ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
2020 წელს სადაზღვევო ბაზარი გაიზარდა - №3(255), 2021
პანდემიის მიუხედავად, ინდუსტრიამ მოგების მიღება შეძლო 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე წლის 6 აპრილს სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს. ამ მხრივ გასულ წელთან შედარებით ერთი ცვლილებაა. 2019 წელს ბაზარზე 17 სადაზღვევო კომპანია მოქმედებდა. ახალი კომპანია გახლავთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“. 

კომპანიის შესახებ ვკითხულობთ: სააქციო საზოგადოება „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ დაფუძნდა 2020 წლის 20 თებერვალს ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საინვესტიციო კაპიტალიდან. გუნდი დაკომპლექტებულია 200-მდე „მაღალკვალიფიციური კადრით, რომელთაც სადაზღვევო და საფინანსო სექტორში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. 

კიდევ ერთი სიახლე გახლავთ, რომ კომპანია „გრინ დაზღვევა საქართველომ“ გასული წლის მიწურულს სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია მიიღო. „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სადაზღვევო ბაზარს საინტერესო და დიდი პერსპექტივა აქვს. 

ახლა კი უშუალოდ გასული წლის სტატისტიკას შევეხოთ. პანდემიის მიუხედავად, სადაზღვევო ინდუსტრიამ ზრდა მოახერხა. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 667,3 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 172,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 47,6 მილიონი ლარი. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 915,8 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი _ 279,1 მილიონ ლარს. 

კომპანიების მოზიდულმა პრემიამ 2019 წელს თუ 625 მილიონი ლარი შეადგინა, 2020 წლის მაჩვენებლებით 667,7 მილიონი ლარია მოზიდული. შესაბამისად, სადაზღვევო ბაზარი 6,76%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ზრდის ტემპი 15.27% იყო, 2018 წელს კი 22.83%. ასე რომ, ბოლო წლებში სადაზღვევო ბაზარი კი იზრდება, მაგრამ ზრდის ტემპმა დაიკლო. 

ჯამურად, კომპანიების სადაზღვევო მოგება 172,5 მლნ ლარია, რაც 2019 წელთან შედარებით 8.98%- ით მეტია; წმინდა მოგება 47,6 მლნ ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 47.05%-ით ზრდას უდრის; 

გაზრდილია აქტივების მოცულობა და 915,8 მლნ ლარს შეესაბამება. 2019 წელთან შედარებით ზრდამ 14,61%-ით მეტია; 

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, კომპანიებმა 2019 წელთან შედარებით ნაკლები გადაიხადეს. ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 2020 წელს 385.48 მლნ ლარია, 2019 წელს კი 532,52 მლნ ლარია ანაზღაურებული. ასე რომ, ზარალის ანაზღაურებაზე 38.14%-ით ნაკლებია გადახდილი. 

სადაზღვევო კომპანიების შედეგები 2020 წელს 

ტრადიციულად, მიმოვიხილოთ გასული წლის მანძილზე კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მოცულობა და რეიტინგში ადგილის ცვლილება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით ლიდერ სამეულში ცვლილებაა. პირველ-მეორე ადგილებს უკვე წლებია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ალდაგი“ ინაწილებენ. თუმცა, ასევე წლების მანძილზე მესამე პოზიციაზე მყოფმა „იმედი ელმა“ მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და მისი ადგილი 2019 და 2018 წელს მეოთხე პოზიციაზე მყოფმა „თიბისი დაზღვევამ“ დაიკავა. რვა კომპანია: „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „არდი“, „უნისონი“, „ირაო“, „პსპ დაზღვევა“, „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ და „ტაო“ ადგილს უცვლელად ინარჩუნებენ. 

2019 წელთან შედარებით, რეიტინგში უკეთესი პოზიციებზე აღმოჩნდნენ შემდეგი კომპანიები: „თიბისი დაზღვევა“ (მე-4-დან მე-3-ზე), „ევროინს ჯორჯია“ (მე 11-დან მე-9-ზე), „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ (მე-15-დან მე-12-ზე), „პრაიმი“ (მე-14-დან მე-13-ზე). 

გაუარესებული სარეიტინგო მდგომარეობაა შემდეგი კომპანიებისთვის: „იმედი ელი“ (მე-3-დან მე-4-ზე), „ალფა“ (მე-9-დან მე-11-ზე), „ქართუ“ (მე-12-დან მე- 14 ზე), „ჰუალინგ დაზღვევა“ (მე-13-დან მე-15-ზე), „გრინ დაზღვევა საქართველო“ (მე-17-დან მე-18). „გრინ დაზღვევა საქართველოს“ ადგილი წაართვა ბაზრის დებიუტანტმა „ნიუ ვიჟენ დაზღვევამ“ და ბოლოდან მეორე, მე-17 პოზიცია დაიკავა. 
     

თითოეული კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია და წინა წელთან ზრდის/კლების მაჩვენებელი მოცემულია ცხრილი 1-ში. 

უკვე წლებია პირველ ადგილზეა სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“. გასულ წელს კომპანიამ 128,946,572 ლარი მოიზიდა და ბაზრის 19,32% დაიკავა. წინა წელთან შედარებით „ჯიპიამ“ 20.59% ით მეტი პრემიის მოზიდვა და ბაზრის წილის 2.21% ით მეტის დაკავება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მაჩვენებლით სხვა ვერცერთმა კომპანიამ ვერ გაზარდა წილი ბაზარზე. 

მეორე ადგილზეა „ალდაგი“ მოზიდული 106,916,336 ლარით და ბაზრის 16,02% წილით. კომპანიამ წინა წელთან შედარებით 7,5%-ით მეტი სადაზღვევო პრემიის მოზიდვა და ბაზარზე წილის 0.11%-ით გაზრდა შეძლო. 

ლიდერ სამეულში შევიდა „თიბისი დაზღვევა“ მოზიდული 89,300,268 ლარით და ბაზრის 13,38% წილით. წინა წელთან შედარებით კომპანიამ 7,50%-ით მეტი ჯამური პრემიის მოზიდვა და ბაზარზე წილის 0.37%-ით გაზრდა შეძლო. 

ჯამური პრემიის მოზიდვაში კლება აქვს „იმედი ელს“ და შესაბამისად რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა კიდეც. კომპანიამ 710,667,513 ლარი მოიზიდა და ბაზრის 10,74% წილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2019 წელთან შედარებით 17,51%-ით ნაკლები ჯამური პრემიის მიზიდვა შეძლო, რაც ბაზრის წილის 2.74%-ით შემცირებაში აისახა კიდეც. შარშან, მსგავსი მასშტაბით არცერთ სხვა კომპანიას არ შემცირებია წილი ბაზარზე. 

რაც შეეხება დანარჩენი კომპანიების მდგომარეობას და ცვლილებას წინა წელთან შედარებით, ასახულია ცხრილში. ერთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცენტულად ჯამური პრემიის ზრდა ყველაზე მეტად „ევროინს ჯორჯიამ“ მოახერხა, თუმცა, ბაზარზე მისი წილი ოდნავ მაინც შემცირდა. 

ყველაზე დიდი კლება სადაზღვევო პრემიის მოზიდვაში კომპანია „ქართუს“ ჰქონდა და ბაზარზე მისმა წილმაც კვლავ დაიკლო. 

ასევე, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბაზრის დებიუტანტმა „ნიუ ვიჟენმა“ მოახერხა ერთ კომპანიაზე მეტი პრემიის მოზიდვა. „გრინ დაზღვევა საქართველო“ 2020 წელსაც ბოლო ადგილს იკავებს, როგორც ეს წინა წელს იყო. 

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო ბაზარმა 2020 წელს გაცილებით ნაკლები გადაიხადა, ვიდრე 2019-ში. სულ ანაზღაურებული ზარალი პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 2020 წელს 385,48 მლნ ლარი იყო, როცა 2019-ში სადაზღვევო ბაზარმა 532,52 მლნ ლარი დაფარა. შესაბამისად, კომპანიებმა შარშან 38,14%-ით ნაკლები დაფარეს, ვიდრე 2019-ში. ასე რომ, 2020 ში კომპანიებმა ერთობლივად 6,76%-ით მეტი პრემია მოიზიდეს, თუმცა, 38,14%-ით ნაკლები აანაზღაურეს. 
     

17 კომპანიიდან, წინა წელთან შედარებით მხოლოდ 7-მა კომპანიამ აანაზღაურა უფრო მეტი ზარალი. 10 მა კომპანიამ უფრო ნაკლები თანხა დაფარა. ბაზრის დებიუტანტის – „ნიუ ვიჟენის“ ტენდენცია უკვე მომავალი წლების მაჩვენებელში გამოჩნდება. 

გასული წლის მონაცემებით, სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევაა. საქართველოს სადაზღვევო სექტორის დამდგარი ზარალების ოდენობამ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში 196,645,404 ლარი შეადგინა. გასულ წელს დამდგარი სადაზღვევო ზარალის ოდენობით „ჯიპიაი“ 49,586,283 ლარით ლიდერობს. მეორეზეა „იმედი ელი“ 48,954,392 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი“ 25,582,601 ლარით. 

სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 267,562,090 ლარი შეადგინა. ბაზრის ლიდერი ამ შემთხვევაშიც „ჯიპიაი ჰოლდინგია“ 74,291,361 ლარით, მეორე ადგილზეა „იმედი ელი“ 61,802,595 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი დაზღვევა“ 39,117,321 ლარით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, 2020 წლის 12 თვეში კი 620,408 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. 

დაზღვევის კიდევ ერთი პოპულარული სახეობიდან – ავტოდაზღვევიდან ანაზღაურებული ზარალი შემდეგნაირად გამოიყურება. 2020 წლის 12 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 74,576,432 ლარი აუნაზღაურა. 

ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

„თიბისი დაზღვევა“ – 18,001,385 ლარი; 

„ალდაგი“ – 14,949,292 ლარი; 

„ჯი პიაი ჰოლდინგი“ – 12,988,264 ლარი; 

„ევროინს ჯორჯია“ – 5,944,142 ლარი; 

„არდი“ – 4,155,213 ლარი. 

2020 წლის 12 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 118,793 შეადგინა, რაც მთელი ავტოპარკის დაახლოებით 6%-ის ფარგლებშია. 

მთლიანად, ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელი და ტენდენცია წინა წელთან შედარებით ასახულია ზემოთ მოყვანილ დიაგრამაზე. 

გადაზღვევის მაჩვენებელი 2020 წელს 

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რასაც სადაზღვევო შედეგების განხილვისას განვიხილავთ, მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევის მოცულობაა. სწორედ აქ ჩანს სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა – რამდენად მეტ რისკს იტოვებენ თავად და მოზიდული პრემიიდან რა ნაწილის გადაზღვევას ამჯობინებენ. 2020 წელს ბოლო წლების ტენდენცია შეიცვალა და კომპანიებმა 2019 წელთან შედარებით მეტი პრემია გადააზღვიეს. 2020 წელს მოზიდული ჯამური პრემიის 21,97% გადაზღვეულია, როცა კომპანიებმა 2019 წელს მოზიდული პრემიის 19,38% გადააზღვიეს. 
     

2017 წელს თუ მთელი მოზიდული პრემიის 51% ზე მეტი გადაზღვეული იყო, 2018 წელს კომპანიებმა პრემიის მხოლოდ 23,09% გადააზღვიეს, 2019 წელს გადაზღვევის მაჩვენებელმა 21.80%-მდე დაიკლო. ეს დამოკიდებულება მიანიშნებდა, რომ სადაზღვევო კომპანიები სულ უფრო მეტ რისკს კისრულობდნენ. თუმცა, გასულ წელს აღმოჩნდა, რომ რისკის გადაზღვევის მაჩვენებელმა მოიმატა. რაც შეეხება ცალკეული კომპანიების პოლიტიკას და ტენდენციას, მონაცემები დეტალურად ასახულია ცხრილი 2-ში. 

დაზღვევის პოპულარული სახეობები – დაზღვევის სტრუქტურა 2020 წელს 

გასული წლის ეკონომიკის მთავარი შემაფერხებელი მოვლენა – კორონაპანდემია დაზღვევის პოპულარულ სახეობებზეც აისახა და მცირე ცვლილებები გამოიწვია. მაგალითად, კომპანიებმა „სამოგზაურო დაზღვევის“ პოლისებით თუ 2019 წელს 8,506,465 ლარი მოიზიდეს, 2020 წელს მხოლოდ 3,916,391 ლარის დაზღვევაა გაყიდული. აგრეთვე სხვა რამდენიმე ცვლილებაა სტრუქტურაში, თუმცა, წინა წლების მსგავსად, კვლავ პირველ ადგილზეა ჯანმრთელობის დაზღვევა. სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა დაზღვევის ამ სახეობაზე თავის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანიებმა ჯამში 267,562,090 ლარი მოიზიდეს, რაც დაზღვევის სტრუქტურაში 40,10%-ს შეესაბამება. კიდევ უფრო მაღალია ანაზღაურების წილი. კომპანიებმა და 187,207,981 ლარი აანაზღაურეს, რაც მთელი ანაზღაურებული ზარალების 48,57%-ის შესაბამისია. წინა წელთან შედარებით, პოპულარულ სახეობებში მე-4 და მე-5 ადგილები გაცვალეს „სიცოცხლის დაზღვევამ“ და „სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევამ“. სიცოცხლის დაზღვევა უფრო პოპულარული გახდა 2020 წელს. აგრეთვე მე-6 და მე-7 ადგილები გაცვალეს „სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევამ“ და „უბედური შემთხვევის დაზღვევამ“. 2020 წელს „უბედური შემთხვევის“ დაზღვევა უფრო პოპულარული აღმოჩნდა. 

„დაზღვევა საფინანსო დანაკარგებისგან“ უფრო მეტმა ადამიანმა იყიდა. 2019 წელს თუ ამ სახეობაზე 6,333,381 ლარი დახარჯეს დაზღვეულებმა, 2020 წელს იგივე დაზღვევაში 8,742,450 ლარია გადახდილი.  
     

შესაბამისად, დაზღვევის ამ სახეობის წილიც მთელ სტრუქტურაში 1.01%-დან 1.31%-მდე გაიზარდა. 

დანარჩენი სახეობების პოპულარობა და ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებლები ასახულია ცხრილი 3-ში. 

სადაზღვევო ასოციაცია და ზედამხედველობის სამსახური გასულ წელს დადებითად მიიჩნევენ 

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშებს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2020 წელი სადაზღვევო სექტორისთვის მთლიანობაში კარგი წელი იყო. 

„2019 წელთან შედარებით, სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ციფრებს თუ გადავხედავთ, 620 მილიონიან ბიზნესს ჯამში 47 მილიონის მოგება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მოგება 8%-ია, ეს კი ბიზნესში კარგი არ არის. 2019 წელს იყო რამდენიმე მძიმე მოვლენა, მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ 55 მილიონი ლარის ზარალი გადაიხადა. ამან შეამცირა 2019 წლის სექტორის მოგება. გარდა ამისა, პოზიტიურია ის, რომ 2019 წელს მომგებიანობის თვალსაზრისით მინუსში 4 კომპანია იყო, 2020 წელს კი – სამია“, – აცხადებს ხეჩინაშვილი. 

პანდემიიის მიუხედავად, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა, გაიზარდა არა მარტო  
კორპორატიული სექტორი, არამედ, კერძო სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაში ინდივიდუალური პოლისების რაოდენობაც, დაახლოებით 8%-ით. 

„სამედიცინო დაზღვევის წილი მცირეა, 17% ს შეადგენს და მაჩვენებელი მცირედით იზრდება, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკის შედეგია. არიან ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით იძენენ სამედიცინო დაზღვევის პროდუქტს, თუმცა მთავრობა ამას სხვანაირად უყურებს, მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და მიიჩნევს, რომ ეს ჯერჯერობით საკმარისია. სექტორში არსებული ზრდა, არის თავისთავადი, ადამიანები თავად იაზრებენ, რომ ჯობს კერძო დაზღვევა ჰქონდეთ“, – ამბობს ხეჩინაშვილი. 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი გასულ წელს დადებითად აფასებს: 

„დაზღვევის სექტორმა ნორმალურად ჩაატარა 2020. სხვა ბიზნესებთან შედარებით, კარგ მაჩვენებლად ითვლება. სექტორში მცირე, მაგრამ, ზრდა არის. რა თქმა უნდა, შეუდარებელია იგივე ტურიზმთან, სარესტორნე თუ სხვა ბიზნესებთან შედარებით, სადაც სერიოზული პრობლემები წარმოიქმნა“, – ამბობს ონოფრიშვილი. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახურმა თავიდანვე გასცა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და ხელი შეუწყეს კომპანიებს ადაპტაციაში. 

ცნობილია, რომ წლის მანძილზე სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ რეგულაციის დაკმაყოფილება, რომელიც ეხება სადაზღვევო კაპიტალის გაზრდას 4.2 მლნ ლარიდან 7.2 მლნ ლარამდე. ამ საკითხთან დაკავშირებით, დავით ონოფრიშვილი კომპანიების შერწყმას არ გამორიცხავს. 

„ჩვენ რომ ძალიან გავამკაცროთ და კაპიტალზე მოთხოვნები გავზარდოთ, მაშინ ვიღაცებს ნამდვილად გაუჭირდებათ და შეიძლება იფიქრონ შერწყმაზე ან მოუწიოთ ბაზრიდან გასვლა. ეს პროცესი, ალბათ გარდაუვალი იქნება, როცა ბაზარი გაიზრდება, ავტომობილზე მესამე პირის დაზღვევა შემოვა. გარდა ამისა, სხვა სავალდებულო დაზღვევის სახეობებზე ვმუშაობთ. ვთქვათ, ექიმების დაზღვევა, სამშენებლო ტიპის დაზღვევა და სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც ალბათ სამ წელიწადში საქართველოში დაიწყება მასობრივად“, – ამბობს ონოფრიშვილი. 

ამ სიტუაციაში აშკარაა, რომ კრიზისის მიუხედავად, სადაზღვევო ბიზნესი მიმზიდველობას კვლავ ინარჩუნებს. როგორც ჩანს, სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევის შემოღებასაც აპირებს, რაც დაზღვევის ინდუსტრიას წესით უნდა წაადგეს. თუმცა, თუკი ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა და ხალხის მსყიდველობითუნარიანობა გაუარესდა, ეს სადაზღვევო ბიზნესსაც აუცილებლად დაეტყობა. 

თემურ იობაშვილი