ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
100 თვე "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსებთან" ერთად
ქართველ ბუღალტერთა და ფინანსისტთა 100 სიხარული

"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" ("ააფის") მე-100 ნომერმა დღის სინათლე იხილა. ეს ერთი მხრივ, ჩვენი ჟურნალის რედაქციის ყოველთვიური (8 წლის და 4 თვის განმავლობაში) დაუღალავი შრომის შედეგია, მეორე მხრივ კი იმ ათას ორასი ხელმომწერისა, რომლებიც ყოველწლიურად თავიანთი ხელმოწერებით გვიდასტურებენ ერთგულებას "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" მიმართ და მუდმივად გვამხნევებენ ჩვენი ჟურნალის ქებითა და კომპლიმენტებით.

ამ წერილში გვსურს მოკლედ შევაჯამოთ მიღწეული წარმატებები, გადავხედოთ განვლილ გზას და მომავალ გეგმებზეც მოგითხროთ.

განვლილი გზა

"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" 1-ლი ნომერი დასაბეჭდად 2000 წლის 30 იანვარს მომზადდა. ისე მოხდა, რომ ეს დღე დაემთხვა შპს "ააფ-მენეჯმენტის" ორივე გამომცემლის შვილების - ნინო ცერცვაძის (გიორგის ცერცვაძის ქალიშვილის) და ნუგზარ ჩადუნელის (გელა ჩადუნელის მეოთხე შვილის) დაბადების დღეებს. შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ ეს ჟურნალი მის დამფუძნებლებს შვილივით გვიყვარს.

ეს ჟურნალი მის დამფუძნებლებს იმიტომ არ დაუარსებიათ, რომ მისგან მოგების მიღება უნდოდათ. უფრო მეტიც, თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს ჟურნალი ფულადი გამოხატულებით მათ მოგებას არ მოუტანდა, დროს და ნერვებს კი ბევრს წაართმევდა. მიუხედავად ამისა, ჟურნალის დაარსების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ამის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, "ააფის" დამფუძნებლებს გვსურდა, ისეთი საქმე გაგვეკეთებინა, რომელიც მთელი საქართველოსთვის - ჩვენი სამშობლოსთვის იქნებოდა სასარგებლო.

ქვეყნის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად არის საგადასახადო და საბუღალტრო საქმე მოწესრიგებული, გასაგები, აღქმადი ამ საქმით დაინტერესებული მეწარმეებისათვის, ინვესტორებისათვის, მენეჯერებისა და ბუღალტრებისათვის. ამიტომ თუ ჩვენი ჟურნალი შეძლებდა, რომ ამ საქმის განვითარებაში თავისი წვლილი შეეტანა, ეს იქნებოდა სწორედ ჩვენი პირდაპირი მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, რაც გაცილებით მეტი ჯილდოა ჩვენთვის, ვიდრე თეორიულად შესაძლებელი (პრაქტიკულად კი მიუღწევადი) ფულადი მოგება ამ ჟურნალის გამოცემიდან.
როგორ შევძელით ან რამდენად შევძელით ჩვენ ეს? დაე, მკითხველმა თავად განსაჯოს:

1) არასოდეს, ჩვენს ჟურნალს არ უცდია მკითხველის მოტყუება. არადა, მკითხველის მოტყუებას არ ერიდებოდა ზოგიერთი ჩვენი გარეგნულად კონკურენტი გამოცემა. მაგალითად, ჟურნალი "გადასახადები" 2000-2001 წლებში თავისი ჟურნალის ყდაზე გაკეთებული წარწერით უსირცხვილოდ არწმუნებდა მკითხველებს, თითქოს ამ ჟურნალის ერთ-ერთი გამომცემელი საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო იყო, მაშინ, როდესაც ეს სამინისტრო არასოდეს ამ ჟურნალის გამომცემელი არ ყოფილა!

2) არასოდეს, ჩვენს ჟურნალს არ უცდია ე.წ. ჟურნალისტური "ხალტურის" გზით საგამომცემლო საქმის გაიოლება. კერძოდ, ჩვენ არასოდეს არ დაგვიწყვილებია (გაგვიერთიანებია) ორი ნომერი ერთად; არასოდეს არ შეგვივსია ჟურნალები წყალ-წყალა, არაფრისმთქმელი სტატიებით; არასოდეს არ შეგვიქმნია ჟურნალის მოცულობის ილუზია დიდრონი სურათებით, ვრცელი საჟურნალო "მინდვრებით", მსხვილი შრიფტითა და სტრიქონებს შორის დაშორების გაზრდით, ასევე - ყდის გვერდების ჟურნალის გვერდებად გამოცხადებით (?!) შესაბამისი დანომვრით მეშვეობით.

3) ჩვენს ჟურნალს არ შეშინებია, გაეკრიტიკებინა სახელისუფლო ორგანოების მიერ განხორციელებული მთელი რიგი ქმედებები, რომელთა კრიტიკას თავს არიდებდნენ სხვა მედია-ორგანოები (მათ შორის, ტელევიზიები) - ან სპეციალური ცოდნის არქონის გამო, ანდა მათთან ურთიერთობების "გაფუჭების" შიშით, მაგალითისთვის:

საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაუწყვილებლობის საბაბით დღგ-ის ჩათვლების გაუქმების შესახებ (სტატია "მიხეილ მაჭავარიანის უკანასკნელი შეცდომა" - "ააფი", #8(20), 2001 წ.);

ზემოაღნიშნული ბრძანების "გულმოდგინე" აღსრულება ("მისცემენ თუ არა ღირსების ორდენს მამუკა ონეზაშვილს?" - "ააფი", ##4(40)-5(41), 2003 წ.);

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისათვის აუდიტორების შერჩევის მიზნით ("თუ ტენდერში მე-11 ხარისხის ლოტი შეგახვედრეს, იცოდე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება" - "ააფი", #11(35), 2002 წ.);

კანონი საგადასახადო ამნისტიის შესახებ ("პრეზიდენტის შეცდომა ანუ რა აკლია კანონს ფინანსური ამნისტიის შესახებ" - "ააფი", #2(62), 2005 წ.);

სათამაშო ბიზნესის დღგ-ით დაბეგვრა ("სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა დღგ-ით აბსურდულია, საშემოსავლო გადასახადით კი - შეუძლებელი!" - "ააფი", #11(71), 2005 წ.);

ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადამხდელთა საგადასახადო ზედმეტობების გაუქმების (ანულირების) თაობაზე 01.02.2005 წ. მდგომარეობით საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში (`ფინანსთა მინისტრის კანონსაწინააღმდეგო ბრძანება" - "ააფი", #6(90), 2007 წ.);

ამავდროულად, ჩვენ გამოვსარჩლებივართ კიდევაც სახელისუფლო ორგანოების წარმომადგენლებსაც მათი უსაფუძვლო კრიტიკის შემთხვევაში, მაგალითად:
საგადასახადო შემოსავლების მინისტრს მიხეილ მაჭავარიანს საგადასახადო ინსპექტორთა სატესტო გამოცდებში ლოგიკური ამოცანების შეტანის გამო ("გსურს გახდე რეფორმირებული საგადასახადოს თანამშრომელი? ისწავლე ლოგიკა!" - "ააფი", #8, 2000 წ.);

საქართველოს ყოფილ ფინანსთა მინისტრებს: ზურაბ ნოღაიდელს, დავით ონოფრიშვილს, ალექსი ალექსიშვილს და სხვებს ერთ-ერთი გაზეთის მხრიდან "ბითუმად" მათი  ფინანსების უცოდინრებად გამოცხადების გამო ("ზურაბ ნოღაიდელმა ფინანსები არ იცის?!...", - "ააფი", #7(79), 2006 წ.);

ჩვენ არც ზოგიერთი ვაი-მეწარმეების კრიტიკას არ მოვრიდებივართ მაშინ, როცა ისინი ამას იმსახურებდნენ ("ვყიდი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურას 7 პროცენტად" - "ააფი", #3, 2000 წ.; "მოდი, დივიდენდებიდან "გავაპრავოთ" - "ააფი", #2(26), 2002 წ.).

4) ჩვენი ჟურნალის პოზიცია მთელ რიგ საგადასახადო საკითხებზე გაზიარებული იქნა საქართველოს პარლამენტართა ანუ კანონმდებელთა მიერ, კერძოდ, საქართველოს საწარმოთა შორის დივიდენდების არდაბეგვრის თაობაზე ("რამდენიმე უსამართლობა, რომელსაც შეიცავს არსებული საგადასახადო კოდექსი და არ შეიცავს ახლის პროექტი" - "ააფი", #7(55), 2004 წ.); ფიზიკურ პირთა მიერ უძრავი ქონების იჯარის სოციალური გადასახადით დაბეგვრის თაობაზე ("ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით ან ქირით გადაცემით მიღებული შემოსავლების დაბეგვრა" - "ააფი", #4(64), 2005 წ.); სათამაშო ბიზნესის დღგ-ით დაბეგვრის აბსურდულობაზე ("სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა" - "ააფი", #3(75), 2006 წ.); დანაკლისის განმარტების ხარვეზიანობაზე ("დანაკლისი" - საქართველოს საგადასახადო კოდექსის დიდი ნაკლი" - "ააფი", #11(95), 2007 წ.); კრიტიკული შენიშვნები კანონპროექტზე "ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" ("უცნაური კანონპროექტი" - "ააფი", #12(84), 2006 წ.) და სხვ.

5) ჩვენ გამოვაქვეყნეთ 52 სტატია-კომენტარი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებაზე და 34 სტატია-კომენტარი საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის დებულებებზე! ყოველწლიურად, ჩვენ ვაქვეყნებთ საქართველოს საბანკო, სადაზღვევო და აუდიტორული მომსახურების ბაზრების მიმოხილვას.

6) ჩვენი ჟურნალის რუბრიკის - "შრომის ბირჟა ფინანსისტებისათვის" დახმარებით, სამსახური იშოვა რამდენიმე ათეულმა ჩვენმა კოლეგამ.

7) და რაც მთავარია, ჩვენ ვუთმობდით, ვუთმობთ და კვლავაც დავუთმობთ უდიდეს ყურადღებას "ააფის" სიამაყეს - მის ყველაზე პოპულარულ რუბრიკას "კითხვა-პასუხს". არასოდეს, ჩვენს ჟურნალს არ უცდია მკითხველთა "კითხვა-პასუხში" მხოლოდ გადამხდელთათვის მაამებელი პასუხების გაცემა. ჩვენ ყოველთვის განუხრელად ვიჭერდით ობიექტურ პოზიციას მკითხველთა შეკითხვების განხილვისას, იმისდა მიუხედავად, ჩვენი პასუხი მოეწონებოდა თუ არა შეკითხვის დამსმელს - ჩვენი ჟურნალის ხელმომწერს. ყოველ შეკითხვაზე მომზადებული პირველადი პასუხის განხილვაში და მის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობს მინიმუმ სამი საგადასახადო ექსპერტი, რომლებიც ყოველდღიური პრაქტიკული საქმიანობით არიან დაკავებულნი!

მივაღწიეთ თუ არა წარმატებას?

ჩვენს ჟურნალს დღეს ათას ორასი ხელმომწერი ჰყავს (ხაზს ვუსვამთ - ეს ხელმომწერების რაოდენობაა და არა საცალო გაყიდვების იმედად ან უფასოდ დარიგების მიზნით დაბეჭდილი ანდა ტირაჟიანობის ილუზიის შექმნის მიზნით ზედმეტად დაბეჭდილი ტირაჟის ოდენობა), მათ შორის ხელმომწერები გვყავს არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმში, ფოთში, ხაშურში, თელავში (პირდაპირი გავრცელების გზით) და სხვა რეგიონებში (სააგენტოების მეშვეობით). ბევრია ეს თუ ცოტა? ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს ბევრი არ არის, მაგრამ სინამდვილეში, ისეთი მკვეთრად გამოხატული სპეციალიზაციის ჟურნალისათვის, როგორიც "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსებია", ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია! აქვე იმასაც ვიტყვით, რომ რაც უფრო სპეციალიზებულია ჟურნალი, მისი გამოშვება მით უფრო რთულია და არა პირიქით!

მომავალი გეგმები

რას უნდა ელოდეს მკითხველი ჩვენი ჟურნალისაგან შემდგომში? დეტალებით არ გადაგღლით, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ "ააფის" რედაქცია და შპს "ააფ-მენეჯმენტის" ადმინისტრაცია განუხრელად ზრუნავს და მიაღწევს კიდევაც იმას, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს, გაუმჯობესდეს ჟურნალის როგორც შინაარსობრივი, ასევე გარეგნული (პოლიგრაფია და დიზაინი) მხარე, რაც მისი პოპულარობის ზრდასაც გარდუვალად გამოიწვევს. სხვა ალტერნატივა არ არსებობს - "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები" დღეს ხომ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი საქართველოს საზოგადოების კუთვნილებაა!

"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" გამომცემლები -
შპს "ააფ-მენეჯმენტის" დირექტორები:
გიორგი ცერცვაძე
გელა ჩადუნელი