ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის უფროს ჯერეთ დეკერთან - #10(226), 2018
ბიოგრაფია 

ჯერეთ დეკერი – დაიბადა 27.12.1965 წ. ქ. ენ არბორში, მიჩიგანის შტატი, აშშ. 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კერძო იურისტად და დაკავებული იყო აუდიტსა და ბუღალტერიასთან დაკავშირებული საქმეებით. შემდეგ კარიერა გააგრძელა ჩიკაგოში სასამართლო პროცესების უფროსი ადვოკატის (Senior Trial Councel) პოზიციაზე აშშ ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის (SEC - Securities and Exchange Commision). 

2006-2014 წლებში იყო საჯარო კომპანიების, რომელთა აქციებიც ბირჟაზე ივაჭრება, აღრიცხვა-ანგარიშგების ზედამხედველობის საბჭოს (PCAOB - Public Company Accounting Oversight Board) დირექტორის მოადგილე. ასევე მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებელი აუდიტორების საერთაშორისო ფორუმის აღსრულების სამუშაო ჯგუფის (IFIAR - The Enforcement Working Group of the International Forum of Independent Auditors) შექმნაში. 

2014 წლის შეუერთდა ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრს (CFRR -Centre of Financial Reporting Reform) და 2016 წლის 1 ივნისიდან მისი ხელმძღვანელია.

- ბატონო ჯერეთ, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, დროის სიმცირის მიუხედავად. ქართველი მკითხველები, როგორც წესი, სხვადასხვა დეტალის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ ხოლმე. ამიტომ, ვიდრე პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, თქვენ შესახებ მოგვიყევით: სად მიიღეთ განათლება, რომელი იყო თქვენი პირველი სამსახური? 

- განათლებით ვარ როგორც ბუღალტერი, ისე იურისტი, ასევე მაქვს სი პიეის (CPA) სტატუსი. თავიდან ფასიანი ბაზრის მარეგულირებელ ორგანოში იურისტად ვმუშაობდი. ამის შემდეგ გადავედი Public Company Accounting Oversight Board (PCAOB) (საჯარო კომპანიების აღრიცხვა ანგარიშგების ზედამხედველობის საბჭო), ასევე იურისტის პოზიციაზე. 2014 წლიდან მსოფლიო ბანკში გავაგრძელე მუშაობა, 2016 წლიდან ვარ ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის დირექტორი. ეკონომიკაში ბაკალავრის ხარისხი ავიღე უილიამის და მერის კოლეჯში ვირჯინიაში, ხოლო იურიდიულის ხარისხი - მიჩიგანის უნივერსიტეტში. კარიერის დროს სიპიეი (CPA) გავხდი. 15 წლის განმავლობაში კერძო იურისტად ვმუშაობდი. ისეთი საქმეებით ვიყავი დაკავებული, რომელიც ძირითადად აუდიტსა და ბუღალტერიას უკავშირდებოდა. 

- ამერიკის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოში მუშაობის დროს, `ენრონსა~ და `ვორლდკომთან~ დაკავშირებით გახმაურებულ სკანდალებთან ხომ არ გქონდათ რამე შეხება? 

- არა, მე იმ პერიოდში არ ვმუშაობდი მანდ. 

- თქვენ ახსენეთ, რომ ფინანსური ანგარიშგების რეფორმების ცენტრის დირექტორი ხართ. ამ რეფორმების მთავარი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ანგარიშგებისა და აუდიტის გაუმჯობესება. როდის დაიწყო ეს პროგრამა და ახლა რა ეტაპზეა?

- ამ პროგრამის განხორცელება დაიწყო 11 წლის წინ. მანამდე კონცენტრირებული ვიყავით ევროპასა და შუა აზიის ქვეყნებზე. შემდეგ გადმოვინაცვლეთ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, აზიაში და აფრიკაში. ახლა ამ პროგრამებს 6 ქვეყანაში ვახორციელებთ, ესენია: მოლდოვა, ბელორუსი, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. გაისად, ჩემს კოლეგასთან ერთად ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის განკუთვნილი. 

- 6 დასახელებული ქვეყნიდან მაინცდამაინც საქართველოში რატომ გადაწყვიტეთ ამ პროექტის დაწყება? 

- საქართველომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით განსაკუთრებით საქართველოსთან გვინდა მუშაობა. 

- ეს ნიშნავს, რომ ამ 6 ქვეყანას შორის საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით ლიდერია? 

- ყველა ეს ქვეყანა მსოფლიო ბანკის კლიენტია, ამიტომ მათ ერთმანეთთან არ შევადარებ. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა და ხშირად საქართველოს ვიყენებთ, როგორც მოდელს სხვა ქვეყნებისთვის. 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმები განახორციელა. რას გულისხმობთ წარმატებაში და კიდევ რა აქვს ამ კუთხით გასაკეთებელი ქვეყანას? 

- კარგია ის, რომ საქართველო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ცდილობს როგორც ბუღალტერიის, ასევე აუდიტის კანონებში. ასევე კარგია სარასის (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის) შექმნა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ექნება ამ პროცესის განვითარებაში. ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ახალი კანონების დასანერგად. შეიძლება მიიღო კანონი, მაგრამ მის პრაქტიკაში დასანერგად ასევე ბევრი მუშაობაა საჭირო. 

- სწორედ ეს მინდა გკითხოთ: საქართველოში მტკიცდება ახალი კანონები, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მისი აღსრულების პროცესი არც ისე ეფექტიანია. თქვენი დაკვირვებით, აღრიცხვა ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ ახალი კანონის აღსრულების პროცესი როგორ მიდის? 

- ყველა ქვეყანა ასე მუშაობს, როდესაც ინერგება კანონი, რამდენიმე წელია საჭირო შესაბამისი სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად და პრაქტიკაში დასანერგად. საქართველოში 2016 წლის კანონის დანერგვა იმ ეტაპზეა, რა ეტაპზეც მოველი, რომ იყოს. მაგალითად, როდესაც ამერიკაში ახალი კანონი ამ მიმართულებით მიიღეს, მის ეფექტიან აღსრულებას რამდენიმე წელი დასჭირდა. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. 

- რეფორმები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აუდიტის სფეროში ახლა ტარდება, ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მანამდე, ახალი კანონის მიღებამდე 4 წლით ადრე, ჩვენს სფეროში სხვა კანონი დამტკიცდა, რომელიც უკანგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. როგორ მოხდა, რომ მსოფლიო ბანკმა, რომელიც მრავალი წელია საქართველოში მუშაობს, 2012 წელს, ისეთი კანონის მიღება დაუშვა, რომელმაც ვერ იმუშავა და 4 წლის შემდეგ ისევ შესაცვლელი გახდა? 

- 2016 წელს მიღებული კანონი კარგად ვიცი. ვინაიდან მსოფლიო ბანკში 2014 წელს დავიწყე მუშაობა, ამიტომ 2012 წელს მიღებულ კანონს არ ვიცნობ, შესაბამისად ამ კითხვაზე ვერ გი პასუხებთ. 

- იმ ქვეყნებს რომ დავუბრუნდეთ, რომლებთანაც მუშაობდით, როგორ ხორციელდება ეს რეფორმების პროექტი ყველგან? მაგალითად, თუ საქართველოს მეზობელ ქვეყანას აზერბაიჯანს შევადარებ, იქ ამ საკითხის მიმართ ძალიან განსხვავებული მიდგომაა, როგორც საკანონმდებლო, ისე კანონის აღსრულების კუთხით... 

- კონკრეტულად ჩემს ორგანიზაციას საქართველოსთან შედარებით აზერბაიჯანში მცირე სამუშაო აქვს ჩატარებული. იქ მსოფლიო ბანკის სხვა ქვედანაყოფები მუშაობენ, ამიტომ მიჭირს შედარება. 

- თქვენი მხარდაჭერა რას ითვალისწინებს -ეს არის კონსულტაციები, ფინანსური დახმარება თუ არის კიდევ სხვა სახის დახმარება? თუ შეიძლება უფრო დეტალურად მოგვიყევით ამ რეფორმების მიმართ თქვენი მხარდაჭერის შესახებ? 

- საქართველოს, ძირითადად, ტექნიკურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას ვუწევთ. ასევე გათვალისწინებულია ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ექსპერტები საქართველოდან მიგვყავს ევროპაში, ან ევროპიდან ჩამოგვყავს საქართველოში. 

- 2016 წლის კანონის `ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ~ ინიცირებაში თუ იყავით ჩართულები? თუ ამ კანონის მხოლოდ აღსრულებაში გვეხმარებით? 

- საქართველოს, როდესაც ამ რეფორმების დაგეგმვის ეტაპზე იმყოფებოდა, მსოფლიო ბანკი საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებდა, აძლევდა ტექნიკურ რჩევებსა და რეკომენდაციებს. როგორც უკვე აღვნიშნე, სარეკომენდაციო ნაწილში და გამოცდილების გასაზიარებლად მიგვყავს ევროპის ქვეყნებში ქართველი ექსპერტები, ან იქიდან ჩამოგვყავს. მაგალითად, 2 თვის წინ ექსპერტები ჰოლანდიიდან და გერმანიიდან ჩამოვიყვანეთ.A6 ქვეყნისთვის ამ პროგრამის განხორციელების პროცესში ფინანსურ დახმარებას ავსტრიის მთავრობა და ევროპის კომისია გამოყოფს. 

- თქვენ ახსენეთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს ების) და ინტერპრეტაციების შემმუშავებელ პირებთან, ვგულისხმობ უშუალოდ საბჭოს წევრებს, გაქვთ თუ არა ურთიერთობა და თუ გაქვთ, რა სახის? ამ კითხვის დასმის მოტივაცია არის ის, რომ რაც დრო გადის, ფინანსური ანგარიშგებისა და სტანდარტების წესები უფრო რთულდება, ხოლო ინტერპრეტაციები, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ამგვარ საკითხებს, უფრო და უფრო იშვიათად გამოდის. როგორ თანამშრომლობთ ამ კუთხით მათთან? 

- საბჭოსთან გარკვეული ურთიერთობა არსებობს, მაგალითად როცა ფასს 9 გამოვიდა, მათ ბორდის წარმომადგენლები მოიწვიეს, რომლებიც 6 ქვეყნის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა მათ ცვლილებებსა და განმარტებებზე ესაუბრათ. 

- ეს მიღებული სტანდარტის შემდგომ გაცნობას ეხება, მაგრამ სტანდარტებისა და ინტერპრეტაციების შემუშავების პროცესში თუ მონაწილეობთ რაიმე ფორმით, თუნდაც კონსულტაციების სახით? 

- სტანდარტების შემუშავების პროცესში არანაირი სახით ვმონაწილეობთ, თუმცა მსოფლიო ბანკი აკეთებს კომენტარებს. სტანდარტის შემუშავების პროცესში ყველას შეუძლია კომენტარის გაკეთება. 

- პირადად თქვენ თუ მოგწონთ ის გზა, რომლითაც ეს სტანდარტები ვითარდება, ვინაიდან ამ სფეროს წარმომადგენლებს გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ის სტანდარტები, რომლებიც გამოიცემა ფასს ების საბჭოს მიერ, უფრო და უფრო რთულდება. ეს ეხება როგორც ფასს 15-ს, ისე ფასს 16-ს, თუნდაც ფასს 9-ს. ეს პრობლემა არ იქნებოდა, შესაბამისი ინტერპრეტაციები ხშირად და დროულად რომ გამოდიოდეს. არის რაღაც საკითხი, რომელთა სირთულეს ობიექტური მიზეზები განაპირობებს, მაგრამ ინტერპრეტირების კომიტეტი იმისთვის არსებობს, რომ დამატებითი განმარტებები გაკეთდეს. ფაქტობრივად, ინტერპრეტაციებზე მეტი სტანდარტები გამოდის, არადა პირიქით უნდა იყოს. ამ პროცესში თუ თქვენი რეფორმების ცენტრი არ არის ჩართული, მაშინ თქვენი პირადი დამოკიდებულება როგორია? 

-  სტანდარტებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პირადი შეხედულება არ გამაჩნია. ბოლო დროს, როდესაც ბორდის წევრების შეხვედრას ვესწრებოდით, ისინი ამბობდნენ, რომ ახალი სტანდარტების გამოცემა შემცირდება, ხოლო ბორდის მუშაობა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაფართოებისკენ იქნება მიმართული. პირად მოსაზრებას ვერ დავაფიქსირებ. 

- საქართველოში თქვენი ამჟამინდელი ვიზიტის კონკრეტული მიზანი რა არის?
 
- ახლანდელი ვიზიტის მიზანია კორპორატიული მართვის საკითხებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა. ჩამოვიყვანეთ უცხოელი ექსპერტები, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეხებოდა კორპორატიული სამეთვალყურეო საბჭოს ოპერირებას. ექსპერტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს, შემდეგ შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომლის თემა სამეთვალყურეო საბჭოებში აუდიტის კომიტეტების მუშაობა იყო.

- საქართველოში ჩამოსვლა ხშირად გიწევთ? 

- კარგი იქნება, თუ ხშირად ჩამოვალ. აქამდე 4 5 ჯერ ვარ ნამყოფი. ახალი პროექტი რომ დაიწყება, თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, იმედია, უფრო ხშირად მომიწევს. ასევე ჩამოვიდა ჩემი ოჯახი, რომელსაც თბილისი დავათვალიერებინე. 

- არსებული სამუშაო თქვენთვის თუ არის დამღლელი და მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი კარიერა? 

- ვნახოთ, ღმერთი რას გადაწყვეტს... 

- თქვენი წარსულიდან რა სამსახურებრივი ეპიზოდი გახსენდებათ ყველაზე კარგად, ან საამაყოდ? ასევე, რა იყო თქვენს კარიერაში ყველაზე უსიამოვნო მომენტი? 

- კარგი ნაწილი იყო ის, რომ PCAOB ის ჩამოყალიბებისთანავე დავიწყე იქ მუშაობა. ჩემს კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის ამ ორგანიზაციის ფორმირებაში. ახლის შექმნა და ჩამოყალიბება სასიამოვნო და კარგი პროცესია. ასევე კარგი პროცესია მსოფლიო ბანკში მუშაობა, რომლის წყალობით, ძალიან ბევრ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა. 

რაც შეეხება ჩემი ცხოვრების უსიამოვნო მომენტებს, დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ადვოკატი, გარკვეული პერიოდი ვიცავდი ადამიანებს, რომლებსაც ფინანსური კუთხით იყვნენ ბრალდებულები. ხანდახან ხდება, რომ სასამართლო პროცესს აგებ და შენი კლიენტი ციხეში მიდის. ეს იყო ყველაზე ცუდი, რაც მახსენდება. 

- თავიდან რომ იწყებდეთ ცხოვრებას, ისევ ამ პროფესიას აირჩევდით, თუ გქონდათ სხვა ოცნება, რომელსაც დროის დაბრუნების შემთხვევაში აისრულებდით? 

- ბევრი სხვადასხვა ხასიათის საინტერესო სამუშაო მქონდა. თავიდან ვმუშაობდი, როგორც ადვოკატი, შემდეგ გადავედი მთავრობის (ანუ, სახელმწიფოს) რეგულაციაში, შემდეგ მსოფლიო ბანკში და ახლა, რომ გადავხედო წარსულს, ამ ყველაფრის შეცვლას ვერც კი წარმოვიდგენ. 

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? 

- 11 და 8 წლის შვილები მყავს. ჩემი თავისუფალი დრო ძირითადად მათ მიაქვთ. ასევე მიყვარს კითხვა და ოჯახით ხშირად ვმოგზაურობთ ავსტრიაში.
 
ესაუბრნენ მაკა ხარაზიშვილი, გიორგი ცერცვაძე და ზვიად გიორხელიძე