ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები მემკვიდრეობის სამართლის დახმარებით
განვაგრძობთ მემკვიდრეობის სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ საკითხების შესახებ საუბარს, რომლის განმარტებაც ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში ვერ მოვასწარით.

მკითხველთა დიდ ნაწილს აინტერესებს, როგორი ფორმით უნდა შედგეს ანდერძი და თუ რამდენიმე სხვადასხვა ფორმის ანდერძია შედგენილი, მათ შორის რომელს ენიჭება უპირატესობა. ამიტომ, სტატიას სწორედ აღნიშნული საკითხის განმარტებით დავიწყებთ.

განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც ანდერძის ფორმას წაეყენება, იმით აიხსნება, რომ პირი (მამკვიდრებელი), რომლის ნებაც ანდერძშია გამოხატული, ანდერძის ძალაში შესვლის დროს უკვე ცოცხალი აღარ არის. მოანდერძის "უკანასკნელი ნების" სარწმუნოდ მიჩნევა კი კანონით აუცილებელია. აქედან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმის დაცვა. სახელდობრ ის, რომ ანდერძი შედგეს წერილობითი ფორმით. ამასთან დასაშვებია წერილობითი ანდერძი სანოტარო ფორმით ან მის გარეშე. სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილი იყოს მოანდერძის მიერ და დაადასტუროს ნოტარიუსმა, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, - თვითმმართველობის ადგილობრივმა ორგანომ. პრაქტიკულად ეს ასე ხდება: ანდერძს მოანდერძის სიტყვებით ჩაიწერს ნოტარიუსი ორი მოწმის თანდასწრებით. ანდერძის ჩაწერის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს საერთოდ მიღებული ტექნიკური საშუალებები. მოანდერძის სიტყვებით ნოტარიუსის მიერ ჩაწერილი ანდერძი უნდა წაიკითხოს მოანდერძემ და მოწმეების თანდასწრებით მოაწეროს ხელი. იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს, კანონით დაშვებულია ანდერძის დადასტურება განსაზღვრული თანამდებობის პირთა მიერ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1359-ე მუხლით დადგენილია იმ პირთა წრე, რომლებიც ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსთან არიან გათანაბრებულნი. ესენი არიან: საავადმყოფოს, ჰოსპიტლის ან და სხვა სამკურნალო დაწესებულების, სანატორიუმის მთავარი ექიმი, უფროსი, მათი მოადგილე სამედიცინო ნაწილში, მორიგე ექიმი, მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლის დირექტორი ან მთავარი ექიმი, თუ მოანდერძე ამ დაწესებულებაში მკურნალობს ან ცხოვრობს; საძიებო, გეოლოგიური და სხვა მსგავსი ექსპედიციის უფროსი, თუ მოანდერძე ასეთ ექსპედიციაში იმყოფება; გემის კაპიტანი ან საჰაერო ხომალდის მეთაური, თუ მოანდერძე გემზე ან საჰაერო ხომალდზე იმყოფება; სამხედრო ნაწილის, შენაერთის, დაწესებულებისა და სასწავლებლის მეთაური (უფროსი), თუ სამხედრო ნაწილების დისლოკაციის პუნქტში ნოტარიუსი არ არის და თუ მოანდერძე სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ნაწილში მომსახურე სამოქალაქო პირი ან მათი ოჯახის წევრია; თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსი, თუ მოანდერძე თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფება.

კითხვა: შეიძლება თუ არა მოანდერძე იყოს უსინათლო ან არ შეეძლოს წერა-კითხვა და თუ ეს დასაშვებია, როგორ უნდა გაფორმდეს ამ შემთხვევაში ანდერძი ისე, რომ მან შემდგომში დავა არ გამოიწვიოს?

პასუხი: დიახ, შეიძლება. ასეთ შემთხვევაში მოანდერძემ საანდერძო განკარგულება უნდა გააკეთოს ნოტარიუსთან სამი მოწმის თანდასწრებით, რის შესახებაც საჭიროა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც მას უნდა წაეკითხოს. ჩამწერი და წამკითხველი შეიძლება იყვნენ მოწმეებიც, მაგრამ ჩამწერი არ უნდა იყოს წამკითხველი. ჩანაწერში უნდა მიეთითოს, თუ ვინ გააკეთა ჩაწერა და ვინ წაუკითხა მოანდერძეს. ჩანაწერს ხელი უნდა მოაწერონ მოწმეებმა და დაადასტუროს ნოტარიუსმა.

გარკვეულ სიძნელეს იწვევს ისეთი შემთხვევები, როცა თანამდებობის პირმა, რომელიც უფლებამოსილია დაადასტუროს ანდერძი, არ იცის ის ენა, რომელზეც ანდერძია შედგენილი. ასეთ შემთხვევაში კანონი აუცილებლად მიიჩნევს მთარგმნელის მოწვევას, რომელსაც იცნობს ნოტარიუსი (ან ანდერძის დადასტურების უფლებამოსილი სხვა პირი), რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სპეციალური აღნიშვნა.

კითხვა: ნებისმიერი პირი შეიძლება თუ არა იყოს მოწმე? ასევე, აუცილებელია თუ არა, რომ აუცილებლად სანოტარო ორგანოს შენობაში შესრულდეს სანოტარო მოქმედება?

პასუხი: კანონი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც არ შეიძლება იყვნენ ანდერძის მოწმეები. ესენია: არასრულწლოვანები და ქმედუუნაროდ აღიარებული პირები; ანდერძით მემკვიდრე და მისი დაღმავალი (შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი) და აღმავალი (დედა, მამა, ბებია, პაპა) შტოს ნათესავები: დები, ძმები, მეუღლე და საანდერძო დანაკისრის მიმღები.

აქვე გაცნობებთ, რომ საანდერძო მოქმედება სრულდება სანოტარო ორგანოს (შესაბამისი თანამდებობის პირის) შენობაში, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში სანოტარო მოქმედება შეიძლება შესრულდეს აღნიშნული შენობის გარეთაც, თუ პირს ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია იქ გამოცხადება, რის შესახებაც უნდა გაკეთდეს სათანადო აღნიშვნა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონი უშვებს ანდერძის შედგენას ისე, რომ იგი არ წარედგინოს დასადასტურებლად ნოტარიუსს, თუმცა ასეთი ანდერძი უფრო ნაკლებ ნდობას იმსახურებს და კანონი მას მკაცრ ფორმალურ მოთხოვნებს უყენებს. მსგავს ანდერძს შინაურულ ანდერძს უწოდებენ. უფრო ხშირად იგი მოანდერძესთან ინახება, მაგრამ მოანდერძეს შეუძლია ასეთი ანდერძი დალუქული კონვერტით გადასცეს ნოტარიუსს (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირს). ნოტარიუსისთვის კონვერტის გადაცემას უნდა ესწრებოდეს სამი მოწმე, რომლებიც ხელს აწერენ კონვერტზე. აღნიშნული სახის ანდერძის შენახვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი ოფიციალური დეპონირებით ნოტარიუსთან ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირთან.

კითხვა: აქვს თუ არა უფლება შინაურული წესით შედგენილი ანდერძის ავტორს (მოანდერძეს) მოითხოვოს, რომ მოწმეები არ გაეცნონ მის შინაარსს?

პასუხი: დიახ, აქვს ასეთი უფლება. მსგავს შემთხვევაში დახურული ანდერძის დადასტურებისას მოწმეებმა უნდა მიუთითონ, რომ ანდერძი შედგა პირადად მოანდერძის მიერ მათი თანდასწრებით, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.

ანდერძში მითითებული უნდა იყოს მისი შედგენის თარიღი. საჭიროა გვახსოვდეს, რომ თარიღის მიუთითებლობამ შეიძლება ანდერძის ბათილობაც კი გამოიწვიოს, თუ ვერ გაქარწყლდება ანდერძის შედგენის, შეცვლის ან გაუქმების მომენტში, ასევე რამდენიმე ანდერძის არსებობისას, მოანდერძის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებული ეჭვი.

მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ ნოტარიუსი ნიშნავს დღეს და გააცნობს ანდერძის შინაარსს დაინტერესებულ პირებს, რის თაობაზედაც უნდა შედგეს სათანადო ოქმი. თუ კონვერტი, რომელშიც ანდერძია მოთავსებული, დალუქული იყო, უნდა აღინიშნოს ლუქის მთლიანობის შესახებ.

კითხვა: იცავს თუ არა კანონი ანდერძის საიდუმლოს?

პასუხი: კანონი იცავს ანდერძის საიდუმლოებას. უფრო კონკრეტულად, ნოტარიუსს, სხვა პირს, რომელმაც დაადასტურა ანდერძი, მოწმეს, ასევე პირებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ანდერძს მოანდერძის ნაცვლად, უფლება არა აქვთ სამკვიდროს გახსნამდე გაამხილონ ცნობები, რომლებიც შეეხება ანდერძის შინაარსს, მის შედგენას, შეცვლას და გაუქმებას.

სანოტარო წესით დადასტურებული ანდერძი ინახება ნოტარიუსთან. სხვა ანდერძი, მოანდერძის სურვილისამებრ, შეიძლება შეინახონ სახლში, ბანკის ცეცხლგამძლე კარადაში ან გადაეცეს შესანახად ნაცნობსა თუ მეგობარს. ანდერძის ასეთ შენახვას თან სდევს მისი დაკარგვის, დაღუპვის, დოკუმენტის გაფუჭების რისკი. ანდერძის გადაცემა შესანახად ნოტარიუსისათვის ათავისუფლებს მოანდერძეს ასეთი საზრუნველისაგან. ამიტომ უმჯობესია ანდერძი (დალუქული კონვერტი) შესანახად ნოტარიუსს მიენდოს.

ანდერძის შედგენის დროს მოანდერძემ, ცხადია, არ იცის ვინ გარდაიცვლება ადრე – თვითონ ის, თუ მის მიერ დანიშნული მემკვიდრე. მან არ იცის ასევე, მოისურვებს თუ არა დანიშნული მემკვიდრე სამკვიდროს მიღებას. ამიტომაცაა, რომ კანონი ითვალისწინებს მოანდერძის მიერ მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნის უფლებას. მოანდერძეს შეუძლია მემკვიდრის მემკვიდრედ ანდერძში დაასახელოს პირი, როგორც კანონით მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშეც.
აქედან გამომდინარე, სათადარიგო მემკვიდრე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომელიც საერთოდ შეიძლება იყოს მემკვიდრე.

მოანდერძეს შეუძლია შეიტანოს ანდერძში განსაკუთრებული განკარგულებები, რომლებითაც აკისრებს მემკვიდრეებს სამკვიდროს ხარჯზე ერთი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულებას. მოანდერძის ასეთ განკარგულებას საანდერძო დანაკისრი (ლეგატი) ეწოდება, ხოლო პირს, რომლის სასარგებლოდაც ეს კეთდება - საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი). კონკრეტულობისთვის განვიხილოთ მაგალითი: თუ მეუღლეს, რომელსაც ქონება ეანდერძა, დაეკისრება მამკვიდრებლის ქალიშვილისთვის პიანინოს შეძენა, მაშინ ასეთი განკარგულება იქნება ლეგატი, ქალიშვილი ლეგატარი, ხოლო მეუღლე - მემკვიდრე, რომელიც დატვირთულია ლეგატით.

კითხვა: არსებობს თუ არა საანდერძო დანაკისრი ანდერძის გარეშე?

პასუხი: ანდერძის გარეშე საანდერძო დანაკისრი არ არსებობს. ამიტომ სხვა დოკუმენტის (ანდერძის გარდა) შედგენა და ამ დოკუმენტით მემკვიდრისათვის რაიმე მოქმედების შესრულების დაკისრება სხვა პირის სასარგებლოდ არ გამოიწვევს იურიდიულ შედეგს.

კანონი ცალკე ითვალისწინებს მოანდერძის უფლებას დააკისროს მემკვიდრეს, რომელსაც საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი სადგომი უნდა გადაეცეს, სადგომით ან მისი განსაზღვრული ნაწილით მუდმივი სარგებლობის უფლების გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც მამკვიდრებელთან ერთად ცხოვრობდა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში სამკვიდროს გახსნამდე.

კითხვა: ინარჩუნებს თუ არა პირი ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, საცხოვრებელი სახლი შემდგომში სხვის საკუთრებაში გადავიდა?

პასუხი: ასეთი პირი სიცოცხლის მანძილზე ინარჩუნებს ამ უფლებას, თუნდაც საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა საცხოვრებელი სადგომი შემდგომში სხვის საკუთრებაში გადავიდეს, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ საცხოვრებელი სადგომით მუდმივი სარგებლობის უფლება გაუსხვისებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაიშვება ლეგატარისაგან მისი სხვა პირისათვის გადაცემა. ეს უფლება არც ლეგატარის მემკვიდრეებზე გადადის და არ წარმოადგენს ამ სადგომით ლეგატარის ოჯახის წევრების ცხოვრების საფუძველს.

თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს დავალებული, თითოეული ასრულებს მას სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად.

იმ შემთხვევაში, როდესაც ანდერძით მემკვიდრეს, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება ევალება, სავალდებულო წილის მიღების უფლებაც აქვს (სავალდებულო წილის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შესახებ ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ვისაუბრეთ), მაშინ იგი საანდერძო დანაკისრს ასრულებს მისთვის ნაანდერძები სამკვიდროს მხოლოდ იმ ნაწილის ფარგლებში, რაც სავალდებულო წილის ზემოთ მიიღო.

კითხვა: რა ვადაა დაწესებული საანდერძო დანაკისრის შესრულებისთვის და რა მოხდება მაშინ, თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის მის მიღებაზე?

პასუხი: საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან, მაგრამ თუ იგი უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე, - სამკვიდროს შესაბამისი ნაწილი დარჩება იმ მემკვიდრეს, რომელსაც დაეკისრა საანდერძო დანაკისრების შესრულება.

ლეგატარს შეიძლება ჩამოერთვას დანაკისრის მიღების უფლება იმავე საფუძვლით, რომელიც იწვევს მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას. ამასთან, საანდერძო დანაკისრის შეცვლა ან გაუქმება იმავე წესით უნდა მოხდეს, როგორც ანდერძის შეცვლა და გაუქმება.

თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები პირი სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ მოასწრო თანხმობის გამოთქმა დანაკისრის მიღებაზე, აღნიშნული უფლება გადადის მემკვიდრეებზე, რომლებიც გარდაცვლილის მაგივრად მიიღებენ დანაკისრს.

კითხვა: შეიძლება თუ არა მემკვიდრისათვის მოქმედების შესრულების დაკისრება საერთო სარგებლობის მიზნით და განსხვავდება თუ არა აღნიშნული ისეთი საანდერძო დანაკისრისგან, რომელიც უშუალოდ ქონებას ეხება?

პასუხი: დიახ, შეიძლება. ამ შემთხვევაში რაიმე მოქმედების შესრულების დაკისრება ხდება არა კონკრეტული პირის, არამედ პირთა განსაზღვრული წრის ინტერესებისათვის. რაიმე მოქმედების შესრულებას საერთო სარგებლობის მიზნით შეიძლება ჰქონდეს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ხასიათი (მაგალითად, მამკვიდრებელმა უანდერძა რა მემკვიდრეს თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა, დააკისრა გააცნოს იგი ყველა მსურველს), მაგრამ თუ დაკისრებული მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოიყენება საანდერძო დანაკისრის მარეგულირებელი ნომრები.

მოანდერძის სიცოცხლეში ანდერძით მემკვიდრეებს მოანდერძის მიმართ არავითარი უფლებები არ წარმოეშობათ. მოანდერძე სიცოცხლეში სარგებლობს ანდერძში მოხსენიებულ ქონებაზე შეუზღუდავი უფლებებით. მას ყოველთვის შეუძლია შეცვალოს ან მოშალოს ანდერძი. საყურადღებოა, რომ ახალი ანდერძი პირდაპირ აუქმებს წინა ანდერძს ან მის ნაწილს, რომელიც ახალ ანდერძს ეწინააღმდეგება.

კითხვა: დავუშვათ, მოანდერძემ ადრე შედგენილ ანდერძში გაითვალისწინა მემკვიდრეს გადასცეს მხოლოდ საცხოვრებელი ბინა, ხოლო მოგვიანებით შედგენილ ანდერძში - აგარაკი და ავტომანქანა. რომელ ანდერძში მითითებულ ქონებას მიიღებს ანდერძით მემკვიდრე?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში ძალაში დარჩება როგორც თავდაპირველი, ისე შემდგომი ანდერძი და ანდერძით მემკვიდრე მიიღებს როგორც საცხოვრებელ ბინას, ისე აგარაკსა და ავტომანქანას.

რამდენიმე ანდერძის არსებობის შემთხვევაში, თუ ანდერძებიდან და სხვა გარემოებებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, როემლიც ადრე ან უფრო გვიან შედგენილი და ამასთან ურთიერთსაწინააღმდეგო განკარგულებებს შეიცავენ, - ყველა ანდერძი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ანდერძი სათანადოდ უნდა აღსრულდეს. ანდერძის აღსრულება ნიშნავს მოანდერძის ნების განხორციელებას. აღნიშნულის აღსრულება კი ანდერძით მემკვიდრეებს ეკისრებათ. თუ მოანდერძემ ანდერძში არ მიუთითა, კონკრეტულად რომელ მემკვიდრეს ევალება ანდერძის აღსრულება, აღნიშნული შეიძლება მოხდეს ანდერძით მემკვიდრეებს შორის ურთიერთშეთანხებით - ერთ-ერთი მემკვიდრის ან სხვა პირის მიერ.

ანდერძის აღმსრულებელს შეიძლება დაეკისროს ანდერძის მთლიანად ან მისი ცალკეული განკარგულებების აღსრულება. ანდერძის აღმსრულებელი ვალდებულია სამკვიდროს გახსნის მომენტიდანვე შეუდგეს სამკვიდროს დაცვასა და მართვას. იგი უფლებამოსილია შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია ანდერძის აღსრულებისათვის. ამ უფლებამოსილების ფარგლებში მემკვიდრეები კარგავენ სამკვიდროს მართვის უფლებას. სამკვიდროს დაცვა და მართვა რამდენიმე აღმსრულებლის მიერ (თუ ანდერძის აღმსრულებელი რამდენიმეა), დაიშვება მხოლოდ სამკვიდროს დაცვის მიზნით, სხვა შემთხვევებში საჭიროა მათ შორის შეთანხმება.

კითხვა: გარკვეული გასამრჯელოს ფასად სრულდება ანდერძის აღსრულება თუ უსასყიდლოდ?

პასუხი: ანდერძის აღმსრულებელი ამ მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებს, თუმცა გამორიცხული არ არის გასამრჯელოც მიიღოს, თუ ეს ანდერძითაა გათვალისწინებული. ანდერძის აღმსრულებელს აქვს სამკვიდროდან იმ აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების უფლება, რაც მან გასწია სამკვიდროს დაცვასა და მართვაზე.

კანონის თანახმად, ანდერძის აღსრულების შემდეგ, ანდერძის აღმსრულებელი მოვალეა მემკვიდრეების მოთხოვნით წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ის თავის ფუნქციებს ასრულებს ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე. თუ ანდერძის აღმსრულებელი თავის მოვალეობას არ ასრულებს, იგი შეიძლება გადააყენოს სასამართლომ დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ ანდერძის აღმსრულებელი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რაც გამოიწვია მის მიერ ანდერძით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან გადახვევამ. ამასთან, ის ზიანისათვის პასუხს აგებს იმ შემთხვევაში, თუ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრის გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი კანონით დადგენილი წესით, რომელიც ერთნაირია როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს.

სამკვიდროს მიღების უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება მის ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

კითხვა: ჩაითვლება თუ არა სამკვიდროს მიღებად ისეთი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მემკვიდრე მიღებაზე უარს ამბობს სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ?

პასუხი: დიახ, ასეთი მოქმედება კანონის თანახმად მაინც სამკვიდროს მიღებად ჩაითვლება.

თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, ნებას. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ მოითხოვს კანონი სამკვიდროს მისაღებად სამკვიდროს მიმღების ნებას. ეს ხდება მაშინ, როცა სამკვიდრო ხაზინის საკუთრებაში გადადის. სამკვიდროს გადასვლა ხაზინაზე სახელმწიფოს ამა თუ იმ ორგანოს სურვილის მიუხედავად ხდება.

სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის თავის სახელზე გაფორმებისათვის (მაგალითად, დოკუმენტს სახლზე საკუთარი უფლების შესახებ), ეს გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა.

კითხვა: როდიდან უნდა იქნეს მიღებული სამკვიდრო და შეიძლება თუ არა მისი მიღება წარმომადგენლობის მეშვეობით?

პასუხი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ის შეიძლება მიიღოს როგორც პირადად, ისე წარმომადგენლობის მეშვეობით.

სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ამ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. საყურადღებოა, რომ ვადის გასვლის შედეგად სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

სამკვიდროს მიღების განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს სამკვიდროს მიღების უფლების გადასვლა სხვა მემკვიდრეებზე. მოქმედი კანონის თანახმად, თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე. აქ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა მემკვიდრემ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება დადგენილ ვადაში.

მემკვიდრეობით სამკვიდროს მიღების უფლების გადასვლას უწოდებენ ტრანსმისიას, მემკვიდრეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების უფლება გადადის სხვა პირზე - ტრანსმიტენტს, ხოლო პირს, რომელზეც სამკვიდროს მიღების უფლება გადადის - ტრანსმისარს. მაგალითად, თუ პირი გარდაიცვალა და სამკვიდროს მისაღებად მიიწვიეს მისი შვილი (ტრანსმიტენტი), მაგრამ ეს უკანასკნელიც გარდაიცვალა, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გასვლამდე ისე, რომ ვერ მოასწრო სამკვიდროს მიღება, ასეთ შემთხევაში მისი წილის მიღების უფლება გადავა მის მემკვიდრეზე (ტრანსმისარზე).

მემკვიდრეობითი ტრანსმისია არსებითად განსხვავდება მემკვიდრეობისაგან წარმომადგენლობის უფლებით. ეს უკანასკნელი მხოლოდ კანონით მემკვიდრეობის დროს ხდება, მემკვიდრეობითი ტრანსმისია კი, როგორც კანონით, ისე ანდერძით მემკვიდრეობის დროს.

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს სამკვიდრო ხაზინის სარგებლობაში?

პასუხი: სამკვიდრო ხაზინის სარგებლობაში იმ შემთხვევაში გადადის, როცა მამკვიდრებელს არ დარჩენია არც ერთი რიგის მემკვიდრე ან თუ ყველა მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა. ამასთან ერთად განვმარტავთ, რომ არ დაიშვება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. რაც შეეხება მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში, შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ქმედუუნარო და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირმა უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე?

პასუხი: ქმედუუნარო და შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის უარი სამკვიდროს მიღებაზე დაიშვება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით.

კანონის თანახმად, რამდენადაც სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა, ისე როგორც სამკვიდროს მიღება, ცალმხრივი გარიგებაა, მის მიმართ გამოიყენება საერთო წესები გარიგების ბათილად ცნობის შესახებ. უარის თქმა სამკვიდროს მიღების უფლებაზე სასამართლომ შეიძლება ბათილად ცნოს, თუ ის მოხდა: იმ პირის მიერ, რომელსაც უარის თქმის მომენტში არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედება და ეხელმძღვანელა მისთვის მოტყუების, ძალადობის, მუქარის გავლენით და კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლებით, რომლებიც გარიგების ბათილობას იწვევს. დავებისათვის, რაც შეიძლება გამოიწვიოს სამკვიდროს მიღებამ ან მიღებაზე უარის თქმამ, გარკვეული ვადაა დადგენილი. სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი.

მემკვიდრეობის სამართლებრივ ურთიერთობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სამკვიდროს გაყოფა კანონით ანდერძით ან მემკვიდრეებს შორის. თუ მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფის თაობაზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება, - გაყოფა სასამართლო წესით მოხდება. სასამართლომ ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.

მაგალითად, თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სტომატოლოგია და სამკვიდროში შედის სტომატოლოგიური კაბინეტის მოწყობილობა, ბუნებრივი იქნება, ეს კონკრეტული ქონება მას ერგოს. სასამართლოში სამკვიდროს გაყოფის საქმის განხილვისას, პროცესის ყველა სტადიაზე დასაშვებია მხარეთა შეთანხმება (მორიგება), რაც სასამართლოს მიერ უნდა დადასტურდეს. პრაქტიკულად სამკვიდროს გაყოფის საკითხი არ დადგება, როცა მემკვიდრეებს ეანდერძათ კონკრეტული ნივთები, ე.ი. როცა სამკვიდრო თვით მოანდერძის მიერაა განაწილებული მემკვიდრეთა შორის. მოანდერძეს შეუძლია ასევე ანდერძით განსაზღვროს სამკვიდროს გაყოფის წესი. კერძოდ, მას შეუძლია სამკვიდროს გაყოფა მიანდოს მესამე პირს, მაგრამ თუ აღნიშნული პირის გადაწყვეტილება ქონების გაყოფის შესახებ უსამართლო იქნება, იგი არ არის სავალდებულო მემკვიდრეებისათვის, რაც იმით გამოიხატება, რომ მათ უფლება აქვთ სამკვიდროს სწორად გაყოფის თაობაზე მიმართონ სასამართლოს და გაყოფა მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სამკვიდროს გაყოფისას ქონება, როგორც წესი, ნატურით იყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მემკვიდრეს შეუძლია მოითხოვოს თავისი წილის გამოყოფა ნატურით, როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონებიდან, თუ ასეთის გამოყოფა შესაძლებელია ან აკრძალული არ არის კანონით.

კითხვა: რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა სამკვიდროს საგანი გაუყოფელია, ე.ი. ისეთი ნივთია, რომლის ნატურად გაყოფა გამოიწვევს მისი სამეურნეო დანიშნულების მოშლას ან შესუსტებას?

პასუხი: ასეთი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება და ხდება მემკვიდრეთა საერთო საკუთრება მათი წილის მიხედვით, თუ სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრის შეთანხებით სხვა რამ არ არის დადგენილი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მემკვიდრეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ ეს ქონება გადაეცეს რომელიმე მემკვიდრეს, დანარჩენები კი მიიღებენ სამკვიდრო წილს სხვა ქონებიდან.

თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელია მთელი ქონების გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე, რომელიც, თავის მხრივ, მოვალეა სხვა თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია.

ზოგიერთ შემთხვევაში ქონების გაყოფისას მემკვიდრეებს უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის. მაგალითად, თუ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს, დავუშვათ მამასა და შვილს აქვთ საერთო საკუთრება რაიმე ქონებაზე, მამის გარდაცვალების შემთხევაში მისი წილი ამ საერთო ქონებიდან სამკვიდროში შევა. სწორედ ამ წილის მემკვიდრეობის უპირატესი უფლება აქვს შვილს, რომელიც თანამესაკუთრე იყო.

საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო მოხმარების საგნების მემკვიდრეობით მიღების უპირატესი უფლება აქვს მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ ერთი წლის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად.

კითხვა: უპირატესი უფლების განხორციელებისას გაითვალისწინება თუ არა სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც მონაწილეობდნენ სამკვიდროს გაყოფაში. სახელდობრ, თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ მემკვიდრეთა მოთხოვნით, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, სასამართლოს უფლება აქვს გადაავადოს კომპენსაცია მისი მოცულობის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) წლის ვადით.

ვინაიდან მემკვიდრე მამკვიდრებლის არა მხოლოდ უფლების, არამედ მოვალეობის უფლებამოსილიცაა, ვალდებულია დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თავისი წილის პროპორციულად, მიუხედავად იმისა, ის კანონით მემკვიდრეა თუ ანდერძით. როცა მამკვიდრებელს რამდენიმე მემკვიდრე დარჩა, შესაძლებელია მათი სოლიდარული პასუხისმგებლობაც. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე გადაიხდის ასეთ ვალს, მას უფლება  აქვს რეგულარული მოთხოვნა წაუყენოს სხვა მემკვიდრეებს თითოეული წილის პროპორციულად.

კითხვა: უშვებს თუ არა კანონი გამონაკლისს მამკვიდრებლის ვალების გადახდის დროს იმ მემკვიდრეთათვის, რომლებმაც  მხოლოდ სავალდებულო წილი მიიღეს?

პასუხი: კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ მემკვიდრეთა მიმართ, რომლებმაც სავალდებულო წილი მიიღეს: ისინიც პასუხისმგებელი არიან მამკვიდრებლის ვალებისათვის.

კანონის თანახმად, მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალი აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ.

მოანდერძეს შეუძლია მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს.

კითხვა: არიან თუ არა ვალდებული მემკვიდრეები შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ?

პასუხი: დიახ, კანონის თანახმად მემკვიდრეებს აკისრიათ ასეთი ვალდებულება, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომის დღიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამ წესის დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნაზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვით და მართვით.

კითხვა: როგორ წყდება მამკვიდრებლის ვალების გასტუმრების საკითხი, როდესაც მამკვიდრებელს არ დარჩენია მემკვიდრეები და უმკვიდრო ქონება სახელმწიფოს სარგებლობაში გადავიდა?

პასუხი: მსგავს შემთხვევაში, სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

რაც შეეხება კრედიტორის მოთხოვნებს, იგი კანონით ან ანდერძით მემკვიდრეებმა უნდა დააკმაყოფილონ ერთჯერადი გადახდის გზით, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი (ამ შემთხვევაში, შეთანხმებაში იგულისხმება ვალების ნაწილ-ნაწილ გადახდა).

სამკვიდროს გახსნის შემდეგ ზოგჯერ მემკვიდრეები ადგილზე არ იმყოფებიან ან არ იციან სამკვიდროს გახსნის შესახებ, ზუსტად არ არის ცნობილი სამკვიდროს შემადგენლობა, მემკვიდრეები და სხვა. საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად, სამკვიდროს გახსნის ადგილის ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებელის ან საკუთარი ინიციატივით იღებს აუცილებელ ზომებს სამკვიდროს დაცვისათვის. კანონით დადგენილია, რომ მემკვიდრეს, რომელიც სხვა მემკვიდრეების გამოცხადებას არ დაელოდება და სამკვიდროს მართვას ან ფლობას შეუდგება, უფლება აქვს განკარგოს სამკვიდრო, მისი გახსნის დღიდან 6 თვის გასვლამდე ან სამკვიდრო მოწმობის მიღებამდე.

მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს, მათი მოთხოვნის საფუძველზე სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ სამკვიდროს გახნის დღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს.

კითხვა: შეიძლება თუ არა სამკვიდრო მოწმობის მიღება 6-თვიანი ვადის გასვლამდე?

პასუხი: ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.

თუ მემკვიდრე, რომელიც მოწვეულ იყო სამკვიდროს მისაღებად, გარდაიცვალა სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ ვერ მოასწრო მისი დადგენილ ვადაში მიღება, მის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიიღონ სამკვიდრო მოწმობა ქონებაზე, რომელიც დარჩა თავდაპირველი მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ.
სამკვიდრო მოწმობა არ შეიძლება გააუქმოს ან შეცვალოს ნოტარიუსმა, რომელმაც ის გასცა. მოწმობა შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. იგივე ორგანო იხილავს სამკვიდრო მოწმობის მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ყველა სადავო საკითხსაც.
   
ირინე ღლონტი