ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს ბიზნეს‑ასოციაციის საგადასახადო‑საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელ შოთა კომლაძესთან - #6(222), 2018
შოთა კომლაძე - დაიბადა 1975 წლის 10 დეკემბერს ქ. ოზურგეთში.

განათლება

09.1992 - 06.1997 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალობა მაკროეკონომიკა, ეკონომისტის კვალიფიკაცია.

პროფესიული კარიერა

04.2011-დან დღემდე - ააიპ "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის"
საგადასახადო-საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი.

06.2009-03.2011 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) კონტროლის სამმართველოს უფროსი.

04.2009-05.2009 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საგადასახადო შემოწმებების სამმართველოს უფროსის მოადგილე.

12.2008 - 03.2009 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მომსახურების სამმართველოს უფროსის მოადგილე.

10.2008 - 11.2008 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსის მოადგილე.

12.2007 - 09.2008 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მიმდინარე კონტროლის განყოფილების უფროსი.

05.2007 - 11.2007 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს საგადასახადო ვალდებულებების
შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

10.2005 - 04.2007 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების ინსპექტორი.

03.2005 - 09.2005 - ააიპ „რუსთავის ბიზნეს ცენტრი“, კონსულტანტი.

06.2004 - 02.2005 - ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი.

04.2002 - 05.2004 - ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ეკონომიკური რეფორმებისა და მეურნეობის განვითარების სამსახურში წამყვანი მრჩეველი.

უცხო ენები - ინგლისური, რუსული.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

‑ სანამ პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, მოდით ჯერ მკითხველს უკეთ გავაცნოთ ‑ ვინ არის შოთა კომლაძე?

- დავიბადე ოზურგეთის რაიონში 1975 წელს. ოჯახი ქალაქ რუსთავში ვცხოვრობდით, ამ ქალაქში გავიზარდე და 1992 წელს დავამთავრე 21‑ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, მაკროეკონომიკის სპეციალობაზე. ამჟამად ვარ საქართველოს ბიზნეს‑ასოციაციის საგადასახადო‑საბაჟო მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს ბიზნეს‑ასოციაცია 2009 წელს დაარსებული ორგანიზაციაა. დღეს იგი არის უმსხვილესი ბიზნეს‑გაერთიანება, რომლის წევრები მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები არიან და რომელიც დღეს აერთიანებს დარგის ლიდერ 70‑მდე კომპანიას. ასოციაციის ერთ‑ერთი მთავარი დანიშნულებაა მისი წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნეს‑ინტერესების წარდგენა და დაცვა ქვეყნის ხელისუფლებასთან.

‑ თქვენი პირველი სამსახური სად იყო?

- პირველი სამუშაო ადგილი იყო ქვემო ქართლის ახალგაზრდული დეპარტამენტი, შემდგომ მუშაობა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) აპარატში განვაგრძე. ეს იყო 1998‑99 წლები. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვეძებდი სამსახურს და ახლობლის რეკომენდაციით მოვხვდი ამ სტრუქტურის ეკონომიკის სამსახურში მრჩევლის პოზიციაზე. უფრო სწორად, გარკვეული პერიოდი სტაჟიორი ვიყავი, შემდეგ _ მრჩეველი. აქ მივიღე გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება. მოგვიანებით სახელმწიფო რწმუნებულის საფინანსო‑ეკონომიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დავინიშნე. 2005 წელს მუშაობა განვაგრძე საგადასახადო სამსახურში, მაშინდელი საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციაში.

‑ საგადასახადო სამსახურში როგორ მოხვდით?

- ყოველთვის მაინტერესებდა საგადასახადო‑საბაჟო სფერო. გარკვეულწილად, ამ საკითხებთან შეხება გუბერნატორის აპარატშიც მქონდა. 2005 წელს საგადასახადო სამსახურმა ვაკანსიები გამოაცხადა, მონაწილეობა მივიღე და კონკურსში წარმატებით გავიარე როგორც საგამოცდო, ისე თეორიულ‑პრაქტიკული კურსი. პირველი ეტაპის სტაჟიორებად ვითვლებოდით ამ სტრუქტურაში. თითქმის 8 წელი დავყავი საგადასახადო სტრუქტურაში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში.

‑ ისევ რომ მოგეცეთ შანსი, სახელმწიფო სამსახურში დაბრუნდებით?

- მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კარგი მოგონება მაკავშირებს საგადასახადო სამსახურში მუშაობასთან და იმავდროულად შევიძინე და დღემდე მყავს არაერთი მეგობარი ამ სტრუქტურაში, ვფიქრობ, რომ გამიჭირდება დაბრუნება. საჯარო მოხელის ჩარჩოებიდან ამოვარდი. მას შემდეგ, რაც ბიზნეს‑ასოციაციაში დავიწყე მუშაობა, გადასახადებს, ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობას განსხვავებული კუთხით შევხედე. ამჯერად ბიზნეს‑ასოციაციაში საგადასახადო‑საბაჟო მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ბიზნეს‑ასოციაცია ჩემი პირველი არასაჯარო სამსახურია, სადაც უკვე მეშვიდე წელია ვმუშაობ.

‑ თქვენ სხვადასხვა საბჭოს წევრიც ბრძანდებით.

- დიახ, ამავდროულად ვარ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრი. მოგეხსენებათ, ფინანსთა სამინისტროში გადასახადის გადამხდელების დავების განხილვის მეორე ეტაპია. ასევე ვარ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შექმნილი საბაჟო საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

‑ თქვენ აღნიშნეთ, რომ საჯარო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ბიზნესს სხვა კუთხიდან შეხედეთ. რას შეცვლიდით საგადასახადო კანონმდებლობაში ბიზნესის სასარგებლოდ?

- რაც შეეხება საგადასახადო რეჟიმს, ჩვენი ქვეყანა ერთ‑ერთია, სადაც საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი არსებობს, საგადასახადო განაკვეთები არც ისე მაღალია. პირადად მე რომ ხელმეწიფებოდეს, გადასახადის განაკვეთებთან დაკავშირებით სავარაუდოდ არაფერს შევცვლიდი. თუმცა, შევეცდებოდი კიდევ უფრო გამემარტივებინა ის ბიუროკრატია, რაც ამ სტრუქტურაში ჯერ კიდევ სამწუხაროდ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო გადასახადის გადამხდელებთან ურთიერთობის მაქსიმალურ გამარტივებაზეა ორიენტირებული, ბიუროკრატიული მექანიზმი მაინც თავისას შვება. ამიტომ შევეცდებოდი, ბიზნესთან ურთიერთობა უფრო მოქნილი გამეხადა. არ შეიძლება ნებისმიერი კანონპროექტი, ცვლილება, თუნდაც ნორმატიული აქტი ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე, მით უმეტეს ნაჩქარევად იქნეს მიღებული. აუცილებელია მინიმუმ რამდენიმეთვიანი საკონსულტაციო რეჟიმი. უკვე მიღებული ცვლილებები, მათ შორის ნორმატიული აქტების სახით, ბიზნესისთვის სიახლე არ უნდა იყოს. პროექტს ცვლილებების დამტკიცებამდე უნდა იცნობდეს შესაბამისი სფეროს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

‑ ფიქრობთ, რომ ფინანსთა სამინისტროსა და გადასახადების გადამხდელებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს?

- მსხვილ ბიზნესს, ვფიქრობ, კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, მათ ასევე ჰყავთ გამოცდილი მაღალანაზღაურებადი კადრები. ვფიქრობ, მცირე და საშუალო ბიზნესთან გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო, რათა მათ საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები რეალურ დროში აღიქვან და პრაქტიკულ საქმიანობაში გაითავისონ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო აშკარად პოზიტიურ ცვლილებაზე აქტიურ პიარს აწარმოებს ფინანსთა სამინისტრო. ვგულისხმობ, პირველი ივლისიდან ამოქმედებულ ნორმას, რომელიც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის ბრუნვის გადასახადი 3‑5 პროცენტიდან 1 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ამ სტატუსის პირობებში ბრუნვის ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა. მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტად მომართული უნდა იყოს, რომ ადეკვატურ დროში მოერგოს აღნიშნულ ცვლილებას. თუნდაც რეგიონებში სიახლეების გათავისება, პრაქტიკაში დანერგვა უჭირთ. როგორც წესი, მცირე ბიზნესი საკანონმდებლო სიახლეებში კარგად მაშინ იხედება, როდესაც გარკვეულ პრობლემას აწყდება საქმიანობისას საგადასახადო ადმინისტრირებიდან გამომდინარე.

‑ ხომ არ ფიქრობთ, რომ ის ცვლილება, რომელიც პირველ ივლისს ამოქმედდა, უნდა ყოფილიყო უფრო მასშტაბური და ინდმეწარმე ფიზიკური პირების გარდა, იურიდიულ პირებზეც უნდა გავრცელებულიყო?

- ამ ტიპის შეღავათები იურიდიულ პირებს არ უნდა შეხებოდათ. მათთვის მოქმედებს მოგების გადასახადის ახალი ე.წ. „ესტონური მოდელი“. შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო ტვირთის კუთხით, ამ შემთხვევაში, ბალანსი შეიქმნა. ანუ სახელმწიფო შეეცადა დაებალანსებინა ის საგადასახადო ტვირთი, რომელიც მეწარმე ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებს აქვთ. ამასთანავე, სახელმწიფოს მათი – მცირე მეწარმეების ადმინისტრირება იმდენად ძვირი უჯდებოდა, ერჩივნა, გადასახადის მარჟა შეემცირებინა და ადმინისტრირება გაემარტივებინა.

‑ როდესაც ეს ცვლილებები დაანონსდა, ზოგს გაუჩნდა მოლოდინი, რომ ფინანსთა სამინისტრო დღგ‑ის გადამხდელთა ზღვარსაც გაზრდიდა, მაგალითად 200 ათას ლარამდე. ბიზნეს‑ასოციაცია როგორ უყურებს ამ საკითხს?

- ყველაფერი გამომდინარეობს ანალიზიდან. როგორც ვიცი, ფინანსთა სამინისტროს ამ ეტაპზე დღგ‑ის გადამხდელთა ზღვარის გაზრდა მართებულად არ მიაჩნიათ. თუმცა, ზღვარი 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე მაინც რომ გაზრდილიყო, ურიგო არ იქნებოდა, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ბიზნესის ბრუნვა უკანასკნელ წლებში გაზრდილია. ამ შემთხვევაში ბერკეტი მართალია სახელმწიფოს ხელშია, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში დღგ‑ის წილი დაახლოებით 35‑40%‑ია.

‑ პრემიერ‑მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საგადასახადო და საბაჟო კოდექსები არსებულ გამოწვევას ვეღარ პასუხობენ და საჭიროა ახალი კოდექსების შექმნა. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, ამდენი ცვლილებების შემდეგ საგადასახადო კოდექსი ისევ თავიდან შესაქმნელია?

- ვფიქრობ, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსი აუცილებლად შესაცვლელია და როგორც ვიცი, ფინანსთა სამინისტროში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. იმავდროულად ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საბაჟო და საგადასახადო კოდექსების გაყოფაზე მიმდინარეობს მუშაობა. საბაჟო კოდექსი ცალკე იქნება, მაგრამ ეს ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც 2010 წელს მოხდა, როდესაც უბრალოდ ნუმერაცია შეიცვალა კონკრეტული თავების და მუხლების. რეალურად ახალი კოდექსი უნდა დაიწეროს, რომელიც მზად იქნება დღეს არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. სამინისტრო ამ კუთხით მუშაობს და წლის ბოლომდე საზოგადოების წინაშე გარკვეული დრაფტის (პროექტის) გამოტანას გვპირდება. იმ დაპირებების მიუხედავად, რომ კოდექსში ცვლილებები მაქსიმუმ 6 თვეში ერთხელ განხორციელდებოდა, თვე არ გავა, რომ მასში რამდენიმე ცვლილება მაინც არ შევიდეს. მხოლოდ ბოლო კოდექსის არსებობის დღიდან (2011 წ), მასში შესულია 135 ცვლილება, რაც დამეთანხმებით, ბიზნესისათვის გარკვეულ რისკებს ქმნის სიახლეების დროში აღქმადობასთან და პროგნოზირებასთან დაკავშირებით. ამ პროცესს დარეგულირება სჭირდება.

‑ ასევე მიმდინარეობს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა. ამ პროცესს როგორ შეაფასებთ და რას უნდა ველოდეთ ამ რეფორმისგან?

- მე ვარ ბიზნესის წარმომადგენელი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოში. რეფორმა კანონის მიღებით 2 წლის დაიწყო, კანონი სხვადასხვა, პროფესიულ და ბიზნესწრეებთან კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღებული. კანონის მიღების ერთ‑ერთი და მთავარი საფუძველი იყო ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. ეს რეფორმა უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. ამ პროცესს მსხვილი ბიზნესი დადებითად აფასებს. მე ვფიქრობ, რეფორმა (გამჭვირვალობა, ღიაობა, აუდიტის სფეროს მოწესრიგება, აუდიტურ კომპანიებში აუდიტის ხარისხის შენარჩუნება, კომპანიების მდგრადობის ხილვადობა და სხვა მრავალი) გაცილებით მნიშვნელოვანია ჯერ ინვესტორისათვის, შემდეგ თითოეული მოქალაქისათვის. თავად სამსახურის მისიაც ასეთია: „საქართველოში დასაქმების შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის მეშვეობით, საზოგადოების უზრუნველყოფა საიმედო ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციით“. ამ რეფორმამ ბიზნესის გამჭვირვალობას უნდა შეუწყოს ხელი, რაც თავისთავად ინვესტორებისთვის იქნება სიგნალი, რომ მათ თავისუფალი ფინანსური სახსრები ამ ქვეყანაში დააბანდონ. კანონის მიღება და სამსახურის შექმნა ასევე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ‑ერთი წინაპირობა იყო.

საწყის ეტაპზე, კანონპროექტის ამოქმედებამდე, ბიზნეს-საზოგადოებასთან კონსულტაციებისას, ბიზნეს‑ასოციაციის ეგიდით, ამ პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართულები. არსებობდა გარკვეული შენიშვნები, თუმცა, დიდი უკმაყოფილება ჩვენი წევრების მხრიდან არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ჩვენი წევრები მსხვილი კომპანიები არიან და მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე, აუდიტს ისედაც ატარებს.

უფრო მგონია, რომ პრობლემა მესამე‑მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის იქნება ხარჯის სავარაუდო გაზრდის კუთხით.

‑ აუდიტური კომპანიები რამდენად მზად აღმოჩნდნენ რეფორმისთვის? თქვენი შეფასებით, როგორია ხარისხი და კონკურენცია ამ ბაზარზე?

- სამსახურის ვებგვერდზე რეესტრში დღეს 200‑ზე მეტი იურიდიული და 400‑ზე მეტი ფიზიკური პირია რეგისტრირებული. საწყის ეტაპზე ხარისხის კონტროლის სისტემების მონიტორინგი იმ 17‑მა აუდიტურმა კომპანიამ გაიარა, რომელთაც ჰქონდათ საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილება. სდპ‑ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი წესით განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტურ ფირმას, რომელმაც გაიარა შესაბამისი ხარისხის კონტროლის სიტემის მონიტორინგი. სამსახურს მათ შესამოწმებლად გარკვეული ვადები ჰქონდათ. 17 კომპანიიდან 13‑ს შეუნარჩუნდა სდპ‑ის აუდიტორული შემოწმების უფლებამოსილება. დანარჩენმა ოთხმაც გაიარა მონიტორინგი, მაგრამ მიენიჭა მესამე კატეგორიის დასკვნითი შეფასება, რაც არ იძლევა სდპ‑ის აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას, მაგრამ ამავდროულად არ უზღუდავთ სხვა კატეგორიის სუბიექტების ფინანსური ანგარიშგებების აუდიტს. ასევე შესაძლებელია მათივე მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში ხარისხის კონტროლის სხვა/ახალი მონიტორინგის ჩატარების პირობებში კვლავ მიიღონ სდპ‑ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის უფლებამოსილება.

‑ თქვენ ხართ საბჭოს წევრი და კომპანიების შემოწმების პროცესმა რამე ტიპის ხარვეზი თუ გამოავლინა? რამდენად კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ტარდებოდა ეს მონიტორინგი?

- მოგეხსენებათ, რეფორმა ახალი დაწყებულია და ხარისხის კონტროლის მონიტორინგის შედეგად, საჩივრების განხილვის მიმდინარეობისას, ჩემი აზრით გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. კერძოდ ეს ეხება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის მიხედვით განსაზღვრულ, მონიტორინგის დასკვნითი შეფასების ექვს კატეგორიას. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება გამარტივება და კატეგორიების რაოდენობის შემცირება. ასევე კარგი იქნება, თუ მკაფიოდ იქნება განმარტებული სხვაობა სისტემურ და არასისტემურ, არსებით და არაარსებით, მნიშვნელოვან და ყოვლისმომცველ შენიშვნებს, ხარვეზებს შორის. ასევე, რომელი მათგანი კონკრეტულად რა მიგნებას მოიცავს/ითვალისწინებს. ვფიქრობ, აღნიშნული მნიშვნელოვნად გაამარტივებს და უფრო გამჭირვალეს გახდის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის პროცესს. აღსანიშნავია, რომ საბჭო სამსახურთან ერთად აგრძელებს აღნიშნული კუთხით კანონმდებლობის სრულყოფას აქტიურ რეჟიმში.

‑ აუდიტური კომპანიების ნაწილმა ის შენიშვნები, რომელიც სამსახურმა მათ მიმართ გაწერა, გაასაჩივრა. რამდენად არგუმენტირებული იყო ეს საჩივრები?

- რაც შეეხება საჩივრებს, საბჭომ არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ვფიქრობ, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ადეკვატური. ამ კომპანიების შემთხვევაში გამოვლინდა ხარვეზები, რაც საბჭოს გადაწყვეტილებებში დეტალურად და ინფორმატიულად არის ასახული. იმავდროულად, ამ აუდიტურ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ხარისხის კონტროლის მონიტორინგისათვის მეორედ მიმართონ სამსახურს და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში, თუ კი დააკმაყოფილებენ შემოწმების კრიტერიუმებს, კვლავ მოხვდებიან იგივე კატეგორიებში, სადაც მანამდე იყვნენ, ანუ დაიბრუნებენ სდპ‑ების ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილებას.

‑ პირიქით, კომპანიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ სამსახურის მიერ გაწერილი შენიშვნების ნაწილი არ იყო დასაბუთებული და იყო უსამართლო...

- აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებს პრეტენზიების ნაწილი დაუკმაყოფილდათ. მაგრამ იმ ძირითად ნაწილში, რამაც კატეგორიების ცვლილება გამოიწვია, საბჭომ ჩათვალა, რომ სამსახურის გადაწყვეტილება საფუძვლიანი იყო. მათ აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს.

‑ სხვა საკითხზეც გადავიდეთ. ასევე საინტერესოა თქვენი ხედვა, ცოტა ხნის წინ, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის კუთხით განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ანუ გადასახადებისგან თავის არიდების მიმართულებით ზღვარი გაიზარდა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ‑ 150 ათას ლარამდე. ამ გადაწყვეტილებას აფასებენ როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ცვლილებებით არადეკლარირებული ბიზნესი უფრო მეტად წახალისდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მე დადებითად ვაფასებ. ეს გამომდინარეობდა თუნდაც იქიდან, რომ 50-ათასიანი ზღვარის შემოღებისას ბიზნესის ბრუნვა, დაახლოებით, 20 მილიარდ ლარს შეადგენდა. წარმოდგენილი სტატისტიკით, აქედან შემოწმებული კომპანიების დაახლოებით 30 პროცენტს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. ხოლო აღნიშნული ცვლილებისას, 2017 წელს, ბიზნესის ბრუნვა 70 მილიარდ ლარამდე იყო გაზრდილი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 10 პროცენტზე მოდიოდა. ამ მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე, სახელმწიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა.

‑ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოში ერთ‑ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი არსებობს და ამ კუთხით კომპანიებს პრეტენზია არ აქვთ. მაშინ რა არის ის მთავარი პრობლემები, რომელსაც დღეს ბიზნესი საქართველოში აწყდება?

- მოგეხსენებათ, რომ სასამართლო ინსტანციებში ბიზნეს‑დავები დიდხანს იწელება. ინვესტორს, ამის შემხედვარეს, საქართველოში ინვესტირების სურვილი საერთოდ ეკარგება. რაც შეეხება საგადასახადო დავებს, ფინანსთა სამინისტროში დავების განხილვის ორი ეტაპია. ორივე საბჭო მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ ეს დავები მოკლე ხანში გადაწყდეს, თუმცა დაახლოებთ 20‑30 პროცენტი ფინანსთა სამინისტროდან სასამართლოში გადადის. ასევე სერიოზული პრობლემაა პრობიზნესურად მოაზროვნე, ამ მიმართულებით კვალიფიციური მოსამართლეების არსებობა.

ჩვენ სახელმწიფოს პერიოდულად ვთავაზობთ ინიციატივებს. ჩვენ მიერ მიწოდებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის გათვალისწინება მოხდა და ცვლილებები შევიდა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში.

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ აქტიურად ვიყავით მოგების გადასახადის ახალი მოდელის განხილვებისას ჩართულები, ასევე ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა საჰაერო ხომალდებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევის გათავისუფლება დღგ‑ისგან ჩათვლის უფლებით, ე.წ. „TAX FREE“ რეჟიმთან დაკავშირებით პოზიტიური სიახლე კანონმდებლობაში, სპეციალური სავაჭრო კომპანიის გათავისუფლება მოგების გადასახადისაგან, როიალტის დაბეგვრასთან, სასოფლო‑სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის გამოსაქვით ხარჯებთან, სუსტ კაპიტალიზაციასთან და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებული პოზიტიური სიახლეები.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საღი რძით დამზადებული პროდუქტების დღგ‑ისგან გათავისუფლებაზე, ჩათვლის უფლებით. ეს არის ჩვენი ერთ‑ერთი ინიციატივა, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ძალიან დადებითად შეაფასა. ბაზარზე საღი რძის დეფიციტია და ეს დარგი ვფიქრობ წასახალისებელია, რადგან საღ რძეს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ჯანმრთელი თაობის აღზრდაში.

‑ ინტერვიუს დასასრულს ისევ თქვენ შესახებ რომ გვითხრათ, ბიზნეს-ასოციაციის გარდა, ამდენ საბჭოში მუშაობის შემდეგ თუ გრჩებათ თავისუფალი დრო და რას აკეთებთ ამ დროს, გარდა პროფესიული საქმიანობისა? რომელია ის სფერო, რომელიც თქვენს ინტერესს იწვევს?

- მყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი, თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. შეიძლება ითქვას, რამე განსაკუთრებული ინტერესის სფერო არ მაქვს. მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით ფეხბურთი. საქართველოს ნაკრების გარდა, ბავშვობიდან ვარ იტალიის ნაკრების გულშემატკივარი. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნაკრები ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და ვგულშემატკივრობდი ბრაზილიის ნაკრებს.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი