ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
სანოტარო სამსახურის სამართლებრივი რეგულირება და უფლებამოსილებანი
#3(135), 2011
ჩვენი რუბრიკის დაინტერესებულ მკითხველთა თხოვნით, დღეს განვმარტავთ ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს. აგრეთვე სანოტარო და მასთან დაკავშირებულ სხვა მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნათა შესახებ ვისაუბრებთ.

მოქმედი კანონის შესაბამისად ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ნოტარიატის სახელმწიფო რეგულირებას, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ნოტარიატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, შეთანხმებები და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

სანოტარო მოქმედებას, ფიზიკური და იურიდიული პირის თხოვნით, ნოტარიატის შესახებ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასრულებს ნოტარიუსი, რომელიც თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და მასთან დაკავშირებულ მოვალეობათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა.

კითხვა: კონკრეტულად, რომელი დოკუმენტის საფუძველზე განისაზღვრება სანოტარო მოქმედების შესრულების წესი?

 

პასუხი: სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი. 

ნოტარიუსი არის სამუშაოს მიმცემი სანოტარო ბიუროს თანამშრომლებისათვის და პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისთვის. ნოტარიუსის საქმიანობა არ არის მეწარმეობა და მოგების მიღების წყარო. სანოტარო მოქმედების შესრულებისას  ნოტარიუსი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი; იგი ვალდებულია შეასრულოს "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნოტარიული აქტებით გათვალისწინებული მოვალეობა. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე (06.07.2010 წ. #3363). 

კითხვა: რა ფუნქციები აკისრია საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და რომელია მისი უმაღლესი ორგანო?

პასუხი: საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის თვითმმართველობის პრინციპით აგებული ნოტარიუსების გაერთიანება, რომელიც ემყარება ნოტარიუსთა სავალდებულო წევრობას. იგი წარმოადგენს და იცავს ნოტარიუსთა ინტერესებს, ეხმარება მათ სანოტარო საქმიანობაში, ორგანიზებას უწევს ნოტარიუსების პროფესიული დონის ამაღლებას. ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ნოტარიუსების ჩაბმას ნოტარიატის ფუნქციონირების პრობლემების გადაწყვეტაში და მათი საერთო პროფესიული ინტერესების განხორციელებაში. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება, ხოლო აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო _ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა. 

ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც. 

ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის თხოვნითაც ან რომლის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, საჭიროების შემთხვევაში კი მის წარმომადგენელს. საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მოთხოვნით, ნოტარიუსი გასცემს ცნობებს სანოტარო მოქმედების შესახებ იმ სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეზე, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს წარმოებაშია. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსი ვალდებულია, სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ცნობა იმ ქონების ღირებულების შესახებ, რომელიც პირის საკუთრებაში გადავიდა. საგადასახადო ორგანოს ეკრძალება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე ინფორმაციის გადაცემა სხვა პირებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, აგრეთვე ამ ინფორმაციის გამოქვეყნება საჯარო გამოსვლებში.

კითხვა: შეუძლია თუ არა ნოტარიუსს გაამხილოს ცნობა ანდერძის არსებობის შესახებ?

პასუხი: ცნობა ანდერძის არსებობის  ან მისი შინაარსის შესახებ ნოტარიუსს შეუძლია გაამხილოს მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ.
 

აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ პირს, რომლის თხოვნითაც შესრულდა სანოტარო მოქმედება ან მის უფლებამონაცვლეს, ანდა წარმომადგენელს შეუძლია წერილობითი თანხმობის საფუძველზე გაათავისუფლოს ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისგან. თუ პირი გარდაიცვალა და მას უფლებამონაცვლე არ ჰყავს ან ჰყავს, მაგრამ მასთან დაკავშირება შეუძლებელია, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისგან შეიძლება გაათავისუფლოს სასამართლომ. 

კითხვა: რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს ზედამხედველობას ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე?

პასუხი: ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს ნოტარიუსის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის განკუთვნილი საზღაურის გადახდევინების სისწორეს; ნოტარიუსისაგან მოითხოვს ზედამხედველობის განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციასა და მასალებს; ახდენს ზედამხედველობის უფლებამოსილების დელეგირებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სამსახურებრივი საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე.


მნიშვნელოვანია, რომ ნოტარიუსს უფლება აქვს იუსტიციის მინისტრის ან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებები, რომლებიც ზედამხედველობის მასალებს ემყარება, გაასაჩივროს სასამართლოში.

კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, მოქმედი კანონის თანახმად ვინ შეიძლება დაიკავოს ნოტარიუსის თანამდებობა და როგორია ნოტარიუსად მუშაობის ზღვრული ასაკი?

პასუხი: ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედითუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გაიარა სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.Pპირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაზე. აქვე გაცნობებთ, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს (რაც 65 წელს შეადგენს). იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, ნოტარიუსს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადების საფუძველზე გააგრძელოს უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია იურიდიული განათლების მქონე პირს ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდა. ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა (ტესტირება) მოიცავს ორ ეტაპს - პროფესიულ ნაწილსა და ზოგად უნარ-ჩვევებს (ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს). პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პროფესიული ნაწილის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით ან ეკავა მოსამართლის თანამდებობა და ამ გამოცდის ჩაბარებიდან ანდა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამდე გასული არ არის 2 წელზე მეტი. 

კითხვა: ვინ ამტკიცებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას და განსაზღვრულია თუ არა რაიმე თანხის გადახდა გამოცდებში მონაწილეობისთვის?

პასუხი: ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი, ხოლო მის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. იურისტი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში, იხდის საფასურს 300 ლარის ოდენობით.
 

ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე არ დაინიშნება პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მიერ უკვე აღნიშნულ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; ასევე პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის ან რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე  შეწყდა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო; რომელიც გათავისუფლდა საჯარო სამსახურიდან ან/და რომელსაც შეუწყდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის, კანონის უხეში ან არაერთგზის დარღვევის, თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენების ან კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო; რომელიც გათავისუფლდა ნოტარიუსის თანამდებობიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო; რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამოერთვა სანოტარო საქმიანობის უფლება. ასევე, თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად (06.07.2010 წ. #3363). 

კითხვა: ვინ ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში და როდის არის უფლებამოსილი ნოტარიუსი განახორციელოს სანოტარო საქმიანობა?

პასუხი: სათანადო დოკუმენტების წარდგენის შემდეგ იუსტიციის სამინისტრო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ახორციელებს ნოტარიუსის რეგისტრაციას საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში. იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ნოტარიუსი მოიპოვებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უფლებას, რის შემდეგაც უფლებამოსილია განახორციელოს სანოტარო საქმიანობა.


ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი, რის შემდეგაც იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან იუსტიციის ბრძანების საფუძველზე, გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. 

კითხვა: ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, კანონის თანახმად აქვს თუ არა ამ ბრძანების გასაჩივრების უფლება და თუ აქვს, ხომ არ არის ამისთვის დაწესებული შეზღუდვა რაიმე ვადით?

პასუხი: ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს მინისტრის ბრძანება მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.


ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც არის მისი სამუშაო ადგილი. მას უფლება აქვს სამუშაოზე აიყვანოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი.

აღსანიშნავია, რომ ორ ან ორზე მეტ ნოტარიუსს შეიძლება ჰქონდეს საერთო სანოტარო ბიურო. ნოტარიუსთა უფლებები და მოვალეობები საერთო სანოტარო ბიუროს მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. საერთო სანოტარო ბიუროში თითოეული ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის. 

კითხვა: აქვს თუ არა ნოტარიუსს უფლება იმუშაოს შეთავსებით?

პასუხი: ნოტარიუსს უფლება არ აქვს, სანოტარო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად ეკავოს სხვა თანამდებობა ან ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობისა. ამასთან ნოტარიუსს აქვს თავისი პირადი კაპიტალის ინვესტირების უფლება.


ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი კონსულტაცია და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია. ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის ოდენობა და გადახდევინების წესი განისაზღვრება კანონით.

ნოტარიუსის შემოსავალს სამსახურებრივი საქმიანობიდან შეადგენს თანხა, რომელიც მას რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახადების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც ნოტარიუსმა მიიღო საზღაურის სახით. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 

კითხვა: ეკისრება თუ არა ნოტარიუსს ქონებრივი პასუხისმგებლობა და რა შემთხვევაში?

პასუხი: ნოტარიუსს ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია მისმა განზრახმა ან გაუფრთხილებელმა ქმედებამ. აღნიშნული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, ნოტარიუსი ვალდებულია დადოს ხელშეკრულება სავალდებულო პროფესიულ დაზღვევაზე მუშაობის მთელი პერიოდისათვის.


ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს შემცვლელი პირი, რომელიც ნოტარიუსს შეენაცვლება  არა უმეტეს 1 წლის ვადით. ნოტარიუსის შემცვლელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ისეთი იურისტი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ნოტარიუსის შემცვლელი პირი სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას იყენებს იმ ნოტარიუსის სამსახურებრივ ბეჭედსა და ელექტრონულ სანოტარო რეესტრს, რომელსაც იგი ცვლის და მისგანვე იღებს შრომის ანაზღაურებას, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს ნოტარიუსი.

კითხვა: ვის ეკისრება ქონებრივი პასუხისმგებლობა ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ნოტარიუსის შემცვლელი პირის უკანონო სამსახურებრივმა ქმედებამ?

პასუხი: აღნიშნულ შემთხვევაში ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ნოტარიუსს, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რომ კანონის თანახმად, ნოტარიუსს აქვს მისი შემცვლელი პირისაგან უკუმოთხოვნის უფლება გადახდილი კომპენსაციის ოდენობით.
 

მოქმედი კანონის შესაბამისად, ყველა ნოტარიუსი შედის ნოტარიუსთა პალატის შემადგენლობაში. იგი საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრი ხდება მას შემდეგ, რაც მოიპოვებს ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობისა და სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლებას. 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ნოტარიუსთა წევრობაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის პრინციპით. საქართველოს ნოტარიუსთა პალატას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქვს წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის ბიუჯეტი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებით, რომელსაც იღებს ნოტარიუსთა პალატის საერთო კრება. იგივე კრებაა უფლებამოსილი, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით აირჩიოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე.

ნოტარიუსი ვალდებულია  გადაიხადოს საწევრო შენატანი საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში, რომელიც თავისი წესდებით ადგენს საწევრო შენატანის ოდენობას და გადახდის ვადას. 

კითხვა: გთხოვთ დეტალურად აგვიხსნათ, ვინ შეიძლება იყოს ნოტარიუსობის კანდიდატი, რას ითვალისწინებს ნოტარიუსთა სტაჟირება, როგორი წესით ხდება სტაჟიორთა კონკურსის გავლა და არის თუ არა კანონის თანახმად სტაჟირების გასავლელად დაწესებული რაიმე საფასურის გადახდა?

პასუხი: ნოტარიუსობის კანდიდატი შეიძლება იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და რომლის ნოტარიუსად მუშაობისათვის შეუფერებლობის დამადასტურებელი ფაქტი ცნობილი არ არის.


იურისტი, რომელსაც სურს გახდეს ნოტარიუსობის კანდიდატი (თუ მას არ აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი), გაივლის სტაჟიორთა კონკურსს. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს სტაჟირებისათვის გზავნის საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, რის თაობაზეც ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ტესტირების ან გასაუბრების ფორმით. კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

სტაჟირება ნიშნავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი პროგრამით სწავლებას. იგი შედგება ორი ეტაპისაგან და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. სტაჟირების ორივე ეტაპის გასავლელად ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: სტაჟიორის პირადი განცხადება ან მის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა ანდა არაჯეროვნად შესრულება. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ჰყავს გამგეობა, რომლის სხდომა, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. გამგეობა უზრუნველყოფს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას; საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სახელით კავშირი აქვს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა ორგანიზაციებთან და მისივე სახელით წარადგენს წინადადებებსა და დასკვნებს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უფლებამოსილია თავისი ამოცანების შესრულებაში ჩართოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრები და შექმნას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, გამგეობის სხვა წევრებსა და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ გაახმაურონ მონაცემები იმ სანოტარო მოქმედებათა შესახებ, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ უფლება აქვთ მსგავსი მონაცემები ცნობილი გახადონ მხოლოდ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ნებართვით.

 

კითხვა: ვალდებულია თუ არა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი,სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში საიდუმლოდ შეინახოს გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემები? 

პასუხი: დიახ, მას აკისრია ასეთი ვალდებულება, ვინაიდან კანონის თანახმად სანოტარო მოქმედების საიდუმლოება დაცული უნდა იქნეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, წევრებისა და სხვა თანამშრომლების მიერ გამგეობის, შემადგენლობიდან გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც.

ჩვენი რუბრიკის მკითხველთა ერთ ნაწილს სურს იცოდეს, კონკრეტულად რა საკითხებზე შეუძლიათ მიმართონ ნოტარიუსს, უფრო სწორად რა ფუნქციების შესრულება ევალება მას?

ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: კანონით დადგენილ შემთხვევაში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს; გასცემს: საკუთრების, მემკვიდრეობის და მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობებს; იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ამოწმებს: დოკუმენტის ასლისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან და დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას; დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს; ადასტურებს: მოქალაქის ცოცხლად ყოფნის, ასევე განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; დოკუმენტის წარდგენის დროს; დეპოზიტში იღებს ფულს, ფასიან ქაღალდებსა და ფასეულობებს, გასცემს სააღმსრულებლო ფურცელს; გასანაღდებლად წარადგენს ჩეკს და ადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას; შესანახად იღებს დოკუმენტებს და სხვა. 

სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს მოქალაქეებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს. ნოტარიუსი უფლებამოსილია აგრეთვე, დაინტერესებულ პირს გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან, მათ შორის, სააღმსრულებლო ფურცლის გაცემის სამართლებრივ შედეგებზე.

ნოტარიუსი უფლებამოსილია უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადის, სარეგისტრაციო დოკუმენტის ელექტრონული ან მატერიალური სახით წარდგენა სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოებისათვის, თუ სანოტარო მომსახურების შედეგად დამოწმებული დოკუმენტი ექვემდებარება რეგისტრაციას. 

ახლა განვმარტავთ, თუ როგორი წესით ხდება აღსრულება სანოტარო დოკუმენტის საფუძველზე:

ნოტარიუსი სააღმსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განმცხადებელი ითხოვს სააღმსრულებლო ფურცლის გაცემას. კრედიტორის ან მისი უფლებამონაცვლის განცხადება სააღსრულებლო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: ნოტარიუსის ვინაობას, რომელსაც იგი განცხადებით მიმართავს; მხარეებისა და მათი წარმომადგენლების ვინაობას (სახელწოდებებს); მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ; მითითებას იმის შესახებ, რომ შეუსრულებელი მოთხოვნა, რომლის აღსასრულებლადაც უნდა გაიცეს სააღსრულებლო ფურცელი, არ არის დამოკიდებული განმცხადებლის მიერ რაიმე საპასუხო (სანაცვლო) ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა და განმცხადებლის ხელმოწერაც. 

ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღმსრულებლო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნის გარეშე.

აღსრულება დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცლის დედნის საფუძველზე. 

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე აღსრულება ხორციელდება "სააღსრულებო წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სააღსრულებლო ფურცელი აღსრულებას არ აჩერებს. 

 

კითხვა: უთანაბრდება თუ არა სანოტარო წესით დადასტურებულ დოკუმენტებს, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებების ან მოხუცთა და ინვალიდთა სახლების, ასევე თავისუფლების აღკვეთის ადგილების თანამდებობის პირთა მიერ დამოწმებული ანდერძები და რწმუნებულებანი?  

პასუხი: სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტებს უთანაბრდება საავადმყოფოში, სხვა სტაციონარულ სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, სანატორიუმში სამკურნალოდ მყოფ ან მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია ამ საავადმყოფოს, სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმის, სამედიცინო ნაწილში მისი მოადგილის ან მორიგე ექიმის მიერ, აგრეთვე მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლების დირექტორისა და მთავარი ექიმის მიერ; პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფ პირთა ანდერძები და რწმუნებულებანი, რომლებიც დადასტურებულია პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორების მიერ (24.09.2010 წ. #3618).

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნულ პირებს სანოტარო მოქმედების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნების შემთხვევაში, მოანდერძე ანდერძს წარუდგენს ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. ხოლო თუ მოანდერძე ჩვეულ საყოფაცხოვრებო პირობებში დაბრუნებამდე გარდაიცვალა, თანამდებობის პირები, რომლებმაც დაამოწმეს ანდერძები, ვალდებულნი არიან აღნიშნული დოკუმენტები ოფიციალური დეპონირებისათვის წარუდგინონ ნოტარიუსს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციას ელექტრონულ სანოტარო რეესტრში. 

სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა. იგი სრულდება ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება გადაიდოს: თუ გამოთხოვილია დამატებით მონაცემები ან დოკუმენტები – მათ მიღებამდე; თუ ტარდება ექსპერტიზა - ექსპერტიზის დასკვნის მიღებამდე. 

კითხვა: შეიძლება თუ არა სანოტარო მოქმედების შესრულების გადადება დაინტერესებული პირის თხოვნით, რომელსაც სურს მიმართოს სასამართლოს იმ უფლებაზე ან ფაქტზე შედავებისათვის, რომლის დადასტურებასაც ითხოვს მეორე პირი?

პასუხი: ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უფლება აქვს გადადოს სანოტარო მოქმედების შესრულება არა უმეტეს ათი დღის ვადით. თუ ნოტარიუსის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოდან მიღებული არ იქნა ცნობა დაინტერესებული პირის განცხადების შეტანის შესახებ, ნოტარიუსი ასრულებს სანოტარო მოქმედებას. სანოტარო მოქმედების შესრულება შეჩერდება სასამართლოს შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე სამართებრივი დავის გადაწყვეტამდე.


კანონით გათვალისწინებულია ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში სანოტარო მოქმედებათა შესრულების შეზღუდვა. მაგალითად, ნოტარიუსს უფლება არა აქვს დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო, რომელიც დაფუძნებულია ამ ნოტარიუსის, მისი მშობლის ან მეუღლის, მშობლის, შვილის, დის ან ძმის კუთვნილ კაპიტალზე და ეს ფაქტი ცნობილია ნოტარიუსისათვის, მაგრამ თუ მან მაინც დაადასტურა ასეთი გარიგება, იგი ბათილად იქნება მიჩნეული.

სანოტარო მოქმედებათა შესრულების დროს ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართებლივი შედეგები განუმარტოს იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას. ამასთანავე ნოტარიუსი ვალდებულია იზრუნოს იმაზე, რომ არ შეილახოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც არ იცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროებენ სამართლებრივ კონსულტაციას. 

ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედებაზე უარის თქმის შესახებ, უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შედგენიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადაში გადაეცეს იმ პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქალაქეობის შესრულებაზე. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია აღნიშნულ პირს განუმარტოს დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა.

სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მოითხოვონ სანოტარო მოქმედების შესრულება იმავე წესით, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებებით, რომლებიც დადებულია საქართველოს მიერ ან რომელსაც იგი შეუერთდა, დადგენილია სანოტარო მოქმედების შესრულების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრისაგან განსხვავებული წესი, ნოტარიუსი ხელმძღვანელობს შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებით. 

კითხვა: რა შემთხვევაში მიიღებს ნოტარიუსი სხვა სახელმწიფოში გაცემულ დოკუმენტს? 

პასუხი: სხვა სახელმწიფოში გაცემულ დოკუმენტს ნოტარიუსი მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ლეგალიზებულია ან დამოწმებულია აპოსტილით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 


ირინე ღლონტი