ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
რეგისტრირებული ქორწინება, როგორც ოჯახის შექმნის სამართლებრივი საფუძველი - #11(179), 2014
საკონსულტაციო ხასიათის წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, იმ შეკითხვების და სატელეფონო ზარების გათვალისწინებით შევადგინეთ, რომლებიც ქორწინებასთან დაკავშირებით უკანასკნელ თვეებში მივიღეთ. შეკითხვების ავტორთა უმრავლესობას ტელეფონითვე განვუმარტეთ მათთვის საინტერესო საკითხები, ხოლო დანარჩენს, ვინც წერილობითი პასუხი ისურვა – საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების ადგილზე გამოსაყენებლად, მათივე თხოვნით ჩვენი ჟურნალის დღევანდელ ნომერში ვპასუხობთ. 

ქორწინება ოჯახის შექმნის ძირითადი საფუძველია, თუმცა არა ერთადერთი. ოჯახი შეიძლება წარმოიშვასდაუქორწინებელი ქალის მიერ ბავშვის დაბადების, შვილად აყვანისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა იურიდიული ფაქტების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ოჯახის შექმნის ყველაზე გავრცელებული საფუძველია მისი ბუნებრივი საწყისი – ქორწინება. ამიტომ, საკითხებს, რომლებიც ქორწინების არსს, წესს, შეწყვეტასა და მათ სამართლებრივ შედეგებს განსაზღვრავენ, კანონი პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებს.

კითხვა: იქნებ აგვიხსნათ, რა ადგილი უკავია სამართალს ოჯახის შექმნაში?

პასუხი: სამართალი აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ოჯახის შექმნაზე და აწესრიგებს ურთიერთობათა ფართო წრეს, ოჯახისა და მისი თითოეული წევრის ინტერესების გათვალისწინებით. ოჯახი, უპირველეს ყოვლისა, მის წევრთა სამართლებრივი კავშირია. საოჯახო ურთიერთობებს იურიდიულ ხასიათს ანიჭებს მათი რეგულირება სამართლებრივი ნორმებით, ეს კი შესაძლებელია მასზე სახელმწიფოს მხრივ ზემოქმედებისა და საზღვრების ფარგლებში, სავალდებულო წესების მოქმედების დადგენით. სწორედ ასეთი ზეგავლენის გამოხატულებას წარმოადგენს კანონით განსაზღვრული წესი, რომლის თანახმადაც, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

ოჯახი საზოგადოების პირველადი უჯრედია. დიდია ოჯახის როლი არა მარტო ცალკეული ადამიანების, არამედ მთელი საზოგადოების ცხოვრებაში. ოჯახი უზრუნველყოფს ადამიანის მოდგმის გაგრძელებას და ასრულებს ბავშვის აღზრდის ფუნქციას. ყოველი საზოგადოების განვითარების მაღალი დონე დამოკიდებულია მასში ჯანსაღი ოჯახის ინსტიტუტის არსებობაზე.

ოჯახის მნიშვნელობა და განსაკუთრებული როლი თითოეული ადამიანის საზოგადოებრივ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში აღიარებულია მსოფლიო თანამეგობრობის მიერ, ანუ ოჯახის ინსტიტუტი ყოვლადსაკაცობრიო ღირებულებად არის აღიარებული. ოჯახის ესოდენ დიდი მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის შიგნით არსებული საოჯახო ურთიერთობების სამართლებრივი დარეგულირების აუცილებლობას. სწორედ ამ ამოცანის განხორციელებას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა. 1997 წლის 25 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელთანაც მოხდა ადრე მოქმედი საქორწინო-საოჯახო კოდექსის შეჯერება, რომელიც წარმოადგენს პროგრესს სრულყოფილი სამართლებრივი სისტემის შექმნის გზაზე. ოჯახის წევრთა შორის არსებული ურთიერთობები არ არის უბრალოდ ერთად მცხოვრებ პირთა დამოკიდებულება. მისი წევრები არა მხოლოდ ყოფითი პრობლემებითა და საკითხებით არიან ერთმანეთთან დამოკიდებულნი, არამედ ეს ურთიერთობები თითოეული მათგანისთვის წარმოშობს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს, რაც თავისთავად მოითხოვს მათ სამართლებრივ მოწესრიგებას.

საოჯახო ურთიერთობათა საკანონმდებლო რეგულირებისას, აუცილებელია განსაზღვრული ზომების და ტაქტის დაცვა. სახელმწიფომ ასეთ მოწესრიგებას უნდა მიმართოს მხოლოდ მაშინ, როდესაც საოჯახო ურთიერთობათა განმტკიცება დაკავშირებულია განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან.

საოჯახო სამართლის კანონმდებლობის მოწესრიგების ერთ-ერთ სფეროს წარმოადგენს ისეთი სპეციალური სახის სამართლებრივი ურთიერთობა, როგორიც არის დაქორწინების წესი და პირობები. აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა დაფუძნებულია ქორწინებაზე. წარმოდგენილ სტატიაში შევეცდებით, მოკლედ განვიხილოთ ქორწინების წესი, პირობები და ამ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირების საკითხები. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქორწინება ოჯახის შექმნის ძირითადი საფუძველია, რადგან იგი წარმოადგენს ოჯახის შექმნის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, მაინც რა არის ქორწინება?

პასუხი: ქორწინება არის ადამიანთა გრძნობებზე (სიყვარულზე, ურთიერთნდობაზე, მორალზე) შეუფასებელ კატეგორიაზე დაფუძნებული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. ქორწინების არსის გამომხატველი მრავალი ცნება არსებობს შემუშავებული მეცნიერთა მიერ, მაგრამ ქორწინების ცნების მხოლოდ სამართლებრივი გაგება ვერ იქნება სრულყოფილი, ვინაიდან ქორწინება წარმოადგენს რთულ, კომპლექსურ მოვლენას, რომელზეც გავლენას ახდენს არა მხოლოდ სამართლის, არამედ ეთიკისა და მორალის ნორმებიც. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში~. 

ადრე მოქმედი საქორწინო-საოჯახო კანონმდებლობა არ იძლეოდა ქორწინების წესის განსაზღვრას. კანონში მისი შეტანა შეუძლებლად იყო მიჩნეული იმის გამო, რომ იგი ვერ ამოწურავდა მისი იურიდიული და ზნეობრივი მნიშვნელობის ნიშან-თვისებებს. რა თქმა უნდა, კანონმდებლის ამგვარი მოსაზრება არ არის აზრს მოკლებული, მაგრამ ქორწინების, როგორც ოჯახის შექმნის ძირითადი საფუძვლის დასარეგულირებლად უმჯობესია მისი განმსაზღვრელი ცნების არსებობა, თუმცა, შეიძლება ის იყოს არასრული.

ქორწინების ცნების განსაზღვრისას, შეიძლება გამოვყოთ საოჯახო სამართლის თეორიაში ორი შეხედულება. პირველი შეხედულების თანახმად, ქორწინების ცნება იურიდიული თვალსაზრისით არის მამაკაცისა და ქალის კავშირი, ერთობლივი თანაცხოვრების მიზნით, რომელიც ემყარება ურთიერთთანხმობას და განხორციელებულია დადგენილი წესით, ანუ სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ერთობლივი თანაცხოვრება იძენს კანონიერ ხასიათს, ე.ი. მას მოჰყვება კანონიერი ქორწინებისათვის დამახასიათებელი ყველა შედეგი. მეორე შეხედულების თანახმად კი, დაქორწინების შესახებ შეთანხმება რეგულირდება სამართლით და წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, იგი წარმოადგენს ხელშეკრულებას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მოსაზრება ქორწინებისა და ზოგადად ოჯახის საფუძველს არყევს, რადგან არ შეიძლება სიყვარულზე და ადამიანის სხვა დიდ გრძნობებზე, ფასეულობებზე დამყარებული კავშირი მივიჩნიოთ ხელშეკრულებად. ის არ შეიძლება ატარებდეს სახელშეკრულებო ურთიერთობების ხასიათს. 

კითხვა: წარმოშობს თუ არა რაიმე სახის სამართლებრივ შედეგს ნიშნობა?

პასუხი: ნიშნობა არის დასაქორწინებელ პირთა წინასწარი თანხმობა ქორწინებაზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ნიშნობა არ წარმოშობს შემდგომი დაქორწინების ვალდებულებას. ამიტომ იგი არ შეიძლება იყოს სასამართლოში იძულებითი დაქორწინების მოთხოვნის შესახებ სარჩელის წარდგენის საფუძველი. დაუქორწინებლობის შემთხვევაში ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები მხარეებს უკან უბრუნდებათ.

თანამედროვე საოჯახო სამართლის თეორიაში ჭარბობს შეხედულება იმის შესახებ, რომ ქორწინება არის მამაკაცსა და ქალს შორის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც დამყარებულია ურთიერთსიყვარულსა და პატივისცემის გრძნობაზე, რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და წარმოშობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ქორწინების ცნება შესაძლოა ითქვას, რომ მის არსს სრულიად აყალიბებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეცნიერებმა პრაქტიკისა და დაგროვილი თეორიული ცოდნის საფუძველზე, შეძლეს ჩამოეყალიბებინათ ქორწინების ცნება, რამაც პირველად ჰპოვა ასახვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

კითხვა: რატომ არის აუცილებელი ქორწინების რეგისტრაცია და წარმოშობს თუ არა სამართლებრივ შედეგს ჯვრისწერა, ე.ი. რელიგიური წესით ქორწინება?

პასუხი: საოჯახო სამართლის თანახმად, იმისათვის, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არსებულ კავშირს მოჰყვეს სამართლებრივი ურთიერთ უფლება-მოვალეობების არსებობა და შედეგად, ეს კავშირი იქნეს ცნობილი ქორწინებად სახელმწიფოს მიერ, აუცილებელია ქორწინების რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მათი კავშირისრეგისტრაცია სახელმწიფო შესაბამის სამსახურში. 
ქორწინება რელიგიური ან ადგილობრივი ადათ-წესების დაცვით, წარმოადგენს თითოეული მოქალაქის პირად საქმეს და ის არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, რომელიც, როგორც წესი, თან ახლავს რეგისტრირებულ ქორწინებას. 

კანონმდებლის მიერ ქორწინების რეგისტრაციის დაწესების მიზანია როგორც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების, ისე მეუღლეთა და მათი შვილების პირადი და ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების დაცვის უზრუნველყოფა.

იმისათვის, რომ დაოჯახების მსურველმა პირებმა თავიანთი კავშირი დაარეგისტრირონ, ანუ მოახდინონ ამ ფაქტის სამართლებრივი ძალის მქონედ ცნობა, აუცილებელია კანონის მიერ დადგენილი პირობების დაკმაყოფილება. კანონით გათვალისწინებული ქორწინების პირობები გამომდინარეობს, ქორწინების არსიდან და დანიშნულებიდან. მათი დაცვა აუცილებელია იმისათვის, რომ ქორწინებას მიენიჭოს სამართლებრივი ძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად.

ქორწინებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა – საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. განვიხილოთ, თუ რას გულისხმობს თითოეული მათგანი.

კანონი, უწინარეს ყოვლისა, უზრუნველყოფს მომავალ მეუღლეთათვის ქორწინების ნებაყოფლობას, რაც გამოხატული უნდა იყოს პირადად დასაქორწინებელი პირების თანხმობით. კანონის ეს განაწესი უზრუნველყოფს კონსტიტუციით აღიარებულ და განმტკიცებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას (ადამიანის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და ა.შ.). დაუშვებელია პირის იძულებით დაქორწინება. პირის მიერ გამოხატული თანხმობა უნდა იყოს გააზრებული, შეგნებული, რაც გულისხმობს, რომ დაუშვებელია თანხმობად მივიჩნიოთ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის თანხმობა, რადგანაც მას არ შეიძლება სრულად გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედება, – თუ რა სურს. თქმულიდან გამომდინარე, თანხმობა გულისხმობს ნამდვილ ნებას, ანუ ძალდაუტანებელ, გაცნობიერებულ და სასურველ ნებას. ნამდვილი ნების გარეშე ოჯახი ვერ შეიქმნება.

ქორწინების რეგისტრაციისთვის კანონი მოითხოვს მხოლოდ დასაქორწინებელ, სრულწლოვან, ქმედითუნარიან პირთა თანხმობას (მიუხედავად იმისა, სურთ თუ არა ეს სხვა პირებს) და მათ მიერ წარმოდგენილ არანაკლებ ორი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებას ქორწინების ფაქტის რეგისტრირებისას.

კითხვა: მოქმედი კანონის თანახმად, რა ასაკში შეუძლიათ იქორწინონ ქალებმა და მამაკაცებმა?

პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1108-ე მუხლის თანახმად, საქორწინო ასაკი არის 18 წელი, როგორც მამაკაცის, ისე ქალისთვის. ამავე მუხლის შესაბამისად, გამონაკლის შემთხვევებში თექვსმეტი წლის ასაკიდან დაიშვება ქორწინება მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი თანხმობით, ხოლო აღნიშნული პირების თანხმობის არ არსებობის შემთხვევაში, თუ დაქორწინების მსურველი პირები მიმართავენ სასამართლოს, პატივსადები მიზეზების არსებობისას (პატივსადებ მიზეზად სასამართლოს მხრიდან შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ქალის ორსულობა, ბავშვის დაბადება და სხვა) დაქორწინების ნებართვა შეუძლია გასცეს სასამართლომ. ასეთ დროს არსებული საოჯახო ურთიერთობის სწრაფად მოგვარება შეესაბამება როგორც სახელმწიფოს, ისე ამ ახალგაზრდა ოჯახის ინტერესებს. 

მეუღლეები, რომლებიც აღნიშნული წესით იქორწინებენ 16 წლის ასაკში, მოიპოვებენ სრულ ქმედუნარიანობას. აღსანიშნავია, რომ განქორწინების შემთხვევაში, სრულწლოვანების მიღწევამდე ისინი ინარჩუნებენ მოპოვებულ ქმედუნარიანობას, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ქორწინება სასამართლოს მიერ ცნობილი იქნება ბათილად.

მოქმედი კანონმდებლობა არ აწესებს დაქორწინებისთვის საჭირო მაქსიმალურ ასაკს, რაც ბუნებრივიცაა: ადამიანს თვით ხნიერ ასაკშიც კი უნდა მიეცეს ოჯახის შექმნის შანსი და დაუშვებელია მისთვის ამ უფლების ჩამორთმევა, ხოლო რაც შეეხება ქორწინების მინიმალურ ასაკს, კანონი მას აწესებს სხვადასხვა მიზეზთა არსებობის გამო, რომლებიც რეალურად ემუქრება როგორც დაქორწინების მსურველთ და მათ შვილებს, ისე ზოგადად ოჯახის ინსტიტუტს (მაგ., ადამიანი, რომელიც არის არასრულწლოვანი, თავისი ასაკის გამო არ არის ფსიქიკურად ჩამოყალიბებული, იმისათვის, რომ განსაზღვროს, თუ რა სურს ცხოვრებისაგან, არ აქვს გათვითცნობიერებული ის ტვირთი და პასუხისმგებლობა, რაც უნდა ზიდოს სხვათა, თუნდაც ახალი სიცოცხლის მიმართ).

აუცილებელია გათვალისწინებული იყოს, რომ ქორწინება ნიშნავს სანახევროდ შეამცირო საკუთარი უფლებები და ორმაგად გაზარდო შენივე მოვალეობები. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, მოქმედი კანონის თანახმად, რა ითვლება ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად?

პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი ითვალისწინებს ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებებს, რომელთა არსებობისას ქორწინების რეგისტრაცია საერთოდ აკრძალულია. კერძოდ, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებული პირია (საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია მრავალცოლიანობა); 
დაქორწინებისთვის საჭირო სხვა სავალდებულო პირობათა შორის კანონი ასახელებს დასაქორწინებელ პირთა შორის ახლო ნათესაობის არარსებობას. 
კერძოდ, არ დაიშვება ქორწინება პირდაპირ აღმავალი (მამა, დედა, პაპა, ბებია) ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის (შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი), ღვიძლ და არაღვიძლ და-ძმას შორის, მშვილებელსა და ნაშვილებს შორის და იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. აღნიშნულ პირთა შორის დაქორწინების დაუშვებლობა ეფუძნება ზნეობრივ პრინციპებს და დასაბუთებულია ბიოლოგიურადაც. 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქორწინების დამაბრკოლებელი ერთ-ერთი გარემოებაა ქორწინება იმ პირებს შორის, იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. კანონი ამ აკრძალვას აწესებს იმ მიზეზით, რომ ადამიანი ასეთ პირობებში არის შეზღუდული ქმედუნარიანობის და მას არ შეუძლია დააფიქსიროს ნამდვილი ნება, რაც წარმოადგენს ქორწინებისთვის აუცილებელ პირობას.

უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში თუნდაც ზნეობის, ერის რელიგიური ტრადიციებისა და რწმენის გამო, ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს გვერდითი შტოს ნათესაობა, მამიდის, ძმისწულის, დეიდაშვილის და სხვათა შორის ქორწინების დაუშვებლობა, რადგანაც ისინი ნათესაობის ისეთ ხარისხში იმყოფებიან, რომელიც სახიფათოა შთამომავლობისთვის. 

ქორწინებაში მყოფ პირს შეუძლია ხელახლა იქორწინოს მას შემდეგ, რაც წარმოადგენს დამადასტურებელ საბუთს, რომ იგი აღარ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ასეთი საბუთია მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, განქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.

ასეთია ის რამდენიმე პირობა, რასაც კანონმდებელი დაქორწინებას უკავშირებს. მათი დაცვა ნაკარნახევია, უპირველეს ყოვლისა, დაქორწინების მსურველი პირების, მათი შთამომავლობის, სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებით.

კითხვა: მე და ჩემს რჩეულს გვინდა საახალწლოდ ვიქორწინოთ. გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა პროცედურების გავლა მოგვიწევს იმისათვის, რომ ჩვენი ქორწინება სამართლებრივად სრულყოფილი იყოს?

პასუხი: უპირველესად განგიმარტავთ, რომ მოქმედი კანონის თანახმად, ქორწინების რეგისტრაცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე. 

თუ ერთ-ერთ დასაქორწინებელ პირს პატივსადები მიზეზების გამო არ შეუძლია გამოცხადდეს ქორწინების რეგისტრაციისთვის, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ადგილსამყოფელის გარეთ. 

ქორწინების მსურველთა განცხადებაში, რომლითაც ისინი სააგენტოს მიმართავენ, დადასტურებული უნდა იყოს, რომ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რომ დაქორწინების მსურველმა პირებმა იციან ერთმანეთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მერამდენეა თითოეული მათგანისთვის ეს ქორწინება და ჰყავთ თუ არა შვილები.

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, რომელიც მიიღებს დასაქორწინებელ პირთა განცხადებას, მოვალეა გააცნოს მხარეებს ქორწინების რეგისტრაციის წესი და პირობები, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, გააფრთხილოს ისინი, რომ პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა დამალვისთვის. 

კანონში მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირთა დაქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობის შესახებ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურში შევა განცხადება, ქორწინების რეგისტრაცია გადაიდება ამ ცნობის ნამდვილობის შემოწმებამდე. 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოიშობა კოლიზია, რაც შემდეგში მდგომარეობს:

არსებული კანონმდებლობის თანახმად, დაქორწინების მსურველ პირებს შეუძლიათ თავისი სურვილისამებრ გააფორმონ ქორწინება განცხადების შეტანის დღესვე. საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა განხორციელდეს იმის შემოწმება, არსებობს თუ არა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები? ეს საკითხი კანონმდებლობაში შეიძლება ითქვას, ღიად არის დატოვებული.
ძველი საოჯახო სამართალი ქორწინების მსურველთ მათი კავშირის გაფორმების უფლებას აძლევდა შესაბამის სახელმწიფო სამსახურში განცხადების შეტანიდან ერთი თვის ამოწურვის შემდეგ. ამ ვადის გაგრძელება მხარეთა თხოვნით ან ქორწინებისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების შემოწმების მიზნით, შესაძლებელი იყო ორი თვით. კანონმდებლის ამგვარი გადაწყვეტილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია როგორც კონკრეტული კავშირის, ისე ზოგადად ოჯახისინსტიტუტის განმტკიცებაში, რასაც ვერ ვიტყვით არსებული კანონის დანაწესზე, რომელიც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას დაუფიქრებლად, გაუაზრებლად გააფორმოთ თავიანთი კავშირი, რომლის ხანგრძლივობა ხშირ შემთხვევაში, ძალიან მცირე მონაკვეთს მოიცავს. 

აღსანიშნავია, რომ დასაქორწინებელ პირთა თხოვნით, ქორწინება ტარდება საზეიმო ვითარებაში, რაც უზრუნველყოფს დასაქორწინებელ პირებზე რეგისტრაციის დიდ მორალურ ზემოქმედებას. 

კითხვა: როდიდან ითვლება ქორწინების რეგისტრაცია დამთავრებულად და აქვს თუ არა ქორწინების მოწმობას მტკიცებულებითი მნიშვნელობა დაქორწინებული პირისთვის განსაზღვრული უფლებების მისანიჭებლად? 

პასუხი: ქორწინების რეგისტრაცია დამთავრებულად ითვლება სააქტო წიგნში ჩაწერის მომენტიდან. სააქტო წიგნში რეგისტრაციას ხელს აწერენ დასაქორწინებელი პირები, 2 მოწმე და თანამდებობის პირი. ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ, გაიცემა საქორწინო მოწმობა. აღნიშნულ დოკუმენტს მტკიცებულებითი მნიშვნელობა აქვს და ადასტურებს პირის განსაზღვრული უფლებების არსებობას.

მოკლედ უნდა შევეხოთ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოში, თუ ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, უცხოელის მონაწილეობით საოჯახო სამართალურთიერთობების წარმოშობა, მათ შორის, ქორწინება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, კერძოდ, საოჯახო სამართლით მოწესრიგებული არ არის. ერთადერთი ნორმა, რომელიც უცხოელის მონაწილეობით ქორწინებას ეხება, არის 1118-ე მუხლი, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში უცხოელთა დაქორწინებისთვის აუცილებელია მათი ქვეყნის სათანადო ორგანოების ცნობა, რომ არ არსებობს ამ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება. ეს წესი არ გამოიყენება მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც არ ცნობენ ასეთ საკანონმდებლო ნორმას და, შესაბამისად, არ მოითხოვენ მსგავს ცნობებს.

წინამდებარე სტატიაში შევეცადეთ მოკლედ გაგვეცნო დაინტერესებული მკითხველისთვის მოქმედი კანონის შესაბამისად, რა წესები და პირობები არის დადგენილი ქორწინების რეგისტრაციისთვის, ასევე შევეხეთ საოჯახო კანონმდებლობაში არსებულ ისეთ საკითხებს, რომლებიც დახვეწას ან დარეგულირებას საჭიროებს. თუ აღნიშნულთან დაკავშირებით კვლავ გექნებათ კონკრეტული შეკითხვები, შეგვეხმიანეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დაუყოვნებლივ გაგიწევთ კონსულტაციას. 

ირინე ღლონტი