ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საქართველოში სავალდებულო დაზღვევის შემოღება ახლოვდება - №6(270), 2022
რა იქნება მიზანი: სადაზღვევო ინდუსტრიის ხელშეწყობა თუ ხალხისთვის ახალი სავალდებულო ხარჯის დაკისრება?
 
საქართველოში სავალდებულო დაზღვევის შემოღებისთვის მუშაობაა დაწყებული. როგორც ცნობილი ხდება, სავალდებულო დაზღვევა სავარაუდოდ პირველ რიგში ექიმებს და ავტომფლობელებს შეეხებათ. დაზღვევის სფეროს წარმომადგენლები უკვე წლებია სავალდებულო დაზღვევის შემოღების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ ასეთი ნორმის შემოღება სადაზღვევო ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ზრდის საშუალებას მისცემს. შესაბამისად, გაიზრდება ბიზნესი და საბოლოო ჯამში ეკონომიკაც სარგებელს ნახავს. თუმცა, დღემდე სავალდებულო დაზღვევა ქვეყანაში არ არსებობს და არც ეს არის ძალიან რთული ასახსნელი. ღარიბ ქვეყანაში ახალი, დამატებითი და თანაც სავალდებულო ხარჯის შემოღება არაპოპულარული ნაბიჯი იქნება და იმის პროგნოზირებაც რთულია, რამდენად სასიკეთო იქნება ფართო მასებისთვის. 

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში თავდაპირველად ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. მუშაობა ევროკავშირის ექსპერტებისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით უკვე დაწყებულია. პროექტის მიხედვით, თუ საექიმო შეცდომის გამო პაციენტის ჯანმრთელობა ზიანის ქვეშ დგება, ის სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული, დაზარალებულს ზარალს სრულად უნაზღაურებს, მედიკოსს კი ლიცენზიის შეჩერებით ან ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგან იცავს. 

ჯანდაცვის სპეციალისტებმა აღნიშნულ ინიციატივაზე უკვე გამოთქვეს მოსაზრებები. სავარაუდოდ, დისკუსია ახლო მომავალში კიდევ უფრო გაიშლება და უფრო მეტი მოსაზრებები გახდება ცნობილი. მანამდე კი, რაც უკვე გავრცელდა, იმ კომენტარებს შევეხოთ. ჯანდაცვის სპეციალისტ ვახტანგ კალოიანს მიაჩნია, რომ სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა თავისთავად კარგი პროდუქტია, თუმცა სიტყვა „სავალდებულო“ საქართველოს რეალობაში ნაადრევად დანერგილია, რადგან სავალდებულოობამდე სადაზღვევო სექტორმა ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა საბოლოოდ ხარისხიანი დაზღვევის პროდუქტი მივიღოთ. 

როგორც კალოიანმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა, ამ ეტაპზე ის დაზღვევის მსგავსი ფორმით (სავალდებულო) დანერგვას სკეპტიკურად უყურებს. 

„პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა თავისთავად კარგი პროდუქტია, ბევრ, ძალიან მწვავე პრობლემას აგვარებს, როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისთვის, თუმცა სიტყვა სავალდებულოს ჯერ საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, სადაზღვევო კომპანიებმა კოლეგებს რეალური პროდუქტები შესთავაზონ და მათ არჩევანის საშუალება მიეცეთ, თუ რა მოცულობის და რა წესების მიხედვით მოხდება დაზღვევა“, – განმარტა კალოიანმა და მისი პრაქტიკიდან გამომდინარე მაგალითად გერმანია მოიყვანა, სადაც ექიმს არჩევანის საშუალება რამდენიმე პაკეტს შორის აქვს. 

„გერმანიაში მუშაობის დროს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა მქონდა. საქართველოში არ მაქვს და ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ შესაბამისი პაკეტი და შემოთავაზება ვერ ვნახე, რომელსაც ჩავთვლიდი, რომ მნიშვნელოვანია. გერმანიაში პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა ტიპის პაკეტებია და იქ რეალურად სამედიცინო დაწესებულებასთან კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელია, თუ ეს დაზღვევა არ გაქვს. 

არჩევანი პაკეტებს შორის ძალიან დიდია. სადაზღვევო კომპანია და კლინიკები პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას გთავაზობენ. რეალურად მის გარეშე აქტიური სამედიცინო პრაქტიკის წარმოება შეუძლებელია, რა დონის ექიმიც არ უნდა იყოს. ყველა გერმანელ ექიმს სამედიცინო პასუხისმგებლობის დაზღვევა აქვს“, – განმარტა ვახტანგ კალოიანმა. 

მისივე თქმით, სისტემაში სადაზღვევო კომპანიები აქტიურად უნდა ჩაერთონ და პირველ რიგში სწორედ მათ უნდა შექმნან მისაღები პოლისები. 

„სადაზღვევო კომპანიამ ამისი იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს და როდესაც ის გარკვეულ სახეს მიიღებს, სავალდებულოობაზე მსჯელობა ამის შემდეგ უნდა დაიწყოს“, – განაცხადა კალოიანმა.  

ექიმების პროფესიული დაზღვევის შემოღების ინიციატივაზე სკეპტიკურად არის განწყობილი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძეც. მისი თქმით, „ექიმების სავალდებულო დაზღვევის შემოღებისთვის საქართველო ჯერ მზად არ არის“. 

როგორც ჯანდაცვის საერთაშორისო სპეციალისტი, სანდრო ურუშაძე ამბობს, ექიმების პროფესიული დაზღვევა ევროპის უამრავ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია და საკმაოდ დიდი წარმატებით მოქმედებს, თუმცა, საქართველოში აღნიშნული პროექტის განხორციელება ჯერ ნაადრევია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ჯანდაცვისა და სასამართლო სისტემები ჯერ ამისთვის მზად არ არიან. ამასთანავე, პროგრამის დანერგვასა და მისი სწორად განხორციელების შესახებ, უამრავი კითხვა არსებობს, რომელიც ამ დრომდე პასუხგაუცემელია. 

„პირველი კითხვაა, როდესაც პაციენტი რეალურად გახდება ექიმის სამედიცინო შეცდომის მსხვერპლი, ვინ დადგება მის მხარეს სასამართლოზე? რამდენად არის მზად დღეს ჩვენი სამედიცინო საზოგადოება იმისთვის, რომ ღიად ვისაუბროთ შეცდომებზე, სასამართლო – იმისთვის, რომ ღიად დაადასტუროს ექიმის ბრალეულობა და საბოლოოდ პაციენტი არ დარჩეს მარტო თავის პრობლემებთან და მეორე მხარეს არ აღმოჩნდეს სასამართლოც, ექიმიც და სადაზღვევო ბიზნესიც. მეორე კითხვაა, რა ტიპის ექიმებზე გავრცელდება ეს დაზღვევა, როგორია ლიმიტები, როგორია გამონაკლისები, რა შეფასდება ექიმის გადაცდომად და რომელი ორგანო დაადგენს ამ ყოველივეს მიუკერძოებლად?! სანამ ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა, ექიმების სავალდებულო დაზღვევის პროგრამის დანერგვა წარმოუდგენელია“, – აცხადებს ურუშაძე. 

ცხადია, სავალდებულო დაზღვევის შემოღებას მიესალმება სადაზღვევო სექტორი. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია ევროკავშირის ექსპერტებისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით. როდის ამოქმედდება აღნიშნული დაზღვევა ქვეყანაში, ვადებს ხეჩინაშვილი ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ასეთი დაზღვევის ამოქმედების აუცილებლობა დღის წესრიგში დგას. 

ამასთან, ხეჩინაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებს ეს პროდუქტი აქვთ და ქვეყანაში უკვე ათასობით ექიმს აქვს ის შეძენილი. 

პროდუქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც საექიმო შეცდომის გამო პაციენტს ჯანმრთელობა უზიანდება, სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული, დაზარალებულს ზარალს უნაზღაურებს. ეს ზარალი შეიძლება იყოს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო მკურნალობა და მედიკამენტები, შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში კი მომავალში მისაღები შემოსავლის ანაზღაურება. ასევე კომპენსაცია ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, რაც ექიმის გადაცდომის შედეგად დადგა. 

„მსოფლიოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა მოდელი არსებობს. საქართველოსთვის რა მოდელი უნდა ამოქმედდეს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და ეს რთული საკითხია. მსგავსი დაზღვევის პრინციპია, პაციენტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს მომავალში მის მიერ მისაღები შემოსავლები, მკურნალობის ხარჯები, მორალური ზიანი და ა.შ. რამდენად შეესაბამებოდა ექიმის ქმედებები არსებულ გაიდლაინებს, უნდა დადგინდეს სასამართლოს ან პროფესიული გაერთიანების მიერ. ეს უკანასკნელი კი საქართველოში ძალიან გაუმართავია და ამ მიმართულებითაც ბევრი მუშაობაა საჭირო. თუმცა, როდესაც სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდება, ექიმი ბევრად დაცულად იგრძნობს თავს და პროფესიულ საქმიანობასაც უფრო სტაბილურად და ხარისხიანად გააგრძელებს~, – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი. 

რაც შეეხება სავალდებულო დაზღვევის შემოღების კიდევ ერთ მხარეს, ეს გახლავთ ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და გარკვეული თანხის გამოთავისუფლება, რასაც სახელმწიფო ადამიანების დაზღვევისთვის მიმართავს სადაზღვევო კომპანიებში. 

დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა, რომ მას მთავრობისგან ამ დრომდე არ მიუღია პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ არ შედის ძალაში სავალდებულო ავტოდაზღვევის კანონპროექტი ძალაში. 

„ეს კანონი აუცილებელია სოციალური დაცვის გასაძლიერებლად. ზიანის უნივერსალური ანაზღაურებისთვის, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წარმოიქმნება. სწორად ეს კანონი განსაზღვრავს სხვა მნიშვნელოვან ჩარჩო კანონებთან ერთად, რამდენად ცივილური და პასუხისმგებლიანია ქვეყანაში ადამიანების მიმართ მიდგომა. 

წელს ამ კანონის მიღების რაღაც ბიძგები იყო. შიდა განხილვები დაიწყო მთავრობაშიც და პარლამენტშიც, მაგრამ მერე ყველაფერი გაჩერდა. ახლა სახელმწიფო სწორედ იმ გეგმასთან არის, რომელიც ჩვენ ევროკავშირმა დაგვიდო. მთავრობა ამბობს, რომ ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ და ევროპასთან მიერთება წინ წავიწიოთ. ამ მიერთების ერთ-ერთი ნაწილია ეს კანონმდებლობაც“, – აღნიშნა მან. 

კითხვაზე, თუ რამდენით გამოათავისუფლებს სახელმწიფო ბიუჯეტს აღნიშნული კანონის მიღება, დევი ხეჩინაშვილმა თქვა, რომ დაახლოებით 30 მლნ-ით. 

„გამოათავისუფლებს იმ ნაწილში, რომელიც მაგალითად ჯანდაცვას ეხება. სხვადასხვა მონაცემებით სახელმწიფო პროგრამების ხარჯები 30 მილიონამდე შეიძლება გამოათავისუფლოს“, – ამბობს იგი. 

საინტერესოა, რომ მაისში, როცა ტურისტული ნაკადების აღდგენა დაიწყო, დღის წესრიგში დადგა აგრეთვე სავალდებულო დაზღვევის შემოღების თემა ტურისტებისთვის. ქართული სადაზღვევო სექტორი დიდი ხანია მის შემოღებას ითხოვს. 

საკითხი კოვიდ-პანდემიის პირობებშიც გააქტიურდა – იყო შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვისა და დაზღვევის სექტორის წარმომადგენლებთან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც აცხადებდა, რომ ტურისტებისთვის მინიმუმ კოვიდ-დაზღვევა სავალდებულო უნდა ყოფილიყო, რათა ტურისტების მკურნალობაზეც პასუხისმგებელი საქართველოს სახელმწიფო არ ყოფილიყო და ხარჯები ამ მიმართულებით მაინც არ გაეწია, თუმცა საკითხი ბოლომდე არ გავიდა. 

კოვიდი მილევად რეჟიმში კი არის თითქოს, თუმცა სპეციალისტები პანდემიის დასასრულზე საუბარს ჯერ ისევ უფრთხიან. ამასობაში საქართველოში ტურიზმი ნელ-ნელა ისევ აქტიურდება. ივნისის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტის დატვირთვა კოვიდ-პანდემიის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობას გაუთანაბრდა. საქართველოში შემომსვლელი ტურისტების რაოდენობა კი ნელა, მაგრამ, მაინც მატულობს და 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ნახევარს შეადგენს. 

„ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორმა კოტე სულამანიძემ სავალდებულო დაზღვევის შემოღების მნიშვნელობაზე BM.GE-სთან ისაუბრა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ბაზრის მოცულობას გაზრდის, შესაბამისად სადაზღვევო პაკეტების ფასები უფრო მეტად ადაპტირებული იქნება. 

მისივე განმარტებით, მაშინ როცა ქვეყანა ევროკავშირთან ასე ახლოს არის, მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის მიმართულებით ანალოგიური სტანდარტები გვქონდეს, რაც ევროპას აქვს. 

„სადაზღვევო კომპანიებისთვის ფასწარმოქმნის განმსაზღვრელი მოცულობაა. ანუ რაც უფრო დიდი მოცულობის არის ბაზარი, მით უფრო დაბალია პაკეტის ფასი. აქედან გამომდინარე, სავალდებულო დაზღვევის შემოღება მოცულობას გაზრდის, შესაბამისად მოხდება ფასის ადაპტირებაც. მეორე – როცა ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან, მნიშვნელოვანია დაზღვევის მიმართულებით ანალოგიური სტანდარტები გვქონდეს, რაც ევროპაშია“, – ამბობს სულამანიძე. 

„ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი ტურისტების დაზღვევის შემოღებაზეც საუბრობს. როგორც თავად აღნიშნავს, ამ მხრივ სექტორი მზად არის. 

„ტურისტების სავალდებულო დაზღვევა სახელმწიფოს მიერ იყო ინიცირებული, ამ მხრივ სექტორი მზად არის, ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ჯერ ავტომობილების სავალდებულო დაზღვევაზე უნდა გვქონდეს ფოკუსირება და მერე მოყვება ამას სხვა დაზღვევები“, – აღნიშნავს კოტე სულამანიძე. 

ეკონომისტის კომენტარი 

ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ექიმების პროფესიული სავალდებულო დაზღვევის შემოღებამ შესაძლოა სამედიცინო მომსახურების ფასი გააძვიროს. შესაბამისად, პაციენტები იძულებული გახდებიან, რომ ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართონ, როცა კრიტიკულად გადაუდებელ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. 

„საბოლოო ჯამში ისე არ გამოვიდეს, რომ ამ გზით სამედიცინო მომსახურება პაციენტებისთვის გაძვირდეს, თან იმის ფონზე, რომ საქართველოში ეს სფერო ისედაც ძალიან ძვირია. მიზანი ხომ ის არის, რომ პაციენტი იყოს მაქსიმალურად დაცული?! ამ ნაბიჯს შესაძლოა სამედიცინო მომსახურების გაძვირება მოჰყვეს, რომელიც პაციენტებს უბიძგებს იქითკენ, რომ ექიმებს ნაკლებად მიმართონ და მხოლოდ კრიტიკულ და გადაუდებელ სიტუაციებში მივიდნენ კონსულტაციაზე ან სტაციონარული მომსახურების გასაწევად. კარგად დასათვლელია, რომ ამ ნაბიჯმა ისე არ გააძვიროს სამედიცინო მომსახურება, საპირისპირო შედეგი მივიღოთ და პაციენტებს ჯანმრთელობა გაუმჯობესების ნაცვლად, გაუუარესდეთ. 

რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ პაციენტისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება. ბევრ ქვეყანაშია მიღებული, რომ ხდება სასამართლოში ჩივილი, თუ პაციენტს ან მის ახლობელს ეჭვი აქვს ექიმზე და სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით დადგება შედეგი. ექიმს საყვედური კი არ უნდა გამოუცხადონ, არამედ, თანხობრივად უნდა მოუწიოს კომპენსაციის გადახდა, თვითონ კომპანიას და კლინიკასაც. შესაბამისად, კლინიკაც დაინტერესებული იქნება, რომ კვალიფიკაციური ექიმები ჰყავდეს და პაციენტებს უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას“, – ამბობს ჯანიაშვილი. 

მისი თქმით, ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა მიასაღებია. როგორც ჯანიაშვილი ამბობს, მსგავსი დაზღვევა ევროსაბჭოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს და ეგ ნორმალური ამბავია. 

„ერთი მხრივ, ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს, ავტოავარიის დროს კი ადამიანებს აღარ მოუწევთ საკუთარი ჯიბიდან თანხის გადახდა, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სიკვდილიანობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. ალბათ, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, თუ რამდენად და როდის იქნება მიღებული, მაგრამ აუცილებლად რომ მოხდება რაღაც ეტაპზე, ამაში დარწმუნებული ვარ“, – ამბობს ჯანიაშვილი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას. 

ჩვენი მხრიდან კი, სადაზღვევო სექტორის და მთავრობის ინიციატივაზე ერთის თქმა შეგვიძლია. როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მკაცრ ვადებს არ გვიწესებს სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე, ალბათ სჯობს ხელისუფლებამ მეტი საინფორმაციო კამპანია აწარმოოს, აგრეთვე სადაზღვევო კომპანიებმა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ხალხს უფრო მისაღები სადაზღვევო პაკეტები შესთავაზონ და ნებაყოფლობით გაიზარდოს დაზღვეულთა რაოდენობაც და შესაბამისად, სადაზღვევო ბაზარიც. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს ნებაყოფლობითი დაზღვევა არ უღირთ და ამისთვის სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევას შემოიღებს, ეგ ნაბიჯი გარანტირებულ უარყოფით დატვირთვას შეიძენს. სავალდებულო საპენსიო სქემის ამოქმედებამაც იგივე გამოაჩინა, რომ ვისაც ასაკმა საშუალება მისცა, უმეტესობამ სქემა დატოვა, თავად საპენსიო ფონდში შეტანილი ფულისთვის სარგებლის დარიცხვა კი არსებული ინფლაციის პირობებში ზედმეტად საეჭვოდ გამოიყურება. ამიტომაც, სავალდებულო საპენსიო სქემის ოპონენტები მასში მხოლოდ და მხოლოდ იძულებით დამატებით გადასახადს ხედავენ და არა ხალხზე ზრუნვას საპენსიო ასაკის მიღწევისას. 

თემურ იობაშვილი