ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა მოქმედი კანონის შესაბამისად - #10(202), 2016
უკანასკნელ თვეებში ყველაზე მეტი შეკითხვა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ მივიღეთ. მათი ავტორები გვთხოვენ გავუწიოთ იურიდიული კონსულტაცია და განვუმარტოთ, რომელი ნორმატიული და საკანონმდებლო მასალა წარმოადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივ საფუძველს; ვინ შეიძლება იყოს მშვილებელი და შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი; დედობილი/მამობილი და მათთვის მინდობით გადასაცემი აღსაზრდელი; ვინ არიან შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოები; ვის აქვს გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება; რა შემთხვევაში და როგორი წესით ხდება საერთაშორისო გაშვილება; როგორია დედობილის/მამობილის ფინანსური უზრუნველყოფა; როგორი სახის გასამრჯელო ეძლევათ მათ ბავშვის მინდობით აღზრდისთვის და გარდა ამისა, ეთვლებათ თუ არა აღსაზრდელის მინდობით აღზრდა შრომის სტაჟში; როგორია მინდობით აღსაზრდელის უფლებები ოჯახში და სხვა. 

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის გაეროს კონვენცია „ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ“; ჰააგის კონვენცია „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომობის შესახებ“; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“; საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ და სხვა სამართლებრივი აქტები. 

კანონი `შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ~ ადგენს არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესს, პირობებსა და პროცედურებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელების დროს წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მიმღებ ოჯახს შორის. 

კითხვა: გვთხოვთ აგვიხსნათ, რა სახის იურიდიული მომსახურებაა დაშვებული როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო გაშვილების დროს და ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ? 

პასუხი: შვილად აყვანის დროს კანონით დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადვოკატის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, ხოლო საერთაშორისო გაშვილების დროს _ მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს, მისი არარსებობის შემთხვევაში კი - სხვა შესაბამისი აკრედიტებული იურიდიული პირის მომსახურება. 

აქვე გაცნობებთ, რომ შვილად აყვანის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოა სასამართლო. 

მშვილებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა: 

რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი პირი, იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე/მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა პირი, მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო. 

რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობანი მშობლის უფლებების განუხორციელებლობის და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო; 

რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია მშობლის მოვალეობათა ჯეროვნად შესრულება; 

რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით (დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ) გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური _ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რომელი კატეგორიის ბავშვები ექვემდებარებიან შვილად აყვანას და ვისი გადაწყვეტილებით ენიჭებათ მათ გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი? 

პასუხი: შვილად აყვანას ექვემდებარება რეესტრში აღრიცხული 18 წლამდე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი. 
აქვე განვმარტავთ, რომ გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება პირს, რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა, რომელიც არის ობოლი, რომელიც აღიარებულია მიტოვებულ ბავშვად, რომლის მშობლებსაც ჩამოერთვათ მშობლის უფლება, რომლის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მის გაშვილებაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილ წესით. 

პირს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, რის შემდეგაც გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები აღირიცხება რეესტრში. (საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3354 _ ვებგვერდი, 31.03.2015 წ.) 

დედობილი/მამობილი შეიძლება იყოს სრულწლოვანი პირი _ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოს მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე, გარდა იმ პირისა: რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა; რომელსაც შეზღუდული, შეჩერებული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ან მეურვის უფლებები და მოვალეობები კანონით განსაზღვრულ მოვალეობათა შეუსრულებლობის გამო; რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ დაავადებათა სიის მიხედვით) არ შეუძლია ბავშვის აღზრდა; რომელსაც ან რომლის ოჯახის წევრსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით და სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა მინდობით აღსაზრდელი; რომლის ოჯახის სოციალური სტატუსი შეფასებულია დადგენილი წესით და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე; რომელიც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIV თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 _ ვებგვერდი, 12.06.2012 წ.; საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 _ ვებგვერდი 02.07.2012 წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3354 _ ვებგვერდი, 31.03. 2015 წ.) 

კითხვა: თუ შეიძლება, აგვიხსენით, რომელი პირები ექვემდებარებიან მინდობით აღზრდას და როგორი წესით ხორციელდება მათი რეგისტრაცია? 

პასუხი: მოქმედი კანონის თანახმად, მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი: რომელიც არის ობოლი; რომლის მშობელიც (მშობლებიც) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; რომლის მშობელსაც (მშობლებსაც) შეეზღუდა (შეეზღუდათ), ჩამოერთვა (ჩამოერთვათ) ან შეუჩერდა (შეუჩერდათ) მშობლის უფლება-მოვალეობები. 

მინდობით აღზრდას ექვემდებარება ასევე 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განრიდების ღონისძიების სახით გამოიყენება მინდობით აღსაზრდელად განთავსება. 

განრიდების ღონისძიების სახით გამოსაყენებელი მინდობით აღსაზრდელად განთავსების წესი და პროცედურები განისაზღვრება ,,განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 

მინდობით აღზრდას დაქვემდებარებულ პირთა რეგისტრაცია ხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით (საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 _ ვებგვერდი 02.07.2012წ.; საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3354 _ ვებგვერდი 31.03.2015წ.; საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3717 _ ვებგვერდი 24.06.2015წ.) 

შვილად აყვანის პროცედურები პრაქტიკულად შემდეგნაირად ვითარდება: 

საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე პირი, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს წარუდგენენ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რომელიც იწყებს მშვილებელი ოჯახის (პირის) შეფასებას. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის თანხმობისას მშვილებელი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები: 

მეუღლის თანხმობა, თუ ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; 

საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა) ასლი; 

ქორწინების მოწმობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი; 

ცნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; 

ცნობა, სამედიცინო-ნარკოლოგიური მდგომარეობის შესახებ; 

ცნობა, ნასამართლობის შესახებ. 

უცხო ქვეყნის მოქალაქე ზემოაღნიშნულ განაცხადს და დოკუმენტებს, ასევე მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჩატარებულ კვლევას ოჯახის თაობაზე წარუდგენს სააგენტოს. 

ბავშვის შეთავაზებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა მშვილებელი ოჯახი/პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის აყვანის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვადის გადაცილება ჩაითვლება შეთავაზებული ბავშვის აყვანაზე უარის თქმად. 

მოქმედი კანონით აკრძალულია 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გაშვილება მისი თანხმობის გარეშე, მაგრამ თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, შვილება, გამონაკლისის სახით, შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც. 

აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ ქმედებაში ხელის შეწყობა. 

მოქმედი კანონის თანახმად, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები, თუმცა საპატიო მიზეზების არსებობის შემთხვევაში სასამართლომ შესაძლებელია შეცვალოს ეს ასაკობრივი სხვაობა. 

კითხვა: მოქმედებს თუ არა კანონი ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ იმ შემთხვევაში როცა ბავშვის შვილად აყვანა სურს დედინაცვალს ან მამინაცვალს? 

პასუხი: დედინაცვლის ან მამინაცვლის მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს ასაკობრივი შეზღუდვის შესახებ კანონი არ მოქმედებს _ მათ გერის შვილად აყვანა ყველა შემთხვევაში შეუძლიათ. 

შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მშვილებელ ოჯახთან/პირთან გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობას. 

შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის მიერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი ინარჩუნებს არსებულ რიგითობას და მას უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო ის ბავშვი, რომელზედაც მან უარი განაცხადა, დადგენილი წესით უნდა შესთავაზონ სხვა მშობელს (საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 _ ვებგვერდი, 02.07.2012წ.) 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, მოქმედი კანონის თანახმად ვის აქვს გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება? 

პასუხი: გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს მის ნათესავს. ნათესავად ითვლება პირი, რომლისთვისაც გასაშვილებელი ბავშვი არის და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, გერი ძმის შვილი, გერი დის შვილი, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი. უპირატესი უფლება აქვს ასევე მიმღებ ოჯახს _ დედობილს ან მამობილს _ ბავშვის მინდობით გადაცემიდან არა უადრეს 6 თვისა. შვილად აყვანის უპირატესი უფლებით სარგებლობს ასევე ის მშვილებელი, რომელსაც უკვე ჰყავს შვილად აყვანილი გასაშვილებელი ბავშვის და ან ძმა. შვილად აყვანის უპირატესი უფლება გამოიყენება აგრეთვე შვილად აყვანის თაობაზე ბავშვის ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და მშვილებლის მიერ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ერთობლივი მიმართვის შემთხვევაში, რა დროსაც დაცული უნდა იქნეს ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის პირობები. 

შვილად აყვანის უპირატესი უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი ზემოაღნიშნულ პირთა წრის ფარგლებში. 

მნიშვნელოვანია, რომ შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირთა მიმართ არ მოქმედებს შვილად აყვანის რიგითობის პრინციპი. 
მშვილებლისთვის (მშვილებლებისთვის) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობის შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას სოციალური მუშაკის მიერ ჩატარებული კვლევის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში. შვილად აყვანის შესახებ დასკვნაში აღინიშნება: მშვილებლის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბავშვის შვილად აყვანის მოტივი, ასევე გასაშვილებელი ბავშვის ბიოგრაფიული მონაცემები, პიროვნული თვისებები, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნა უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ეთნიკური და კულტურული გარემოს გათვალისწინებით აღზრდის შესაძლებლობას. 

დღეს აქ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. საერთაშორისო გაშვილების, სასამართლოს მიერ შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგების, მისი საიდუმლოების დაცვის, გაშვილების შემდგომი კონტროლის, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგებსა და მინდობით აღზრდის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ჩვენი ჟურნალის უახლოეს ნომერში მოგაწვდით. 

ირინე ღლონტი