ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ - #2(182), 2015
ჩვენი რუბრიკის მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, დღეს მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით – განვმარტავთ, არიან თუ არა ვალდებული მემკვიდრეები მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები; როგორი წესითა და ოდენობით გადაიხდიან ისინი სამკვიდროს დამტოვებლის ვალებს, როცა მემკვიდრეთა რიცხვი რამდენიმეა: ეკისრება თუ არა მამკვიდრებლის კრედიტორთა დაკმაყოფილებისა და ვალების გადახდის ვალდებულება ხაზინას, როცა სამკვიდროს დამტოვებელს არ ჰყავდა მემკვიდრე ან მთელი სამკვიდრო ქონება მასზე გადავიდა; არის თუ არა კანონით დაშვებული რაიმე გამონაკლისი სამკვიდროს დამტოვებლის მიერ კრედიტორთა დაკმაყოფილებისა და ვალების გასტუმრების დროს იმ მემკვიდრეთა მიმართ, რომლებიც მხოლოდ სავალდებულო წილი მიიღეს და პასუხს გავცემთ ჩვენს მკითხველთა კონკრეტულ შეკითხვებს.

მემკვიდრე მამკვიდრებლის არა მხოლოდ უფლების, არამედ მოვალეობის მონაცვლეა. ამიტომ მემკვიდრეები, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, კანონის თანახმად ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები. 

როდესაც რამდენიმე მემკვიდრეა, თითოეული მათგანი (მიუხედავად იმისა, კანონით მემკვიდრეა, თუ ანდერძით) პასუხისმგებელია მამკვიდრებლის ვალებზე აქტივის ფარგლებში თითოეულის მიღებული წილის პროპორციულად, ასეთივე მოვალეობა ეკისრება ხაზინასაც, თუ უმკვიდრო ქონება მასზე გადავიდა. შესაძლებელია მათი სოლიდარული პასუხისმგებლობაც. მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს, თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო. მემკვიდრეს, რომელიც გადაიხდის ასეთ ვალს, უფლება აქვს რეგრესული მოთხოვნა წაუყენოს სხვა მემკვიდრეებს თითოეული წილის პროპორციულად. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ თუ ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეული მათგანი ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა თავ-თავის სამკვიდრო წილის შესაბამისად. ეს წესი არ იმოქმედებს მაშინ, როცა მოთხოვნა განუყოფელია. ეს ნორმა იმაზე მიუთითებს, რომ თითოეული მემკვიდრე სოლიდარულად აგებს პასუხს, მაგრამ სამკვიდრო წილის ფარგლებში.

კითხვა: უშვებს თუ არა კანონი გამონაკლისს იმ მემკვიდრეთა მიმართ, რომლებმაც მხოლოდ სავალდებულო წილი მიიღეს?

პასუხი: კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ მემკვიდრეების მიმართ, რომლებმაც სავალდებულო წილი მიიღეს. ისინი ვალდებულები არიან მამკვიდრებლის ვალებისთვის.

რაც შეეხება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, მისი პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში, წილი, რომელიც მას ეკუთვნოდა, შედის სამკვიდრო მასაში და გადადის მემკვიდრეებზე. აღნიშნული საზოგადოების წესდებას არ შეუძლია აკრძალოს წილის მემკვიდრეობითობა, მაგრამ შეუძლია მოაწესრიგოს მემკვიდრეების პარტნიორად მიღების საკითხი. პარტნიორის გარდაცვალებისას მის მემკვიდრეებზე გადადის შპს-ში წევრობა ისეთივე მოცულობითა და ოდენობით, როგორიც სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა სამკვიდროს გახსნისას. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ მემკვიდრეს უფლება აქვს მამკვიდრებლის (პარტნიორის) ფუნქციების შესრულებას შეუდგეს მანამ, ვიდრე მემკვიდრეობა მასზე ოფიციალურად გაფორმდება. თუ მემკვიდრე რამდენიმეა, წილი გადადის მათ საერთო საკუთრებაში.

კითხვა: იქნებ დეტალურად აგვიხსნათ, როდის და როგორ განისაზღვრება სამკვიდროს ღირებულება, რომლის ფარგლებშიც ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება? 

პასუხი: სამკვიდრო ღირებულება, რომლის ფარგლებში ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება, განისაზღვრება სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის. სამკვიდროსთვის ყოველგვარი შემატება სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდროს ღირებულებაში არ ჩაითვლება. მაგალითად, ქირა სამკვიდროს სარგებლობისთვის სამკვიდროს გახსნიდან მის მიღებამდე. ამასთან სამკვიდროს ღირებულებიდან არ გამოირიცხება ხარჯები, რომელთა გადახდა სამკვიდროს გახსნის შემდეგ ევალებათ მემკვიდრეებს. მაგალითად, ბაჟის გადახდა სამკვიდროს მოწმობის მიღებისას.

როგორ აღვნიშნეთ, მემკვიდრეები ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ კრედიტორები თავ-თავიანთ წილის პროპორციულად; თუ სამკვიდრო მხოლოდ ერთმა მემკვიდრემ მიიღო, ცხადია, ის პასუხს აგებს მამკვიდრებლის ყველა ვალზე, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში, მაგრამ როცა სამკვიდრო რამდენიმე მემკვიდრემ მიიღო, აუცილებელია განისაზღვროს თითოეულის წილის ღირებულება და პროპორცია მთელი სამკვიდროს ღირებულებასთან. ზოგ შემთხვევაში ასეთი პროპორცია იმდენად ნათელია, რომ არავითარ გამოთვლას არ საჭიროებს. მაგალითად, თუ მემკვიდრეზე გადავიდა სამკვიდროს ნახევარი, ის პასუხს აგებს სამკვიდროში შემავალი ვალების ნახევარზე. საკითხი უფრო რთულდება, როცა ანდერძში მითითებულია ცალკეული ნივთები, რომლებიც უნდა გადავიდეს განსაზღვრულ მემკვიდრეებზე. ასეთ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ამ ნივთების ღირებულება და უნდა დადგინდეს საჭირო პროპორცია, მათი ღირებულების შეფარდებით სამკვიდროს ღირებულებასთან. მაგალითად, თუ იმ ქონების ღირებულება, რომელიც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო, შეადგენს 400 ლარს, სამკვიდროს ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, ხოლო მამკვიდრებლის ვალები – 100 ლარს, მაშინ ამ მემკვიდრემ მამკვიდრებლის ვალების დასაფარად უნდა გადაიხადოს 40 ლარი ((400:1000)X100=40). შეიძლება მოხდეს ისეც, რომ მამკვიდრებლის ვალები უფრო მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე მემკვიდრის მიერ მიღებული წილის ღირებულება. თუ სამკვიდრო ქონება ნოტარიუსის მიერ იყო აღწერილი, საქმე მარტივად გადაწყდება და მემკვიდრე ვალის გადახდისგან გათავისუფლდება, მაგრამ, თუ სამკვიდროს აღწერა არ ჩატარებულა, მაშინ მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს. საბოლოო სიტყვა ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ეკუთვნის. 
როგორც ცნობილია, საანდერძო დანაკისრის მიმღები პირის მიმართ მემკვიდრეებს ეკისრებათ განსაზღვრული ვალდებულებები, მაგრამ ეს ვალდებულებები მემკვიდრეებმა უნდა შეასრულონ მამკვიდრებლის ვალების გადახდის შემდეგ დარჩენილი ქონებიდან. ამიტომ, თუ მოხდა ისე, რომ ანდერძით მემკვიდრემ უკვე გადასცა ქონება საანდერძო დანაკისრის მიმღებს, შემდეგ კი გამოირკვა, რომ მამკვიდრებელს ჰყავს კრედიტორები და დარჩენილი ქონება საკმარისი არ არის მათ დასაკმაყოფილებლად, მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს დანაკისრის მიმღებისგან ქონების ან მისი ნაწილის უკან დაბრუნება.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, არის თუ არა კანონით განსაზღვრული ვადები, რომელთა განმავლობაში კრედიტორებს თავიანთი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ და თუ არის, რა შემთხვევაში გამოიწვევს დადგენილი ვადების დარღვევა კრედიტორის მიერ ვალის გადახდის მოთხოვნის უფლების დაკარგვას? 

პასუხი: მამკვიდრებლის კრედიტორებმა სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეებს ვალის გადახდის მოთხოვნა უნდა წარუდგინონ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობების მიღებიდან. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როდის დადგა გადახდის მოთხოვნის უფლება; შეიძლება არც იყოს ჯერ დამდგარი ვალის გადახდის ვადა. კრედიტორმა მაინც უნდა წარადგინოს მოთხოვნა. სხვა შემთხვევაა, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ და გაიგეს მოთხოვნის ვადის დადგომის დღეს ან უფრო ადრე. მაშინ მათი მოთხოვნა მემკვიდრეებს უნდა წარუდგინონ მოთხოვნის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში. მაგალითად, თუ მამკვიდრებელსა და კრედიტორს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ვალის გადახდა უნდა მომხდარიყო ორი წლის თავზე, მაგრამ მემკვიდრე ხელშეკრულების დადებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა და კრედიტორმა სამკვიდროს გახსნის შესახებ არაფერი იცოდა, მაშინ მას უფლება აქვს ვალის გადახდის მოთხოვნა წარუდგინოს მემკვიდრეს ერთი წლის განმავლობაში, არა სამკვიდროს გახსნიდან, არამედ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან. ამ შემთხვევაში მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან გასულ ერთ წელს დაემატება ის ერთწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა იქნეს მოთხოვნა წაყენებული. ზემოაღნიშული წესების დაუცველობა, ანუ დადგენილი ვადების გადაცილება, გამოიწვევს კრედიტორების მიერ ვალის გადახდის მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლით, მკურნალობითა და დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით. კრედიტორების მოთხოვნის ვადა არ ვრცელდება აგრეთვე მესამე პირის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ეხება ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობას და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვას მემკვიდრეებისგან. აღნიშნული ყველა მოთხოვნის მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადები. თუ კრედიტორმა მოთხოვნა წარადგინა ვადაზე ადრე, ანუ ხელშეკრულების შესრულების განსაზღვრულ ვადამდე, მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს მოთხოვნის შესრულების ვადა ამ დღემდე. მაგალითად, თუ მამკვიდრებლის მიერ სესხად მიღებული ფულის გადახდის ვადა მისი გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე დადგება, მემკვიდრეს უფლება აქვს ამ ვალის გადახდის მოთხოვნა გადაავადოს ორი წლით.

კითხვა: ვის ენიჭება უპირატესობა ვალის დაფარვის დროს, თუ კრედიტორები ჰყავთ მემკვიდრეებსაც?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია, კრედიტორები ჰყავდეთ მემკვიდრეებსაც და სწორედ სამკვიდროს გახსნა და მისი მიღება გახდეს საფუძველი ვალის დაფარვის მოთხოვნის წარდგენისას. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მამკვიდრებლის კრედიტორებს. 

კრედიტორთა დაკმაყოფილება უმკვიდრო ქონებიდან უნდა მოხდეს სახელმწიფოსთვის მოთხოვნის წაყენების საფუძველზე.

თუ მამკვიდრებელმა ქონება თავის კრედიტორს უანდერძა, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის მოთხოვნის უფლების გაქვითვად. სამართლებრივად ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს ვალდებულებაში მოვალისა და კრედიტორის უფლება-მოვალეობების ერთი პირის ხელში თავმოყრას. როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირია, ვალდებულება უნდა შეწყდეს. ვალდებულების შეწყვეტა ლოგიკურია ყველა შემთხვევაში, როცა მამკვიდრებელმა მთელი თავისი ქონება უანდერძა პირს, რომელიც მისი ერთ-ერთი კრედიტორია. 

კითხვა: როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, იმ შემთხვევაში, როცა კრედიტორის გარდა სხვა მემკვიდრეებიც არიან მოწვეულნი სამკვიდროს მისაღებად და ქონება, რომელიც კრედიტორს ეანდერძა, მის მოთხოვნაზე ნაკლებია? აქვს თუ რა ასეთ შემთხვევაში კრედიტორს (რომელიც ანდერძით მემკვიდრეცაა) უფლება, მოითხოვოს სხვა მემკვიდრეებისგან მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც ნაანდერძები ქონებით არ დაიფარა? 

პასუხი: უნდა ჩავთვალოთ, რომ ასეთი მოთხოვნის უფლება მას აღარ აქვს, თუ სამკვიდროს მიიღებს, მაგრამ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას მემკვიდრეობაზე და სხვა მემკვიდრეებისგან მოითხოვოს დაკმაყოფილება.

კრედიტორთა მოთხოვნები მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამე არ არის დადგენილი. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ერთი გარემოება, რომ თუ კრედიტორები და მემკვიდრეები ამის შესახებ მიაღწევენ ურთიერთშეთანხმებას, ისინი ვალებს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ნაწილ-ნაწილ გადაიხდიან.

კითხვა: ეკისრებათ თუ არა მემკვიდრეებს, მამკვიდრებლის ვალების გარდა, დააბრუნონ სხვა პირების ქონება, რომელსაც მამკვიდრებელი უსაფუძვლოდ ფლობდა?

პასუხი: იმ ქონების დაბრუნება, რომელიც არ ეკუთვნოდა მამკვიდრებელს, არ ნიშნავს მამკვიდრებლის ვალების გადახდას. ასეთი ქონების დაბრუნების ვალდებულება არ შეიძლება შეტანილი იქნეს სამკვიდროს პასივის შემადგენლობაში. კრედიტორებს არ შეუძლიათ მოითხოვონ დაკმაყოფილება იმ ქონებიდან, რომელიც მამკვიდრებელს არ ეკუთვნოდა მის სიცოცხლეში.

სამოქალაქო სამართლის სფეროში შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, მოვალის გარდაცვალების შემდეგ ხშირ შემთხვევაში მისი მემკვიდრეები განზრახ არ იღებენ სამკვიდროს, ძირითადად _ უძრავ ქონებას, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, სამკვიდროს მოწმობის მიღების გზით, რათა არ მოხდეს ამ ქონებაზე აღსრულების მიქცევა, მაშინ როდესაც მემკვიდრეებს ეს ქონება ფაქტიური ფლობით მიღებული აქვთ, რის გამოც კრედიტორებს უჭირთ თავიანთი უფლებების დაცვა. ამ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ~ საქართველოს კანონის სუბიექტებს შორის ურთიერთობისას. ხშირ შემთხვევაში მესაკუთრე გარდაცვლილია და მისი მემკვიდრეები სამკვიდროს არ იღებენ, ან მესაკუთრეს მემკვიდრე არ ჰყავს.

კითხვა: ვარ დაზარალებული კრედიტორი. ვიცავ ჩემს უფლებებს სასამართლოს მეშვეობით. მაინტერესებს ერთი საკითხი – ვინ უნდა იყოს მოპასუხე, თუ მემკვიდრეები არ იღებენ სამკვიდროს ან თუ მემკვიდრე უცნობია, ანდა საერთოდ არ არსებობს?

პასუხი: აღნიშნული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია თავიდანვე იყოს გარკვეული ორი საკითხი: თქვენ, როგორც კრედიტორი, სანამ სარჩელს აღძრავდით ან აღძრავთ სასამართლოში, მოვალე მანამდე გარდაიცვალა, თუ მოვალე გარდაიცვალა საქმის განხილვის პერიოდში. პირველი შემთხვევის დროს ანუ როდესაც მოვალე უკვე გარდაცვლილია და კრედიტორი სარჩელს აღძრავს, ამ უკანასკნელს შეუძლია სარჩელი აღძრას მემკვიდრეების მიმართ. მათ შესაძლოა მემკვიდრეობა სანოტარო წესით მიღებული არ აქვთ, მაგრამ სამკვიდროს ფაქტობრივად დაეუფლნენ. ასეთ შემთხვევაში საქმეში მოპასუხედ მოწვეული იქნება ყველა მემკვიდრე (ვისაც კრედიტორი ჩართავს), ხოლო თუ მოწვეულმა მოპასუხეებმა განაცხადეს, რომ ისინი უარს ამბობენ მემკვიდრეობაზე, მაშინ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დაისმება საკითხი სათანადო მოპასუხის ჩართვასთან დაკავშირებით და საქმეშიმოპასუხედ სახელმწიფო ჩაერთვება. რეალურად, როდესაც მემკვიდრეები აღმოჩნდებიან თავიანთი ქონების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, იმთავითვე ცხადია, რომ არც ერთი მათგანი (თანამოპასუხეების შემთხვევაში) არ დაეთანხმება მოპასუხის შეცვლას და პროცესზე ცხადი გახდება, რომ მემკვიდრეები (მოპასუხეები) დასახელებული პირები არიან, ხოლო თუკი ისინი განაცხადებენ, რომ არ არიან მემკვიდრეები, მაშინ საქმეში ჩაებმევა სახელმწიფო. 

თუ უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით, აღსრულება უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით. როდესაც მოვალე გარდაიცვალა საქმის განხილვის პერიოდში, საქმე შეჩერდება უფლებამონაცვლის დადგენამდე, ხოლო განახლების დროს განჩინებით დადგინდება, რომ ის პირი, რომელიც დაეუფლა ქონებას, არის მემკვიდრე და შესაბამისად, იგი იქნება ჩაბმული საქმეში. იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე უცნობია, ამოქმედდება სათანადო მექანიზმი და უკვე საქმეში უფლებამონაცვლედ სახელმწიფო ჩაებმება. 

ირინე ღლონტი