ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა მოქმედი კანონის შესაბამისად - #11(203), 2016
დასასრული. დასაწყისი იხ. "ააფი", #10(202), 2016 წ.

საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ. ამ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომ ტექსტში _ „სააგენტო“) ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე სააგენტო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია შეამციროს ზემოთ ნახსენები, რვათვიანი ვადა. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

საერთაშორისო გაშვილების საკითხებში კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის მათთან ინფორმაციას. თუ რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/ და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანო, მაშინ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომ ტექსტში _ „მინისტრი“) ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას. სააგენტოს მიერ მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციისა და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია რეესტრში. 

კითხვა: რომელ კომპეტენტურ ორგანოებს უნდა აცნობოს სააგენტომ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ?

პასუხი: უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ სააგენტო სათანადო ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გამოაქვს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. მშვილებელს ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვს სასამართლოში მშვილებლის ან გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით. გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს იცავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. საერთაშორისო გაშვილების დროს გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს სასამართლოში იცავს სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორი წესით (ღია თუ დახურულ სხდომაზე) განიხილება შვილად აყვანის საქმე სასამართლოს სხდომაზე და რა კანონიერი საფუძვლით წარიმართება იგი?

პასუხი: გამომდინარე იქიდან, რომ შვილად აყვანის საქმე ეხება არასრულწლოვან პირს, იგი განიხილება დახურულ სასამართლო სხდომაზე, ასეთი საქმეების განხილვისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აკრძალულია ბავშვის შვილად აყვანა მშვილებლის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის გარეშე. სასამართლო პროცესს უნდა ესწრებოდეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. საპატიო მიზეზების არსებობისას სასამართლო სხდომა შეიძლება გაიმართოს ერთ-ერთი მშვილებლის მონაწილეობით. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება გასაშვილებელი ბავშვის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი ბავშვის შვილად აყვანის შესახებ განცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. სასამართლო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. შვილად აყვანა ძალაშია ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის (თუ იგი 10 წლის ან 10 წელზე მეტისაა) მოთხოვნით სასამართლო სხდომა შეიძლება იყოს ღია, ხოლო ინფორმაცია – საჯარო (საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.).

შვილად აყვანის (გაშვილების) პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ არა უგვიანეს სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისა, მშობელს (მშობლებს) კანონით გათვალისწინებული თანხმობის არსებობისას, აგრეთვე მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს, თუ იგი 10 წლის ან 10 წელზე მეტისაა, შეუძლიათ უარი განაცხადონ შვილად აყვანაზე (გაშვილებაზე). სასამართლოს მიერ შვილად აყვანის (გაშვილების) საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეუძლია შეცვალოს საკუთარი დასკვნა და მოითხოვოს სასამართლო პროცესის შეჩერება.

კითხვა: მე და ჩემმა მეუღლემ 6 წელია, შევქმენით ოჯახი, მაგრამ ვინაიდან შვილი დღემდე არ გვეყოლა, ბავშვის აყვანა გადავწყვიტეთ.

გვაინტერესებს, გვაქვს თუ არა კანონის შესაბამისად უფლება, კონფიდენციალობის უზრუნველყოფის მიზნით, შევუცვალოთ ბავშვს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი?

პასუხი: მშვილებლის მოთხოვნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით, ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი. მნიშვნელოვანია, რომ დაბადების თარიღი არ შეიძლება შეიცვალოს 1 თვეზე მეტი ვადით. მშვილებლის მოთხოვნით ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში იგი მიეთითება ნაშვილების მშობლად. ვინაიდან შეკითხვაში არ აღნიშნავთ, რამდენი წლისაა ბავშვი, აქვე გაცნობებთ, რომ 10 წლის ასაკს მიღწეული ბავშვის სახელის, გვარის, დაბადების ადგილის და დაბადების თარიღის შეცვლის, აგრეთვე დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად მშვილებლის მითითების შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის აზრს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სათანადო გათვალისწინებული მონაცემების შეცვლა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშვილებლის მოთხოვნით (საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572-ვებგვერდი, 28.12.2011წ.; საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ.).

შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და ნათესავების წინაშე. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანის ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანის დროს ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობების შესაბამისად. ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ბიოლოგიურ ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას. ნაშვილების მიმართ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დადგება მიუხედავად იმისა, მიეთითება თუ არა მშვილებელი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მის მშობლად.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, როგორ არის დაცული მოქმედი კანონით შვილად აყვანის საიდუმლოება?

პასუხი: მოსამართლე, რომელმაც გამოიტანა შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ბიოლოგიური მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელი და შვილად აყვანის პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან საიდუმლოდ შეინახონ შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით1 (საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572 _ ვებგვერდი, 28.12.2011წ.). 
 
საერთაშორისო გაშვილების დროს ცენტრალური ორგანო ვალდებულია სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას) მოსთხოვოს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ყოველწლიურად მოწოდება სპეციალური ფორმის შესაბამისად, სანამ გაშვილებულ ბავშვს არ შეუსრულდება 18 წელი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამტკიცებს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების სპეციალურ ფორმას2.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა შემთხვევაში ხდება შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან ბათილად ცნობა?

პასუხი: შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ:
შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

ამას მოითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნაშვილების ინტერესების გათვალისწინებით;

1 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლი („შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება“), დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოებს ექვს თვემდე ვადით, თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას – ვადით სამ წლამდე.

2 „შვილად აყვანის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.014272).

სასამართლო გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ეფუძნება ყალბ დოკუმენტებს; 
 
შვილად აყვანა ფიქციურია.

შვილად აყვანის გაუქმების შესახებ საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ. სასამართლოს შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს. თუ ნაშვილები 10 წლის ან 10 წელზე მეტისაა, შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ ნაშვილების თანხმობით.
აკრძალულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ნაშვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებაზე თანახმა არიან მშვილებელი, ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი და ნაშვილები. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენა შეუძლიათ:

ნაშვილების ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს), თუ შვილად აყვანა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ ეს აუცილებელია ნაშვილების ინტერესების დასაცავად.

დაინტერესებული პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ შვილად აყვანა არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს და იგი უნდა გაუქმდეს, ამის თაობაზე აცნობებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, რომელიც წყვეტს შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით განცხადების სასამართლოში წარდგენის საკითხს. განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს მშვილებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ მოსარჩელე არის ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი (მშობლები) და მისთვის (მათთვის) უცნობია მშვილებლის ვინაობა, განცხადება შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარედგინება სასამართლოს ამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში საქმე განიხილება საერთო სასარჩელო წარმოების წესით და საქმის განხილვაში მოპასუხედ უნდა ჩაებას მშვილებელი.

შვილად აყვანა ბათილად ცნობილად ჩაითვლება

შვილად აყვანის გაუქმების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან. სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ, ვალდებულია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. შვილად აყვანის ბათილად ცნობისას ნაშვილებსა და მშვილებელს, აგრეთვე მათ ნათესავებს შორის წყდება არსებული უფლება-მოვალეობანი. შვილად აყვანის გაუქმებისას უფლება-მოვალეობები აღდგება შვილსა და ბიოლოგიურ მშობელს (მშობლებს) და შთამომავლობით ნათესავებს შორის. თუ შვილად აყვანა გაუქმებულია მშვილებლის მიერ ბავშვის აღზრდის მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, ბავშვს უნარჩუნდება მშვილებლისგან ალიმენტის მიღების უფლება. შვილად აყვანის გაუქმებისას სასამართლომ ბავშვის ინტერესების შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს შვილად აყვანისას ბავშვისათვის მიკუთვნებული გვარის, სახელისა და სხვა მონაცემების შენარჩუნების საკითხი. თუ ბავშვი 10 წლის ან 10 წელზე მეტისაა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მისი სურვილიც უნდა გაითვალისწინოს. შვილად აყვანის ბათილად ცნობის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი პირი გადაეცემა მშობელს (მშობლებს), ხოლო თუ ეს შეუძლებელია ან მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5572 _ ვებგვერდი, 28.12.2011წ.; საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.).

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, ვის აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ და რა სახის პროცედურებია დადგენილი აღნიშნულისთვის?

პასუხი: საქართველოს მოქალაქემ, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლებსაც სურთ ბავშვის მინდობით აღზრდა (მათ შორის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა), უნდა მიმართონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დედობილის/ მამობილის აღრიცხვას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე ახორციელებენ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით3.

3 „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანება (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 170230000.22.035.014271).

მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭებათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს. მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე ჩატარებული კვლევისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე (გარდა გადაუდებელი მინდობით აღზრდისა). მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: 
 
გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა სურვილი ბავშვის ასაკთან, სქესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით;

შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის ახლო ეთნიკურ, რელიგიურ და კულტურულ გარემოში აღზრდის შესაძლებლობა;

ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა ოჯახში მცხოვრები ბავშვების, მათ შორის, ბიოლოგიური შვილების და შვილად აყვანილი ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შვიდს;

10 წელს მიღწეული ბავშვის მინდობით აღზრდა შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით;

დაუშვებელია და-ძმის, დების ან/და ძმების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ ინტერესებს;

მინდობით აღსაზრდელსა და დედობილს/ მამობილს შორის ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა.

რაც შეეხება მინდობით აღზრდის პროცედურებს, ისინი განისაზღვრება მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №50/ნ ბრძანებით.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დედობილთან/მამობილთან დებს ხელშეკრულებას ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ვადით, მინდობით აღსაზრდელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. აღნიშნული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პირობებს;

დედობილის/მამობილის უფლებებსა და მოვალეობებს;

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებებსა და მოვალეობებს;

მინდობით აღსაზრდელის უფლებებსა და მოვალეობებს;

მხარეთა პასუხისმგებლობას;

ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებს.

ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, არსებობს თუ არა რაიმე სახის ფინანსური ანაზღაურება ან შეღავათები მიმღებ ოჯახის ან დედობილის/ მამობილისთვის?

პასუხი: მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვის ხარჯები იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, `სოციალური დახმარების შესახებ~ საქართველოს კანონის4 შესაბამისად. დედობილი/ მამობილი ბავშვის მინდობით აღზრდისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს სოციალურ დახმარებას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა5. აღსანიშნავია, რომ დედობილს/მამობილს მინდობით აღსაზრდელის მინდობით აღზრდა ეთვლება შრომით სტაჟში. 

დასასრულს, უნდა აღვნიშნოთ, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს როგორც მიმღები ოჯახის მოვალეობასა და პასუხისმგებლობას, ისე მინდობით აღსაზრდელის უფლებებს მიმღებ ოჯახში. კერძოდ, მიმღებ ოჯახს მინდობით აღსაზრდელის მიმართ აკისრია შემდეგი მოვალეობანი:

იზრუნოს მინდობით აღსაზრდელზე მისი ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესაბამისად;

4 www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 280.080.020.05.001.002.699

5 „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება (www.matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 280.120.000.10.003.000.529).

შეუქმნას მინდობით აღსაზრდელს ნორმალური ოჯახური გარემო;

აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მინდობით აღსაზრდელისათვის საზიანო პირობებისა და გარემოს შექმნის შესახებ;

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი შეუწყოს მინდობით აღსაზრდელის ურთიერთობას მის კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა ნათესავებთან;

იცხოვროს მინდობით აღსაზრდელთან ერთად;

განახორციელოს საქართველოს კანონმდებ-ლობით განსაზღვრული სხვა უფლებები და შეასრულოს მოვალეობები.

პასუხისმგებლობა დედობილის/მამობილის მიერ საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

რაც შეეხება მინდობით აღსაზრდელს, იგი სარგებლობს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით ბავშვის მიმართ დადგენილი ყველა უფლებით. მიმღებ ოჯახში მინდობით აღსაზრდელთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას დაცული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიღებაში მინდობით აღსაზრდელის მონაწილეობისა და მისი აზრის პატივისცემის პრინციპი. მინდობით აღზრდა არ ზღუდავს მინდობით აღსაზრდელის უფლებებს ბიოლოგიური მშობლებისა და წარმოშობით ნათესავების მიმართ.

ირინე ღლონტი