ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ჟურნალ "საქართველოს ეკონომიკის" მთავარ რედაქტორთან, პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან - #8(224), 2018
ემზარ ჯგერენაია - დაიბადა 1963 წ. 19 სექტემბერს.

განათლება

გალის მე‑2 საშუალო სკოლა.

1981‑1986 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სპეციალობა "ფინანსები და კრედიტი".

1982‑1985 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სპეციალობა ჟურნალისტიკა.

1986‑1989 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, სპეციალობა - ფინანსებისა და კრედიტის კათედრის ასპირანტურა. 

სამუშაო გამოცდილება

1990 წ. მარტი - „ვნეშეკონომ ბანკი“, თბილისის ფილიალის დირექტორი.

1990 წ. მარტი - საქართველო „ექსიმბანკი“, დირექტორი.

1995 წ. ივნისი - „გაერთიანებული ქართული ბანკი“, გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე.

1997‑2000 - ფინანსთა სამინისტრო, საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2003‑2004 - ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრის მრჩეველი.

2005‑2006 - ანტიმონოპოლიური სააგენტოს ხელმძღვანელი.

2006‑2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.

1990 წლიდან დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

2016 წლიდან დღემდე - თსუ‑ს Bloomberg‑ის ფინანსური ბაზრების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

1997 წლიდან დღემდე - ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ მთავარი რედაქტორი.

სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური წოდება და გამოქვეყნებული ნაშრომები

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი.

თემის სახელწოდება: „ნაღდი ფულის მიმოქცევის დაგეგმვის პრობლემები საქართველოში“.

ნაშრომების რაოდენობა - 45, მ.შ. მონოგრაფია - 2, სახელმძღვანელო - 1.

8 სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი.

ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.

– ბატონო ემზარ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც 90‑იანი წლებიდან მოყოლებული ეკონომიკური პროცესების ერთ‑ერთი აქტიური მონაწილე ხართ. თუ შეიძლება, მოუყევით ჩვენს მკითხველს, საიდან მოდის ემზარ ჯგერენაია და როგორია მისი ცხოვრების გზა?

- დავიბადე აფხაზეთში, გალის რაიონში. დავამთავრე გალის მე‑2 საშუალო სკოლა. ძალიან მიყვარდა ჩემი რაიონი, ახლოს გვქონდა ზღვა, მთა, სანადირო ადგილები. მოსახლეობა ცხოვრობდა მშვიდად, ერთმანეთში კეთილგანწყობა სუფევდა. 1988‑1989 წლებში აირია სიტუაცია. 90‑იანი წლებიდან წამოვედით თბილისში. რაც შეეხება განათლებას, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ხუთწლიანი სწავლის შემდეგ ასპირანტურაში ჩავაბარე, ერთი წელი რუსეთში ვისწავლე.

აქტიურად ვიყავი ჩართული საბანკო სფეროში, ვმუშაობდი „ვნეშეკონომ ბანკში“, რომელიც იყო ტექნიკურად კარგად გამართული, მაღალანაზღაურებადი, კრი პტზე მუშაობა მაშინ დაიწყო. ნოსტრო ანგარიშზე მუშაობისას უცხოელებთან გარკვეული კოდები გვქონდა, რომლის მეშვეობით ევროპის ბანკებთან ურთიერთობას ვამყარებდით. მაშინ ინტერნეტი ასე აქტიურად არ გამოიყენებოდა, ტელექსით ვმუშაობდით. შემდეგ უკვე დაიწყო კომპიუტერიზაცია.

ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კანონმდებლობის შექმნაში. 90‑იან წლებში დამოუკიდებელ ვალუტაზე დაიწყო მუშაობა, ქვეყანა ყველაფერს საწყისი ეტაპიდან იწყებდა. ტრანსფორმაცია მარტო საქართველოს არ შეეხო, 90‑იანი წლები მთელი მსოფლიოსთვის ტრანსფორმაციის პერიოდი იყო. ინტერნეტის ფართოდ გამოყენება დაიწყო, ამ კუთხით გადატრიალება მოხდა, გააქტიურდა ელექტრონული გადარიცხვები, სწიფტ‑ი ჩაისვა ჩარჩოში და სხვა.

იმ პერიოდში ფინანსთა სამინისტროში ვმუშობდი და საქართველოშიც მსოფლიო ბანკის დახმარებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. დაიწყო კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა. საბაჟოზე თითქმის ყველაფერი „გათეთრდა“, რადგან იმ პერიოდში საბაჟო სისტემაში დაინერგა საბაჟო კონტროლის კომპიუტერული პროგრამა ASYCUDA. საბაჟო დეპარტამენტში ორწელიწადნახევარი ვიმუშავე. შემდეგ პრემიერ‑მინისტრის მრჩეველი ვიყავი, მერე ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი. ამ უწყებაშიც საკმაოდ სერიოზული რეფორმა გავატარეთ, რომელიც დღემდე მუშაობს. 1997 წელს დავაარსე ეკონომიკური ჟურნალი – „საქართველოს ეკონომიკა“.

2006 წლიდან კერძო ბიზნესში გადავედი. ამ დროის განმავლობაში უნივერსიტეტი არასოდეს დამიტოვებია. უნივერსიტეტში შევქმენი ბლუმბერგის ლაბორატორია, სტუდენტებს მსოფლიო ფინანსებს თანამედროვე მეთოდებით ვასწავლით.

– ძალიან საინტერესო პერიოდში საქმიანობდით, პოლიტიკურად რთულ პერიოდში ხდებოდა ეკონომიკის საბაზრო პრინცი პებზე გადასვლა. დღეის გადმოსახედიდან, თუ არის რამე ისეთი, რასაც სხვაგვარად გააკეთებდით?

- ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს საფინანსო‑საბანკო სისტემის შექმნაში ლომის წვლილი მიმიძღვის, ბევრ ჩემს მეგობართან ერთად. საფინანსო სისტემაში ის ტექნოლოგიები დაინერგა, რომელიც მსოფლიოში მოქმედებს.

შემდეგ სამშენებლო სექტორში გადავედი. მშენებლობა ეკონომიკის წარმმართველი დარგია. ამასთანავე, უნივერსიტეტში ყოველთვის ინოვატორული ვიყავი. ბევრი რამე გამიკეთებია, თუმცა, რაღაცას შევცვლიდი, უფრო მეტს გავაკეთებდი. ამ გადმოსახედიდან ბევრი რამ სხვაგვარად ჩანს, მაგრამ მაშინ ის ყველაფერი სრულიად ახალი იყო, რომლის შესახებაც მხოლოდ ყურმოკრული გვქონდა. ბევრი კანონი წარმოუდგენლად რთული და ახალი იყო – რა არის განვითარებადი ქვეყანა, როგორ და საით უნდა წავსულიყავით, ვისთვის უნდა მიგვებაძა.

შევცვლიდი იმას, რომ თავისუფალ ეკონომიკაში უფრო ფართოდ შევიდოდით. თუმცა, ეკონომიკას არ უყვარს იჩქარე, ზერელეობა, კლანურობა. ეკონომიკა რაც უფრო თავისუფალია, მით უფრო ძლიერია. სიჩქარე იყო ჩვენი ძირითადი შეცდომა. მე მახსენდება ცნობილი ეკონომისტის – შუმპეტერის ფანტასტიკური სიტყვები – ვერცერთი პრეზიდენტი, პრემიერი, ჩინოვნიკი ვერ მოიგონებს იმდენ იდეას და სასიკეთო აზრებს, რასაც ერთი უბრალო პატარა ფირმის ხელმძღვანელი.

– ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, განვითარებად ქვეყნებში მკვეთრად ლიბერალური კურსი შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს, ვინაიდან სოციალურ ფენებში უთანასწორობის რისკი იზრდება. თქვენ რა შეხედულება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ამ სიტყვის ავტორები ყოველთვის ადგილობრივი მეწარმეები არიან, რომლებსაც პროტექციონიზმის დანერგვა სურთ, მაგრამ ის არ იციან, რომ პროტექციონიზმი კომპანიას ღუპავს, ისე როგორც თავის დროზე გოგი თოფაძის კომპანია დაღუპა. ბიზნესს სჭირდება შეჯიბრი, ჭიდილი თავისუფლებასთან, უნდა გაიმარჯვო და საუკეთესო გახდე. კონკურენციის გარეშე არავინ და არაფერი არსებობს. მთავარია კონკურენციას როგორ ვხედავთ. საქვეყნო მოღვაწეობა სხვა რაღაცაა, სუბსიდირებულ, მაგალითად, ირანულ და თურქულ ბიზნესთან დაპირისპირება, დემპინგი კიდევ სხვა რაღაცა.

მაგალითისთვის, საქართველოდან თაფლი არალეგალურად თურქეთში შედის. შემდეგ თურქი ბიზნესმენები საკუთარ პროდუქტად ასაღებენ, ღებულობენ სუბსიდიას და ექსპორტზე დაბალ ფასად გააქვთ. ასეთ პროცესებს უნდა მართვა. შენმა მეზობელმა თუ თავის ვალუტის კურსი დაწია, აუცილებლად უნდა ჩაერიო. ეკონომიკის მართვა და თავისუფალი ეკონომიკა _ ეს სულ სხვადასხვა რამეა. თავისუფალი ეკონომიკა ანარქიას, უპატრონობას არ ნიშნავს.

ინკების ტომი რატომ დაიღუპა? მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე განვითარებული სოფლის მეურნეობა, მრეწველობა ჰქონდა, ეს ქვეყანა უფულობამ დაღუპა. აუცილებელია სავალუტო პოლიტიკის სწორად მართვა. თავისუფალი მცურავი კურსი არ ნიშნავს, იმას, რომ სავალუტო კურსი ყალიბდება სრულიად ჩაურევლად. სავალუტო ბაზარს სჭირდება მართვა.

თურქეთი თავის ეკონომიკას ძალიან ცუდი მეთოდებით ქაჩავს. ამ ქვეყანას ბევრი დარგი სუბსიდირებული აქვს. ჩვენ უნდა გავარჩიოთ დემპინგი, სუბსიდირებული, სამხედრო და თავისუფალი ეკონომიკა. ვალუტასთან დაკავშირებით, კარგი მაგალითია თურქეთის პოლიტიკური პირების განცხადებები. ჯერ თქვეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტა ჩვენთვის ლირაა და დოლარები დავწვათო, შემდეგ ინგლისს დახმარებისთვის ხვეწნა დაუწყეს. ეკონომიკის ხელოვნური მართვა კარგ შედეგებამდე არ მიგვიყვანს.

ყველა ქვეყანას განსხვავებული გზა აქვს საბაზრო ეკონომიკისკენ. ყველა ქვეყანა უნდა ცდილობდეს შოკურ თერაპიას აარიდოს თავი და საბაზრო ეკონომიკაზე რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადავიდეს. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ჩინეთი – კომუნისტური ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას გეგმური ეკონომიკა აქვს, ფინანსური ბაზარი იდეალურად მუშაობს. იმისათვის, რომ ჩინეთს გაეზარდა საფინანსო ბაზრის ღირებულება, მან დაიწყო თავისი მოქალაქეების წახალისება ბირჟაზე სათამაშოდ. ჩინეთმა ფინანსური ბაზრის აღორძინებისთვის, მოსახლეობას ფული მისცა და უთხრა ბირჟაზე ეთამაშათ. წარმოიდგინეთ, ბირჟაზე რომ გახვიდეთ, სახელმწიფო გაძლევთ ფულს, დასაყრდენს, ზურგს გიმაგრებთ. ამიტომ, უცებ შანხაის, ჰონკონგისა და პეკინის ბირჟები აბსოლუტურად ძლიერები გახდნენ. ახლა დაიწყო ჩინური კომპანიების სარეზერვო შიდა კაპიტალის ზრდა. „ალიბაბა“ ტრილიონიანი კომპანიაა. ჩინეთს ენერგეტიკულ, საბანკო, სატრანსპორტო სფეროში გიგანტური კომპანიები ჰყავს. დაიწყო წყალქვეშა ნავების მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად დაჭერილი და მართვადია ჩინური იუანის კურსი. ის გახდა სრულყოფილი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა.

უნდა შევედაროთ თუ არა ჩინეთს? არავითარ შემთხვევაში. ჩინეთი გიგანტური ქვეყანაა, მილიარდნახევრიანი ბაზრით. ჩვენა პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით. ჩვენ უნდა ვიყოთ არა მიმბაძველები, არამედ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ირგვლივ რა ხდება და სამოქმედო სტრატეგია ამის მიხედვით გაიწეროს. არ შეიძლება ეკონომიკა არჩევნებიდან არჩევნებამდე იმართებოდეს. ეს არის სირცხვილი.

– საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ‑ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ლარის კურსი, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია და ამასთანავე დიდწილად იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული. ამ მიმართულებით სტრატეგია როგორი უნდა იყოს?

- დოლარზე დამოკიდებულებას ვზრდით ჩვენ. როგორც კი ლარი მკვეთრ ვარდნას განიცდის, მის მიმართ ნდობა იკარგება და დოლარზე დამოკიდებულება იზრდება. ლარს სიმყარე არა აქვს, ვალუტას ვერ ვმართავთ. ყველაფერს ჩინური სიდინჯე და მეთოდურად სიარული ჭირდება. ეკონომიკას სიურპრიზები არ უყვარს.

ქვეყანაში ტრანსფერები (უცხოეთში წასული საქართველოს მოქალაქეების მიერ გადმორიცხული ფული) იმაზე მეტია, ვიდრე ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. როდესაც მეზობელ ქვეყნებში ვალუტები უფასურდება, ტრანსფერების მოცულობა მცირდება. ანუ ვალუტის ნაკადი იკლებს. რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ამ ტალღის დარტყმა ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო სავალუტო ბაზრისთვის? ვალუტის კურსი სავალუტო პუნქტებმა კი არ უნდა გიკარნახოს, შენ უნდა შეძლო ამ პროცესის მართვა. ასეთ დროს, ვალუტის შეძენა ნელ‑ნელა უნდა დაიწყოს. ორი მეთოდია – ვალუტა უაზროდ არ გაამყარო და არ გააუფასურო. რეზერვების დროული და სწორი გამოყენება უნდა მოხდეს. არადა, საქართველოს ეროვნულ ბანკში ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანები სხედან. ეჭვი მაქვს, რომ ისინი გადაწყვეტილებების მიღებისას დამოუკიდებლები არ არიან, ვიღაცას უყურებენ. სანამ ჟურნალისტები ამბავს ატეხავენ, მანამდე უნდა იმოქმედონ.

– ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ისინი ინფლაციის ფორმირებაზე არიან პასუხისმგებლები და არა კურსზე...

_ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლები არიან. ლარის გაუფასურებას მოსდევს ცხოვრების გაძვირება. თავს ნუ იმართლებენ. დაიღალა ხალხი ფინანსების სწავლით. ფინანსების ცოდნა ხალხს არ სჭირდება. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. მთავრობამ უნდა აცალოს ეროვნულ ბანკს. ქვეყანა 80 პროცენტით დამოკიდებულია იმპორტზე და ლარის გაუფასურება როგორ არ ეხებათ.

– ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გადადიოდა ქვეყანა საბაზრო ეკონომიკაზე, ახლა ეკონომიკა განვითარების რა ეტაპზეა?

- ქვეყანაში არსებობს საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუტები ასე თუ ისე გამართულია. თუმცა ყველაზე მთავარი მენტალური პრობლემაა. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები – გინდათ გახდეთ ბიზნესმენი? მეუბნებიან, რომ არა. მათ ურჩევნიათ ვინმე მდიდარმა ბიძამ დაიქირავოს და იცხოვროს ისე როგორც ბიზნესმენმა. ჩვენ ქართველებს არ გვინდა ვაკეთოთ ბიზნესი. დღემდე მოსახლეობას კრედიტი ნაჩუქარი ფული ჰგონია. ყველა ცდილობს გარკვეულ პროცესებზე პასუხისმგებლობა მოიხსნას და პრობლემა სხვას გადააბრალოს. დღემდე საკუთარი საქმის მიმართ დამოკიდებულება არის ასეთი – მოვიდა წვიმა, დაისეტყვა ვენახი და ფული სახელმწიფომ უნდა მომცეს. არადა, ასეთ მევენახეს მოსავალი 10 ლარად რომ დაეზღვია, 1000 ლარს მაინც ხომ აიღებდა. ეს 10 ლარი დაენანათ.

ჩვენ შევცვალეთ კანონმდებლობა, ინსტიტუტები, მაგრამ აზროვნება ვერ შევცვალეთ. დღემდე ბოლშევიკური აზროვნება გვაქვს. ბევრ ჩვენს მინისტრს ჰგონია, რომ პოლიტიკოსია ყველაფერი და არა ბიზნესმენი, იმიტომ, რომ ბიზნესმენები გახდნენ პოლიტიკოსები. იმასაც სჭირდება მენტალური რევოლუცია, ვისაც ბევრი ფული აქვს დაგროვებული.

დავუბრუნდეთ საბაზრო ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებს. რატომ არ იქმნება ჩვენთან ფინანსური ბაზარი? ეკონომიკაში კაპიტალი არ არის, კომპანიები სამარცხვინო მდგომარეობაში არიან და ფეხზე ვერ წამოდგნენ. ბირჟაზე ძლიერი კომპანია უნდა გავიდეს, იქ სუსტ კომპანიას ვერ ნახავ.

მენტალიტეტი – ქვეყნის უზარმაზარი დაავადებაა. ერთი ეტაპი გავიარეთ. ევროპა, ამერიკა ტრანსფორმაციაში გვეხმარება, მაგრამ მენტალობაში „გავიჭედეთ“. ამ კუთხით უნდა მოვიფიქროთ რამე. ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება დიდი საჩუქარია. ამან უნდა უშველოს ჩვენს მენტალობას. გულწრფელად რომ ვთქვათ, წლების განმავლობაში ჩვენთვის რუსეთი ახლობელი რატომ გახდა? იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში ჩავდიოდით და ხელით ვეხებოდით და ახლოდან გავიცანით. ახლა უნდა გავიცნოთ ევროპა. ხელი ჩავჭიდოთ, როგორც ცოცხალ არსებას, ვნახოთ როგორ აზროვნებს. მის სახლში, მის ქარხანაში უნდა მივიდეთ. ევროპა `შენობით~ უნდა გავიცნოთ. ევროპასთან როგორც კი `შენობით~ გადავალთ, გვეშველება. ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს შვილს, საქმეს თუ არ გააკეთებს, ჯიბის ფულს ვერ მიიღებს.

– საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს. ეს ცვლილებები ხან ამართლებს, ხან არა. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ბიზნესის წახალისების მოტივით მოხდა მოგების გადასახადის რეფორმა და დაინერგა „ესტონური მოდელი“. ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ?

- ვთვლი, რომ ამ მოდელმა ისე არ გაამართლა, რა მოლოდინიც შეიქმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არჩევნებიდან არჩევნებამდე ეკონომიკის მართვა არ გვინდა. ქვეყანას ერთიანი, უწყვეტი ეკონომიკური ხაზი უნდა ჰქონდეს. არჩევნებზე მორგებული ეკონომიკური ლოზუნგები არ გვჭირდება. ამ მოდელით მსხვილ ბიზნესს ვუწყობთ ხელს და მგონია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორი გათვლები არ გაკეთდა. ეკონომიკა თავად გვკარნახობს, როგორი ბიზნესი გვჭირდება. რასაც ეკონომიკა არ ითხოვს, ის არ უნდა გააკეთო. პოპულიზმი დამღუპველია.

– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა კერძო საპენსიო რეფორმა, ამ სისტემაზე გადასვლა 2019 წლის 1 იანვრიდან დაიგეგმა. ადამიანთა დიდი ნაწილი რეფორმის წარმატებით განხორციელებას ეჭვის თვალით უყურებს. ასევე გარკვეული უნდობლობაა დანაზოგების სწორად მართვასთან დაკავშირებით. არსებობს შიში, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა შეიძლება დაიკარგოს ან გაუფასურდეს. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს?

- სიმართლე გითხრათ, ამ რეფორმის უფრო უკეთესად მომზადება შეიძლებოდა. არ მომწონს მოსახლეობის ორ ნაწილად დაყოფა – 40 წლამდე და 40 წლის ზევით. ამავდროულად, მოსაფიქრებელია, თუ რა ვუყოთ იმ პენსიონერებს, რომელთაც ეს რეფორმა არ შეეხებათ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ პროცესის დაწყება გარდაუვალია. მესმის კამათი იმაზეც, რომ ფული შეიძლება გაფუჭდეს. მე მაქვს ევროპისა და სავალუტო ფონდის იმედი. ამ მიმართულებით მეზობელმა ქვეყნებმა გვაჯობეს. ანუ კანონმდებლობა არ არის საუკეთესო, მაგრამ სხვა გზა არ არის, ეს პროცესი აუცილებლად უნდა დავიწყოთ.

– ახლო მომავალში თბილისში კრი პტოვალუტებთან დაკავშირებით სხვადასხვა კონფერენცია იმართება. ზოგადად, მაინინგი საკმაოდ მიმზიდველი პროცესი გახდა ახალგაზრდებისთვის. თქვენ თუ დაკავდებოდით ამ პროცესით და რამდენად შეიძლება ვენდოთ კრიპტოვალუტას?

- რა თქმა უნდა, მაინინგზე უარს არ ვიტყოდი. ეს არის მომავლის სისტემა. ბლოკჩეინი არის მსოფლიო რევოლუცია, ხოლო კრიპტოვალუტა საბანკო‑საფინანსო სისტემის ერთ‑ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი. უდავოა, რომ უახლოეს ხანებში მსოფლიოს საბანკო სისტემა შეიცვლება. არის თუ არა კრი პტოვალუტა ბუშტი, რომელიც შეიძლება გასკდეს? მაშინ ვიკითხავ, „ამაზონის“ აქცია არის თუ არა ბუშტი? ეთერიუმი და სხვა კრი პტოვალუტები, ისეთივე საბირჟო პროდუქტია, როგორც „ამაზონის“ აქცია. ის ჩვეულებრივი კაპიტალია. აქციას შეიძლება კარგი კურსი ჰქონდეს, ღირებულება იზრდებოდეს ან შეიძლება გაკოტრდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფინანსო ბაზარი როგორც ინსტიტუტი ცუდია. ვალუტა არის პირველ რიგში ნდობა, ხოლო ბლოკჩეინი არის სისტემა.

ახლა მსოფლიო ამუშავებს პროგრამას კვანტური კომპიუტერის შესახებ. კვანტური კომპიუტერი იქნება სუპერკომპიუტერი. ვინც შექმნის კვანტურ კომპიუტერს, ის დაიჭერს მსოფლიოს. ერთადერთი, აღრიცხვა უნდა იყოს
სწორი.

– თქვენ აფხაზეთიდან ბრძანდებით. საინტერესოა, აფხაზურ ეკონომიკაში რა პროცესები მიდის?

- ძალიან მძიმე მდგომარეობაა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეალურ სექტორში ინვესტიცია არ ჩადოს და ამ რეგიონში ცხოვრება გაუსაძლისი გახდეს. რუსეთს ამ კუთხის მოსახლეობის გადაშენება უნდა, ისე როგორც სოჭი ამოშანთა და გადააშენა ქართველებისთვის. ხელფასებს აძლევს პედაგოგებს, იხდის პენსიას, მაგრამ ხელმძღვანელობა კორუფციაში ჩაძირა. ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში. კიდევ კარგი, ჩვენი მხრიდან შედის პროდუქტი, ამით გადიან ფონს. ჩაკეტილი აქვთ საზღვარი. აფხაზები რუსული პასპორტის გარეშე რუსეთში ვერ შევლენ. ეს ყველაფერი ამ კუთხეს მძიმე დაღს ასვამს. რაც დრო გადის, აფხაზეთი უფრო ღარიბდება. მოიშალა სოფლის მეურნეობა. მაგალითად, თუ საბჭოთა კავშირის პერიოდში 2 მილიონ ტონა ციტრუსს კრეფდნენ, ახლა ამის მეათედი იკრიფება. აღარ უვლიან პლანტაციებს. ასევე სრულიად მოშლილია ჯანდაცვის სისტემა. რუსეთი ამასაც სპეციალურად აკეთებს, ეს მისი ხელწერაა. მათ აფხაზეთის მხოლოდ ტერიტორია სჭირდებათ, სხვა არაფერი.

– გარდა პროფესიული საქმიანობისა, კიდევ რითი ხართ დაკავებული, რომელია თქვენი საყვარელი საქმიანობა?

- ჟურნალისტიკა, ჟურნალისტური კვლევები, ჩემს ჟურნალზე მუშაობა. ასევე მიყვარს სპორტი: ჩოგბურთი, გოლფი, კალათბურთი.

– თქვენი შვილები თუ გაყვნენ თქვენს გზას?

- უმცროსი შვილი ლონდონში სწავლობს – საერთაშორისო ფინანსების ფაკულტეტზე. ფინანსისტია შუათანა ქალიშვილიც. უფროსი დიპლომატია ფინანსური მიმართულებით. მუშაობს გაეროში, ცხოვრობს ნიუ‑იორკში.

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი