ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში
საქართველო - "საკმარისად ძლიერი და მდგრადი სახელმწიფოების" ჯგუფში

კვლევითი ცენტრის Brookings Institution-ის მიერ მომზადებულ "სახელმწიფოთა სისუსტის რეიტინგში" (Index of State Weakness in the Developing World) საქართველო შევიდა "საკმარისად ძლიერი და მდგრადი სახელმწიფოების" ჯგუფში. სულ რეიტინგის ფარგლებში შეფასდა მსოფლიოს 141 ქვეყანა. შეფასება ხდებოდა ოთხი მთავარი ინდიკატორის მიხედვით: სიტუაცია ეკონომიკაში, პოლიტიკაში, უსაფრთხოება და სოციალური სფერო. რეიტინგის ავტორებმა სახელმწიფოები  გაყვეს 5 ძირითად კატეგორიად: "გაკოტრებული სახელმწიფოები" (failed states) (მაგალითად, ავღანეთი, სომალი და კონგო), "კრიტიკულად სუსტი სახელმწიფოები" (ერაყი, ჩრდილოეთ კორეა, ცენტრალური აფრიკის რიგი ქვეყნები), "სუსტი სახელმწიფოები" (ამ ჯგუფში მოხვდნენ თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი, ვენესუელა, კამბოჯა, ლაოსი, მოზამბიკი და ა.შ.). მეოთხე ჯგუფში მოხვდნენ "სახელმწიფოები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ" - რუსეთი, ბელორუსია, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ნამიბია, ეგვიპტე, კოლუმბია და სხვ. მეხუთე ჯგუფში შევიდნენ "საკმაოდ ძლიერი და მდგრადი სახელმწიფოები", - აღნიშნავს Washington ProFile-ი.

ყველაზე სუსტი სახელმწიფოების პირველ ათეულში (რეიტინგში მათ დაიკავეს 1-დან მე-10 ადგილი) შევიდნენ: სომალი, ავღანეთი, კონგო, ერაყი, ბურუნდი, სუდანი, ცენტრალურ-აფრიკული რესპუბლიკა, ზიმბაბვე, ლიბერია, კოტ დიუვარი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ცუდი სიტუაცია, რეიტინგის თანახმად, არის თურქმენეთში და უზბეკეთში, რომელთაც დაიკავეს 35-ე და 36-ე ადგილები. ტაჯიკეთი 42-ე ადგილზე აღმოჩნდა, რუსეთი 65-ე, ყირგიზეთი 73-ე, აზერბაიჯანი მე-80, ბელორუსი 81-ე, მოლდოვა 88-ე, ყაზახეთი 89-ე, საქართველო 90-ე, სომხეთი 105-ე, უკრაინა 107-ე, ლატვია 136-ე და ლიტვა 138-ე.

შედარებისთვის, პაკისტანი აღმოჩნდა 33-ე ადგილზე, აღმოსავლეთ ტიმორი 43-ე, კენია 50-ე, ალჟირი 57-ე, სირია 59-ე, კუბა 62-ე, ირანი 66-ე, ინდოეთი 67-ე, ჩინეთი 74-ე, ვიეტნამი 83-ე, ლიბია 86-ე, თურქეთი 98-ე, ლიბანი 93-ე, სერბეთი 108-ე, არგენტინა 115-ე, პოლონეთი 135-ე ადგილზე.

რეიტინგის ბოლოში აღმოჩნდნენ (ანუ ეს ქვეყნები ყველაზე მდგრადი არიან) - სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩილე.

ეკონომიკაში სიტუაციის შესაფასებლად ითვალისწინებდნენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა ერთობლივი შიდა პროდუქტის წილი ერთ სულ მოსახლეზე, ინფლაციის ტემპი, სხვაობა მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის და სახელმწიფო მართვის ხარისხი. პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას მხედველობაში მიიღებოდა ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობა, კანონის უზენაესობის ხარისხი, ხელისუფლების ღიაობის და კონტროლირების ხარისხი, კორუფციის კონტროლის ხარისხი და პირადი თავისუფლების დონე. უსაფრთხოების სფეროს შეფასებისას ითვალისწინებენ პოლიტიკური სტაბილურობის დონეს, შიდა კონფლიქტების არსებობას ან არარსებობას, ადამიანის უფლებათა დარღვევის სიხშირეს და ინტენსიურობას და სხვა. სოციალური სფეროს ანალიზი ხდებოდა ისეთი მაჩვენებლების საფუძველზე, როგორიცაა ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, განათლების მისაწვდომობა, სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა, მოსახლეობისათვის წყალსადენისა და კანალიზაციის მისაწვდომობა და სხვა. ამ მაჩვენებლებს იღებდნენ გაეროს სხვადასხვა სტრუქტურების და ცნობილი კვლევითი ორგანიზაციების სპეციალიზირებული ანგარიშებიდან.

ტურისტულ რეიტინგში საქართველო72-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილ ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 130 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა. ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის რეიტინგის 3 ძირითადი ასპექტია: ტურიზმის სფეროს რეგულირება; ბიზნესგარემო და ინფრასტრუქტურა; ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსები.

მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით თურქეთს (54-ე ადგილი) და რუსეთს (64 ე ადგილი) ჩამორჩება, ხოლო უსწრებს აზერბაიჯანს (79-ე ადგილი) და სომხეთს (89-ე ადგილი). უკრაინას რეიტინგში 77-ე ადგილი უკავია, მოლდოვას 98-ე ადგილი, ყირგიზეთს კი 113-ე ადგილი უკავია. აღნიშნული რეიტინგის პირველ ხუთეულში შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, ავსტრალია და ესპანეთი შედიან.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ტურიზმის განვითარების პოტენციალი საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს, ბევრი რამ კეთდება ტურიზმის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ფასები და მომსახურების ხარისხი.

ტურისტთა რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. 2006 წელს საქართველოში 983 114 ტურისტი შემოვიდა, 2007 წელს 1 051 769 ტურისტი, 2008 წლის განმავლობაში ასევე მილიონზე მეტ ტურისტს ელიან.
საქართველოში შემოსულ ტურისტებს თუ ქვეყნების მიხედვით განვიხილავთ, 2007 წელს საქართველოს კურორტებზე უკრაინიდან 28 932 ტურისტი, აზერბაიჯანიდან - 281 629, სომხეთიდან - 243 133, თურქეთიდან - 248 028 ადამიანი შემოვიდა. ამ წელს რუსეთიდან საქართველოში 91 361 ადამიანი შემოვიდა, რაც 2006 წლის მაჩვენებელზე 12 750-ით ნაკლებია.

ბერტელსმანის რეფორმების ფონდის რეიტინგი: დსთ-ში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა უკრაინაა

უკრაინა 35-ე ადგილზეა დემოკრატიის განვითარების დონით გარდამავალი ეკონომიკის მქონე 125 ქვეყანას შორის. ასეთი მონაცემები მოცემულია გერმანული ბერტელსმანის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ რეფორმების რეიტინგის მიხედვით. რეიტინგი შედგენილია იმ ქვეყნების საერთაშორისო შედარებითი კვლევის საფუძველზე, სადაც მიმდინარეობს სოციალური რეფორმები.

ამ გამოკვლევის თანახმად, დემოკრატიულობის თვალსაზრისით უკრაინა მნიშვნელოვნად წინ წავიდა დსთ ის სხვა ქვეყნებთან შედარებით: ის ცოტათი უსწრებს საქართველოს, რომელსაც მეორე ადგილი უკავია თანამეგობრობის ქვეყნებს შორის და ასევე არის გარდამავალი ეკონომიკის მქონე წარმატებული ქვეყანა და თითქმის 40 პუნქტით უსწრებს რუსეთს.

ბერტელსმანის ფონდის რეფორმების რეიტინგი აანალიზებს და აფასებს დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის და პოლიტიკური მართვის ხარისხს 125 განვითარებად ქვეყანაში და ქვეყნებში, სადაც ტარდება რეფორმები. ქვეყნების დეტალური საექსპერტო შეფასებები საფუძველია განვითარების დონის და არსებული პრობლემების განსასაზღვრელად, აგრეთვე პოლიტიკოსების უნარის განსასაზღვრელად, თუ რამდენად თანმიმდევრულად და მიზანსწრაფულად შეუძლიათ რეფორმების განხორციელება.

რუსეთის საზოგადოებაში შემცირდა საქართველოში სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა

რუსეთში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც ამ ქვეყანაში ავტორიტეტულმა იური ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა 2008 წლის თებერვლის ბოლოს ჩაატარა, აჩვენა, რომ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სეპარატისტულ რეჟიმებს უჭერენ მხარს. ეს მეტად საყურადღებო მოვლენაა, რადგანაც ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხევაში, საქართველოს მიმართ აგრესიულად განწყობილ პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში უფრო ნაკლებად შეეძლებათ ე.წ. "საზოგადოებრივ აზრთან" აპელირება.

რუსეთში საზოგადოებრივი აზრი სპეციფიური მოვლენაა, რადგანაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პირველ რიგში კი ელექტრონული მედია, ფაქტობრივად სახელმწიფოს მხრიდან კონტროლდება, საზოგადოება დოზირებულ და მიზანმიმართულ ინფორმაციას იღებს და  ფაქტობრივად მოკლებულია ალტერნატიული საინფორმაციო ნაკადების მიღების შესაძლებლობა. რუსეთის ხელისუფლება და პოლიტიკური სპექტრი კი საქართველოს მიმართ მტრულადაა განწყობილი. ეს აისახება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზეც. ანტიქართული პროპაგანდის პირობებში რუსული საზოგადოება საქართველოს და ზოგადად "კავკასიელების" მიმართ მტრულადაა განწყობილი. ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველო შედის რუსეთისადმი "მტრულად" განწყობილ ქვეყნების სამეულში.

ბოლო წლების განმავლობაში რუსულ პოლიტიკაში, მასმედიაში და შესაბამისად, საზოგადოებრივ აზრშიც შეიქმნა ისეთი განწყობა, რომ დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერის შემთხვევაში, რუსეთს იგივე ნაბიჯი უნდა გადაედგა საქართველოს წინააღმდეგ და მხარი დაეჭირა სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერისათვის. ამ ისტერიამ საქართველოს წინააღმდეგ თავის პიკს გასულ წელს მიაღწია. ეს შეიძლება ასე ითქვას, რადგანაც როდესაც საქმე საქმეზე მივიდა და კოსოვოს დამოუკიდებლობა რეალური გახდა, მოსკოვმა თავი შეიკავა "სიმეტრიული პასუხისაგან", რუსულ საზოგადოებაში კი შემცირდა საქართველოში სეპარატისტული რეჟიმების მხარდამჭერთა რაოდენობა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, იმ შედეგების აღქმაა, რაც გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, კოსოვოს დამოუკიდებლობას ბალკანეთში მოჰყვება. კერძოდ, ლევადა-ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რუსეთში საზოგადოების 51% ფიქრობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება გამოიწვევს დაძაბულობის ზრდას ბალკანეთში. რესპონდენტთა 9% თვლის, რომ ამას მოჰყვება სიტუაციის სტაბილიზება, ხოლო 10% დარწმუნებულია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ მოჰყვება რაიმე სერიოზული შედეგი. 30%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე.

თუკი საზოგადოებრივი აზრის "ბალკანურ პროგნოზს" კავკასიაში გადმოვიტანთ, უფრო დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმების ღიად მხარდაჭერა და მათი "დამოუკიდებლობის" აღიარება, ანდა პირდაპირ რუსეთთან მიერთება კიდევ უფრო მეტად დაძაბავს სიტუაციას. ამის თაობაზე ალაპარაკდა ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი და შესაბამისი განწყობაც უკვე ვლინდება საზოგადოებაში.

იმავე ლევადა-ცენტრის გამოკითხვაში კოსოვოს თემას "ტრადიციულად" დაუკავშირეს და "თემის გაგრძელების" სახით იქვე დასვეს კითხვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების სამომავლო ბედის თაობაზე. გამოკითხულთა 11% თვლის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა დაბრუნდნენ საქართველოს შემადგენლობაში (2005 წელს ასეთი აზრისა იყო გამოკითხულთა 15%, 2007 წელს კი - 9%). 26% დარწმუნებულია, რომ ეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკები დამოუკიდებელი სახელმწიფოები უნდა გახდნენ (2005 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 27%, ხოლო 2007 წელს 32%). გამოკითხულთა 33% თვლის, რომ ეს არაღიარებული "სახელმწიფოები" უნდა შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში (2005 წელს ასე თვლიდა 36%, ხოლო 2007 წელს 39%). ამ საკითხზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ გამოკითხულთა 31%-ს (2005 წელს 23%, ხოლო 2007 წელს 21%). გამოკითხვა ჩატარდა 2008 წლის 22-25 თებერვალს, გამოიკითხა 1600 ადამიანი.

როგორც გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, ერთი წლის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით, ოდნავ გაიზარდა იმათი ოდენობა, რომლებიც სეპარატისტებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას ურჩევს, კიდევ უფრო მეტად შემცირდა იმათი ოდენობა, რომლებიც ან სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას ან რუსეთთან შეერთებას უჭერენ მხარს და 10%-ით გაიზარდა მათი რაოდენობა, რომელთაც პასუხის გაცემა გაუჭირდათ. "დაეჭვებულთა" რიცხვის ზრდა განპირობებულია სეპარატისტული რეჟიმების დამოუკიდებლობის ან რუსეთთან შეერთების მომხრეთა შემცირებით.

რუსეთის საზოგადოების განწყობაში გამოკვეთილი ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება, თუკი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობა რეალურად დაიწყება. ასე რომ აპელირება საზოგადოებრივ აზრთან საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის გასატარებლად, საკმაოდ პირობითი და ხელოვნური არგუმენტია. რუსეთის საზოგადოებრივი აზრი სეპარატისტულ რეჟიმების მიმართ ძალზე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ზრდის მიმართულებით.

დავით მალხაზიშვილი