ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
ქართულ-უცხოური ამბები
2008 წელს ინფლაცია 5,5%-ის მაჩვენებელზე დაფიქსირდა

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 2008 წელს წლიური ინფლაცია 5,5%-ის მაჩვენებელზე დაფიქსირდა. ნოემბრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 6,3% იყო, ოქტომბერში - 7%, სექტემბერში - 10,6%, აგვისტოში - 12,8%.  

დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წლიური ინფლაცია საქართველოში ყველაზე დაბალია 2006 წლის მარტის შემდეგ.

საქართველოს საფონდო ბირჟა აქტიური 2008 წელს ნაკლებაქტიური იყო

2008 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე 10,519 მლნ ლარის ღირებულების აქციები გაიყიდა. შედარებისთვის, 2007 წელს ანალოგიურმა მაჩვენებელმა 38,374 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს საფონდო ბირჟის ინფორმაციით, გარიგებათა ძირითადი ნაწილი მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში დაიდო. მათმა მოცულობამ 7,891 მლნ ლარი შეადგინა.
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ და გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში გარიგებათა მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დეკემბერში ბირჟაზე სულ 57 462 ლარის ღირებულების აქციებზე დაიდო საბირჟო გარიგება.

2008 წელს ყველაზე აქტიურად საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" აქციები იყიდებოდა. მაგრამ თუ 9 იანვარს ბანკის 1 აქცია 45 ლარი ღირდა, 29 დეკემბრის სესიაზე მისი ფასი 6,5 ლარამდე იყო შემცირებული.

შარშან ელექტროენერგიის ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა

2008 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტმა იმპორტს გადააჭარბა. წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წელს 672 მლნ კვტ/სთ იყო, ხოლო იმპორტის - 651 მლნ კვტ/სთ.

წინა წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც ელექტროენერგიის ექსპორტის, ასევე, იმპორტის მონაცემი. 2007 წელს საქართველომ მეზობელ ქვეყნებში 634 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გაიტანა, 434 მლნ კვტ/სთ კი შემოიტანა.

ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აპრილში დაფიქსირდა (156 მლნ კვტ/სთ), ხოლო იმპორტის - თებერვალში (139 მლნ კვტ/სთ).

ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში 170,61 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში თბილისის ბანკთაშორის ბირჟაზე (თბსბ) შემდგარი გარიგებების მთლიან მოცულობაში 500 000 აშშ დოლარი შეისყიდა და 170 610 000 აშშ დოლარი გაყიდა.

აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 2008 წლის დეკემბერში 0,017 ნიშნულით დაეცა. საანალიზო თვის დასაწყისიდან 1,6500 ლარის ნიშნულიდან გაცვლითმა კურსმა თვის ბოლომდე 1,6670 ნიშნულამდე განიცადა ვარდნა.
დეკემბერში შემდგარი გარიგებების საერთო მოცულობამ 177 830 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28 985 000 აშშ დოლარით ნაკლებია ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე (206 815 000 აშშ დოლარი). გარიგებების მაქსიმალურმა ოდენობამ 31 დეკემბერს 17 200 000 აშშ დოლარი შეადგინა. თვის განმავლობაში მინიმალური გარიგება 1 დეკემბერს შედგა და მისმა მოცულობამ 500 000 აშშ დოლარი შეადგინა.

ბირჟაზე შემდგარ გარიგებებში კომერციულმა ბანკებმა 115-ჯერ მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, გამყიდველის სტატუსით 12-ჯერ და მყიდველის - 103-ჯერ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში გამართულ ვაჭრობებში 23-ჯერ მიიღო მონაწილეობა, აქედან ერთხელ მყიდველის სტატუსით და 22-ჯერ გამყიდველის სტატუსით.

"საქართველოს ბანკმა" მორიგი საფინანსო რესურსი მიიღო

"საქართველოს ბანკმა" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საფინანსო რესურსი მიიღო. "საქართველოს ბანკის" ცნობით, ამ ორგანიზაციებისაგან ის 100-100 მლნ აშშ დოლარს მიიღებს.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის საფინანსო პაკეტებს პრაქტიკულად ერთნაირი სტრუქტურა აქვს. თითოეული 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტი მოიცავს 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ხუთწლიან სესხს; 23,96 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებულ ათწლიანი სესხს;  და 26,04 მლნ აშშ დოლარის ათწლიანი კონვერტირებად სუბორდინირებულ სესხს. "მოხარული ვარ, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ერთობლივად გამოგვიყვეს აღნიშნული სესხი. საფინანსო პაკეტის გრძელი ვადა საერთაშორისო საფინანსო  კორპორაციისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ქართული ეკონომიკის, მისი საბანკო სექტორისა და "საქართველოს ბანკის" მიმართ ნდობაზე მეტყველებს", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ენუქიძემ.

პარლამენტმა 2009 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა წლის ბოლო რიგგარეშე სხდომაზე 2009 წლის ბიუჯეტი 102 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით, 2009 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზეა ორიენტირებული. ბიუჯეტში ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისთვის გათვალისწინებულია 2,2 მლრდ ლარი, ხოლო სოციალური დახმარების პაკეტისთვის - 1,6 მლრდ ლარი. 2009 წლის ბიუჯეტი მთლიანად 6,845 მილიარდ ლარს შეადგენს.
2009 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 იანვრიდან ასაკის საფუძველზე დანიშნული პენსიის და პირველი ჯგუფის ინვალიდთა პენსიის ზრდა 75 ლარამდე, ხოლო 1 ნოემბრიდან - 80 ლარამდე.

1 ნოემბრიდან გათვალისწინებულია ყველა სხვა კატეგორიის ინვალიდთა პენსიის ზრდა 5 ლარით და განისაზღვრება 70 ლარით.

2009 წლის 1 იანვრიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 400 ათასი პირი ოჯახზე 30-ლარიან დახმარებასთან ერთად დამატებით თითოეულ ოჯახის წევრზე 12 ლარის ნაცვლად მიიღებს 24 ლარს. ასევე, 200 ათასი პირი, ოჯახზე 20-ლარიან დახმარებასთან ერთად მიიღებს თითოეული ოჯახის წევრზე 16-ლარიან დახმარებას, ხოლო მომდევნო 300 ათასი პირი - 10-ლარიან დახმარებას და ოჯახის წევრზე დამატებით 8 ლარს.

2009 წელს სახელმწიფო 700 ათასის ნაცვლად დააზღვევს 900 ათას ბენეფიციარს, ხოლო სადაზღვევო პაკეტის ღირებულება 11-დან 15 ლარამდე გაიზრდება.

2009 წლიდან პედაგოგთა ხელფასების გაზრდა ორ ეტაპად  განხორციელდება, კერძოდ, 1 იანვრიდან - 25 ლარით და 1 სექტემბრიდან - კიდევ 25 ლარით. ასევე, მასწავლებელთა დაზღვევის პაკეტი 10-დან 15 ლარამდე გაიზრდება.
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამებისა და  გრანტების დაფინანსება 9,9 მლნ ლარიდან 20,0 მლნ ლარამდე იზრდება, ქართველი სტუდენტების მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურაში სწავლა კი 6,5 მლნ ლარით დაფინანსდება.

2009 წელს კერძო სექტორში 1,74 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებაა მოსალოდნელი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლევა ჩაატარა, რომელიც ეხება 2009 წლის განმავლობაში ქვეყანაში კერძო უცხოური კაპიტალის მოსალოდნელ მოძრაობას.
"დღევანდელი მდგომარეობით, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 119-მა კომპანიამ. გამოკითხვის შედეგების წინასწარი მონაცემებით, 2009 წელს საქართველოში კერძო სექტორის მიერ მოზიდული 1,74 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის წმინდა შემოდინებაა მოსალოდნელი", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. აღნიშნული ტიპის კვლევებს ატარებს მსოფლიოს ცენტრალური ბანკების უმეტესობა.

2009 წელს საქართველოში კაპიტალის მოსალოდნელი შემოდინების მიხედვით, ლიდერობენ: არაბეთის გაერთიანებული საამიროები, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი და აზერბაიჯანი. გამოკვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, 2009 წელს საქართველოში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, დაახლოებით 815 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო პორტფელის ინვესტიციების სახით 33 მილიონი აშშ დოლარის შემოდინება არის მოსალოდნელი. რაც შეეხება ერთობლივ სესხებსა და სხვა სახსრებს, ნავარაუდევია დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვა.
კვლევის შედეგები ასახავს მოლოდინს და რეალური შემოდინება, ცხადია, პროგნოზირებულისაგან განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია პროექტების კონცენტრაციის დონე. შესაბამისად, ინვესტიციების შემოდინების მთლიანი მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცალკეული მასშტაბური პროექტების წარმატებაზე.

საქართველოს ისტორიულად მაღალი საერთაშორისო რეზერვები აქვს

სააქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ საქართველომ 2008 წელს ორი მასშტაბური საგარეო შოკი გადაიტანა, წლის ბოლო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა წელს რეკორდულად მაღალი უცხოური სავალუტო რეზერვებით ასრულებს. წინასწარი მონაცემებით, 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა დაახლოებით 1460 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 7 პროცენტით აღემატება 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ფორმირება ხდება ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვით, რეზერვების მართვიდან მიღებული შემოსავლებით, მთავრობის სავალუტო შემოსავლებით და სხვა წყაროებით.

თუ 2008 წლის პირველ ნახევარში რეზერვების ზრდაზე ძირითადად კერძო სექტორის მიერ მოზიდული სახსრები ახდენდა გავლენას, წლის მეორე ნახევარში საერთაშორისო რეზერვების მატების მიზეზი სახელმწიფო სექტორის მიერ მოზიდული შეღავათიანი სესხები და გრანტები იყო.

ფინანსური სტაბილიზაცია ამერიკულად

ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ იპოთეკის ბაზარზე ნორმალური განაკვეთები დაბრუნდეს. ამ ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელების თქმით, ისინი აპირებენ იმ ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვას (საერთო ღირებულებით 500 მილიარდი დოლარი), რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკური ვალდებულებებით (MBS).
  
ამ ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა უკვე 2009 წლის იანვრიდან დაიწყება, ხოლო ეს პროცესი 2009 წლის შუაგულში დასრულდება. ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ამ პროგრამის განხორციელებაში დახმარებას გაუწევენ Blackrock Inc, Goldman Sachs Asset Management  და PIMCO  კომპანიების მენეჯერები. დასახელებული პროგრამის მოცულობა ძალიან დიდია, ხოლო მისი რეალიზაცია - ძალიან რთული. ფედერალური სარეზერვო სისტემა ფასიან ქაღალდებს ისეთი იპოთეკური კომპანიებისაგან გამოისყიდის, როგორებიც Fannie Mae, Freddie Mac და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ფირმა Ginnie Mae.

ამერიკის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის ტემპებს კორექტირებას იმის მიხედვით გაუწევენ, თუ რა მდგომარეობაში იქნება იპოთეკური ბაზარი და რა ეფექტს მოიტანს მოცემული პროგრამის განხორციელება. დეკემბრის ბოლოს, ყველაზე პოპულარული იპოთეკური კრედიტების ღირებულება 0,25% შემცირდა და მიაღწია ბოლო 37-წლიან მინიმუმს.

ბოლო მოვლენები ფინანსურ ექსპერტებს ფრთხილი პროგნოზების გაკეთების უფლებას აძლევს: თუკი ამერიკაში, იპოთეკური კრედიტების რეფინანსირება გაგრძელდება, ეს პროცესი ამერიკაში საცხოვრებელი ფართის ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს. უნდა ითქვას, რომ 2006 წლიდან უძრავი ქონების ღირებულება მცირდება. ამერიკის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს თავისი შედეგები უკვე მოაქვს: ამერიკაში უკვე დაფიქსირდა მიმართვების რეკორდული ზრდა იპოთეკური კრედიტების რეფინანსირებისათვის.

ამერიკელი მოქალაქეები ახალი კონტრაქტების გაფორმებას აპირებენ. ამერიკის იპოთეკური ბანკების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, იპოთეკურ ბანკში მისულ მოქალაქეთა 80% ახალ, მათთვის უფრო ხელსაყრელი საპროცენტო განაკვეთებით გაფორმებულ იპოთეკურ სესხებზე გადადიან. განაცხადთა 11% სახლების შესაძენად გაფორმებულ ახალ კონტრაქტებს გულისხმობს. ამერიკელმა  მოქალაქეებმა იპოთეკური კრედიტების რეფინანსირება მასობრივად დაიწყეს.   

ბაფეტმა და სამმა მსხვილმა ჩინურმა კომპანიამ სიმდიდრე შეინარჩუნეს

ფულადი ლიკვიდურობა მსოფლიოს 20 უმსხვილესმა კომპანიამ შეინარჩუნა, რაც საერთო ჯამში 570 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტი ფული კომპანია Berkshire Hathaway-ს შემორჩა, რომლის მფლობელიც უორენ ბაფეტია. ამ მხრივ თავი ჩინელებმაც გამოიჩინეს: ფულის მარაგის მიხედვით ოთხი მსოფლიო ლიდერიდან სამი სწორედ მათ მიეკუთვნება, - იტყობინება გაზეთი Financial Times. ამ გამოცემის მონაცემების მიხედვით, მათი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით თავისუფალ ფულად მასას მხოლოდ მსოფლიოს 29 უმსხვილესი კომპანია ფლობს. Berkshire Hathaway-ს რეზერვებმა 106 მილიარდი დოლარი შეადგინა, ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებს Bank of China, ICBC და China Construction Bank ფინანსური კრიზისის შემდეგ  შესაბამისად 101 მილიარდი, 89 მილიარდი და 82 მილიარდი დოლარი "შემორჩათ".

იმ დროს, როცა მრავალი კომპანიის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი ერთბაშად შემცირდა, დასახელებული კომპანიების ფინანსური მდგომარეობა დიდი უპირატესობაა. ეს ფული შესაძლებელია ამ ფირმებმა კარგი და იაფი კომპანიების ინვესტიციებისათვის გამოიყენონ, რადგანაც მათი ღირებულება ძალიან დაბალ ნიშნულამდე "დაეშვა". ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ კრიზისის დაძლევაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. "ბანკები ფულის დაგროვებაზე გადავიდნენ, ალბათ კომპანიებიც ასე მოიქცევიან. ყველაფერი ნდობას ეყრდნობა. შეინარჩუნებენ თუ არა ბანკები, ან კორპორაციები სიფრთხილეს, ამას მომავალი აჩვენებს", - ასკვნიან ისინი.  

ჩინურ მრეწველობასაც გაუჭირდა!

ჩინური ეკონომიკა გლობალურ კრიზისს ვერ უმკლავდება. სამრეწველო წარმოების მოცულობა ამ ქვეყანაში ბოლო სამი თვის განმავლობაში ზედიზედ მცირდებოდა და თავის პიკს დეკემბერში მიაღწია. შესყიდვების მენეჯერთა ოფიციალური ინდექსი ნოემბრის თვესთან შედარებით დეკემბერში გაიზარდა და შეადგინა 41,2, მაგრამ ნებისმიერი მაჩვენებელი, დაფიქსირებული 50-ის ქვევით, შემცირებაზე მიუთითებს. ნეგატიური ტენდენცია გამოწვეულია ჩინურ საქონელზე მოთხოვნის შემცირებით, განსაკუთრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩინეთის ლოჯისტიკისა და შესყიდვების ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ექსპერტთა შიშს მხოლოდ აღრმავებს. ისინი ვარაუდობენ, რომ მიუხედავად მთავრობის მცდელობებისა შეინარჩუნოს სტატუს-კვო, ეკონომიკის მდგომარეობა კვლავ უარესდება. ამის შედეგად ჩინეთში სამუშაო ადგილების შემცირებაა მოსალოდნელი. ექსპერტთა აზრით, გლობალური ფინანსური კრიზისი მსოფლიო ბაზარზე ჩინური საქონელის კონკურენტუნარიანობას საფრთხეს უქმნის. წინასწარი მონაცემებით, 2008 წელს ჩინური ეკონომიკის ზრდა 9%-ს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი 2007 წელს 11,9%-ს უტოლდებოდა, 2009 წელს კი ეკონომიკის ზრდა 6%-ის ფარგლებში იმერყევებს.