ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
დებიტორული დავალიანების შესახებ - №11(275), 2022
დებიტორული დავალიანება - ეს არის სამეურნეო ურთიერთობისაგან წარმოქმნილი იურიდიული ან ფიზიკური პირის მიმართ არსებული ნებისმიერი მოთხოვნა ანუ ვალი, რომელიც ეკუთვნის საწარმოს. საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა, ხოლო სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი, დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა. 

შესაბამისად, დებიტორული დავალიანება რიგ შემთხვევებში გამომდინარეობს სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში არსებული გარიგებებიდან. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად: „გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ“. 

გავრცელებული პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირია შემთხვევები, როდესაც მხარეთა შორის არსებობს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რომლის შესრულება კონტრაჰენტის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული და კრედიტორი რჩება მხოლოდ ამ კეთილსინდისიერების იმედად. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული გარიგება უმჯობესია იყოს წერილობითი ფორმით შედგენილი. 

დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, მხარეები სამართლებრივ ურთიერთობაში ნდობის საფუძველზე შედიან და იშვიათად მიმართავენ იურისტს. ამიტომ, როდესაც სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპი დგება, მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენი სასარჩელო მოთხოვნის მტკიცებითი ნაწილი ძალიან სუსტად გამოიყურება და რთული სამართლებრივი გზის გავლა ხდება საჭირო, რომ კრედიტორის სასარგებლოდ იქნას გადაწყვეტილება მიღებული, რიგ შემთხვევებში ეს ფაქტობრივად შეუძლებელიც კი არის. 

ანალოგიურ შემთხვევას განეკუთვნება, როდესაც საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა დასტურდება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რს.გე-ზე ატვირთული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და სასაქონლო ზედნადებით. გაცილებით რთულ სამართლებრივ მდგომარეობაშია კრედიტორი, როდესაც ნასყიდობა ან/და მომსახურების გაწევა დასტურდება მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით, ამასთან მოვალეს ფინანსური ვალდებულების შესამცირებლად არცერთი გადახდა არ აქვს შესრულებული. 
განვიხილოთ თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე. 

ვთქვათ, მომსახურების გაწევა ან საქონლის მიწოდება განხორციელდა მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შედგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და სასაქონლო ზედნადებით, მაგრამ მოვალემ არ შეასრულა ამ შეთანხმების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულება. კრედიტორს ისღა დარჩენია, რომ მიმართოს სამართლებრივ გზებს. განსახილველ შემთხვევაში გარიგების არსებობის და ამ გარიგების საფუძველზე კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი უნდა დავადასტუროთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით და სასაქონლო ზედნადებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: „1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა“. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში, რომელიც შედგენილია საქონლის ნასყიდობის ან მომსახურების გაწევის დროს, როგორც წესი, მიეთითება გამყიდველი (მომსახურების გამწევი) და მყიდველი (მომსახურების მიმღები) მხარე, მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება. ხელშეკრულების არარსებობის პირობებში დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის და საქონლის მიწოდების მტკიცების სამართლებრივ საფუძველს. საკითხს უფრო ამარტივებს, თუ მოვალეს ფულადი ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული, ვინაიდან ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. 

როგორც ზემოთ განვმარტეთ, გაცილებით რთულია ამტკიცოს კრედიტორმა გარიგებისა და საქონლის მიწოდების ფაქტი, როდესაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შედგენილია მხოლოდ სასაქონლო ზედნადები. მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით ფულადი ვალდებულების არსებობის ფაქტის მტკიცება განსხვავებით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა გაცილებით რთულია და ამ თვალსაზრისით, კრედიტორი რიგ შემთხვევებში ვერ ლახავს მტკიცების სტანდარტს და სასარჩელო მოთხოვნა ხდება დაუკმაყოფილებელი. თუმცა, ბოლო დროს არსებულმა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკამ გაითვალისწინა ასევე სასაქონლო ზედნადების მნიშვნელობა და 2017 წლის 13 ნოემბერს სამოქალაქო საქმე ას-599-558-2017-ში განმარტა, რომ „საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით საჯაროსამართლებრივი მოწესრიგების ფარგლებში დადგენილია შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები, კერძოდ: „სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. 

ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა“ (12.06.2012 წ. N6446). ამავე კოდექსის 286-ე მუხლით დადგენილია საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და აღურიცხველობის შედეგი, კერძოდ, პირველი ნაწილით: „სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“ (28.12.2012 წ. #189, ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან). მითითებული საჯაროსამართლებრივი სფეროს მომწესრიგებელი ნორმების მიზანია ქვეყნის შიგნით განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობისათვის სასაქონლო ზედნადების დანიშნულების ხაზგასმა. საკასაციო სასამართლომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ მხარეები ადასტურებენ მათ შორის წლების მანძილზე არსებულ ურთიერთობას. სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების დეტალურად გაანალიზება არ იძლევა იმ დასკვნის ცალსახად გამოტანის შესაძლებლობას, რომ საწარმოს მიერ შექმნილი დოკუმენტი _ სასაქონლო ზედნადები, მხარეებს შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს არ ადასტურებს (იხ. 3.3.3. ქვეპუნქტი). საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტზე, როგორც მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შექმნილ და არასარწმუნო მტკიცებულებაზე მსჯელობა, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო უთითებს, თანაც იმ პირობებში, როდესაც ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ინსტრუქციაზე დაყრდნობით არ არსებობს მყიდველის მხრიდან სასაქონლო ზედნადების დადასტურების ვალდებულება (იხ. 3.3.2-ე ქვეპუნქტის ბოლო წინადადება), დაუსაბუთებელი მსჯელობაა და არ გამომდინარეობს ამ განჩინების მე-10 პუნქტში მოხმობილი საგადასახადო მოწესრიგებიდან“. 

მიუხედავად აღნიშნულისა, სასაქონლო ზედნადებს სასამართლო აფასებს სხვა ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობაში და შესაბამისად გარიგების არსებობის ფაქტის დასადასტურებლად, მხოლოდ სასაქონლო ზედნადების იმედად არ უნდა იყოს კრედიტორი. 

რა ხდება, თუ მხარეთა შორის არსებობს ხელშეკრულება? განსახილველ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხელშეკრულება არის თუ არა სწორად შედგენილი. არის შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულება თავისი შინაარსით, იმდენად საზიანოა კრედიტორისთვის, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლოში საქმისწარმოებამ პირიქით შეიძლება დააზარალოს კრედიტორის ინტერესები. აღნიშნული შემთხვევები კი ხშირია და ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც იყენებენ ე.წ. „ინტერნეტში ატვირთულ შაბლონებს“, რაც არასწორია, რადგან ყოველი შეთანხმება საჭიროებს ინდივიდუალურ შესწავლას. ხელშეკრულება მხოლოდ საქონლის/მომსახურების ღირებულება და მყიდველი ან გამყიდველი მხარე როდია. ხელშეკრულება ნების ავტონომიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომელიც საჭიროებს იურისტის მხრიდან რევიზირებას და ყველა სტანდარტის დაცვას, რათა საბოლოოდ ზიანის მომტანი არ იყოს კრედიტორისთვის. 

ასევე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს კრედიტორმა დაიცვას ხანდაზმულობის ვადები, რათა სასარჩელო მოთხოვნა ფულადი ვალდებულების დაკისრების თაობაზე ხანდაზმულად არ იქნეს მიჩნეული. სამოქალაქო კოდექსის თანახმად: „სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა“. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნა წარმოშობილად ითვლება, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. იმისათვის, რომ ხანდაზმულობის ვადა სწორად ავითვალოთ, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, ვალდებულება, როდის უნდა შესრულებულიყო და მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშვა თუ არა. როგორც ზემოთ გავმარტეთ, კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა, როდესაც ის გაიგებს უფლების დარღვევის შესახებ. მეტი სიცხადისთვის განვიხილოთ შემდეგი მაგალითები: 

– ვთქვათ, შპს „A“-მ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მიჰყიდა საქონელი შპს „B“-ს, რაზეც შედგენილი იქნა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებულია საქონლის ნასყიდობის, მიწოდების თარიღად 14 დეკემბერი 2022 წელი. ჩვენ ვიცით, რომ ნასყიდობა, საქონლის მიწოდებასთან ერთად ასევე გულისხმობს შეთანხმებული ფასის გადახდას. განსახილველ შემთხვევაში შპს „A“ სთვის ხანდაზმულობის ვადის დენა, დაიწყება 2022 წლის 15 დეკემბრიდან და თუ შპს „B“ ვალდებულებას არ შეასრულებს კრედიტორის წინაშე, შპს „A“-ს 2025 წლის 15 დეკემბრამდე ექნება სასამართლოს გზით მოვალე შპს „B“-სთვის ფულადი ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის უფლება. 

– იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება ვალდებულების გადახდის თაობაზე და დათქმული იყო კონკრეტული თარიღი, მაგალითად 2022 წლის 20 დეკემბერი და მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება, ხანდაზმულობის ვადის დენა კრედიტორისთვის დაიწყება 2022 წლის 21 დეკემბრიდან. 

- განვიხილოთ ასეთი მაგალითი: ვთქვათ შპს „A“, როგორც მოიჯარე, ვალდებულია შპს „B“ „მეიჯარეს“ ყოველთვიურად, თვის 5 რიცხვში გადაუხადოს საიჯარო საფასური - 100 ლარი. სახეზე გვაქვს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. რა მოხდება, თუ შპს „A“ დაარღვევს მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობას და არ გადაიხდის საიჯარო თანხას, 2022 წლის 05 თებერვალს, 2022 წლის 05 მარტს და 2022 წლის 05 აპრილს? ამ შემთხვევაში მოიჯარის მიერ შეუსრულებელ მოქმედებებზე, მეიჯარეს ხანდაზმულობის ვადის დენა დაეწყებოდა; 2022 წლის 05 თებერვლის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის - 2022 წლის 06 თებერვლიდან, 2022 წლის 05 მარტის ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის - 2022 წლის 06 მარტიდან და 2022 წლის 05 აპრილის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კი - 2022 წლის 05 აპრილიდან. 

როგორც მაგალითებიდან ჩანს, ხანდაზმულობის ვადას ახასიათებს გარკვეული თავისებურებანი და კრედიტორმა მოთხოვნის უფლება რომ არ გაუშვას, საჭიროა ყურადღება გაამახვილოს და დაიცვას ვადები. 

რაც შეეხება დებიტორული დავალიანების მართვას, თუ კრედიტორისთვის ნათელია, რომ მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას და არ იხდის მის წინაშე არსებულ დავალიანებას, საჭიროა გატარდეს ქმედითი ღონისძიებები, რომელიც დამოკიდებულია მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსზე, თუმცა შეიძლება გამოვყოთ: „მოლაპარაკება“, „გამარტივებული წარმოება“ და „სასამართლოში სასარჩელო წარმოების დაწყება“ და სხვა. 

– „მოლაპარაკება“ ყველაზე მარტივი გზაა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად, განსახილველ შემთხვევაში საჭიროა ორივე მხარის მზაობა და ამავე დროს მოლაპარაკების დროს მიღწეული შეთანხმება შესაძლებელია წერილობითი ფორმით იქნას შედგენილი, რომელიც ასევე რევიზირებული იქნება იურისტის მიერ. 

– „გამარტივებული წარმოება“ - ეს არის ფულადი დავალიანების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავის ეფექტიანი მოგვარება, რომელიც გულისხმობს თანხის გადახდევინებას და არ უკავშირდება საპასუხო ვალდებულების შესრულებას. გამარტივებული წარმოების მომსახურება აღსრულების ეროვნულ ბიუროში საერთაშორისო, კერძოდ ფრანგული და შვედური გამოცდილების გათვალისწინებით დაინერგა. თუმცა, არსებულმა პრაქტიკამ ამ მოდელის არაეფექტიანობა თვალნათელი გახადა. კერძოდ, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) მიუვა წინადადება აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის თაობაზე, რესპონდენტი უმეტესწილად წერილობით წარმოადგენს პროტესტს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ და სააღსრულებო ბიუროში დაწყებული გამარტივებული საქმისწარმოება წყდება, კრედიტორს კი უძვირდება სასესხო დავალიანება აღსრულების ბიუროში გადახდილი თანხით; 

– „სასამართლოში სასარჩელო წარმოების დაწყება“ _ თუ მოვალე ვალდებულებას არ ასრულებს და კრედიტორმა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს მოვალის მიმართ ფულადი ვალდებულების დაკისრება. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე. სასამართლოში სამოქალაქო საქმეები მიმდინარეობს შეჯიბრებითობის და თანასწორობის საფუძველზე. საქართველოში მართლმსაჯულებას ახორციელებს საერთო სასამართლოები, ესენია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სამწუხაროდ, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში სასამართლოები საქმეებს ვერ განიხილავენ, რასაც უკავშირებენ მოსამართლეთა სიმცირეს და მოზღვავებულ საქმეთა რაოდენობას. 

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებების (განჩინებები, დადგენილებები) საფუძველზე სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებული არის არა მარტო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე (როგორც ეს დგება მაგალითად აღიარებითი სარჩელის დროს), არამედ იმაზე, იქნება თუ არა მოპასუხის საკუთრებაში გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის შესაბამისი ქონება, რომელზედაც შეიძლება აღსრულების მიქცევა, თუკი მოვალე ნებაყოფლობით არ დაფარავს დავალიანების თანხას. აქედან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. თუმცა, აუცილებელია მხარეებმა გაითვალისწინონ ყველა შესაძლო რისკი, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ თავიანთი უფლების რეალიზება. ამისთვის კი საჭიროა ჯერ კიდევ წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნისას მიმართონ კვალიფიციურ იურისტს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება და მხარისთვის სასურველი შედეგის დადგომა. 

ნათია ქუტიძე 
შპს "ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტი