ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
კანონის მოთხოვნათა დარღვევით ქორწინების რეგისტრაციის სამართლებრივი შედეგები - #5(185), 2015
დღეს იურიდიულ კონსულტაციას იმ პირებს გავუწევთ, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ქორწინების რეგისტრაციის სამართლებრივი შედეგების განმარტებით არიან დაინტერესებული. კერძოდ, გვირეკავენ, გვეკითხებიან და გვთხოვენ ვაცნობოთ, რა გარემოებები ითვლება კანონის დარღვევად ქორწინების რეგისტრაციის დროს, რომელ სახელმწიფო ორგანოს აქვს უფლება გააუქმოს ფიქციური ქორწინება; რა გარემოებები შეიძლება გახდეს ქორწინების გაბათილების საფუძველი და სხვა. 

ვასრულებთ მათ თხოვნას და განვმარტავთ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს არამარტო ქორწინების წესსა და პირობებს, არამედ კონკრეტულად მიუთითებს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ქორწინების გაბათილება. სამართლის მეცნიერება ქორწინების განსაზღვრისას გამოდის იქიდან, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან ქორწინების სხვა სარეგისტრაციო ორგანოში. 

ქორწინების ბათილობა წარმოადგენს იმ ნორმალური იურიდიული შედეგების გაუქმებას, რომლებსაც კანონი ნამდვილ ქორწინებასთან აკავშირებს. იგი დგება მაშინ, როცა დარღვეულია ქორწინების აუცილებელი პირობები, ან ქორწინება მომხდარია იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობისას, რომლის დროსაც ქორწინება აკრძალულია, ან კიდევ, მომხდარია ყველა ფორმალური ნიშნის დაცვით, მაგრამ იმ განზრახვის გარეშე, რომ ნამდვილად შექმნილიყო ოჯახი. ქორწინების ბათილად ცნობა იმას ნიშნავს, რომ მას თავიდანვე არ წარმოუშვია ის იურიდიული შედეგები, რაც მოსდევს ნამდვილ ქორწინებას.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, განსხვავდება თუ არა ქორწინების გაბათილება, ქორწინების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობისაგან?

პასუხი: დიახ, განსხვავდება; ქორწინების შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა ისეთი შემთხვევაა, როცა ქორწინების რეგისტრაცია მომხდარია კანონით დადგენილი ძირითადი წესების დარღვევით. მაგალითად, ქორწინების რეგისტრაციას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ქორწინება გაფორმდა მხოლოდ ეკლესიაში, დასაქორწინებელი ერთ-ერთი პირის ნაცვლად სხვა პირი ღებულობს მონაწილეობას რეგისტრაციაში და ა.შ. ასეთი ქორწინება ითვლება არშემდგარ ქორწინებად. მას პირობითად შეიძლება ეწოდოს ქორწინება. იურიდიულად იგი არ არსებობს და არც რაიმე სამართლებრივ შედეგს წარმოშობს. ასეთ ქორწინებაში გაჩენილი ბავშვი ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში გაჩენილად, ქორწინების გარეშე დაბადებულად, აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. 

ქორწინების რეგისტრაციის პირობების უმნიშვნელო დარღვევა, მაგალითად, ჯანმრთელობის შესახებ არაარსებითი ცნობების დამალვა არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ქორწინება ჩაითვალოს არშემდგარად ან მით უმეტეს – ბათილად. პრაქტიკაში ზოგჯერ ბათილი და არშემდგარი ქორწინება ერთი და იგივედ მიაჩნიათ, რაც არასწორია.

პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება ცნობილი გახდა ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ ერთი მეუღლე ცდილობს შეცდომის გამოსწორებას, მეორე კი ამის წინააღმდეგია და ყოველნაირად ცდილობს მიაღწიოს ქორწინების შენარჩუნებას. ამის გამო კეთილსინდისიერ მეუღლესა და მეორე მეუღლეს შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობანი. მიუხედავად ამისა, მას ხელახლა დაქორწინება მაინც არ შეუძლია, რადგან ქორწინება, რომელშიც იგი ფორმალურად იმყოფება, ჯერ კიდევ არ გაბათილებულა სასამართლოს მიერ. 
გაბათილების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან მოხდება მისი რეგისტრაცია სარეგისტრაციო ორგანოში და ყოფილ მეუღლეებს მიეცემათ ქორწინების ბათილობის მოწმობა. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ სხვაზე დაქორწინება. აქედან გამომდინარე, ქორწინების გაბათილების შესახებ სასამართლომ უნდა აცნობოს იმ სარეგისტრაციო ორგანოს, რომელმაც გააფორმა აღნიშნული ქორწინება. თვით სარეგისტრაციო ორგანოს კი არ შეუძლია ქორწინების გაბათილება იმ შემთხვევაშიც, როცა ორივე მეუღლე ითხოვს მის გაბათილებას. ორივე მეუღლის თანხმობის შემთხვევაში სარეგისტრაციო ორგანოს მხოლოდ მათი განქორწინების უფლება აქვს და არა ქორწინების გაბათილებისა.

ქორწინების გაბათილება, როგორც სანქციისგანსაკუთრებული სახე, მეუღლეთა მიმართ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა მექორწინეთა განზრახვა კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით გატარებულიყვნენ ქორწინების რეგისტრაციაში. მაგრამ პრაქტიკაში არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მეუღლეებმა არაფერი იცოდნენ იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც კრძალავენ ქორწინების შესაძლებლობას. მაგალითად, შესაძლებელია მათ არ იცოდნენ ის, რომ არაღვიძლი და-ძმა ყოფილან, რაც განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ გახდა ცნობილი. ასეთ შემთხვევაში ქორწინება წყდება სასამართლოში ამ გარემოებების დადგენის მომენტიდან, მაგრამ აღნიშნულ დრომდე გასული პერიოდისათვის იგი წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, იწვევს თუ არა ქორწინების ბათილობას საქორწინო ასაკის დარღვევა?

პასუხი: საქორწინო ასაკის დარღვევა იწვევს ქორწინების ბათილობას. იგივე შედეგი დგება მაშინ, როცა საქორწინო ასაკი არ ყოფილა შემცირებული სასამართლოს მიერ. ასეთ შემთხვევაში ქორწინების ბათილობის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს, რომელიც საქორწინო ასაკის დადგომამდე დაოჯახდა; ასევე არასრულწლოვანი მეუღლის მშობლებს, მეურვეს, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. თუ საქმის განხილვისას არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა, ქორწინება შეიძლება გაბათილდეს მხოლოდ მისი მოთხოვნით. 

სასამართლომ შეიძლება ბათილად ცნოს ისეთი ქორწინება, რომელიც გაფორმდა: იმ პირებს შორის, რომელთაგანაც თუნდაც ერთი სხვა ქორწინებაში იმყოფება; პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის, თუნდაც ქორწინების დროს ამის შესახებ მათ არ სცოდნოდათ; ღვიძლ და არაღვიძლ და-ძმას, ასევე არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ქორწინებისას გამორიცხულია სისხლის აღრევასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები; იმ პირებს შორის, რომელთაგანაც თუნდაც ერთ-ერთი სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ. 

კითხვა: მოქმედი კანონის თანახმად, ვის აქვს ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საფუძვლით?

პასუხი: ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიც დარღვეულია ამ ქორწინებით. თუ სასამართლოიხილავს სულით ავადმყოფ ან ჭკუასუსტ ქმედუუნარო პირთან ქორწინების ბათილობის საკითხს, მაშინ საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ასეთი პირის მეურვის ჩაბმა აუცილებელია. თუ ქორწინების პერიოდში ერთ-ერთი მეუღლე ამავე მიზეზით ცნობილი იქნა ქმედუუნაროდ, მაშინ ეს საფუძვლად დაედება განქორწინებას და არა ქორწინების ბათილობას. 

ქორწინების გაბათილების საფუძველს წარმოადგენს ნებაყოფლობის პრინციპის დარღვევა, რადგან კანონის თანახმად ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის შექმნასთან. მაგრამ, მექორწინეთა ნება შეიძლება დელიქტური ხასიათის იყოს. ეს ხდება მაშინ, როცა დაქორწინება იძულებითია. იძულება კი შეიძლება გამოიხატოს როგორც პირდაპირ ძალადობაში, ისე ფსიქიკაზე ზემოქმედებაშიც. 

კითხვა: ვის შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ, როცა ქორწინება მომხდარია იძულებით?

პასუხი: იძულების შედეგად მომხდარი დაქორწინების შემთხვევაში მეუღლეს შეუძლია აღძრას სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ. იძულებითი დაქორწინების ფაქტი უნდა დაადგინოს სასამართლომ. 

ქორწინების გაბათილების საფუძველს წარმოადგენს მექორწინეთა ისეთი ნების გამოვლინება, რომელიც მიზნად არ ისახავს ოჯახის შექმნას. ასეთ დროს ქორწინებისათვის აუცილებელი ფორმალური მოთხოვნები ზუსტადაა შესრულებული, ოღონდ მექორწინეთა შინაგანი ნება და მისი გარეგანი გამოხატულება ერთმანეთს არ ემთხვევა. შინაგანად ისინი ცდილობენ ქორწინება გამოიყენონ სულ სხვა მიზნით. მიზანი შეიძლება მრავალი იყოს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასეთი ქორწინება ფიქციურია და იგი შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს. მაგრამ, თუ ერთ-ერთ მათგანს გულწრფელად ჰქონდა ოჯახის შექმნის სურვილი და არაფერი იცოდა მეორის ნამდვილი სურვილის შესახებ, ასეთ შემთხვევაში ქორწინება არ შეიძლება ჩაითვალოს ფიქციურად, რადგან კეთილსინდისიერი მეუღლის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ქორწინების ბათილობას უკუქცევითი ხასიათი აქვს. იგი არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდანვე. ასეთი ქორწინება ითვლება არარსებულად, თავიდანვე არშემდგარად. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი, სასამართლოს შეუძლია ქორწინება კანონიერად ცნოს ასეთი საფუძვლების მოსპობის მომენტიდან.

ყოველგვარი ქონებრივი დავა მეუღლეებს შორის მათი ქორწინების გაბათილების შემდეგ უნდა გადაწყდეს ისევე, როგორც კერძო პირებს შორის საერთო საკუთრების თაობაზე წარმოშობილი დავა. სასამართლომ კეთილსინდისიერ მეუღლეს შეიძლება მიაკუთვნოს მეორე მეუღლისაგან სარჩოს მიღების უფლება, ხოლო ქორწინების ბათილად ცნობამდე შეძენილი ქონების გაყოფისას გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესები. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, სამართლებრივად როგორ გადაწყდება საკითხი იმ შემთხვევაში, როდესაც მეუღლეები შეცვლიან განზრახვას და ნამდვილად შექმნიან ოჯახს?

პასუხი: თუ მეუღლეები, კანონის წესების დაცვით შექმნიან ოჯახს, ქორწინება დაკარგავს ფიქციურ ხასიათს და ჩაითვლება როგორც რეგისტრირებული ქორწინება. 

აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვთა უფლებებს. 

კითხვა: აქვს თუ არა უფლება პირებს, რომელთა ქორწინებაც გაბათილდა, მოითხოვონ ერთმანეთისგან იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მათ ქორწინების გაბათილების შედეგად მიადგათ?

პასუხი: მხოლოდ კეთილსინდისიერ მეუღლეს აქვს უფლება მოითხოვოს მეორე მეუღლისგან იმზიანის ანაზღაურება, რაც მას ქორწინების გაბათილების შედეგად მიადგა დავის შემთხვევაში, საქმე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

ქორწინების გაბათილების და მასთან დაკავშირებული ყოველგვარი სადავო საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა და არავის არ აქვს უფლება ქორწინება გაბათილებულად ჩათვალოს ან მასთან დაკავშირებული სადავო საკითხები დამთავრებულად, თუ არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

დაბოლოს, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების უმრავლესობა მუდმივი ხასიათის არ არის. ამიტომ შესაძლებელია მათი მოსპობა. ქორწინების გაბათილების შემდეგ თუ მოისპო ის გარემოება, რომელიც საფუძვლად დაედო მის გაბათილებას, შესაძლოა, ადრე ქორწინებაში მყოფი პირები ხელახლა დაქორწინდნენ საერთო წესით. იგულისხმება, რომ არ არსებობს ქორწინების დამაბრკოლებელი სხვა, ახალი გარემოება და დაცულია საქორწინო ასაკისა და ქორწინებაზე ურთიერთთანხმობის პირობები. ხელახალი დაქორწინებისათვის აუცილებელია ქორწინების ბათილობის მოწმობის წარდგენა სარეგისტრაციო ორგანოში.

აი, ის ძირითადი საკითხები, რომლებიც კანონის დარღვევით ქორწინების რეგისტრაციასთან არის დაკავშირებული. სტატიის წაკითხვის შემდეგ თუ კვლავ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვა, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ზემოთ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე გიპასუხებთ.

ირინე ღლონტი