ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა"
პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2004 წლის 28 იანვარს (ბრძანება #12, რეგ. მოწმობა #1099). საიდენტიფიკაციო კოდი # 205019727, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის 28.
2007 წლის 9 ოქტომბერს ფონდს მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი.

ფონდი წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

ფონდში მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობაა  - 11.

ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანია მზრუნველობამოკლებული და ობოლი ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, ბავშვთა სახლებიდან მშობლებისთვის შვილების დაბრუნება და მათ შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა. სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, რასაც ფონდი ახერხებს შემოწირულობებიდან და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლებით.

ფონდმა "იავნანამ" 4 წლის მანძილზე საქართველოსა და უცხოეთში 28 საქველმოქმედო საღამო გამართა. მათ შორის მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტების გალა-კონცერტი, იტალიელი პიანისტის ელიზაბეტა მანჯულოს საფორტეპიანო კონცერტი, ლეგენდარული ქართველი არტისტების - სოფიკო ჭიაურელის, სესილია თაყაიშვილის, ნანი ბრეგვაძის, ვახტანგ კიკაბიძის, საშა კორსანტიას, გურამ საღარაძისა და ზინა კვერენჩხილაძის შემოქმედებითი საღამოები. ვერდის "რეკვიემი", გალა-კონცერტები თელ ავივის საოპერო თეატრსა და მადრიდის "ტეატრო ალბენისში". ფონდის მოწვევით თბილისის ოპერის თეატრის სპექტაკლებში "აიდა" და "დონ კარლოსი" მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ დოლორა ზაჯიკმა, სოპრანომ მიშელ კრაიდერმა და მსოფლიო ბანმა ფერუჩო ფურლანეტომ. 2007 წლის 14 დეკემბერს "იავნანას" მხარდასაჭერად თბილისის ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა მსოფლიო ლეგენდამ – მონსერატ კაბალიემ.

2004 წლიდან მოყოლებული ფონდმა "იავნანამ" ბავშვთა სახლიდან 200-ზე მეტი ბავშვი დაუბრუნა საკუთარ ოჯახს და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 24 ბინა შეიძინა.

საანგარიშო პერიოდში ფონდის მიერ ჩატარებულ იქნა 9 საქველმოქმედო ღონისძიება (მ.შ. ორი საზღვარგარეთ), რომელთა შემოსავლებმაც 482 ათასი ლარი შეადგინა.

ფონდი თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად ღებულობს შესაწირს მისი საქმიანობით დაინტერესებული საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული  პირებისაგან, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ფონდის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში. ფონდი "იავნანას" საქმიანობის მუდმივი მხარდამჭერები არიან: კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსი", "საქართველოს ბანკი", "ვითიბი ბანკი ჯორჯია", "ავსტრიის ავიახაზები", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", შპს "რეალითი-ჯგუფი", "მეტეხი-ჯგუფი", შპს "ბადაგონი", "პოპული", "ჯეოსელი", "ჯორჯიან გლას ენდ მინერალ ვოტერს" თბილისის ფილიალი, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა.

სწორედ ასეთი დაინტერესებული პირების თანადგომითა და ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიებების შედეგად 2007 წლის მანძილზე ფონდმა "იავნანამ"  შეძლო მრავალი საქველმოქმედო პროექტის წარმატებით განხორციელება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი 11 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა.
     


სოციალურად დაუცველი ოჯახების გამთლიანება: დავუბრუნოთ დედას შვილი!

ამ მიზნისთვის განათლების სამინისტროსა და ფონდ "იავნანას" მიერ შერჩეული იქნა უკიდურესად ღარიბი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა უმეტესობას არ ჰყავს ოჯახის მარჩენალი-მამა.

ერთ-ერთი  მრავალშვილიანი ოჯახი (ბავშვებს გარდაცვლილი ჰყავთ დედა) შეხიზნული იყო ბინაში, რომელსაც ჰქონდა ბეტონის იატაკი, არ ქონდათ შუქი და არანაირი სხვა  საყოფაცხოვრებო პირობა. ასეთივე მძიმე პირობებში, საერთო საცხოვრებლის - 15 კვ.მ. ფართის ოთახში ცხოვრობდა შვიდშვილიანი ოჯახი, რის გამოც 4 შვილი მიბარებული ჰყავდათ ბავშვთა დღის ცენტრში და ა.შ.

2007 წლის 1 ივნისს, საშა კორსანტიასა და თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრის ერთობლივი კონცერტის დასასრულს კომპანია "ბორჯომისა" და "თიბისი ბანკის" თანადგომით "იავნანამ" ბინის გასაღები გადასცა 6 შვილიან დედას, ქრისტინე  თევზაძეს, რომელმაც 3 შვილი დაიბრუნა ბავშვთა სახლიდან.

კომპანია "ვისოლთან" ჩატარებული ერთობლივი აქციის შედეგად შემოსული თანხებით შეძენილი იქნა ბინა 5 შვილიანი - ქისტაურების უკიდურესად ღარიბი ოჯახისთვის.

ცნობილი ბიზნესმენის გოგი თოფაძის მიერ შეძენილი ბინის გადაცემის შემდეგ მარტოხელა დედამ მადონა თევზაძემ 3 ვაჟი დაიბრუნა რუსთავის ბავშვთა სახლიდან.

გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის სევერიან კირკიტაძის მიერ შემოწირული თანხით შეძენილი ბინა გადაეცა 7 შვილიან ლუკავების ოჯახს, რომელთაც 2 შვილი დაღუპული ჰყავდათ უმძიმესი სოციალური პირობების გამო. სკოლის ასაკის 3 ბავშვი კი ვერ დადიოდა სკოლაში. ამ ოჯახს "დანიურმა სახლმა" უსასყიდლოდ გადასცა ავეჯი, ხოლო კომპანია "ბეკომ" - საოჯახო ტექნიკა.
კომპანია "კალასი"-ს, ბიზნესმენების ბადრი კაკაბაძისა და ზაზა სიორიძის შემოწირული თანხებით შეძენილი ბინები გადაეცათ 7 და 8 შვილიან დედებს - მალვინა ჯალაღონიას და დოდო მარაქველიძეს, რომლებიც უკიდურესად მძიმე  პირობებში იმყოფებოდნენ.

საცხოვრებელი ბინები შეძენილია ძირითადად რუსთავში, აგრეთვე სოფელ გლდანსა და კასპში.

14 შვილიანმა მუკბანიანების ოჯახმა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დიდი ეზოთი მიიღო ოზურგეთში. მათ აგრეთვე გადაეცათ ოზურგეთის გამგეობის მიერ გადმორიცხული 5 ათასი ლარი, ოჯახის კეთილმოწყობისთვის.
სულ საანგარიშო პერიოდში  საცხოვრებელი ბინები გადაეცა 11 მრავალშვილიან ოჯახს, რის შედეგადაც მათი შვილები ბავშვთა სახლებიდან საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

გარდა ამისა, ფონდის შუამდგომლობით ზემოთ აღნიშნულ ოჯახებს "გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის" ფარგლებში სისტემატურად მიეწოდებათ საკვები პროდუქტები.

განათლება და სტიპენდიები

ფონდის მხარდამჭერთა თანადგომით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბავშვთა და მოზარდთა განათლების სფეროში. "იავნანას" რეკომენდაციით ნიუ-იორკში, "ჯულიარდის" მუსიკალურ სკოლაში სწავლას განაგრძობს ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტი დავით ალადაშვილი. 

ფონდმა მრავალ სოციალურად დაუცველ ნიჭიერ ახალგაზრდას გადაუხადა სწავლის საფასური. გადასცა კომპიუტერები, სასკოლო სახელმძღვანელოები და მხატვრული ლიტერატურა. ქართველი მწერლების, პოეტებისა და გამომცემლობების მიერ ქველმოქმედების წესით ნაჩუქარი წიგნებიდან ფონდმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკას გადასცა 35 დასახელების 76 წიგნი.

2007 წლის 14 ივნისს ფონდმა "იავნანამ" "წიგნის საერთაშორისო მე-9 ფესტივალში" მიიღო მონაწილეობა და მის მოწოდებას "ერთად გადავარჩინოთ მომავალი" შეუერთდნენ ცნობილი ქართველი მწერლები. ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ დოჩანაშვილმა, ოთარ და თამაზ ჭილაძეებმა, ანა კალანდაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა, მუხრან მაჭავარიანმა, გოდერძი ჩოხელმა, დავით მაღრაძემ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდასაჭერად ფონდ "იავნანას" თავიანთი წიგნები გადასცეს საჩუქრად. აქციას მხარი დაუჭირეს გარდაცვლილ მწერალთა - ნოდარ დუმბაძის, არჩილ სულაკაურის, მორის ფოცხიშვილის, გურამ ფანჯიკიძის და სხვათა ოჯახებმა. გამომცემლობებმა - "აზრი", "პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა", "ბაკმი", "საქართველოს ი. ჭავჭავაძის სახელობის წიგნის მოყვარულთა საზოგადოება".

გარდა მაღალმხატვრული ღირებულებისა ამ გამოცემებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მწერალთა ავტოგრაფები, რაც ცნობილმა ავტორებმა თითოეული წიგნის პირველ გვერდზე საგანგებოდ ამ აქციისთვის დატოვეს. ამ საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხები მიიმართა ისევ ქველმოქმედებაზე და 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნა 2 წარჩინებულ ახალგაზრდას (ირაკლი კოპაძე, გიორგი ელიზბარაშვილი).

საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ლალი სამხარაძის და მარიკა ასათიანის მიერ შემოწირული თანხით დახმარება გაეწია ოთხ წარჩინებულ სტუდენტს (მიხეილ ქირია, ეკატერინე ბაინდურაშვილი, ლინდა თურქოშვილი, შორენა რეხვიაშვილი). ცნობილი მომღერლის მაია თომაძის შვილის შემოწირულობით მისი სახელობის სტიპენდია დაენიშნა გიორგი გელაშვილს, სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტს მარიკა გულორდავას დაენიშნა პაატა ბურჭულაძის სახელობის სტიპენდია. სულ წლის განმავლობაში 8 გამორჩეულად ნიჭიერმა ახალგაზრდამ ქველმოქმედების სახით მიიღო ყოველთვიური სტიპენდია - 6461 ლარის ოდენობით.

მოგზაურობა საზღვარგარეთ და "შეხვედრა ოცნებასთან"
 
ჩვენმა თანამემამულემ, ბატონმა ნოდარ გიორგაძემ 2007 წლის 27 მაისიდან  10 ივნისამდე ბრატისლავაში, ევროპული დონის გამაჯანსაღებელ კომპლექსში მზრუნველობამოკლებულ 20 ბავშვს უმასპინძლა. ბოლო წლების მანძილზე აღნიშნული პროექტი მესამედ განხორციელდა, ბრატისლავაში სულ 64-მა ბავშვმა დაისვენა. ათენის მერიისა და ჩვენი თანამემამულის როზა იოსეფიდის თანადგომით მზრუნველობამოკლებულმა 100 ბავშვმა იმოგზაურა საბერძნეთში.

თავად ბავშვებმა ამ პროექტს "ოცნებასთან შეხვედრა" დაარქვეს.

"იავნანას სამეგობროები" და მათი საზრუნავი

დიდია წვლილი ეგრეთწოდებული სამეგობროებისა, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რომელთაც სურვილი აქვთ თავიანთი წვლილი შეიტანონ ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო საქმიანობაში.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის ზურაბ პოლოლიკაშვილისა და მისი მეგობრების დახმარებით შეიქმნა 3 სამეგობრო, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულ მრავალშვილიან სამ ოჯახს უწევენ ყოველთვიურ დახმარებას.

ტურისტული სააგენტო "ჰორიზონტ ეირის" მიერ შექმნილი სამეგობრო ყოველთვიურად ეხმარება მარტოხელა დედას, რომელიც მანამდე მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.

სულ აღრიცხულია "იავნანას" 46 სამეგობრო, რომლებმაც 200-ზე მეტ მზრუნველობამოკლებულ მოზარდსა თუ ახალგაზრდას გაუწოდეს დახმარების ხელი.

სიკეთის ქრონიკა და საქველმოქმედო აქციები

ფონდ "იავნანას" ინიციატივით, "ცენტრ-პოინტის", მაღაზია "სანჩოს" და სხვა ორგანიზაციების თანადგომით არაერთხელ გაეწია დახმარება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრს "რწმენა", ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს "მომავლის სახლი", "გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონს, ჩვილბავშვთა სახლს და სხვა.
სამედიცინო ცენტრ "ციტოს" მიერ ჩვილ ბავშვთა სახლის 100-ზე მეტ აღსაზრდელს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა.  

შსს სამინისტროს თანამშრომლების მიერ შემოწირული 260 ლარი გადაეცა 6 წლის მზრუნველობამოკლებულ გოგონას, რომელიც დაავადებულია ცერებრალური დამბლით.

გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის მარიკა ასათიანის საფორტეპიანო კონცერტით შემოსული თანხა, მისივე ინიციატივით გადაეცა ერთ-ერთი საავადმყოფოს უფანჯრო ოთახში მცხოვრებ 16 წლის გოგონას, რომელიც თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიაში სრულიად უანგაროდ სწავლობს სიმღერას.
ლეგენდარულმა საოპერო მომღერალმა მონსერატ კაბალიემ სურვილი გამოთქვა დახმარებოდა ოჩამჩირეში მცხოვრებ აფხაზ გოგონას – ქრისტინეს, რომელსაც სხეულის მძიმე დამწვრობა ჰქონდა მიღებული.

თბილისის საოპერო თეატრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ქრისტინეს ოპერაციისთვის საჭირო თანხა  მთელმა  დარბაზმა გაიღო.
რამდენიმე ძვირადღირებული ოპერაციის შემდეგ ქრისტინემ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად იგრძნო თავი და თავისუფლად შეძლო ქუჩაში გავლა.

ცნობილი ბიზნესმენები და საზოგადოება ფონდ "იავნანა"-ს გვერდით

ფონდი თავისი საწესდებო ამოცანების წარმატებით შესრულებას ისევ და ისევ საქართველში და უცხოეთში მცხოვრებ ბიზნესმენთა და მთელი საზოგადოების თანადგომით ახორციელებდა. ასეთი მუდმივი მხარდამჭერები არიან სევერიან კირკიტაძე, დიმიტრი მჭედლიძე, ბადრი კაკაბაძე, ზაზა სიორიძე, გიორგი რუხაძე, ლალი სამხარაძე, ივანე ოსკოპელი და სხვა მრავალი რომლებიც სხვადასხვა ოდენობით და სხვადასხვა სიხშირით სწირავდნენ და იგივე აქტიურობით აგრძელებენ "იავნანა"-სთან თანამშრომლობას.

"თბილავიამშენმა" ფონდ "იავნანასთვის" დაამზადა სპეციალური ყულაბები შემოწირულობის შესაგროვებლად. ყულაბები განთავსებული იქნა დიდ სავაჭრო ცენტრებში ("ჯი-თი-სი", "პოპული", "გუდვილი" და სხვა), კინოთეატრ  "რუსთაველში" და "ამირანში", თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე, საიდანაც 2007 წელს შემოსულია 39,2 ათასი ლარი.

შემოწირულობების პირველი ყულაბები დაიდგა სავაჭრო ცენტრ "ჯი-თი-სი"-სა და "პოპული-სითი"-ში, იმავე დღეს ჩატარდა აქცია "სამი კვირა სამი ოჯახის გადასარჩენად", სადაც საქველმოქმედო კონცერტი თამრიკო ჭოხონელიძემ და მისი სტუდიის აღსაზრდელებმა გამართეს. პირველი შემოწირულობა გააკეთა შპს "არტპრომ+"-მა 5000 ლარის ოდენობით. აქციას შესწირეს დავით დოიაშვილმა, ნატო მეტონიძემ, ნიკა მემანიშვილმა და გენა მამედოვმა. აქციაში ჩაერთო განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს ასეული (სულ 820 ლარი). ქ. თბილისის სავაგონო დეპოს პროფკავშირების წევრების შემოწირულობამ 1234 ლარი შეადგინა. აღნიშნულ აქციაზე ყულაბებში შემოწირულმა თანხამ სულ 7587 ლარი შეადგინა.

დღითიდღე იზრდება მოქალაქეთა შემოწირულობები ყულაბებში. ასევე იზრდება ორგანიზაციათა ჩამონათვალი, რომელთაც სურვილი აქვთ საკუთარ შენობებში განათავსონ აღნიშნული ყულაბები და ამით თავიანთი წვლილი შეიტანონ "იავნანას" აქციაში.

სს "ბაგრატიონი 1882"-ის ინიციატივით (გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად) 2007 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომლის მიხედვითაც თითოეული რეალიზებული ბოთლიდან 10 თეთრი ირიცხებოდა "იავნანას" ანგარიშზე მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად. ამ აქციის შედეგად ფონდის ანგარიშზე ჩარიცხულია 67 ათასი ლარი.

საანგარიშო წლის ბოლოს, "იავნანას" მუდმივი მხარდამჭერი კომპანიის "ჯეოსელის" ინიციატივით გაფორმებულია ხელშეკრულება ერთწლიანი აქციის ჩატარების შესახებ, რომლის მიზანია "ჯეოსელის" აბონენტებისაგან მოკლე სპეც. ნომერზე (30-30) დარეკვით თითო ლარის შემოწირულობა. აქციის შედეგად შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ფონდის წესდებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებას.

2007 წლის 3 დეკემბერს ლონდონში გაიმართა "საქართველოს ბანკისა" და ფონდ "იავნანას" ერთობლივი აქციის პრეზენტაცია. საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ბატონი ლადო გურგენიძის ინიციატივით დაარსდა, პირველი შემოწირულობა "საქართველოს ბანკის" უცხოელმა პარტნიორებმა შეიტანეს. ამასთან, ყოველი მოქალაქე, ვინც "საქართველოს ბანკში" გადარიცხავს ან შეიტანს თუნდაც ერთ ლარს ფონდი "იავნანას" სახელზე - მიიღებს ნარინჯისფერ სამაჯურს, რაც აქციაში მონაწილეობისა და ქველმოქმედების ნიშანი იქნება, ხოლო "საქართველოს ბანკი" თავის მხრივ თითოეულ შემოწირულობას 1 ლარს ამატებს.