ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიმოხილვა. ნაწილი III - №2(278), 2023
გაგრძელება. დასაწყისი იხ. "ააფი" №№12((276)-1(277) 

მოვალის ძებნა 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას. ამ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზედაც სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ. რაც შეეხება მოვალის ძებნის ხარჯებს, ამ საკითხის გადასაწყვეტად უნდა ვიხელმძღვანელოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლით, რომლის თანახმადაც: 

„1. მოპასუხის მოძებნა, როცა ეს გათვალისწინებულია კანონით, წარმოებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და გადახდება, შესაბამისად, მოპასუხეს – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ხოლო მოვალეს – გადაწყვეტილების აღსრულების დროს“. 
მოვალეს გადახდება აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამდენად, კრედიტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოვალის ძებნა ხორციელდება შინაგან საქმეთა ორგანოების მეშვეობით. ძებნის ხარჯების გაანგარიშების დროს უნდა ამოვიდეთ ძებნის განხორციელებაზე ფაქტობრივად დახარჯული თანხებიდან და შესაბამისი დოკუმენტები საქმეს უნდა დაერთოს გაწეული ხარჯების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ხარჯების გაანგარიშების შესახებ დოკუმენტები დგება თავისუფალი ფორმით. მოვალის ძებნის განხორციელებისას პოლიციის ორგანოები შეკითხვით მიმართავენ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, სხვა ორგანიზაციებს და პირებს, რომელთაც აქვთ ცნობები მოვალის შესახებ. შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოებს მოვალის ძებნის ხარჯების წინასწარი და შემაჯამებელი (საბოლოო) გაანგარიშება. საბოლოო გაანგარიშების შედგენისას ამოსავალი უნდა იყოს ფაქტობრივად დახარჯული თანხები. 

მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ 

თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. 

მსგავსი დავების განხილვისას, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. დასახელებული ნორმით დადგენილია ქონების დაყადაღების დროს დაინტერესებულ პირთა დარღვეული სამოქალაქო უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა, სამოქალაქო უფლების შესახებ დავის აღძვრის გზით, რაც დაკავშირებულია იმ ქონების კუთვნილებასთან, რომელზეც მიქცეულია აღსრულება. მესამე პირის საკუთრების უფლება დაცული უნდა იქნეს ნებისმიერ შემთხვევაში. ქონების კუთვნილების საკითხის გადაწყვეტამდე აუქციონიც უნდა შეჩერდეს, ე.ი. მესამე პირის უფლება დაუბრკოლებლად უნდა იქნეს დაცული. ქონების კუთვნილებისა და დარღვეული უფლებების აღდგენის შესახებ დავა შეიძლება წარმოიშვას იმ სააღსრულებო მოქმედებების შესრულების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ქონებაზე გადახდევინების მიქცევასთან და ქონებაზე ყადაღის დადებასთან, როცა აღსრულებით ილახება იმ მესამე პირთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც არ არიან მხარეები სააღსრულებო წარმოებაში. 

აღსრულების გადადება, შეჩერება, შეწყვეტა, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს აღსრულების შეწყვეტის შემდეგ საფუძვლებს: 

ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; 

ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; 

გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; 

დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; 

ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; 

ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; 

ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; 

თ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; 

ი) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი; 

კ) კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი. 

სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები იმგვარი იურიდიული ბუნების არიან, რომ მათი აღმოფხვრა, თავიდან აცილება თუ გამოსწორება შეუძლებელია. სწორედ აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს, მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში როგორც აღსრულების შეუძლებლობას, ისე აღსრულების განახლების შეუძლებლობას. თანამედროვე კანონმდებლობა ითვალისწინებს სააღსრულებო წარმოების, როგორც სასამართლოს, ისე აღმასრულებლის მიერ შეწყვეტის შესაძლებლობას. სააღსრულებო წარმოების დამთავრება კი მარტოოდენ აღმასრულებლის კომპეტენციას წარმოადგენს. 

სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა ნიშნავს ყველა სააღსრულებო მოქმედების შეწყვეტას, საბოლოო დასრულებას. მოცემულ კონკრეტულ სააღსრულებო წარმოებაში, მათი განახლების უფლების გარეშე. სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა წარმოადგენს სააღსრულებო დოკუმენტის მთლიანად ან ნაწილობრივ რეალურად აღსრულების გარეშე სააღსრულებო წარმოების დამთავრების ერთ-ერთი ფორმას, რომლის დროსაც კრედიტორი კარგავს სააღსრულებო დოკუმენტის აღსასრულებლად განმეორებით წარდგენის უფლებას. 
სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს: 

ა) კრედიტორის განცხადებით; 

ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ ქონება იქ არ იმყოფება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით; 

გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. 

თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე; 

თუ კრედიტორი აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსებს წინასწარი საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შედეგად, ან არ შეიტანს წინასწარი საფასურის თანხას, თუკი სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე. 
თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/ აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა. კრედიტორი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს სააღსრულებო წარმოების 1 წლით გაგრძელება, რისთვისაც იგი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით. ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე კრედიტორი ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში უფლებამოსილია ყოველწლიურად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების გაგრძელების თაობაზე. 

კრედიტორისათვის სააღსრულებო დოკუმენტის (საბუთის) დაბრუნების ინსტიტუტი არსებითად განსხვავდება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის ინსტიტუტისაგან, კერძოდ: მიზნებით; ამ მოქმედებების განხორციელების უფლების მქონე სუბიექტებით; იმ საფუძვლებით, რომელთა არსებობის დროსაც შესაძლებელია მათი განხორციელება; ამ მოქმედებათა შესრულების შედეგად დამდგარი სამართლებრივი შედეგებით. კრედიტორისათვის სააღსრულებო დოკუმენტის დაბრუნება არ იწვევს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას. იგი არ წარმოადგენს კანონით დადგენილი აღსრულების ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში ამ დოკუმენტის აღსასრულებლად ხელახლა წარდგენის დამაბრკოლებელ ფაქტორს. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. 

სააღსრულებო წარმოების შეჩერება არის სასამართლოს მიერ სააღსრულებო მოქმედებების დროებითი (ამასთან, განუსაზღვრელი ვადით) შეწყვეტა, რაც, როგორც წესი, გამოწვეულია ობიექტური (ე.ი. სასამართლოსგან, აღმასრულებლისა და მხარეთაგან დამოუკიდებელი) გარემოებებით, რომლებიც აფერხებენ სააღსრულებო წარმოების შემდგომ მსვლელობას და რომელთა მიმართ შეუძლებელია განისაზღვროს, თუ როდის აღმოიფხვრებიან ისინი და როდის გაჩნდება სააღსრულებო წარმოების განახლების შესაძლებლობა. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება: 

ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; 

ბ) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; 

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; 

დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; 

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

სააღსრულებო წარმოება ასევე ითვალისწინებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების შეჩერების საფუძვლებს, კერძოდ: 

ა) კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; 

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; 

გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას – სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე. 

აღსრულების საფასური 

აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30.07.2010 წ. №144 ბრძანებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“. 

საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. 

თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე საფასურის ოდენობა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის დადგენილი საფასურისა. 

აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: 

ა) 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/ და საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა; 

ბ) 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა; 

გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 10%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა; 

დ) 500 ლარი ან 500 ლარზე მეტი სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/ და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმის, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა. 

თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანისას გადასახდელი საფასურის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. 

დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღსრულების წინასწარი საფასური ჩაითვლება კრედიტორის მიერ გადახდილად, თუ გამარტივებული წარმოებისას მან აღნიშნული საფასური საგარანტიო თანხის სახით სრულად შეიტანა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ − საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმის/ნივთის გადაცემის შესახებ საქმის, რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისაგან სასამართლო წესით მოითხოვოს. 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების, სისხლისსამართლებრივი წესით მიღებული გადაწყვეტილებების (გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა), საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო ორგანოს და მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს სასარგებლოდ, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების (მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის) გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილებების და ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება. 

საფასურის წინასწარ გადახდისაგან თავისუფლდება: 

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით; 

ბ) კრედიტორი სასამართლოს გადაწყვეტილებით (სასამართლოს შეუძლია კრედიტორი, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაათავისუფლოს საფასურის წინასწარ გადახდისაგან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით); 

გ) კრედიტორი აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებისას. 

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვის, ტრანსპორტირების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების ან/და დადგენის პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, თუ ეს ხარჯი გაიღო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და შესაძლებელია მისი დადასტურება შესაბამისი დოკუმენტაციით. 

პირს უფლება აქვს, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თავისი კუთვნილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განუხორციელებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. 

ნათია ქუტიძე 

გაგრძელება იქნება