ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ჟურნალ "ეკონომიკის" მთავარ რედაქტორ რევაზ შენგელიასთან - #9(225), 2018
რევაზ შენგელია - დაიბადა 1953 წლის 5 აპრილს. 

განათლება 

1974-1979 წწ. - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია-ეკონომისტი, სპეციალობა - პოლიტიკური ეკონომიის მასწავლებელი. 

1979-1982 წწ. - ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი (ასპირანტურა), სპეციალობა - პოლიტიკური ეკონომიის მასწავლებელი. 

ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია 1983 წლიდან. 

სამუშაო გამოცდილება 

1983-1985 წწ. _ საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. 

1985-1993 წწ. _ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ჟურნალ `ეკონომიკის~ (გამოდის 1918 წლიდან) მთავარი რედაქტორის მოადგილე. 

1993 წ.-დან დღემდე _ საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალ `ეკონომიკის~ მთავარი რედაქტორი; 

1983-1985 წწ. _ თსუ პოლიტეკონომიის კათედრა, მასწავლებელი. 

1985-1987 წწ. _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) მასწავლებელი. 

1987-1995 წწ. _ სტუ, დოცენტის თანამდებობა, #2 კათედრა. 

1995-2000 წწ. _ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის რეგიონულ მრავალპროფილიანი ინსტიტუტი, დოცენტი, ეკონომიკური დისციპლინების კათედრა. 

2005-2006 წწ. _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტის თანამდებობა, ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა. 

2006 წ.-დან დღემდე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის, ამჟამად საინჟინრო ეკონომიკის, მედია-ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის (01.02.2013-დან) პროფესორი. 

2013 წლიდან _ სტუ ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის, ამჟამად საინჟინრო ეკონომიკის, მედია-ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო, სადისერტაციო საბჭოს წევრი. 

2017 წლიდან _ ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. 

ჯილდოები 

1. საქართველოს პრეზიდენტისაგან _ ღირსების ორდენი (მოწმობა #01598); 

2. საქართველოს პრეზიდენტისაგან მადლობა _ საქართველოში ეკონომიკის დარგში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეურნეო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #1183, 2002 წლის 9 სექტემბერი). 

3. საქართველოს ეკონომიკის მინისტრისაგან მადლობა _ ნაყოფიერი სამეურნეო და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, ეკონომიკის დარგში მიმდინარე რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის (ბრძანება #106, 05.09.2000).
 
4. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორისაგან მადლობა _ აქტიური თანამშრომლობისათვის (2015 წ.). 

ნაშრომები: 137 ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია: 4 (2013; 2017 წ.); 1 დამხმარე სახელმძღვანელო (2013 წ.). 

ჰყავს მეუღლე და 1 შვილი.

- ბატონო რევაზ, თქვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობთ ჟურნალს, რომელიც ათეულობით წლებს ითვლის. გარდა ამისა, თქვენს ხელში გაიარა უამრავმა სტუდენტმა. ამიტომ ბუნებრივია, ბევრ ადამიანს აქვს სურვილი უფრო მეტი იცოდეს თქვენ შესახებ. 

_ დავიბადე 1953 წ. ჩხოროწყუს რაიონში. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამიწვიეს. ვმსახურობდი ქ. მოსკოვში. 1974 წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე პოლიტიკური ეკონომიის სპეციალობით, რომელიც 1979 წელს წარჩინებით დავამთავრე. სწავლა ასპირანტურაში გავაგრძელე იმავე სპეციალობით. დისერტაცია დავიცავი 1983 წელს. 

- რა იყო დისერტაციის თემა? 

_ დისერტაციის თემა მორალური მოძველების პრობლემებს ეხებოდა. მორალური მოძველება გეგმიანი ეკონომიკის პირობებში, საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ტაბუდადებული იყო. განვითარებული ქვეყნებიდან ხშირად შემოდიოდა იმათთვის უკვე მოძველებული ტექნიკა და იგი ჩვენს ქვეყანაში მოძველებულად არ ითვლებოდა. თუ ვინმე ჩამოწერდა ტექნიკას, თუნდაც, მაგალითად, სამედიცინო მოწყობილობას, შემდეგ მას ჩამორჩენილ რეგიონებში აგზავნიდნენ. ამ უკანასკნელისათვის მას მორალურ მოძველებად არ აღიარებდნენ. ბუნებრივია, მოძველებული ტექნიკით ხარისხიანი პროდუქტის წარმოება შეუძლებელი იყო. არადა ცნობილია, რომ, მაგალითად, თუ არ არის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წინდის საქსოვი დაზგა, ხარისხიან წინდას ვერ მოქსოვ. 

იგივე მდგომარეობაა მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის სფეროშიც. ჩვენი მიზანია აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტუპირატესობის მატარებელი იქნება. გვყავს ჩვენ კონკურენტუნარიანი სტუდენტები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებში? ალბათ, ძალიან ცოტა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მატარებელი პროფესორ-მასწავლებელთა სიმცირე. 

ასეთ პრობლემებზე და, საერთოდ კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნაზე ვმსჯელობდი 1983 წელსაც, როდესაც დისერტაცია დავიცავი. მაშინ ძირითადად ისეთი ნაშრომები იწერებოდა, რომელიც სოციალისტურ პერიოდს იყო მორგებული და ისინი იმ წყობის დანგრევის შემდეგ აღარავის გახსენებია. თავმდაბლობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი საკვლევი თემა დღესაც აქტუალურია. მაშინდელი მოსაზრებები ამჟამად კიდევ უფრო განვავითარე, საუბარია არა მარტო ტექნიკის, არამედ მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის მოძველების, ასევე მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის განახლება-კვლავწარმოების სამ ახალ ფორმაზე. რაში გამოიხატება ეს? 

ცნობილია, რომ მორალური გაცვეთის დროს (მაგალითად, ტექნიკის გაუფასურებისას) განსხვავებით ფიზიკური გაცვეთისაგან, ადგილი აქვს ფორმასა და შინაარსს შორის წინააღმდეგობას. მოცემული ტექნიკის ფორმის შეუცვლელად მისი შინაარსი იცვლება, რამდენადაც იგივე კონსტრუქციის ტექნიკის კვლავწარმოება უფრო იაფი ხდება (პირველი ფორმა), ანდა მასთან კონკურენციას იწყებს უფრო მწარმოებლური, უკეთესი ტექნიკა (მეორე ფორმა). მორალური გაცვეთის ამ ფორმების ანალიზი კარგად არის გამოკვლეული კაპიტალისტური წარმოების ანალიზისას ცნობილი ეკონომისტების მიერ. 
თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის, განსაკუთრებით კრეატიული ეკონომიკის პირობებში მორალურ მოძველებას შეიძლება დაექვემდებაროს მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნაც. დღეს განვითარება და პროგრესი წარმოუდგენელია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის გარეშე. 

შესაძლებელია პირობითად გამოიყოს მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის მორალური მოძველების სამი ფორმა: 

პირველი ფორმა დაკავშირებულია კვლევის განმეორებადი ოპერაციების შესრულების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად მეცნიერული შედეგების მიღების გაიაფებასთან. ეს ფორმა დაკავშირებულია ერთი და იგივე ინფორმაციის მიღების კვლავწარმოების გაიაფებასთან; 

მეორე ფორმა დაკავშირებულია ახალი მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის, ან ახალი გადაწყვეტილების გამოჩენასთან, რომელთა გამოყენება იწვევს პრინციპულად ახალ შედეგებს, რის გამოც ძველი მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნა, შესაბამისად, ტექნიკაც, რომელშიც დაფიქსირებულია ეს ცოდნა, ეკონომიკური თვალსაზრისით არაეფექტიანი ხდება. 

მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის მორალური მოძველების ორ ფორმასთან ერთად, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში წარმოიშობა სრულიად ახალი მესამე ფორმა _ სოციალურად უვარგისობა ზოგიერთი იმ მეცნიერული შედეგებისა, რომელთა გამოყენება (საქმიანობის სოციალური მიზნის ფილოსოფიიდან გამომდინარე) წარმოების მიზნის შესაბამისი ახალი ტექნიკის შექმნისა და არსებულის სრულყოფისათვის არაეფექტიანი ხდება ახალ მეცნიერულ-ტექნიკურ ცოდნასთან შედარებით, რომელსაც საზოგადოება ფლობს. მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის მორალური მოძველების ეს ფორმა, როგორც ტექნიკის მორალური მოძველების მესამე სოციალური ფორმა, გვევლინება სპეციფიკურად მხოლოდ სოციალურად ორიენტირებული, ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკისათვის. 

ეკონომიკის მსგავსად მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნაც თვითგანახლებად სისტემას წარმოადგენს, რომელშიც პარალელურად მიმდინარეობს ახალი ცოდნის შექმნისა და არსებული ზოგიერთი ცოდნის მორალური მოძველების პროცესები. განსაკუთრებით უფრო სწრაფი ტემპით, მყისიერად მიმდინარეობს ეს პროცესები გამოყენებით მეცნიერებებში, ვიდრე საზოგადოებრივ, თეორიულ მეცნიერებებში. ასეთ პირობებში ცოდნის, განსაკუთრებით მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის წლიდან წლამდე უცვლელი ოდენობით დატოვება, განმეორება იგივე იქნებოდა, რაც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, ინოვაციების, სიახლეების დანერგვის უგულებელყოფა. არადა, 21-ე საუკუნე ხომ ისეთი საუკუნეა, როცა ცოდნა განიხილება, როგორც ეკონომიკაში გადამწყვეტი, მისი კონკურენტუნარიანობის წინასწარი პირობა. ამიტომ საზოგადოება იძულებულია სისტემატურად განაახლოს ანუ კვლავ აწარმოოს მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნა. გამომდინარე აქედან, თანამედროვე, განსაკუთრებით კი კრეატიული ეკონომიკის პირობებში ასევე შეძლება გამოიყოს მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის განახლება-კვლავწარმოების სამი ფორმაც. 

მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის (სპეციალობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილი თეორიულ-პრაქტიკული მიღწევების, ცოდნის, გამოცდილების დაუფლების) განახლება-კვლავწარმოების პირველი _ არასრული, ნაკლული შეკვეცილი ფორმის დროს ამა თუ იმ დარგის, სფეროს მუშაკი თავის სპეციალობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნა-გამოცდილებას მთლიანად ვერ ფლობს (ცხოვრების განმავლობაში შეძენილმა ცოდნამ უკვე ამოწურა თავისი ზღვრული სარგებლიანობა და `მორალური მოძველების~ პროცესს განიცდის), რის გამოც იგი კონურენტუნარიანი ვერ იქნება. ეს კი, როგორც კონკრეტული ადამიანისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც პრობლემას ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ, ერთი მხრივ, ეს მუშაკი ვერ გამოიყენებს ტექნიკური პროგრესით მიღწეულ შედეგებს და, მაშასადამე, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილით, მეორე მხრივ კი, ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს საკუთარი ეკონომიკური, სოციალური, ტექნიკური და ა.შ. მაჩვენებლებით. 

მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის განახლება-კვლავწარმოების მეორე _ მარტივი ფორმის დროს ამა თუ იმ დარგის მუშაკი თავის სპეციალობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნა-გამოცდილებას (ეს ცოდნა ხანგრძლივი პერიოდების მანძილზე უცვლელია) მთლიანად ფლობს, ინარჩუნებს საქმიან კონტაქტებს, დადებით იმიჯს და სამუშაო ადგილს, რის გამოც იგი კონურენტუნარიანია მანამ, სანამ მის მიერ ცხოვრების განმავლობაში შეძენილი ცოდნა ამოწურავს თავის ზღვრულ სარგებლიანობას და `მორალური მოძველების~ პროცესს დაექვემდებარება და ზიანს არ მიაყენებს არც თავის თავს და არც ქვეყანას. 
მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის განახლება-კვლავწარმოების მესამე _ გაფართოებული ფორმის დროს ამა თუ იმ დარგის, სფეროს მუშაკი თავის სპეციალობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნა-გამოცდილებას არამარტო სრულყოფილად ფლობს, არამედ დამატებითაც აქტიურად დამოუკიდებლად მონაწილეობს მის შემოქმედებითად (კრეატიულად) განვითარებასა და დანერგვაში (თვით უახლესი მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნაც კი სწრაფად ძველდება და ის, რაც ჯერ კიდევ გუშინ ურყევ ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა, შეიძლება ახალ პირობებს აღარ შეესაბამებოდეს. ამიტომ სპეციალისტს სჭირდება არა პასიური, არამედ დამოუკიდებელ კრიტიკულ აზროვნებაზე დამყარებული აქტიური და განვითარებადი ცოდნა), აქვს გარემოში მიმდინარე ცვლილებების ადეკვატური შინაგანი განახლების, ადაპტირების უნარი, ასევე ფლობს თანამედროვე მსოფლიო ენას, მისაღებ პიროვნულ თვისებებს, საქმიან კონტაქტებს და დადებით იმიჯს. ასეთი პირადი კონკურენტუპირატესობების მატარებელი ადამიანი კი არ ეძებს სამუშაოს, არამედ თავად სამუშაო ეძებს მას. ასეთი თვისებების მქონე მუშაკი კონკურენტუნარიანი იქნება არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ე.ი. მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის განახლება-კვლავწარმოების მესამე ფორმის დროს ადგილი აქვს ცოდნის განახლება-კვლავწარმოებას გადიდებული, სულ უფრო მზარდი ოდენობით მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარების ტემპების კვალდაკვალ. ეს ფორმა უშუალოდ დაკავშირებულია შემოქმედებითობასთან, არატრადიციულ, არასტანდარტულ, ახლებურ აზროვნებასთან, უფრო სწორად კრეატიულობასთან, რადგან ასეთი ცოდნის მატარებელი მუშაკი კი არ იმეორებს ან სხვის შექმნილს კი არ მოიხმარს, არამედ უშუალოდ ქმნის რაიმე ახალს, განსხვავებულს. 

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული `მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის მორალური მოძველების~, მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის განახლება-კვლავწარმოების შეკვეცილი ფორმის სავარაუდო შედეგები? 

- ამ პრობლემების მოგვარებისთვის საჭიროა რიგი ღონისძიებათა გატარება: 

1. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება შეუძლებელია მაღალი დონის უმაღლეს სასწავლებლების ფუნდამენტური რეფორმირების გარეშე. პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოძველებული განათლების მქონე მომსახურე პერსონალი არ დარჩეს სამუშაო ადგილების გარეშე, რადგან ეს აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას და ხელისუფლებისადმი უნდობლობის გაჩენას. ამისთვის აუცილებელია პერმანენტულად ხდებოდეს მათი გადამზადება. სახელმწიფომ და პირველ რიგში, ალბათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, უნდა იზრუნოს გადამზადების თანამედროვე ცენტრების შექმნაზე ქვეყანაში. ეს დაწესებულებები ორიენტირებული იქნება მომსახურე პერსონალის მუდმივ გადამზადებასა და მათი ცოდნის განახლება-კვლავწარმოებაზე. გადამზადების ცენტრები მუდმივად მოახდენენ მათთვის ახალი ცოდნის მიღების უზრუნველყოფას, რაც საწარმოებს, კომპანიებს, სასწავლო დაწესებულებებს და ა.შ. აღარ მისცემს იმის საფუძველს, რომ კონკრეტული მომსახურე პერსონალი სამუშაო ადგილის გარეშე დატოვონ და მიზეზად მათი დაბალი კვალიფიკაცია დაასახელონ. 

2. ასევე აუცილებელია უცხოური გამოცდილების, ცოდნის გაზიარებაც. ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ უცხოელი, კვალიფიციური კადრები, რათა მათ გაუზიარონ საკუთარი ცოდნა ქართველ კოლეგებს. ეს, ცხადია, არ ეხება მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლებსა და ლექტორებს, ასეთი ქმედება უნდა განხორციელდეს ყველა სახის საწარმოსა თუ სხვა დაწესებულებაში, რადგან ქვეყნის განვითარებისთვის არა მხოლოდ განათლების სფეროს, არამედ ბევრი სხვა სფეროს განვითარებაცაა აუცილებელი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური, სოციალური, განათლების დონით, საქართველო ვერა და ვერ უახლოვდება ევროპულ და არა მარტო ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს. ამისთვის კი საჭირო და აუცილებელიცაა მსგავსი პროექტების ხშირი განხორციელება. ასეთი ღონისძიების გატარებისათვის ბიუჯეტს გარკვეული თანხის გაღება მოუწევს, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფომ ეს თანხა გამოყოს, რადგან იგი ქვეყნის მომავალ განვითარებას და წინსვლას მოხმარდება. 

3. მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის გაფართოებული ფორმით განახლება-კვლავწარმოება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით ინვესტიციების როლი უაღრესად დიდია. ისეთი პატარა ეკონომიკის ქვეყნის ასაღორძინებლად, როგორც საქართველოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა ინვესტიციები. ეს სრულებითაც არ ნიშნავს უარი ვთქვათ უცხოურ ინვესტიციებზე, ამიტომ ხელისუფლებისათვის ეს საქმიანობა უნდა გახდეს ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილი. ამ კუთხით მთავრობაში შესამუშავებელია ადგილობრივი ინვესტიციების წამახალისებელი სტრატეგია, რათა ისინი საბოლოო ჯამში ზოგიერთ დარგში, სფეროში ჭარბობდეს უცხოურ ინვესტიციებს. ყოველივე ეს გამომდინარეობს წარმოების სოციალური მიზნის ფილოსოფიის, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებიდან. ამასთან სასურველია ინვესტიციები უპირატესად წარიმართოს ინტელექტუალური, ადამიანისეული კაპიტალის, ცოდნის განსავითარებლად. ცოდნის ჩამოყალიბების სფეროში მორალური მოძველების საკითხი პირველ რიგში იმიტომ არის გასათვალისწინებელი, რომ სწორედ აქ, საწყის ეტაპზე იწყება მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის მორალური მოძველება და შემდეგ იგი აშკარა გამოხატულებას პოულობს საწარმოებში ფუნქციონირებად ტექნიკასა და ტექნოლოგიაში. გამომდინარე აქედან, პრობლემის მოგვარება უნდა დავიწყოთ არა წარმოების სფეროში, არამედ იდეის, ცოდნის ფორმირების პროცესში. 

ამრიგად, მორალური მოძველება საერთოდ, მათ შორის მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის მორალური მოძველება, მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნის განსაკუთრებით გაფართოებული ფორმით განახლება-კვლავწარმოება რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის. იგი არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანასაც აწუხებს. ბუნებრივია, გლობალიზაციის პროცესი ამ საკითხის მოგვარებასაც გამოიწვევს, რადგან იგი, ამავე დროს უწინარეს ყოვლისა, ახალი გამოცდილების, ცოდნის გაზიარებასაც გულისხმობს, რაც მით უმეტეს განვითარებადი ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელია. 

- ვინ იყვნენ თქვენი წინამორბედები ჟურნალის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე? 

- უნივერსიტეტში აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი მასწავლიდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1958 წლიდან სწორედ აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ინიციატივით განახლდა ჟურნალის გამოცემა და იგი 1967 წლამდე მისი მთავარი რედაქტორობით „საქართველოს ეკონომისტის“ სახელწოდებით გამოდიოდა. მრავალმხრივი და ფასდაუდებელია ბატონი პაატას სარედაქტორო საქმიანობა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ჟურნალის მებრძოლ სულს, იმას, რომ მაშინ და დღესაც ჟურნალი ეკონომიკური ცხოვრების შუაგულში ტრიალებს, არ ერიდება მწვავე თემებს. 

1976 წ. სექტემბრიდან 1993 წ. 11 ოქტომბრამდე ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახლდათ ბატონი იგორ კრავცოვი. ჩემთვის განსაკუთრებულია მისი რედაქტორობის წლები, რომელმაც მე აკადემიკოს პაატა გუგუშვილის რეკომენდაციით მიმიღო სამუშაოზე 1983 წლიდან ჯერ განყოფილების გამგის, ხოლო 1985 წლიდან _ მთავარი რედაქტორის მოადგილის თანამდებობაზე. ბატონი იგორი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაეცვა და განევითარებინა ბატონი პაატას მიერ დამკვიდრებული იდეები და ტრადიციები. ბატონი იგორი სითბოსა და სიყვარულს აფრქვევდა ყველგან და ყოველთვის, მისგან ხმააწეული ლაპარაკი არავის გაუგია. გამორჩეული იყო ინტელექტით, მტკიცე ნებისყოფითა და რწმენით, სისპეტაკით, თავაზიანობით, გულშემატკივრობითა და გამტანობით. 

1993 წლის ოქტომბრიდან ჟურნალ „ეკონომიკის“ რედაქტორობა მე დამეკისრა. რედაქციის წინაშე დაისვა მთავარი ამოცანა _ როგორმე გადაგვერჩინა ჟურნალი და არა მარტო შეგვენარჩუნებინა მისთვის დამახასიათებელი თითქმის 80-წლოვანი ტრადიციები, არამედ განგვევითარებინა კიდეც. მიუხედავად ობიექტურად არსებული სიძნელეებისა, ჟურნალი დღესაც აქტიურად საქმიანობს. ღრმავდება მისი ტრადიციები, მატულობს მაღალკვალიფიციურ, დიდი გამოცდილების მქონე ქართველ და უცხოელ ავტორთა წრე. 

- სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურებში არასოდეს გიმუშავიათ?

_ 1983 წლიდან ვმუშაობდი ჯერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (საათობრივად), შემდეგ გადავედი სამუშაოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ბევრი სხვადასხვა შემოთავაზება იყო 1991 წლიდან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში არაერთ თანამდებობაზე შემომთავაზეს მუშაობა, თუმცა არ დავთანხმდი და დავრჩი ჟურნალში. ასე რომ ამ რედაქციისა და უნივერსიტეტის გარდა სხვაგან არსად მიმუშავია და ეს არც მინანია. 

ჟურნალ `ეკონომიკას~ საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, მას წელს დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. მოგვიყევით ამ ჟურნალის შესახებ, რა იწერებოდა პირველ ფურცლებზე, ვინ იყო პირველი რედაქტორი... 

- 100 წლის წინ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (26 მაისი, 1918 წ.) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭებიდან (3 სექტემბერი, 1918 წ. ძველი სტილით) 10 დღის შემდეგ 1918 წლის 13 სექტემბერს გამოვიდა ჟურნალ „ეკონომიკის“ პირველი ნომერი „საქართველოს ეკონომისტის“ სახელწოდებით. ამ ჟურნალის გამოცემით გამოიხატა ის უდიდესი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომისტების მიმართ, რასაც მაშინდელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იჩენდა. 

ამ ხნის მანძილზე ჟურნალმა ძნელი გზა განვლო. მას ქართველ ეკონომისტ-პუბლიცისტთა არაერთი თაობა ემსახურებოდა. ჟურნალმა ქვეყნის ძნელბედობის ჟამსაც შეინარჩუნა მთავარი ფუნქცია _ ხელი შეუწყოს ეკონომიკური აზრის განვითარებას. იგი ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების შუაგულში. 

1918-1993 წწ. ჟურნალს რედაქტორობდნენ: დ. თოფურიძე (1918-1919 წწ.), ს. ჩიხლაძე (1925-1926 წწ.), ვ. ავაქოვი და ა. კვირიკაძე (1926-1931 წწ.), კ. ორაგველიძე (1931-1932 წწ.), რ. მელაძე (1933-1937 წწ.), კ. თარგამაძე (1937-1941 წწ.); პ. გუგუშვილი (1958-1967 წწ.); ს. ინწკირველი, თ. გოგსაძე (1967-1973 წწ.); ი. კრავცოვი (1974- 1993 წწ.). 

„საქართველოს ეკონომისტის“ რედაქცია პირველსავე ნომერში აუწყებს მკითხველს თავისი მომავალი მუშაობის საპროგრამო მიზანდასახულობათა შესახებ. მოწინავე წერილში აღნიშნულია, რომ ჟურნალი შეისწავლის საქართველოს ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებს. „ეკონომისტის“ რედაქცია, მისი კოლექტივი, ავტორებთან ერთად საშური რუდუნებით ასრულებდა ამ დანაპირებს, ხოლო მაშინ კი, როდესაც აუცილებელი იყო თვითკრიტიკული გამოსვლა, ობიექტურად, პრინციპულად ამხელდა საკუთარ ნაკლოვანებებს. ამ მხრივ, დღევანდელი ჟურნალის რედაქციისთვის და, საერთოდ ეკონომიკური პროფილის ჟურნალებისათვის, მკვლევარებისათვის სამაგალითოა 1935 წ. #9-10-ში დასტამბული მეთაური წერილი. აი, ზოგიერთი ადგილი ამ წერილიდან: 

ჟურნალს „ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი... კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კონკრეტული ეკონომიკის აქტუალური საკითხების გაშუქება... ჟურნალში დაბეჭდილი ორიგინალური წერილები მოისუსტებენ. არ კმარა მარტო ფაქტებისა და ციფრების კონსტატაცია, საჭიროა მათი ანალიზი, ერთგვარი განზოგადება, თეორიული დასაბუთება... ეს, რა თქმა უნდა, ნაკლია და მომავალში უნდა გამოსწორდეს. უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე რაიონში წარმოებული ეკონომიკურ-კულტურული მშენებლობის გაშუქების მნიშვნელობა. ბევრი რამ კეთდება ჩვენს რაიონებში. საჭიროა ამ მიღწევებისა და რაიონების მომავალი განვითარების პერსპექტივების გაშუქება“. 

თითქმის 8 ათეული წლის წინანდელი ეს აღიარება თავისი ძირითადი შინაარსით რეტროსპექტულია და საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ჟურნალის ახლანდელ პრობლემებზეც, სატკივარზეც არანაკლებ სამართლიანად მიგვანიშნებს. 

იმ პერიოდში ჟურნალში ქვეყნდებოდა კრიტიკული სტატიები. იწერებოდა კვალიფიციური კადრების, ტექნიკის განახლების მნიშვნელობაზე და სხვ. საკითხებზე. ჟურნალის ასწლოვანი ისტორიის მანძილზე შეიძლება ხაზგასმით ითქვას: არ ყოფილა ქვეყნის როგორც საკანომდებლო, ისე აღმასრულებელ სტრუქტურებში, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში მოღვაწე თითქმის ყველა ცნობილი ეკონომისტი, რომელსაც თავისი მეცნიერული ნააზრევი, კვლევის შედეგები და გამოცდილება, პირველ რიგში, სწორედ ჟურნალ „ეკონომიკის“ ფურცლებზე არ ჰქონდეს გამოქვეყნებული და სამსჯავროზე გამოტანილი. 

როგორც უკვე გითხარით, პირველი ნომერი 1918 წელს გამოვიდა, დაიბეჭდა 6 ნომერი და გამოცემა შეწყდა. შემდეგ 1925 წ. აგვისტოდან _ `ეკონომისტის~ სახელწოდებით გამოდიოდა. 1926-1931 წწ. `საქართველოს ეკონომისტის“ სახელწოდებით. 1931-1941 წწ. `საქართველოს სოციალისტური მეურნეობა~ ერქვა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს გამოცემა ისევ შეწყდა. 1958 წელს აკადემიკოსმა პაატა გუგუშვილმა ჟურნალი ძველი სახელით _ `საქართველოს ეკონომისტი~ აღადგინა, თუმცა 1967 წელს ისევ შეუცვალეს სახელწოდება და დაერქვა `საქართველოს სახალხო მეურნეობა~. 1974 წელს ჟურნალმა კვლავ დაიბრუნა ძველი სახელი _ `ეკონომისტი~, 1991 წლიდან კი ჰქვია – `ეკონომიკა~ და დღემდე ამ სახელწოდებით გამოიცემა. 

ამ ჟურნალში იმართებოდა დისკუსიები ეკონომიკური მეცნიერების აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებით გამოირჩევა დისკუსია ეკონომიკური ტერმინოლოგიის შესახებ. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აკად. პაატა გუგუშვილის ხელმძღვანელობით ჟურნალმა ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის განვითარებისთვის აქტიური მუშაობით ქართულ ენას რამდენიმე ახალი ტერმინოლოგია აჩუქა. და ის ფაქტი, რომ დღეს ჟურნალი ატარებს სახელწოდებას „ეკონომიკა“, სწორედ ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის მეცნიერულ დამუშავებაში აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ფასდაუდებელი ღვაწლისა და ამ საკითხზე ჟურნალში გამართული დისკუსიის შედეგია. 

დიახ, ჟურნალ „ეკონომიკის“ 100 წლისთავი საკმაოდ მასშტაბურად აღინიშნა ზუსტად 1 თვის წინ, მიმდინარე წ. 13 სექტემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. მნიშვნელოვანი იყო მთავრობის მხრიდან ჟურნალი „ეკონომიკის“ რედაქციისადმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის _ ბატონი მამუკა ბახტაძის მოლოცვა. თითქმის არ დარჩენილა არცერთი ეკონომიკური პროფილის სამთავრობო დაწესებულება თუ კერძო სტრუქტურა, უმაღლესი სასწავლებლები, ეკონომიკური პროფილის ჟურნალები და გაზეთები, სწავლული ეკონომისტები, რომლებიც არ გამოხმაურებიან ამ ღონისძიებას. ყოველივე ეს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ჟურნალის რედაქციას. გვჯერა, რომ დიდი ტრადიციაგამოვლილი ჟურნალი მომავალშიც კვლავ მაღალი ენთუზიაზმით გააგრძელებს თავის შემოქმედებით საქმიანობას და ჯეროვან წვლილს შეიტანს ეროვნული ეკონომიკის აღორძინების საქმეში. 

- რომ შევადაროთ მაშინდელი (ვგულისხმობ დამოუკიდებლობის პირველ წლებს) და დღევანდელი ავტორები, რა განსხვავებაა მათ ნაშრომებში? 

- სამწუხაროდ, ბოლო 10 წელიწადია, ჩვენი ახალგაზრდა ეკონომისტების სტატიებში კრიტიკამ მოიკლო. რატომღაც გადავეჩვიეთ კრიტიკას. თითქოს ვიღაცის და რაღაცის გაკრიტიკებას ერიდებიან. საკუთარი აზრის, ხედვების გადმოცემა, ანალიზი ზოგჯერ მოიკოჭლებს. 

სხვათა შორის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად დაინერგა ანტიპლაგიატის პროგრამა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ, მაგალითად, დეპარტამენტში მესამე კურსელი 15 დოქტორანტიდან მხოლოდ სამმა გაატარა ნაშრომი ამ პროგრამაში და წარმატებით დაიცვეს დისერტაცია (მათ შორის იყო ჩემი დოქტორანტი კახა კუპატაძე). მე მივესალმები ამას, საქართველო არ უნდა იყოს დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და პროფესორების ქვეყანა. დღეს საქართველოს იმდენი დოქტორანტი და პროფესორი ჰყავს, რაც ალბათ მთელ ევროპას ეყოფოდა. ხარისხების დაცვა მოდური გახდა. თუ ვინმე სადმე თანამდებობაზეა, ჰგონიათ, რომ ხარისხიც უნდა ჰქონდეთ. არ შეიძლება ყველა დოქტორანტისა და პროფესორის სტატუსს ატარებდეს. უმჯობესია იყოს უფრო ცოტა და უფრო ხარისხიანი. 

ეს თქვენი კითხვის პასუხად მოვაყოლე, ვინაიდან, როგორც გითხარით, ავტორები კრიტიკაში მოიკოჭლებენ, ორიგინალური სტატიები გვაკლია, ანალიზის სიმწირეა. ეკონომისტმა უნდა იმსჯელოს, ამა თუ იმ სიახლეს რა სახის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ეს არ ჩანს. იშვიათად თუ გამოერევა ასეთი სტატიები. 

- ეს რისი ბრალია? არადა, თითქოს დღეს უფრო მეტად არის გზა ხსნილი კრიტიკისთვის, ანალიტიკური აზროვნებისთვის.... 

- არასათანადო ყურადღება ექცევა მეცნიერებას, ცოდნასა და განათლებას. ილია ჭავჭავაძე შემთხვევით კი არ ამბობდა _ `ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არ ჰყავს~. ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკური განათლება მივცეთ ხალხს. მეტი განათლება არის ქვეყნის სიმდიდრე. დღეს კანაფის კულტივაცია კი არ უნდა იყოს აქტუალური განხილვის თემა, არამედ განათლება, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბის, უმუშევრობის და სხვათა გარდა უწიგნურობაა. განათლებული ადამიანი უკეთ განსაზღვრავს, რა არის ცუდი ან კარგი მისთვის და მისი ქვეყნისთვის. 

თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში განათლების დეფიციტია, არ არის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება. ამის მიზეზი ისაა, რომ მოტივირებული ახალგაზრდები არ არიან, თუ ქვეყანაში კვალიფიციური პედაგოგების დეფიციტიც არის? 

- პრობლემა ორივე მიმართულებით არსებობს. სტუდენტსა და პედაგოგს შორის უნდა არსებობდეს მჭიდრო ურთიერთობა. როგორც ვთქვით, თუ დაზგა არ ვარგა, ხარისხიან პროდუქტს ვერ გამოუშვებთ. ასეა აქაც. თუ პედაგოგი არ არის კონკურენტუპირატესობის მატარებელი მუშაკი, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, პროდუქტი, ამ შემთხვევაში სტუდენტიც, ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. ასეთი პედაგოგები ბევრი არ გვყავს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველ 4 წელიწადში კონკურსი ტარდება, სულ გამოცდის რეჟიმში ვართ. ეს ძალიან კარგია. ამით იზრდება პროფესორ-მასწავლებელთა შორის კონკურენტუნარიანობა, რაც, საბოლოო ჯამში ხარისხის ამაღლების საწინდარია. 

ამასთან ერთად, სტუდენტთან საჭიროა დიალოგის რეჟიმი. ლექციები უნდა იყოს პრობლემური, ინტერაქტიული, კითხვა-პასუხის რეჟიმში. უნდა გაანალიზდეს პრაქტიკული მაგალითები. მოძველებული კონსპექტების დრო წავიდა. 

არასოდეს არ უნდა დაგვენანოს ფული, რომელსაც განათლებაში ვხარჯავთ. მსოფლიოს ეკონომიკის სფეროში რაც კი თანამედროვე მიღწევებია, ეკონომისტებმა თუ ის ვერ ავითვისეთ, ბუნებრივია, სტუდენტსაც ვერ მივცემთ განათლებას. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ეს მიღწევები, შევქმნათ ჩვენი მოსაზრებები და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები. 

მე მჯერა, რომ ყოველ ადამიანს აქვს ამოუწურავი პოტენციალი, რომელიც ადრე არასოდეს ყოფილა მოქმედებაში ჩართული. მე მჯერა, რომ ყოველი ადამიანი უფრო დიდი შემოქმედია, ვიდრე მას წარმოუდგენია. სწორედ აქ იმალება უმდიდრესი რესურსები, რომელიც მომავალში შეზღუდული რესურსების კიდევ უფრო შეზღუდვისას უნდა ავამოქმედოთ. აი, რატომ არის საინტერესო და აუცილებელი ეკონომიკური მეცნიერების შესწავლა და სწავლება, რომლის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

კონკურენტუნარიან ადამიანს სამსახურის ძებნა არ გაუჭირდება, მას სამსახური თავად მოძებნის. საქართველოში მცოდნე ადამიანებისათვის სამუშაო ადგილები ყოველთვისაა. ცოდნაში დაბანდებული კაპიტალი არის ყველაზე საუკეთესო მსოფლიოში, რომელიც იძლევა ხანგრძლივ შედეგს. 

- ჟურნალის დაფინანსების წყარო რა არის? 

- 1993 წლიდან 2000 წლამდე სახელმწიფო გვაფინანსებდა. ეს დაფინანსება 3-4 ნომრის გამოშვებას თუ ჰყოფნიდა. შემდეგ შემოვიღეთ ფასიანი სტატიები. სხვა გამოსავალი არ იყო. ტირაჟიც შემცირდა. 2000 წლიდან დამოუკიდებელი ჟურნალი გახდა და შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ არცერთი ნომერი არ ჩავარდნილა. იმ პერიოდში საქართველოში წიგნებიც ნაკლებად გამოიცემოდა. ამ ჟურნალში ვაქვეყნებდით სტატიებს, ლექციებს, რომელთა გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებს. 

- როგორ შეაფასებდით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ვექტორს, რა გზით მიდის ქვეყანა? 

- საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის კატასტროფული. ეკონომიკის 4-5%-იანი ზრდით ქვეყანა სწრაფად ვერ განვითარდება. ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ორნიშნა რიცხვი თუ არ გვექნება, საქართველო 50 წლის შემდეგ იქნება იმ დონეზე, როგორზედაც, მაგალითად, დღევანდელი თურქეთია. 

როგორ უნდა მივაღწიოთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას? რეფორმაა საჭირო განათლების სფეროში. ისევ ამ პრობლემამდე მივდივართ. ჩვენი ტვინი, აზროვნება შეიძლება მოძველდეს. განათლება ბაღიდან იწყება. ბავშვი პატარაობისას მთელი მეხსიერების 70%-ე ითვისებს. თუ საბავშვო ბაღიდან არ არის მოწესრიგებული განათლების სისტემა, სკოლაში და უნივერსიტეტშიც არაფერი გამოვა. ასევე, აბსოლუტურად მოსაწესრიგებელია სკოლა. უმაღლესი სასწავლებლები ერთმანეთს არ უნდა ეჯიბრებოდნენ იმის მიხედვით, თუ ვის როგორი შენობა-ნაგებობა გააჩნია. ბუნებრივია, ესეც საჭიროა, მაგრამ სინამდვილეში კონკურენცია უნდა იყოს სწავლის ხარისხის, სწავლების ფორმების და მაღალი დონის სახელმძღვანელოების გამოშვების მიხედვით. 

- საინტერესოა, თქვენი, როგორც ეკონომისტის, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ჟურნალსა და უნივერსიტეტს შეალია, ინტერესის სფერო კიდევ რა არის? 

- პირველ რიგში მიყვარს სპორტი, ყოველდღიური ვარჯიში. ამასთან ერთად სულიერად ვისვენებ, როცა ფიზიკურადაც ვმუშაობ. შემიძლია საკუთარ სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარება, სახლის აშენება. ყოველივე ეს სამხედრო სამსახურში ყოფნისას ახალგაზრდობაში ვისწავლე. ადამიანი სულ შრომაში, სიახლის ძიებაში უნდა იყოს. დღე უქმად არ უნდა გადააგორო. თუ წინათ ვამბობდით – „თუ თქვენ იზრუნებთ ჩემთვის, მე ვიზრუნებ თქვენთვის“, ახლა ვამბობთ _ „მე ვიზრუნებ ჩემს თავზე თქვენთვის, თუ თქვენ იზრუნებთ თქვენს თავზე ჩემთვის“. ადამიანი, რანაირი პროფესიის არ უნდა იყოს ის, სანამ სხვას რჩევას მისცემდეს, ჯერ თავად უნდა შეიცვალოს და გახდეს მაგალითი სხვისთვის. აი მაშინ გვეშველება ჩვენ, თითოეულ მათგანს და ჩვენს ქვეყანას. 

- ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? 

- მყავს მეუღლე, ერთი შვილი და ორი შვილიშვილი. მეუღლე _ ჟუჟუნა წიკლაური ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია, სტუ პროფესორი, 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორი. გავლილი აქვს სტაჟირება UშAID-ის პროგრამით ქ. ლონდონში, რის შემდეგაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით საგადასახადო ინსპექტორების გადამზადებაში. არის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 

შვილი _ ნათია შენგელია არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ეკონომიკაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2017 წ. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი და მიენიჭა შესაბამისი ხარისხი. შარშან ამ უნივერსიტეტში მთელი ოჯახი მიგვიწვიეს დიპლომის გადაცემასთან დაკავშირებით. მას ასევე გადაეცა ACCA საერთაშორისო დიპლომი (დიდი ბრიტანეთი) აღრიცხვასა და ბიზნესში. 

არის საქართველოს პრეზიდენტის გრანტის მფლობელი და 55-მდე ნაშრომის ავტორი და თანაავტორი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. აქვს საერთაშორისო აუდიტურ ფირმაში მუშაობის 9 წლის პრაქტიკული გამოცდილება. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე _ ალექსანდრე სხირტლაძე, ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელიც ახალგაზრდა ასაკში გახდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი წევრ-კორესპონდენტის სტატუსით, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი