ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
ყველაზე უსაფრთხო ადგილი ძვირფასი ნივთებისთვის
რა პირობებია ბანკის ინდივიდუალური სეიფებით სარგებლობისთვის

ჩვენი წერილის თემას წარმოადგენს ისეთი საბანკო პროდუქტი, როგორიცაა ინდივიდუალური სეიფები. სეიფი (ინგლ. Safe - სიტყვასიტყვით უსაფრთხოს, საიმედოს ნიშნავს) წარმოადგენს დოკუმენტების, ფულისა და მატერიალურ ფასეულობათა შესანახი ფოლადის ცეცხლგამძლე ყუთს ან კარადას. ბანკებში ასეთი ყუთები და კარადები ჯავშნიან სათავსო-საცავებშია დამონტაჟებული.
ვფიქრობთ, ინდივიდუალური სეიფების შესახებ მოსახლეობას მწირი ინფორმაცია აქვს ან უმეტესწილად, საერთოდ არ გააჩნია. ამიტომაც ამ სერვისით, ჯერჯერობით, ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ სარგებლობს.

რამ მოიტანა იმის საჭიროება და აუცილებლობა, რომ ბანკებს ეს პროდუქტი დაენერგათ? იმ დროიდან მოყოლებული, რაც ქვეყანაში კომერციული ბანკების სისტემა ჩამოყალიბდა, ეს საბანკო პროდუქტი არაერთმა კომერციულმა ბანკმა შექმნა. როდესაც მოქალაქეს აქვს სურვილი მის ხელთ არსებული რაღაც ძვირფასეულობა, ან განსაკუთრებული დოკუმენტები, ან ფული (რომელიც, არ სურს ანაბარზე შეინახოს, მაგრამ უნდა, რომ გარანტირებულად იყოს დაცული და ურჩევნია სეიფში ჰქონდეს), იგი ბანკში მიდის და თავისთვის ინდივიდუალურ სეიფს ქირაობს; თანაც ეს სეიფები, როგორც წესი, განსხვავებული ზომისაა. რაც უფრო დიდი სეიფია, ქირის საფასურიც მით უფრო მეტია. კლიენტი სეიფს გარკვეული პერიოდით ქირაობს და რასაც უნდა, იმას შეინახავს. ამ დროს ბანკი არ კითხულობს, კლიენტი სეიფში რას ინახავს. კლიენტის გარდა ვერავინ ნახულობს. უფრო მეტიც, სეიფს ორი გასაღები აქვს. ერთი გასაღები გადაეცემა ამ სეიფის დამქირავებელს, ხოლო მეორე გასაღები რჩება ბანკში. მხოლოდ ორივე გასაღების ერთდროული გამოყენებით არის შესაძლებელი სეიფის გახსნა.

ხშირად, ასეთი სახის მომსახურებას ის ადამიანები მიმართავენ, ვინც სადღაც მიდის, ვთქვათ, მივლინებაში ან დასასვენებლად, სახლში არავინ არ რჩება, აქვს მისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე დოკუმენტები თუ გარკვეული ძვირფასი ნივთები და სურს, რომ ეს იყოს გარანტირებულად დაცული. ამიტომ შესანახად ბანკებს ანდობს, რაშიც გარკვეულ საფასურს იხდის. მომსახურება ძვირი არ არის. თანაც ბანკებში, როგორც წესი, სპეციალური საცავებია შექმნილი უსაფრთხოების მაღალი ტექნიკური დონის, სათანადო ტემპერატურისა და ტენიანობის დაცვით; სეიფები არის ცეცხლგამძლე, რათა იქ შენახული ქონება მაქსიმალურად იყოს დაცული. ეს მომსახურება ჩვენთან შედარებით ახალია, მასობრივად საზოგადოებამ შეიძლება არც იცოდეს და არ სარგებლობდეს ამ მომსახურებით, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი, ცივილიზებული ფორმა საბანკო სერვისისა, რომელიც დიდი ხანია, მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

ინდივიდუალური სეიფებით მომსახურება თბილისშიც ბევრ ბანკშია, თუმცა, ეს სერვისი ყველა ბანკს არ აქვს. ცხადია, თავად ბანკის გადასაწყვეტია, ჰქონდეს თუ არა ასეთი პროდუქტი. არიან უფრო შეძლებული და შედარებით სუსტი ბანკები. რაც უფრო შეძლებულია ბანკი და რაც უფრო დიდ რესურსს ფლობს, მით მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს რესურსი ინდივიდუალური სეიფების შექმნაში დააბანდოს.

ბანკები, როგორც წესი, ცდილობენ თავიანთ კლიენტებს მაქსიმალურად შესთავაზონ ყველანაირი პროდუქტი და მათ შორის, ინდივიდუალური სეიფებიც. ერთ-ერთი ბანკი თავის ვებ-გვერდზე საკუთარი საქმიანობის შესახებ წერს, ბანკი ორიენტირებულია მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე, რასაც ჩვენ ყველა კომერციულ ბანკზე განვავრცობდით.

საერთოდ, ეროვნული ბანკის მოთხოვნაა, რომ კომერციულ ბანკში საცავი არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი ვერ გაიხსნება. აღნიშნული მოთხოვნა იმითაცაა განპირობებული, რომ ბუნებრივია, ბანკში ნაღდი ფულიც არის. ინდივიდუალური სეიფები ექნება თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკს თავისი საცავი უნდა ჰქონდეს.

ჩვენს ქვეყანაში ბანკები ინდივიდუალურ სეიფებს ძირითადად მაინც 1996 წლიდან ნერგავენ, რაც პროფესორ ლადო პაპავას აზრით, სავსებით ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" 1995 წელს, კანონი "კომერციული ბანკების შესახებ" კი 1996 წელს არის მიღებული. ინდივიდუალური სეიფები არის საბანკო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი პროდუქტი. ბანკების ძირითადი ოპერაციები ფოკუსირებულია დაკრედიტებასა და დეპოზიტების მოზიდვაზე. ინდივიდუალური სეიფები არაა მთავარი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ბანკს გარკვეულ მცირე მოგებას აძლევს, თუკი კლიენტები ენდობიან და ხშირად მიმართავენ მის ამ მომსახურებას.

ისე, ჩვეულებრივ, თუ ადამიანს რომელიმე ბანკში ანგარიში აქვს და უცებ დასჭირდა ასეთი სერვისი, პირველ რიგში მიმართავს იმავე ბანკს, სადაც, დავუშვათ, ხელფასს იღებს და თუ იქ ეს პროდუქტი ექნებათ, კიდევაც გამოიყენებს; მერე შეიძლება თავის ნაცნობს უთხრას: ასეთი და ასეთი ინდივიდუალური სეიფებია ამ ბანკშიო, რაც შეიძლება სტიმულატორი იყოს, რომ სხვაც ენდოს აქაურ ინდივიდუალურ სეიფებს. ის სხვა მომხმარებელი სეიფს თუ გამოიყენებს, შეიძლება ეს ბანკი მისთვის მიმზიდველი გახდეს და ანგარიშიც გახსნას ამ ბანკში. ასე რომ, ეს ერთ-ერთი საბანკო პროდუქტია და ამას გარკვეული მომავალი აქვს, რადგან ადამიანს ჭირდება გარკვეული გარანტია, რომ თავს დაცულად გრძნობდეს. თუ აქვს დანაზოგი, რომელიც არ სურს, რომ დეპოზიტზე დადოს, ვინაიდან ფული მიმდინარე ხარჯებისთვის ჭირდება, ამ დროს კი მივლინებით მიდის და მიმდინარე ხარჯები გადავადებულია, მაშინ ურჩევნია სეიფით ისარგებლოს. შეუძლია მნიშვნელოვანი საბუთები, ასევე სამკაულები შეიტანოს ბანკში. ლადო პაპავას აზრით, თუკი ბანკს ასეთი პროდუქტი არ გააჩნია, ეს მისი მინუსია და საეჭვოა, რომ ის ბანკი სოლიდური იყოს.

სად რა ზომის სეიფებია და როგორია მომსახურების ტარიფები

ამჟამად საქართველოში 22 საბანკო დაწესებულება ფუნქციონირებს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლიენტთა ინდივიდუალური სეიფებით მომსახურებას ყველა მათგანი არ ახორციელებს. ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა ინფორმაცია, თუ რომელ ბანკებშია ინდივიდუალური სეიფები, როგორია მათი ზომები და ტარიფები.

"აგროინვესტბანკი"

ბანკი გთავაზობთ მცირე, საშუალო და დიდი ზომის ინდივიდუალურ სეიფებს ფასიანი ქაღალდების, მნიშვნელოვანი დოკუმენტების, საიუველირეო ნაკეთობებისა და სხვა ფასეულობების შესანახად. სეიფების ქირავნობა შესაძლებელია კლიენტისთვის სასურველი დროით, ამასთან, მინიმალური ვადაა 10 დღე.

ინდივიდუალური სეიფებით სარგებლობის ყოველთვიური ღირებულებაა:  

მცირე სეიფის - 15,00 ლარი;

საშუალო სეიფის - 20,00 ლარი;             

დიდი სეიფის - 25,00 ლარი.         

გრძელვადიანი ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კლიენტს შეუძლია ისარგებლოს შეღავათებით. სეიფში განთავსებულ ფასეულობათა საიმედოდ დაცვა და ანონიმურობა ბანკის მიერ გარანტირებულია.

"ბაზისბანკი"

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ეკა კაპანაძის ინფორმაციით, ინდივიდუალური სეიფით სარგებლობა "ბაზისბანკში" დღე-ღამეში 1 ლარი ღირს და ქირავნობის მინიმალური ვადა 10 კალენდარული დღეა.

"ბანკს ინდივიდუალური სეიფები გახსნის დღიდან აქვს. რასაკვირველია, ბანკისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ინახავს სეიფში კლიენტი. ეს ძალიან კონფიდენციალურია. შენახვა შეიძლება ყველაფრის, გარდა ნარკოტიკის, იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებისა. ეს საერთაშორისო მოთხოვნაა და ჩვენთან შესაბამისი კანონითაც რეგულირდება", - ამბობს ეკა კაპანაძე.

და მაინც, რამდენად დაცულია ბანკი იმისგან, რომ კლიენტმა სეიფში აკრძალული რამ (იარაღი, ნარკოტიკი, ასაფეთქებელი საშუალება და ა.შ.) არ შეინახოს? ამისთვის ბანკის შესასვლელში დგას დეტექტორი. ანუ ბანკში ნებისმიერი შემსვლელი ისედაც გადის ამ შემოწმებას. თუ დეტექტორი რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, ვიზიტორი ბანკში არ დაიშვება.

რაც შეეხება სეიფების დაქირავების ხანგრძლივობას, ბაზისბანკში ამბობენ, რომ ზოგი კლიენტს რამდენიმე დღით, თვით, ზოგი წლობით აქვს დაქირავებული. ასევე არის ხოლმე შემთხვევები, როცა სეიფის საშუალებით ხდება ფულის გადაცემა, მაგალითად ბინის ყიდვის დროს. მყიდველი თანხას დებს სეიფში გამყიდველის თანდასწრებით, უძრავი ქონების გადაფორმების შემდეგ კი უკვე გამყიდველი ხსნის სეიფს და იღებს თანხას. კლიენტი შეზღუდული არ არის, რამდენჯერაც მას დასჭირდება, იმდენჯერ შეუძლია გახსნას და დახუროს სეიფი.

რა პასუხისმგებლობას იღებს ბანკი კლიენტის მიმართ და რა შემთხვევაში შეუძლია უარის თქმა კლიენტისთვის ზარალის ანაზღაურებაზე? ბანკსა და კლიენტს შორის დადებულ ხელშეკრულებაში (სეიფით სარგებლობის შესახებ) შეიძლება მითითებული იყოს შენახული ნივთის საორიენტაციო ღირებულება. ასეთ შემთხვევაში ბანკი აუნაზღაურებს კლიენტს ზარალს. ზოგჯერ კლიენტი ითხოვს დამატებით ხელშეკრულებას, ბანკის თანდასწრებით დებს ნივთს და აფიქსირებს, თუ რა ღირებულებისაა მისთვის. მაგ., "ბაზისბანკის" ერთი კლიენტი, საფინანსო სააგენტო, დებს ხოლმე დალუქულ პაკეტებს. სეიფის ყოველ გახსნა-დაკეტვაზე ადგენენ აქტს, რაც სააგენტოს ჭირდება არა უსაფრთხოებისთვის, არამედ თავისი კლიენტისთვის (რომლისგანაც აქვს ჩაბარებული ფასეულობა) წარსადგენად. ამჟამად ბანკს 100-მდე ინდივიდუალური სეიფი აქვს და ჯერჯერობით ყოფნის კლიენტთა მოთხოვნას ამ საბანკო პროდუქტზე.

"ბტა სილქ როუდ ბანკი"

ბანკი ფიზიკურ პირებს სთავაზობს მცირე ზომის ინდივიდუალური სეიფებით სარგებლობას, რომლის ღირებულებაც დღე-ღამეში 0,50 ლარია. ეს პროდუქტი აქ გასული წლის სექტემბრიდან არის დანერგილი. სეიფები განთავსებულია "ბტა სილქ როუდ ბანკი"-ის სათაო ოფისში, მისამართზე: თბილისი, წერეთლის პროსპექტი #73ა.

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია"

ბანკი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ორი სახის ინდივიდუალური შემნახველი სეიფებით სარგებლობას, რომელთა დღეღამური ქირა არის:                               
მცირე სეიფის - 0,50 ლარი;

დიდი სეიფის - 0,80 ლარი.

კლიენტს შეუძლია უსაფრთხოდ და საიმედოდ შეინახოს დოკუმენტები, ფულის ნიშნები, ძვირფასეულობა, აგრეთვე ყველა ის ნივთი, რომლის შენახვაც არ ეწინააღმდეგება ბანკის საფინანსო კომიტეტის მიერ დადგენილ წესს.

"თიბისი ბანკი"

ძვირფასი ნივთები ყოველთვის საიმედოდ უნდა ინახებოდეს! - აცხადებს "თიბისი ბანკი", რაშიც ძნელია არ დაეთანხმო. თუ თქვენ ხშირად მოგზაურობთ, გიწევთ მივლინებებში ყოფნა, ან უბრალოდ ფიქრობთ, რომ თქვენი ფერწერული ტილოები, ან კონფიდენციალური დოკუმენტები არ არის დაცული სახლში თუ ოფისში, "თიბისი ბანკი" გთავაზობთ ოთხი ტიპის ინდივიდუალურ სეიფებს საიუველირო ნაწარმის, ფასიანი ქაღალდების, ხელოვნების ნიმუშებისა და სხვა ფასეულობების შესანახად.

24 სთ-ით სეიფებით სარგებლობის ღირებულებაა:

მცირე სეიფის - 0,70 ლარი;

საშუალო სეიფის - 1 ლარი;

დიდი სეიფის - 1,5 ლარი;

სპეციალური სეიფის - 6 ლარი (მხოლოდ თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებულ ფილიალში).

სეიფებით შეიძლება ისარგებლოთ თქვენთვის მოსახერხებელი ვადით. მაქსიმალური ვადა შეზღუდული არ არის. მინიმალური ვადა ორი კვირაა.
სეიფის შიგთავსის მფლობელთა ანონიმურობა გარანტირებულია ბანკის მიერ. სეიფი იხსნება მხოლოდ კლიენტის თანდასწრებით, ან მის მიერ გაცემული ნოტარიზებული მინდობილობის მფლობელი პირის მიერ.

ინდივიდუალური სეიფებით მომსახურება შესაძლებელია შემდეგ ფილიალებში:                                                                    

ცენტრალური ფილიალი - თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 11;  
მარჯანიშვილის ფილიალი - თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7.

ბანკი "რესპუბლიკა"

თუ გსურთ, საიმედოდ და უსაფრთხოდ შეინახოთ ფასიანი ქაღალდები და საბუთები, საიუველირო ნაკეთობები და სხვა ფასეულობები, ბანკი "რესპუბლიკა" გთავაზობთ სამი ზომის ინდივიდუალურ სეიფებს:

ზომა 9x49x26სმ - თვიური გადასახადი 20 ლარი;

ზომა 14x49x26სმ - თვიური გადასახადი 25 ლარი;

ზომა 39x49x26სმ - თვიური გადასახადი 35 ლარი.

"საქართველოს ბანკი"

"საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სოფიო ბალავაძის ინფორმაციით, ამ ბანკს ინდივიდუალური სეიფები 1996 წლიდან აქვს. სეიფები სამი სახისაა და მათი გამოყენების ღირებულებაა:

მცირე ზომის (50x30x9სმ) სეიფის - 70 თეთრი 24 სთ; 18 ლარი ერთი თვე;

საშუალო ზომის (50x30x14სმ) სეიფის - 90 თეთრი 24 სთ; 22 ლარი ერთი თვე;

დიდი ზომის (50x30x39სმ) სეიფის - 1,40 ლარი 24 სთ; 35 ლარი ერთი თვე.

ინდივიდუალური სეიფით სარგებლობის მინიმალური ვადაა 14 კალენდარული დღე. ინდივიდუალური სეიფები განთავსებულია "საქართველოს ბანკის" საცავებში, შემდეგ მისამართებზე (ყველა თბილისში): კოსტავას ქ. # 70; აღმაშენებლის გამზ. # 127; წერეთლის გამზ. # 140 და მეტრო "დელისთან".

ბანკისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ინახავს სეიფში კლიენტი. კანონით აკრძალულის გარდა, ყველაფრის შენახვა შეიძლება. არ შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღების, ადვილადაალებადი, ფეთქებადი ნივთიერებების და ნარკოტიკების შენახვა.

როგორც ბანკში ამბობენ, ყველაზე ხშირად, აქ სეიფებს ერთი თვის ვადით ქირაობენ.

"სახალხო ბანკი"

"სახალხო ბანკის" ინდივიდუალური სეიფები განკუთვნილია ფასეული ნივთების შესანახად, საჭირო ვადით და ხელსაყრელი პირობებით. მომხმარებლისა და მისი კუთვნილი ფასეულობის შესახებ ინფორმაციის ანონიმურობა გარანტირებულია. სეიფი იხსნება და იხურება მხოლოდ კლიენტის თანდასწრებით.

სეიფების მოხმარების დღეღამური ღირებულებაა:

პატარა სეიფის - 0,50 ლარი;

საშუალო სეიფის - 0,70 ლარი;

დიდი სეიფის - 1,00 ლარი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ვლადიმერ ციმაკურიძე აცხადებს, რომ ინდივიდუალური სეიფები ბანკს აქვს დაარსების დღიდან. ამ პროდუქტით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია ბანკის ცენტრალურ ფილიალში. ბანკისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ინახავს სეიფში კლიენტი. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. სეიფში შესაძლებელია ძვირფასეულობის, თანხის და სხვა ფასეულობების შენახვა. კანონით აკრძალულია იარაღის, ფეთქებადი საშუალებების, ნარკოტიკების, მალფუჭებადი ნივთიერებების შენახვა. აღნიშნულის შეტანა აკრძალულია ბანკის მთელ ტერიტორიაზე, რასაც არეგულირებს ბანკის შესასვლელში უსაფრთხოების სისტემები.

მომხმარებლები ინდივიდუალურ სეიფებს ძირითადად დასვენების პერიოდებში (ზაფხულში, ზამთარში) ქირაობენ. ზაფხულის პერიოდში ყველა სეიფი დაკავებულია და ზოგჯერ მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ხშირია შემთხვევები სეიფის მთელი წლით ქირავნობისა.

ამ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველთვის არის და იზრდება კიდეც, თუმცა განსაკუთრებული ზრდის ტენდენცია არ შეიმჩნევა.

შეკითხვაზე, არის თუ არა საცავში პირობები (ტემპერატურა, ტენიანობა და სხვა), რაც საჭიროა, ვთქვათ, ძვირფასი მხატვრული ტილოს თუ ხელნაწერის შესანახად, გვიპასუხეს, რომ კლიენტთა მხრიდან ასეთი სახის მოთხოვნა არ ყოფილა. შესაბამისად, განსაკუთრებული კლიმატური პირობები სეიფებში არ არის, თუმცა გარანტირებულად დაცულია უსაფრთხოება და მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება ეს განსაკუთრებული პირობებიც. ბანკის სამუშაო საათებში მომხმარებელს ნებისმიერ დროს, რამდენჯერაც უნდა, შეუძლია სეიფის გახსნა-დახურვა. ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე სეიფში განთავსებულ ფასეულობებზე.

როგორც ბანკში ამბობენ, ერთდროულად 200 კლიენტს შეუძლია სეიფით სარგებლობა, თუმცა, დაგეგმილია სეიფების რაოდენობის გაზრდა უახლოეს მომავალში. სეიფები კლიენტების დამატებითი კომფორტისთვის არის შექმნილი, ბანკი განსაკუთრებულ შემოსავლებს ბიზნესის ამ მიმართულებიდან არ გეგმავს. "სახალხო ბანკში" ცდილობენ ყველა მომხმარებელს შეუქმნან მრავალფეროვანი სერვისი და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ინდივიდუალურად განიხილონ სეიფით მომსახურების საფასური.

"სტანდარტბანკი"

საზოგადოებასთან სამსახურში ამბობენ, რომ ბანკს 2006 წლის იანვრიდან აქვს სამი სახის ინდივიდუალური სეიფებით მომსახურების სერვისი, რომელთა მოხმარების ღირებულება დღეში არის:

პატარა სეიფის - 0,50 ლარი;

საშუალო სეიფის - 1,0 ლარი;

დიდი სეიფის - 1,50 ლარი.

ინდივიდუალური სეიფები ცენტრალურ სერვის-ცენტრშია განთავსებული. ბანკისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ინახავს სეიფში კლიენტი. თუმცა, შესანახი ნივთიKკანონის შესაბამის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს.

"სტანდარტბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვანცა გუშარაშვილის ინფორმაციით, ყველაზე უფრო ხშირად, ინდივიდუალურ სეიფებს აქ 1 თვის ვადით ქირაობენ და ყველაზე დიდი მოთხოვნა ზაფხულშია. საცავში არის ყველანაირი პირობები (ტემპერატურა, ტენიანობა და სხვა), რაც საჭიროა, ვთქვათ, ძვირფასი მხატვრული ტილოს თუ ხელნაწერის შესანახად.
კლიენტს თავისი სეიფის გახსნა-დახურვა შეუზღუდავად შეუძლია.

"ბანკი ქართუ"
 
"ბანკი ქართუ" გთავაზობთ სხვადასხვა ზომის ინდივიდუალურ სეიფებს, თქვენთვის ხელსაყრელი ვადით, კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე. ინდივიდუალ სეიფში შეგიძლიათ შეინახოთ ძვირფასეულობა, ფასიანი ქაღალდები, დოკუმენტები და სხვა ფასეული ნივთები და რელიქვიები. აქ სამი სახის სეიფებია, რომელთა 24 საათით დაქირავება მოცულობის შესაბამისად იცვლება:

ზომა 50x30x10სმ - 0,70 ლარი;

ზომა 50x30x15სმ - 0,80 ლარი;   

ზომა 50x30x40სმ - 1,00 ლარი.

გამონაკლისებიც ხდება

როგორც წესი, ნებისმიერ ბანკში, სანამ იმ საცავამდე მიაღწევდეთ, სადაც ინდივიდუალური სეიფებია დამონტაჟებული, რამდენიმე შემოწმება უნდა გაიაროთ, თავად საცავს კი დაჯავშნული კარი აქვს. უნდა ითქვას, რომ ბანკებში დაცვის მართლაც რომ უმაღლესი ტექნიკური ზომებია გამოყენებული. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დაცვის ასეთი საგანგებო ზომების მიუხედავად, მაინც ყოფილა სეიფებში შენახული ნივთების დაკარგვის ფაქტები. ასეთი რამ უახლოეს წარსულში ერთხელ ერთ-ერთ ქართულ კომერციულ ბანკშიც მომხდარა. როგორც ამბობენ, ბანკის თანამშრომელს, ვისაც სეიფების გასაღებები ებარა, მოუხერხებია სეიფების დახსნა და კლიენტთა ნივთები გაუტაცია.

თუმცა, როგორც ამბობენ, გამონაკლისი წესს ადასტურებს... ყველაფერი ხდება ქვეყანაზე, მაგრამ აშკარაა, რომ ბანკის სეიფებში კლიენტთა მიბარებული ფასეულობები შეუდარებლად უკეთ არის დაცული, ვიდრე მათ ბინებში. სეიფებით მომსახურების საზღაური კი, როგორც ვხედავთ, ძალიან ზომიერია.

დალი ჩიკვაიძე