ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობები - #4(184), 2015
მეუღლეთა სახელშეკრულებო ქონებრივი ურთიერთობები შეიძლება მოწესრიგდეს საქორწინო ხელშეკრულებით, რომელიც სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი უძველესი სამართლებრივი ინსტიტუტია. 

ჩვენი ჟურნალის მკითხველთა ინტერესის გათვალისწინებით, დღეს სწორედ აღნიშნული საკითხის სამართლებრივ რეგულირებაზე ვისაუბრებთ და პასუხს გავცემთ მიღებულ შეკითხვებს. 

საქორწინო ხელშეკრულების სათავეს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იღებს. პირველი წერილობითი დოკუმენტი გვხვდება ძველ საბერძნეთში, რომსა და ეგვიპტეში. ამ დროს ქალი და მამაკაცი აფორმებდნენ შეთანხმებას, რომლითაც ადგენდნენ როგორც მათ შორის ქონებრივ ურთიერთობას, ასევე ერთობლივად შეძენილი ქონების მემკვიდრეობის საკითხსაც. ასეთი რამ საძრახისად ან სამარცხვინოდ არ ითვლებოდა და მომავლის „დაზღვევა~ საკმაოდ გავრცელებული იყო. მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტის აღდგენა მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. ინგლისში, XIX საუკუნის ბოლომდე „საერთო სამართლის~ (ცომმონ ლაწ) შესაბამისად, მეუღლეთა ქონება ქმრის საკუთრებად ითვლებოდა და ის ქონებაც კი, რომელსაც ცოლი ქორწინებამდე ფლობდა ქმრის საკუთრებაში გადადიოდა. 

კითხვა: თუ არის ცნობილი, რომელ ქვეყანაში მიიღეს პირველად კანონი, რომელიც დაიცავდა გათხოვილი ქალების ქონებრივ უფლებებს? 

პასუხი: 1882 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი „გათხოვილი ქალებისქონების შესახებ~. კანონის თანახმად, გათხოვილ ქალებს მიეცათ უფლება გაეფორმებინათ ხელშეკრულებები ქონებაზე, მემკვიდრეობით გადაეცათ იგი და სხვა. ეს იყო პირველი მცდელობა მეუღლე ქალბატონების ქონების კანონის ძალით დაცვისათვის. საგულისხმოა ის გარემოება, რომ როგორც ძველი დროის საქორწინო ხელშეკრულების დიდი უმრავლესობა, ისე დღეისათვის ბევრ ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს შეთანხმებას როგორც მეუღლეთა ქონებრივ, ისე პირად უფლება-მოვალეობებზე. 
საქართველოში საქორწინო ხელშეკრულების ინსტიტუტი მხოლოდ 1997 წლის 25 ნოემბრიდან დაკანონდა, როცა ძალაში შევიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, თუმცა იქვე აიკრძალა მისი მეშვეობით მეუღლეთა პირადი უფლებების დარეგულირება, რაც სავსებით სწორად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მხოლოდ სიყვარულზე, ნებაყოფლობითობაზე და ნდობაზე დაფუძნებული ქორწინება შეიძლება იყოს მტკიცე და ხანგრძლივი. საქორწინო ხელშეკრულებით დარეგულირებული ქონებრივი ურთიერთობები ის ზედნაშენია, რომელსაც სიყვარულის ძალა განამტკიცებს და ერთობლივი ცხოვრება წარმოშობს. 
ხელშეკრულების გაფორმებისას მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგიერთი ნორმა და ქონებრივი უფლება-მოვალეობები გადაწყვიტონ საკუთარი შეხედულებისამებრ. 

კითხვა: გთხოვთ, დეტალურად აგვიხსნათ, როგორი წესით იდება საქორწინო ხელშეკრულება, შეიძლებათუ არა მისი დადება სანოტარო წესით დამოწმების გარეშე და რა აუცილებელი რეკვიზიტები უნდა გააჩნდეს საქორწინო ხელშეკრულებას? 

პასუხი: საქორწინო ხელშეკრულება, როგორც ქონებრივი კონტრაქტის ნაირსახეობა, იდება განსაზღვრული ფორმითა და წესით. კანონი იმპერატიულად ითხოვს მის დადებას წერილობით და სანოტარო წესით დადასტურებას. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება საქორწინო ხელშეკრულება დაიდოს ზეპირად ან მარტივი წერილობითი ფორმით, სანოტარო წესით დადასტურების გარეშე. 
სანოტარო დადასტურება სანოტარო დამოწმებისგან იმით განსხვავდება, რომ ამ დროს დგება ხელშეკრულების მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება და არა ხელშეკრულების შინაარსის კანონიერების შემოწმება. 
საქორწინო ხელშეკრულებას უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ხელშეკრულებისთვის აუცილებელი რეკვიზიტები. მათ მიეკუთვნება: ხელშეკრულების დადების ადგილი და თარიღი; იმ პირთა ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი, რომელთა შორისაც იდება ხელშეკრულება; ხელშეკრულების შინაარსი და ხელშეკრულების მხარეთა ხელმოწერები. 

საქორწინო ხელშეკრულების ძირითადი ნაწილია მისი შინაარსი, რომელშიც გადმოცემულია მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობის ყველა ნიუანსი. საქორწინო ხელშეკრულება მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ უნდა დადასტურდეს სანოტარო ორგანოს მიერ. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი რჩება სანოტარო ორგანოში, ხოლო თითო-თითო გადაეცემა ხელშეკრულების მონაწილე მეუღლეებს. მეუღლეებს შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულება ძალაშია მისი სანოტარო წესით დადასტურების მომენტიდან და მოქმედებს ქორწინების მთელი პერიოდის განმავლობაში. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქმედი კანონის თანახმად საქორწინო ხელშეკრულება ითვალისწინებს მეუღლეთა შორის შეთანხმებას მხოლოდ ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას; იგი შესაძლებელია დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდეც, ხოლო ძალაში მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან შედის. 

კითხვა: შეიძლება თუ არა საქორწინო ხელშეკრულება დაიდოს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ და არის თუ არა კანონით განსაზღვრული გარკვეული ვადა, რომლის შემდეგაც ცოლ-ქმარს ეკრძალება მსგავსი ხელშეკრულების დადება? 

პასუხი: საქორწინო ხელშეკრულება გარკვეული ვადით ან უვადოდ შეიძლება დაიდოსრეგისტრირებული ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს შორის ნებისმიერ დროს, დაქორწინების ვადის მიუხედავად. ინდივიდუალური საკუთრება არის ქონება (როგორც მოძრავი, ასევე უძრავი), რომელიც მეუღლეს ეკუთნოდა დაქორწინებამდე, ასევე ქონება, რომელიც მეუღლემ ქორწინების განმავლობაში მიიღო მემკვიდრეობით ან ჩუქებით; ამიტომ თითოეულ მეუღლეს უფლება აქვს მეორე მეუღლისგან დამოუკიდებლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს იმ ქონებას, რომელიც მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს. ინდივიდუალურ საკუთრებას განეკუთვნება აგრეთვე ის ნივთები, რომლებიც შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრებით, მაგრამ განკუთვნილია ერთ-ერთი მათგანის ინდივიდუალური სარგებლობისთვის. ასეთია მაგალითად; ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყურე, ყელსაბამი, კოსმეტიკური ნივთები და სხვა. 

კითხვა: მიეკუთვნება თუ არა ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებს ძვირფასეულობა? 

პასუხი: არა, არ მიეკუთვნება; კანონი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთებიდან გამორიცხავს ძვირფასეულობას. ძვირფასეულობას მიეკუთვნება ისეთი ნივთები, რომლებიც არაა აუცილებელი ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად: ძვირფასი ლითონებისა და იშვიათი ქვებისაგან დამზადებული საგნები, ანტიკვარული ნივთები და სხვა. 

აღსანიშნავია, რომ კანონი ცალკე გამოყოფს პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთებს, როგორიცაა: მუსიკოსისათვის მუსიკალური ინსტრუმენტები, ექიმისათვის საექიმო კაბინეტის მოწყობილობები, სპორტსმენისათვის სპორტული ინვენტარი და ა.შ. თანასაკუთრების გაყოფისას პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები, თუნდაც ისინი შეძენილი იყოს საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისთვის სჭირდება, ხოლო მეორე მეუღლეს მიეცემა მათი საერთო ღირებულების ნახევარი ფულადი ანაზღაურების სახით. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორც ქორწინების პერიოდში, ისე განქორწინების შემთხვევაში ვისი საკუთრებაა საბანკო ანაბრები, აქციები და სხვა რაიმე ქონებრივი წილი, რომელიც გახსნილია (შეძენილია) ერთ-ერთი მეუღლის მიერ ქორწინების განმავლობაში, ასევე პროცენტები (დივიდენდები) მათზე? 

პასუხი: სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეული ქონება, საბანკო ანაბრები, აქციები და სხვა რაიმე ქონებრივი წილი, რომლებიცგახსნილია (შეძენილია) ქორწინების განმავლობაში, ასევე პროცენტები (დივიდენდები) მათზე, წარმოადგენს როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე განქორწინების შემთხვევაშიც იმ მეუღლის საკუთრებას, რომლის სახელზეც არის გახსნილი (გაფორმებული) ეს ქონება. საბანკო პროცენტების და დივიდენდების განაწილებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მეუღლეთა შორის ცალკე შეთანხმება. 

მნიშვნელოვანია, რომ საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი, რაც გამოიხატება იმით, რომ მთელი თავიანთი ქონება გააერთიანონ ერთ საერთო საკუთრებად, რომელსაც დაემატება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება) ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე. მეუღლეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და იმ ქონების ოდენობა, რომელიც გადაეცემა თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას. 

კითხვა: შეიძლება თუ არა, საქორწინო ხელშეკრულება დაიდოს იმ ქონებაზე, რომელსაც მეუღლეები მომავალში შეიძენენ? 

პასუხი: საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. საქორწინო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს განსაზღვრული ვადით ან ამა თუ იმ პირობების დადგომით. მეუღლეები უფლებამოსილნი არიან თავიანთვის დაადგინონ რეჟიმი, რომელიც მოიცავს ქონების განცალკევების ან მათი ერთიანობის ცალკეულ ნიშნებს. მაგალითად, მიმდინარე შემოსავლები მომავალში იყოს მეუღლეთა საერთო საკუთრება, ხოლო სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება კი განცალკევებული. ხელშეკრულებაში მეუღლეებმა შეიძლება გაითვალისწინონ წილობრივი ხასიათი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, მათ შორის საცხოვრებელ ფართობზე. მაგალითად, ხელშეკრულებაში მიუთითონ, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე ერთი მეუღლის წილი შეადგენს ј-ს, ხოლო მეორის – ѕ-ს. ამავე დროს არ არის გამორიცხული, რომ მეუღლეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თითოეული მათგანის მიერ შეძენილი ქონება შეადგენდეს მის ინდივიდუალურ საკუთრებას. მოქმედი კანონის თანახმად საქორწინო ხელშეკრულება შესაძლებლობას იძლევა მეუღლეებმა (ან დასაქორწინებელმა პირებმა) თავიანთი შეხედულებით განსაზღვრონ ქონებრივი უფლება-მოვალეობანი, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია საქორწინო ხელშეკრულებით შეიცვალოს პირადი ქონებრივი ერთიანობის ხასიათი, კერძოდ, შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და დავის შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. 

კითხვა: იქნებ აგვიხსნათ, რა ვადით შეიძლება დაიდოს საქორწინო ხელშეკრულება და აძლევს თუ არა კანონი უფლებას შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს დადოს ასეთი ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე? 

პასუხი: საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც განუსაზღვრელი, ისე განსაზღვრული ვადით და ზოგჯერ დაუკავშირდეს გარკვეული პირობების არსებობას. მაგალითად, ხელშეკრულებით გაითვალისწინონ, რომ ბავშვის დაბადებამდე მათი ქონება იქნება განცალკევებული, ხოლო დაბადების შემდეგ – საერთო ან პირიქით. 

შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირს ქორწინების რეგისტრაციამდე შეუძლია დადოს საქორწინო ხელშეკრულება მხოლოდ კანონიერი წარმომდგენლის თანხმობით. მოქმედი კანონის თანახმად, საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისთანავე. თუმცა, შესაძლებელია იგი შეწყდეს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ნებისმიერ დროს. 

კითხვა: შეიძლება თუ არა საქორწინო ხელშეკრულება შეწყდეს მეუღლეთა ცალმხრივი უარის შემთხვევაში? 

პასუხი: არა, კანონი ამის შესაძლებლობას არ უშვებს და თვლის, რომ საქორწინო ხელშეკრულების შეწყვეტა აღნიშნული საფუძვლით დაუშვებელია. საქორწინო ხელშეკრულების დადება კანონით სავალდებულო არ არის. 

შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ (როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს) მან ქართულ სინამდვილეში განსაკუთრებული დაინტერესება დღემდე ვერ ჰპოვა, მაშინ როდესაც განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში ერთხმად აღიარებენ, რომ საქორწინო ხელშეკრულება სრულიად საკმარისი და ხელსაყრელი პირობაა მეუღლეთა შორის წარმოშობილი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად (განსაკუთრებით, ქონებრივ და ფინანსურ ნაწილში). იგი ამსუბუქებს მეუღლეთა დამოკიდებულებას განქორწინებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი და მომაბეზრებელი სასამართლო პროცესების მიმართ. 

ირინე ღლონტი