ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანიების 2018 წლის შედეგები - #3(231), 2019
სადაზღვევო ბაზარი ზრდას აგრძელებს   

აპრილის დასაწყიში დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2018 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა სადაზღვევო ბაზარი რა გზით ვითარდებოდა გასულ წელს. 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სადაზღვევო კომპანიების რაოდენობამ მოიმატა. ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს სადაზღვევო ბაზარზე 17 სადაზღვევო კომპანია საქმიანობდა, რომელთაგან 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი _ მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

გარდა იმისა, რომ შარშან მოიმატა რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიების რაოდენობამ, ასევე წინა წლის მსგავსად კვლავ გაიზარდა სადაზღვევო ბაზარი მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით. 2018 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 542.20 მილიონი ლარი, როდესაც იგივე მაჩვენებელი 2017 წელს 441.40 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბაზრის ზრდამ 22.83% შეადგინა. 2017 წელს კი ბაზრის ზრდა 12.3% იყო. ასე რომ, ჯამური პრემიაც იზრდება და მატულობს თავად ზრდის ტემპიც. 

გაზრდილია ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან. 2018 წელს კომპანიებმა ჯამში 301,863,209 ლარი დაფარეს, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 21.34%-ით მეტია. 

2018 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 42.19 მილიონი ლარი, როცა 2017 წელს წმინდა მოგება 20.34 მილიონ ლარს შეადგენდა. როგორც ვხედავთ, წმინდა მოგება მნიშვნელოვნად, 107%-ით არის გაზრდილი, როცა 2017 წლის მაჩვენებელი 2016 წლისას მხოლოდ 7.87%-ით აღემატებოდა. 

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების აქტივებს ერთობლივად, 2018 წელს 743.22 მილიონ ლარს შეადგენს, როცა 2017 წელს 580.22 მილიონი ლარი იყო. აქ ზრდა არის 28.09%. კაპიტალი 2018 წელს 221.64 მილიონი ლარია, როცა წინა წელს 154.25 მილიონს შეადგენდა. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ზრდაა, რაც 43.68%-ია. 

მოქმედი კომპანიების რაოდენობაშიც მატებაა – 2017 წელს თუ 16 კომპანიის მონაცემები მიმოვიხილეთ, 2018 ში უკვე 17 კომპანიის საქმიანობის შედეგებია ასახული. შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მე-17 კომპანია, რომელიც წელს პირველად მოხვდა სტატისტიკურ მონაცემებში, გასულ წელს უკვე ცნობილი იყო და ვწერდით კიდეც. ლაპარაკია სადაზღვევო კომპანია „ჰუალინგზე“, რომელსაც საქმიანობის ლიცენზია 2017 წელს უკვე ჰქონდა, მაგრამ, საქმიანობას 2018-ში შეუდგა. 

სხვა მხრივ, აღსანიშნავია კომპანია „აი სი ჯგუფის“ საფირმო სახელწოდების ცვლილება, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით უკვე „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ ჰქვია. 2018 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ `აისი ჯგუფი~ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია „EUღOINშ GღOUP“-ის წევრი გახდა. მოხდა შერწყმა-გაერთიანება და კომპანიამაც გაავრცელა განცხადება, რომ „აი სი ჯგუფი“, ამიერიდან „ევროინს საქართველოს“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე. 

სადაზღვევო კომპანიების შედეგები 

2018 წელს მოზიდული სადაზღვევო პრემიის მიხედვით ლიდერთა სამეული უცვლელია. დანარჩენ კომპანიებს შორის კი გარკვეული გადაადგილებები იყო. მეხუთედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა „თიბისი დაზღვევამ“ და „არდის“ ადგილი დაიკავა. მეხუთე ადგილზე „უნისონი“ გადავიდა, რომელიც წინა წელს მეშვიდე პოზიციაზე იყო. ცხრილის შუა ნაწილში სხვა გადაადგილებებიც არის მომხდარი, თუმცა, ნებისმიერი კომპანიის ზრდა-შემცირებას სათითაოდ შევეხებით და გამოჩნდება, თუ როგორ შეიცვალა თითოეულ მათგანის წილი ბაზარზე. რაც შეეხება მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით ყველაზე მცირე საბაზრო წილის მქონე კომპანიას, 2018 წელს ეს ადგილი და მე-17 პოზიცია დაიკავა „კამარამ“, რომელიც 2017 წელს ბოლოს წინა, მე-15 პოზიცია ეჭირა. 2017 წლის ყველაზე ნაკლები პრემიის მომზიდველი კომპანია „ტაო“ კი გასულ წელს ორი პოზიციით დაწინაურდა და მე-14 ადგილი დაიკავა. 
     

2018 წელს ტრადიციულად ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია მოიზიდა და ბაზრის ლიდერობა შეინარჩუნა „ჯიპიაი ჰოლდინგმა“. მოზიდული თანხა 105,953,232 ლარია, რაც ბაზრის 19.54%-ს შეადგენს. მართალია, ჯამური პრემია წინა წელთან შედარებით 3,13%-ით მეტია, მაგრამ კომპანიის საბაზრო წილი 23,27%-დან 19,54%-მდე შემცირდა. კომპანიამ 78,034,407 ლარი აანაზღაურა, რაც 2017 წელთან შედარებით 27,81%-ით მეტია. 

შარშანდელის მსგავსად რეიტინგში მეორე ადგილზეა „ალდაგი“ მოზიდული 86,376,749 ლარით და ბაზრის 15.93% წილით. კომპანიამ 2017 წელთან შედარებით 4,29%-ით ნაკლები თანხა მოიზიდა, ბაზრის წილიც თითქმის 5%-ით შეუმცირდა. „ალდაგმა“ შარშან 33,881,789 ლარი აანაზღაურა, რაც ისევეა 4,29% ით შემცირებული 2017 წელთან შედარებით, როგორც მოზიდული ჯამური პრემია. 

მესამე პოზიციაზე ასევე ტრადიციულად დამკვიდრდა სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი“, რომელმაც მოზიდული 63,761,092 ლარით ბაზრის 11,76% დაიკავა. კომპანიამ 2017 წელთან შედარებით 23,30%-ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო და ბაზრის წილიც ოდნავ, 0,02% ით გაიუმჯობესა. ზარალის დაფარვაზე „იმედი ელმა“ 40,757,729 ლარი გადაიხადა, რაც 6,74%-ით ნაკლებია 2017 წელთან შედარებით. 

მეოთხე პოზიციაზეა „თიბისი დაზღვევა“ მოზიდული 61,716,773 ლარით და ბაზრის 11.38% წილით. კომპანიამ 2017 წელთან შედარებით 94,31%-ით ზრდა შეძლო და ბაზრის წილიც დაახლოებით 4%-ით გაზარდა. ზარალის ანაზღაურებაზე 19,576,524 ლარი მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით 113,75%-ით მეტია. 

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით მეხუთე ადგილზეა „უნისონი“ მოზიდული 43,378,931 ლარით და ბაზრის 8%-იანი წილით. კომპანიამ წინა წელთან შედარებით 40.71%-ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო, ბაზრის წილიც 1%-ზე მეტით არის გაზრდილი. ზარალის ანაზღაურებაზე 32,816,621 ლარი მიმართა, რაც 2017 წელს დაფარულ ზარალთან შედარებით 241.51%-ით მეტია. 

რეიტინგის მეექვსე ადგილს იკავებს „არდი“ მოზიდული 41,917,988 ლარით და ბაზრის 7.73%-ით. კომპანიამ 2018 წელს 21.54%-ით მეტი პრემია მოიზიდა, ბაზრის წილი კი 0.08%-ით შეუმცირდა. ზარალის ანაზღაურებაზე „არდი ჯგუფმა“ 21,537,953 ლარი გადაიხადა, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 65.19%-ით მეტია. 

მეშვიდე პოზიციაზეა „ირაო“, მოზიდული 29,406,249 ლარით და ბაზრის 5.42% წილით. „ირაომ“ 2017 წელთან შედარებით 21.4%-ით მეტი თანხა მოიზიდა, თუმცა, ბაზარზე მისი წილი 0.02%-ით შემცირდა. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 12,044,877 ლარი მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით 25.58%-ით ნაკლებია.

მერვე ადგილზეა „ალფა“ მოზიდული 20,365,980 ლარით, რაც ბაზრის 3.76%-ის შესაბამისი აღმოჩნდა. კომპანიამ 2017 წელთან შედარებით 101%-ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო და ბაზრის წილიც 1.5% ით გაზარდა. ზარალის ანაზღაურებაზე „ალფამ“ 2018 წელს 10,088,361 ლარი გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 51.5%-ით მეტია. 

მეცხრე პოზიციაზეა „პსპ დაზღვევა“ მოზიდული 20,182,586 ლარით და ბაზარზე 3.72% იანი წილით. კომპანიას წინა წელთან შედარებით 36%-ით ნაკლები პრემია აქვს მოზიდული და ბაზრის წილიც 3.42%-ით შეუმცირდა. რეიტინგშიც მე-6 პოზიციიდან არის მე- 9 ზე ჩამოქვეითებული. ზარალის ანაზღაურებაზე 2018 წელს 18,048,211 ლარი მიმართა, რაც წინა წელთან შედარებით 42.9%-ით ნაკლებია. 

მეათე ადგილს იკავებს `საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი~ მოზიდული 14,620,630 ლარით, რაც ბაზრის 2,70%-ის შესაბამისია. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 173.27%-ით მეტი პრემიის მოზიდვა და ბაზრის წილის 1.5%-ით გაზრდა შეძლო. რეიტინგშიც სამი პოზიციით დაწინაურდა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კომპანიამ 2018 წელს 8,999,126 ლარი გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 1664%-ით არის გაზრდილი. 

მეთერთმეტეა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ მოზიდული 13,342,143 ლარით და ბაზრის 2.46% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 187.06% ით მეტი თანხა მოიზიდა, ბაზარზე წილი 1.41%-ით გაზარდა და პოზიციაც სამი საფეხურით გაიუმჯობესა. ზარალის ანაზღაურებაზე 2018 წელს 6,265,002 ლარი გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 759%-ით მეტია. 

მეთორმეტე პოზიციას იკავებს `ევროინსი~ (ყოფილი „აისი ჯგუფი“) მოზიდული 11,747,842 ლარით და ბაზრის შესაბამისი 2.17%-ით. კომპანიამ 2017 წელთან შედარებით 0.32%-ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო, თუმცა, საბაზრო წილი 0.41%-ით შეუმცირდა და რეიტინგში სამი პოზიციით დაქვეითდა. ზარალის ანაზღაურებაზე 8,359,968 ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17.58%-ით მეტია. 

მეცამეტე პოზიცია დაიკავა სადაზღვევო კომპანია „პრაიმმა“ მოზიდული 8,978,817 ლარით და ბაზრის 1.66% წილით. წინა წელთან შედარებით „პრაიმმა“ 63,94%-ით მეტი სადაზღვევო პრემია მოიზიდა, ბაზრის წილი 0.22%-ით გაზარდა, თუმცა, რეიტინგში ერთი პოზიციით მაინც დაქვეითდა. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 4,101,965 გადაიხადა, რაც წინა წელთან შედარებით 65,32%-ით მეტია. 

მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით მეთოთხმეტე პოზიციაზეა კომპანია `ტაო,~ რომელმაც 6,018,884 ლარი ჯამური პრემია მიიღო და ბაზრის 1,11% დაიკავა. წინა წელთან შედარებით `ტაოს~ მოზიდული თანხა გაზრდილია 766%-ზე მეტად. მსგავსი ზრდის ტემპი სარეკორდოა გასულ წელს კომპანიებს შორის. ასეთმა ზრდამ კომპანიას საშუალება მისცა რეიტინგში ბოლო ადგილიდან 2 პოზიციით აენაცვლა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, „ტაომ“ 2018 წელს 789,572 ლარი დაფარა, რაც წინა წელთან შედარებით 187%-ით მეტია. 

რეიტინგში მეთხუთმეტე ადგილზეა „ქართუ“ მოზიდული 5,914,677 ლარით და ბაზარზე 1.09%-იანი წილით. წინა წელთან შედარებით „ქართუმ“ 0.44%-ით ნაკლები პრემია მოიზიდა და ბაზრის წილიც 0.31%- ით შეუმცირდა. რეიტინგში 2017 წელს კომპანია მე- 11 ადგილს იკავებდა, შესაბამისად, 4 საფეხურით არის ჩამოქვეითებული. რაც შეეხება ზარალების დაფარვას, კომპანიამ 2018 წელს 6,118,029 ლარი აანაზღაურა, რაც წინა წელთან შედარებით 45.36%-ით მეტია. 

რეიტინგის მეთქვსმეტე ადგილზეა ბაზრის დებიუტანტი „ჰუალინგი“, რომელმაც 5,441,795 ლარის მოზიდვა შეძლო და ბაზრის 1% დაიკავა. ზარალის ანაზღაურებაზე კომპანიამ 101,063 ლარი გადაიხადა. რადგან „ჰუალინგი“ წელს დებიუტანტია, მისი მონაცემების შედარებაც მომდევნო წელს დაიწყება და მომავალ წელს გამოჩნდება კომპანიის ზრდის დინამიკა. 

რეიტინგის ბოლო ადგილს იკავებს „კამარა“ მოზიდული 3,076,224 ლარით, რაც ბაზარზე 0.57% ის შესაბამისი აღმოჩნდა. კომპანია გასულ წელთან შედარებით `კამარამ~ 408%-ით მეტი მოიზიდა და ბაზრის წილიც 0.14%-დან 0.57%-მდე გაზარდა, თუმცა, ამის მიუხედავად რეიტინგში ბოლოს წინა პოზიციიდან ბოლოზე გადაინაცვლა. ზარალის ანაზღაურებაზე „კამარამ“ 342,012 ლარი მიმართა, რაც 2017 წელთან შედარებით 580% ით მეტია. 

გადაზღვევა 2018 წელს 

მორიგი მაჩვენებელი, რაზეც რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე, მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევის მოცულობაა. სწორედ აქ ჩანს სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა – რამდენად მეტ რისკს იტოვებენ თავად და მოზიდული პრემიიდან რა ნაწილის გადაზღვევას ამჯობინებენ. აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა 2018 წელს პროცენტულად ნაკლები თანხა გადააზღვიეს, ვიდრე ეს 2017 გააკეთეს. 2017 წელს თუ მთელი მოზიდული პრემიის 51%-ზე მეტი გადაზღვეული იყო, გასულ წელს კომპანიებმა რისკის თავად კისრება არჩიეს და მოზიდული პრემიის მხოლოდ 23,96% გადააზღვიეს. ცალკეული კომპანიების პოლიტიკა გადაზღვევასთან დაკავშირებით ასახულია ცხრილი 2-ში. 

დაზღვევის პოპულარული სახეები 

ყველაზე მოთხოვნადი რომელი დაზღვევაა, კარგად ჩანს ცხრილი 3-ში. ყველაზე მოთხოვნადი დაზღვევის სახეობების პირველი სამეული უცვლელია. წინა წელთან შედარებით გაზრდილია მოთხოვნა „სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე“. დაზღვევის ეს სახეობა 2017 წელს თუ მე-6 პოზიციაზე იყო, წელს მე-4 ადგილს იკავებს. თითო პოზიციით დაქვეითდა „სიცოცხლის დაზღვევა“ და „სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა“. გაზრდილია მოთხოვნა „ტვირთების დაზღვევაზე“. 
     

უცვლელია ნაკლებადპოპულარული სახეობების თანმიმდევრობა. მთლიანობაში კი, დაზღვევის სტრუქტურა წლიდან წლამდე დიდად მაინც არ იცვლება. 

როგორც შედეგებიდან ჩანს, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი გასულ წელს 22%-ზე მეტით გაიზარდა და წესით, ზრდის ტემპი წელსაც არ უნდა იყოს ნაკლები. ასეთი ვარაუდის საფუძველს კი ის იძლევა, რომ შარშანდლიდან მოყოლებული სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები სხვადასხვა მიმართულებით სავალდებულო დაზღვევის შემოღების საჭიროებაზე. დარგის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ გარდა სადაზღვევო ინდუსტრიის ხელშეწყობის მნიშვნელობისა, სავალდებულო დაზღვევა უშუალოდ ხალხის საკეთილდღეო მოვლენაა. ვის სჯერა და ვის არა სავალდებულო დაზღვევის სიკეთის, რთული სათქმელია. თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მთავრობამ გასული წლიდან რამდენიმე ხისტი რეგულაცია აამოქმედა და ასევე სავალდებულო საპენსიო შენატანი დააკისრა ხალხს, არ არის გამორიცხული მორიგი ნაბიჯი სწორედ სავალდებულო დაზღვევის არეალის გაფართოებაც გახდეს. 

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მცირე მასშტაბით შემოვიდა სავალდებულო დაზღვევები – უცხოეთში რეგისტრირებული ავტომფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევა, შემოვიდა საშიშ საწარმოებში შესაძლო ზარალების დაზღვევის საკითხი და ა.შ. ყველაზე მასშტაბური პროექტი კი შესულია პარლამენტში. ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა ყველგან არსებობს ჩვენ გარდა, ამ მხრივ ჩვენ ისევ უნიკალურები ვართ. მომავალში ჩვენთანაც დიდი ძვრები მოხდება და ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი კოლეგების გამოცდილება, რათა დავნერგოთ ესოდენ მნიშვნელოვანი სისტემა, რომელსაც ძალიან დიდი სოციალური დატვირთვა აქვს“, – განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში საქართველოს დაზღვევის ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა. 

კომპანია „არდის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დღესდღეობით საქართველოში არ აქვს მოსახლეობას გააზრებული დაზღვევის საჭიროება და აუცილებელია ამ მხრივ ცნობადობის ამაღლება. 
     

„ჩვენი უცხოელი კოლეგები, ინვესტორები, პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომაცაა რომ მსგავსი აქტივობები იზრდება. ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოში, ჩემი აზრით, არის დაბალი აღქმადობა სადაზღვევო პროდუქტებისადმი. მოსახლეობა ვერ გრძნობს იმას, თუ რამდენად საჭიროა სადაზღვევო პროდუქტები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს არ არის ფუფუნების საგანი და რთული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც რამე განსაკუთრებული გაგება სჭირდება, გამოწვევად მიმაჩნია ისიც, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის იმ დონეზე, რომ მოსახლეობამ დაზღვევაში მეტი თანხის გადახდა შეძლოს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია უცხოელი კოლეგების გამოცდილება, მით უფრო, რომ წელს ველოდებით მესამე პირის პასუხისმგებლობის გააქტიურებას და შესაბამისი კანონმდებლობის დამტკიცებას. ეს მიმართულება ყველა განვითარებულ ქვეყანაში უკვე დანერგილია“, – ამბობს მიხეილ ჯაფარიძე. 

როგორ შეძლებს სადაზღვევო ინდუსტრია ჯერ ხელისუფლების დარწმუნებას, რომ სავალდებულო დაზღვევა სულ უფრო მეტად შემოვიდეს ჩვენს ცხოვრებაში, შემდეგ კი უშუალოდ ხალხისთვის იმის ახსნას, რომ ასეთი დაზღვევა ხალხისთვისაც საჭიროა – ძნელი სათქმელია. მაგრამ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში ხალხთან კონსულტაციის გარეშეც მშვენივრად იღებს გადაწყვეტილებას, არაფერი იქნება მოულოდნელი და გასაკვირი, თუკი დაზღვევის დამატებითი სახეობა ან სახეობები სავალდებულო გახდება. 

თემურ იობაშვილი