ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
როგორ იცავს კანონი მოქალაქეთა შრომის უფლებებს - #1(205), 2017
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მეშვეობით სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომ ტექსტში – „სამმხრივი კომისია“) არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. თავისი ფუნქციონირების განხორციელების მიზნით, ის საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

 კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეების მიერ დასმული საკითხები, კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა თაობაზე;

 კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, ასევე სხვა დაწესებულებებისაგან სამმხრივ კომისიაში განსახილველი საკითხების თაობაზე მუშაობისთვის საჭირო მასალები;

 კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, რომლის დროსაც უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი;

 თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შეიმუშავოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს:

 საქართველოს კონსტიტუციით;

 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით;

 საქართველოს კანონებით და განკარგულებებით;

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით;

 სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულებით;

 სხვა სამართლებრივი აქტებით.

კითხვა: იქნებ აგვიხსნათ, ამ შემთხვევაში რა იგულისხმება ტერმინში - სოციალური პარტნიორობა?

პასუხი: ტერმინში „სოციალური პარტნიორობა“ ამ შემთხვევაში იგულისხმება დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (დასაქმებულთა გაერთიანების) და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შორის დიალოგისა და ურთიერთობათა სისტემა შრომით საკითხებთან დაკავშირებით.

სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დასაქმებულთა გაერთიანებები და დამსაქმებელთა გაერთიანებები. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.

აღსანიშნავია, რომ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა თითოეული გაერთიანება, რომელიც სამმხრივი კომისიის მონაწილეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე, სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც თავის მხრივ სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 5-5 წევრს.

საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წარმოადგენენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან:

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

`კომისიის სხდომებზე განიხილება მომავალი წლ(ებ)ის სამოქმედო სტრატეგია, რომელიც შრომის კოდექსის, შრომის ინსპექციის, შრომითი მედიაციის, საპენსიო პოლიტიკის, მინიმალური ხელფასის ოდენობის, განათლებისა და საინვესტიციო პოლიტიკის საკითხებს მოიცავს. ასევე სოციალური ქარტიის გარკვეული მუხლების რატიფიცირებასა და 144‑ე კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც მთავრობის, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებს ემსახურება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, სამმხრივი კომისია მთავარი სტრუქტურაა, რომელიც შრომის მიმართულებით ძირითად პოლიტიკას განსაზღვრავს. იგი განიხილავს როგორც შრომით დავებს, შრომის მედიაციას, ასევე საერთაშორისო კონვენციებთან რატიფიცირების საკითხებს~.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რამდენი წელია კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადა და როდის განისაზღვრება კომისიის ახალი შემადგენლობა?

პასუხი: სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადა 1 წელია. ხოლო კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე.

სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა) უფლებამოსილების ნებისმიერი მიზეზით ვადამდელი შეწყვეტის შემთხვევაში სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში სამმხრივი კომისიის წევრობის ახალ კანდიდატს, რომლის შერჩევა ხდება კანონის მოთხოვნათა დაცვით, როგორც წესი, არა უგვიანეს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღისა.

კითხვა: სამართლებრივად როგორ გადაწყდება საკითხი იმ შემთხვევაში, როცა სამმხრივი კომისიის მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს, რომელიც იყო კომისიის წევრი, მძიმე ავადმყოფობის გამო ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება?

პასუხი: შეკითხვაში აღნიშნულ შემთხვევაში, შესაბამისი მხარის დაკომპლექტებაში მონაწილე დასაქმებულთა გაერთიანებები და დამსაქმებელთა გაერთიანებები მიმართავენ შიდა კონსულტაციებს და ახორციელებენ სხვა კანონიერ პროცედურებს კომისიის წევრობის კანდიდატის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის კანონის მოთხოვნათა დაცვით შერჩევისა და ამ პირის მეშვეობით შესაბამის კანდიდატურის სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის წარსადგენად, როგორც წესი, არა უგვიანეს სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (სამმხრივი კომისიის წევრის) უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს მთავრობის მხრიდან სამმხრივი კომისიის წევრის (გარდა სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა) უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება უზრუნველყოფს სამმხრივი კომისიის წევრობის ახალ კანდიდატის წარდგენას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისთვის არა უგვიანეს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღისა.

`აღსანიშნავია, რომ ევროპის კომისიის პრეფერენციების
გენერალიზებული სისტემის (GSP+) გეგმურ ანგარიშში ცალკე ადგილი ეთმობა კოლექტიური ხელშეკრულების პრობლემატურ საკითხებს და მიუთითებს პროფკავშირული ნიშნით ხელშეკრულების დისკრიმინაციული შეწყვეტის შემთხვევებზე. ევროპის კომისია მიიჩნევს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების ეფექტურობის ამაღლებისთვის (მათ შორის, გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებისა და კოლექტიურ ხელშეკრულებებში წარმოდგენილ დასაქმებულთა რაოდენობის) და კოლექტიური მოლაპარაკებების უზრუნველყოფისთვის, უნდა გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ევროპის კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ შრომის კოდექსმა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მექანიზმები, რათა გაიზარდოს კოლექტიური შრომითი დავების მოლაპარაკებების გზით, ეფექტურად გადაჭრის შესაძლებლობები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართალია, საკანონმდებლო ცვლილებებმა გაითვალისწინეს მედიაციის მექანიზმები (იგულისხმება სამმხრივი კომისია), მაგრამ შრომითი დავების მოგვარების სათანადო სისტემა, არ არის უზრუნველყოფილი და საქართველოში შინაარსიანი სოციალური დიალოგის პრაქტიკის დამკვიდრებისკენ მოუწოდებს~.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ძირითადად რომელ პრინციპებს ეფუძნება სამმხრივი კომისიის საქმიანობა და როგორია კომისიის ფუნქციები?

პასუხი: კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

 კანონიერება – როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს კანონებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;

 დამოუკიდებლობა – კომისია საქმიანობის წარმართვის პროცესში, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებისას, დამოუკიდებელია;

 თანასწორობა – კომისიის ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები და მოვალეობები;

ტრიპარტიზმი – სამმხრივია და მისი ფორმირება ხდება დებულებით განსაზღვრული წარმომადგენლობის წესით;

 კონსენსუსი – კომისიის სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება სამივე მხარის თანხმობით;

 პასუხისმგებლობა – კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის სავალდებულოა და მისი აღსრულება მხარეებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:

ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე;

 შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

სამმხრივი კომისია, როგორც წესი, იკრიბება კალენდარული წლის განმავლობაში კვარტალში ერთხელ. ამასთან, შესაძლებელია მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა, რის თაობაზეც გადაწყვეტილება მიიღება სამმხრივი კომისიის მხარეების ხმათა 2/3-ით. თითოეულ მხარეს უფლება აქვს, წელიწადში ერთხელ საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა, როგორც წესი, სამმხრივი კომისიის სამდივნოსთვის სამმხრივი კომისიის შესაბამისი მხარის მიერ მიმართვიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

კითხვა: ჩვენი დასაქმებულთა გაერთიანების წევრებს დამსაქმებელთა გაერთიანების ხელმძღვანელებთან გვაქვს სადავო საკითხები. რამდენიმეჯერ მივმართეთ, მაგრამ მათი პასუხი არ გვაკმაყოფილებს. გთხოვთ, გვაცნობოთ, როგორი წესით წარიმართება სამმხრივი კომისიის სხდომები და რა შემთხვევაში ხდება მათ მიერ ცალკეული სადავო საკითხების შესწავლა?

პასუხი: სამმხრივი კომისიის სხდომები წარიმართება სამმხრივი კომისიის მხარეთა მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. სამმხრივი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება თითოეული მხარის არანაკლებ სამი წევრისა და დამსწრეთა შორის არიან დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარისა და დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები. ამასთან, როგორც დამსაქმებელთა გაერთიანებების მხარის, ისე დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის შემთხვევაში, სამმხრივი კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს შესაბამისი მხარის შემადგენლობაში შემავალი ორი ორგანიზაციის წარმომადგენელი სამმხრივი კომისიის წევრი მაინც. სამმხრივი კომისიის სხდომაზე ცალკეული საკითხის შესწავლის შუამდგომლობას აყენებს ერთ-ერთი მხარე. სამმხრივი კომისიის მხარეთა 2/3-ის თანხმობის შემთხვევაში, სამმხრივი კომისია ვალდებულია, შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ სამმხრივ კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების გამოტანისას თითოეული მხარის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მხარის სამმხრივი კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ამასთან მხარის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია შესაბამისი მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ხმა.

სამმხრივი კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესწავლისა და სხვა შესაბამისი მიზნებით, სამმხრივი კომისია ქმნის სამუშაო ჯგუფს (ჯგუფებს), რომლებიც იქმნება სამმხრივი კომისიის მხარეთა მიერ წარდგენილი პირებისაგან პარიტეტულობის პრინციპის დაცვით. სამუშაო ჯგუფს შეუძლია ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში მოიწვიოს შესაბამისი ექსპერტები, სპეციალისტები და დაინტერესებული პირები. ცალკეულ საკითხზე კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მხარეთა პოზიციები წერილობით წარედგინება სამმხრივ კომისიას.

სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სამმხრივი კომისიის ფარგლებში და დასახული მიზნის მიღწევისთანავე წყვეტს საქმიანობას.

კითხვა: ვინ წარმართავს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას, მისი თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ადგილზე არყოფნის შემთხვევაში?

პასუხი: მსგავს ან სხვა გამონაკლის შემთხვევებში, სამმხრივი კომისიის სხდომას წარმართავს საქართველოს მთავრობის მხარის ერთ-ერთი წევრი, როგორც წესი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი.

სამმხრივი კომისიის წევრობა ნებაყოფლობითია. სამმხრივი კომისიის წევრი კეთილსინდისიერად და ანაზღაურების გარეშე ეწევა სამმხრივი კომისიის წევრობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. სამმხრივი კომისიის წევრი იღებს ყველა ზომას, რათა პირადად მიიღოს მონაწილეობა სამმხრივი კომისიის სხდომებში. ამასთან, სამმხრივი კომისიის წევრი არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს სამმხრივი კომისიის სხდომებში მონაწილეობის უფლების სხვა პირზე დელეგირება.

კითხვა: აქვს თუ არა უფლება სამმხრივი კომისიის წევრს მოიხსნას ამ კომისიის წევრობის უფლებამოსილება და თუ აქვს - რა გზით?

პასუხი: სამმხრივი კომისიის წევრს, გარდა სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა, შეუძლია მოიხსნას ამ კომისიის წევრობის უფლებამოსილება:

 სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, თუ სამმხრივი კომისიის ეს წევრი საქართველოს მთავრობის მხარის შემადგენლობაშია;

 სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, თუ კომისიის ეს წევრი არის დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთიანებების მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი;

 დამსაქმებელთა გაერთიანებების ან დასაქმებულთა გაერთიანებების იმავე მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე წერილობითი მიმართვის გზით, რომელი მხარის შემადგენლობაშიც ის არის წარმოდგენილი.

სამმხრივი კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე.

სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის – უფლებამოსილების შეწყვეტის ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სხვა შემთხვევაში, რომელიც მოითხოვს საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხელახლა დამტკიცებას, საქართველოს მთავრობიდან სამმხრივი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატურები სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარედგინება საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

ირინე ღლონტი