ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
"იაფი კრედიტი" - უმუშევრობის დამარცხება თუ წინასაარჩევნო "პიარი"?
ვის მოსწონს და ვის არა ხელისუფლების ინიციატივა

ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნის, ჯერ კიდევ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირებად იქცა. ხელისუფლება "იაფი კრედიტის" წყალობით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას და უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას აპირებს. საბოლოოდ კი, ხელისუფლების განცხადებებს თუ დავუჯერებთ, "იაფმა კრედიტმა" ქვეყანაში სიღარიბის ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს.

ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებს და ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს მისასალმებელია. ჩვენი ჟურნალი შეეცადა იმის გარკვევას, რამდენად არის ხელისუფლების შემოთავაზებული ინიციატივა მართლაც საუკეთესო საშუალება და რეალურად უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას თუ ეს მხოლოდ საარჩევნო "პიარია".

სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო კლიპს თუ დავუჯერებთ, დღემდე უკვე 12 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა "იაფი სესხის" პროგრამით, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი შესწორება შეაქვთ: 12 ათასმა ადამიანმა განაცხადი შეიტანა იაფი სესხის მიღებაზე, ხოლო რეალურად მხოლოდ რამდენიმე მათგანმა, ისიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურმა მხარდამჭერებმა მიიღესო.

ინიციატივის გამოცხადების შემდეგ შეცვლილი პირობები
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "იაფი სესხის" უნიკალურობაზე საპრეზიდენტო არჩევნების წინ ალაპარაკდა. მაშინ ნოემბრის მოვლენების გამო სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი იყო და ხელახალ პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს. ამიტომაც გასაგებია, "იაფი სესხი" მაშინდელი დაპირებებიდან ბევრად უფრო მიმზიდველად რატომ დაუხატა ამომრჩეველს.

მიხეილ სააკაშვილის მაშინდელი განცხადებით, გამოცხადდებოდა იაფი სახელმწიფო კრედიტის ახალ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნებოდა იაფი კრედიტის ბანკი. სააკაშვილი ამომრჩეველს ასევე დაპირდა, რომ ბანკის მეშვეობით სახელმწიფო უახლოეს თვეებში, დაახლოებით, 300 მლნ ლარის სესხს გასცემდა, ხოლო უახლოეს წლებში აღნიშნული თანხა 3 მლრდ ლარამდე უნდა გაზრდილიყო.

"ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველა მსურველმა სახელმწიფოსგან აიღოს იაფი კრედიტი 5, 10, 20, 25 წლით, 10-დან 4 პროცენტამდე განაკვეთით. ეს არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ნებისმიერი სხვა კრედიტი. ეს არის იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა თავისი ბიზნესი შექმნას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, კრედიტის თვალსაზრისით, პრიორიტეტული ის ბიზნესი იქნებოდა, რომელიც მეტ ხალხს დაასაქმებდა.

საპრეზიდენტო არჩევნებისდროინდელი დაპირება, "იაფი კრედიტის" მთლიან თანხა 300 მილიონი დოლარი იქნებაო, დღეს, 6 თვის შემდეგ ახალმა დაპირებამ ჩაანაცვლა. საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველს ჰპირდება, რომ "იაფი კრედიტის" ბიუჯეტი 55 მილიონამდე გაიზრდება, თუკი "ნაციონალები" პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ. დღეს კი "იაფი კრედიტის" ბიუჯეტი მთლიანად 35 მილიონს შეადგენს, საიდანაც 5 მლნ ლარი აჭარაზე მოდის.

მაისის დასაწყისისთვის გამოყოფილი 35 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარის კრედიტი უკვე გაცემულია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ეკატერინე შარაშიძის განცხადებით, ამ კრედიტებით 31 ათასი ადამიანი დასაქმდება. მისივე თქმით, შარაშიძის თქმით, ამ ეტაპზე 200 განაცხადია განხილული. კრედიტების გაცემისას პრიორიტეტი იმ პროექტებს ენიჭება, რომელიც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასა და ექსპორტის განვითარებას ისახავს მიზნად.

რა პროცედურებია საჭირო კრედიტის მისაღებად

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის – გიორგი ნანობაშვილის თქმით, "იაფი კრედიტის" მიღება ბევრს სურს, თუმცა, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, როგორ მოითხოვონ სესხი და რა შემთხვევაში მისცემენ მათ შეღავათიან კრედიტს. ნანობაშვილი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც რომელიმე გლეხს სამინისტროში დაურეკია და "იაფი სესხი" ერთი ღორის საყიდლად მოუთხოვია. თუმცა, სესხის მიღება მხოლოდ იმ ბიზნეს-პროექტის ავტორებს შეუძლიათ, ვისი საქმიანობაც ბიზნესის განვითარებას, დასაქმების ზრდას და მიღებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას უზრუნველყოფს.

"იაფი კრედიტი" 2 ძირითად კატეგორიაზეა გათვლილი: 1) რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ხალხური რეწვის ქვეპროგრამა და 2) ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ მოთხოვნა დაახლოებით 220 მილიონზე იყო და ცხადია, ყველა ვერ დაკმაყოფილდებოდა. "ამიტომ, შეირჩა საუკეთესო ვარიანტები", - ამბობს გიორგი ნანობაშვილი. მისი თქმით, "იაფი კრედიტის" მიღების მსურველი რამდენიმე აუცილებელ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და ამის შემდეგ განიხილება მისთვის კრედიტის მიცემა.

თუმცა, სანამ საკუთარ იდეებს მეწარმე ეკონომიკის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს პირადად გაესაუბრება და დაუსაბუთებს, რომ კრედიტის მიღება მისთვის სამართლიანი იქნება, მანამდე სამინისტროში სპეციალური მოკლე განაცხადი უნდა შეავსოს. იქ მიუთითებს საკუთარი საქმიანობის შესახებ, ასევე სად მდებარეობს მისი საწარმო, სად ყიდის პროდუქციას; ბანკებთან ურთიერთობის რა გამოცდილება აქვს და ა.შ.

"განაცხადს ავსებენ, ბიზნეს-გეგმას აყალიბებენ და ამის შემდეგ საინტერესო წინადადებების პატრონს ვუკავშირდებით დეტალურად გასაუბრებისთვის", - ამბობს გიორგი ნანობაშვილი.

"იაფი კრედიტის" მიღების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რეგიონული ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ხალხური რეწვის განვითარების ქვეპროგრამით შეუძლია იმ შემთხვევაში ისარგებლოს, თუ აპირებს ამ სექტორში ბიზნესის დაწყებას, ან უკვე აქვს საწარმო და აპირებს მის გაფართოვებას, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ხალხური რეწვით არის დაკავებული.

ამ შემთხვევაში სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი 12%-ს არ აღემატება, სესხით სარგებლობის მაქსიმალური ვადაა 10 წელი, ხოლო საშეღავათო პერიოდი 3 წელი (შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ძირითად თანხაზე). სესხის აღების მსურველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული საქმიანობისთვის მინიმალური დაფინანსება 20 ათასი ლარია, ხოლო ექსპორტის წახალისების ქვეპროგრამით სესხის მიღება იმ საწარმოებს შეუძლია, რომელიც ექსპორტზეა ორიენტირებული. პროექტების დაფინანსების მინიმალური მოცულობა ამ შემთხვევაში 100 ათასი ლარია.
დღემდე დაფიქსირებული კრედიტის მაქსიმალური თანხა კი 2 მილიონზე მეტი იყო.

კრედიტის განაკვეთი 9%-ია, თუმცა, როდესაც პროექტების თანადამფინასებლად კომერციული ბანკებიც არიან, მაშინ, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეიძლება ოდნავ მაღალი იყოს. პროექტებში თანამონაწილეობას კომერციული ბანკებიც ახორციელებენ და ამიტომაც, მეწარმეებისთვის მიცემული სესხის მოცულობა გაცილებით მეტია, ვიდრე "იაფი სესხის" ბიუჯეტიდან გასული 15 მილიონი ლარი.

ვინ მიიღო "იაფი კრედიტი"

სესხის აღება ბევრს უნდოდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმეს შეხვდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტი. როგორც ოფიციალური წყაროებით გახდა ცნობილი, "იაფი კრედიტის" ფარგლებში პირველი ხელშეკრულებები რამდენიმე კომპანიასთან გაფორმდა. "იაფი სესხის" პროგრამაში უშუალოდ არის ჩართული ეკონომიკური განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. როგორც ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, "იაფი სესხის" მიღების მსურველმა საკუთარი პროექტის შესაბამისად, ერთ-ერთ სამინისტროში უნდა შეიტანოს განაცხადი. შემდეგ სამინისტროში პროექტს განიხილავენ და წარუდგენენ მთავრობას. მთავრობის სხდომაზე კი გადაწყდება მისცემენ თუ არა დაინტერესებულ მეწარმეს "იაფ სესხს". კრედიტის ხანგრძლივობა 10 წელია, წლიური განაკვეთი - 9%. თუმცა, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ამბობენ, სესხის მიღების შემდეგ მეწარმეები პირველი სამი წლის განმავლობაში პროცენტს არ გადაიხდიან და მათ სესხით სარგებლობის საფასურს სახელმწიფო დაუფარავს.

ცნობილი გახდა ასევე რამდენიმე საწარმოს შესახებ, რომლებმაც "იაფი სესხი" მიიღეს. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, ეკატერინე შარაშიძემ განაცხადა, 200 ათასი ლარის კრედიტი ქართული ხალხური კულტურის აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდმა "მთიებმა" მიიღო, რომელიც დუშეთში ხალიჩების ფაბრიკას აამოქმედებს.
340 ათასი აშშ დოლარის კრედიტი მიიღო შპს "ალიონი-XXI"-მა, რომელმაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ხის გადამამუშავებელი საწარმო უნდა განაახლოს. კომპანია აპირებს ლამინატის პარკეტის და "დე-ეს-პე"-ს ტიპის სამშენებლო მასალების წარმოებას. შარაშიძის თქმით, ამ საწარმოში დამატებით 220 ადამიანი დასაქმდება. პროექტი თიბისი ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდება.

"ახმეტის რაიონში პარკეტისა და ხის გადამამუშავებელი საწარმო მოეწყობა, რისთვისაც კომპანია "იმედს" 750 000 ლარის სესხი გამოეყოფა", - აღნიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა გოცირიძემ. შპს "იმედმა" დაფინანსების შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობა 80-დან 20-მდე უნდა გაზარდოს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, საწარმოს პროდუქცია უკვე გადის ჩინეთში, არაბეთის საემიროებში და ესპანეთში. მისი თქმით, ეს არის ის პროექტები, რომლებიც მეტ-ნაკლებად უკვე მომზადებულია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ აჭარიდან 5 მლნ ლარის პროექტებს ელოდებიან და პროექტების განხილვის შემდეგ მათთანაც გააფორმებენ ხელშეკრულებებს.
ცნობილი გახდა, რომ "იაფი სესხის" პროგრამით 700 ათასი ლარი მიიღო ფირმა "მესხეთმა", რომელიც სამცხე-ჯავახეთში მსხვილფეხა საქონლის მიმღებ პუნქტებს შექმნის და ასევე მოხდება გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედება. ამ პროექტის მიხედვით ნავარაუდებია 1500 ოჯახის დასაქმება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ინფორმაციით, "იაფი კრედიტის" ფარგლებში მთავრობამ შპს "ტყიბულჩაის" ტექნიკური გადაიარაღებისთვის 350 ათასი ლარის კრედიტი გამოუყო. შპს "ქართული ბოსტნეული და ხილი – XXI", რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს, 1 მილიონი ლარის კრედიტი მიიღო. საწარმო ახალი აღჭურვილობის შეძენას და სეზონზე 10-15 ათასი ტონა ბოსტნეულის და ხილის კონსერვების წარმოებას აპირებს.

ინდივიდუალურმა მეწარმემ ზაზა მამეშვილმა ჩაის ფოთლების გადამუშავების, დაფასოებისა და შეფუთვის საწარმოს რეკონსტრუქციისათვის 107 ათასი ლარი მიიღო. კრედიტი მიიღო ასევე სააქციო საზოგადოებამ "ერის იმედი", რომელიც ქვემო ქართლში ბეტონის წარმოების დაწყებას აპირებს. ამისთვის მას, მთავრობამ გადაწყვეტილებით, 300 ათასი ლარის კრედიტი გამოეყო.
თუმცა, ოფიციალური მონაცემების გარდა, არსებობს განსხვავებული რეალობაც. ოპოზიციას თუ დავუჯერებთ, "იაფი კრედიტი" მხოლოდ ხელისუფლების მეხოტბე მეწარმეებისთვის არის განკუთვნილი და მას ნებისმიერი მეწარმე ვერ მიიღებს, თუნდაც კარგი პროექტი ჰქონდეს.

როგორ აფასებენ პრეზიდენტის ინიციატივას

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების ამ ინიციატივასაც ეჭვით უყურებენ და "იაფი კრედიტი" ძირითადად წინასაარჩევნოდ ხმებზე ნადირობად მიაჩნიათ.

ხელისუფლების ინიციატივით, "იაფი კრედიტის" მიმღები მეწარმეები პირველი 3 წლის მანძილზე სესხით სარგებლობის საფასურს, 9%-ს არ გადაიხდიან და მათ ნაცვლად პროცენტებს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით უსუფაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ინიციატივაზე ბევრად უკეთესი საშუალება არსებობს, თუმცა ხელისუფლებამ ხალხის შეცდომაში შეყვანა აირჩია.

"როდესაც ამბობენ, "იაფ კრედიტში" მეწარმეებს არაფერს გადავახდევინებთო, ეს არის სისულელე. როდესაც ბიუჯეტი დაფარავს პროცენტებს, ეს ნიშნავს, რომ მთელი მოსახლეობა იხდის ამ ფულს. "იაფი კრედიტი" ნიშნავს, რომ დაბალი განაკვეთი იქნება გადასახადი. საგადასახადო შეღავათები სულ სხვა თემაა და სულ სხვა გავლენას ახდენს კონკრეტულ სექტორზე და ბიზნესმენზე".
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ "იაფი კრედიტი" უნდა ნიშნავდეს იაფი საკრედიტო რესურსის მოძიებას. სიტუაციის გასაღები კი ქვეყნის საბანკო სისტემაში სერიოზული უცხოური ბანკების შემოსვლაა.

"ქართულ ბანკებს ურჩევნიათ არ შემოუშვან დიდი ბანკები, იმიტომ რომ თვითონ აიღონ უცხოური ბანკებისგან დაბალპროცენტიანი სესხი და საქართველოს ბაზარზე გასცენ მაღალ პროცენტად. ამაში შოულობენ ფულს. შეხედეთ რა ღირს კრედიტი საქართველოში და რა ღირს უცხოეთში: დოლარის ბაზარზე 15-წლიანი კრედიტი დღეს ღირს წელიწადში 4,5%, საქართველოში კი სულ მცირე 10% მაინც არის სესხის ფასი", - ამბობს უსუფაშვილი.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინგლისური ბანკი HSBC საქართველოს საბანკო ბაზარზე შარშან შემოვიდა, თუმცა ჯერჯერობით აქტიური საქმიანობა არ დაუწყია.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი მარგარეტ ტეტჩერის ფრაზას იშველიებს, "უფასო მხოლოდ ყველია სათაგურშიო". ამიტომაც, იაფი და უფასო კრედიტი მისთვის წარმოუდგენელია.

"ეს კრედიტი იაფი ალბათ არის სააკაშვილის ფავორიტებისთვის, ვისაც თვითონ ურიგებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ კრედიტის ფასიც მოსახლეობის გადასახდელია. 4 წელია სააკაშვილი სიღარიბეს ებრძვის, ქვეყანა კი სიღარიბის ჭაობში ეფლობა. იქამდე მივედით, რომ ნახევარი მილიარდი სასწრაფოდ გახდა ასაღები. სააკაშვილს გასაძარცვი აღარავინ დარჩა ქვეყანაში". ორველაშვილის თქმით, კობა ბექაურის მსგავს მეწარმეებს მისცემენ "იაფ კრედიტს", პატიოსან მეწარმეებს კი ამ კრედიტის მიიღების შანსი არა აქვთ.

მცირე მეწარმე, იაგო ბიტარიშვილი, რომელსაც მცხეთის რაიონში ვენახი და ღვინის ჩამომსხმელი საკუთარი ქარხანა აქვს, "იაფი კრედიტის" მიღებას შეეცადა. ბიტარიშვილი სხვა მეღვინეებისგან იმით განსხვავდება, რომ ღვინოს ჩვეულებრივი, ქარხნული წესებით კი არ ამზადებს, არამედ, მისი ღვინო "ჩარდახი" ბიომეთოდებით არის ჩამოსხმული. იაგო ბიტარიშვილის საქმიანობა იმითაც არის უნიკალური, რომ იგი ერთადერთია თავის პარტნიორ – სულიკო ცაიშვილთან ერთად, ვისი ჩამოსხმული ღვინოც იტალიაში იყიდება.

ბიტარიშვილის თქმით, "თიბისი ბანკში" მას "იაფი სესხის" პროგრამის განხორციელებისთვის მყოფი ბანკის თანამშრომელი ესაუბრა და განაცხადიც მან დაიტოვა.

"თითქმის 2 თვე გავიდა. შევიტანე განაცხადი, ბანკის თანამშრომელს შემახვედრეს. ზუსტად გაწერილი პროექტი არ მოითხოვეს, თავიდან მხოლოდ ზოგადი მონახაზი გვაინტერესებსო. რომ ნახეს, კარგი იდეააო და დაგიკავშირდებითო. მას შემდეგ რამდენჯერმე შევეხმიანე, მაგრამ ამბობენ თვითონ დაგირეკავთო. ალბათ, ვინმესგან ელოდებიან მითითებას. ასე კრედიტის აღების იმედი აღარ მაქვს, გადავწყვიტე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართო. იქნებ, სახელმწიფო სტრუქტურების საშუალებით მაინც მოვახერხო კრედიტის აღება", - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის – გიორგი ნანობაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მეწარმის მიერ სამინისტროსთვის პირდაპირ მიმართვა უფრო ეფექტური იყოს. "ბანკებთან შედარებით "იაფი სესხის" მსურველებს კრიტერიუმების მიხედვით სამინისტროში უფრო ზუსტად არჩევენ. ვისაც ძალიან სუსტი ბიზნეს-პროექტი აქვს, მას მაშინვე უარს ეუბნებიან, ხოლო ვისი იდეაც შეიძლება დაფინანსდეს, მას მოგვიანებით დაუკავშირდებიან. უბრალოდ, მოთხოვნილია რამდენჯერმე მეტი თანხა, ვიდრე ეს "იაფი სესხის" პროგრამის ბიუჯეტშია", - ამბობს გიორგი ნანობაშვილი.

"სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორი, გიორგი გოგუაძე "იაფი კრედიტის" ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მას არ სმენია, "იაფ სესხს" მხოლოდ პრივილეგირებული მეწარმეები იღებდნენ.

"სესხები ხელმისაწვდომი ყველასთვის უნდა იყოს. აქვე, გარკვეული ორგანიზებულობაა საჭირო: რაიონებში ბიზნესინკუბატორები უნდა შეიქმნას, სადაც მოხდება ადამიანების ტრეინინგი. ვისაც ბიზნესის თვალსაზრისით გამოცდილება არ აქვს, მას რომ სესხი მისცე, ისეთივე შანსი ექნება, როგორც თვალებახვეულ ადამიანს დანაღმულ ველზე სიარულისას", - ამბობს გოგუაძე.

მისივე თქმით, "სახალხო ბანკს" სოფლის მეურნეობასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს და ირწმუნება, რომ იცის, სოფლის მეურნეობაში კონკრეტულად რა კუთხით არის ინვესტიციები განსახორციელებელი. სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს, სოფლის მოსახლეობამ მიიღოს კრედიტი და საქმიანობიდან დარჩეთ გარკვეული მოგება.

ასეა თუ ისე, საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მხარდამჭერები "იაფი კრედიტის" პროგრამას საამაყო ინიციატივას უწოდებენ, ოპოზიცია კი ძირითადად უარყოფით მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას. თუმცა, მთავარი თუ უმუშევრობის დამარცხებაა, "იაფი კრედიტიც" და სხვა სახელმწიფო ხელშეწყობებიც ქვეყნისთვის მომგებიანი უნდა გამოდგეს. აქ მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობა უნდა იყოს დაცული: საკრედიტო შეღავათი თუ სხვა ხელშეწყობა მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერებზე არ უნდა ვრცელდებოდეს.

თემურ იობაშვილი