ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანიების შედეგები 2021 წელს - №5(269), 2022
პანდემიის მიუხედავად, სადაზღვევო ბაზარმა გასულ წელს ზრდა გააგრძელა 
 
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა სადაზღვევო ბაზრის 2021 შედეგები გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წინა წლის მსგავსად რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს. შესაბამისად, გასულ წელს სადაზღვევო ბაზარს ახალი კომპანია არ დამატებია. თუმცა, სადაზღვევო კომანიების ჩამონათვალში ერთი ცვლილება მაინც არის. გასული წლის აპრილში სს „ჰუალინგ დაზღვევას“ სახელი შეუცვალეს და წლიურ შედეგებში უკვე ახალი სახელწოდებით, სს „ბბ დაზღვევის“ სახელით არის შესული. 
ახლა კი უშუალოდ გასული წლის სტატისტიკას შევეხოთ. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 772.65 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 15,79%-ით მეტია. სადაზღვევო ბაზარმა ჯამურად 435.72 მლნ ლარი აანაზღაურა, რაც 2020 წელთან შედარებით 13,02%-ით არის გაზრდილი. 

რაც შეეხება სადაზღვევო ბაზრის მოგებას, კომპანიების სადაზღვევო მოგებამ 172 მლნ ლარი (კლება 0,29%), წმინდა მოგებამ კი 39.9 მლნ ლარი (კლება 16,17%) შეადგინა. 

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 985.4 მლნ ლარს, რაც წინა წელთან შედარებით 7,6%-ით მეტია, ხოლო კაპიტალის მოცულობამ 324.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20,8%-ით ზრდას შეესაბამება. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სადაზღვევო ბაზარი პროცენტულად უფრო მეტად, 15%-ით გაიზარდა, ვიდრე 2020-ში, როცა ბაზრის ზრდამ 6,76% შეადგინა. თუ გავიხსენებთ, ბოლო წლებში ზრდის ტემპი შარშანდლამდე კლების ტენდენციით ხასიათდებოდა: 2018-ში 22.83%, 2019-ში 15,27%, ხოლო 2020-ში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზრდის ტემპი 6.76% იყო. 

სადაზღვევო კომპანიები მოგება-ზარალის მიხედვით 2021 წელს 

ყველაზე მსხვილი პრემიების პორტფელი 140.4 მლნ ლარის მოცულობით სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ აქვს, თუმცა, მისი წმინდა მოგება უმნიშვნელოა და მხოლოდ 7252 ლარს შეადგენს. 

მოზიდული პრემიების მიხედვით მეორე ადგილზე მყოფი „ალდაგის“ წმინდა მოგება კი, სექტორის ჯამური მოგების 46% იკავებს. 

სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება/ზარალი 2021 წლის არააუდიტირებული ანგარიშგებებიდან ასეთია: 

1. "ალდაგი" – 18.17 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 123.2 მლნ ლარი; 

2. "თიბისი დაზღვევა" – 13.41 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 115.9 მლნ ლარი; 

3. "იმედი L" – 4.04 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 74.1 მლნ ლარი; 

4. "ტაო" – 3.73 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 5 მლნ ლარი; 

5. "უნისონი" – 3.14 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 49.1 მლნ ლარი; 

6. "ქართუ" – 1.44 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 4.9 მლნ ლარი; 

7. "BB დაზღვევა" – 1.24 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 13.8 მლნ ლარი; 

8. "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" – 0.75 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 18.7 მლნ ლარი; 

9. "გრინ დაზღვევა" – 0.72 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 3.1 მლნ ლარი; 

10. "ირაო" – 0.58 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 49.3 მლნ ლარი; 

11. "ჯი პი აი ჰოლდინგი" – 0.007 მლნ ლარი, მოზიდული პრემიები 140.4 მლნ ლარი; 

12. "ალფა" – (-0.46 მლნ ლარი), მოზიდული პრემიები 15.8 მლნ ლარი; 

13. "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" – (-0.06 მლნ ლარი), მოზიდული პრემიები 16.5 მლნ ლარი; 

14. "არდი" – (-0.59 მლნ ლარი), მოზიდული პრემიები 67.4 მლნ ლარი; 

15. "პრაიმი" – (-0.63 მლნ ლარი), მოზიდული პრემიები 6.3 მლნ ლარი; 

16. "ევროინსი" (-0.68 მლნ ლარი), მოზიდული პრემიები 22.3 მლნ ლარი; 

17. "პსპ დაზღვევა" – (-1.96 მლნ ლარი), მოზიდული პრემიები 25.5 მლნ ლარი; 

18. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" – (-2.94 მლნ ლარი), მოზიდული პრემიები 21.4 მლნ ლარი. 

სადაზღვევო კომპანიების შემოსავლები 2021 წელს 

ტრადიციულად, მიმოვიხილოთ გასული წლის მანძილზე კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მოცულობა და რეიტინგში ადგილის ცვლილება. აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით ლიდერ 5 კომპანიას პოზიციები არ შეუცვლიათ. 

2020 წელთან შედარებით, რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა სამმა კომპანიამ, დაქვეითდა ხუთი კომპანია, დანარჩენებმა კი ადგილი უცვლელად შეინარჩუნეს. ყველაზე მეტი პროგრესი აჩვენა `ნიუ ვიჟენ დაზღვევამ~, რომელმაც მე-17 პოზიციიდან მეათემდე აინაცვლა. `ბბ დაზღვევამ~ (ყოფილი „ჰუალინგი“) და `საქართველოს სადაზღვევო ჯგუფმა~ თითო პოზიციით აინაცვლეს. რეიტინგში ყველაზე მეტად დაქვეითდა `ქართუ~, სამი პოზიციით და მე-17 ადგილზე ჩამოინაცვლა. „ალფა~, „პრაიმი“ და „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ 2-2 პოზიციით, ხოლო „უნისონი“ ერთი პოზიციით დაქვეითდა. 

თითოეული კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია და წინა წელთან ზრდის/კლების მაჩვენებელი მოცემულია ცხრილი 1-ში. 
     

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, 2020 წელთან შედარებით შვიდმა კომპანიამ შეძლო ბაზარზე საკუთარი წილის გაზრდა, 10 კომპანიას წილი შეუმცირდა, ხოლო ერთი კომპანიის – „გრინ დაზღვევის“ წილი ბაზარზე უცვლელია. ასევე ცხრილშია ასახული თითოეული კომპანიის მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მოცულობა და ცვლილება წინა წელთან შედარებით, როგორც პრემიის ზრდა/კლების, ასევე ბაზარზე წილის ზრდა/ კლების მიხედვით.

ზარალის ანაზღაურების მაჩვენებლები 2021 წელს 

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის ანაზღაურებას, გასულ წელს მთლიანმა ბაზარმა 435.7 მლნ ლარია დაფარა, რაც 2020-თან შედარებით 13,02%-ით მეტია. 
     

ყველაზე მეტი ზარალის დაფარვა „ჯიპიაი ჰოლდინგს“ მოუწია – 98 მლნ ლარი, წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტი. 

„ალდაგმა“ პირიქით, მნიშვნელოვნად შეამცირა ზარალის დაფარვის მაჩვენებელი და 54.8 მლნ აანაზღაურა, რაც 37,79%-ით ნაკლებია წინა წელზე. 

რეიტინგში დაბალ პოზიციებზე მყოფ კომპანიებს შორის „ევროინსი“, „უნისონი“, „ალფა“ და `გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აღმოჩნდნენ ისინი, რომლებმაც წინა წელთან შედარებით ნაკლები ზარალი დაფარეს, დანარჩენ კომპანიებში კი ზარალის ანაზღაურების მაჩვენებელი გაზრდილია. უფრო დეტალურად ინფორმაცია ჩანს დიაგრამა 1-ში. 

სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 305 545 943 ლარი შეადგინა. ბაზრის ლიდერი ამ შემთხვევაშიც „ჯი პიაი ჰოლდინგია“ 84 685 671 ლარით, მეორე ადგილზეა „იმედი ელი“ 62 084 826 ლარით, ხოლო მესამეზე „არდი დაზღვევა“ 47 211 844 ლარით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, 2021 წლის 12 თვეში 637 953 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. 

როგორც წინა წლებში, 2021-შიც სადაზღვევო სექტორისთვის ყველაზე ზარალიანი სამედიცინო დაზღვევაა. საქართველოს სადაზღვევო სექტორის დამდგარი ზარალების ოდენობამ სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაში 229 779 846 ლარი შეადგინა. გასულ წელს დამდგარი სადაზღვევო ზარალის ოდენობით „ჯიპიაი“ 66 317 981 ლარით ლიდერობს. მეორეზეა „იმედი ელი“, რომელმაც 49 312 852 ლარი აანაზღაურა. მესამე ადგილზეა „არდი“, დაფარული 30 676 313 ლარით. 

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების დაზღვევას, მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 105,423 პოლისი იყო გაყიდული. 

2021 წლის 12 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 95 947 712 ლარი აუნაზღაურა. 

ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

„ალდაგი“ – 21 391 996 ლარი; 

„თიბისი დაზღვევა“ – 21 123 320 ლარი; 

„ჯი პიაი ჰოლდინგი“ – 15 292 017 ლარი; 

„ევროინს ჯორჯია“ – 4 778 846 ლარი; 

„არდი“ – 4 346 968 ლარი.

გადაზღვევის მაჩვენებელი 2021 წელს 

კიდევ ერთი მაჩვენებელი, რასაც სადაზღვევო შედეგების განხილვისას განვიხილავთ, მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევის მოცულობაა. სწორედ აქ ჩანს სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა – რამდენად მეტ რისკს იტოვებენ თავად და მოზიდული პრემიიდან რა ნაწილის გადაზღვევას ამჯობინებენ. 2021 წელს ბოლო წლების ტენდენცია შეიცვალა და კომპანიებმა 2020 წელთან შედარებით მეტი პრემია გადააზღვიეს. 2021 წელს მოზიდული ჯამური პრემიის 27,74% გადაზღვეულია, როცა კომპანიებმა 2020 წელს მოზიდული პრემიის 21,10% ჰქონდათ გადაზღვეული. 

ბოლო წლებს თუ გავიხსენებთ, 2017 წელს მთელი მოზიდული პრემიის 51%-ზე მეტი გადაზღვეული იყო, 2018 წელს კომპანიებმა პრემიის მხოლოდ 23,09% გადააზღვიეს, 2019 წელს გადაზღვევის მაჩვენებელმა 21.80%-მდე დაიკლო. ეს დამოკიდებულება მიანიშნებდა, რომ სადაზღვევო კომპანიები სულ უფრო მეტ საკუთარ რისკს კისრულობდნენ. თუმცა, 2020 წელს აღმოჩნდა, რომ რისკის გადაზღვევის მაჩვენებელმა მოიმატა. კიდევ უფრო გაიზარდა მაჩვენებელი 2021-ში. რაც შეეხება ცალკეული კომპანიების პოლიტიკას და ტენდენციას, მონაცემები დეტალურად ასახულია ცხრილი 2-ში. 
     

დაზღვევის პოპულარული სახეობები – დაზღვევის სტრუქტურა 2021 წელს 
2021 წელს, წინა წლის მსგავსად, დაზღვევის პოპულარულ სახეობებში კვლავ პირველ ადგილზეა ჯანმრთელობის დაზღვევა. სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობა დაზღვევის ამ სახეობაზე თავის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამ მიმართულებით სადაზღვევო კომპანიებმა ჯამში 305 545 943 ლარი მოიზიდეს, რაც დაზღვევის სტრუქტურაში 39,54%-ს შეესაბამება. კიდევ უფრო მაღალია ანაზღაურების წილი. კომპანიებმა 229 779 846 ლარი აანაზღაურეს, რაც მთელი ანაზღაურებული ზარალების 52,73%-ის შესაბამისია. 

გასულ წელს დაზღვევის ყველაზე გაყიდვად სახეობებში მეორე ადგილზე აინაცვლა ავტოდაზღვევამ. 2020-ში მეორე ადგილს ქონების დაზღვევა იკავებდა. 

გასულ წელს კორონაპანდემიის გავლენა შედარებით გამოსწორდა „სამოგზაურო დაზღვევის“ პოლისების გაყიდვაში. კომპანიებმა 2019 წელს თუ 8,506,465 ლარი მოიზიდეს, 2020-ში გაყიდვებმა 3,916,391 ლარამდე დაიკლო, გასულ 2021 წელს კი 6 263 714 ლარის პოლისის გაყიდვა მოხერხდა. 

ინფორმაცია უფრო დეტალურად მოცემულია ცხრილი 3-ში. 
     

დარგის ექსპერტთა კომენტარები 

დაზღვევის წლიურ შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა. მისი თქმით, კოვიდპანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა სხვადასხვა ბიზნესზე, თუმცა, დაზღვევის სფეროს არ მიუღია ისეთი დარტყმა, როგორც ბიზნესის სხვა სახეობებმა მიიღეს. ამასთან, მართალია, მოზიდული ჯამური პრემია გაზრდილია წინა წელთან შედარებით, მაგრამ, ონოფრიშვილის თქმით, ასევე უზომოდ არის გაზრდილი ხარჯები, რამაც სადაზღვევო ბაზრის მოგების კლება გამოიწვია. „ხარჯები გაზრდილია განსაკუთრებით იმ კომპანიებში, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობენ. ხალხის ჭარბმა მიმართვამ სამედიცინო დაწესებულებებში და ხარჯების ზრდამ ისევ სადაზღვევო კომპანიების ხარჯი გაზარდა. შესაბამისად, წმინდა მოგებაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული“, – განაცხადა ონოფრიშვილმა. 

ტრადიციულად სავალდებულო დაზღვევის შემოღების მომხრეა „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან დაზღვევის ზედამხედველობა ნაყოფიერად გრძელდება. სადაზღვევო ბაზრისთვის მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ მართალია კაი ხანია პოსტსაბჭოთა ცხოვრებიდან გამოვედით, მაგრამ ჩვევა დარჩენილია. 

„დაზღვევის კულტურა არ არის. ქვეყანაში მილიონნახევარი მანქანაა რეგისტრირებული, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც არ არის სავალდებულო დაზღვევა. წლების ვცდილობთ არგუმენტირებას, მაგრამ, თავისი ნებით სულ 90 000 მანქანაა დაზღვეული“, – ამბობს ხეჩინაშვილი. 

მისი თქმით, დაზღვევის მასობრივი სახეობა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაა, სადაც 650 000 კაცია დაზღვეული და იმის შედეგია, რომ მთავრობამ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები გააკეთა. 

ხეჩინაშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა დაინტერესდეს დაზღვევის სავალდებულო სახეობების შემოსაღებად. 

„არის რიგი დაზღვევები მსოფლიოში, სადაც მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაზე პოპულარულიც კი არის. ჩვენთან მიდის მუშაობა, რომ რამდენიმე წელიწადში აქაც გაიზარდოს პოპულარობა“, – ამბობს ხეჩინაშვილი. 

ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ვთქვათ, ცხადია, სადაზღვევო ბიზნესს არ ეწყინება, თუკი მთავრობა სავალდებულო დაზღვევას შემოიღებს და კომპანიებს პოლისების გაყიდვები გაეზრდებათ. თუმცა, „იძულებით ზრუნვას“ ალბათ ისევ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან მაქსიმალურად მიმზიდველი პირობების შეთავაზება და ხალხის სწორი ინფორმირება ჯობს – ღარიბ ქვეყანაში იძულებითი ხარჯის დაკისრებას, წესით ისევ ნებაყოფლობითი დაინტერესება აჯობებს. 

თემურ იობაშვილი