ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სადაზღვევო საქმიანობა
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" პროგრამა "ჩემები"
№7(91), 2007
ნაწილი 2. ავტომობილის, სახლის და სხვა ქონების დაზღვევა

ავტომობილების დაზღვევის პროგრამა "ჩემები-ავტო"


ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, ასევე საკმაოდ პოპულარულია ავტომობილის დაზღვევა. საკუთარი ავტომობილი, ცხადია, გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა და მანქანით მგზავრობაც ბევრად კომფორტულია, ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მაგრამ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც საკუთარ ავტომობილს ხშირად ახლავს: ავტოავარია, მანქანის გატაცება ან თუნდაც თქვენს მიერ სხვისი ავტომობილის ან ქონების დაზიანება. ასეთი მოულოდნელობებისგან თავდასაცავად სადაზღვევო პროგრამა "ჩემები-ავტო" არსებობს.

"ჩემები-ავტო" აერთიანებს 8 სხვადასხვა პროდუქტს. ეს პროდუქტები განსხვავებულია როგორც სადაზღვევო დაფარვებით, ასევე ფასითა და დამატებითი მომსახურებებით.

ავტომობილის დაზღვევისას არსებობს სტანდარტული პაკეტი "სტანდარტ ავტო". თუმცა როგორც ჯანმრთელობის დაზღვევისას არსებობს ცალ-ცალკე პირობები ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, ასევეა დაყოფილი ავტომფლობელი ქალბატონების და მამაკაცების დაზღვევის პირობებიც.
 
"სტანდარტ ავტო" ეს არის ავტომობილის სტანდარტული დაზღვევის პაკეტი: სრული სადაზღვევო დაფარვით და დამატებითი მომსახურებებით. დაზღვევის პოლისის მფლობელებს სადაზღვევო კომპანია მანქანის ღირებულების სრულად ანაზღაურებას ჰპირდება, თუ მოხდა: ავტოსაგზაო შემთხვევა; ხანძარი, აფეთქება; მესამე პირთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედება; სტიქიური უბედურებები; ავტოტრანსპორტის დაკარგვა ქურდობის, გატაცების ან ყაჩაღობის შედეგად.

ასევე გათვალისწინებული უფასო ლაფეტის მომსახურება - ავტოსაგზაო შემთხვევისას. 24-საათიანი სატელეფონო ცენტრი საშუალებას მოგცემთ ტექნიკურ პერსონალს  მოსთხოვოთ თქვენი ავტომობილის  სასურველ მისამართამდე გადაყვანა.

ამავე დროს, თუ წელიწადი ისე ჩაივლის, რომ თქვენ ზიანი არ მოგადგებათ, დაზღვევის განახლებისას გათვალისწინებული იქნება გარკვეული შეღავათები, ხოლო ორი თანმიმდევრული უზარალო წელიწადის შემთხვევაში სადაზღვევო ტარიფზე "ჩემები-ავტოსგან" მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას;

"ჩემების" ბრენდით პირველად საქართველოში შეიქმნა სადაზღვევო პროდუქტი მხოლოდ ქალი მძღოლებისათვის: "სმართ ლეიდი", განსხვავებული ტარიფითა და იმ მომსახურებებით, რომლებიც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ავტომფლობელ ქალბატონებს.

როგორც სადაზღვევო პროგრამის შემქმნელები ამბობენ, პროდუქტის შექმნისას შეეცადნენ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ ის მოთხოვნები, რომლებიც ქალბატონებს ყველაზე ხშირად აქვთ მანქანის მართვისას.

თვითონ პროდუქტის ფასი შედარებით დაბალია, რადგან, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ქართველი მამაკაცებისათვის, ქალი-მძღოლები მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით გაცილებით დაბალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. რაც შეეხება ავტომობილის დაზღვევის ფასს, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

"ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, რომ სადაზღვევო პროგრამა "ჩემების" ავტომანქანის დაზღვევის ფასები 3.9%-დან იწყება. ავტომანქანის დაზღვევისას გასათვალისწინებელია როგორც მძღოლის ასაკი, ასევე მისი მართვის გამოცდილება, მანქანის საბაზრო ღირებულება. შესაძლებელია ასევე სრული სადაზღვევო დაფარვის შეძენა ნულოვანი ფრანშიზით (სადაზღვევო მომენტის დადგომისას ზარალის ანაზღაურება დამატებითი თანხის გადახდის გარეშე) და დამატებით მინების, სარკეების აქსესუარების დაზღვევა ასევე ნულოვანი ფრანშიზით.

მაგალითისათვის რომ ავიღოთ 1998-2000 წლებში გამოშვებული "გოლფი", რომლის საბაზრო ფასი დაახლოებით 5000 დოლარია, მისი ერთწლიანი დაზღვევა ქალბატონს, რომელსაც ავტომობილის მართვის 2-3 წლიანი გამოცდილება აქვს, 225 დოლარი დაუჯდება. იგივე ავტომობილის დაზღვევისას მამაკაცმა, რომელსაც ასევე ავტომობილის მართვის 2-3 წლის გამოცდილება აქვს, დაზღვევაში 250 დოლარი უნდა გადაიხადოს. როგორც "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, მამაკაცისთვის ავტომობილის ერთწლიანი სტანდარტული დაზღვევა თუ მანქანის საბაზრო ღირებულების 5%-ია, ქალბატონებისთვის დაზღვევის თანხა 4,5%-ს არ აღემატება. ამის მიზეზი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არის, რომ ქალბატონები მამაკაცებზე უფრო იშვიათად ხვდებიან მძიმეშედეგებიან ავტოავარიებში.

"ჩემები" ავტომფლობელებს სპეციალურ შეთავაზებას, "ეკონომ ავტოს" სთავაზობს. ამ შემთხვევაში ეს დაზღვევის ყველაზე მინიმალური პაკეტია და ავტომობილის ღირებულების 3.9%-დან იწყება, ხოლო სტანდარტული პაკეტის შეძენის შემთხვევაში მამაკაცებისთვის 5%, ხოლო ქალებისთვის ავტომობილის 4.5% იქნება წლიური სადაზღვევო პრემია.

"ჩემების" სადაზღვევო პოლისის მფლობელს ასევე შეუძლია ზარალის ანაზღაურებაზე მშვიდად იყოს, თუ მისივე მიზეზით მოხდა ავტოავარია და ზიანი მიადგა მესამე პირის მანქანას ან ჯანმრთელობას. ზარალს "ალდაგი ბისიაი" აანაზღაურებს.

თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ან მისი მგზავრები, "ჩემები" მათი მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს, ხოლო ინვალიდობის ან გარდაცვალების შემთხვევაში, მათ სამართალმემკვიდრეებზე გასცემს ფიქსირებულ თანხას, თანხის ოდენობას კი დაზღვევის მომენტში თავად დაზღვეული აირჩევს.

ზოგადად, დაზღვევა უამრავ სფეროზე შეიძლება გავრცელდეს. "ჩემების" შემთხვევაში  ყველაზე პოპულარული ჯანმრთელობის და ავტომობილების დაზღვევაა. მსოფლიოში ასევე ძალიან გავრცელებულია სიცოცხლის დაზღვევა, თუმცა როგორც ჩანს, საქართველოში ჯერჯერობით ამ მხრივ ნაკლები აქტიურობაა. როგორც "ალდაგი ბისიაიში" აცხადებენ, საქართველოში სიცოცხლის დაზღვევა ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ამ მიმართულებით სხვა წლებთან შედარებით ზრდა მაინც შეიმჩნევა. სიცოცხლის დაზღვევის მოთხოვნის გაზრდას განაპირობებს ასევე ბანკის მიერ ამ პროდუქტზე მოთხოვნა იპოთეკური სესხის გაცემის დროს.

სამოგზაურო დაზღვევა - "ჩემები მოგზაური"

მიუხედავად იმისა, მივლინებით მოგზაურობთ თუ დასვენების მიზნით, საზღვარგარეთ მგზავრობა ყოველთვის გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. უცხო ქვეყანაში ყოფნისას სამოგზაურო დაზღვევის პოლისი თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როგორც პასპორტი და ბილეთი.

თუ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მოულოდნელად დაგჭირდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მგზავრობისას დაგეკარგათ ბარგი ან გადაიდო რეისი, ყველა ამ დისკომფორტის შედეგად გარკვეული ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით, რომლის მოგვარების საუკეთესო საშუალება სამოგზაურო დაზღვევაა.

"ალდაგი ბისიაი" აანაზღაურებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურების ხარჯებს;

"ჩემები-სამოგზაურო" გთავაზობთ მოგზაურობის დროს ბარგის დაზღვევას დაკარგვისა და დაგვიანებისაგან, ასევე დაზღვევას რეისის გადადებისას:

ბარგის დაკარგვა - იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია დაკარგავს თქვენ მიერ მგზავრობისას ჩაბარებულ ბარგს, როგორც სადაზღვევო კომპანიის განცხადებაშია მითითებული, "ალდაგი ბისიაის" უნდა წარუდგინოთ ავიაბილეთი და ავიაკომპანიისგან ოფიციალური დოკუმენტი ბარგის დაკარგვის შესახებ, დაკარგული ბარგის საერთო წონის მითითებით. ანაზღაურება გადმოგეცემათ დოკუმენტების მოწოდებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში;

რეისის გადადება – რეისის გადადების შემთხვევაში, ავიაკომპანიის მიერ შეთავაზებული სასტუმროს ნაცვლად, შეგიძლიათ ღამე თქვენ მიერ შერჩეულ კომფორტულ სასტუმროში გაატაროთ, რომლის ხარჯებსაც "ჩემები" აგინაზღაურებთ;
 
ბარგის დაგვიანება - თუ ავიაკომპანიისთვის ჩაბარებული ბარგის დაგვიანების გამო, აეროპორტის ბარგის გარეშე დატოვება მოგიწევთ, ფაქსის მეშვეობით დროულად უნდა მიაწოდოთ ოფიციალური დოკუმენტი ბარგის დაგვიანების შესახებ. დოკუმენტის მიღებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში, თქვენს ანგარიშზე "ჩემები" გადარიცხავს გარკვეულ თანხას, რაც საკმარისი იქნება ბარგის დაგვიანების გამო წარმოქმნილი ხარჯების გასაწევად.

"ჩემები მოგზაური" რამდენიმე სადაზღვევო პროდუქტს აერთიანებს. ასევე გასათვალისწინებელია დაზღვეულის ასაკი და დაზღვევის ფასიც ყველაფრის გათვალისწინებით დგინდება. თუმცა, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, "ჩემები მოგზაური" 30 წლის ადამიანს ინგლისში 2-კვირიანი მოგზაურობისას სულ ათიოდე დოლარი დაუჯდება. როგორც "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, სადაზღვევო პრემია მართალია საკმაოდ დაბალია, მაგრამ არც რისკია ძალიან მაღალი. ამიტომ დადგენილი ტარიფი რისკის შესაბამისია.

ქონების დაზღვევა - "ჩემები-სახლი"

ბინა, სახლი, აგარაკი ოჯახისათვის ერთ-ერთ უძვირფასეს ქონებას წარმოადგენს. მის სრულ დაცვას ვერც ულტრათანამედროვე სიგნალიზაციის სისტემა უზრუნველყოფს და ვერც საგანგებოდ შერჩეული დაცვის სამსახური. როდესაც საქმე ბუნებრივ სტიქიას ეხება, აქ გამოცდილი პირადი მცველიც უძლურია და ყველაზე ერთგული ძაღლიც. ამიტომ ბუნებრივია, რომ სახლის დაზღვევა მნიშვნელოვანი პირობაა მშვიდად ცხოვრებისთვის. სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" პროგრამა "ჩემები" მომხმარებელს უძრავი ქონების დაზღვევის სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობს.

სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალის გარდა, დაზღვეულ კლიენტს "ჩემები" ასევე აუნაზღაურებს სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევით გამოწვეულ ზარალს, მათ შორის - ხანძრით, ქურდობით, საკომუნიკაციო საშუალებების ავარიით (მაგალითად, წყლის მილის დაზიანების გამო) მიღებულ ზარალს.

შეიძლება დააზღვიოთ: ბინა, სახლი, აგარაკი; ბინები მშენებარე შენობებში; საყოფაცხოვრებო ნივთები. კლიენტი დაზღვეული იქნება თუ მოხდა ხანძარი, სახლზე მეხის დაცემა, აფეთქება; თვითმფრინავის ან მისი ნაწილების ჩამოვარდნა;

მიწისძვრა; შტორმი, ქარიშხალი და გრიგალი; წყალდიდობა, ნიადაგის დაწევა, ჩამოშლა, აწევა, მეწყერი. დამატებით შესაძლებელია დაზღვევა შემდეგი რისკებისგან: წყლის მილების მწყობრიდან გამოსვლა; მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი. ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალს "ჩემები" აანაზღაურებს. როგორც სადაზღვევო კომპანიის განცხადებაშია მითითებული, შენობა-ნაგებობების განადგურების შემთხვევაში დაზარალებული ობიექტის ხელახლა აშენების ხარჯებს "ჩემები" დაფარავს; შენობა-ნაგებობების დაზიანების შემთხვევაში ასევე სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია დაზიანებული ქონების შესაკეთებლად;

მნიშვნელოვანია, რომ ასევე შესაძლებელია მესამე პირთა მიმართ ქონებრივი პასუხისმგებლობის დაზღვევა. ანუ ანაზღაურდება ზარალი, რომელიც მიადგა მესამე პირის ქონებას თქვენს სახლში წარმოქმნილი ხანძრის, აფეთქების ან წყლის მილების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად. მაგალითად, თუ მეზობლის ბინაში ჩავიდა წყალი.

სადაზღვევო ანაზღაურება გამოითვლება თქვენ მიერ სხვისი ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობიდან.

იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ქონება ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მის შეკეთებამდე ან ახლის შეძენამდე აგინაზღაურდებათ მსგავსი საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯებს. დაზღვევა შესაძლებელია გაქირავებულ ბინაზეც. თუ გაქირავებული ბინა, რომელიც დაზღვეულია, სადაზღვევო რისკების შედეგად ცხოვრებისათვის გამოუსადეგარი გახდა, "ჩემები" ახალი ბინის შეძენამდე ან ძველის გარემონტებამდე საიჯარო თანხის ანაზღაურებას გპირდებათ.

რაც შეეხება ბინის დაზღვევის ღირებულებას, ეს დამოკიდებულია ბინის საბაზრო ფასზე. მაგალითისთვის რომ ავიღოთ 30 ათას დოლარად ღირებული ბინა, ერთი წლით დაზღვევა მინიმუმ 126 დოლარი დაჯდება. ბინაში არსებული ქონების დაზღვევაც ქონების ღირებულებაზეა დამოკიდებული და ისიც წლიურად იანგარიშება, თუმცა როგორც ბინის, ასევე ქონების დაზღვევის დროს ფასდაკლებები და განვადებებიც არის შესაძლებელი.

"ჩემები" ასევე ითვალისწინებს ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში მაცხოვრებლის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში, მთავარია მაცხოვრებელმა ბინა დააზღვიოს და თუ დაუდევრობით რამეს დააზიანებს, ზარალს "ჩემები" დაფარავს.

სადაზღვევო კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ "ალდაგისა" და "ბისიაის" გაერთიანების შემდეგ მოხდა არსებული პორტფელების გაერთიანება და გაუმჯობესება. შესაბამისად ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო მომსახურებაც გაუმჯობესებულია. რაც შეეხება იმ კლიენტებს, ვისაც ჯანმრთელობის ან ქონების დაზღვევა "ალდაგში" ჰქონდა, მათთვის გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაში რჩება და შესაბამისად ძალაშია ყველა ვალდებულება, რაც მზღვეველმა იკისრა; ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ თუ კვლავ მოისურვებენ, რომ ჯანმრთელობა ან ქონება "ალდაგი ბისიაი"-ში დააზღვიონ, უკვე "ჩემების" სადაზღვევო მომსახურებით ისარგებლებენ.

თემურ იობაშვილი