავშირში, რადგან ასე უცებ მოხდა? 

ამ ეტაპზე ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. გასაგებია, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა იყოს დაზღვეული და ისიც, როდესაც მანქანით მოძრაობს ადამიანი, შეიძლება სხვა დააზარალოს. ამიტომ, სახელმწიფო შეიძლება ერეოდეს დასაზღვევ ობიექტში. ამის პრაქტიკა სხვაგანაც არსებობს, მაგრამ ჩვენ ისიც კი არ ვიცით ამ ეტაპზე, რას აზღვევს და რას არა კონკრეტული პაკეტები“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „რეზონანსთან“. 

„ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტ პაატა შეშელიძეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება დაზღვევა იყოს სავალდებულო და ყოველმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა პასუხისმგებლობის დაზღვევის ყიდვა. მისი თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანი ხალხის ჯიბიდან ფულის ამოცლაა. 

ცნობილი ხდება, რომ ავტომფლობელებს, რომლებიც კერძო სადაზღვევო პაკეტით უკვე სარგებლობენ, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ სადაზღვევო პაკეტის ცვლილება მაინც მოუწევთ. 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი თუთარაშვილის თქმით, მართალია, კერძო სადაზღვევო პაკეტებში მესამე პირის დაზღვევა შედის, მაგრამ არ არის კონკრეტული ჩანაწერები, რომლებსაც ახალი რეგულაციები მოითხოვს. 

„ვინაიდან ბაზარზე მოქმედი პროდუქტები არ შეიცავს კონკრეტული პირობების გარკვეულ ჩანაწერებს, მათ მოუწევთ აღნიშნული პოლისების რედაქტირება და ახალი სადაზღვევო პოლისის აღება. მძღოლები შეიძენენ ახალ დაზღვევას“, – განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა. 

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ მთავრობა 200 მილიონიან მონოპოლიას ქმნის ხალხის ხარჯზე. ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ინიციატივაზე იურისტი აცხადებს, რომ გასულ წელს მთავრობამ დახურა ტექინსპექტირების ბიზნესი და ამ ბიზნესში მისი ლობირებით დომინირებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი – მის შვილობილ „გრინვეის“ მთელი საქართველოს მასშტაბით 51 ინსპექტირების ხაზი მისცეს. 

„პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შემთხვევაში კი ალდაგი გახდება ამ ორი ბაზრის დომინანტი, შემდეგ კი მონოპოლისტი 200 მლნ-იან ბაზარზე“, – წერს ალაფიშვილი. 

ამ სიტუაციაში წარმოდგენილი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა, ავტორები – ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ერთი შეხედვით, სადაზღვევო კომპანიებიც თანახმანი უნდა იყვნენ. სხვა თუ არაფერი, დაახლოებით 1 მილიონი მსუბუქი ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა წლიურად 100-150 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემიას ნიშნავს. თუმცა, აქ ისიც საყურადღებოა, რა ხარჯი ექნებათ სადაზღვევოებს ჯერ ბიუჯეტის წინაშე და შემდეგ უკვე ზარალების ანაზღაურებისას. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გარდა ერთჯერად 100 000 ლარის შენატანისა, სადაზღვევოებს ასევე მოზიდული ჯამური პრემიიდან მოუწევთ გარკვეული პროცენტის გადახდა დაზღვევის ბიუროს ფონდებში. ასე რომ, შესაძლოა ერთი შეხედვით „მსუყე ლუკმა“ არც ისე მიმზიდველი და გემრიელი გამოდგეს. 

თემურ იობაშვილი