ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ საქართველოს საბანკო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ცუცქირიძესთან - #7(223), 2018
გიორგი ცუცქირიძე - დაიბადა 1962 წლის 17 დეკემბერს ქ. თბილისში.

განათლება

1984 წელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი;

1991 წელი - ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

2000 წელი - საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრეინინგ ცენტრი (The Training Center of the National Bank of Greece (Athens) საკრედიტო რისკ-მენეჯმენტის სასერტიფიკაციო კურსი;

2003 წელი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ტექნიკური დახმარების ფაკულტატური კურსი (The faculty of the office of Technical Assistance United States Department of the Treasury Recognizes) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და ფინანსური დანაშაული. 

პროფესიული გამოცდილება

1994-1997 წლებში - თბილისის საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის მოადგილე;

1999-2001 წლებში - საქართველოს კომერციულ ბანკებში საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების დანერგვის პროექტის (TACIS PROJECT) საბჭოს წევრი;

2001-2002 წლებში - "SIBLEY International"/USAID (თბილისი) საქართველოს საწარმოთა მხარდამჭერი პროექტის (GESP), და Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (თბილისი), საზოგადოებრივი განვითარების პროექტის წამყვანი ტრეინერი;

2000-2003 წლებში საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის ბანკირთა გადამზადების პროგრამების ხელმძღვანელი - "შპარკასე აკადემიის" (Savings Banks Foundation for International Cooperation - Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში.

1997 წლიდან - საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

2008–2010 წლებში - ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. კითხულობს ლექციების ციკლს საბანკო საქმეში;

2011-2017 - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, დარგობრივი საბჭოს წევრი.

2011 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი.

2016 წლიდან - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციების ციკლს საბანკო საქმეში, საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში;

2018 წლიდან - თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი;

2018 წლიდან - საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის თანადამფუძნებელი.

- ბატონო გიორგი, მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ.

- დავიბადე თბილისში, დიდუბეში. სახლი, სადაც დღემდე ვცხოვრობ, მამის აშენებულია. მამაჩემი - გივი ცუცქირიძე ცნობილი მშენებელ-ინჟინერი იყო. თბილისის ძველი აეროპორტიც მისი აშენებულია. სამწუხაროდ, აეროპორტის ჩაბარებამდე ორი კვირით ადრე გარდაიცვალა. მაშინ 8 წლის ვიყავი, ჩემი და _ 4 წლის. და-ძმადედამ მარტომ გაგვზარდა. ჩვენს პიროვნებებად ჩამოყალიბებაში მისი ამაგი ძალიან დიდია. ვსწავლობდი თბილისის
მე-2 გახანგრძლივებულში, დღევანდელ 166-ე საჯარო სკოლაში, რომელიც დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონთან მდებარეობს. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი 35-ე სკოლაში და `ავაზაში~. დავდიოდი კალათბურთზეც. ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, მათემატიკა და ისტორია. მათემატიკაში ძალიან ძლიერი კლასი გვყავდა, ფანტასტიკური პედაგოგი თინა თალაკვაძე გვასწავლიდა. ოლიმპიადებს უპრობლემოდ ვიგებდით. თითქმის ნახევარი კლასი `კომაროვში~ მოხვდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დღევანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი), სადაც ერთი გამოცდით მოვხვდი, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. ავიღე მაქსიმალური ქულები. პოლიტექნიკური დავამთავრე 1984 წელს. 1988-89 წლებში ვსწავლობდი ოდესაში ასპირანტურაში, რომელიც არ დამიმთავრებია. მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე ვიყავი, როდესაც რადიოთი გადმოსცეს თბილისში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების შესახებ და იმ ღამესვე გამოვფრინდი თბილისში. აეროპორტიდან პირდაპირ რუსთაველზე მივედი. ახლაც მახსოვს, კინოს სახლთან ვიდექი, სამგზავრო ჩანთით ხელში, გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა ზვიად გამსახურდია. როდესაც ხელი ჩამოვართვი, მითხრა _ ყველანი საქართველოს გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ, მეგობრებოო, _ როგორც უყვარდა ხოლმე თქმა. ასე მოხდა ჩვენი
გაცნობა. იმ პერიოდში აქტიურად ჩავები ეროვნულ მოძრაობაში. მე და გია მაისაშვილმა, რომელიც უნივერსიტეტში ჩემი ჯგუფელიც იყო, ზვიადს შევთავაზეთ ეკონომიკური კონცეფციის დაწერა და ასე შეიქმნა მრგვალი მაგიდის კონცეფციის ეკონომიკური ნაწილი.

1989-91 წლებში დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, გორბაჩოვის დროს, როდესაც საბჭოთა კავშირში ე.წ. `პერესტროიკა~ გამოცხადდა, შემოვიდა პირველი უცხოური ლიტერატურა საბაზრო ეკონომიკასა და ბიზნესზე. შემთხვევით გავიგე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ბიზნესის უმაღლესი სკოლა, და ეს გადაწყვეტილებაც მაშინ მივიღე. წარმატებით გავიარე გასაუბრება და ასე აღმოვჩნდი პირველივე ნაკადში.

- თქვენ კარგად იცნობთ საბანკო სექტორის განვითარების ისტორიას. ახლა განვითარების რა ეტაპზეა ეს სექტორი?

- დღეს საქართველოში 15 კომერციული ბანკი მოქმედებს, 134 ფილიალით და 877 სერვისცენტრით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში, თუ არ ჩავთვლით ოკუპირებულ რეგიონებს. ბოლო წლებში ერთი მხრივ, ბანკების რაოდენობის შემცირება და მეორე მხრივ, დეპოზიტებისა და სესხების ზრდა და, რაც მთავარია, საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება გვიჩვენებს, რომ საბანკო სექტორში კონკურენციისთვის გადამწყვეტი არა ბანკების რაოდენობა, ან მათი ავტომატურად შემცირება, არამედ არსებული ბანკების განვითარების დონე და დინამიკაა.

მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი საბანკო სექტორისადმი ნდობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის. მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში ბანკების ნაწილი გაიყიდა, ნაწილი სხვა ბანკებს მიუერთდა, ზოგის ლიკვიდაცია განხორციელდა, მაგრამ ეს პროცესები ისე წარიმართა, რომ მეანაბრეები არ დაზარალებულან. ამასთან, ჩვენ არ გვქონია რამე სერიოზული საბანკო კრიზისი.

რაც შეეხება სისტემის მდგრადობას, უნდა აღვნიშნოთ, რომ, ბოლო ათწლეულში, მთავარი გამოწვევა იყო 2008-2009 წლების ზარალიანი ტრენდის დაძლევა, რაც 2009 წლის ბოლოს სისტემის 65 მილიონიან ზარალში აისახა, 2009 წელი საბანკო სექტორისათვის უმძიმესი გამოდგა, რაც დაკავშირებული იყო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისთან და რუსეთ- აქართველოს ომთან. მართალია, ქვეყანამ მიიღო სოლიდური საერთაშორისო დახმარება, მაგრამ საბანკო სექტორზე სერიოზულ გავლენას ახდენდა 2008 წლის ბოლოდან მოყოლებული, ვადაგადაცილებული სესხების ზრდის ტენდენცია, რაც გამოწვეული იყო 2006-2008 წლებში საცალო დაკრედიტების თავისებური „ბუმით“, ასევე პრობლემური სესხების, განსაკუთრებით სამაჩაბლოში რეგისტრირებული და მოქმედი კომპანიების და მცხოვრები ფიზიკური პირების სესხების ამორტიზაციისა და რესტრუქტურიზაციის ხარჯების მკვეთრი ზრდით. ამან საბოლოო ჯამში სისტემის ზარალზე გასვლა გამოიწვია.

2012-2017 წლებმა ნათლად აჩვენა, რომ საბანკო სისტემის განვითარების ზოგადი ტენდენციები, მიუხედავად არსებული პრობლემებისა და სერიოზული გამოწვევებისა, მთლიანობაში მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. ამის დასტურია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასებები; თავად საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესები, პირველ რიგში ბაზელი 3-ის სტანდარტზე გადასვლა; ახალი საბანკო რეგულაციები, რაც უახლოეს წლებში რისკების შემცირებასთან ერთად და საკრედიტო რესურსებზე
ხელმისაწვდომობას გაზრდის.

დღეს მთავარ პრობლემად ტრადიციული ფინანსური ინდუსტრიისთვის შეიძლება იქცეს კლიენტების მხრიდან მომსახურების უნივერსალურ სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნა. მათ სულ უფრო სჭირდებათ ისეთი სერვისები, რომლებიც დისტანციური და უკონტაქტო მომსახურების პლატფორმაზე იქნება აგებული და კლიენტებს საშუალებას მისცემს, სმარტფონის მეშვეობით, ნებისმიერი ინფორმაცია ერთი ფანჯრის პრინცი პით მიიღონ. ეს ტენდენცია ბუნებრივია, ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს აიძულებს აქცენტები მთლიანად კლიენტების მომსახურების მხარეს გააკეთონ. ეს ტენდენცია მომავალში ტრადიციული მომსახურების მქონე ბანკების და მისოების მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს. საბანკო დაწესებულებები სულ უფრო აქტიურად განიხილავენ რობობანკინგის ტექნოლოგიების დანერგვასაც, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იქნება ბაზირებული და შეეძლება ერთდროულად იყოს თქვენი მრჩეველი, კონსულტანტი და ოპერაციების დაგეგმაში დაგეხმაროთ. ეს ტექნოლოგიები _ ე.წ. «რობო- დვისორს» უკვე გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი იაპონური და ამერიკული ბანკების მიერ. წამყვანი ბანკირები და საბანკო სფეროს ექსპერტები მიუთითებენ, რომ საბანკო დაწესებულებების მხრიდან ინოვაციურ ტექოლოგიებში გაზრდილი ინვესტიციები, ტრადიციული საბანკო მომსახურების ცვლილებების დროის დადგომას ადასტურებენ. საბანკო მომსახურების პროცესში ტექნოლოგიური, იგივე ფინტექ სტარტაპების ჩართვა, ორმხრივ არის საინტერესო და სასარგებლო. ერთი მხრივ ამ ტი პის კომპანიებს თავიანთი ტექნოლოგიური ინიციატივების განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ, ხოლო საბანკო დაწესებულებს – შექმნან ახალი ინტეგრირებული სერვისები, მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაციით.

ქართული კომერციული ბანკების მომავალი დიდწილად სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ახალ ციფრულ დროში ორიენტირებას და გადაეწყობიან კლიენტების მომსახურების გაზრდილ, სწრაფ და უსაფრთხო საჭიროებებზე. ეს პროცესი ჩვენთანაც დაწყებულია, იცვლება ბანკების დიზაინის სტრუქტურაც და ტექნოლოგიური პლატფორმებიც, მათ შორის უკვე ინერგება ღია ბანკინგი, რომელიც ახდენს საბანკო მომსახურების პროცესში „Fintech~ ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების ჩართულობას და კლიენტურისათვის მომსახურების ფართო არჩევანის შეთავაზებას. თუმცა, ჩვენ კიდევ უფრო სწრაფი სვლა და ამ მიმართულებით მეტი ინვესტიციები გვჭირდება, რათა საერთო მსოფლიო ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ.

დღეს მსოფლიოს წამყვანი ბანკები ცვლიან როგორც ფილიალების დიზაინს, ასევე ახდენენ მის ინტეგრირებას ფილიალის დიზაინის და ინოვაციური ცენტრის კონცეფციაში. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ Chase Bank, რომელიც იყენებს კონცეფციას ლაბორატორიაში განავითაროს ფილიალი და ATM ტექნოლოგიები, როგორც ახალი გზები მომხმარებელთან ურთიერთობის გასავითარებლად და კლიენტებთან ერთად ახალი მიდგომების გამოსაცდელად.

- დღეს ეკონომისტთა ნაწილი სხვა მიმართულების გამოწვევებზე საუბრობს. კერძოდ, საქართველოს საბანკო სივრცეში ჯანსაღი კონკურენცია არ არის და ამ ბაზრის დიდი წილი ორ-სამ ბანკზე ნაწილდება? თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს?

- საბანკო სექტორში ბიზნესის კონცენტრაციის დონე საკმაოდ მაღალია. უმსხვილესი ორი კომერციული ბანკის (`თიბისი ბანკი~ და `საქართველოს ბანკი~) წილი წმინდა აქტივებზე 73%-ზე მეტია, საკრედიტო პორტფელი – 77%-ია, ხოლო წმინდა მოგების წილი სისტემის მთლიანი მოგების 81%-ს შეადგენდა. თუ ამ ორ ბანკს კიდევ ერთ სისტემურ ანუ აქტივების 5%-ზე მეტის მფლობელ „ლიბერთი ბანკსაც“ დავუმატებთ (5.2%), მათი ხვედრითი წილი მთლიან აქტივებში უკვე 78%-ს უახლოვდება.

2015 წლიდან მოყოლებული, ამ სამი ბანკის ხვედრითი წილი მთლიან აქტივებში 59%-დან 78%-მდე, ანუ მთელი 20%-ით არის გაზრდილი. სისტემური ბანკების აქტივების ზრდა დიდწილად განპირობა სიდიდით პირველი ორი ბანკის აქტივების მნიშვნელოვანმა ზრდამ. `საქართველოს ბანკის~ აქტივები 2015 წლიდან გაიზარდა 9 მლრდ ლარიდან 12,6 მლრდ ლარამდე, რაც სისტემურ მაჩვენებელში 29%-დან 35%-ის ეკვივალენტურია. `თიბისი ბანკის~ აქტივების ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო, გაიზარდა იგივე პერიოდში 6,9 მლრდ ლარიდან 13,2 მლრდ ლარამდე, სისტემურ ჭრილში 23%-დან 36%-მდე.

საბანკო მომსახურების ბაზრის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ბაზრის მაღალი კონცენტრაცია ცალსახად უარყოფითად არ უნდა შეფასდეს. წამყვანი სისტემფორმირებადი ბანკები თავისებურ ბიზნეს-ბარომეტრსაც წარმოადგენენ, როგორც სექტორში ინვესტორების მოზიდვის, ასევე ბაზრის სხვა მონაწილეებისთვისაც თამაშის წესების შეთავაზებით, ინოვაციური საბანკო პროდუქტების დანერგვის თუ საბანკო პროდუქტებზე ფასწარმოქმნის თვალსაზრისით. თუმცა, მეორე მხრივ ბაზრის მაღალი კონცენტრაცია საწარმოს მასშტაბის ეფექტიდან გამომდინარე, გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს წამყვან ბანკებს კონკურენტებთან შედარებით და პირველ რიგში კლიენტებთან ურთიერთობისას, რაც შემდეგ გამოხატულია პოზიტიურ კორელაციაში კონცენტრაციასა და მომგებიანობას შორის.

წამყვანი ბანკების აქტივების ზრდა განაპირობა მაღალმა მოგებამ და მეორე მხრივ, ბაზრიდან გასული ბანკების მიერთებამ. აქ პირველ რიგში `თიბისი ბანკის~ მიერ „ბანკი რესპუბლიკას“ შეძენა უნდა აღინიშნოს. გარდა ამ ოპერაციისა, ბანკმა კიდევ ერთი ბანკის _ „კონსტანტა ბანკის“ აქტივიზაცია განახორციელა და `პროგრეს ბანკის~ საკრედიტო პორტფელი შეიძინა. „საქართველოს ბანკმა“ აღნიშნულ პერიოდში „პრივატ ბანკი“ მიიერთა, ხოლო „პროკრედიტ ბანკისაგან“ მიკრო და მცირე სესხების პორტფელი შეიძინა.

სისტემური ბანკების სამეულში (მთლიანი აქტივების 5% და მეტი) შედის "ლიბერთი ბანკი", რომლის აქტივები 2017 წელს 2015 წელთან შედარებით გაიზარდა 1,5 მლრდ ლარიდან 2.0 მლრდ ლარამდე, მაგრამ ბევრად ჩამორჩება წამყვანი ბანკების აქტივებს. დღეს ეს ბანკები ქმნიან ძირითად ტენდენციას საბანკო მომსახურების ბაზარზე და შეუძლიათ ტარიფების შემცირება როგორც სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემდგომი დაწევის, ასევე მომსახურების ტარიფების მიხედვით. თუნდაც `საწარმოს მასშტაბის~ პრინცი პიდან გამომდინარე, რაც შედარებით გაუჭირდებათ საშუალო და მცირე ბანკებს. კიდევ 4 ბანკის _ `ვითიბი ბანკი~, `პროკრედიტ ბანკი~, `ბაზისბანკი~ და `ქართუ~ _ წილი საერთო აქტივებში 3-4.5%-ს ფარგლებშია, საქართველოს დანარჩენი 8 ბანკის ხვედრითი წილი კი მთლიან აქტივებში საშუალოდ 1%-ზე ნაკლებია.

- მთლიანობაში, საქართველოში 15 ბანკი საქმიანობს. თუმცა, ამ ბანკების ნაწილს ძირითადად `ფულის გამტარებად~ მოიაზრებენ და ისინი ეკონომიკურ საქმიანობაში ნაკლებად მონაწილეობენ. თქვენც აღნიშნეთ, რომ ბაზრის უდიდესი წილი ორ ბანკს უჭირავს. როგორ თვლით, დგას თუ არა სხვა დიდი ბანკების შემოსვლის აუცილებლობა საქართველოში?

- უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის მაღალი კონცენტრაცია გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს წამყვან ბანკებს კლიენტებთან ურთიერთობისას, რაც გამოხატულია პოზიტიურ კორელაციაში კონცენტრაციასა და მომგებიანობას შორის. მაგრამ ბაზრის მაღალი კონცენტრაცია სულაც არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ბანკები უბრალოდ მხოლოდ ფინანსური შუამავლის ფუნქციას ასრულებენ. უბრალოდ, ისინი არიან შედარებით მცირე ზომის ბანკები, რომლებიც ახორციელებენ ყველა იმ მომსახურებას, რასაც მსხვილი ბანკები, თუმცა, არა იმ ზომით, თავიანთი შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებიდან გამომდინარე, ბაზრის მაღალი კონცენტრაცია სასურველი არ არის, არც ფინანსური ბაზრის განვითარების და არც ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაციის და სექტორალური ზრდის თვალსაზრისით, რადგან გარკვეულწილად ზღუდავს კონკურენტულ ბიზნესსივრცეს. ამასთან მსურს აღვნიშნო, რომ ბაზრის მაღალი კონცენტრაცია ასევე ატარებს მაღალ სისტემურ რისკებსაც. ეს განსაკუთრებით მგრძნობიარეა გლობალური შოკების დროს, მით უმეტეს, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებიდან ფინანსურ რესურსებზე არიან დიდწილად დამოკიდებული. კრიზისებისას ბაზრის მაღალი კონცენტრაციის პირობებში, პრობლემები რომელიმე სისტემფორმირებად საკრედიტო დაწესებულებაში ტოვებს არასაკმარის ბუფერს რისკების სამართავად, მათ შორის კლიენტურის სხვა ბანკებში გადანაწილების და საბანკო ოპერაციების წარმოების თვალსაზრისით, ამ ბანკების მცირე კაპიტალის გამო. იმავდროულად, ბაზრის მაღალი კონცენტრაცია დღეს არის ფაქტი და მისი შემცირებაც წმინდა საბაზრო ინსტრუმენტებით უნდა განხორიელდეს.

ბაზრის მაღალი კონცენტრაციის შემცირება შესაძლებელია საბაზრო, ასევე ნაკლებ საბაზრო მიდგომების შედეგად. ნაკლებ საბაზრო მოდელად შეიძლება განიხილებოდეს სისტემურ ჭრილში ბანკების აქტივებზე ლიმიტის დადგენა, მაგალითად 20-25%-მდე, რაც წამყვან ბანკებს აიძულებს მოიცილონ აქტივების ნაწილი, სხვა ბანკებისათვის მიყიდვის გზით, მაგრამ ამ ტი პის შეზღუდვით, სისტემამ შეიძლება უფრო მეტი დაკარგოს, ვიდრე მოიგოს.

წმინდა საბაზრო მექანიზმებიდან, საბაზრო კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს როგორც ახალი მოთამაშეების ბაზარზე შემოყვანით, პირველ რიგში წამყვანი ევროპული ბრენდების, ასევე მეორე ეშელონის და შედარებით მცირე ზომის ბანკების აქტივების ზრდით, მათ შორის მათი ნაწილის გაერთიანების შედეგად.

ბაზრის მაღალი კონცენტრაციის შემცირება უნდა მივიჩნიოთ საბანკო სექტორის კიდევ ერთ მთავარ გამოწვევად. შესაბამისად, სისტემის განვითარების სტრატეგიულ ამოცანად, უნდა განიხილებოდეს კონცენტრაციის არსებული მაჩვენებლის შემცირება. სისტემფორმირებადი ბანკების რიცხვში სულ მცირე 5-6 ბანკიც რომ იყოს წარმოდგენილი, კონცენტრაციის მაჩვენებელიც დაბალანსდება და კონკურენციაც გაიზრდება, რაც აისახება როგორც საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების, ასევე მომგებიანობის მაღალი მარჟის შემცირებაში.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საბაზრო კონცენტრაცია შეიძლება შემცირდეს ახალი მოთამაშეების, ვთქვათ ევროპული ბანკების შემოყვანთ. ჩვენ ვნახეთ, რომ წლების წინ ორმა მსხვილმა ბანკმა, `ეიჩესბისიმ~ და `სოსიეტე ჟენერალმა~, საქართველო დატოვა. გარდა ამისა `პროკრედიტ ბანკი~ გავიდა მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების სეგმენტიდან. ამის ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს საბანკო სივრცეში არაჯანსაღ კონკურენციასაც ასახელებდნენ. თქვენ რას იტყვით, რატომ არ გახდა მიმზიდველი საქართველოს ბაზარი ამ საფინანსო ინსტიტუტებისთვის?

- ეს თემა ხშირად მაინც არასწორი ინტერპრეტირებით გადის. დღეს ორი წამყვანი ქართული ბანკის აქტივები 13 მლრდ ლარის ტოლია და ბოლო წლებში თითქმის გაორმაგებულია. აქედან გამომდინარე, ამ ბანკებს ჰქონდათ არჩევანი ან გაეზარდათ კაპიტალი და მიეღოთ ბაზრის გამოწვევა, ან წმინდა კონკურენციის პრინცი პიდან გამომდინარე გასულიყვნენ ბაზრიდან. როგორც ჩანს, მათ უბრალოდ არ ისურვეს ამის გაკეთება, თორემ მომგებიანობა საბანკო სექტორში კაპიტალზე ჩვენთან დღესაც საკმაოდ მაღალია და 20%-ის ფარგლებშია. ჩემი აზრით, დანარჩენი მაინც არის მკითხაობა და შეთქმულების თეორიებში შესვლა.

ერთ-ერთ გამოწვევად საცალო დაკრედიტების მაღალი ზრდის ტემპები უნდა მივიჩნიოთ, რაც ბიზნესდაკრედიტების აქტივობის შემცირების ფონზე მიმდინარეობს და ბუნებრივია, ეს პოზიტივად ვერ შეფასდება.

ეს ტენდენცია დაიწყო ჯერ კიდევ 2010 წლიდან, მაშინ სესხების ჯამური მოცულობა 5.5 მლრდ ლარი იყო, მთლიან სესხებში ბიზნეს-სესხების მოცულობა 3.3 მლრდ ლარს შეადგენდა, ანუ ბიზნეს-სესხების ხვედრითი წილი მთლიან პორტფელში 60% იყო. მომდევნო წლებში ამ პროპორციამ ცვლილება განიცადა, საცალო დაკრედიტების ხვედრითი წილის ზრდის და სამაგიეროდ, ბიზნეს-სესხების შემცირების მიმართულებით. 2017 წელს 21.3 მილიარდიან პორტფელში ბიზნეს-სესხების (9.5 მლრდ ლარი) ხვედრითი წილი კიდევ უფრო შემცირდა 44.6%-მდე და სამაგიეროდ გაიზარდა შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 55.6%-მდე. საცალო დაკრედიტების ბუმი განაპირობა საცალო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდამ, რაც მიმდინარეობდა საპროცენტო განაკვეთების შემცირების, ვადიანობის დაგრძელების და განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ფასების ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად. გარდა განვადებების და სამომხმარებლო სესხების ზრდისა, განსაკუთრებით მზარდი ექსპანსია ჰქონდა იპოთეკურ დაკრედიტებასაც, რაც ახალმშენებლობებს უკავშირდება და ბანკებისა და სამშენებლო ინდუსტრიის კოოპერაციით მიმდინარეობს.

ბიზნესდაკრედიტების ტემპების შენელების ტენდენცია სახეზეა მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც. 1 ივლისის მიხედვით, ბიზნესდაკრედიტების (9.8 მლრდ ლარი) თანაფარდობა ეკონომიკაზე გაცემულ მთლიან სესხებში (22.3 მლრდ ლარი) 44%-ს შეადგენდა, ხოლო შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა 56%‑ს, სადაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების (11.02 მლრდ ლარი) თანაფარდობა მთლიან სესხებში 51.6%-ს შეადგენს.

მიმაჩნია, რომ ბიზნესდაკრედიტების ტემპების შენელება და სამაგიეროდ საცალო დაკრედიტების ზრდა ატარებს მაღალ ლიკვიდობის რისკებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს. ბანკებს სჭირდებათ ინოვაციური მიდგომების დანერგვა ბიზნესთან ურთიერთობაში. არსებული სტანდარტული დაკრედიტების მოდელები დროს ვეღარ პასუხობს, რადგან იგი კონსერვატულ მიდგომაზე _ უძრავი ქონების ღირებულებაზეა რეალურად მიბმული და ნაკლებად ფულადი ნაკადების საპროგნოზო მაჩვენებლებზე. ეს თანაბრად ეხება როგორც დამწყები ბიზნესის, ისე მოქმედი ბიზნესის დაკრედიტებას. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ადრე კრედიტუნარიანობას უკავშირებდნენ უძრავ კაპიტალს და ვალის დაბრუნების გარანტად სახსრების უძრავი ქონების ღირებულება ითვლებოდა, დღეს უკვე საწინააღმდეგო მოსაზრება დომინირებს. კრედიტუნარიანობის საფუძვლად მიიჩნევა მსესხებლის შესაძლებლობა _ გამოიმუშავოს სახსრები სესხის დასაფარავად ფონდების ნორმალური დაბანდების გზით. ბუნებრივია, უძრავი თუ მოძრავი ქონება დღესაც მონაწილეობს დაკრედიტების პროცესში, როგორც რისკების დაზღვევის ინსტრუმენტი. ზოგადად კი დღეს არსებული მიდგომების თანახმად კრედიტუნარიანობა იზომება იმ პირობებით და გარანტიებით, მათ შორის გირაოს გამოყენებით, რომ კაპიტალი დაბრუნდება და არ გაუფასურდება.

მართალია, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები მიმართავენ ბიზნესდაკრედიტებებს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, ძირითადი საშუალებების დაფინანსება, ვაჭრობის დაფინანსება თუ სტატაპების დაფინანსება, კლიენტებს სთავაზობენ საკრედიტო ხაზებსაც. ბოლო წლებში გაზრდილია დაკრედიტების ვადიანობაც 5 წლამდე, ხოლო საშეღავათო პერიოდი 3 თვიდან 12 თვემდე და რაც მთავარია შემცირებულია საპროცენტო განაკვეთები. მთავარი პრობლემა მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნეს-სესხები გაიცემა მხოლოდ ლიკვიდური ქონების უზრუნველყოფის ქვეშ, ძირითადად კომპანიის ან მესამე პირის უძრავი ქონების და მსესხებელი კომპანიის მენეჯერებისა და დამფუძნებლების პირადი ქონების სახით (უგირავნო კრედიტის მაქსიმალური თანხა მხოლოდ 30 ათას ლარამდეა), ხოლო დაფარვის გრაფიკი ნაკლებად ითვალისწინებს არათანაბარი გადახდის პრინცი პს. მათ შორის, არარევოლვირებადი დაფარვის ფორმას საკრედიტო ხაზების შემთხვევაში. ამ დროს ევროპული ბანკები სულ უფრო აქტიურად მიმართავენ არარევოლვირებადი დაკრედიტების ფორმებს როგორც ბიზნეს-სესხების, ასევე გრძელვადიანი ოჯახური ი პოთეკის დროსაც. ასე ამსუბუქებენ მსესხებლის საპროცენტო ტვირთს, ისედაც დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთებისას ზრდიან ხელმისაწდომობას საკრედიტო რესურსებზე.

მიმაჩნია, რომ ბანკებს ნამდვილად სჭირდებათ ინოვაციური მიდგომების დანერგვა ბიზნესთან ურთიერთობაში, ციფრული ბანკინგის ახალი ბიზნესმოდელების და ბიზნესბანკირის ინსტიტუტის ფართო დანერგვით. ბანკი უნდა გახდეს მეწარმის პარტნიორი ფინანსური მრჩევლისა და კონსულტანტის სახით.

- ბოლო პერიოდში, სახელისუფლებო წრეებში, საკმაოდ აქტუალური გახდა ტერმინი `ჭარბვალიანობა~. თქვენი შეფასებით, დგას თუ არა ეს პრობლემა საქართველოში? ამასთანავე, იქნებ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს ჭარბვალიანობა და რა კვლევებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ეს საკითხი?

- მართალია, ტერმინოლოგიურად, ჭარბი დავალიანება არის ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის უუნარობა გრძელვადიან პერიოდში და არ შეეხება თუნდაც სესხის ერთჯერად გადაუხდელობას, მაგრამ როდესაც განკარგვადი შემოსავლის მნიშნელოვანი ნაწილი სესხების მომსახურებაზე მიდის, სახეზეა არა ჭარბი დავალიანება, არამედ ვალაუვალობის პრობლემა. თავის მხრივ, სწორედ ვალაუვალობა შეიძლება გახდეს სერიოზული პრობლემა ეკონომიკის ვარდნის, შენელებისას ან თუნდაც გარე შოკებისას, ვალუტის მკვეთრი გაუფასურებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც დიდია სესხების დოლარიზაცია. რეალურად მსესხებელთა მაღალი რაოდენობა განპირობებულია დაბალი შემოსავლებით, დასაქმებულთა მესამედის განკარგვადი შემოსავლები 500 ლარზე ნაკლებია, რაც ბუნებრივად იწვევს შემოსავლებისა და ხარჯების დაუბალანსებლობას, რაც პერიოდულად წმინდა ფულადი ნაკადების დეფიციტს წარმოქმნის და შესაბამისად, საბანკო კრედიტზე მაღალ დამოკიდებულებაში აისახება.

შესაფასებლად, გაცილებით ობიექტურ სურათს მაკროეკონომიკური ინდიკატორები გვაძლევს. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში, გამოიყენება ისეთი მაკროეკონომიკური ინდიკატორები, როგორიცა შინამეურნეობების ვალის მშპ-სთან თანაფარდობა და შინამეურნეობების დავალიანება განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში.

შინამეურნეობების ვალის მშპ-სთან თანაფარდობის შემთხვევაში მისი საშუალო მაჩვენებელი ევროზონის ქვეყნებში არის 58%, ხოლო მთელ რიგ ქვეყნებში გაცილებით მაღალია. შვეიცარიაში _ 127%, დანიაში -117%, ნიდერლანდებში _ 106%, დიდ ბრიტანეთში _ 87%. გაცილებით ნაკლებია ირლანდიაში -_ 48% და იტალიაში _ 41%. რაც შეეხებათ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს, აქ სურათი ასეთია: პოლონეთში _ 35%, ჩეხეთში _ 31%, ლიტვაში _ 23%. საქართველოში ეს მაჩვენებელი მაღალი ნამდვილად არ არის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზეა და 39%-ს შეადგენს.

ამ მონაცემებსაც თავისი ახსნა აქვს. შედარებით განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში (სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების საშუალო ევროპული მაჩვენებელი შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 38 ათას აშშ დოლარზე მაღალია), ბუნებრივია, გაცილებით მაღალი საკრედიტო დაბანდებებით ხასიათდებიან. მაგალითისათვის, საქართველოს შემოსავლების დონე ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 10 000 აშშ დოლარამდეა, მაშინ როცა შვეიცარიაში 58 ათასი აშშ დოლარის, დანიაში _ 45,6 ათასი აშშ დოლარის, ნიდერლანდებში _ 47 ათასი აშშ დოლარის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 25-30 ათასი აშშ დოლარის ფარგლებშია. ანუ ჩვენზე 3-ჯერ მეტია. აქვე ავღნიშნავ, რომ შინამეურნეობებში შედის როგორც საცალო დაკრედიტება სამომხმარებლო სესხების და განვადებების სახით, ასევე იპოთეკური სესხები და მიკროსესხები მეწარმე ფიზიკურ პირებზე.

ახლა ვნახოთ თუ როგორია შინამეურნობების დავალიანება განკარგვად შემოსავლებთან მიმართებაში. ევროზონის ქვეყნებში მისი საშუალო მაჩვენებელი 2017 წლის მიხედვით არის 93%, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შედარებით მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კიდევ უფრო მაღალი: კანადაში _ 173%-ს, დანიაში _ 246%, ნიდერლანდებში _ 208%, შვედეთში _ 156%, გერმანიაში _ 107%-ს, ფინეთში _ 114%-ს, ხოლო შვეიცარიაში _ 182%-ს შეადგენს. ბუნებრივია, აქ იგულისხმება განკარგვადი შემოსავლის მოკლე და გრძელვადიანი სესხების ჯამურ მოცულობასთან ფარდობის მაჩვენებელი და არა ყოველთვიური გადახდის მიხედვით განკარგვადი შემოსავლების პროპორცია.

საქართველოში ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის კრიზისამდე, საოჯახო მეურნეობის ვალის განკარგვად შემოსავალთან თანაფარდობის მაჩვენებელი 11%-ს შეადგენდა, 2012 წელს _ 15% იყო, ხოლო 2017 წლის ბოლოს 3.5-ჯერ გაიზარდა – 53%-ს მიაღწია, რაც არის ევროპის საშუალო შემოსავლების მქონე ევროპის ქვეყნების დონეზე. შედარებისათვის, სლოვაკეთში მისი მაჩვენებელი 63%-ია, პოლონეთში _ 60%, ხორვატიაში _ 57%, ჩეხეთში _ 59%, ესტონეთში _ 75%, ლიეტუვაში _ 35%, ლატვიაში _ 37%, უნგრეთში _ 39%, სლოვენიაში _ 45%, ხოლო უფრო დაბალი შემოსავლების ან თუნდაც ჩვენი დონის ქვეყნებში კიდევ უფრო დაბალია და 17-30%-ის ფარგლებშია.

ამ მონაცემებიდანაც ჩანს, რომ მაკროდონეზე სესხის დაგროვების ტემპი გაცილებით აღემატება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს, რომელიც ამავე პერიოდში 1.5-ჯერ გაიზარდა. ევროპის საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი 35-75%-ის ფარგლებშია (სლოვაკეთში _ 63%, პოლონეთში _ 60%, ხორვატიაში _ 57%, ჩეხეთში _ 59%, ესტონეთში _ 75%, ლიეტუვაში _ 35%, ლატვიაში _ 37%, უნგრეთში _ 39%, სლოვენიაში _ 45%), ხოლო უფრო დაბალი შემოსავლების ან თუნდაც ჩვენი დონის ქვეყნებში _ კიდევ უფრო დაბალია.

აქედან გამომდინარე, ეს ინდიკატორი ზრდის დინამიკიდან და მოსახლეობის საშუალო ევროპულ დონესთან შედარებით გაცილებით დაბალი შემოსავლებიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ასახავს ვალაუვალობის გაზრდილ რისკებს. თუმცა, როგორც ავღნიშნე, ცალსახად მისი როგორც კრიზისულ ზღვარზე მყოფი სიტუაციის შეფასება არასწორად მიმაჩნია.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორად ჩვენ მიერ დაკრედიტების ტემპების ეკონომიკის ზრდასთან თანაფარდობის მაჩვენებელი არის წარმოდგენილი. ბუნებრივია, დაკრედიტების ზრდა დადებით კორელაციაშია ეკონომიკის ზრდასთან მიმართებაში. კერძოდ, როგორც განვითარებადი, ასევე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ნაწილში დაკრედიტების ზრდა აღემატება ეკონომიკის ზრდის ტემპებს.

ევროზონის ქვეყნებში მშპ-ის ზრდის და საბანკო კრედიტის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებლები 2018 წლის პირველი კვარტალის მიხედვით პრაქტიკულად თანაბარია, მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2.4%, ხოლო დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი 2.9%-ია. ევროპის განვითარებული ქვეყნებიდან შედარებით მაღალი კორელაცია აქვს საფრანგეთს (მშპ-ის წლიური ზრდა 2.3%, დაკრედიტების ზრდის დონე _ 4.97%) და შვედეთს (მშპ-ის წლიური ზრდა 3.3%, დაკრედიტების ზრდის დონე _ 6.8%) ანუ დაკრედიტების წლიური ზრდა დაახლოებით ორჯერ მეტია ეკონომიკის ზრდასთან შედარებით. ნიშანდობლივია, რომ აზიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნებისთვისაც კი (ინდოეთი, ჩინეთი), სადაც ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3-ჯერ აღემატება ევროზონის ქვეყნების წლიური ზრდის დონეს და 7%-ზე მაღალია, დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის ზრდას მხოლოდ 1.8- ჯერ აღემატება.

ჩვენს შემთხვევაში, გასული 2015-2017 წლის მიხედვით, ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56% შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ამავე პერიოდში საშუალოდ 19.8%-ით, რეალური ზრდა კი ინფლაციის გამოკლებით 15.3%-ს შეადგენს. ანუ დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას 4.3-ჯერ აღემატებოდა.  არსებული სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ჩვენი მოსახლეობა საკრედიტო რესურების მოხმარებით ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა, მაშინ როდესაც რეალური შემოსავლები 3-5-ჯერ უფრო ნაკლებია.

ბუნებრივია, უიმედო ვალების დაბალი დონე საბანკო სექტორის მდგრადობას უსვამს ხაზს, მაგრამ მეორე მხრივ მომავალში მან მაკროდონეზე სერიოზული პრობლემები შეიძლება წარმოშვას. ცნობილია, რომ დაკრედიტების მაღალი ტემპებისას, სამომხმარებლო კრედიტის დონის ზრდა ამცირებს მოხმარებას და მშპ-ის ზრდის ტემპს, რაც კიდევ უფრო ზრდის ჭარბი დავალიანების რისკს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ლიკვიდობის რისკს მომავალში, რასაც თან ემატება არაფორმალური სექტორის მაღალი ხვედრითი წილი. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, იგი აუცილებლად აისახება მომავალში ნეგატიურად, როგორც საპროცენტო შემოსავლების შემცირების, ასევე მომგებიანობის შემცირების თვალსაზრისითაც.

- და სწორედ ამის გამო, 7 მაისიდან კომერციული ბანკებისთვის `პასუხისმგებლიანი დაკრედიტების~ კონტექსტში ახალი წესები ამოქმედდა? რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი დაკრედიტება და რას შეცვლის ეს როგორც კომერციული ბანკებისთვის ისე მომხმარებლისთვის? 

- სებ-ის ახალი მოთხოვნები ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულო იქნება როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს სესხის გამცემი ყველა ორგანიზაცია, იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ ცალკეული პირები.

დღეს საფინანსო სექტორში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ანალოგიც წარსულში ძნელად თუ მოიძებნება. ამ ტიპის რეფორმები თავის დროზე პრაქტიკულად ყველა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში განხორციელდა, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირის ქვეყნები. მიზანი არაფორმალური სექტორის, სოციალური და სისტემური რისკების მნიშვნელოვნად შემცირება იყო. მისასალმებელია, რომ რეფორმა სესხის გაცემისას შემოსავლის დადასტურების სავალდებულო მოთხოვნაზე გადასვლას მხოლოდ საბანკო დაწესებულებებისათვის არ მოითხოვს და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებზეც გავრცელდება. ეს თავის მხრივ ამცირებს რისკებს, შემცირდეს საბანკო დაკრედიტება და სამაგიეროდ, ფიზიკური პირები გადავიდნენ ლომბარდებში და კერძო მევახშეებთან.

საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სეგმენტში მიმდინარე რეფორმა, პირობითად ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ. გასულ წელს, რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა საპროცენტო განაკვეთების ზღვარის დადგენა. ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი – 100%-ს, ხოლო დარიცხული და გადასახდელი პროცენტი, საკომისიო და ჯარიმა ჯამურად სესხის ნარჩენი ძირის 150%-ს არ უნდა აჭარბებდეს. ამ ნორმატივების შემოღების შედეგად ონლაინ გამსესხებელი კომპანიების დიდ ნაწილს ბაზრის დატოვება მოუწია (სხვადასხვა მონაცემებით მათი რაოდენობა 75-ს აღემატებოდა), ნაწილი კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციად გადაკეთდა, თუმცა, პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ მოიხსნა. ბაზარზე კვლავ რჩებოდა კომპანიების ნაწილი, ძირითადად ლომბარდები და ფიზიკური პირები ე.წ. კერძო ი პოთეკარების სახით, რომლებიც რეგულაციის გარეთ იყვნენ დარჩენილი.

რეფორმის მეორე ეტაპზე ეს პრობლემაც მოიხსნება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით `კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში~ ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

სესხების ზღვრის კაპიტალის 25%-მდე ლიმიტის დაწესება საერთაშორისო საბანკო პრაქტიკისთვის მიღებული ნორმატივია, და იგი პირველ რიგში კაპიტალის რისკის შემცირებას ემსახურება. თუ გსურს გაზარდო დაკრედიტება, მაშინ მოგიწევს კაპიტალის გაზრდაც. გარდა ამისა, ამ ლიმიტის შემოღება ხელს შეუწყობს კაპიტალზე უკუგების მაღალი ნორმის დაწევასაც, ანუ შეამცირებს რა კაპიტალის მულტი პლიკატორს, კიდევ უფრო სტაბილურს გახდის სისტემის ფუნქციონირებას.

ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის მომსახურების კოეფიციენტი არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი. გარდა ამ სიახლისა, ახალი რეგულაციების შედეგად, რომელთა ნაწილიც განხილვის პროცესშია, მსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებს და გადასახდელებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს. ამასთან, იზღუდება ისეთი სესხის გაცემა, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს (ნახევარზე მეტს) _ ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით. დგინდება ჯარიმების ზედა ზღვარი, რაც წლიურად ნარჩენი ძირის 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც დამახასიათებელია ევროპის ქვეყნებისთვის. თუმცა მიმაჩნია, რომ ამ სახის რადიკალური გადასვლა აჩენს რისკებს, რადგან ბანკებს მოუწევთ ბიზნესმოდელების ტრანსფორმაცია, რასაც დაკრედიტების ტემპების შემცირება შეიძლება მოყვეს.

სესხის გამცემმა ნებისმიერმა ორგანიზაციამ სესხი უნდა გასცეს მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის საფუძველზე, რაც გულისხმობს მსესხებლის არა მხოლოდ ხარჯებისა და ვალდებულებების, არამედ პირველ რიგში შემოსავლების დეტალურ ანალიზსაც. ახალი მოთხოვნების თანახმად, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებული იქნება მსესხებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძიოს როგორც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში ან მოითხოვოს ცნობა შემოსავლების შესახებ შემოსავლების სამსახურიდან და სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად, ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე სხვა არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებს ექნებათ შემოსავლების სამსახურის ბაზებზე წვდომის გამარტივება, შემოსავლების სამსახური კლიენტის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სესხის გამცემებისათვის კლიენტის შესახებ დაცული მონაცემების მიწოდებას.

ნიშანდობლივია, რომ სავალდებულო მოთხოვნის სახით შემოდის სესხის მომსახურების კოეფიციენტის მოთხოვნა, ყველა სახის სესხისათვის, რაც არის საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა ბანკებისთვისაც კი და წარმოადგენს მსესხებლის ან თანამსესხებლის ჯამური ყოველთვიური გადასახდელებისა და ყოველთვიური წმინდა შემოსავლების თანაფარდობას. სესხის მომსახურებისას შემოსავალთან ლიმიტების დაცვის მოთხოვნა, რომელიც გასულ წელს შევიდა ძალაში აქამდე ეხებოდა მხოლოდ ი პოთეკურ სესხებს და მისი დაცვა ბანკებისათვის სხვა საცალო პროდუქტებზე აქამდე სავალდებულო არ იყო, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა.

ბუნებრივია, ბანკებს და არასაბანკო საკრედიტო ბიზნეს სუბიექტებს მოუწევთ არსებული ბიზნეს მოდელების სახეცვლილება. მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ბანკები დაკრედიტების ამ ფორმაზე გადავიდნენ, საჭირო იყო დრო ბიზნესით დაკავებულ ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისთვის, რადგან შემოსავალი გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის მიზნებისათვის დადასტურებულად რომ ჩაითვალოს, როგორც აღვნიშნეთ, კლიენტმა სესხის გამცემ ინსტიტუტში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან).

- თქვენ აცხადებთ, რომ ბანკები კრედიტის გაცემისას მომხმარებლის შემოსავლებსა და გადახდისუნარიანობას ისედაც ითვალისწინებდნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ შემოსავლის გარეშე გაცემული სესხების მაჩვენებელი ორი მსხვილ ბანკში საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს აღემატებოდა და მან სწორედ ამ კუთხით დაინახა რისკი. რეგულაცია რომ არ ამოქმედებულიყო, თავად ბანკები ამ რისკს ვერ ხედავდნენ?

- რა დასამალია, ქვეყანაში არის მაღალი არაფორმალური სექტორი, ეს პირველ რიგში თვითდასაქმებულ პირებს ეხებათ. ბუნებრივია, მათი შემოსავლების დადასტურების პრობლემა იდგა და დღესაც დგას. ბანკები მიმართავდნენ მათი შემოსავლების შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის ხელწერილის ფორმასაც, სადაც მსესხებელი, მაგალითად ტაქსის მძღოლი ან ძიძა, უთითებდა ყოველთვიურ სავარაუდო განკარგვად შემოსავალს. ბუნებრივია, ეს არ არის არც საბანკო ამონაწერი და არც ცნობა შემოსავლების სამსახურიდან. ამას გულისხმობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც ამ რეგულაციის საკითხს შეეხო. კომერციული ბანკი, ბუნებრივია, ახდენს რისკების შეფასებას და მართვას, მაგრამ ის არის კერძო კაპიტალით შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც მუშაობს მოგების მისაღებად და არ არის ვალდებული გათვალოს და მით უმეტეს დააზღვიოს სისტემური რისკები. მაკრორისკების მართვას რაც შეეხება, ეს უკვე არის ზედამხედველის ფუნქცია და ამოცანა.

ამასთან, დაწყებული საგადასახადო რეფორმა, რომელიც თვითდასაქმებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას დარეგისტრირდნენ მეწარმე პირებად და გადაიხადონ შემოსავლების 1%, 500 ათას ლარამდე ბრუნვის პირობებში, არის ორმხრივად კარგი, ეკონომიკისთვისაც, ბანკებისთვისაც და თავად ამ პირებისთვისაც, რაც მათ მნიშვნელოვნად გაუადვილებს წვდომას საკრედიტო რესურსებზე.

- ასევე მინდა შევეხოთ კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს, რომელიც კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებს ეხება. საქართველოში ისევ რჩება მაღალი საპროცენტო განაკვეთები. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს?

- თუ თვალს გადავავლებთ ბოლო წლების სტატისტიკას, საბანკო აქტივების, დეპოზიტებისა და სესხების ზრდასთან ერთად იკლებდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ყველა მიმართულებით, როგორც ბიზნეს-სესხებზე, ასევე სამომხმარებლო და ი პოთეკურ კრედიტებზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2006- 2011 წლებში საპროცენტო განაკვეთები პრაქტიკულად არ შემცირებულა და 18-20%-ის ფარგლებში იყო, მიუხედავად ამ წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდისა. მაღალ საპროცენტო განაკვეთებს განაპირობებდა 2007 წელს ერთი მხრივ მაღალი ინფლაცია და მეორე მხრივ, 2008-2009 წლებში მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რასაც დაემატა 2007-2011 წლებში პოლიტიკური არასტაბილურობა და რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები.

ეროვნული ბანკის კვლევის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით დაკრედიტების საპროცენტო პირობები იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის გაცემულ სესხებზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მცირედით გაიზარდა საპროცენტო მარჟა ფიქსირებული განაკვეთით გაცემულ უცხოური ვალუტის სესხებზე, რაც LIBOR-ის მოსალოდნელი ზრდით იყო განპირობებული.

მართალია, მნიშვნელოვნად გამკაცრდა ფიზიკური პირებისთვის დაკრედიტების არასაპროცენტო პირობები (შემოსავლების გადამოწმება, გირაოს შეფასება), მაგრამ ივნისში, მარტთან შედარებით, განაკვეთები საცალო სესხებზე განაკვეთები არა თუ გაიზარდა, არამედ 2.1 პპ-ით შემცირდა და 15.6%-ს გაუტოლდა. საშუალო საპროცენტო განაკვეთები იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტის სესხებზეც შემცირდა 0.1 პპ-ით, უცხოური ვალუტით
გაცემულ სესხებზე კი 0.1 პპ-ით გაიზარდა.

- ბოლოს, ჩვენი რუბრიკის ფორმატის გათვალისწინებით, ისევ თქვენზე რომ ვისაუბროთ, სამსახურის მიღმა როგორია გიორგი ცუცქირიძე?

- ლიტერატურის სიყვარული დღემდე შემომრჩა. ვაღმერთებ რუსთაველს, ვაჟას და გალაკტიონს. მიმაჩნია, რომ სამივე იყო გენიოსი, რომლებმაც დროს გაუსწრეს და მათი იდეები დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. ქართველი კლასიკოსებიდან განსაკუთრებით მიყვარს კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე ყაზბეგი და ოთარ ჭილაძე, უცხოელი მწერლებიდან გამოვყოფდი ჯოისს, უმბერტო ეკოს, ჰერმან ჰესეს, ფოლკნერს და ჰემინგუეის. აქტიურად ვკითხულობ თანამედროვე ლიტერატურასაც. ძალიან მომწონს კაზუო იშიგურო. ძალიან მიყვარს სპორტი, დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე ფეხბურთისა და კალათბურთის საინტერესო თამაშებს. ადრე ვთამაშობდი ჩოგბურთსაც, მოყვარულის დონეზე საკმაოდ კარგად.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი