ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანიების შედეგები 2019 წელს - №5(245), 2020
სადაზღვევო ბაზარმა გასულ წელს ზრდა გააგრძელდა 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო 17 სადაზღვევო კომპანია. 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი _ მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამ მაჩვენებლით მდგომარეობა უცვლელია 2018 წელთან შედარებით. ერთი ცვლილება ის გახლავთ, რომ წინა წელთან შედარებით, 2019 წელს ერთ-ერთ კომპანიას მფლობელი და შესაბამისად, სახელწოდება შეეცვალა. 2013 წელს დაარსებული სადაზღვევო კომპანია „კამარა“ ახალი სახელით არის 2019 წლის მონაცემებში წარმოდგენილი. კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებმა“ „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ 2019 წლის დასაწყისში შეიძინეს. გასული წლის თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი, უწოდეს „გრინ დაზღვევა საქართველო/GREEN INSURANCE GEORGIA“და სადაზღვევო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგა. 

რაც შეეხება მოზიდულ პრემიას, 2019 წელს სადაზღვევო ბაზრის ზრდა გაგრძელდა. მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 625 მილიონი ლარი. წინა წელს იგივე მაჩვენებელი 542.2 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ზრდამ 15.27% შეადგინა. ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით შემცირებულია – 2018 წელს სადაზღვევო ბაზრის ზრდა 22.83% იყო. 

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, სულ ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 2019 წელს 532,52 მლნ. ლარი იყო. წინა, 2018 წელს იგივე მაჩვენებელმა 301,86 მლნ ლარი შეადგინა. ასე რომ ზარალის ანაზღაურების მხრივ ზრდა 76,41%-ია. 

2019 წელს სადაზღვევო ბაზრის მოგებამ 157 მლნ შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 25 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს წმინდა მოგება 41.19 მლნ ლარი იყო. ასე რომ, გასული წელი სადაზღვევო კომპანიებისთვის უფრო ნაკლებადმომგებიანი გამოდგა, ვიდრე 2018 წელი იყო – კლებამ თითქმის 65% შეადგინა. 

2019 წელს სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამურმა მოცულობამ 799 მილიონი ლარი შეადგინა, 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 743.22 მლნ ლარი იყო. ამ მხრივ ზრდა 0.75%-ია. სადაზღვევო კომპანიების კაპიტალი 2019 წელს 235 მილიონი ლარია, 2018 წელს კი 221.64 მლნ იყო. შესაბამისად, კაპიტალის ზრდამ 0.6% შეადგინა. 

სადაზღვევო კომპანიების შედეგები 2019 წელს 

ტრადიციულად, მიმოვიხილოთ გასული წლის მანძილზე კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მოცულობა და რეიტინგში ადგილის ცვლილება. აღსანიშნავია, რომ 2018 წელთან შედარებით ლიდერი ოთხი კომპანია: „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „იმედი ელი“ და „თიბისი დაზღვევა“ ადგილს უცვლელად ინარჩუნებენ. მეშვიდე ადგილი უცვლელად შეინარჩუნა „ირაომ“, ასევე მე-17 ადგილზეა „გრინ დაზღვევა საქართველო“, რომელ პოზიციაზეც წინა წელს „კამარა“ იყო.

2018 წელთან შედარებით, რეიტინგში უკეთესი პოზიციებზე აღმოჩნდნენ შემდეგი კომპანიები: „არდი“, „პსპ დაზღვევა“, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“, „ევროინსი“, „ქართუ“, ჰუალინგ დაზღვევა“. 

გაუარესებული მდგომარეობაა შემდეგი სადაზღვევო კომპანიებისთვის: „უნისონი“, „ალფა“, „პრაიმი“, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“, „ტაო“. 

ახლა კი სათითაოდ შევეხოთ თითოეული კომპანიის მოზიდულ ჯამურ პრემიას და წინა წელთან ზრდის/ კლების მაჩვენებელს, რაც მოცემულია ცხრილი 1-ში. 
     

უკვე წლებია პირველ ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“. გასულ წელს კომპანიამ 106,926,684 ლარი მოიზიდა და ბაზრის 17.11% დაიკავა. წინა წელს „ჯიპიამ“ 105,953,232 ლარის მოზიდვა და ბაზრის 19.54%-ის დაკავება შეძლო. ასე რომ, კომპანიამ 0.9%-ით მეტი პრემია კი მოიზიდა, მაგრამ, ბაზრის წილი 2.43%-ით შეუმცირდა. 

მეორე ადგილზეა „ალდაგი“ მოზიდული 99,451,166 ლარით და ბაზრის 15.91% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 13,074,417 ლარით მეტი მოიზიდა, რაც პრემიის 15.13%-იანი ზრდაა, ბაზრის წილი კი 0.02%-ით შეუმცირდა. 

მესამე ადგილს იკავებს „იმედი ელი“ მოზიდული 84,222,063 ლარით და 13.48%-ით. 2018 წელთან შედარებით კომპანიამ 20,460,971 ლარით მეტი მოიზიდა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიამ ჯამური პრემია 32.09% ით გაზარდა, ბაზრის წილი კი 1.72%-ით გაეზარდა. 

მეოთხე ადგილზეა „თიბისი დაზღვევა“ მოზიდული 81,318,135 ლარით და ბაზრის 13.01% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 19,601,362 ლარით მეტის მოზიდვა შეძლო. შესაბამისად, კომპანიამ პრემია გაზარდა 31.76%-ით, ბაზრის წილი კი 1.63%-ით გაეზარდა. 

მეექვსე ადგილიდან მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა „არდი დაზღვევა“ მოზიდული 54,069,970 ლარით და ბაზრის 8.65%-იანი წილით. კომპანიამ გასულ წელთან შედარებით 12,151,982 ლარით მეტის მოზიდვა მოახერხა, ანუ ჯამური პრემია 28.98%-ით, ბაზრის წილი კი 0,92%-ით გაზარდა. 

მეხუთედან მეექვსე ადგილზე დაქვეითდა სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ მოზიდული 36,055,571 ლარით და ბაზარზე 5,77%-იანი წილით. კომპანიამ 2018 წელთან შედარებით 7,323,360 ლარით ნაკლების მოზიდვა შეძლო, შესაბამისად, პრემია შემცირებულია 20.31%-ით, ბაზრის წილი კი 2.23%-ით შეუმცირდა. 

მეშვიდე ადგილი შეინარჩუნა კომპანია „ირაომ“ მოზიდული 35,528,630 ლარით და ბაზრის 5.68% წილით. კომპანიამ 2018 წელთან შედარებით 20.81% ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო და ბაზრის წილიც 0.26%-ით გაეზარდა. 

მეცხრედან მერვე ადგილზე დაწინაურდა კომპანია „პსპ დაზღვევა“ მოზიდული 21,624,339 ლარით და ბაზრის 3.46% წილით. კომპანიამ წინა წელთან შედარებით 1,144,753 ლარით მეტის მოზიდვა, ანუ ჯამური პრემიის 7.14%-ით გაზრდა შეძლო. შესაბამისად, ბაზრის წილიც 3.42%-ით გაეზარდა. 

მერვედან მეცხრე ადგილზე დაქვეითდა კომპანია „ალფა“ მოზიდული 21,194,665 ლარით და ბაზრის 3.39% წილით. გასულ წელთან შედარებით კომპანიამ 828.685 ლარით მეტის მოზიდვა შეძლო, რაც 4% იანი ზრდაა, თუმცა, კომპანიის წილი ბაზარზე 0,37%-ით შემცირდა. 

ერთი საფეხურით გაიუმჯობესა პოზიცია და რეიტინგში მეათე ადგილი დაიკავა „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“მოზიდული 19,759,564 ლარით და ბაზრის 3.16% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიის ჯამური პრემია გაზრდილია 6,417,421 ლარით, რაც 48,09%-იან ზრდას ნიშნავს. ბაზარზე კომპანიის წილი გაზრდილია 0,7%-ით. 

მეათედან მეთერთმეტე პოზიციაზე გადაინაცვლა კომპანია „ევროინსმა“ მოზიდული 16,232,088 ლარით და ბაზრის 2.60%-იანი წილით. 2018 წელთან შედარებით 38.17%-ით მეტი ჯამური პრემია მოიზიდა და ბაზრის წილიც 0,43%-ით გაზარდა. 

ერთბაშად 3 საფეხურით გაიუმჯობესა მდგომარეობა რეიტინგში „დაზღვევის კომპანია ქართუმ“ და მეთხუთმეტედან მეთორმეტე პოზიციაზეა მოზიდული 10,662,229 ლარით და ბაზრის 1.71% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 4,747,552 ლარით მეტის მოზიდვა შეძლო, რაც კომპანიის 80,26%-იანი ზრდაა. ბაზრის წილიც 0.62%-ით არის გაზრდილი. 

მეთექვსმეტე ადგილიდან მეცამეტეზე გადაინაცვლა „ჰუალინგ დაზღვევამ“ მოზიდული 10,006,880 ლარით და ბაზრის 1.60% წილით. გასულ წელთან შედარებით კომპანიამ 83,89%-ით მეტი პრემიის მოზიდვა შეძლო და ბაზარზე წილიც 0.6%-ით გაეზარდა. 

მეცამეტე ადგილიდან მეთოთხმეტე პოზიციამდე ჩამოინაცვლა სადაზღვევო კომპანია „პრაიმმა“ მოზიდული 9,088,362 ლარით და ბაზრის 1.45%-იანი წილით. 2018 წელთან შედარებით კომპანიამ 1.22%-ით მეტის მოზიდვა შეძლო, თუმცა, ბაზრის წილი 0.21%-ით შეუმცირდა. 

მეათედან მეთხუთმეტე პოზიციაზე ჩამოქვეითდა „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ მოზიდული 8,809,663 ლარით და ბაზრის 1.41% წილით. კომპანიამ 2018 წელთან შედარებით 5,810,967 ლარით ნაკლების მოზიდვა შეძლო, რაც 65,96%-ით კლებაა. ბაზრის წილიც 1.29%-ით შემცირდა. 

მეთოთხმეტედან მეთექვსმეტე პოზიციაზე ჩამოქვეითდა კომპანია „ტაო“ 6,807,632 ლარით და ბაზრის 1.09% წილით. 2018 წელთან შედარებით 778,748 ლარით მეტის მოზიდვა შეძლო, რაც 13,10%-ით ზრდაა. თუმცა, ბაზარზე კომპანიის წილმა 0.02%-ით დაიკლო. 

მეჩვიდმეტე პოზიციას ინარჩუნებს ამჟამად უკვე ყოფილი „კამარა“ ახალი სახელწოდებით „გრინ დაზღვევა საქართველო“ მოზიდული 3,244,532 ლარით და ბაზრის 0.52% წილით. 2018 წელთან შედარებით კომპანიამ 168,308 ლარით მეტის მოზიდვა და შესაბამისად, 5,47%-ით ზრდა შეძლო. ბაზარზე მისი წილი კი 0.05%-ით შემცირდა. 

იზრდება კომპანიების მიერ ანაზღაურებული ზარალი. 2019 წელს სადაზღვევო ბაზარმა 532,52 მილიონი ლარის ზარალი აანაზღაურა, როცა 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 301,86 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი გაზრდილია 76.41%-ით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, იგივე ჯამური პრემიის ზრდის მაჩვენებელს რომ შევადაროთ – როგორც სტატიის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ბაზრის ზრდამ 15.27% შეადგინა. ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელი და ტენდენცია წინა წელთან შედარებით ასახულია გრაფიკი 1-ში.
     

გადაზღვევის მაჩვენებელი 2019 წელს 

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რასაც სადაზღვევო შედეგების განხილვისას განვიხილავთ, მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევის მოცულობაა. სწორედ აქ ჩანს სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა – რამდენად მეტ რისკს იტოვებენ თავად და მოზიდული პრემიიდან რა ნაწილის გადაზღვევას ამჯობინებენ. 2019 წელს გაგრძელდა წინა წლის ტენდენცია და სადაზღვევო ბაზარმა კიდევ უფრო ნაკლები თანხა გადააზღვია. 2017 წელს თუ მთელი მოზიდული პრემიის 51%-ზე მეტი გადაზღვეული იყო, 2018 წელს კომპანიებმა პრემიის მხოლოდ 23,09% გადააზღვიეს, გასულ, 2019 წელს კი გადაზღვევის მაჩვენებელმა 21.80%-მდე დაიკლო. ეს დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ სადაზღვევო კომპანიები სულ უფრო მეტ რისკს კისრულობენ. თუმცა, ცალკეულ კომპანიებში არის შემთხვევები, როდესაც წინა წელთან შედარებით მეტი პრემია გადააზღვიეს კიდეც. დეტალურად, ეს მონაცემები მოცემულია ცხრილი №2-ში. 
     

დაზღვევის პოპულარული სახეობები – დაზღვევის სტრუქტურა 2019 წელს 

წინა წლების მსგავსად, კვლავ პირველ ადგილზეა ჯანმრთელობის დაზღვევა. სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა დაზღვევის ამ სახეობაზე თავის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანიებმა ჯამში 188,860,821 ლარი აანაზღაურეს, რაც მთელი ანაზღაურებული ზარალების 35%-ზე მეტი იყო. დანარჩენი დაზღვევის სახეობების პოპულარობაც თითქმის უცვლელია. შეიძლება გამოვყოთ, რომ 2018 წელს თუ პოპულარულ სახეობებში „უბედური შემთხვევის“ დაზღვევა მე-11 ადგილზე იყო, 2019 წელს მე-8 ადგილზე აინაცვლა. უფრო მკვეთრი ცვლილება სხვა სახეობებს შორის არ ყოფილა. უფრო დეტალურად კი, მონაცემები მოცემულია ცხრილი №3-ში. 
     

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი 

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სადაზღვევო სექტორი 2019 წელს, რა ძირითადი ტენდენციები იკვეთებოდა და რა მოლოდინები აქვთ მომავალი წლისთვის, ამ თემებზე კომენტარი „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა გააკეთა. 

ის წლის მთავარ პრობლემად, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონის განუხორციელებლობას ასახელებს. აღნიშნულ რეგულაციას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს და კანონპროექტიც მზად არის, თუმცა, კანონმდებლებმა კანონპროექტის კანონად ქცევა ჯერაც ვერ მოახერხეს. 

„წლის გამორჩეულობაზე თუ ვილაპარაკებთ, ძალიან დიდი მოლოდინი იყო საკანონმდებლო კუთხით, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა შეეცვალა სადაზღვევო ბაზარი და ურთიერთობები. შარშან წლის ბოლოს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ და აქტიური მოლოდინი იყო იმისა, რომ წელს ამ კანონპროექტს განიხილავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. სადაზღვევო სექტორის მოლოდინი ძალიან დიდი იყო და ამ კანონპროექტს სადაზღვევო ბაზარზე ძალიან დიდი გავლენა ექნებოდა. გარდა ამისა, მთავრობასთან მიმდინარეობდა რამდენიმე საკითხზე მუშაობა, რომლებიც დღესაც სამუშაო რეჟიმში რჩება. მათ შორის არის განსაკუთრებულად საშიში საწარმოების დაზღვევის ოპტიმიზება, რომელიც მთავრობას კანონით ევალება. გარდა ამისა, ბაზარი, როგორც ყოველთვის ზეკონკურენტული რჩება და 10%-იანი ზრდაა დაზღვეულთა რაოდენობის მხრივ. ასევე მცირედით, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ნებაყოფლობითი მანქანების დაზღვევა“, – განმარტავს დევი ხეჩინაშვილი. 

დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალი წელს სადაზღვევო სექტორი ისევ მოლოდინის რეჟიმში იქნება და იმედოვნებს, რომ კანონპროექტი 2020 წელს მაინც განხორციელდება. 

„2020 წელი საკანონმდებლო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წელია, არჩევნების გამო, მაგრამ ჩვენ მაინც მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი გავა და პარლამენტი განიხილავს, ანუ გამოდის ისევ მოლოდინის რეჟიმში ვიქნებით. ეს ევროკავშირის შეთანხმებაცაა საქართველოს მთავრობასთან. სხვა მხრივ, ჩვეულებრივ გავაგრძელებთ ბიზნესის განვითარებას და იმედი მაქვს, რომ სხვა საკითხებიც, რომლებიც ბოლომდეა მისაყვანი, მაგალითად ისეთი, როგორიცაა საშიშ საწარმოების დაზღვევის საკითხი, მომავალ წელს გადაწყდება~, – აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი. 

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი 2019 წელს აფასებს და ამბობს, რომ სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ტემპებით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც კი გადაუსწრო. მისი თქმით, ეს არამარტო თანხაში, არამედ დაზღვეულთა რაოდენობაშიც აისახა. 

„ისევე როგორც გასულ პერიოდში, წელსაც სადაზღვევო ბაზარი ძალიან კონკურენტული იყო და სექტორის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3 ჯერ გადაუსწრო კიდეც. ეს ფაქტია და ნიშნავს, რომ ჯერჯერობით სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების დონე დაბალია. სხვადასხვა სექტორში 20%-მდეც კი იყო ზრდა“, – განაცხადა მან. 

ხეჩინაშვილი კონკრეტულ სექტორებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გაიზარდა ავტომობილებისა და ჯანდაცვის დაზღვევის სექტორიც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს კერძო დაზღვევის შეძენის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უუქმდებათ. 

„მიხარია, რომ 10%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის სექტორში დაზღვეულთა რაოდენობა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა (თუ პენსიონერი ან უმწეო არ არის) როდესაც ეზღვევა, კარგავს საყოველთაო ჯანდაცვას. აღსანიშნავია, რომ საცალო გაყიდვებში გაჩნდა ზრდა, რომელიც საყოველთაოს ამოქმედების შემდეგ გაჩერებული იყო. გაიზარდა დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაც, თუმცა, 1 300 000 მანქანიდან 90 000-ია დაზღვეული. სექტორი პოტენციურ კლიენტებთან ძალიან ახლო კომუნიკაციაშია და გარდა ამისა, რაღაცები თავად ვითარდება, ძალიან კონკურენტული გარემოა ბაზარზე“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა. 

რაც შეეხება მიმდინარე 2020 წლის მაჩვენებლებს, აუცილებლად იქნება განსხვავებული მაჩვენებელი, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის ტენდენცია იყო. 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებულმა კორონა-კრიზისმა შეუძლებელია სადაზღვევო სექტორზე არ იქონიოს გავლენა. წინასწარი პროგნოზებით, ეკონომიკის მთელი რიგი მიმართულებები მნიშვნელოვან კრიზისში შედის და როდესაც დაზღვევის ბაზარი ეკონომიკურ ზრდაზე სწრაფადაც კი იზრდებოდა, ამჟამინდელი კრიზისი აუცილებლად შეაფერხებს ამ მიმართულების განვითარებასაც. 

თემურ იობაშვილი