ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მიმოხილვა. ნაწილი 1 - №12(276), 2022
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი 1999 წლის 15 მაისს ამოქმედდა. იგი აწესრიგებს სასამართლო აქტების და სხვა ორგანოთა აქტების იძულებითი აღსრულების წესს. აღნიშნული კანონის მიღებით მნიშვნელოვნად განმტკიცდა სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლებათა დაცვის გარანტიები. თუმცა, სააღსრულებო საქმისწარმოების ეტაპზე არაერთი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს აღსრულების პროცესს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრებთ მომდევნო სტატიებში, თუმცა სტატიის ამ ნაწილში შევეხებით „სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებს, რომელიც აწესრიგებს სააღსრულებო მოქმედებათა დაქვემდებარებული აქტების ჩამონათვალს, აღსრულების პროცესში მონაწილე პირთა სამართლებრივ მდგომარეობას და ასევე აღმასრულებლის მოქმედებების გასაჩივრების წესს და პირობებს. 

შესავალი 

მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელება სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაში გამოიხატება. სამართლიანი განხილვის უფლება ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც მოიცავს, აღსრულება განსაზღვრულია აღსასრულებელი გადაწყვეტილებით. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. არ არსებობს უფლება, თუ არ არსებობს მისი ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. 

სასამართლო აქტების აღსრულების განხორციელების აუცილებლობა დადგენილია როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლო პრაქტიკით. 
აღსანიშნავია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლების შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ცალკე მითითება არა აქვს, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა აღნიშნული უფლება, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა ხელს შეუწყობდა სასამართლოს საბოლოო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ერთი მხარის საზიანოდ, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების გაჭიანურება შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებებით, მაგრამ ზიანს არ უნდა აყენებდეს მე-6 მუხლით დაცული უფლების არსს. დარღვეული უფლების დაცვა არ იქნება ქმედითი, თუ სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს აქტი დროულად არ სრულდება, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც, სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. უფლება სასამართლოს დაცვაზე ილუზორული იქნებოდა ძალაში შესული სასამართლოს სავალდებულო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განვიხილოთ სასამართლოს განუყოფელ ნაწილად. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. 

საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების, კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. 

აღსრულებას ექვემდებარება: 

ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; 

ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ; 

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; 

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში; 

ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ; 

ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/ იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; 

ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ; 

თ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლით გათვალისწინებული სხვა აქტები. 

აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო). აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის უზრუნველყოფას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნას და ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. 

აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს _ ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით. 

სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები 

„სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 15-ე მუხლის თანახმად: სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: 

ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); 

ბ) აღმასრულებელი; 

გ) კერძო აღმასრულებელი; 

დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში. 

აღმასრულებლის უფლება-მოვალეობა 

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა და იგი მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას უფლება აქვს, შევიდეს მოვალის ბინაში, დაათვალიეროს ყველა სათავსი და მოვალის ქონება. დათვალიერება ფორმდება ოქმით. იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს: 

ა) გადახდევინება: 

ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით, ხოლო თუ საკითხი ეხება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ქონებას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს; 

ა.ბ) მოვალის ხელფასიდან, პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან), სტიპენდიიდან და სხვა შემოსავლიდან; 

ა.გ) მოვალის სხვა პირებთან არსებული ფულადი თანხებიდან და ქონებიდან, აგრეთვე საინკასო დავალებების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან; 

ბ) მოვალისთვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს; 

გ) კანონის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში მითითებული სხვა ღონისძიებები. 

აღმასრულებელი ვალდებულია: 

მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. თუ მოვალე არ დაუშვებს აღმასრულებელს, განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, აღმასრულებელს შეუძლია დასახმარებლად მიმართოს აღსრულების პოლიციას ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ვალდებულია აღმოუჩინოს მას საჭირო დახმარება. 

აღმასრულებლისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ან თუ მოვალის ბინაში განსახორციელებელ სააღსრულებო მოქმედებას არც მოვალე ესწრება და არც მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი, აღმასრულებელი ადგენს აქტს და აგრძელებს სააღსრულებო მოქმედებას მუნიციპალიტეტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. აღსრულების მსვლელობისას აღმასრულებელი უფლებამოსილია გამოიძახოს სააღსრულებო წარმოების მხარეები სააღსრულებო დოკუმენტების გასაცნობად, სააღსრულებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, მიიღოს ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია აღსრულების მიზნებისათვის. 

აღმასრულებელს თავისი ქვემდებარე სააღსრულებო საქმის წარმოებისას მოძრავ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს სხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაზედაც. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე. 

კრედიტორი და მოვალე სააღსრულებო წარმოებაში და მათი უფლებამოსილება 
სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/ და ინტერესებისათვის მიღებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება. სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი/ მუნიციპალიტეტის ორგანო, რომლებსაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან. 
კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვს: 

ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას; 

ბ) მორიგდნენ; 

გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე; 

დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები; 

ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში; 

ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. 
კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი 3 დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთ-ერთ სასამართლოს. 

კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს. ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას. 

თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან მუნიციპალიტეტს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/ პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი/ მუნიციპალიტეტის ორგანო. 

აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება აღსრულების ეროვნულ ბიუროში 
სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება. 
საჩივარი შეიტანება აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მასში უნდა აღინიშნოს: 

ა) საჩივრის შემტანის ვინაობა/დასახელება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია; 

ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო საქმის ნომერი, სააღსრულებო ფურცელი/ აღსასრულებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მხარეები; 

გ) იმ აღმასრულებლის ვინაობა, რომლის მოქმედებაც საჩივრდება; 

დ) გასაჩივრებული მოქმედების შინაარსი; 

ე) საჩივრის შემტანის მოთხოვნა, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები; 

ვ) საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ საჩივარს დაერთვის რაიმე დოკუმენტი; 

ზ) საჩივრის შეტანის თარიღი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 

საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით, უნდა პასუხობდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. 

საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში. 
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საჩივარს განიხილავს მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ამ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. 

დასკვნითი ნაწილი 

ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სააღსრულებო წარმოება სამოქალაქო უფლების დაცვის მექანიზმის შემადგენელი ნაწილი და საბოლოო ეტაპია (სტადიაა). მას აქვს თავისი მიზანი, ობიექტი, შინაარსი, დაწყებისა და დამთავრების საფუძვლები, ჰყავს მონაწილე სუბიექტები. სააღსრულებო წარმოება წარმოადგენს ნორმათა სისტემას, რომლებიც აწესრიგებენ სასამართლო აქტების და სათანადო იურისდიქციის მქონე სხვა ორგანოთა აქტების (სააღსრულებო დოკუმენტების) იძულებითი განხორციელების კანონით დადგენილ წესს. თუ სამოქალაქო პროცესის მიზანია დარღვეული თუ სადავო მატერიალური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვა, აღსრულების მიზანია დადასტურებული, უდავოდ ქცეული უფლების რეალურად აღდგენა. დადასტურებული მატერიალური უფლება ან კანონით დაცული ინტერესი, სააღსრულებო წარმოებაში ხორციელდება კანონით დადგენილი სახელმწიფო იძულების მექანიზმის (პროცედურების) გამოყენების მეშვეობით, რომელთა შესახებ მომდევნო სტატიებში გვექნება საუბარი. 

ნათია ქუტიძე 

(გაგრძელება იქნება)