ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
ლოგიკური ამოცანა
ლოგიკური ამოცანა #101

ჟურნალის წინა ნომერში გამოქვეყნებული ამოცანა #100:

ხუთმა ქართველმა ბუღალტერმა, რომლებიც წარმოშობით სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ, ქალაქგარეთ, ერთმანეთის გვერდიგვერდ, სააგარაკო სახლები აიშენეს. ყველამ თავისი აგარაკი განსხვავებული ფერით შეღება. როდესაც ისინი ზაფხულში დასასვენებლად ჩავიდნენ, გაირკვა, რომ ისინი გემოვნებით სხვა საკითხებშიც განსხვავდებოდნენ: ჰყავდათ სხვადასხვა ფირმის ავტომანქანა, ეწეოდნენ სხვადასხვა მარკის სიგარეტს და სვამდნენ სხვადასხვა სასმელს. ერთადერთი, რაც მათ საერთო ჰქონდათ, ის იყო, რომ ყველას ძალიან მოსწონდა ჟურნალი "აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები".

მათ შესახებ ცნობილია:
1. ერთ-ერთს ჰყავს "ტოიოტა".
2. მეგრელი ცხოვრობს პირველ სახლში.
3. იმერელი ცხოვრობს წითელ სახლში.
4. ქართლელს უყვარს ღვინო.
5. გურული ეწევა ”მალბოროს”.
6. მწვანე სახლი მდებარეობს თეთრი სახლის მარცხნივ.
7. ვინც ეწევა ”როტმანსს”, ცხოვრობს იმის გვერდზე, ვისაც ჰყავს ”ოპელი”.
8. ვინც ცხოვრობს ყვითელ სახლში, ეწევა ”დანჰილს”.
9. ვინც ცხოვრობს ცენტრში, უყვარს შამპანური.
10. ”როტმანსის” მწეველის მეზობელს უყვარს არაყი.
11. ვინც ეწევა ”პალ მალს”, ჰყავს ”ფოლკსვაგენი”.
12. მეგრელი ცხოვრობს ლურჯი სახლის გვერდით.
13. ვინც ცხოვრობს ლურჯ სახლში, ჰყავს ”მერსედესი”.
14. კახელს ჰყავს ”ნისანი”.
15. ვინც ეწევა ”კენტს”, მას უყვარს ლუდი.
16. ვინც ცხოვრობს მწვანე სახლში, მას უყვარს ჭაჭა.

კითხვა: ვის ჰყავს ”ტოიოტა”?

ამოცანის პასუხი:

თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ 5x5-ზე ცხრილი, სადაც სვეტები აღნიშნავენ სახლის ნომერს (მიყოლებით ავღნიშნოთ რომაული ციფრებით), ხოლო სტრიქონები შესაბამისად სახლის პატრონის წარმომავლობას, სახლის ფერს, მანქანას, სიგარეტს და სასმელს. გადავნომროთ სტრიქონები: A - კუთხე, B - ფერი, C - მანქანა, D - სიგარეტი, E - სასმელი (მაგალითისთვის: C4 უჯრაშია ის, თუ რა მანქანა ჰყავს მეოთხე სახლში მცხოვრებს, ხოლო B2 - რა ფერისაა მეორე სახლი და ა.შ.).

მიმდევრობითი მსჯელობით თანდათან შევავსოთ ცხრილი:

ა) მე-2 პირობიდან ჩანს, რომ A1=მეგრელი;

ბ) მე-9 პირობიდან ჩანს, რომ E3=შამპანური;

გ) ა)-დან და მე-12 პირობიდან ჩანს, რომ B2=ლურჯი;

დ) გ)-დან და მე-13 პირობიდან ჩანს, რომ C2="მერსედესი";

ე) მე-6 პირობიდან და B2-დან ჩანს, რომ B3=მწვანე ან B4=მწვანე;

ვ) ე)-დან, მე-16 პირობიდან და E3-დან ჩანს, რომ B4=მწვანე და E4=ჭაჭა;

ზ) ვ)-დან და მე-6 პირობიდან ჩანს, რომ B5=თეთრი;

თ) მე-3 პირობიდან და A1, B2, B4, B5-დან ჩანს, რომ A3=იმერელი და B3=წითელი;

ი) B2, B3, B4, B5-დან ჩანს, რომ B1=ყვითელი;

კ) ი)-დან და მე-8 პირობიდან ჩანს, რომ D1="დანჰილი";

ლ) მე-15 პირობიდან და D1, E3, E4-დან ჩანს, რომ D2="კენტი" და E2=ლუდი ან D5="კენტი" და E5=ლუდი;

მ) მე-4 პირობიდან და A1, A3, E4-დან ჩანს, რომ A2=ქართლელი და E2=ღვინო ან A5=ქართლელი და E5=ღვინო;

ნ) ლ)-დან, მ)-დან და E3, E4-დან ჩანს, რომ E1=არაყი;

ო) ნ)-დან და მე-10 პირობიდან ჩანს, რომ D2="როტმანსი";

პ) ლ)-დან და D2-დან ჩანს, რომ D5="კენტი" და E5=ლუდი;

ჟ) E1, E3, E4, E5-დან ჩანს, რომ E2=ღვინო;

რ) E2-დან და მე-4 პირობიდან ჩანს, რომ A2=ქართლელი;

ს) მე-5 პირობიდან და A1, A2, A3, D5-დან ჩანს, რომ A4=გურული და D4="მალბორო";

ტ) A1, A2, A3, A4-დან ჩანს, რომ A5=კახელი;

უ) მე-14 პირობიდან და A5-დან ჩანს, რომ C5="ნისანი";

ფ) D1, D2, D4, D5-დან ჩანს, რომ D3="პალ მალი";

ქ) მე-11 პირობიდან და D3-დან ჩანს, რომ C3="ფოლკსვაგენი";

ღ) მე-7 პირობიდან და D2, C3-დან ჩანს, რომ C1="ოპელი";

ყ) ერთადერთი შეუვსებელი უჯრა ცხრილში დარჩა C4="ტოიოტა";

ამგვარად, სწორი პასუხია: "ტოიოტა" ჰყავს გურულს.

ჟურნალის მკითხველებიდან სწორი პასუხი პირველმა გვაცნობა და ”ააფის” სპეციალური პრიზი - ”აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსებისა” და ”ბიზნესი და მენეჯმენტის” 2009 წლის ხელმოწერა და ო. ჰენრის ნოველების კრებული "ზაფხულის შუადღის სიზმარი" დაიმსახურა ჯაბა ელიზბარაშვილმა.

მორიგი ამოცანა #101:

კრუპიემ მაგიდაზე გვერდიგვერდ დააწყო სამი ბანქო. ორი მათგანი ტუზია, ერთი ჯოკერი. კრუპიესთვის თანმიმდევრობა ცნობილია, ხოლო თქვენთვის - არა. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ რომელიმე ბანქოზე და დაუსვათ კრუპიეს კითხვა, რომელსაც ის უპასუხებს ”დიახ” ან ”არა”-ს. თუ თქვენს მიერ მითითებულ ბანქოზე არის ტუზი, კრუპიე გიპასუხებთ სიმართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კრუპიემ შეიძლება გიპასუხოთ სიმართლე, შეიძლება ტყუილი. შეძლებთ თუ არა თქვენ ერთადერთი კითხვით ზუსტად დაადგინოთ, რომელია ტუზი?

პირველ მკითხველს, ვინც სწორად უპასუხებს ამ ამოცანას, გადაეცემა შესანიშნავი საჩუქარი - შპს ”ააფ მენეჯმენტის” მიერ გამოცემული ერთ-ერთი წიგნი:

1) ფრანგი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ანდრე ჟიდის რომანი ”ვიწრო კარიბჭე”;

2) ჩარლზ დიკენსის ”საშობაო მოთხრობები”;

3) ფრანგი მწერლის, რეიმონ კენოს რომანი ”ქალი არ უნდა გაანებივრო”; 

4) ო. ჰენრის ნოველების კრებული ”ზაფხულის შუადღის სიზმარი”.

გამარჯვებულის ვინაობა გამოქვეყნდება!

დაგვირეკეთ ტელეფონზე: 39-33-48/49 ან (99)-55-68-34 (მობ.).

გისურვებთ წარმატებებს!

რამაზ ლიპარტელიანი