ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საქართველოში
დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე საპენსიო დაზღვევას საკმაოდ მცირე ნაწილი უჭირავს. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის 2007 წლის მონაცემების მიხედვით, საპენსიო დაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი 2,45%-ს არ აღემატება. სიტუაცია არსებითად არც 2008 წელს შეცვლილა.

ექსპერტების თქმით, მთლიან დაზღვევაში ასეთი მცირე წილი საპენსიო დაზღვევას რამდენიმე მიზეზის გამო უჭირავს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ დაზღვევის სახეობებში მნიშვნელოვან წილს ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში ტრადიციულად ჯანმრთელობის და ქონების დაზღვევა იკავებს. როგორც სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე ამბობს: "ჯანმრთელობის დაზღვევა დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გამოა ყველაზე პოპულარული. ხოლო როდესაც ქვეყანაში საშუალო შეძლების ფენა გაიზრდება, მაშინ დაზღვევის სხვა პროდუქტების პოპულარობაც მოიმატებს".
 
საპენსიო დაზღვევის ნაკლებად განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ექსპერტთა შეფასებით, არის დღევანდელი საპენსო დაზღვევის სქემის ნაკლებად მიმზიდველობა.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში მიაჩნიათ, რომ საპენსიო დაზღვევის სქემაში მონაწილის მიერ შეტანილი თანხა არ შეიძლება ისევე იბეგრებოდეს, როგორც ვთქვათ, ხელფასი ან სხვა შემოსავალი, რომელსაც ადამინი გასამრჯელოს სახით იღებს. ამიტომ თითქმის არ აქვს აზრი, ადამიანი საპენსიო სქემაში მიიღებს მონაწილეობას თუ მაგალითად, ბანკში ანაბარზე რეგულარულად შეიტანს განსაზღვრულ თანხას.

ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ დღეს არსებული საპენსიო სქემა არის ძალიან განუვითარებელი. საპენსიო დაზღვვევის ძირითადი მოტივია, ადამიანმა საპენსიო ასაკის დადგომამდე რეგულარულად გადადოს გარკვეული თანხა, რათა პენსიაში გასვლისას ჰქონდეს ღირსეული და უზრუნველყოფილი სიბერე. ვთქვათ, 30 წლის ადამიანი, რომელიც მუშაობს, 35 წლის გამავლობაში აგროვებს ფულს, დებს გრძელვადიან ფულს საინვესტიციო ორგანიზაციაში, ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიაში და ეს ფული ხმარდება ქვეყნის შიდა რესურსის შექმნას. შემდეგ ეს სადაზღვევო კომპანია მიდის, აბანდებს ფულს ან ბანკში, ან სხვა პროექტში სახელმწიფოს მიერვე დადგენილი წესით და იქმნება ქვეყნის შიდა რესურსი. "ამიტომ, ლოგიკურია, 30 წლის ადამიანი ითხოვდეს და ჰქონდეს შეღავათი. ის ფული, რომელსაც საპენსიო ფონდში მიმართავს, არ უნდა დაებეგროს. სხვა შემთხვევაში, ადამიანი რომელიც იღებს ხელფასს, რაც უკვე დაბეგრილია, იმ ფულიდან საპენსიო ფონდში შეტანას აზრი არა აქვს. გინდა საპენსიო სქემაში შეიტანეთ, გინდაც საბანკო დეპოზიტზე დადეთ, სულ ერთია".

ნიკოლაძის თქმით, როდესაც ადამიანი საპენსიო ფონდში ფულს მიმართავს, მაგალითად, ხელფასის 10% ს, ეს თანხა უნდა განთავსდეს ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე.

"მაგალითად, ხელფასი თუ გაქვთ 100 ლარი, ხელზე აიღებთ 75 ლარს. მაგრამ, თუ სახელმწიფო გეტყვით, რომ შეგიძლიათ 100 ლარიდან გარკვეული თანხა დაბეგვრის გარეშე მიმართოთ საპენსიო ფონდშიო, ამით თქვენც მოიგებთ და სახელმწიფოც.

ამავე დროს, როგორც წესი, ასეთი ფულის შეტანის დროს საპენსიო დაზღვევა კომბინირებული არის ხოლმე სიცოცხლის დაზღვევასთან. თუ რაიმე მიზეზით ადამიანი ვერ მიაღწევს საპენსიო ასაკამდე, მისი მემკვიდრე მიიღებს ბევრად დიდ თანხას, ვიდრე რაც შეიტანა ფონდში ამ ადამიანმა".

"იმედი L"-ში მიაჩნიათ, რომ ბანკში შეტანილ თანხასთან შედარებით საპენსიო ფონდში ფულის მიმართვას უპირატესობა აქვს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაუბეგრავად შეიტანს ფულს და ამ შეტანილ ფულს შეიძლება ისევე დაერიცხოს პროცენტი, როგორც ბანკში. მეორე სტიმული ის არის, რომ საპენსიო ფონდში მონაწილეობის დროს პარალელურად ხდება სიცოცხლის დაზღვევა.

ნიკოლაძე ამბობს, რომ თავად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული საპენსიო ფონდში რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოსაზიდად. საპენსიო ფონდები სახელმწიფოში შექმნიან შიდა რესურსს სახელწიფოსთვის. მაგალითად, საქართველოში თუ მუშაობს მილიონი ადამიანი, თითოეულმა ადამიანმა 20 ლარი რომ შეინახოს ყოველთვიურად თავის საპენსიო დანაზოგში, 20 მილიონი ლარი ყოველთვე დაემატება ქვეყნის შიდა რესურსს. ეს არის 240 მილიონი ლარი წელიწადში, 10 წლის განმავლობაში - 2 მილიარდ 400 მილიონი. ეს ფული მთლიანად მოხმარდება შიდა რესურსს.

ექსპერტების ვარაუდით, ასეთი გრძელვადიანი რესურსი ბანკისთვის სანატრელია. ბანკმა რომ 35 წლით მიიღოს ანაბარი, იქნება ბედნიერი: ჩადებს რეალურ პროექტებში. ანუ, ასეთი ფულით გრძელვადიანად დააფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, რაც ბანკს შემოსავალს მოუტანს. შესაბამისად, რაც მეტი ადამიანი იქნება საპენსიო ფონდებში გაწევრებული, მით უკეთესად იმუშავებს საპენსიო სქემა. პროცესი მუდმივ მოძრაობას იწყებს – სქემაში ახალი დაზღვეულები შემოდიან, შემოაქვთ ახალი ფული და ხდება ადრე დაზღვეულების დაკმაყოფილება. უკვე აღარ არის აუცილებელი კონკრეტული ფულის მიღება კონკრეტულად დაბანდებული პროექტიდან. შემოსავლები იზრდება და ხდება დაფარვები. თუმცა, ეს სქემა არ არის ფინანსური პირამიდა.
ლაშა ნიკოლაძის თქმით, საპენსიო დაზღვევა არ არის მაღალრისკიანი, რადგან სხვა დაზღვევის სახეობებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში რისკი გადანაწილებულია.

"მაგალითად, სასტუმრო "შერატონი" დაზღვეული მაქვს 100 მილიონად. ღმერთმა ნუ ქნას, მოხდა მიწისძვრა და დაიშალა. 100 მილიონი ფული მექნება გადასახდელი. საპენსიო დაზღვევაში კი, 100 მილიონი არის მილიონობით ადამიანზე გადანაწილებული. საპენსიო დაზღვევაში ერთმანეთს დააბალანსებს ეს მილიონი ადამიანი, რაც კარგია დაზღვევისთვის. ერთადერთი, რაზეც არის დამოკიდებული საპენსიო სქემის განვითარება, ეს არის სწორი სახელმწიფო მართვა, სადაზღვევო კომპანიის სწორი საინვესტიციო პოლიტიკა და სწორი რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან".
 
"იმედი L"-ში ამბობენ, რომ სახელმწიფოსთან კავშირში უნდა იყოს მხოლოდ შეღავათი. მათი თქმით, სანამ "ვარდების რევოლუცია" მოხდებოდა, იყო საგადასახადო შეღავათი 6 თვე; ახალმა მთავრობამ შეცვალა კოდექსი და შეღავათი აღარ არის გათვალისწინებული.

"შესაბამისად, საპენსიო სქემა განვითარებული აქვს მხოლოდ სამ კომპანიას: "ალდაგი ბისიაი"-ს, ანუ კერძოდ "საქართველოს ბანკის" ყველა თანამშრომელი იძულების წესით ჰყავთ საპენსიო დაზღვევაში შეყვანილი. "ჯიპიაი ჰოლდინგში" არის "თიბისი ბანკის" ხალხი და ეროვნული ბანკის ყველა თანამშრომელს იძულებით აქვს ეროვნული ბანკის საპენსიო სქემა. დანარჩენ სადაზღვევო კომპანიებს, მათ შორის ჩვენც – ეს პროდუქტი არ გვაქვს განვითარებული. არავის ვაიძულებთ და თვითონ ადამიანებს კი არ გააჩნიათ არანაირი სტიმული. რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მე ფულს შინ დავდებ, ბანკში წავიღებ თუ ძმაკაცს ვასესხებ, როდესაც ეს ფული უკვე ბოლომდეა დაბეგრილი".

"ალდაგი ბისიაი"

"ალდაგი ბისიაის" საპენსიო სქემის მენეჯერი გიორგი ტატიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, საშემოსავლო გადასახადი რომ მოხსნილი იყოს და არ იყოს დამატებით 25%-ის გადახდა სავალდებულო, ეს გამოიწვევს საპენსიო ფონდის ბუმს.

"ის რომ, საპენსიო ფონდში თანხა დაბეგვრის გარეშე მოხვდეს, ეს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საკმაოდ დიდ ვალდებულებას მოიშორებს და უფრო დიდ სარგებელს მოუტანს როგორც სახელმწიფოს, ასევე ფიზიკურ პირს, რომელიც საპენსიო სქემის მონაწილე იქნება. მისი ხელფასის რაღაც პროცენტი, რომელიც წავა საპენსიო ფონდში და აღარ იქნება მიმართული სახელმწიფოს სოციალურ ფონდში, გამოიწვევს უფრო დიდ ეფექტს ყველასთვის".

გიორგი ტატიშვილის თქმით, ეს გამოიწვევს ძალიან დიდ მატერიალურ ეფექტს. გაცილებით უფრო დიდ თანხებზე იქნება საუბარი, ვიდრე მაგალითად, 37 ლარია თუ 70 ლარი დღევანდელი პენსიის სახით.

"ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, რომ მათი საპენსიო სქემის მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი თანხა, საპენსიო ასაკის მიღწევამდე 1 წლით ადრე. მოთხოვნილ თანხას მიიღებს დარიცხულ პროცენტთან ერთად. ამ შემთხვევაში კლიენტი არც საკომისიოს გადაიხდის და არც ჯარიმა დაეკისრება.
ექსპერტების თქმით, ვადიან ანაბარსა და საპენსიო ფონდს შორის ის სხვაობაა, რომ ვადიანი ანაბარი არის საკმაოდ ჩარჩოებში შემოსაზღვრული. როდესაც პიროვნება ბანკში ხსნის ანაბარს, მაგ შემთხვევაში ის ფული მიმართულია ძირითადად ერთი მიმართულებით: კლიენტს შეაქვს ანაბარზე და ბანკი გაასესხებს კრედიტით. ეს არის ბანკის მოგება. საპენსიო ფონდი ნორმალურ ქვეყნებში უფრო მეტი პროცენტული მომგებიანობით გამოირჩევა. მიზეზი ის გახლავთ, რომ საპენსიო ფონდის ფულადი რესურსები არის ბევრად უფრო დივერსიფიცირებული, ესეც კანონით არის განსაზღვრული, თუ რომელ აქციებში, როგორი ტიპის ობლიგაციებში, სახაზინო ვალდებულებებში და ა.შ. შეუძლია მიმართოს საპენსიო ფონდმა მის ხელთ არსებული რესურსი.

"ალდაგი ბისიაის" საპენსიო სქემის მენეჯერი გიორგი ტატიშვილი აცახდებს, რომ მათი კომპანიის რესურსი მიმართულია "თელიანი ველის" აქციებში, ასევე საქართველოში მოქმედი სხვა ცნობილი საწარმოების აქციებში. ტატიშვილის თქმით, ფლობენ ასევე უცხოური კომპანიების გამოშვებული აქციებს. ეს არის HSBC, რაიფაიზენბანკი და ასე შემდეგ.

"გვაქვს სხვადასხვა ფინანსური და არაფინანსური ორგანიზაციების, ასევე გვქონდა პროკრედიტბანკის ობლიგაციები 13-თვიანი პერიოდის, 15%-იანი მოგებით. ანუ, საპენსიო ფონდის აქტივი არ არის ჩარჩოში",  - ამბობს ტატიშვილი.

რადგან "ალდაგი ბისიაი" შედის "საქართველოს ბანკის" ფინანსურ ჯგუფში, ამიტომ კანონმდებლობა "ალდაგი ბისიაის" უკრძალავს "საქართველოს ბანკის" აქციების ყიდვას. სხვა კერძო თუ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობას კი სადაზღვევო კომპანია აწარმოებს.

"ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, რომ, მათ კომპანიაში არის საინვესტიციო კომიტეტი, რომელიც უშუალოდ ამ ფულადი რესურსის დივერსიფიცირებაზე მუშაობს. ანუ, მათი კონსულტაციების გადაწყვეტილების მიღებით ხდება სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების შეძენა "ალდაგი ბისიაის" საპენსიო ფონდის მიერ, რათა მოგება დაერიცხოს.

გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ მათ საპენსიო სქემაში ძირითადი კლიენტი დაახლოებით 6100 ადამიანია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის გაერო, "ვორლდ ვიჟენი", საფრანგეთის საელჩო, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო... ასევე, არადიპლომატიური ორგანიზაციები: "კვარციტი" და სხვა საწარმოებიც.

ტატიშვილის თქმით, საპენსიო დაზღვევას ხშირად ის ორგანიზაციები ყიდულობენ, რომლებიც ისედაც არიან "ალდაგი ბისიაის" კლიენტები, თუმცა, მხოლოდ ამის გამოც არ ხდებიან საპენსიო დაზღვევის შემძენები.

"ნაწილობრივ, ეგეც არის. თუმცა, არის ისეთი ორგანიზაციებიც, ვინც "ალდაგი ბისიაისგან" მხოლოდ საპენსიო დაზღვევას ყიდულობს. ეს არის გაერო. მათ მხოლოდ ერთი სადაზღვევო პროდუქტი – საპენსიო ფონდი აქვთ ჩვენთან დაზღვეული", - ამბობს ტატიშვილი.

ისეთი ადამიანების რაოდენობა, ვისაც "საქართველოს ბანკის" ფინანსურ ჯგუფთან თანამშრომლობა არ აკავშირებს და აქვთ "ალდაგი ბისიაის" საპენსიო დაზღვევა, დაახლოებით ასორმოცდაათია. უცხო ადამიანი თუ ისურვებს "ალდაგი ბისიაის" საპენსიო დაზღვევას, მოუწევს მარტივი ორგვერდიანი აპლიკაციის ფორმის შევსება. აპლიკაციაზე არის პიროვნების რეკვიზიტები, სხვადასხვა უნიკალური პირადობის ნომერი, იმ საკონტაქტო პიროვნებების ჩამონათვალი, რომელიც, ღმერთმა დაიფაროს და თუ გარდაიცვლება საპენსიო ფონდში დაზღვეული პიროვნება, იქნება მისი მემკვიდრე.

"ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, რომ საპენსიო ფონდში თანხის შეტანისას არ არის დაწესებული მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. შესაძლებელია, თვეში 5, 10, ან რამდენიც სურს, ის თანხა შეიტანოს. ასევე, პიროვნებას თუ არ აქვს რომელიმე თვეში საშუალება, შეუძლია ნაკლები თანხა გადაიხადოს. ეს თანხა იკრიბება და ერიცხება პროცენტული სარგებელი. შემდეგ უკვე პიროვნება გადაწყვეტს, განაგრძოს თუ არა საპენსიო ფონდთან ურთიერთობა.

მაგალითად, თუ ადამიანი 10 წლის მანძილზე საპენსიო ფონდში მონაწილეობს და ამ დროის შემდეგ გადაწყვიტა სხვა სადაზღვევო კომპანიაში გადასვლა, "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, რომ კლიენტის გადაწყვეტილება უპრობლემოდ შესრულდება.

"პიროვნებას ნებისმიერ დროს, სანამ საპენსიო ასაკის მიღწევამდე 1 წელი დააკლდება, შეუძლია ის თანხა, რომელიც აქვს საპენსიო ფონდში, თავის საპროცენტო დანამატით გამოიტანოს ყოველგვარი საკომისიოს და პირგასამტეხლოს გარეშე. თანხას მიიღებს გადარიცხვით. მაგრამ, როდესაც ის მიაღწევს საპენსიო ასაკს, მაგ შემთხვევაში მთლიანად თანხის გამოტანის უფლება აღარ აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ქვესახეობის პენსია – ეს არის ერთჯერადი პენსია. ეს გულისხმობს, რომ საპენსიო ანგარიშზე რა თანხაც აქვს, მაქსიმუმ იმ თანხის 30%-ს გამოიტანს ერთჯერადად. დანარჩენი 70%-ით განაგრძობს საპენსიო ფონდთან თანამშრომლობას და პენსიის სახით მიიღებს გარდაცვალებამდე", - ამბობს ტატიშვილი.

"ალდაგი ბისიაის" აქვს 2 ძირითადი სახეობის პენსია: 1) გარდაცვალებამდე, ანუ მუდმივი პენსია; და 2) ვადიანი პენსია. ვადიანი პენსია გულისხმობს, რომ კლიენტი პენსიაზე გასვლიდან გარკვეულ ვადას აირჩევს. მინიმალური ვადა "ალდაგი ბისიაიში" არის 5 წელი. მაქსიმალური ზღვარი უვადოა. თუ კლიენტმა მაგალითად, 8 წელი დააფიქსირა, მაშინ 65 წლის შემდეგ ყოველთვიურად ან იმ პერიოდულობით, რასაც კლიენტი აირჩევს, 8 წლის განმავლობაში მიიღებს შესაბამის თანხას, რომელიც იქნება მის ანგარიშზე პროცენტულ დანამატთან ერთად.

დაზღვევის სხვა სახეობებისაგან განსხვავებით, საპენსიო დაზღვევას კლასიკური მოზიდული ჯამური პრემია და ანაზღაურებული ზარალი არ აქვს. პირობითად, მოზიდული ჯამური პრემია არის ფონდში არსებული აქტივი და ანაზღაურებული ზარალი კი გაცემული თანხაა.

"ალდაგი ბისიაის" ჯერჯერობით პენსიონერი არ ჰყავს, ვინაიდან სულ 3 წელია, რაც საპენსიო ფონდი არსებობს. 5-6 წლის შემდეგ პირველ პენსიონერს ელოდებიან. გიორგი ტატიშვილის თქმით, დღევანდელი მონაცემებით საპენსიო ფონდში არის მილიონ ცხრაასი ათას ლარამდე, გატანილი თანხა კი დაახლოებით 200 ათასი ლარია.

მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ "ალდაგი ბისიაის" საპენსიო სქემაში ძირითადად "საქართველოს ბანკის" ფინანსურ ჯგუფში დასაქმებული ადამიანები მონაწილეობენ, გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ ასეთი ადამიანები დაახლოებით 70%-ია საპენსიო სქემის მონაწილეთა შორის. დანარჩენი კლიენტები კი "გარედან შემოსულები" არიან.

როგორც ჩვენ გავარკვიეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის საპენსიო სქემაში მონაწილე ადამიანების მაღალი რიცხვი გამოწვეულია იმით, რომ მასში ეროვნული ბანკის ყველა თანამშრომელი გაწევრებულია.

ზოგადად, მთლიანად, საპენსიო დაზღვევაში მონაწილე ადამიანთა მცირე რიცხვი კი, გიორგი ტატიშვილის აზრით, გამოწვეულია პროდუქტის მიმართ ნაკლები ნდობის გამო, გამოცდილების უქონლობიდან გამომდინარე.

"ჯიპიაი ჰოლდინგი"

"საქართველოს სადაზღვევო და საპენსიო ჰოლდინგი" ("ჯიპიაი ჰოლდინგი") საპენსიო დაზღვევის ლიდერია. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგი" შეიქმნა 2001 წელს როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი – შესაბამისად კომპანიისთვის პრიორიტეტულია დაზღვევის ამ სფეროს განვითარება. ამჟამად "ჯიპიაი"-ს საპენსიო სქემაში 10 000-მდე წევრია, ხოლო ფონდის მოცულობა 2 000 000 ლარს აღწევს. წევრთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება წლების განმავლობაში, რასაც ქვემოთმოყვანილი ცხრილი მოწმობს:

"საპენსიო სქემის წევრს შეუძლია მცირე თანხებით დაიწყოს დაგროვება პერსონალურ ანგარიშზე, რათა საპენსიო ასაკის მიღწევისას სოლიდური თანხა დაუგროვდეს. საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოტანა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა ძირითადი აზრი, ცხადია, საკუთარი საპენსიო  ფონდის შექმნაა – რაც უფრო მეტი ხანი აგროვებ თანხას, მით მეტი სარგებელი ერიცხება და შესაბამისად, მეტი თანხა გროვდება ანგარიშზე. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, თუ შეგროვება 35 წლის ასაკში დავიწყეთ და ყოველთვიურად 25 ლარს შევიტანთ, საპენსიო ასაკის მიღწევისას სულ 9 000 ლარი გვექნება შეტანილი, ხოლო დაგროვილი ფონდი 39 850 ლარს მიაღწევს, რითაც "ჯიპიაი ჰოლდინგი" იღებს ვალდებულებას, სიცოცხლის ბოლომდე 410 ლარი გადაგიხადოთ ყოველთვიურად. საპენსიო სქემაში ბევრი ვარიანტია შესაძლებელი – ასე რომ ჩვენი პროფესიონალური კონსულტანტები, სურვილის შემთხვევაში, მზად არიან მოგაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია. ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ჩვენს ვებ-გვერდზე www.gpih.ge ან ცხელ ხაზზე 505 111", - ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა "ჯიპიაი ჰოლდინგმა".

როგორც "ჯიპიაის" ვებ-გვერდზეა მითითებული, საპენსიო ფონდში შეტანილი ყოველი 1 ლარი უდრის 3 ლარს საპენსიო ასაკის მიღწევისას. თანაც, ამ თანხას საპროცენტო სარგებელიც ერიცხება და პირადი საპენსიო ფონდიც მნიშვნელოვნად იზრდება. კლიენტმა 3 საპენსიო პოლისიდან ერთ-ერთი უნდა ამოირჩიოს. მინიმალური შენატანი 10 ლარია.

"ჯიპიაი ჰოლდინგის" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით რამდენიმე ელემენტზეა ყურადღება გამახვილებული:

საპენსიო სქემის ძირითადი ელემენტები

• კლიენტი იქმნის საკუთარ საპენსიო ფონდს, რომელსაც თავადვე გააკონტროლებს;

• კლიენტისთვის გახსნიან მის პირად საპენსიო ანგარიშს, სადაც დაგროვება მიმდინარეობს კლიენტის მიერ ამორჩეულ ვალუტაში, ლარში ან დოლარში;

• საპენსიო ფონდი მუდმივად მუშაობს და ერიცხება სარგებელი ყოველკვარტლურად;

• საპენსიო ასაკისათვის არსებობს საპენსიო დანაგროვი, რომელიც კლიენტს საშუალებას აძლევს მიიღოს მაღალი პენსია.

შენატანის მინიმალური ოდენობა

შენატანის მინიმალური ოდენობა შეადგენს 10 ლარს, შენატანების განხორციელება ხდება ნებისმიერი პერიოდულობით, ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად ან ყოველწლიურად.

პენსიის ტიპი

საპენსიო ასაკისათვის შესაძლებელია დაინიშნოს პენსიის ერთ-ერთი ტიპი:

• ვადიანი პენსია: 5-დან 10 წლამდე;

• უვადო პენსია: სიცოცხლის ბოლომდე.

საპენსიო დანაგროვის გატანა

საჭიროების შემთხვევაში კლიენტს შეუძლია საპენსიო ასაკამდე ნებისმიერ დროს გაიტანოს საპენსიო დანაგროვი (შეტანილი თანხა + მასზე დარიცხული სარგებელი) სრულად, ყოველგვარი საჯარიმო სანქციების და პირგასამტეხლოების გარეშე.

რაც შეეხება კორპორაციულ კლიენტებს, "ჯიპიაის" მონაცემებით, მათ 300-ზე მეტი კომპანიის თანამშრომლები ჰყავთ საპენსიო სქემაში დაზღვეული.
ზოგადად, კიდევ ერთი კონკრეტული შემთხვევა რომ განვიხილოთ, მაგალითისათვის, ავიღოთ 30 წლის მამაკაცი, რომელიც ყოველთვიურად საპენსიო ფონდში შეიტანს 10 ლარს. 35 წლის მანძილზე თუ ყოველთვიურად შეიტანა 10 ლარი, საპენსიო ასაკის მიღწევისას სულ ექნება შეტანილი 4200 ლარი, მაგრამ მის პირად ანგარიშზე დანაგროვი თანხა შეადგენს 25 000 ლარს. 65 წლის ასაკში უვადო პენსიის არჩევისას კი ყოველთვიურად მიიღებს 265 ლარს. თუ კლიენტი აირჩევს მინიმალურ პერიოდს 5-წლიან ვადას, მაშინ, 5 წლის მანძილზე ყოველთვიურად მიიღებს 510 ლარს; ასევე შესაძლებელია 6, 7, 8, 9 და 10-წლიანი პერიოდის არჩევა. შესაბამისად, 6-წლიანის შემთხვევაში ყოველთვიური პენსია 440 ლარი; 7-წლიანის შემთხვევაში 392 ლარი; 8-წლიანის შემთხვევაში 356 ლარი; 9-წლიანის დროს 329, ხოლო 10 წლიანი პერიოდის არჩევისას კი 307 ლარი იქნება.

თუ კლიენტი მინიმალური 10 ლარის ნაცვლად, უფრო მეტ ყოველთვიურ შენატანს გააკეთებს, შესაბამისად, გაიზრდება მისი ყოველთვიურად მისაღები პენსიის მოცულობაც.

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო"

სადაზღვევო ბაზრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საპენსიო დაზღვევას მხოლოდ ახლა იწყებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ "ირაომ" დაამუშავა და ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინა საპენსიო დაზღვევის სქემა, რომელიც ამ სამსახურის მიერ უკვე დამტკიცებულია.

"თუმცა, ეს პროდუქტი ბაზარზე ჯერ არ დაგვინერგავს, ჩვენ ვიკვლევთ ბაზარზე ამ პროდუქტის მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიისთვის საინტერესო იქნება საპენსიო დაზღვევის დანერგვა, ჩვენ ამ მომსახურებას აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. რაც შეეხება საპენსიო დაზღვევის სქემას, საპენსიო დაზღვევა მთლიანად დამსაქმებლების ნებაზეა დამოკიდებული".

ასე რომ, საპენსიო დაზღვევის სფეროს განვითარებას მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორები აფერხებს. საკანონმდებლო პრობლემებს გასული ზაფხულის ომიც დაემატა. რუსეთ-საქართველოს ომმა სხვა სფეროებთან ერთად გარკვეული პრობლემები მთლიანად სადაზღვევო ბიზნესს შეუქმნა. რაც შეეხება ცალკე აღებული საპენსიო სქემის განვითარებას, ექსპერტების აზრით, აქ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებია აუცილებელი. ასეთი ცვლილებები კი ახლა განსაკუთრებით აქტუალურია, როცა სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს ბიზნესსაც მისცეს განვითარების საშუალება და ამავე დროს მოსახლეობის სოციალურ პრობლემებზეც იზრუნოს. საპენსიო სქემის კარგად აწყობით სახელმწიფოც მოიგებს და პენსიონერიც.

თემურ იობაშვილი