ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
საპენსიო სააგენტოს რეალური ამონაგები მხოლოდ 2,66%-ია - №1(277), 2023
"დაგროვებითი პენსიის" ამოქმედებიდან მეხუთე წელსაც კრიტიკა არ ქრება 

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ დაგროვებით საპენსიო სისტემას ოპონენტები არც კანონის დამტკიცებამდე აკლდა და არც შემდეგ მოჰკლებია. ხელფასიდან სავალდებულო საპენსიო დაზღვევის შენატანი 2%-ის ოდენობით დაქირავებულმაც ყოველთვიურად უნდა გადაიხადოს და კიდევ ერთი ამდენის გადახდა დაკისრებული აქვს დამსაქმებელსაც. მართალია, თავის მხრივ სახელმწიფოც ამატებს 2%-ს (ოღონდ, სრულად არა: სახელმწიფოს თანამონაწილეობა 2% არის 24000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე დასაქმებულებისათვის და 1% 24000 ლარიდან 60000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე დასაქმებულებისათვის) და საპენსიო დანაზოგიც უფრო მეტად იზრდება, მაგრამ იძულებითი ხარჯი არ უხარია არც დამსაქმებელს და არც დასაქმებულს. ცხადია, დაგროვებითი პენსიის შემოღების ინიციატორები ასეთი იძულების შედეგად „უზრუნველ სიბერეზე“, „ღირსეულ პენსიაზე“ და მსგავს პერსპექტივებზე მიუთითებენ ხოლმე, თუმცა, რეალობა ცოტა სხვაგვარად გამოიყურება. 4 წლის გასვლის შემდეგ საპენსიო ფონდში არცთუ მცირე თანხაა დაგროვებული და მისი სხვადასხვა პროექტებში განთავსებაც არანაკლები კრიტიკის ქვეშ არის მოქცეული, ვიდრე ზოგადად დაგროვებითი პენსიის შემოღება იყო. 

ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში, სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე აცხადებდა, რომ უკვე მე-18 თვე იყო გასული, რაც საპენსიო ფონდის თანხები საბანკო დეპოზიტებზე და საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატებში იყო განთავსებული. სურგულაძის თქმით, 2019 წლის ნოემბერში, ასეთი განთავსების გადაწყვეტილება გამართლებული იყო, რადგან ჯერ არ არსებობდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო საბჭო 2019 წლის ივნისში შეიქმნა. 2019 წლის ნოემბრიდან 18 თვის გასვლის მერეც საპენსიო ფონდის თანხების კვლავ მხოლოდ ბანკში განთავსება კანონდარღვევასაც წარმოადგენდა. 

„უნდა აღინიშნოს – იმის გამო რომ საპენსიო ფონდის 100% ჯერ კიდევ კომერციულ ბანკებში ფულადი სახსრების და დეპოზიტების სახით არის განთავსებული – ირღვევა საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, მე-12 პუნქტის "ა.ა" ქვე-ქვეპუნქტით დაწესებული 75%-იანი ლიმიტი ასეთი განთავსებისთვის“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ 2021 წლის მაისში. 
სურგულაძემ იმავე ინტერვიუში განმარტა, რომ საპენსიო ფონდის მიერ ადგილობრივ საწარმოებში ინვესტირებაც კანონდარღვევა იქნებოდა. 

„ახლახან, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის სატელევიზიო გამოსვლაში აღინიშნა, რომ განიხილავენ ადგილობრივ საწარმოებში პირდაპირ ინვესტიციებს, რაც ნიშნავს პირდაპირი წილის შეძენას ან პირდაპირ სესხის გაცემას. აქვე განვმარტავ, რომ ამას კანონის 27-ე მუხლის, მე-17 პუნქტი ცალსახად კრძალავს. თუმცა, იქვე არის ჩანაწერი, რომ ეროვნულმა ბანკმა ინვესტირებისთვის შეიძლება დაუშვას სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები. ჯერ ასეთი დაშვება ცნობილი არ არის, შესაბამისად პირდაპირი ინვესტიციები არ არის კანონით დაშვებული და, ვფიქრობთ, არც არის დასაშვები“, – განმარტა ლევან სურგულაძემ. 

დროთა განმავლობაში, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლო იყო საპენსიო სააგენტოს მოზიდული თანხით სახელმწიფო საწარმოების ინვესტირება მომხდარიყო, თუმცა, ეგეც ვერ მოხერხდა. 

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს შექმნიდან (2019 წ) 5 წლის განმავლობაში ანუ 2023 წლამდე ინვესტირება მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში შეიძლება. ასეთ პორტფელად კი მთავარმა საინვესტიციო დოკუმენტმა შემდეგი მიმართულებები განსაზღვრა – უცხოური აქციები (15%), საქართველოს სახაზინო ობლიგაციები (25%) და დეპოზიტები (60%). 2023 წლიდან კი, საპენსიო ფონდის დანაზოგების ინვესტირება შესაძლებელი იქნება საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებშიც. ამასთან, მოქალაქეებს, ვინც პენსიას აგროვებს, შეეძლებათ თვითონ განსაზღვრონ – სად ინვესტირდეს მათი თანხა – დაბალ, საშუალო თუ მაღალრისკიან პორტფელში.

ცალკე პრობლემას ქმნის მაღალი ინფლაცია, რომლის გამოც საპენსიო სააგენტოს მიმართ არაერთხელ გაჩნდა ეჭვი – რა სარგებელიც საპენსიო თანხებს ერიცხება, მაღალი ინფლაციის გამო პირიქით, დანაზოგი „მინუსებში“ მიდისო. 

საინტერესოა, რომ 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საპენსიო სააგენტომ 2022 წლის მარტში დოლარის შესყიდვა დაიწყო და მთელი პორტფელის 4.2% დოლარში იყო ინვესტირებული. იმ მომენტისთვის საპენსიო სააგენტოს აქტივების წმინდა ღირებულება 2.23 მლრდ ლარს უტოლდებოდა. ამ ქმედებასაც კრიტიკა მოჰყვა – სწორ დროს რომ შეესყიდათ დოლარი, საპენსიო ფონდის ღირებულება 100 მლნ ლარით მეტი იქნებოდაო – ესეც სურგულაძემ განაცხადა უკვე 2022 წლის აგვისტოში. 

„რაც შეეხება საპენსიო ფონდის კანონით დაშვებული 20%-ით დოლარის შესყიდვას, ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო. სამწუხაროდ დოლარი შესყიდულ იქნა ამა წლის მარტის თვეში, როდესაც მისი ღირებულება ლარში ყველაზე ძვირი 3.40 ლარის ფარგლებში იყო, ეროვნული ბანკის მონაცემებით. 2020-ის დასაწყისიდან რომ დაეწყოთ გეგმაზომიერი შესყიდვა ან თუნდაც დღეს რომ შეესყიდათ, 2.71 ლარს გადაიხდიდნენ დოლარში, 25%-ით ნაკლებს. განსხვავება დაახლოებით 100 მილიონი ლარია. ანუ, სწორ დროს რომ ყოფილიყო დოლარი შესყიდული, ახლა ფონდის ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი ლარით მეტი იქნებოდა“, – განაცხადა სურგულაძემ. 

გასული წლის დეკემბერში კი, ცნობილი გახდა, რომ საპენსიო სააგენტომ კომპანია „ნიკორას“ 35 მილიონი ლარი ასესხა. 

„სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. 

ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების დასაფინანსებლად გამოიყენებს. 

ობლიგაციები ნომინალური ღირებულების 100%-ით, სრულად განთავსდა. მათი წლიური საპროცენტო განაკვეთი კი თბილისის ბანკთაშორის 3-თვიან საპროცენტო განაკვეთს (TIBR3M) დამატებული 3.5% ით განისაზღვრა. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის BB-დონით განისაზღვრა. 

აღნიშნული ობლიგაციების ტრანზაქცია „ნიკორა ჯგუფის“ და თიბისი კაპიტალისთვის – რიგით მე-5, „ნიკორა ჯგუფის“ და გალტ & თაგარტისთვის კი, რიგით მე-2 ერთობლივი წარმატებული განთავსებაა“, – ვკითხულობთ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე. 

„ეს არის პირველი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში თანხა დავაბანდეთ კორპორაციულ ობლიგაციებში. ჩვენ საქართველოში ვყიდულობდით სახაზინოებს, საბანკო დეპოზიტებს, მიმდინარე ანგარიშებს, სუვერენულ ობლიგაციებს, ეს იყო პირველი ადგილობრივი კორპორატიული ობლიგაციები, რომლებიც შევიძინეთ. ეს არის კარგი საპენსიო ფონდისთვის, მისი საინვესტიციო დინამიკისთვის, მეორე მხრივ, კარგია ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, გარკვეული სტიმულია და სიგნალია სხვა პოტენციური ემიტენტებისთვის, რომ უფრო მეტად განიხილონ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები და გამოუშვან“, – განაცხადა საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ. 

როგორც სხვა ქმედებებსაც, ამ ოპერაციასაც გამოუჩნდნენ ოპონენტები. ეკონომისტ ოთარ აბესაძის თქმით, სააგენტოს სხვა მიმართულებით რომ განეთავსებინა სახსრები, უკეთესი იქნებოდა. 

„საპენსიო სააგენტოს თუ მაინც და მაინც სურდა, რომ საქართველოში განეხორციელებინა ინვესტირება, ეს უნდა გაეკეთებინა ენერგორესურსებზე, რაც მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადია, რითაც როგორც ეკონომიკური, ასევე სამოქალაქო საზოგადოება კმაყოფილი იქნებოდა“, – განაცხადა აბესაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას. 

მისი თქმით, როდესაც ფული მიდის სუპერმარკეტების ქსელში, რომლის რენტაბელურობა და სავაჭრო არეალი მხოლოდ ქართული ბაზარია, მისი გავრცობის და მასშტაბურობის კოეფიციენტი არ გაიზრდება. 

„როდესაც ასეთი ტიპის ობლიგაციებს ყიდულობ, აქ ჩნდება კითხვა, თუ რა ტიპის ბენეფიტი შეიძლება მიიღოს მოქალაქემ „ნიკორაში“ ინვესტირებით, რომელიც ორიენტირებულია 3,5-მილიონიან ქართულ ბაზარზე. საპენსიო ფონდი ვალდებულია, რომ ჩვენი ფული დააინვესტიროს ისეთ ქეისში და პროექტში, რომელიც არის საერთაშორისო მასშტაბის და წლიდან წლამდე არის მზარდი ეკონომიკური აქტორი, რომელიც საპენსიო ფონდს მოუტანს მეტ შემოსავალს და საპენსიო დანაზოგს მოუტანს მოქალაქეს“, – მიაჩნია აბესაძეს. 

"მივიღეთ ის, რომ დღეს ინვესტიციები, ჩემი თვალთახედვით, არასწორად არის ინვესტირებული. „ნიკორა“ ჩემთვის არის ბიზნეს ქეისი, რომელიც ორიენტირებულია ქართულ ბაზარზე და 3,5 მილიონ ადამიანზე, ის არ არის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ქმნის საერთაშორისო ეკონომიკას და მისი ეკონომიკური შემოსავლები, საერთაშორისო ბაზრიდან გამომდინარე, არ არის მზარდი. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ზღვარი დაჭერილი აქვს და მოქალაქეების საპენსიო ფონდის ინვესტირება რამდენად გრძელვადიან შედეგს მოუტანს ადამიანს 30-40 წელში, თავად განსაზღვროს“, – აღნიშნა ოთარ აბესაძემ. 

ეს არის რეპუტაციული ზიანი – ასე გამოეხმაურა ბიზნეს-კონსულტანტი ლევან კობერიძე საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებას. 

„ეს არის საინვესტიციო ფონდი, სადაც თანხები აკუმულირდება. საინვესტიციო ფონდი და მათ შორის საპენსიო ფონდი უნდა იქცეოდეს ძალიან ფრთხილად, რადგანაც მისთვის მოსახლეობის მიერ მინდობილი ფული იყოს მაქსიმალურად დაცულად განთავსებული სხვადასხვა თემებში“, – განაცხადა „კომერსანტის“ ეთერში ლევან კობერიძემ. 

მისი თქმით, სხვა საინვესტიციო ფონდებისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს კერძო თუ სახელმწიფო, საპენსიო ფონდი არის გრძელვადიანად პასუხისმგებელი მოსახლეობის წინაშე და ამიტომ ნებისმიერი რყევა, ნებისმიერი სარისკო გადაწყვეტილების მიღება, მეტი მოგების თვალსაზრისით, ფაქტობრივად არყევს მის რეპუტაციას და მდგრადობას უქმნის საფრთხეს. 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაზე როდესაც ვსაუბრობთ, BB რეიტინგის მქონე ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ეს ტრანზაქცია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ეჭვქვეშ აყენებს სანდოობას, გრძელვადიანი თვალსაზრისით, შეძლებს თუ არა საპენსიო ფონდი განთავსებული აქტივის უკან მოგებით დაბრუნებას. 

ეს არის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ რეპუტაციულ ზიანს აყენებს, სანდოობის თვალსაზრისით დიდ საფრთხეს უქმნის საპენსიო ფონდს. ჩემთვის გაუგებარია, რით მოხიბლა „ნიკორას“ მენეჯმენტმა, ან „ნიკორამ“, რომ მათ მოახერხეს ამ აქტივის მოზიდვა", – განაცხადა ლევან კობერიძემ. 

„ნიკორაში“ ინვესტირების შემდეგ მთავრობისგან კიდევ ერთი შესაძლო მიმართულებით ინვესტირებაზე გააკეთეს განცხადება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ სტუმრობისას განაცხადა, შესაძლებელია განხილული იყოს საპენსიო ფონდის თანხების ნაწილობრივი გამოყენება გრძელვადიანი პროექტებისთვის. მათ შორის დასახელდა „ხუდონჰესის“ პროექტის შესაძლო დაფინანსებაც. ლევან დავითაშვილმა აგრეთვე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაშიც შესაძლებლად მიიჩნია საპენსიო ფონდიდან ინვესტირება. მინისტრს თქმით, იანვარ-თებერვალში ინტერესთა გამოხატვის შედეგად პოტენციური პარტნიორი ინვესტორების შერჩევაც დაიწყება, ვინც პორტის მშენებლობას გადაწყვეტს. 

„ჩვენ გრძელვადიან სტრატეგიულ პროექტებში ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ გრძელვადიან დანაზოგებს, რომელიც იგივე საპენსიო ფონდიდან შეიძლება მომდინარეობდეს და კომბინაციაში ჩვენ ამ ფინანსების მობილიზებას უპრობლემოდ შევძლებთ. ესეც შეფასებული გვაქვს. თანხა შესაძლოა, რომ საპენსიო ფონდიდანაც გამოვიყენოთ, ზუსტად ეს არის მიზანი, ამ როლსაც ასრულებს ეკონომიკაში ეს ფონდი“, – განაცხადა დავითაშვილმა. 

ამ ინიციატივასაც კრიტიკა მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ სახელმწიფო საწარმოებში საპენსიო ფონდის სახსრების შესაძლო ინვესტირებას მავნებლობა უწოდა. 

„მთავრობის განცხადება, რომ ანაკლიის ასაშენებლად გამოიყენებენ საპენსიო ფონდის ფულს, არის მავნებლობა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები რა მდგომარეობაშია, ყველას კარგად მოეხსენება. სულაც იდეალურადაც რომ წარიმართოს ანაკლიის ბიზნესი (რაც სახელმწიფოს ხელში საეჭვოა), მსგავსი პროექტები, ისევე როგორც მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, ორიენტირებული არიან დანახარჯების ხანგრძლივ პერიოდში ამოღებაზე. დივიდენდის განაწილება ანუ საპენსიო ფონდის ფულზე პროცენტების დარიცხვა შეიძლება ორი ათეული წლის შემდეგ მოხდეს ან სულაც არ მოხდეს. ამ ხნის განმავლობაში ფონდი და შესაბამისად პენსიონერები კარგავენ კოლოსურ შემოსავალს. ესაა როგორც რისკები, ასევე ფულის მოცდენა. 

მთავრობა ხვდება, რომ ანაკლიის პროექტში ვერც ინვესტორს მოიძიებს და ვერც სესხის აღებას მოახერხებს და მიადგა პენსიონერების დანაზოგებს, რომელიც ისედაც შეუჭამა ინფლაციამ. საპენსიო ფონდის შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავს სახელმწიფო საწარმოებში ფონდის სახსრების ჩადებას, რათა დაცული იქნას პენსიონერები არაკომპეტენტური ჩინოვნიკების ხუშტურებისაგან, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში და ხვალ არა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე და ანაკლიის პორტი პროექტში შესაძლო ინვესტირება კანონდარღვევად მიიჩნია. 

სურგულაძემ განაცხადა, რომ კანონის მიხედვით სააგენტოს თანხების მიმართვა შესაძლებელია მხოლოდ ფასიან ქაღალდებში და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დანაზოგი ანაკლიის პორტის პროექტს მოხმარდეს, კანონის ძალით შეუძლებელია, ვინაიდან ანაკლიის პორტი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტია, მაგრამ „სტარტაპია“ და მას არანაირი ფულადი შემოსავალი არ აქვს. 

ანაკლიის პროექტში საპენსიო ფონდის რესურსის ინვესტირებას გამოეხმაურა ფინანსისტი მიხეილ კუკავა, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას სარისკოდ მიიჩნევს. 

„სერიოზულ რისკებს შეიცავს, მით უმეტეს ისეთ მაღალრისკიან პროექტში, როგორიც არის ანაკლიის პორტი. თუმცა, ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი, ნებისმიერი სხვა პროექტი, არის ის, რასაც აფინანსებენ ბანკები. საპენსიო აქტივების მმართველები არ იღებენ ბანკების პასუხისმგებლობას. ამდენად, ეს არის მიუღებელი, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირება მოხდეს იმგვარ პროექტებში, რომლებსაც არ გააჩნიათ არა თუ მოგების, ზოგიერთ შემთხვევაში შემოსავლის გენერირების მკაფიო ხედვაც კი“, – განაცხადა მიხეილ კუკავამ. 

„საპენსიო ფონდის ნებისმიერი ინვესტიცია უკავშირდება რისკებს. „ურისკო პორტფელშიც“ ინვესტირებაც გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული.  ჩემი აზრით, რაც უფრო გაიზრდება საპენსიო სააგენტოს მანდატი, მით უფრო დივერსიფიცირებული იქნება მისი პორტფელი და უფრო შემცირდება ჯამურად რისკი, თუმცა, თითოეული აქტივების, თითოეული ინვესტიცია და ტრანზაქცია უნდა იყოს შეფასებული. მსგავს პროექტებში ინვესტირება ჩემი აზრით, კარგ დივერსიფიცირებას მისცემს საპენსიო სააგენტოს. შესაძლოა უფრო მაღალი ამონაგების მიღების შესაძლებლობა გვქონდეს. რა თქმა უნდა, არ არსებობს ურისკო პროექტი“, – ეს უკვე ირაკლი ელაშვილის, „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველი პარტნიორის პოზიციაა, რომელიც „ბიემჯიმ“ გაავრცელა. 

სანამ საპენსიო ფონდის სახსრების განთავსებაზე კამათობენ, სანამ ოპონენტები ზოგადად იძულებით საპენსიო დაზღვევის შენატანებს აპროტესტებენ და სავალდებულო სქემის გაუქმებას ითხოვენ, საპენსიო აქტივების მოცულობა თანდათანობით იზრდება. 13 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.05 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 460 მილიონი ლარია. ამ დროისთვის ფონდის მონაწილეთა რაოდენობა 1.195 მლნ პირია. 

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის იანვრის ჩათვლით 41.85%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.66% შეადგინა. 

აქვე კი, არცთუ სასიამოვნო ინფორმაცია სავალდებულო საპენსიო სქემის მომხრეებისთვის – გასული 2022 წელი დანიის საპენსიო ფონდმა 8.2 მილიარდი დოლარის ზარალით დაასრულა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აღმოჩნდა. კოპენჰაგენში დაფუძნებული სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულება გასული წლის განმავლობაში 28%-ით შემცირდა, რაც გლობალური საფონდო ბირჟების ვარდნით იყო განპირობებული. საპენსიო ფონდის დირექტორი კი ირწმუნება და ხალხს ამშვიდებს, სანერვიულო არაფერი გაქვთო, მაგრამ ორიოდე წლის წინ ნორვეგიის უმსხვილესი საპენსიო ფონდი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბითაც უდიდესია – ზარალზე წავიდა. გასაგებია, ნორვეგიის ეკონომიკა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს და ეს მაჩვენებელი 78 000 დოლარს აღწევს, შესაძლოა თავს უფლებას აძლევდეს მსგავს რისკზე წავიდეს, საპენსიო ფონდში ფული განათავსოს და შემდეგ, თუ ფონდი გაკოტრდება, ამით ცალკეული ნორვეგიელის ცხოვრება არ დაინგრეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, მშპ-ის მიხედვით მსოფლიოში მე-13 ადგილზე მყოფ დანიაზეც, მაგრამ, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ისეთი პროექტები, რომელში მონაწილეობაც სავალდებულოა, თანაც, ამოქმედების დღიდან დღემდე მის გადაწყვეტილებებს კრიტიკა არ აკლია და საბოლოო ანგარიშის მიხედვით, ჯამში მხოლოდ 2.66%-იან სარგებელს ითვლის, ალბათ დიდად აუცილებელი არ არის. დღეს წაართვა ფული დაბალშემოსავლიან ადამიანს და საპენსიო ასაკის მიღწევისას „ღირსეულ პენსიას“ დაჰპირდე, დღევანდელი ინფლაციის პირობებში მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურება. 

თემურ იობაშვილი