ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართული ამბები
გუდაურში ინვესტირება გრძელდება

"საქართველოს ბანკის" კუთვნილმა "SB Real Estate"-მა გუდაურში მიწის ნაკვეთი შეიძინა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე მეორეა, რომელიც "SB Real Estate"-მა გუდაურში შეიძინა.
ორივე ნაკვეთი გუდაურის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. "SB Real Estate"-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ნადარეიშვილის განცხადებით, კომპანია გუდაურს ინვესტიციებისთვის სტრატეგიულ ადგილად თვლის. "გუდაურის პოპულარობა ქართველ და უცხოელ ტურისტებში ყოველწლიურად იზრდება", - აღნიშნა მან.

"პროგრეს-ბანკი" კლიენტებს სექტემბრიდან მოემსახურება

კომერციული "პროგრეს-ბანკი" საქმიანობას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს. ამჟამად ბანკმა კადრების კომპლექტირების პირველადი პროცესი დაასრულა - დაინიშნენ მთავარი ბუღალტერი, ხაზინის, საინფორმაციო ტექნოლოგიის, მარკეტინგის და ლოგისტიკის ხელმძღვანელები. ბანკის გენერალური დირექტორი საქართველოს ფინანსთა ექს მინისტრი ალექსი ალექსიშვილი, ხოლო მისი მოადგილე - ოპერაციების დირექტორი კონსტანტინე სულამანიძე იქნება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2007 წლის 31 დეკემბერს "პროგრეს-ბანკს" საბანკო საქმიანობის განხორციელებისთვის მისცა ლიცენზია # 0110244. ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძეა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები 12,2%-ით გაიზარდა

2008 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 876.9 მლნ ლარით, 12,2%-ით გაიზარდა და 8085,1 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები (სააქციო კაპიტალი) 281,8 მლნ ლარით (19,2%-ით) გაიზარდა და 1752,8 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივების 21,7 პროცენტს (ნაცვლად 20.4 პროცენტისა წლის დასაწყისისათვის) წარმოადგენს.

განაღდებული საწესდებო კაპიტალის მოცულობის ზრდამ 93,4 მლნ ლარი, ანუ 20,6% შეადგინა. უცხოური კაპიტალის მონაწილეობით საწესდებო კაპიტალში ბანკების რაოდენობა, წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 14 ერთეულამდე გაიზარდა, ხოლო მათი წილი ბანკების საერთო საწესდებო კაპიტალში - 3,9 პროცენტული პუნქტით და 68,1% შეადგინა.

2008 წლის იანვარ-მარტში მოქმედი ბანკების შემოსავლები 2,1-ჯერ გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 366,5 მლნ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკების წმინდა მოგების საერთო თანხამ 42,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16,8 მლნ ლარით ანუ 66,3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

კომერციული ბანკების მთლიანი პასივები 6,33 მლრდ ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის 22 კომერციული ბანკის მთლიანი პასივები 1-ლი აპრილის მდგომარეობით 6,33 მლრდ ლარს შეადგენს.

ბანკების მაჩვენებლების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა:

"საქართველოს ბანკი" - 2,056 მლრდ ლარი, "თიბისი ბანკი" - 1,73 მლრდ ლარი, ბანკი "რესპუბლიკა" - 518,6 მლნ ლარი, "პროკრედიტბანკი" - 483,6 მლნ ლარი, "ვითიბი ბანკი ჯორჯია" - 402,3 მლნ ლარი, ბანკი "ქართუ" - 314,4 მლნ ლარი, "სახალხო ბანკი" - 280,6 მლნ ლარი, "ტაოპრივატ ბანკი" - 149,7 მლნ ლარი, "სტანდარტ ბანკი" - 127,3 მლნ ლარს, "ბტა სილქ როუდ ბანკი" - 121,2 მლნ ლარი, "ბაზისბანკი" - 77,9 მლნ ლარი, "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო" - 36,5 მლნ ლარი, "ინვესტბანკი" - 10,2 მლნ ლარი, თურქეთის "ზირაათ ბანკის" თბილისის ფილიალი - 6,177 მლნ ლარი, "აგროინვესტბანკი" - 4,937 მლნ ლარი, "პირველი ბრიტანული ბანკი" - 2,617 მლნ ლარი, "HSBC ბანკი საქართველო" - 2,288 მლნ ლარი, "კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალი - 1,737 მლნ ლარი, "კორ ბანკი საქართველო" - 818 630 ლარი, "პროგრეს-ბანკი" - 164 084 ლარი, "გალტ & თაგგარტ ბანკი" - 49 486 ლარი, "ხალიკ ბანკი" - 15 096 ლარი.

ბანკებმა კრედიტების მოცულობა გაზარდეს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის რეალური სექტორის დაკრედიტების მოცულობის ზრდამ ხელი შეუწყო საპროცენტო შემოსავლების მატებას. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 67,8%-ით გაიზარდა და მთლიანი შემოსავლების 60,7% შეადგინა.
კომერციული ბანკების ხარჯების მთლიანმა მოცულობამ იანვარ-მარტში 314,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2,2-ჯერ მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემზე. ხარჯების ზრდის უდიდესი წილი მოდის როგორც არარეზიდენტი ბანკებიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებულ სესხებზე გადახდილ პროცენტებზე, ასევე რეკლამის, კომუნალურ და საფოსტო ხარჯებზე.

გასულ წელთან შედარებით საბანკო სექტორის აქტივების კონცენტრაციის დონე პრაქტიკულად არ შეცვლილა. უმსხვილესი აქტივების მქონე ხუთი ბანკის წილი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წლის დასაწყისიდან 80,4-დან 79,6%-მდე შემცირდა.

საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობამ მარტის ბოლოს 2,2%, ხოლო კაპიტალის რენტაბელობამ - 10,2% შეადგინა (შარშან ეს მაჩვენებლები 2,2 და 10,8% იყო).


საქართველოდან ელექტროენერგიას რუსეთის გარდა თურქეთიც ღებულობს

საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი რუსეთის შემდეგ თურქეთშიც დაიწყო. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ინფორმაციით, რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა დღე-ღამეში 5 მლნ კვტ/სთ-ს აღემატება, ხოლო თურქეთში - დაახლოებით 2,5 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.

ელექტროენერგიის გამომუშავების მაჩვენებელი დღე-ღამეში 27,539 მლნ კვტ/სთ (მათ შორის "ენგურჰესის" - 11,8 მლნ კვტ/სთ), ხოლო მოხმარების მაჩვენებელი - 19,91 მლნ კვტ/სთ-ია.