ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
"სონი ცენტრმა" სიმართლის ძებნა საერთაშორისო დონეზე დაიწყო
ამერიკელი ბიზნესმენები საქართველოს არბიტრაჟში უჩივიან

როგორ დაიწყო დაპირისპირება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, აღიარებული ხარისხითა და გამორჩეული ტექნოლოგიებით, იაპონური კორპორაცია "სონის" პროდუქცია თანაბრად პოპულარულია მსოფლიოს განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში. ამიტომ საქართველოში ამ კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა და ბიზნესში ჩართვა მართლაც მნიშვნელოვანი გზავნილი იყო სხვა აღიარებული თუ ნაკლებად ცნობილი კომპანიებისათვის.
თუმცა 2007 წელს "სონი ცენტრი თბილისის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი უპასუხო კითხვა წარმოშვა. "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსული ხელისუფლება თუ სისტემატურად აცხადებდა, ახალი ინვესტიციების მოსაზიდად ინვესტორებს იდეალურ პირობებს ვთავაზობთო, მათი ბევრისთვის მოულოდნელი საქციელის გამო "სონის" სავაჭრო პარტნიორებმა საქართველოდან ინვესტიციების შესაძლო გატანაზე და ქვეყნის დატოვებაზე გააკეთეს განცხადება.

ისტორიის მცირე დეტალები

2006 წელს მოქალაქე მზია კაკაბაძემ, რომლის საკუთრებაც იყო ფართი რუსთაველის 30-ში, საიჯარო ხელშეკრულებები გააფორმა "სონი ცენტრი თბილისთან" და შპს "ლაზერი-2 თბილისთან", რომლის თანახმად, კაკაბაძემ მის საკუთრებაში არსებული 48,09 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი იჯარით გადასცა "სონი ცენტრი თბილისს", ხოლო 200 კვ.მ. - "ლაზერი-2 თბილისს". ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ცხრა წლით - 2015 წლამდე.

გავრცელებული ინფორმაციით, შპს "სონი ცენტრი თბილისი" და შპს "ლაზერი-2 თბილისი", რომლებიც საქართველოში არიან რეგისტრირებული, საქართველოში კორპორაცია "SONY"-ს სტრატეგიული პარტნიორები არიან. აღნიშნული საწარმოების საქმიანობის მიზანია კორპორაცია "SONY"-ს პროდუქციის რეკლამირება და მისი რეალიზაცია საქართველოში. შპს "ლაზერი-2 თბილისის" 50-პროცენტიანი წილის მფლობელია ამერიკული კომპანია "IZEE Enterprises". რუსთაველის 30-ში ასევე გახსნილი იყო "კაფე რუსთაველი", რომელიც ამჟამად კვლავ დახურულია.

მოკლედ, იჯარის გაფორმების შემდეგ მაღაზიაც მუშაობდა და ბიზნესიც თავისი გზით მიდიოდა, სანამ "სონი ცენტრის" და ამავე მისამართზე მდებარე სხვა ობიექტების ფართით სახელმწიფო არ დაინტერესდა.

2007 წლის პირველ ნახევარში სხვადასხვა მოტივით ხელისუფლებამ მრავალი სავაჭრო ობიექტი თუ რესტორანი  ან დაანგრია, ან მის მფლობელებთან ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმებას და კერძო ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას მიაღწია. მთელი ქალაქის მასშტაბით დანგრეულ სავაჭრო ობიექტებს და რესტორნებს (მათ შორის, რიყეზე) ასევე კერძო საკუთ-რებაში მყოფი, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებული სახლი მიაყოლა. დიდი დავის შემდეგ თაბუკაშვილის ქუჩაზე დანგრეული სახლის მფლობელებს სახელმწიფომ ალტერნატიული ფართი გამოუნახა, "სონი ცენტრის" მფლობელებთან კი სახელმწიფომ კომპრომისი ვერ მონახა.

როგორ აღმოჩნდა რუსთაველის გამზირის #30 სახელმწიფოს ხელში

ოპოზიციის წარმომადგენლებს და ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, 2007 წელს ხელისუფლების მიმართ უნდობლობის ზრდას ხელი შეუწყო ქვეყანაში კერძო საკუთრების უფლების დაუცველობამ. პოლიტიკაში მყოფი ადამიანები თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხშირად იმეორებდნენ – კონსტიტუციის 21-ე მუხლი, სადაც მითითებულია, რომ კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი, მხოლოდ ქაღალდზე წერია, რეალურად კი სახელმწიფო სხვების ქონებას საკუთარი ნება-სურვილით ითვისებს ან ანგრევსო. დანგრეულ რესტორნებს თუ სავაჭრო ობიექტებს ასევე სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონებაც მოჰყვა. ფართი, სადაც მაღაზია "სონი" და კაფე "რუსთაველი" იყო, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა.

"სონი ცენტრი თბილისთან" ხელშეკრულების გამფორმებელმა მზია კაკაბაძემ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი ფართი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა ანუ აჩუქა. ამის შემდეგ შპს "სონი ცენტრი თბილისმა", შპს "ლაზერი-2 თბილისმა" და "კაფე რუსთაველმა", მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვეულებრივ გააგრძელეს საიჯარო ურთიერთობა ქონების ახალ მესაკუთრესთან და ხელშეკრულების თანახმად ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდნენ. რატომ გადაწყვიტა კაკაბაძემ ფართის ჩუქება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის, ბევრისთვის ამოუცნობი დარჩა; მაგრამ მთავარი ის იყო, რომ "სონი ცენტრი თბილისი" ავტომატურად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოიჯარე გახდა და იჯარის ფულის გადახდასაც აგრძელებდა. მიუხედავად ამისა, "სონი ცენტრს" ერთ "მშვენიერ" დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ფართის დაცლა მოითხოვა.

ბევრი ამტკიცა "სონი ცენტრის" დირექტორმა,  მათმა ადვოკატმა და შემდეგ სახალხო დამცველმაც, რომ მოქმედი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება არავის აქვსო, მაგრამ "სონი ცენტრი" იძულებით მაინც გამოასახლეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და მაშინდელი მინისტრი გიორგი არველაძე ვალდებულები იყვნენ კაკაბაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაეცვათ მოიჯარეებთან.

"კონკრეტულ ურთიერთობაში სამინისტრო წარმოადგენდა ფიზიკური პირის, კაკაბაძის უფლებამონაცვლეს", - განმარტა სოზარ სუბარმა. ასე ფიქრობდა სუბარი, არველაძე კი სხვა პოზიციაზე იყო. თავის მხრივ ფართის ყიდვა "სონიმაც" ისურვა, რადგან აპირებდა თბილისში შეექმნა სასაწყობო ბაზა, საიდანაც ამ ბრენდის პროდუქციით დსთ-ს, ასევე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოამარაგებდა, თუმცა "სონი ცენტრს" თავსდატეხილი ამბების გამო, "სონიმ" საქართველოდან საერთოდ შესაძლო წასვლაზეც გააკეთა განცხადება.

მას შემდეგ, რაც მზია კაკაბაძემ თავის საკუთრებაში არსებული ფართი სახელმწიფოს აჩუქა,  დავა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩუქების გაფორმების შემდეგ კაკაბაძემ ერთი ამბავი ატეხა. ყოველ შემთხვევაში ასეა ნათქვამი საქართველოს მხარისადმი გამოგზავნილ საარბიტრაჟო შეტყობინებაში, სადაც დეტალურად არის ყველაფერი გაწერილი, რაც რუსთაველის 30-ში განთავსებული კომპანიების დავას შეეხება.
საარბიტრაჟო შეტყობინების "ე" ნაწილში "საქართველოს მიერ შენობების "შეძენა" და კომპანიების გაძევება" მითითებულია, რომ:

"2006 წლისთვის არსებობდა სამი იჯარის ხელშეკრულება:

1) "კაფე რუსთაველის" – 2004 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 14 ივნისამდე;

2) "ლაზერი 2"-ის იჯარა იწყებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან და გრძელდებოდა 2015 წლის 1 იანვრამდე;

3) "სონი ცენტრის" იჯარა იწყებოდა 2006 წლის 1 იანვრიდან და სრულდებოდა 2015 წლის 1 იანვრამდე. ქალბატონი კაკაბაძის საკუთრებაში არსებული ფართები მდებარეობდა რუსთაველის გამზ. #30-ში მდებარე შენობის პირველ და მეორე სართულებზე. შენობის დანარჩენი ნაწილის ძირითად მფლობელს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობა".

წერილში ასევე მითითებულია, რომ მზია კაკაბაძემ მოულოდნელად აჩუქა საკუთარი ფართი ეკონომიკური განვითარებს სამინისტროს, რაც თავად კაკაბაძემ მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებული მუქარითა და ზეწოლით ახსნა. შემდეგ ეს ჩუქება თვითონ კაკაბაძემ გამოაცხადა "იძულებით გაკეთებულ ჩუქებად". საარბიტრაჟო შეტყობინებაში მითითებულია ქონების ჩუქების შემდეგ კაკაბაძის გაკეთებული განცხადება.

"2006 წლის 24 ნოემბერს ქალბატონი კაკაბაძე მივიდა ნოტარიუსთან, სადაც გააკეთა და დაამოწმა შემდეგი განცხადება:

"მე, მზია კაკაბაძე, ვაცხადებ, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს იძულებით მომაწერინეს ხელი "უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებაზე". აღნიშნული ხელშეკრულება მომზადდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, სადაც მათ მაიძულეს  სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადამეცა ჩემი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ, თბილისში, რუსთაველის გამზ. #30-ში, სადაც "კაფე რუსთაველი" და "სონი ცენტრი" ფუნქციონირებდა. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი ამას, მაგრამ მივხვდი რა, რომ ჩემი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს საფრთხე ემუქრებოდა, იძულებული ვიყავი ხელი მომეწერა ხელშეკრულებისთვის. მე ვაცხადებ, რომ ეს მოხდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ და მაიძულეს ხელშეკრულების ხელმოწერა..."

რეალურად რისთვის დასჭირდა ეს ფართი ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება. მაშინდელმა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ საჯაროდ მრავალჯერ განაცხადა – რუსთაველის #30-ით მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელი "ჰილტონია" დაინტერესებული და ამ ფართში სახელმწიფოს 8-12 მილიონ დოლარს გადაუხდისო.

როგორც მაშინ ჩანდა, "ჰილტონის" საქართველოში შემოსვლის მოტივით სახელმწიფომ მარტივ გზას მიმართა – ფართის მფლობელს ჩუქება გააფორმებინა და ინვესტორის მოლოდინიც დაიწყო. მაღაზია "სონის" დახურვის შემდეგ მიმდებარე ფართზე სახელმწიფომ სარემონტო სამუშაოები გააჩაღა: იუსტიციის სამინისტროს ფართიც გაარემონტა და რუსთაველის 30-ის შემოგარენიც გაალამაზა. თუმცა, ამ ჩუქების შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და საქმიანი წინადადებით "ჰილტონის" არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ "სონი ცენტრი თბილისის" ამერიკელმა პარტნიორებმა გადაამოწმეს გიორგი არველაძის გაკეთებული განცხადებების სიმართლე და აღმოაჩინეს, რომ "ჰილტონის" წარმომადგენლები არ აპირებდნენ თბილისში სასტუმროს აშენებას. შესაბამისად, მაშინდელი მინისტრის განცხადება, ბარათაშვილის თქმით, იყო "ბლეფი". 2007 წელს გიორგი არველაძე ასევე აცხადებდა, რომ სახელმწიფო იუსტიციის სამინისტროს შენობასაც გაყიდდა, მასთან ერთად იმ ფართს, სადაც კაფე "რუსთაველი" და "სონის" მაღაზია იყო. "ჰილტონის" სასტუმროც სწორედ ამ ფართზე იქნებოდა.

მომჩივანი მხარის გაკეთებული განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თხოვნით მისულმა 200-მდე პოლიციელმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს გარეთ "კაფე რუსთაველის", "ლაზერი-2"-ის და "სონი ცენტრის" თანამშრომლები და ფაქტობრივად ყველაფერი გაიტანეს შენობიდან (ძვირად ღირებული აპარატურისა და ინვენტარის ჩათვლით).
მოგვიანებით სახელმწიფო ნაწილობრივ დათმობაზე წავიდა და გამოსახლებული "სონი ცენტრი თბილისს" ძველ ფართზე საიჯარო ხელშეკრულებით დააბრუნა. "სონის" მაღაზია 2007 წლის 7 აგვისტოს იძულებითი გამოსახლებიდან 10 თვის შემდეგ, 2008 წლის მაისში კვლავ იმავე ადგილზე გაიხსნა, კაფე "რუსთაველი" კი კვლავ დალუქულია. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, დღევანდელი მდგომარეობით ის კვლავ თავის ადგილზეა და არსად გადაუტანიათ. დავა, რომელიც დღეს წარმოებს, შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მოიჯარეებისათვის კომპენსაციის გადახდას იმ პერიოდისათვის, როდესაც ისინი გამოსახლებული იყვნენ.

რაც შეეხება რუსთაველის გამზ. #30-ში მდებარე ფართის ყოფილ მფლობელს მზია კაკაბაძეს, ეკონომიკური  განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარვე არსებობდა სამინისტროს მხრიდან მოქალაქე მზია კაკაბაძის ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება. მართლაც, არსებობს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება:

"საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება #726

ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. 28-ში/ალ. ჭავჭავაძის ქ. 2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართობის (1087,65 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. 28/ალ. ჭავჭავაძის ქ. 2-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართობი (1087.65 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს მოქალაქე მზია კაკაბაძეს (მცხოვრები ქ. ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქ. 25, დაბადებული ხელვაჩაურის რაიონში 17.06.1964წ. (პირადობის მოწმობა: პირადი 61001000525, ბ 0020238) სიმბოლურ ფასად - 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტურ ლარად, შემდეგი პირობებით:

ა) საპრივატიზებო თანხა გადაიხადოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში;

ბ) განკარგულების ხელმოწერიდან და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოთხოვნიდან 3 დღეში ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. 30-ში მდებარე თავისი კუთვნილი უძრავი ქონება - არასაცხოვრებელი ფართობი (871,89 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცეს უსასყიდლოდ;

გ) უზრუნველყოს, რომ არა უგვიანეს 2007 წლის 1 იანვრისა ამ განკარგულების პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონება იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ქონების მოქალაქე მზია კაკაბაძისათვის გადასაცემად.

მიხეილ სააკაშვილი."

როგორც განკარგულებაშია მითითებული, კაკაბაძეს ახალი ფართის მიღების სანაცვლოდ რუსთაველის #30 ზე უარი უნდა ეთქვა და ასეც მოიქცა. ამ ამბებში კი "სონი" დარჩა "ჰაერში გამოკიდებული".

2008 წლის 17 ნოემბრით დათარიღებულ საარბიტრაჟო შეტყობინებაში ასევე მითითებულია მოსარჩელე კომპანიების მოქმედება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვაში გამოიხატა.

"მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი საქართველოს  ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ, ეს სარჩელები 2007 წლის აგვისტოს შემდეგ ყოველგვარი წინსვლის გარეშე გაყინულია, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ასეთი სარჩელები სრულად იქნას მოსმენილი და გადაწყვეტილი შეტანიდან 5 თვის ვადაში. მართლაც, საქართველოს სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება, კომპანიების გამოძევება და კომპანიების სარჩელებზე უმოქმედობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის, ასევე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა დარღვევას.

მოსარჩელეებმა თავიანთი სარჩელის შესახებ აშშ-საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად შეატყობინეს მოპასუხეს 2007 წლის 29 ნოემბერს. ამ დროიდან, მოსარჩელეებმა დააყენეს რამდენიმე მისაღები წინადადება დავის მოლაპარაკების გზით მოსაგვარებლად. მოპასუხე კი პირიქით, მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოსარჩელე ეიძულებინა, არ მიემართა არბიტრაჟისთვის...

ამ საკითხზე შეთანხმების კეთილსინდისიერად მიღწევის თითქმის ერთწლიანი მცდელობის და საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ არაკეთილსინდისიერი საქციელით მანიპულირებისა და ბოროტად გამოყენების შემდეგ, მოსარჩელეები იწყებენ ამ არბიტრაჟს".

საქართველოს ბიუჯეტმა შესაძლოა 12 მილიონი აშშ დოლარი დაკარგოს
2007 წელს გავრცელებული მონაცემებით, შპს "სონი ცენტრი თბილისისა" და შპს "ლაზერი-2 თბილისის" წლიური ბრუნვა 5,947 მლნ ლარს შეადგენდა, დახურვამდე ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 1,450 მლნ ლარი აქვთ შეტანილი. ამ საწარმოების დირექტორმა პრეზიდენტსაც მიმართა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან ინვესტორის უფლებების დაცვა მოითხოვა. მისი თქმით, რაც ახალ მფლობელს - ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საწარმოებთან ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო. ამისათვის მათ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ანგარიშის ნომერიც მიუთითა და ყოველთვიური იჯარის მოცულობაც განუსაზღვრეს, მაგრამ შემდეგ კი ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ფართის გათავისუფლება მოითხოვა.

სახელმწიფომ ამავე პერიოდში "სონი ცენტრი" განუბაჟებელი საქონლით ვაჭრობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ კი ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, "სონი ცენტრში" ფინანსური პოლიცია შევიდა და ობიექტიც დალუქა. საქმეში პატრულიც ჩაერთო. საბოლოოდ რუსთაველის 30-დან "სონი ცენტრი" იძულებით გამოასახლეს. "სონი ცენტრის" ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა სამართალდამცველთა ქმედება შეაფასა, როგორც "ბოლშევიზმის რეციდივი და სრული უკანონობა", თუმცა ადვოკატის სიტყვები სიტყვებად დარჩა.

დღევანდელი მდგომარეობით კი "ლაზერი-2 თბილისის", კაფე "რუსთაველის" და "სონი ცენტრი თბილისის" მფლობელებმა საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს. ქართველ მფლობელებთან ერთად, ამ საწარმოებში 50% იანი წილი აქვს ამერიკულ "IZEE Enterprises"-ს. სწორედ  ამერიკულმა მხარემ გადაწყვიტა საქართველოს სახელმწიფოს ნიუ-იორკის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს და 12 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვოს. ოქტომბრის შუა რიცხვებში საქართველოს მთავრობამ საარბიტრაჟო შეტყობინება მიიღო. შეტყობინებაში მითითებულია, რომ საარბიტრაჟო განხილვა გაიმართება "თანახმად გაერთიანებული ერების კომისიის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის საარბიტრაჟო წესების და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ დადებული შეთანხმებისა". მოსარჩელეები არიან კომპანის "IZEE Enterprises" (აშშ), შპს "ლაზერი-2 თბილისი" და შპს "კაფე რუსთაველი". მოპასუხე კი გახლავთ საქართველო.

საარბიტრაჟო შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია: "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის "ინვესტიციების წახალისებისა და ორმხრივი დაცვის შესახებ" დადებული ხელშეკრულების IX მუხლის და გაერთიანებული ერების კომისიიის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის საარბიტრაჟო წესების მე-3 მუხლის თანახმად მოვითხოვთ, რომ მათსა და მოპასუხეს შორის არსებული დავა გადაეცეს არბიტრაჟს UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად".
 
როგორც სოსო ბარათაშვილი ამბობს, სარჩელი მოამზადა და სასამართლოში შეიტანა ამერიკულმა მხარემ. აღმოჩნდა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი ბიზნესმენები ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში ედავებიან. ბარათაშვილის თქმით, სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და ახლა უკვე განხილვებს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უნდა დაველოდოთ. სანამ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში საქმე შევიდოდა, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან ოფიციალური წერილი მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში კონგრესმენმა დანა რორაბაკერმა მიუთითა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული კომპანია "IZEE Enterprises LLC" მის საარჩევნო ოლქში - ჰანტინგტონ ბიჩზე, კალიფორნიაში მდებარეობს. ამ კომპანიას კი საქართველოში სირთულეები აქვს. მცირე ამონარიდი წერილიდან:
"IZEE-ს განცხადებები ძალზე სერიოზულია. საქართველოში რამდენიმე წლის მანძილზე ბიზნეს-საქმიანობის განხორციელების შემდეგ, IZEE-მ შეიძინა ორი ქართული კომპანიის, შპს "ლაზერი-2 თბილისი"-სა და შპს "კაფე რუსთაველის" წილების 50%, რომლებსაც ჰქონდათ დადებული გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებები შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზირი 30. შენობის მესაკუთრე ქალბატონის მიერ მიცემული წერილობითი ჩვენების თანახმად, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამდებობის პირები ემუქრებოდნენ ზემოხსენებულ ქალბატონს, რომ ზიანს მიაყენებდნენ მის ოჯახს, თუ ხელს არ მოაწერდა იმაზე, რომ მის საკუთრებას "საჩუქრის" სახით გადასცემდა მთავრობას.

ჩემთვის ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც მესაკუთრე  ქალბატონი აიძულეს ხელი მოეწერა მისი საკუთრების ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის გადაცემისათვის, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 200 თანამშრომლის გამოყენებით, უზრუნველყო ფიზიკურად გამოესახლებინა "კაფე რუსთაველი" და "ლაზერი-2" იჯარით აღებული შენობიდან, რასაც მოჰყვა ძვირფასი ქონების დაზიანება და განადგურება".
 
რორაბაკერის განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ იძულებითი გამოსახლების გამო კომპანიებმა მილიონობით დოლარის ზარალი განიცადეს. ამერიკელი კონგრესმენი წერილში ყურადღებას ამახვილებს, რომ IZEE-ს შეეძლო დაეჩქარებინა საარბიტრაჟო სარჩელის განხილვა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ კომპანიას სურს გააგრძელოს ბიზნეს-საქმიანობა საქართველოში. ამისთვის IZEE-მ საიჯარო ურთიერთობების აღდგენა და მიყენებული ზარალის – 2,5 მილიონის ანაზღაურება ითხოვა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ სურს შეთანხმების მიღწევა, აღმოჩნდა, რომ კომპანიებს კვლავ ეშლებათ ხელი საქმიანობაში. აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე ექვს თვეზე მეტია უშედეგოდ მიმდინარეობს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში. წერილის ბოლოს კი რორაბაკერმა ფაქტობრივად გააფრთხილა საქართველოს მთავრობა:
  
"იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მიიღწევა შეთანხმება, IZEE, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების საფუძველზე, კვლავ განაახლებს დავას საერთაშორისო არბიტრაჟში. ჩემთვის ცნობილია, რომ IZEE არ არის დაინტერესებული საერთაშორისო არბიტრაჟში დავის გაგრძელებით".

წერილის ასლები გადაუგზავნეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, ამერიკის ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზას.

მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს საქმე მაინც მივიდა საარბიტრაჟო სასამართლომდე. როგორც ირკვევა, საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოსარჩელე მხარეს 500 ათასი დოლარი უჯდება. ასეთი თანხის გადახდის შემთხვევაში კი ძნელი დასაჯერებელია მოსარჩელე მხარე გამარჯვებაში დარწმუნებული არ იყოს. საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართვამდე კი, მოსარჩელე მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ისე გავიდა 17 თვე, სასამართლო სხდომა ერთხელაც არ ჩატარებულა.

მას შემდეგ, რაც საქმე უკვე საარბიტრაჟო სასამართლომდე მივიდა, მომჩივანი კომპანიების მიერ მოთხოვნილი თანხის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა. საარბიტრაჟო შეტყობინებაში განსახილველ თანხად დასახელებულია "რუსთაველის 30"-ში განთავსებული "კაფე რუსთაველის" და შპს "ლაზერი-2"-ის საბაზრო ღირებულების ეკვივალენტური თანხა. კერძოდ კი, საარბიტრაჟო შეტყობინების 46-პუნქტში მითითებულია, რომ "კაფე რუსთაველის" საბაზრო ღირებულება, სანამ მისი დევნა დაიწყებოდა, 5,4 მილიონ დოლარს, ხოლო "ლაზერი-2"-ის ფასი - 6,7 მილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, თუ თუ არ მოხერხდება საქმის არბიტრაჟის მიერ განხილვის დაწყებამდე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, უკვე მოთხოვნილი თანხა უკვე 12 მილიონს გადააჭარბებს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იჯარები არ იქნება აღდგენილი და დაგროვილი ზარალი არ ანაზღაურდება, მოსარჩელეები მოითხოვენ კომპანიის წინაღმდეგ უშუალოდ მოპასუხეთა არაკანონიერი ქმედებებამდე "კაფე რუსთაველის" და "ლაზერი-2"-ის სამართლიან საბაზრო ფასს, პლუს დამატებითი ზარალი, პროცენტი, ყველა გადასახადისა და ხარჯების გადახდას, და მოპასუხის ბოროტი და არაკეთილსინდისიერი მოქმედებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურებას".
 
ადვოკატი სოსო ბარათაშვილის ამბობს, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პოზიციაც კი არ გააჩნია, რადგან ბარათაშვილის მტკიცებით, სამინისტრო ისეთ მდგომარეობაშია, რომ სასამართლოს აუცილებლად წააგებს. "სწორედ ამიტომ, საქართველოში სასამართლოს სხდომების სისტემატური გადატანა და გაჭიანურება ხდება", - გვითხრა სოსო ბარათაშვილმა.

ჩვენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან ვცადეთ კითხვებზე მიგვეღო პასუხი, თუმცა, აღმოჩნდა რომ სამინისტროში პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. შეკითხვაზე, "ჰილტონის" სასტუმროს აშენების იდეა გიორგი არველაძის ფანტაზიის ნაყოფი იყო, თუ რეალურად ხდებოდა მოლაპარაკება, პასუხი ვერ მივიღეთ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეა ბოლქვაძემ მოკლედ გვითხრა, რომ "ჰილტონის" შესახებ არაფერი იცის.

ბოლქვაძისგან ვერც ის გავარკვიეთ, ვის შეიძლება სამინისტროში სცოდნოდა, რეალურად აპირებდა თუ არა "ჰილტონი" თბილისში ინვესტიციების განხორციელებას. რაც შეეხება "სონი ცენტრის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, სამინისტროში ამბობენ, რომ სანამ სასამართლო არ დამთავრდება, მანამდე კომენტარს არავინ გააკეთებს.

სანამ სასამართლო ან არბიტრაჟი სიმართლეს დაადგენენ, ცნობილი გახდა, რომ "სონი ცენტრი თბილისი" საქართველოს ხელისუფლებისგან მიყენებული ზიანის შესავსებად ინვესტიციებს აშშ-ის მთავრობისგან მიიღებს. როგორც "სონი ცენტრი თბილისიდან" განაცხადეს, IZEE Enterprises-მა წერილობით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და მოითხოვა ფინანსური დახმარების მიღება. შპს "სონი ცენტრი თბილისის", "ლაზერი-2 თბილისის" და "კაფე რუსთაველის" მფლობელ ამერიკულ კომპანია IZEE Enterprises-ს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ 8 მილიონი დოლარი გამოუყო.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს პროცესი სავარაუდოდ 6 თვეს გასტანს. სასამართლოს დასრულების შემდეგ, სოსო ბარათაშვილის ვარაუდით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 12 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს სახელმწიფოს დამარცხება კი ბევრად ძვირი ჯარიმაა, ვიდრე 12 მილიონის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქვეყნოდ ცნობილი "სონის" შევიწროება სხვა ცნობილი კომპანიების მხრიდან საქართველოში ინვესტირებას ხელს ნამდვილად არ შეუწყობს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არბიტრაჟი საქართველოს სახელმწიფოს 12 მილიონ დოლარზე ნაკლები თანხის გადახდას დააკისრებს, სავარაუდოდ, გადასახდელი თანხა მაინც უფრო მეტი იქნება, ვიდრე ის თანხა იქნებოდა, მანამდე რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მოეხერხებინა დაზარალებულ კომპანიებთან მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა. როგორც ჩანს, ბოლოდროინდელ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხერხდებოდა დავის საქართველოშივე გადაჭრა შედარებით ზომიერი დანაკარგებით. ახლა კი, მხოლოდ საერთაშორისო საადვოკატო ფირმის დაქირავება რამდენი დაუჯდება ჩვენს ბიუჯეტს?

თემურ იობაშვილი