ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
კითხვა–პასუხი
კითხა-პასუხი #12 (დეკემბერი), 2008
ამ რუბრიკით ჟურნალში ქვეყნდება პასუხები ჩვენი მკითხველების იმ შეკითხვებზე, რომლებიც ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობასა და სამოქალაქო სამართალს შეეხება. დასმულ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ შპს "ააფ-მენეჯმენტი"-ს მენეჯერები, ქართული აუდიტური კომპანიების - შპს "ცოდნისა"-ს და შპს "ააფ კონსალტინგი"-ს აუდიტორები, საქართველოს სხვა წამყვანი საკონსულტაციო ფირმების სპეციალისტები.

შეკითხვები მიიღება წერილობითი სახით, ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა საშუალებით. უშუალოდ რედაქციიდან ჟურნალის ხელმომწერებს შეუძლიათ შეკითხვით მოგვმართონ ტელეფონის მეშვეობითაც. ანონიმური შეკითხვები მიღებული არ იქნება! თუმცა შეკითხვის ავტორთა ვინაობა ჟურნალში არ გამოქვეყნდება.

შეკითხვები მიიღება ელექტრონული ფოსტით: aaf@geo.net.ge  ან ტელ/ფაქსით:39-33-50.

ჟურნალის უშუალოდ რედაქციიდან ხელმომწერთა შეკითხვებისათვის ტელ.:39-33-46, 39-33-47.

წინამდებარე ნომერში მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი ჯუმბერ ბოხაშვილი.

კითხვა: შემექმნა გაურკვევლობა ფიზიკური პირის ქონების დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით. მყავს დედა, მეუღლე და 2 სრულწლოვანი შვილი. ოჯახის წევრების ხელფასების წლიური ჯამი მეტია 42000 ლარზე. გთხოვთ მიპასუხოთ:

1) ვის ეკუთვნის სახელფასო დეკლარაციის შევსება, თუ ოჯახი შედგება 5 წევრისაგან (ბებია, დედა, მამა, ვაჟიშვილი და ქალიშვილი)? ყველა ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ ჩაწერილი ვართ სხვადასხვა ბინებში;


2) რა ჩაითვლება ჩემს ქონებად, თუ მე შევავსებ დეკლარაციას? ჩემი შვილის მანქანა და სააგარაკე მიწის ნაკვეთი არის თუ არა ჩემი ქონება?


3) პირადად ჩემს სახელზე არცერთი ბინა ირიცხება. რა უნდა ვაღიაროთ ჩემს ქონებად?


4) რა თანხა მექნება გადასახდელი, ან რა საპროცენტო განაკვეთებს ითვალისწინებს კანონმდებლობა და რა თანხიდან (ქონებიდან თუ ხელფასიდან)?


პასუხი: 1) უპირველეს ყოვლისა, შევნიშნავთ, რომ ჩაწერის ინსტიტუტი უკვე კარგა ხანია გაუქმებულია ჩვენს ქვეყანაში. ამ სიტყვის ქვეშ, როგორც ჩანს, გულისხმობთ საპასპორტო რეგისტრაციის ადგილს, რომელიც არ არის გადამწყვეტი ოჯახის განსაზღვრისათვის. სსკ მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, პირის ოჯახი არის "პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და ეწევიან საერთო მეურნეობას". ამ განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ რეალურად, საგადასახადო მიზნებისათვის ხუთივენი ერთი იჯახის წევრებს წარმოადგენთ.

2)-3) ვინაიდან ოჯახის წევრთა ჯამური შემოსავალი გასულ წელს აჭარბებდა 40000 ლარს, ქონების გადასახადის დეკლარაცია უნდა წარადგინოს ოჯახის იმ წევრმა ან წევრებმა, რომელთაც თავის საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება, ანდა, შესაძლებელია, რომ წარდგინდეს საოჯახო დეკლარაცია სსკ 275-ე მუხლის მიხედვით. ამ მუხლის მე-2 და მე 3 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ:

"2. თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი, ამ პირთაგან ნებისმიერ სრულწლოვან ფიზიკურ პირს აქვს უფლება, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც აისახება ამ პირის, ასევე ოჯახის სხვა წევრების დაბეგვრის ობიექტები. ამ შემთხვევაში დეკლარაციის წარმდგენ პირს ოჯახის სხვა წევრებთან მიმართებით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით ენიჭება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის უფლებამოსილება და მითითებულ საგადასახადო ვალდებულებებზე ეკისრება გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ითვლება, რომ ოჯახის სხვა წევრმაც (წევრებმაც)  შეასრულა (შეასრულეს) ქონების გადასახადის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულება".

4) მსუბუქ ავტომანქანებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები დიფერენცირებულია მსუბუქი ავტომობილის სახეობის ძრავის მოცულობის და ხნოვანების მიხედვით და მოცემულია სსკ 273-ე მუხლის მე-4 ნაწილში. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის ხარისხის მიხედვით და განსაზღვრულია სსკ 273-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება სსკ 273-ე მუხლის მე-9 ნაწილით და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებით, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, მათზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით (40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში - გათავისუფლებულნი არიან უძრავ ქონებაზე, მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზეც, ქონების გადასახადისაგან) და 2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული იყო შემდეგი ოდენობით:

"ა) 60 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ' უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა;

ბ) 60 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,2 პროცენტისა და არა უმეტეს 0,4 პროცენტისა;

გ) 100 000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,4 პროცენტისა და არა უმეტეს 0,8 პროცენტისა".
 
დავამატებთ, რომ ქ. თბილისში ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, უძრავ ქონებაზე დადგენილი გადასახადის წლიური განაკვეთები 2008 წელს შესაბამისად შეადგენდა 0,2%, 0,4% და 0,8%-ს.

კითხვა: შპს-მ იქირავა საოფისე ფართი გადამხდელად არარეგისტრირებული რეზიდენტი ფიზიკური პირისაგან 2008 წლის 1 ოქტომბერს შემდეგი პირობებით:

1. ქირავნობის ვადა 3 წელი;


2. თვიური საიჯარო გადასახადი - 4000 ლარი (დარიცხული), პლუს კომუნალური გადასახადები.


3. ორი თვის საიჯარო ქირა გადასახდელია წინასწარ ხელშეკრულების დადებისთანავე.


4. ფართი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 50 000 ლარს;


5. რემონტი განხორციელდება მოიჯარის მიერ, სამაგიეროდ მეიჯარე არ გადაახდევინებს მოიჯარეს 3 თვის საიჯარო თანხას (12000 ლარს).


რემონტი დასრულდა 30 ნოემბერს, რაზეც სამშენებლო კომპანიამ მოიჯარის სახელზე წარმოადგინა დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა.

გთხოვთ მოგვცეთ განმარტება, როგორ აისახება ეს ოპერაცია მოიჯარის ბუღალტრულ აღრიცხვაში ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების მიხედვით. გვაინტერესებს შესაბამისი ბუღალტრული გატარებებიც.

პასუხი: შეკითხვაში არ არის მითითებული, რომ შპს დღგ-ის გადამხდელია, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ის არ არის დღგ-ის გადამხდელი. ასევე ვვარაუდობთ, რომ 1 თვის იჯარის ღირებულება - 4000 ლარი არის თანხა დარიცხვით, რომლიდანაც მოიჯარე უკავებს მეიჯარე ფიზიკურ პირს საშემოსავლო გადასახადს 25%-ის ოდენობით. დავუშვათ აგრეთვე, რომ მეიჯარე ფიზიკურ პირთან ანგარიშსწორებებს შპს აღრიცხავს 3130/2 ქვეანგარიშზე.

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მოიჯარის მიერ იჯარით აღებული ფართის რემონტზე გაწეული დანახარჯები, გარდა იმ დანახარჯებისა, რომლებიც ანაზღაურებული ან კომპენსირებული იქნებიან მეიჯარის მიერ, აღიარდება მოიჯარის ძირითად საშუალებად, ბუღალტრულ ანგარიშზე 2190 "იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობა". შემდგომ მას დაერიცხება ცვეთა სასარგებლო სამსახურის ვადის განმავლობაში, ოღონდ არა უმეტეს იჯარის ვადის განმავლობაში. ვინაიდან 3-წლიანი იჯარა დაიწყო 1 ოქტომბერს, ხოლო რემონტზე ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა 30 ნოემბერს, ანუ ორი თვით გვიან, "იჯარით აღებული ქონების კეთილმოწყობაზე" ცვეთის დარიცხვა მოხდება 34 თვის განმავლობაში. მეიჯარის მიერ მოიჯარისთვის იჯარით აღებული ფართის რემონტზე გაწეული დანახარჯების კომპენსაცია მოიჯარისთვის წარმოადგენს "სხვა რეალიზაციას". მოცემულ შემთხვევაში ბუღალტრულ გატარებებს ექნებათ სახე:

01.10.2008. დ-ტი 3130/2 კ-ტი 1110 ან კ-ტი 1210  6000=;
                    დ-ტი 3130/2 კ-ტი 3320  2000=;
                    დ-ტი 1720 კ-ტი 3130/2  8000=;

31.10.2008. დ-ტი 7420 კ-ტი 1720  4000=;

30.11.2008. დ-ტი 7420 კ-ტი 1720  4000=;

რემონტის დასრულების თარიღით: დ-ტი 2190 კ-ტი 3110 41000=;
                                                    დ-ტი 16xx კ-ტი 3110 9000=;
                                                    დ-ტი 3130/2 კ-ტი 6190 9000=,
                                                    დ-ტი 6190 კ-ტი 16xx 9000=;
                                                    დ-ტი 1720 კ-ტი 3130/2 12000=;
                                                    დ-ტი 3130/2 კ-ტი 3320 3000=;

31.12.2008. დ-ტი 7420 კ-ტი 1720 4000=;
31.01.2009. დ-ტი 7420 კ-ტი 1720 4000=;
29.02.2009. დ-ტი 7420 კ-ტი 1720 4000=.

2008 წლის ბოლომდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, იჯარით (გარდა ფინანსური იჯარით ანუ ლიზინგით) აღებულ ქონებაზე მოიჯარის მიერ გაწეული სარემონტო ხარჯები არ აღიარდებოდა მოიჯარის გამოსაქვით ხარჯებად. აქვე აღვნიშნავთ, 2009 წლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, ეს საკითხი უკვე არსებითად სხვაგვარად არის გადაჭრილი საგადასახადო კუთხით.

კითხვა: ავარიული კორპუსის მობინადრეების ინიციატივით 2006 წელს დარეგისტრირდა ამხანაგობა "A", რომელშიც წევრებად გაერთიანდნენ ამ კორპუსის მობინადრეები და სამშენებლო-საპროექტო კომპანია "B" (კომპანია "B" არის დღგ-ის გადამხდელი). ამხანაგობის მიზანია დაანგრიოს ავარიული კორპუსი და მის ადგილას ააშენოს ახალი საცხოვრებელი კორპუსი. ყველა მობინადრე ამხანაგობაში შევიდა თავისი წილი ფართით (რაც მათ საკუთრებაში იყო ავარიულ კორპუსში), ხოლო კომპანია "B" 200 000 ლარით და იმ პირობით, რომ თვითონ შეასრულებს მშენებლობასა და პროექტირებას. კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამხანაგობა დაიშლება, რადგან ყოველი მობინადრე მიიღებს მის კუთვნილ ფართს, ხოლო დარჩენილი თავისუფალი ფართი წარმოადგენს კომპანია "B"-ს საკუთრებას, რომელიც შეუძლია გაყიდოს.

2007 წლის განმავლობაში კომპანია "B"-მ დაანგრია ძველი კორპუსი და დაიწყო მშენებლობა, რომელზედაც პერიოდულად ამხანაგობა "A"-სთვის გამოწერილი აქვს ანგარიშ-ფაქტურები. ასევე მან მოახდინა თავისი წილი ფართის ნაწილის დათმობა რამდენიმე ფიზიკური პირისათვის, რომლებიც გახდნენ ამხანაგობის ახალი წევრები. გთხოვთ განგვიმარტოთ, წილის დათმობის ეს ოპერაციები კომპანია "B"-სთვის წარმოადგენს თუ არა დღგ ით დასაბეგრ ოპერაციას? რა სახის გატარებებია საჭირო ამ ოპერაციის აღწერისათვის საბუღალტრო ფაილში?

ასევე, კომპანია "B"-მ როგორ უნდა აღრიცხოს თავის ბუღალტერიაში ამხანაგობასთან ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ სამუშაოს შესრულების ყოველ ეტაპზე ახორციელებს ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას?


პასუხი: როგორც შეკითხვიდან ჩანს, კომპანია "B"-მ თავისი წილი ფართის ნაწილის დათმობა ფიზიკური პირებისათვის განახორციელა ამ ფიზიკური პირებისათვის ამხანაგობაში წილის დათმობის გზით (ისინი გახდნენ ამხანაგობის ახალი წევრები). ერთობლივ საქმიანობაში (ამხანაგობაში) "წილის დათმობა" სხვა არაფერია, თუ არა "წილის რეალიზაცია" (სასყიდლით ან უსასყიდლოდ). ვინაიდან ერთობლივ საქმიანობაში (ამხანაგობაში) წილი არც ფასიანი ქაღალდია და არც საწესდებო კაპიტალში წილი, ამიტომ 2008 წელს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, ერთობლივ საქმიანობაში (ამხანაგობაში) "წილის რეალიზაცია" წარმოადგენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ამ ოპერაციის ბუღალტრულად აღწერისათვის საჭიროა სხვადასხვა მონაცემები, რაც შეკითხვიდან არ ჩანს. თუ დავუშვებთ, რომ ამხანაგობაში წილის რეალიზაცია მოხდა სასყიდლით, ოღონდ საფასურის - X ლარის მოგვიანებით გადახდით, ხოლო ამხანაგობაში წილის ფლობა აღრიცხული იყო 2430 ანგარიშზე Y ლარის თვითღირებულებით, მაშინ ბუღალტრულ გატარებებს ექნება სახე:

    დ-ტი 1410 კ-ტი 6190  X;
    დ-ტი 6190 კ-ტი 3330  (X/1,18)*18%;
    დ-ტი 6190 კ-ტი 2430  Y.

რაც შეეხება კითხვას, თუ "კომპანია "B"-მ როგორ უნდა აღრიცხოს თავის ბუღალტერიაში ამხანაგობასთან ურთიერთობა, გარდა იმისა, რომ სამუშაოს შესრულების ყოველ ეტაპზე ახორციელებს ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას", მოკლედ შეგვიძლია ვუპასუხოთ: უნდა აღრიცხოს დაახლოებით ისე, როგორც შვილობილ საწარმოსთან ურთიერთობები.

უფრო ვრცლად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სცილდება "კითხვა-პასუხის" რუბრიკის ფორმატის ფარგლებს.

კითხვა: შპს-ს გააჩნდა ზედმეტად გადახდილი თანხები ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სატელეფონო მომსახურების. ზედმეტად გადახდილი ჩანდა ბუღალტრულად, თორემ ეს თანხა თავის დროზე გადასახდელი იყო და გადაიხადეს კიდეც, მაგრამ არ მოუთხოვიათ დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტები. შპს-ში ჩემი მისვლისას ორგანიზაციებს მივმართე წერილებით, რომლებშიც ვთხოვდი, რომ  მოეცათ ჩვენთვის დოკუმენტი - ცნობა ან სხვა, სადაც მითითებული იქნებოდა ორგანიზაციებს შორის არსებული დავალიანებების მდგომარეობა (ძველ წლებში კომპიუტერული სისტემის არარსებობისა და ბარათებზე მუშაობის გამო ინფორმაციის მოძიება შეუძლებლად მიიჩნიეს და უარი მითხრეს. მაგათიც მესმის - ათი ათასობით აბონენტი ყავთ). მომცეს ცნობები, სადაც შემდეგნაირად წერია: `შპს "X"-ს ეძლევა ცნობა # მასზედ, რომ მისი რიცხული დავალიანება ჩვენი ორგანიზაციის მიმართ შეადგენს 0,00 ლარს". შემიძლია თუ არა ასეთი შინაარსის ცნობების საფუძველზე ვითომ ზედმეტად გადახდილი თანხები გავაკორექტირო არასაოპერაციო ზარალით და რამდენად სწორი იქნება ეს?

პასუხი: ფინანსური აღრიცხვის თვალსაზრისით, ეს სწორია და ასეც უნდა მოიქცეთ, ანუ უნდა მოხდეს მათი განულება ბუღალტრული გატარებით: დ-ტი 7499 ან 8299 კ-ტი 1480; მაგრამ საგადასახადო თვალსაზრისით, ამ ჩამოწერილ თანხებს ხარჯებში ვერ გაატარებთ, რადგან მოცემულ შემთხვევაში ცნობა დავალიანების არქონის შესახებ, პირველადი დოკუმენტების არარსებობის პირობებში, უცილობლად არ ნიშნავს ხარჯის გაწევის ფაქტს.

კითხვა: ვმუშაობ შპს-ში, სადაც სრული სვლით მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. მასალების შეძენა ხდება ნაწილ-ნაწილ. მაინტერესებს, როგორ უნდა მოხდეს ამ ხარჯების გატარება, უნდა გამოანგარიშდეს მთელი წლის განმავლობაში გაწეული ხარჯი კონკრეტულ ძირითად საშუალებებზე და თუ თითოეულზე გაწეული ხარჯი მისი საბალანსო ღირებულების 5%-ზე მეტია, მოხდეს კაპიტალიზაცია, ხოლო თუ ნაკლებია, რემონტის ხარჯად აღიარდეს? თუ როგორ უნდა გატარდეს?

პასუხი: ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა. ამას იმიტომ ვწერთ, რომ ძირითადი საშუალებების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5%-ის ფარგლებში სარემონტო ხარჯების გამოქვითვა - წმინდა საგადასახადო დებულებაა, რომელსაც ფინანსურ (ე.ი. ბუღალტრულ) აღრიცხვასთან საერთო არაფერი აქვს.

ფინანსური აღრიცხვის თვალსაზრისით, ბასს 16 "ძირითადი საშუალებების" ახლანდელი რედაქციის თანახმად, თითოეულ ძირითად საშუალებაზე გაწეული ხარჯი, თუ ის არსებითია, ექვემდებარება აღიარებას ანუ ბუღალტრულ ბალანში ასახვას როგორც ცალკე ძირითადი საშუალება. მაგალითად, თუ თქვენ ბალანსზე გქონდათ ძირითადი საშუალება - შენობა და მისი ერთ-ერთი ოთახი გაარემონტეთ და კეთილმოაწყეთ სასადილო, სასადილოს რემონტის ხარჯები უნდა აიყვანოთ ბალანსზე ცალკე ძირითად საშუალებად, ანუ უნდა მოახდინოთ მისი კაპიტალიზაცია. მას შემდგომში დაერიცხება ცვეთა აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული წესების შესაბამისად.

საგადასახადო თვალსაზრისით, დასაშვებია ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯების ნაწილის გამოქვითვა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავლიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2008 წელს მოქმედი რედაქციით, 184 ე მუხლით განსაზღვრული იყო შემდეგნაირად:

"1. ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალ, სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დაიშვება ყოველწლიურად, საანგარიშო წლის წინა წლის ბოლოსათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.

2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს".

2009 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ამ მუხლის რედაქცია ასეთი გახდა:

"1. ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის თითოეულ ჯგუფში შემავალ, ეკონომიკურ საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა დასაშვებია ყოველწლიურად, საანგარიშოს წინა საგადასახადო წლის ბოლოსათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის 5 პროცენტამდე ოდენობით.

2. თანხა, რომელიც აღემატება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ზღვრულ დონეს, ზრდის შესაბამისი ჯგუფის ღირებულებით ბალანსს. ამასთანავე, ამ კოდექსის 183-ე მუხლით დადგენილი 100-პროცენტიანი საამორტიზაციო ანარიცხების ნორმების გამოყენებისას, რემონტის ხარჯები გამოიქვითება სრულად, ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვის გაუთვალისწინებლად".

კითხვა: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს შპს-ში როგორ უკავდებათ საშემოსავლო გადასახადი?

პასუხი: სსკ 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" პუნქტის თანახმად (რომელიც არ შეცვლილა 2008 წლის დეკემბრის ბოლოს მომხდარი საგადასახადო ცვლილებების შედეგად), "მეორე მსოვლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქის" მიერ "კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე" არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. მაგალითად, თუ წლის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქის ხელფასმა მის დამქირავებელ შპს-ში შეადგინა 3600 ლარი, მაშინ მას საშემოსავლო გადასახადი შპს-მ უნდა დაუკავოს მხოლოდ 600 ლარიდან.

კითხვა: ფიზიკურმა პირმა თავის საკუთრებაში არსებული მიწა აჩუქა ორგანიზაციას, რომელიც არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. დაიბეგრება თუ არა ორგანიზაცია მოგების გადასახადით მიწის საბაზრო ფასიდან? ფიზიკურ პირს ჩაეთვლება თუ არა მიწის ჩუქება მიწოდებაში და დაიბეგრება თუ არა საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლის მიხედვით?

პასუხი:  ორგანიზაციისათვის ქონების ჩუქებით მიღებული შემოსავალი არ მიეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებს, რომელთა ჩამონათვალი განსაზღვრულია სსკ 175-ე მუხლით. გარდა ამისა, სსკ 172-ე მუხლის "ბ" პუნქტში მითითებულია, რომ ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოწირულობები გათავისუფლებულია მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ორგანიზაცია, რომელსაც მიწა აჩუქეს, მოგების გადასახადით არ დაიბეგრება (ვგულისხმობთ, რომ თუ შეკითხვაში ნახსენებ ორგანიზაციაში იგულისხმება "ორგანიზაცია" სსკ 30-33-ე მუხლების მიხედვით).

რაც შეეხება ფიზიკური პირის დაბეგვრას, თუ მას აღნიშნული აქტივი საკუთრებაში ჰქონდა 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, მაშინ ის, ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით სსკ 168-ე მუხლის 1-"ვ" პუნქტის თანახმად და არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. სხვა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას ქონების გაჩუქებიდან ფაქტობრივი შემოსავალი არ მიუთია, მასზე მაინც გავრცელდება სსკ 210-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სადაც აღნიშნულია: "აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას მიმწოდებელი პირის მოგება განისაზღვრება როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული აქტივების ღირებულებას შორის".

ეს დებულება მოცემულ შემთხვევაზე გავრცელდება იმ გარემოების გამო, რომ მასთან დაკავშირებით არც ამ მუხლში და არც საგადასახადო კოდექსის სხვა რომელიმე მუხლში გამონაკლისები აღნიშნული წესიდან განსაზღვრული არ არის, გარდა ერთისა: როდესაც ქონების უსასყიდლოდ გადაცემა ხდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის (სსკ, მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" პუნქტი). ამიტომ, გარდა ამ გამონაკლისი შემთხვევისა, ორგანიზაციისათვის მიწის მჩუქებელ ფიზიკურ პირს (რომელსაც ეს მიწა საკუთრებაში ჰქონდა 2 წელზე ნაკლები ვადის განმავლობაში) ჩაეთვლება "სხვა შემოსავლის" მიღებად სსკ 176-ე მუხლის მიხედვით, რაც შეიტანება პირის დასაბეგრ ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისად, დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით (12%-იანი განაკვეთით).

კითხვა: ჩაუთვლელი დღგ როგორ უნდა გატარდეს ბუღალტრულად? თვითღირებულებას უნდა დაემატოს თუ 5410 ანგარიშიდან დაიფაროს?
 
პასუხი: საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი (ან გადასახდელი) დღგ, რომლის ჩათვლა ვერ მოხდა ამა თუ იმ მიზეზის გამო, უნდა დაემატოს იმ საქონლის ან მომსახურების თვითღირებულებას, რომლის შეძენა მოხდა. 5410 ან კაპიტალის სხვა ანგარიშები აქ არაფერ შუაშია.

კითხვა: შპს-ს შეუძლია თუ არა 2008 წლის შეძენილი ძირითადი საშუალებებიდან რამდენიმეს დაარიცხოს ცვეთა და რამდენიმეს კი არა?

პასუხი: არა, ასეთი რამ მიუღებელია როგორც ფინანსური, ასევე საგადასახადო თვალსაზრისით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შეძენილი ძირითადი საშუალებებიდან ზოგიერთი შესულია ექსპლუატაციაში (და ხდება მათი ცვეთის დარიცხვა), ზოგიერთი კი არა (და მათი ცვეთის დარიცხვა არ ხდება). თუ თქვენ სუბიექტურად, შერჩევით ზოგ ძირითად საშუალებას დაარიცხავთ ცვეთას, ზოგს კი არა, ეს იქნება ნეიტრალობის პრინციპის დარღევა, რომლის დაცვა მოითხოვება "ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლების" 36-ე მუხლით, სადაც აღნიშნულია: "ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული ინფორმაცია საიმედო იქნება მაშინ, თუ იგი ნეიტრალურია. ფინანსური ანგარიშგება არ ჩაითვლება ნეიტრალურად, თუ მასში ასახულია წინასწარ შერჩეული ისეთი ინფორმაცია, რომელიც გავლენას მოახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე, და ამდენად, განკუთვნილია წინასწარგანზრახული შედეგების მისაღწევად".

კითხვა: თანამშრომელთა კვებისთვის შპს ყოველთვიურად გამოყოფს თანხას (ხელფასზე დანამატის სახით), რომელსაც ვბეგრავ საშემოსავლო გადასახადით. არის თუ არა ეს ოპერაცია დღგ-თი დასაბეგრი? აუდიტორის განმარტებით, ეს არის დღგ-თი დასაბეგრი ოპერაცია - კვების პროდუქტის მიწოდება თანამშრომლებისათვის, რასაც არ ვეთანხმები, ვინაიდან თანამშრომლებს ვაწვდით არა პროდუქტებს კვებისათვის, არამედ ხელფასის სახით ვაძლევს თანხას. გთხოვთ განმარტებას, იბეგრება თუ არა დღგ-ით ეს ოპერაცია?

პასუხი: ზოგადად, ჩეენ ვიზიარებთ თქვენს მოსაზრებას, რომ თუ თანამშრომლებს აძლევთ ფულად თანხას კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (ხელფასზე დანამატის სახით) და არა კვებავთ მათ პროდუქტებით, მაშინ საქონლის ან მომსახურების მიწოდება არ მომხდარა და ამიტომ, შესაბამისად, არც დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას ადგილი არა აქვს. ოღონდ, ჩვენი ნათქვამი ძალაშია იმ პირობით, თუ თქვენი საწარმოს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებიდან (თანამშრომლების კვებაზე) საპირისპირო დასკვნა არ გამომდინარეობს.

კითხვა: 2007 წელს შპს-ს შეძენილი აქვს ძირითადი საშუალებები. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში მათი შეძენის თარიღისათვის გატარებული მაქვს ხარჯებში, საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად. ფინანსური აღრიცხვის თვალსაზრისით, ეს ძირითადი საშუალებები ასახული უნდა ყოფილიყო 21xx ანგარიშებზე. მაინტერესებს, ეს რაიმე გართულებებს ხომ არ გამოიწვევს საგადასახადოსთან მიმართებაში?

პასუხი: დიახ, გამოიწვევს, რადგანაც ძირითადი საშუალებები უნდა ასახულიყო 21xx ანგარიშებზე და ამიტომ ისინი უნდა მოხვდნენ (დარიცხული ცვეთის გათვალისწინებით) ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. გარდა ამისა, რადგან ხარჯებში ჩამოწერილი ძირითადი საშუალებები ბალანსზე აღრიცხული აღარ გაქვთ, თუმცა ფაქტობრივად ფლობთ მათ, დიდია საფრთხე იმისა, რომ საგადასახადო ინვენტარიზაციის დროს შემოწმება დაგიფიქსირებთ ზედმეტობას და მოგიწევთ მათი აღიარება შემოსავლად საბაზრო ფასებით.

კითხვა: ვარ ინდმეწარმე. ვამზადებ სკამებს ოჯახში (საკუთარ სახლში) და ვაბარებ მაღაზიას სარეალიზაციოდ, სამფურცლიანი სასაქონლო ზედნადების გამოწერით. არ მაქვს სალარო აპარატი. რომც მქონდეს, არ ვიცი, როდის უნდა ამოვარტყა ჩეკი, რამდენადაც ჩემი პროდუქცია შეიძლება რამდენიმე თვის შემდეგ გაიყიდოს. ლაპარაკია 4-5 კომპლექტის გაყიდვაზე თვეში. ე.ი., რომ ვიყიდო აპარატი, შეიძლება თვეში მხოლოდ რამდენჯერმე ამოვარტყა ჩეკი და ისიც გაუგებარია, როდის.

გთხოვთ განგვიმარტოთ, ასეთი მეწარმეები თავისუფლდებიან თუ არა სალარო აპარატის შეძენისგან და თუ არ თავისუფლდებიან, როდის უნდა ამოვარტყათ ჩეკი? საკმარისი იქნება თუ არა სასაქონლო ზედნადები ან ხომ არ არსებობს სხვა რამე საბუთი?

პასუხი: ზოგადად, სამფურცლიანი სასაქონლო ზედნადების გამოყენება არ ათავისუფლებს მეწარმე სუბიექტს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებისაგან, თუ მის მიერ გაყიდული საქონლის ღირებულების მიღება ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. თუ მაღაზიასთან საკომისიო წესით თქვენს მიერ დამზადებული სკამების გაყიდვაზე გაფორმებული გაქვთ შესაბამისი შინაარსის ხელშეკრულება, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ წერთ, რომ "არ იცით, როდის ამოარტყათ ჩეკი", რადგან ჩეკის ამორტყმას უნდა ახდენდეთ მაშინ, როცა მაღაზიისაგან - თქვენი სარეალიზაციო აგენტისაგან მიიღებთ საფასურს ნაღდი ფულით. მანამდე, საბოლოო მომხმარებლის მიერ თქვენი სკამების მაღაზიაში შეძენისას ნაღდი ანგარიშსწორებით, ჩეკის ამორტყმა შესაბამის მომენტში ევალება მაღაზიას - თქვენს სარეალიზაციო აგენტს.

თუ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება არ გსურთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაზუსტდეს, ხომ არ  ვრცელდება თქვენზე სსკ 168-ე მუხლის 1-"ლ" პუნქტის D-8 ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო გადასახადში. თუ ეს შეღავათი გეკუთვნით, მაშინ თქვენ გათავისუფლებული ხართ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებისგანაც სსკ 971 მუხლის 4-"გ" პუნქტის თანახმად.

თუ აღნიშნული შეღავათი თქვენზე არ ვრცელდება, მაშინ შესაძლებელია ორი გამოსავალი:

1) მაღაზიისაგან გაყიდული სკამების საფასური უნდა მიიღოთ უნაღდო ანგარიშსწორებით, თქვენს საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით; ან

2) უნდა დაარეგისტრიროთ და შემდეგ, ჩეკის ამორტყმის ნაცვლად, გამოიყენოთ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტები იმ წესის მიხედვით, რაც დამტკიცებულია საქართველოს ფინანთა მინისტრის 27.02.2006 წ. #148 ბრძანებით "საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების დამტკიცების თაობაზე".

კითხვა: ვყიდი საქონელს, რომლის საბაზრო ღირებულებაა 1200 ლარი. მისი შეძენა მიჯდება 1150 ლარი. დღგ-ის გადამხდელად დადგომის მომენტში საქონლის ნაშთი მქონდა 25 ერთეული 28750 ლარის ჯამური ღირებულებით. მთლიანი რეალიზაციის შემდეგ ჩემი შემოსავალი იქნება 30000 ლარი, ბიუჯეტში გადასახდელი დღგ 4576,50 ლარი. ზარალი შეადგენს 3326,50 ლარს (30000-4576,50-28750). როგორ უნდა მოვიქცე დაბეგვრის თვალსაზრისით?

პასუხი: დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის დროს გადამხდელს უფლება აქვს ჩაითვალოს ამ მომენტისათვის მასთან არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგის ნაშთზე გადახდილი დღგ, თუ არსებობს მისი დღგ-ით შეძენის დამადასტურებელი საბუთი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელსაც არ გასვლია 45-დღიანი ვადა ან საბაჟო დეკლარაცია). ასეთი დღგ-ის ჩათვლის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელად დადგომის მომენტში თქვენი საქონლის ნაშთი მქონდა 28750 ლარი შემცირდებოდა 4385,59 ლარით და ერთეულის თვითღირებულება გახდებოდა 974,58 ლარი.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, დღგ-ის ჩათვლა არსებული საქონლის ნაშთზე ვერ მოხდა. მაშინ, თუ 1150 ლარად (დღგ-ის გარეშე) შეძენილი საქონელი იყიდება 1200 ლარად დღგ-ის ჩათვლით, ცხადია, ადგილი აქვს საქონლის მიწოდებას მის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ამ შემთხვევაში გადამხდელმა მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნით უნდა იხელმძღვანელოს სსკ 210-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სადაც აღნიშნულია: "აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას მიმწოდებელი პირის მოგება განისაზღვრება როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული აქტივების ღირებულებას შორის". ამ დებულების მიხედვით, გადამხდელმა დასაბეგრი ერთობლივი შემოსავალი უნდა გაზარდოს 3326,50 ლარით.

კითხვა: გაცნობებთ, რომ ჩვენი სააქციო საზოგადოება აწარმოებს ინერტულ სამშენებლო მასალებს (ქვიშა, ღორღი...), რომელსაც ვაწვდით სამშენებლო ორგანიზაციებს. ჩვენს მიერ გადატვირთული საქონლის (ქვიშა, ღორღი...) გამოწერა ყოველდღიურად ხდებოდა და ხდება სასაქონლო ზედნადების მეშვეობით, რომელთა სრულყოფილად შევსებას უკანასკნელ პერიოდამდე არავინ (მათ შორის საგადასახადო შემოწმებაც) არ აქცევდა დიდ ყურადღებას. თვის განმავლობაში მიწოდებული პროდუქციის საერთო ჯამზე ბოლო მიწოდების რიცხვით ვახდენდით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას, რომლებშიც ჩაწერილი არ იყო სასაქონლო ზედნადებების ნომრები და თარიღი.

ამჟამად რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ მიმდინარეობს 2007 წლის წლიური და 2008 წლის 9 თვის საბუღალტრო საბუთების კამერალური შემოწმება. ჩვენთვის წინასწარ ცნობილია, რომ ამ შემოწმების აქტში ჩაიწერება საჯარიმო სანქციები იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებშიც შევსებული არ არის სასაქონლო ზედნადებების ნომრები და თარიღი (სსკ 140-ე მუხლის "დ" პუნქტის თანახმად, თითოეულზე 200 ლარის ოდენობით - სულ დახლოებით 60 000 ლარის ჯარიმა).
გთხოვთ გაგვარკვიოთ (ან გააკეთოთ კომენტარი), რამდენად სწორად მოახდენს საგადასახადო შემოწმება ჩვენს დაჯარიმებას, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენს მიერ ჩაბარებული დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები მოიცავს ამ პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მთლიან ჯამებს - შემოსავლებისა და გადასახდელი დღგ-ის საერთო თანხებს.

პასუხი: 2008 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსის რედაქციით, სსკ 140-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული იყო ჯარიმა შემდეგ შემთხვევაში: "დ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში არასრული შევსებისათვის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც შესაბამის ველში ჩასაწერი ინფორმაცია არსებობს, ან იგი არ იწვევს დღგ-ის თანხის შემცირებას ან ჩასათვლელი თანხის ზრდას - 200 ლარის ოდენობით". (აქვე შევნიშნავთ, რომ ეს ბუნდოვნად ფორმულირებული დებულება 2009 წლიდან მნიშვნელოვნად განსხვავებული სახით ჩამოყალიბდა).

თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია რამდენიმე სასაქონლო ზედნადებით მიწოდებულ პროდუქციაზე, მაშინ მათი ნომრები და თარიღები აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე, რათა მოხდეს დასაბეგრი ოპერაციების იდენტიფიცირება. ასეთი მითითების გარეშე ძნელია იმის დამტკიცება, თუ მიწოდების რომელ ოპერაციებს მოიცავს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა.

თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაზე, რომელიც გამოწერილია რამდენიმე სასაქონლო ზედნადებით მიწოდებულ პროდუქციაზე, ყველა ამ ზედნადების ნომერი და თარიღი მითითებულია, მაშინ სსკ 140-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2008 წლის ბოლომდე მოქმედი რედაქციით) გამოყენების საფუძველს ვერ ვხედავთ.

კითხვა: დამფუძნებლის მიერ შემოტანილი საბრუნავი თანხა, რომელიც განიხილება უპროცენტო სესხად, უნდა იყოს თუ არა აღიარებული სარგებლად და როგორ უნდა დაიბეგროს ეს თანხა?

პასუხი: თუ დამფუძნებლის მიერ მიღებული ფულადი თანხა განხილულია როგორც უპროცენტო სესხი (და არა როგორც საწარმოს კაპიტალის გაზრდა), ამ დროს შესაძლებელია ორი შემთხვევა:

1) მსესხებელი პარტნიორი ფიზიკური პირია, რომელიც არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, ან არარეზიდენტი პირია. ამ შემთხვევაში მის მიერ საწარმოსათვის უპროცენტო სესხის მიცემა წარმოშობს ამ საწარმოსთვის ერთობლივ დასაბეგრ შემოსავალში ჩასართავ სარგებელს სსკ 176-ე მუხლის მიხედვით. შესაბამისად, თუ საგადასახადო წლის განმავლობაში გადამხდელის ჯამური ერთობლივი შემოსავალი გადააჭარბებს გამოსაქვით ხარჯებს, მაშინ დადებითი სხვაობა დაიბეგრება 15%-იანი მოგების გადასახადით.

2) მსესხებელი პარტნიორი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის მიმდევარი რეგისტრირებული პირია (ფიზიკური ან იურიდიული). მაშინ, ვინაიდან ის და მისი დაფუძნებული საწარმო ურთიერთდამოკიდებული პირები არიან,  ხოლო სსკ 104-ე მუხლის მე-3 ნაწილი მოითხოვს, რომ "ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს", პარტნიორმა უნდა ჩართოს თავის ერთობლივ შემოსავალში ამ სესხიდან საბაზრო განაკვეთის მიხედვით გამოანგარიშებული პროცენტი. ამ შემთხვევაში თავად საწარმოს (ვისაც თანხა ასესხეს) დასაბეგრი მოგება ან ზარალი არ წარმოეშობა, რადგან მის მიერ მიღებული სარგებელი (უპროცენტო სესხიდან), რაც უნდა ეღიარებინა ერთობლივ შემოსავალში, და სესხის საბაზრო პროცენტი, რაც უნდა ეღიარებინა ხარჯად სსკ 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმანეთის ტოლია.

კითხვა: კერძო სამართლის იურიდიული პირი (სააქციო საზოგადოება) ვალდებულია თუ არა დასაქმებულს მისცეს ანაზღაურება (დახმარება) დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში? საქართველოს შრომის კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის #85/6 ბრძანება "დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე" ძალას ინარჩუნებდა მხოლოდ "ორსულობისა და მშობიარობისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის" დამტკიცებამდე. ასევე შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" პუნქტის შესაბამისად, დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი ვალდებულია გასცეს ანაზღაურება, მაშინ გთხოვთ მიუთითოთ შესაბამისი საკანონმდებლო აქტი, რადგან თქვენს მიმდინარე წლის #10 ჟურნალში ბიულეტენის ანაზღაურების შესახებ გამოქვეყნებულ პასუხში მითითებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის #66/6 ბრძანება, რომელიც გამოშვებულია "2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესს და არანაირ შეხებაში არ არის საქართველოს შრომის კოდექსთან.

პასუხი: დიახ, კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია დასაქმებულს მისცეს ანაზღაურება (დახმარება) დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში. ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის #66/6 ბრძანება "განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებიდან დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესს და არანაირ შეხებაში არ არის საქართველოს შრომის კოდექსთან".

ჯერ ერთი, დროებითი შრომისუუნარობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარება არ გაიცემა, ის გაიცემა მხოლოდ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო (რომელსაც სხვა ბრძანება არეგულირებს);

მეორეც, იმისდა მიუხედავად, თუ რის საფუძველზეა ეს ბრძანება შემუშავებული, ის, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული ბრძანება, მოქმედი ნორმატიული დოკუმენტია და სავალდებულოა მათთვის შესასრულებლად, ვისაც ის ეხება. მაგალითისთვის, ამ ბრძანებაში აღნიშნულია:

"მუხლი 2. რეგულირების საგანი

წინამდებარე წესი არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის (შემდგომში - დასაქმებულები) და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეთათვის (შემდგომში - მოსამსახურეები) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს";

"მუხლი 3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის ორგანიზაცია და პასუხისმგებლობა მის სისწორეზე

1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში.

2. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებაა და გაცემას ახორციელებს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში - შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება...

3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას";

"მუხლი 5. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის პირობები და ოდენობა

... 3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად";

"მუხლი 8. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა

1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების მისაღებად დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ საბუთს (საავადმყოფო ფურცელს);

2. დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია საავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ".

ვერც თქვენს იმ არგუმენტს გავიზიარებთ, რომ რადგან შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" პუნქტის შესაბამისად, დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თითქოს ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ უნდა მიეცეს. შრომის ანაზღაურება სხვაა (და ის, ცხადია, მართლაც არ მიეცემა დასაქმებულს დროებითი შრომისუუნარობის დროს) და დახმარება დროებითი შრომისუუნარობის გამო - სხვა. ეს რომ ასეა, კარგად ჩანს იქიდან, რომ შრომის კოდექსის 36 ე მუხლის მე-2 ნაწილში "კ" პუნქტიც არის - "ანაზღაურებადი შვებულება" (თქვენ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში გამოდის, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირმა ანაზღაურებადი შვებულებაც არ უნდა გასცეს დასაქმებულზე, რაც ცხადია, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია).

კითხვა: კერძო სააქციო საზოგადოებამ 2008 წელს გაასხვისა თავისი ქონების ნაწილი, კერძოდ საწარმოო ბაზის ტერიტორიის ნაწილი, რომელზედაც განლაგებულია რამდენიმე შენობა-ნაგებობა და არის აგრეთვე თავისუფალი ტერიტორია. მიწა არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. გთხოვთ განმარტებას, როგორ დაიბეგრება ამ შემთხვევაში დღგ-ით სააქციო საზოგადოება?

პასუხი: აღნიშნული მიწოდების სწორად დაბეგვრისათვის აუცილებელია გაყიდვის ხელშეკრულებაში გაიმიჯნოს, თუ რა ფასად გაიყიდა მიწის ნაკვეთი და რა ფასად - მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები. სამწუხაროდ, გავრცელებული პრაქტიკაა, რომ უძრავი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში არ არის გამიჯნული მიწისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების ფასი ერთმანეთისაგან მაშინაც კი, როცა ასეთი გამიჯვნა შესაძლებელია (მაგალითად, თუ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში იყიდება ბინა, მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა ბინის როგორც ნაგებობისაგან შეუძლებელია). თუ უძრავი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში გამიჯნულია მიწისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების გასაყიდი ფასი, მაშინ დღგ-ით უნდა დაიბეგროს მხოლოდ შენობა-ნაგებობის ღირებულება (მიწის გარეშე), მიწის ნაკვეთის ღირებულება კი არ დაიბეგრება დღგ-ით, რადგან სსკ მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე 20 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მიწა გაყიდვა არც საქონლის მიწოდებაა და არც მომსახურების გაწევა, ამიტომ ის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას არ წარმოადგენს.

ჩვენთვის ცნობილია საგადასახადო ორგანოების განსხვავებული პოზიცია, გამოხატული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 23 ივნისის #6 სხდომის ოქმში, რომ თუ მიწაზე დგას შენობა-ნაგებობა, მიწის და შენობა-ნაგებობის გამიჯვნა შეუძლებელია და ამიტომ მათი მიწოდება არ უნდა იქნეს განხილული როგორც შერეული ოპერაცია.

შესაბამისად, მათი აზრით, მიწის და მასზე მდგარი შენობა-ნაგებობის გაყიდვის შემთხვევაში დღგ-ით იბეგრება მთლიანი გაყიდვის ღირებულება.
ამ პოზიციას ჩვენ არ ვიზიარებთ და ვთვლით, რომ ასეთი გამიჯვნა (მიწისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების ღირებულებების) უმეტეს შემთხვევაში დიახაც რომ შესაძლებელია. რა თქმა უნდა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გაყიდული ბინის გამიჯვნა მასზე წილობრივად მიმაგრებული მიწის ნაკვეთისაგან შეუძლებელია, მაგრამ თუ მიწის ნაკვეთზე დგას ორსართულიანი სახლი, რომელიც ჯამში X ლარი ღირს, მიწის ნაკვეთის ღირებულება (მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის გარეშე) იქნება ის ფასი - Y ლარი, რა საფასურსაც გადაიხდიდა მყიდველი ამ მიწის ნაკვეთში, მასზე ეს შენობა-ნაგებობა რომ არ მდგარიყო, ხოლო სახლის როგორც შენობა-ნაგებობის (მიწის გარეშე) ფასი კი შესაბამისად იქნება X-Y ლარი. რა არის აქ "გაუმიჯნავი"?

ცხადია, თუ უძრავი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული ერთმანეთისაგან გამიჯნულად მიწისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების ფასები, ეს მნიშვნელოვნად გაართულებს დავას საგადასახადო ორგანოსთვის, რომელიც ყველა შემთხვევაში შეეცდება დღგ-ით დაბეგროს უძრავი ქონების გასაყიდი ფასი მთლიანად, მასში შემავალი მიწის საფასურის გაუთვალისწინებლად.

კითხვა: ჩვენი შპს აწარმოებს სიგარეტის საბითუმო რეალიზაციას უპირატესად ნაღდი ანგარიშსწორების წესით. საკასო აპარატი დგას ყველგან, ჩვენს საბითუმო მაღაზიებში და მოძრავ ტრანსპორტზე (რეალიზატორებთან). ვიყენებთ შემოსავლების სამსახურის მიერ დაშვებულ საკასო აპარატებს, რომელთაც გააჩნიათ კანონმდებლობის შესაბამისი მეხსიერება. ასეთ პირობებში საჭიროა თუ არა მოლარე-ოპერაციონისტის ჟურნალის წარმოება თითოეული რეალიზატორის მიერ, ანუ თითოეული საკასო აპარატის მიხედვით? ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ჟურნალების სავალდებულო საგადასახადო რეგისტრაცია გაუქმებულია, მაგრამ ვერ დავადგინე, სავალდებულოა თუ არა მათი წარმოება?

პასუხი: ამჟამად მოქმედი ნორმატიული დებულებებიდან საკონტროლო-სალარო აპარატების მუშაობას შეეხება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები:

27.02.2006 წ. #145 "საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე";

27.02.2006 წ. #146 "საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის" დამტკიცების შესახებ";

27.02.2006 წ. #148 "საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნებისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ";

10.03.2006 წ. #186 "საკონტროლო-სალარო აპარატების ესპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ".

სწორედ ეს უკანასკნელი ბრძანება, თავისი შინაარისდან გამომდინარე, უნდა არეგულირებდეს მოლარე-ოპერაციონისტის ჟურნალის წარმოებას, მაგრამ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესების მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის "ე" პუნქტში აღნიშნულია მხოლოდ შემდეგი:

"ყოველ კონკრეტულ ობიექტზე სსა-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით გადამხდელი ვალდებულია...

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თითოეულ საკონტროლო-სალარო აპარატზე გახსნას და ორგანიზება გაუწიოს მოლარე-ოპერატორის მხრიდან ჟურნალის წარმოების პროცესს".

მიუხედავად ასეთი აღნიშვნისა, ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ვერცერთი ამჟამად მოქმედი ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მოლარე-ოპერატორის ჟურნალის წარმოების "დადგენილ წესს" ან თუნდაც მის ფორმას.

კითხვა: შპს ახორციელებს ა/მანქანების შეკეთებას მისივე ა/ნაწილებით სახელშეკრულებო ღირებულებით. ზემოთაღნიშნული სამეურნეო ოპერაცია განიხილება თუ არა როგორც:

I ვარიანტი - მომსახურება (ა/მანქანების შეკეთება შემსრულებლის ა/ნაწილებით), რომლის დამადასტურებელი საბუთები იქნება ხელშეკრულება და აქტი, სადაც მითითებული იქნება შესრულებულ სამუშაოთა დასახელება, მათი მთლიანი ღირებულება ა/ნაწილებისა და დღგ-ის ჩათვლით და დახარჯული ა/ნაწილები (დასახელება და რაოდენობა). აქტის საფუძველზე გამოიწერება საგადასახადო ა/ფაქტურა, სადაც მითითებული იქნება ა/მანქანის შეკეთება (როგორც მომსახურება) და მისი მთლიანი ღირებულება ავტონაწილების ჩათვლით. შესაბამისად, აქტში მითითებული ა/ნაწილები ჩამოიწერება ხარჯებში.

II ვარიანტი - მომსახურება (შესრულებული სამუშაოები) + ა/ნაწილების მიწოდება, რომელიც მოითხოვს შესაბამისი სასაქონლო ზედნადების გამოწერას, რომლის დამადასტურებელი საბუთები იქნება: ხელშეკრულება, აქტი (სადაც მითითებული იქნება ცალკე ა/ნაწილების ღირებულება და ცალკე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება) და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სადაც დაფიქსირდება ერთ მწკრივზე მხოლოდ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, მეორე მწკრივზე ა/ნაწილების ღირებულება, შესაბამისად ჩაიწერება ზედნადების # და თარიღი. ამ შემთხვევაში, წინააღმდეგობა ხომ არ შეგვხვდება დამკვეთის მხრიდან (მხედველობაში გვაქვს ზედნადებით გამოწერილი ა/ნაწილების საწყობში მიღებისა და ჩამოწერის ოპერაცია)?


I ვარიანტის შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობის რა შესაძლო დარღვევებთან გვაქვს საქმე და რა სანქციები ვრცელდება მათზე? ასევე, ა/მანქანის შეკეთების აქტი (სადაც დაფიქსირებულია გახარჯული ა/ნაწილების დასახელება და რაოდენობა) ჩაითვლება თუ არა ა/ნაწილების ხარჯებში ჩამოწერის დამადასტურებელ საბუთად?


პასუხი: სსკ მე-18 მუხლში "მომსახურება" ჩამოთვლილია მომსახურების სახეები, რომელთა შორის არის სარემონტო მომსახურებაც (1-"ბ" პუნქტი). ამავდროულად, სსკ 243-ე მუხლის "შერეული ოპერაციების" 1-ლი ნაწილის თანახმად, "საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა, ითვლება ამ საქონლის/მომსახურების ნაწილად".

მოცემულ შემთხვევაში ძირითადია ავტომანქანის შეკეთების მომსახურება ანუ რემონტი, ხოლო ავტონაწილების მიწოდება დამკვეთისადმი ამ მომსახურებისათვის დამხმარე ხასიათისაა და ამიტომ განხილულ უნდა იქნეს არა საქონლის მიწოდებად, არამედ სარემონტო მომსახურების ნაწილად.

ამგვარად, თქვენს მიერ მითითებული ორი ვარიანტიდან ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ I ვარიანტს. ა/მანქანის შეკეთების აქტი, სადაც დაფიქსირებულია გახარჯული ა/ნაწილები (დასახელება და რაოდენობა) და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე მხარის მიერ, ცხადია, ჩაითვლება ამ ა/ნაწილების ხარჯებში ჩამოწერის დამადასტურებელ საბუთად.
რაც შეეხება II ვარიანტს, არც ის არის შეცდომა, რადგან მისი გამოყენება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი არ განიხილავს შერეულ ოპერაციად მის მიერ გაწეულ სარემონტო მომსახურებას და დამკვეთისთვის ავტომანქანის ნაწილის გადაცემას, არამედ მიჯნავს ერთმანეთისაგან ამ ორ ოპერაციას.