ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
ახალი რეგულაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში - #10(238), 2019
მთავრობას სამედიცინო სერვისებზე კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფები შემოაქვს

ხელისუფლება საკუთარ კურსს არ უხვევს და კვლავ განაგრძობს ახალ-ახალი რეგულაციების შემოღებას. ამჟამად საქმე ეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი ტარიფების დაწესებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველი სამედიცინო მომსახურების ფასს სახელმწიფო დაადგენს და ნებისმიერი კლინიკისთვის დდგენილი ტარიფი სავალდებულო იქნება. სახელმწიფო ერთნაირ ფასს გადაუხდის ყველა კლინიკას, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. 

მთავრობის ინიციატივის შესახებ ცნობილი გახდა ნოემბრის დასაწყისში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაცია – „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართა. პრეზენტაციიდან გაირკვა, რომ ცვლილება ეხება დაფინანსების სისტემას და ყველა კლინიკისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფები უნდა გათანაბრდეს.
 
„დაფინანსების ახალი სისტემა ყველა კლინიკისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას. აღნიშნული ინიციატივა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტისა და ხარისხის მოთხოვნის საფუძველი, რაც უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია პაციენტის ინტერესზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულებას იღებენ, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით. 

მისი თქმით, ასევე აუცილებელია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება. 

მინისტრმა ილაპარაკა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზეც, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვნად ცვლის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესს. ეს ეხება ახალ სამედიცინო ტექნოლოგიას – ტელემედიცინაზე დაყრდნობით პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებით კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება და შენახვა, ასევე დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უმოკლეს დროშია შესაძლებელი. 
ასევე ცნობილი გახდა, რომ სამინისტრო არამარტო კლინიკების მასშტაბით, ასევე მედიკამენტების კუთხითაც აპირებს ახალი ინიციატივების შემოღებას. შესაბამისად, რეფორმა შეეხება მედიკამენტების საკითხსაც, რადგან მკურნალობის ხარჯების დიდი ნაწილი ამ კომპონენტზე მოდის. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლზე. 

„ხარისხის კომპონენტში, აქცენტი გაკეთდება ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერთიფიკატი. მედიკამენტების რეგისტრაციისთვის გაჩნდება დამატებითი მოთხოვნები, რომელიც იქნება ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი“, – ამბობს მინისტრი. 

მინისტრის ინიციატივას მალევე მოჰყვა გამოხმაურებები. კლინიკების მფლობელები თუ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტარიფების გათანაბრებამ შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებების შემცირება გამოიწვიოს. თავის მხრივ, მინისტრი აცხადებს რომ არცერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება. თუმცა, სად დასაქმდებიან კლინიკების თანამშრომლები ან მათ დასაქმების გარანტიას საიდან აძლევს მინისტრი – უცნობია. 

„კლინიკების უპრეცედენტო რიცხვი გვაქვს, უპრეცედენტო რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში. ეს არის კონკურენციის საკითხი, რასაც ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე. 

რამ გამოიწვია ახალი სტანდარტის შემოღება – სამინისტროს პოზიცია 

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროში ერთიანი ტარიფების შემოღების შესახებ გახდა ცნობილი, მეტი კონკრეტიკის აუცილებლობაც დადგა დღის წესრიგში. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პროვაიდერებს შორის ტარიფებზე სოლიდური განსხვავება იყო. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ანალიზის საფუძველზე ახალი ტარიფის განსაზღვრა მოხდა. 

„ტარიფის დადგენისას ჩვეულებრივი სტანდარტული პროცედურა შესრულდა. 150 კლინიკას ფინანსური ინფორმაცია მოვთხოვეთ, გავაანალიზეთ მონაცემები და ყველა მიმწოდებლისთვის ერთიანი ტარიფი იქნა გამოყვანილი. კლინიკებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში თავიდანვე ჩაერთნენ, დაბალი ტარიფები ჰქონდათ შემოთავაზებული. თუმცა, შემდეგ უკვე ახალმა კლინიკებმა ახალი, მაღალი ტარიფები შესთავაზეს სოციალური მომსახურების სააგენტოს და ეს ფასიც იყო მიღებული სახელმწიფო პროგრამაში. ვფიქრობთ, რომ დადგენილი ტარიფები სწორად ასახავს საბაზრო ტენდენციებს და რეალურ ღირებულებას თავისი მოგების მარჟით. თუ პროვაიდერი არ ეთანხმება დადგენილ ტარიფს და მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის წამგებიანი, ორი თვის განმავლობაში უნდა აცნობოს სოციალურ სააგენტოს, რომ აღარ არის დაინტერესებული სერვისის მიწოდებით და გამოეთიშება პროგრამას. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა ცვლილება ძალაში შევიდა და ჩემი ინფორმაციით ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ახლად გატარებული რეფორმის დადებით მხარეებზე საუბრობს: 

„ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ გათანაბრდება სერვისი და ყველასთვის გასაგები იქნება, თუ რატომ ღირს კონკრეტული მომსახურება გარკვეული თანხა. მეორე დადებითი მხარე არის ის, რომ ფიქსირებული ხდება თანაგადახდის ოდენობა. სატარიფო არეალი ქმნიდა იმ უხერხულობას, რომ პაციენტს სხვადასხვა მიმწოდებელთან სხვადასხვა თანაგადახდის დამატება უწევდა. ამ შემთხვევაში, როდესაც განსაზღვრულია ჭერი, მისთვის გასაგებია ეს თუ ის მომსახურება რა ფინანსურ ვალდებულებასთანაა დაკავშირებული“, – ამბობს გაბუნია. 

კლინიკების ადეკვატური დატვირთვის პირობებში ჯანდაცვის სამინსიტროს შეფასებით და ანალიზით არანაირი საფრთხე სერვისის ხარისხის და მიწოდების თვალსაზრისით არ არსებობს. „კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს ახალი რეფორმა ჯანდაცვის სერვისზე ფასის ზრდას, მინისტრის მოადგილე ამბობს: 

„ჩვენ ჩვენს ნაწილზე ვფიქრობთ, ყველა შემსყიდველს თავისი პრინცი პი აქვს და აქ გარკვეულწილად შეთანხმება და ანალიზი ხდება, რას ყიდულობს, ვისგან ყიდულობს, ასევე მნიშვნელოვანია სერვისის მოცულობა. პატარა ზომის კლინიკებს, რომლებიც უფრო მეტად კომერციული ან კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობენ, სავარაუდოდ განსხვავებული ფასები ექნებათ. ჩვენ განვსაზღვრეთ ეს ტარიფები იმ სერვისების მოცემულობაზე გათვლით, რა მოცულობასაც ჩვენ ვყიდულობთ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ყველა დამფინანსებელი თავის წილ ანალიზს გააკეთებს და სურათი ეტაპობრივად გამოიკვეთება“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ. 

ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროგრამა თავდაპირველად რეანიმაციის და კარდიოლოგიური ქირურგიის სერვისს შეეხება. გაბუნია აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ტარიფები სხვა მოთხოვნად სერვისებზეც იქნება დადგენილი. 

„ყველა მიმართულების ანალიზი ასე მალე ვერ მოხერხდება, გარკვეული დრო სჭირდება ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, რათა სხვადასხვა სერვისისთვის ამ ტიპის ანალიზი ჩატარდეს. ტარიფის დადგენა ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად მოხდება, შეიძლება თავიდან 10 ყველაზე მოთხოვნად სერვისზე მოხდეს ტარიფის დადგენა, რაც არის სტანდარტული, ჰოსპიტალური, მრავალპროფილური ნოზოლოგიური კატეგორიების მიხედვით. ახლა თუ კარდიო ქირურგიაზე ვსაუბრობთ, სამომავლოდ, პრიორიტეტი იქნება აბდომინალური ქირურგია, ასევე სხვა ტი პის ჩარევები, მაგალითად, პნევმონია და ა.შ. სერვისები, რაც სერიოზულ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და მეტად მოთხოვნადია. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ ფასების დაკლებაზე არაა საუბარი. კარდიო ქირურგიის შემთხვევაში ტარიფები დაკორექტირდა და გათანაბრდა. ამ გასაშუალოებულ ფასთან შედარებით ზოგი ტარიფი მეტია და ზოგი ნაკლები. ისე არ არის, რომ ყველა შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა ცალსახად შემცირდა“, – აცხადებს თამარ გაბუნია. 

რა საფრთხეს შეიცავს ახალი რეგულაცია კლინიკებისთვის 

„სახელმწიფოს მიერ დადგენილი დაფინანსების ახალი სისტემა ნაჩქარევად არის მიღებული. რეგულაცია აუცილებელი იყო, მაგრამ სერვისის თვითღირებულებაზე ნაკლები თუ იქნა დაფინანსება, მაშინ ბევრი კლინიკა დაიხურება“, – ასე აფასებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმას კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია. კარდიოლოგი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები არარეალურია. 

„ორკამერიანი დეფიბრილატორის რეალური ფასი 15 000 ლარია, სახელმწიფოს მიერ კი შეფასებულია 11 500 ლარად. აორტოკორონალური შუნტირება ჩვენს კლინიკაში ღირდა 12 500 ლარი, ახლა 8 500 ლარი გახდა. ზოგ შემთხვევაში არსებული 12 500 ლარიც არ გვყოფნიდა. ეს ოპერაცია მომგებიანი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც თვეში 40 ოპერაციაზე მეტი კეთდებოდა. მაგრამ პატარა კლინიკებისთვის, რომლებიც თვეში 20 ოპერაციას აკეთებენ, ეს მომგებიანი არ არის“, – ამბობს ანზორ მელია. 

კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ კლინიკა დაიხუროს. კარდიოლოგი გაძვირებულ კომუნალურ ტარიფებზე და გაუფასურებულ ლარზე საუბრობს, რაც მელიას თქმით, ჯანდაცვის სფეროს დამატებით ტვირთად აწვება. 

„ჩვენ აპარატურას, მასალას დოლარში ვყიდულობთ. როდესაც ლარი ასე გაუფასურდა, არ ვიცი როგორ უნდა ვიმუშაოთ. გაზი, ელექტროენერგია გაძვირდა, წამლების ღირებულება კატასტროფულ ნიშნულამდე ავიდა. ასეთ პირობებში ფასების დაგდება კლინიკების განადგურების ტოლფასია. ამდენ კლინიკებს რომ მისცეს ლიცენზიები  და სოკოებივით მომრავლდნენ, ალბათ მათი დახურვა აქვთ გეგმაში. მხოლოდ ის მრავალპროფილური კლინიკები შეძლებენ ოპერირებას, ვისაც ზურგი მთავრობაში ჰყავს. შემდეგ ალბათ იტყვიან, რომ მიღებული ფასები არასწორია და ტარიფს ისევ გაზრდიან. ვინც პერსპექტიული ექიმია, ვინც სახელოვანი ექიმია, ყველა წავა საზღვარგარეთ. გეტყვით იმას, რომ ისინი სამსახურებს უკვე ეძებენ. ჩემს კლინიკასაც შეიძლება გაკოტრება დაემუქროს, რადგან ყველაფერთან ერთად კრედიტს ვიხდი. მაქვს აპარატურა, რომლის ღირებულება 600 000 დოლარია... ეს არის უძირო ჭა, ძალიან ბევრი სამედიცინო მასალები გვჭირდება“, – განაცხადა ანზორ მელიამ. 
მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმაზე მუშაობის პერიოდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია. კარდილოგი „კომერსანტს“ უყვება, რომ კლინიკების წამყვანი სპეციალისტები რეფორმის გადავადებას ითხოვენ. მათ მიერ მომზადდა ღია წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა. 

ექსპერტების პოზიცია 

დარგის სპეციალისტები მთავრობის ინიციატივის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე „რეზონანსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ერთიანი ტარიფის შემოღებამ შესაძლოა ზოგიერთი კლინიკის დახურვა გამოიწვიოს, ან კლინიკისთვის შემოსავლის შემცირების გამო ხელფასი შეუმცირდეს მედპერსონალს და ასევე შესაძლოა ამან სამედიცინო ხარისხის გაუარესებაც გამოიწვიოს.
 
„ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ტარიფის გათანაბრება სწორად არ მიმაჩნია, რადგან არ შეიძლება ამა თუ იმ მომსახურებას თბილისსა და რომელიმე რეგიონში ერთი და იგივე ღირებულება ჰქონდეს. კონკრეტულ ადგილზე სერვისის თვითღირებულება სხვადასხვაგვარია და რატომ უნდა მოხდეს ამის გათანაბრება, გასარკვევია. 

გასაგებია, რომ სამინისტრო ხარჯების შეკვეცას ცდილობს, მაგრამ ყურადღებამისაქცევია, რომ ამან არ გამოიწვიოს ხარისხის კიდევ უფრო დაცემა, რადგან არ ვიცით რა ზღვარზე გათანაბრდება ტარიფები, იქნება დაბალ, საშუალო თუ მშრალ ნიშნულზე. შეუძლებელია ერთი და იგივე სერვისი ერთნაირი ფასი ღირდეს თბილისის ცენტრალურ უბანში არსებულ საავადმყოფოში და რეგიონის რომელიღაც კლინიკაში“, – ამბობს ჩიხლაძე. მისი თქმით, რამდენიმეთვიანი დავალიანების ფონზე, ტარიფების გათანაბრება კლინიკას კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდებს და ეს მისი ფაქტობრივი დახურვის საფუძველი გახდება. ამიტომ, ზოგიერთ ადგილას შესაძლოა, გარკვეულ დარგში სამედიცინო მომსახურება მიუწვდომელი გახდეს. ექსპერტის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებულებებს 6-8 თვიანი დავალიანება აქვს და შესაბამისად, პირველ რიგში საჭიროა ვალი გადაიხადოს და ამის შემდეგ მოხდეს ტარიფების გათანაბრება. 

„კიდევ ერთი მომენტია. ეს ხომ არ ხდება იმისთვის, რომ მსხვილი მოთამაშეები ბაზარზე მეტად გაბატონდნენ და მონოპოლისტებად იქცნენ, ხოლო საშუალო და წვრილი სამედიცინო დაწესებულებები საერთოდ გაქრნენ? გამოდის, რომ კონკურენცია კიდევ უფრო შემცირდება. ფასების ზრდა გაგრძელდება, რადგან თუ რამდენიმე მოთამაშე დარჩა და კონკურენცია არ იარსებებს, იძულებული გავხდებით, მომსახურება მივიღოთ გარკვეული მოთამაშისგან, მაგალითად, „ევექსი“, „ავერსი“ და ა.შ.“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე. მისი თქმით, ერთიანი ტარიფების შემოღება პრობლემას ვერ გადაჭრის, რადგან სამედიცინო მომსახურება ისედაც ძვირდება. ლარის კურსის გამო თუ ზოგადად მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, სამედიცინო მომსახურება საქართველოშიც სულ უფრო ძვირი ხდება. ამიტომ, თუ კლინიკებს იმაზე ნაკლებ ტარიფს დაუწესებენ, ვიდრე სერვისი რეალურად ჯდება, ან კლინიკა უნდა დაიხუროს, ან, იძულებული იქნება მომსახურების ხარისხი გააუარესოს და ისე მოხდეს სერვისის გაიაფება. 

სამინისტროს ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი თქმით, ყველა საავადმყოფოსთვის ერთი და იმავე ტარიფების გადახდა ნიშნავს, რომ ამ სქემიდან გარკვეული სამედიცინო დაწესებულებები გამოვარდებიან. 
„გადამხდელი თბილისშიც და უშგულშიც იხდის ერთსა და იმავე ფასს. ჩემი აზრით, შეუძლებელია ასეთი სისტემა კონკურენციის გარეშე მუშაობდეს. რადგან კონკურენცია არ არის და ყველანი ერთნაირ ტარიფებს თანხმდებიან და შემდგომ დიაგნოზებს აყალბებენ, რადგან რაც შეიძლება მეტი ფული წაიღონ ბიუჯეტიდან~. 

საავადმყოფოები დიდი რაოდენობით ფულს ხარჯავენ და სამინისტროს ამის კონტროლის მექანიზმად წარმოუდგენია ერთიანი ტარიფის დაწესება, მაგრამ ასეთი ნაბიჯი მიზანს ვერასოდეს მიაღწევს. 

`ხალხის ჯანდაცვის დაფინანსება იმას ნიშნავს, რომ მათ მისცენ არჩევანი, თავად შეიძინონ ბაზარზე მომსახურება. ეს ბაზარი აღარ არსებობს, ყველა ნორმალური მოთამაშე ბაზრიდან არის განდევნილი და როგორ შეიძლება სწორი ფასი დადგინდეს? ეს შეუძლებელია, გამოდის“, – ამბობს მეგრელიშვილი. 

აქვე აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წლის ბოლომდე კვლავ აკლდება თანხა და წინა წლების მსგავსად დეფიციტურია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური ამბობს, რომ წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის დეფიციტი 20-22 მილიონი ლარი იქნება. ფულის დაკლების მიზეზს კი მინისტრის მოადგილე ასე განმარტავს: „მეტად და მეტად ხდება ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისები საქართველოში და შესაბამისად ყოველწლიურად არის ნამატი საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტზე“. 

როგორც ჩანს, კლინიკებისთვის სერვისებზე ერთიანი ტარიფების შემოღების ერთ-ერთი მიზანი საბიუჯეტო თანხების დაზოგვაა, თუმცა, მეორე საკითხია ფულის დაზოგვის მცდელობა ხომ არ გამოიწვევს მკურნალობის ხარისხის გაუარესებას, ასევე კლინიკების რთულ დღეში ჩაგდებას და მედპერსონალის უმუშევრად დატოვებას. 

თემურ იობაშვილი