ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
კოლექტიური დავების განხილვის კიდევ ერთი საუკეთესო საშუალება - #2(206), 2017
მოქმედი კანონის თანახმად, დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ასევე, დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება მიეცა, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანებები ან გაწევრდნენ სხვა გაერთიანებებში. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, გთავაზობთ დღევანდელ სტატიას. 

კითხვა: რა უფლებებს ანიჭებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებს საქართველოს ორგანული კანონი - „საქართველოს შრომის კოდექსი, მუშაობის სამართლებრივად სწორად წარმართვის მიზნით - რა არის დაშვებული მათ საქმიანობაში და რა - აკრძალული? 

პასუხი:დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შეიმუშაონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნან მართვის ორგანოები, აირჩიონ წარმომადგენლები და წარმართონ თავიანთი საქმიანობა. ორგანული კანონი მათვე ანიჭებთ უფლებას შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას (ფედერაციას ან კონფედერაციას) შეუძლია შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას. ასევე განვმარტავთ, რომ, როგორც მოქმედ შრომის კოდექსშია აღნიშნული, აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია: დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრიანებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ; დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო. დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, მათი წევრების ან წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევა ნებისმიერი ფორმით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაერთიანების საქმიანობაში ჩარევა გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლის მიზანია გაერთიანების საქმიანობისათვის ფინანსური ან სხვა საშუალებებით ხელის შეშლა მასზე კონტროლის განსახორციელებლად. 

კოლექტიური შრომითი დავების განხილვისა და გადაწყვეტის საქმეში, განსაკუთრებული ადგილი უკავია შემათანხმებელ კომისიას, რომელსაც ქმნიან კოლექტიური დავის მხარეები, შემათანხმებელი პროცედურებით კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. კომისია შექმნილად ითვლება პირველი სხდომის ჩატარებისთანავე. შემათანხმებელი კომისიის სხდომა უფლებამოსილია იმ შემთხვევაში, თუ მას კოლექტიური დავის თითოეული მხრიდან ესწრება შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი მხარის წევრთა უმრავლესობა ან უფლებამოსილი უმრავლესობა, რომელიც განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით. თუ ამავე რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემათანხმებელი კომისიის სხდომებს მორიგეობით უძღვებიან კოლექტიური დავის მხარეთა ინტერესების გამომხატველი შემათანხმებელი კომისიის წევრები. მედიაციის მსვლელობაში, შემათანხმებელი კომისიის სხდომას შეიძლება გაუძღვეს ასევე მედიატორი. შემათანხმებელი კომისიის სხდომის მიმდინარეობის შესახებ საოქმო ჩანაწერები და მიღებული გადაწყვეტილებები შეიტანება სხდომის ოქმში, რომელიც დგება ორ პირად და რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე შემათანხმებელი კომისიის წევრები. სხდომის ოქმის თითო პირი გადაეცემა კოლექტიური დავის თითოეული მხარის შესაბამის წარმომადგენელს. შემათანხმებელი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება შემათანხმებელი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს შემათანხმებელი კომისია. 

კითხვა: როგორი უნდა იყოს კოლექტიური დავების მხარეებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოზიცია შემათანხმებელი კომისიის მუშაობაში? 

პასუხი:კოლექტიური დავის მხარეები ყოველმხრივ უწყობენ ხელს შემათანხმებელი კომისიის ფუნქციონირებას, მათ შორის შემათანხმებელი კომისიის შესაბამისი წევრების სხდომებზე დასწრებისა და მუშაობისთვის შესაფერისი პირობებით უზრუნველყოფის მეშვეობით. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად კოლექტიური დავის მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე, რის შესახებაც იმავე დღეს წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მეორე მხარეს. კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს. მედიაცია დაწყებულად ითვლება მინისტრის მიერ კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის მომენტიდან. კოლექტიური დავის მხარეები ვალდებულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.
 
კოლექტიური დავის ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ, რაც არ ზღუდავს კოლექტიური დავის მხარეთა უფლებას მიმართონ სასამართლოს ან შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისთვის გადაცემაზე. კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნით, შემათანხმებელი პროცედურები დასრულებულად ითვლება კოლექტიური დავის გადაწყვეტის ან კოლექტიური დავის მხარეების მიერ ამ დავის გადაწყვეტის მიზნით არბიტრაჟისთვის (მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში) ან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ან მინისტრის მიერ შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში.
 
კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, კონკრეტულ დავაზე მედიატორად დასანიშნი კანდიდატურის შერჩევისას, რა ზომების მიღებას ითვალისწინებს კანონი იმისთვის, რომ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა? 

პასუხი:მედიატორად დანიშვნის კანდიდატის შერჩევისას მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა, მათ შორის გამოირიცხოს მედიატორად ისეთი კანდიდატის დანიშვნა, რომელიც: კოლექტიური დავის მხარის ან მხარის წარმომადგენლის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია; კოლექტიური დავის მხარესთან ან მის წარმომადგენელთან ასრულებს ან ასრულებდა ანაზღაურებად სამუშაოს ბოლო სამი წლის განმავლობაში; კონკრეტული კოლექტიური დავის განხილვისას შესაძლოა აღმოჩნდეს მიკერძოებული ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის გამო. როგორც წესი, ერთ კოლექტიურ დავაზე მედიატორი ინიშნება მხოლოდ ერთხელ.
 
ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება შემდეგ შემთხვევებში: თუ კოლექტიური დავის გადაწყვეტის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელია მინისტრის მიერ იმავე კოლექტიურ დავაზე იმავე ან სხვა მედიატორის დანიშვნა; კოლექტიურ დავაზე მედიატორად დანიშვნის შემდეგ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენისას ან ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მიერ მედიაციის მომსახურების განხორციელება შეუძლებელია. კოლექტიურ დავაზე მედიატორის დანიშვნის შემთხვევაში, მედიაციის საორგანიზაციო სამსახური აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობებს კოლექტიური დავის მხარეებს.
 
კითხვა: გთხოვთ, აგვიხსნათ, ძირითადად რა ვალდებულებები აკისრია კოლექტიურ დავაზე დანიშნულ მედიატორს? 

პასუხი:კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორი ვალდებულია:
 
განიხილოს მედიაციის ფარგლებში მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები მიუკერძოებლად, კოლექტიური დავის გარემოებათა ობიექტურად შესწავლის საფუძველზე; 

დაუყოვნებლივ, მათ შორის კავშირგაბმულობის ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენებით, აცნობოს მედიაციის საორგანიზაციო სამსახურს „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ გათვალისწინებული ან რაიმე სხვა ისეთი გარემოების თაობაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ მედიაციის განხორციელებას; 

მედიაციის დასრულებისას, ასევე მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, საორგანიზაციო სამსახურში წარადგინოს ანგარიში კოლექტიურ დავასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მოიცავდეს აგრეთვე მედიატორის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს; 

არ გაამჟღავნოს და არ გამოიყენოს კომერციული ან სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის განხორციელებასთან დაკავშირებით; 

გამორიცხოს მედიაციასთან დაკავშირებით რაიმე ანაზღაურების მიღება (მათ შორის, ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით), გარდა მედიაციის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურებისა; 

ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. 

„კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესისა“ და მედიატორთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობათა (ვალდებულებათა) დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

აღსანიშნავია, რომ კოლექტიურ დავაზე დანიშნული მედიატორის მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში.
 
ირინე ღლონტი