ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
კითხვა-პასუხი #1 (იანვარი), 2009
კითხვა: ვართ დღგ-ის გადამხდელი შპს. ვახორციელებთ საქონლის ექსპორტს, პროდუქციის გადატვირთვისას ხდება მისი ხის სადგამებზე (ე.წ. "პადონებზე") დალაგება და შემდეგ ექსპორტირება. აღნიშნულ ხის ტარას ანუ "პადონებს" ჩვენ ვყიდულობთ, ექსპორტის დეკლარაციაში კი იწერება მხოლოდ საქონლის ყუთების რაოდენობა და არსად არ ფიგურირებს ხის ტარა, რომელიც რეალურად ჩვენგან გადის. როგორ უნდა მოხდეს ამ ხის ტარის ჩამოწერა ნაშთიდან, შეიძლება თუ არა მისი საბალანსო ან საბაზრო ფასით დეკლარაციაში შეტანა (საექსპორტო ხელშეკრულებაში ტარა არაა ნახსენები და ტრანსპორტირებას ექსპორტიორი ანხორციელებს)? თუ არა, როგორ უნდა მოხდეს მისი ნაშთიდან ჩამოწერა ბუღალტრულად?

პასუხი: სხვადასხვა საწარმოებში იმპორტის ოპერაციების ბუღალტრულად დამუშავების დროს ხშირად შეგვხვედრია უცხოელი მიმწოდებლების მიერ გამოწერილი ინვოისები, სადაც პროდუქციის დასახელებასთან ერთად აღნიშნულია მისი შეფუთვაც და თანმოყოლილი სადგამების ("პადონების") რაოდენობაც - ხან ამ უკანასკნელთა ფასის მითითებით (როგორც წესი, ფასი ეთითება ხოლმე მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის), ხანაც - მითითების გარეშე. სამომავლოდ, ასევე უნდა მოიქცეთ თქვენც და პროდუქციის ექსპორტზე გადატვირთვისას გამოწერილ ინვოისებში და სასაქონლო ზედნადებებში უნდა მიუთითოთ გამოყენებული ხის სადგამების რაოდენობა. ვინაიდან საექსპორტო ხელშეკრულებაში ტარის შესახებ არაფერია ნათქვამი, ამიტომ ინვოისში უნდა მიუთითოთ, რომ ხის სადგამების საფასური შესულია პროდუქციის ფასში. ასეთ შემთხვევაში იარსებებს პირდაპირი მტკიცებულება მათი მიწოდების ხარჯებზე ჩამოწერისათვის.

რაც შეეხება გასულ პერიოდს, სხვა მტკიცებულების არარსებობის გამო, ექსპორტის განყოფილებამ უნდა შეადგინოს პროდუქციის ტრანსპორტში ჩატვირთვის აქტები, შეფუთვის სახისა და თანმიყოლილი ხის სადგამების რაოდენობის მითითებით. მათ საფუძველზე მოხდება ხის სადგამების ჩამოწერა მიწოდების ხარჯებზე (შესაძლოა, შემდგომ საწარმოს მოუწიოს იმის მტკიცება საგადასახადოს წინაშე, რომ პროდუქციის დატვირთვისათვის ხის სადგამების გამოყენება აუცილებელი იყო, მაგრამ ალბათ ამის დამტკიცება რეალურია). საექსპორტო დეკლარაციაში მათი საბალანსო ან საბაზრო ფასით შეტანა არასწორად მიგვაჩნია (გარდა იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევისა, თუ მის ფასს მყიდველი ცალკე ანაზღაურებს), რადგან ის თქვენს შემთხვევაში ცალკე სასაქონლო პროდუქცია არ არის.

კითხვა: შპს-ს 2006 წლის იანვარში დამფუძნებლისაგან აღებული ჰქონდა სესხი. 2008 წელს სესხი სრულად დაიფარა, სესხის პროცენტი კი არა. მსესხებელი ჯერჯერობით სესხის პროცენტის გადახდას არ გვთხოვს (სესხის პროცენტის გადახდის ვადები ხელშეკრულებაში მითითებული არ არის). შესაძლოა, პროცენტი დაიფაროს 2010 წელს. შეიძლება თუ არა სესხის პროცენტი ფირმისათვის ჩაითვალოს სარგებლად?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, შევნიშნავთ, რომ რადგან შპს-მ ისესხა ფული დამფუძნებლისაგან, ანუ სსკ 23-ე მუხლის განმარტებით, ურთიერთდამოკიდებული პირისაგან, ამიტომ სასესხო ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტი უნდა იყოს საბაზრო. რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, ზოგადად, ვალდებულების ხანგრძლივად არსებობა, მათ შორის მსესხებელზე გასაცემი პროცენტის დავალიანების ხანგრძლივად არსებობის ფაქტი თავისთავად არ წარმოშობს ერთობლივ შემოსავალში ჩასართავ სარგებელს (აქ არ ვგულისხმობთ იმ შემთხვევას, როდესაც მსესხებელმა საპროცენტო დავალიანების აღებაზე საერთოდ უარი თქვა). ასეთი სარგებელი წარმოიშობა უპროცენტო სესხის მიღებისას. მოცემულ შემთხვევაში სესხი უპროცენტო არ ყოფილა - იყო პროცენტით, ანუ დარიცხვის მეთოდის თანახმად სესხის მიმღებმა ხარჯი გაწია. შემდგომ მან დაფარა სესხის ძირი თანხა და გადასახდელი დარჩა პროცენტი, მაგრამ ეს გარემოება, ანუ ის, რომ ჯერ სესხის ძირითადი თანხა დაიფარა, ხოლო პროცენტის თანხა ჯერ არ გადახდილა, არ იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით. ამიტომ თუ სასესხო ხელშეკრულებაში აღნიშნული იყო, რომ პროცენტზე პროცენტი არ დაერიცხება, წესით, საგადასახადო ორგანომ ამ ვალდებულების არსებობა არ უნდა გააიგივოს ფაქტობრივად უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი სესხით სარგებლობასთან.

კითხვა: გთხოვთ თქვენი ჟურნალის მეშვეობით განმიმარტოთ, როგორ აისახება ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაო ჩვენს საფინანსო ბუღალტრულ ოპერაციებში, თუ: ხელშეკრულების საფუძველზე ქვეკონტრაქტორი ემსახურება პროგრამულ პაციენტებს, რომელთა მომსახურებისათვის ვაწვდით საჭირო სამედიცინო მასალებს თვითღირებულებით, ანაზღაურების გარეშე. შესრულებულ სამუშაოზე ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს მომსახურების მთლიან ღირებულებას (მასალები+მომსახურება), სადაც დამინუსებულია მიწოდებული მასალების ღირებულება და ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მომსახურება.

რა სახის ბუღალტრულ გატარებებს მოიცავს აღნიშნული ოპერაციები და მიწოდებული მასალები ცალკე რეალიზაციაში ხომ არ ჩაგვეთვლება?

პასუხი: ქვეკონტრაქტორის მომსახურება ანალოგიურია სსკ მე-19 მუხლის 1-"ქ" პუნქტით განსაზღვრული მომსახურებისა "დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის ან სხვა ქონების წარმოება" (მომსახურების ეს სახე დაწვრილებით აღწერილია ამავე მუხლის მე-2 ნაწილში), იმ განსხვავებით, რომ წარმოების ნაცვლად ხდება მომსახურება, რასაც შეიძლება ვუწოდოთ "დამკვეთის ნედლეულით (მასალით) მომსახურების გაწევა". ტერმინოლოგიური განსხვავების მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ ისინი პრაქტიკულად ერთი და იგივეა, ხოლო თუ ვინმე ასე არ მიიჩნევს, მაშინ "დამკვეთის ნედლეულით (მასალით) მომსახურების გაწევა" შეიძლება მივაკუთვნოთ მე-19 მუხლის 1-"ჩ" პუნქტს - "სხვა მომსახურება". ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს მომსახურების ერთ-ერთი სახეა, რადგან თუ დამკვეთის ნედლეულით (მასალით) საქონლის წარმოება შეიძლება, მაშინ დამკვეთის ნედლეულით (მასალით) მომსახურების გაწევა რატომ არ უნდა შეიძლებოდეს?

აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორად გაფორმებული ხელშეკრულებისა და პირველადი საბუთების პირობებში ქვეკონტრაქტორისათვის მიწოდებული მასალები, განკუთვნილი მის მიერ თქვენთვის მომსახურების გასაწევად, ცალკე რეალიზაციაში არ ჩაგეთვლებათ (მაგალითისათვის, მასალების გადაცემაზე სასაქონლო ზედნადებში არ უნდა იყოს შევსებული გრაფები "მყიდველი" და "გამყიდველი", უნდა იყოს მითითებული მხოლოდ საქონლის "გამგზავნი" და "მიმღები").

ბუღალტრულ გატარებებს ექნებათ სახე:

მასალების გადაცემისას: დ-ტი 1620/"მასალები დამკვეთთან" კ-ტი 1620/"მასალები საწყობში";

დამკვეთის ანგარიშის მიღებისას: დ-ტი 71xx კ-ტი 3110 და დ-ტი 71xx კ-ტი 1620/"მასალები დამკვეთთან".

კითხვა: საწარმომ 2007 წელში მყიდველს გადაუტვირთა საქონელი. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადატვირთული საქონლის ღირებულება ვაღიარეთ შემოსავლად და დავბეგრეთ შესაბამისი გადასახადებით (დღგ, მოგების გადასახადი). მოხდა ისე, რომ 2008 წელში მყიდველის მიერ უკან დაგვიბრუნდა გარკვეული რაოდენობის საქონელი, შესაბამისად ჩვენს მიერ გამოწერილი იქნა კორექტირების დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა და მოხდა დღგ-ის ბრუნვის კორექტირება.

გთხოვთ განგვიმარტოთ, რა წესით უნდა მოხდეს მოგების გადასახადის კორექტირება, კერძოდ, უკან დაბრუნებული საქონლის მიხედვით უნდა დავაკორექტიროთ 2007 წლის მოგების გადასახადის დეკლარაცია, თუ დაბრუნებული საქონელი უნდა ავსახოთ 2008 წლის მოგების დეკლარაციის სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში? ამასთან, გთხოვთ, მიგვითითოთ შესაბამისი საბუღალტრო გატარებაც.


პასუხი: როგორც შეკითხვიდან ჩანს, 2007 წელს საქონლის გადატვირთვა რეალურად განხორციელდა, ხოლო 2008 წელს მოხდა საქონლის ნაწილობრივი დაბრუნება და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურაც ამიტომ გამოიწერა. ანუ, დასაბეგრი ოპერაცია განხორციელდა 2007 წელს, ხოლო მისი კორექტირება მოხდა მომდევნო წელს (ეს შემთხვევა უნდა განვასხვავოთ ისეთი შემთხვევებისაგან, როდესაც დასაბეგრი ოპერაცია არ შესრულებულა, მაგრამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი იყო და ამიტომ ხდება მისი დაკორექტირება). შესაბამისად, ამ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება 2008 წელს მომხდარი სამეურნეო ოპერაციაა და მისი ფინანსური და საგადასახადო შედეგები უნდა აისახოს 2008 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში.

საქონლის დაბრუნების ბუღალტრულ გატარებებს ექნება სახე (დაბრუნებული საქონლის გაყიდვის ფასი დღგ-ის ჩათვლით აღვნიშნოთ P-ით, ხოლო თვითღირებულება - T-თი):

დ-ტი 6120 კ-ტი 1410 P;
დ-ტი 3340 კ-ტი 6120 (P/1,18)*0,18 - ჩასათვლელი დღგ-ის თანხა დაბრუნებული საქონლიდან;
დ-ტი 1610 კ-ტი 6120 თ.

კითხვა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელ ფიზიკურ პირს, რომელიც საკონტროლო პაკეტის მფლობელია, აქვს თუ არა საზოგადოებაში მისი კუთვნილი წილის შესაბამისი ქონების ნატურით გამოყოფის (ან გამიჯვნის) უფლება, მიუხედავად 25%-ის მფლობელი ერთი პარტნიორის წინააღმდეგობისა? წილები ასეა განაწილებული:
56% - I პარტნიორი; 25% - II პარტნიორი; 19% - III პარტნიორი.

პასუხი: არა, არ აქვს. "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-4 ნაწილის "კ" პუნქტის მიხედვით, საწარმოს რეორგანიზაციის (მათ შორის, გაყოფის) შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტნიორთა საერთო კრებამ (თუ საწარმოს წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს). ამასთან, კანონის ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, "ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას", ხოლო მე-9 მუხლის თანახმად, "საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს".

ამგვარად, აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ პარტნიორთა კრება შეიკრიბება, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ საზოგადოების ნატურით გაყოფა, მაგრამ 25%-ის მფლობელი პარტნიორის წინააღმდეგობის გამო პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული, თქვენი მხრიდან კი გადამწყვეტი ხმის უფლების გამოყენება ამ შემთხვევაში უკანონო იქნება.

კითხვა: 2008 წლის აპრილიდან შპს-ში პარტნიორთა წილების გადანაწილება ან საწესდებო კაპიტალის გაზრდა აღარ რეგისტრირდება საგადასახადო ორგანოში. როდის ან როგორ უნდა ვაცნობოთ საგადასახადო ორგანოს, თუ ასეთი ცვლილება 2008 წელს განხორციელდა?

პასუხი: "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, "წელიწადში ერთხელ მართვაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს ინფორმაციას (წინა წლის 31 დეკემბრისათვის არსებული მდგომარეობით) საწარმოში პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შესახებ". ამის გარდა, არსად არც ამ კანონში, არც რაიმე სხვა ნორმატიულ დოკუმენტში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის ფორმა ან ვადა მითითებული არ არის. ამიტომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა შეგიძლიათ მოახდინოთ უბრალო განცხადების ფორმით, გონივრულ ვადაშI, და თუ ამას გააკეთებთ თუნდაც გასული წლის წლიური საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარებასთან ერთდროულად, ეს დაგვიანებად ვერ ჩაგეთვლებათ.

კითხვა: 1) 40000 ლარზე ზემოთ ოჯახის შემოსავლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსებისას რა ქონება უნდა იყოს შეტანილი დეკლარაციაში? ეს უნდა იყოს შემოსავლის მიღწევის წლისთვის საკუთრებაში არსებული ქონება თუ დეკლარაციის ჩაბარების წლისათვის საკუთრებაში არსებული ქონება?

2) იგივე დეკლარაციაზე შემოსავლის გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თუ არა ის დანახარჯები, რაც ფიზიკურმა პირმა გაწია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანისას?

3) იგივე დეკლარაციაში შემოსავლის გაანგარიშებისას არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების ჩართვისას უნდა გამოაკლდეს თუ არა ამ შემოსავლის მიღების მიზნით გაწეული ხარჯები?


პასუხი: 1) სსკ 273-ე მუხლის თანახმად, 40 000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, ფიზიკური პირი უძრავ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების წლიური გადასახადის გამოანგარიშებას ახდენს საგადასახადო პეროდის ბოლოსთვის არსებული ქონების საბაზრო ღირებულებიდან.

მაგალითად, თუ 2008 წელს ოჯახის შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს, მაშინ 2008 წლის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გაანგარიშებაში, რომელიც 2009 წელს წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ჩართული უნდა იქნეს 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (გარდა მიწისა).

2)-3) სსკ 276-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის თანახმად, ქონების გადასაადით დაბეგვრის მიზნებისათვის "ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (სარგებელი) საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, მათ შორის:

ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი;

ბ) ნებისმიერი შემოსავალი (სარგებელი), რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;

გ) დარიცხული ხელფასი".

ამ შემოსავლებში არ გაითვალისწინება მხოლოდ ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ოჯახის მიერ მიღებულ შემოსავლებში არ გაითვალისწინება ის დანახარჯები, რაც ფიზიკურმა პირმა გაწია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოყვანისას, არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების ჩართვისას კი ამ შემოსავლის მიღების მიზნით გაწეული ხარჯები არ უნდა იქნეს გამოკლებული, გარდა 2008 წლის ბოლომდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის 3-"ე" ნაწილით განსაზღვრული "არასამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალის" შემთხვევის.

მაგალითად, თუ ფიზიკურმა პირმა 500 ლარად გაყიდა ველოსიპედი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოუყენებია და ადრე 400 ლარად ჰქონდა ნაყიდი, მაშინ სსკ აღნიშნული მუხლის მიხედვით, მან ერთობლივ შემოსავალში უნდა ჩართოს 100 (და არა 500) ლარი. ამის დასტურია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 6 მარტის #176 ბრძანებით დამტკიცებულ "ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ" ინსტრუქციაში მოყვანილი მე-12 მაგალითი.

კითხვა: 1) ჩვენი შპს ეწევა სალომბარდო მომსახურებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფიზიკური პირი გირაოს სახით უტოვებს ლომბარდს ნივთს, რის სანაცვლოდ მას ეძლევა გარკვეული თანხა, რაზეც ფორმდება საგირავნო ხელშეკრულება, ერთი თვის ვადით. ერთი თვის გასვლის შემდგომ კლიენტი ვალდებულია დაფაროს ძირი და გადაიხადოს პროცენტი. თუ მან დაფარა ძირი და გადაიხადა დარიცხული პროცენტი, მაშინ მას ნივთი უბრუნდება. თუ მან ვერ გადაიხადა ძირი და შემოიტანა მხოლოდ ამ თანხის ერთი თვის პროცენტი, მაშინ ეს ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება კიდევ ერთი თვის ვადით და ასე პროცესი  გაგრძელდება მანამდე, სანამ იგი არ დაფარავს მთლიან  ძირს და დარიცხულ საპროცენტო დავალიანებას. ეს ოპერაციები ბუღალტრულ აღრიცხვაში როგორ ავსახო?

ხანდახან ეს პროცესი გრძელდება ერთ წელზე მეტი (1,5-2 წელი და ა.შ), მაგრამ ეს მერე ირკვევა. ვინაიდან თავიდან საგირავნო ხელშეკრულება იდება ერთი თვის ვადით, მაინტერესებს მოკლევადიანი სესხს რომ გავცემთ, შემდეგ როგორ გადავიტანო გრძელვადიანებში?


ხანდახან ხდება პირიქით - ის მეორე ან მესამე დღეს ფარავს ძირს და იხდის დარიცხულ პროცენტს, მაგრამ სრულად ერთი თვის პროცენტს კი არა, არამედ ამ თანხაზე ერთი თვის დარიცხული პროცენტის მეოთხედს. ეს ოპერაციები ბუღალტრულ აღრიცხვაში როგორ ავსახო?


2) თუ კლიენტი არც პროცენტს იხდის და არც ძირს არ ფარავს, მხოლოდ სამი თვის გასვლის შემდეგ, ლომბარდი იტოვებს უფლებას დაგირავებულ ნივთის ამოღებისა და მისი რეალიზაციისა. ეს პუნქტი დევს საგირავნო ხელშეკრულებაში, რომ მან დაფაროს ძირი და დარიცხული საპროცენტო დავალიანება. ამოღების და რეალიზაციის ოპერაციები ბუღალტრულ აღრიცხვაში როგორ ავსახო?


3) გარდა სალომბარდო მომსახურებისა, ჩვენი შპს ახორციელებს აგენტის ოპერაციებს, კერძოდ, იგი არის "მაგთიკომის" დილერი. ანუ მას უყიდის "სალაპარაკო ბარათებს". ეს ოპერაციები ბუღალტრულ აღრიცხვაში როგორ ავსახო?


4) მაინტერესებს, ლომბარდისათვის ხარჯების და შემოსავლების აღიარებისათვის, დარიცხვის მეთოდით რომ ვიმუშავო, რამდენად მიზანშეწონილია, თუმცა მე უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია საკასო მეთოდი. ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს?


პასუხი: 1)-2) ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე სირთულეს ამ ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებით, რადგან სალომბარდო მომსახურება არის პროცენტიანი სესხის გაცემა, როდესაც გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად დატოვებულია სესხის ამღები პირის კუთვნილი ნივთი. ეს ნივთი უნდა აისახოს ლომბარდის ბუღალტრულ აღრიცხვაში გარესაბალანსო საბუღალტრო ანგარიშზე მანამ, სანამ ის არ დაუბრუნდება თავის მფლობელს ან სანამ ის არ გადავა ლომბარდის საკუთრებაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად. სესხის გაცემის, მასზე პროცენტის დარიცხვისა და გაცემული სესხისა და პროცენტების დაფარვის ბუღალტრული გატარებები სტანდარტულია და აქვთ სახე:

დ-ტი 1390 ან 1490 კ-ტი 1110 - მოკლევადიანი სესხის გაცემა;
დ-ტი 1810 კ-ტი 8110 - მისაღები პროცენტის დარიცხვა (აღიარება შემოსავლად დარიცხვის მეთოდის შესაბამისად);
დ-ტი 1110 კ-ტი 1810 - პროცენტის დაფარვა (მთლიანად ან ნაწილობრივ);
დ-ტი 1110 კ-ტი 1390 ან 1490 - გაცემული მოკლევადიანი სესხის დაფარვა (მთლიანად ან ნაწილობრივ).

თუ სესხის უზრუნველყოფისათვის დატოვებული ნივთი გადადის ლომბარდის საკუთრებაში, მაშინ, ზოგადად, ბუღალტრული გატარება დამოკიდებულია იმაზე, ამ ნივთის შესაძლო ნეტო-სარეალიზაციო ფასი აღემატება თუ არა იმ დროისათვის გადასახდელი სესხის ძირისა და პროცენტის ჯამურ თანხას.
როგორც წესი, ეს სწორედ ასეა, ანუ უზრუნველყოფაში დატოვებული ნივთი ისეა შეფასებული, რომ მისმა სარეალიზაციო ღირებულებამ დაფაროს გაცემული სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტების თანხა. მაშინ ბუღალტრულ გატარებას აქვს სახე:

დ-ტი 1610 კ-ტი 1390 ან 1490 და დ-ტი 1610 კ-ტი 1810 - საკუთრებაში გადმოსული ნივთის თვითღირებულების განსაზღვრა იმ დროისათვის გადაუხდელი სესხის ძირისა და პროცენტის ჯამურ თანხის ოდენობით;

დ-ტი 1410 კ-ტი 6110 და დ-ტი 6110 კ-ტი 1610 - საკუთრებაში გადმოსული ნივთის გაყიდვა და მისი ჩამოწერა რეალიზაციის ანგარიშზე (თუ ლომბარდი დღგ-ის გადამხდელია, მაშინ ამ გატარებას დაემატება დღგ-ის დარიცხვის ბუღალტრული გატარებაც).

რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაიტანოთ მოკლევადიანი სესხი გრძელვადიანში, როდესაც სესხის და პროცენტების დარიცხვა დიდხანს გრძელდება, ასეთი გადატანა არ უნდა განახორციელოთ! სესხი კლასიფიცირდება გრძელვადიან სესხად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სესხის პირობების თანახმად მისი დაფარვა უნდა მოხდეს ფინანსური ანგარიშგების შედგენის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში, თქვენ შემთხვევაში კი გაცემული სესხიც და დარიცხული მისაღები პროცენტიც შეიძლება დაფარულ იქნეს ნებისმიერ მომენტში.

3) ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებისათვის აგენტის ოპერაციების აღრიცხვის წესი განმარტებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 19 აპრილის #1-03/2668 წერილში, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ 2006 წლის აგვისტოში "ააფი"-ს #8(80)-ში. თუ ამ წერილის გაცნობის შემდეგ კვლავ წარმოგეშვებათ შეკითხვები, მოგვმართეთ დამატებით.

4) დარიცხვის მეთოდი ფუნდამენტური ხასიათის სააღრიცხვო პრინციპია, რომელიც "ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლების" 22-ე მუხლის მიხედვით, ნიშნავს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას ისეთი მეთოდით, რომლის თანახმად "სამეურნეო ოპერაციების შედეგებისა და სხვა მოვლენების აღიარება ხდება მათი მოხდენისთანავე (და არა ფულადი სახსრებისა და მისი ექვივალენტების მიღებისა და გადახდის დროს). ამასთან ისინი გატარდება სათანადო ბუღალტრულ დოკუმენტებში და აისახება იმ პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელსაც განეკუთვნება". დარიცხვის მეთოდის ჩანაცვლება საკასო მეთოდით დაუშვებელია, თუ თქვენ გსურთ, რომ აღრიცხვას აწარმოებდეთ ფინანსური ანგარიშგებისა და აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

კითხვა: საქონლის იმპორტი ხდება მიწოდების პირობებით: CIP, FCA, FOB და EXW. თითოეულ შემთხვევაში რომელი დღის უცხოური ვალუტის კურსით უნდა მოხდეს საქონლის შემოსავლის (თვითღირებულების) აღიარება:

1. ინვოისის გამოწერის თარიღით (ხშირად ინვოისის გამოწერის თარიღი და საქონლის დატვირთვის თარიღი არ ემთხვევა);

2. სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებში (CMR) მითითებული საქონლის დატვირთვის თარიღით;

3. სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადებში (CMR) მითითებული საქონლის ჩამოტვირთვის თარიღით;

4. საბაჟო დეკლარაციის თარიღით; თუ

5. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დადგენილი საქონლის მყიდველის საკუთრებაში გადასვლის თარიღით?


ამასთან ერთად, რომელ თარიღში აღიარდება საქონლის შემოსავალი, თუ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დადგენილი საქონლის მყიდველის საკუთრებაში გადასვლის თარიღი არ ემთხვევა მიწოდების პირობით გათვალისწინებული საქონლის მყიდველის საკუთრებაში გადასვლის თარიღს?

პასუხი: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), კერძოდ კი ბასს 2 "სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები" და ბასს 21 "უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები" არ იძლევა პირდაპირ და მკაფიო პასუხს დასმულ შეკითხვაზე, თუ რომელი სავალუტო კურსის მიხედვით უნდა მოხდეს იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა: განბაჟების (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების) დღეს მოქმედი სავალუტო კურსის თუ საქონელზე საკუთრების უფლების გადმოსვლის დღეს (რომელიც შეიძლება უსწრებდეს საქონლის განბაჟების თარიღს) არსებული სავალუტო კურსის მიხედვით. ამ მოსაზრების გამოთქმის საშუალებას გვაძლევს აღნიშნული სტანდარტების ცალკეული მუხლების შეჯერება (მიაქციეთ ყურადღება ხაზგასმულ სიტყვებს), რომლებიც მოგვყავს ქვემოთ.

ბასს 21 "უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების" მე-20, 21-ე და 22-ე მუხლის თანახმად:

"უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაცია ისეთი ოპერაციაა, რომელიც განსაზღვრულია უცხოურ სავალუტო ერთეულებში ან მოითხოვს ანგარიშსწორებას უცხოური ვალუტით. ასეთი ტიპის ოპერაციები წარმოიშობა მაშინ, როდესაც: ა) საწარმო ყიდულობს ან ყიდის უცხოური ვალუტით შეფასებულ საქონელსა და მომსახურებას..." (მე-20 მუხლი);

"უცხოური ვალუტით წარმოებული ოპერაციები თავდაპირველი აღიარების დროს უნდა აისახოს სამუშაო ვალუტით, ოპერაციის შესრულების დღისათვის სამუშაო ვალუტასა და მოცემულ უცხოურ ვალუტას შორის არსებული სპოტ სავალუტო კურსის მიხედვით" (21-ე მუხლი; ციტატაში ნახსენები "სპოტ სავალუტო კურსი" ბასს 21-ში განმარტებულია, როგორც "სავალუტო კურსი დაუყოვნებლივ მიწოდებისათვის", რაც ჩვენს შემთხვევაში უნდა გავიგოთ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი);

"ოპერაციის შესრულების თარიღად ითვლება თარიღი, როდესაც ეს ოპერაცია პირველად კლასიფიცირდება აღიარებისათვის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად" (22-ე მუხლი);

ბასს 2 "სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების" მე-6 მუხლის "ა" ნაწილის თანახმად, "სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები არის ისეთი აქტივები, რომლებიც: ა) გათვალისწინებულია გასაყიდად ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში", ხოლო მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება მოიცავს "მათ შეძენასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს, აგრეთვე იმ დანახარჯებს, რომლებიც გაწეულია მისი მოცემულ ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის და სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად".

აღნიშნული ციტატებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოითქვას ორი ალტერნატიული მოსაზრება:

1) შეძენილი საქონელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობად უნდა კლასიფიცირდეს მაშინ, როცა ის მზადაა გასაყიდად, ანუ მისი განბაჟების (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების) დღეს, ხოლო მანამდე გაწეული შეძენასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯი (მათ შორის სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფინანსური შედეგი) უნდა შეტანილ იქნეს მის თვითღირებულებაში. თუ საქონელზე საკუთრების უფლება მოპოვებული იქნა მის განბაჟებამდე, ეს საქონელი განბაჟების დღემდე უნდა აისახოს ანგარიშზე "მიმდინარე აქტივები გზაში";

2) შეძენილი საქონელი, თუ ის გათვალისწინებულია გასაყიდად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობად უნდა კლასიფიცირდეს შეძენისთანავე, ანუ როცა მასზე მყიდველი მოიპოვებს საკუთრების უფლებას. მის თვითღირებულებაში შეიტანება ნასყიდობის ფასი საკუთრებაში გადმოსვლის დღეს მოქმედი სავალუტო კურსის მიხედვით, რომელსაც დაემატება მასზე გაწეული ყველა შემდგომი დანახარჯი მის საბოლოო დასაწყობების ადგილამდე და გაყიდვისათვის მზადყოფნაში მოყვანამდე.

ჩვენ მივედით იმ აზრამდე, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები არ გამორიცხავს ამ ორიდან არცერთ მიდგომას, ანუ ორივე მოსაზრება საკმარისად საფუძვლიანია და აქვს არსებობის უფლება.
რაც შეეხება შეკითხვის მე-2 ნაწილს, შეძენილი საქონლის აქტივებად ასახვა ბუღალტრულ აღრიცხვაში უნდა მოხდეს იმ დღეს, როდესაც მისი მფლობელობის ყველა რისკი ფაქტობრივად გადმოვიდა მყიდველზე, იმისდა მიუხედავად, თუ რა იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებაში ან მიწოდების პირობებში. თუ იმპორტირებული საქონლის მყიდველის საკუთებაში გადმოსვლა მოხდა მის განბაჟებამდე, ის ბუღალტრულად აისახება ცალკე ანგარიშზე "მიმდინარე აქტივები გზაში" ან "საქონელი გზაში", ხოლო განბაჟების დღეს უნდა მოხდეს მისი გადატანა სხვა ბუღალტრულ ანგარიშზე "საქონელი საწყობში".

კითხვა: შპს-ს ერიცხება "ფორდის" მოდელის მცირე ტვირთამწეობის მოძველებული ავტომანქანები. საწვავის ხარჯვის საშუალო საპასპორტო ნორმა ოფიციალურად დოკუმენტურად არსად არ არის დაფიქსირებული. იგი არ იძებნება არც ინტერნეტში. საწარმოში შექმნილი კომისიის მიერ აქტის შედგენით ოცი ლიტრი საწვავით გარბენილი მანძილის საფუძველზე დადგენილია საწვავის 100 კმ-ზე ნორმების ხარჯვის საშუალო ნორმები. საგადასახადო მიზნით საწვავის ხარჯვა ამ ნორმების ფარგლებში გამოიქვითება. ნორმის ზევით ხარჯვა საგადასახადო მიზნით არ გამოიქვითება. ბუღალტრულად საწვავის ფაქტიური ხარჯვა მთლიანად ტარდება ხარჯებში. რამდენად გამართლებულია საგადასახადო მიზნით საწვავის ამ წესით გამოქვითვა, საგადასახადო მიზნით ნორმის ზევით საწვავის ხარჯვა ხელფასად ხომ არ ჩაეთვლებათ მძღოლებს და ხომ არ დაიბეგრება იგი დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან?

პასუხი: საგადასახადო მიზნით საწვავის ამ წესით გამოქვითვა სწორად არ მიგვაჩნია. თუ აღნიშნული მანქანები, რომლებიც თქვენს ბალანსზეა, გამოიყენება მხოლოდ თქვენი ეკონომიკური საქმიანობისათვის, მაშინ უნდა გამოქვითოთ ფაქტობრივად გახარჯული საწვავის ღირებულება და არა ნორმების მიხედვით, რადგან ავტომანქანის საწვავის ხარჯვაზე საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილი არ არის. ცხადია, მოხმარებული საწვავის ოდენობა გონივრულ ლოგიკურ შესაბამისობაში უნდა იყოს ავტომანქანის განარბენთან (ამიტომაც ავტომანქანის განარბენზე დაკვირდება უნდა აწარმოოთ), ხოლო თუ საგადასახადო ორგანოს ასეთ ლოგიკურ შესაბამისობაში ეჭვი შეეპარა, მაშინ მან შეიძლება დანიშნოს ექსპერტიზა სსკ 116-ე მუხლის თანახმად, კონკრეტული მარკისა და ასაკის ავტომანქანის მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობის დასადგენად მის მიერ გარბენილი კილომეტრაჟიდან გამომდინარე.

საწარმომ, შიდა კონტროლის მიზნებისათვის, შეიძლება დააწესოს ნორმატივი არა 100 კმ-ზე მოხმარებული საწვავის მიხედვით, არამედ ავტომანქანის გარბენილი კილომეტრაჟის მიხედვით. მაგალითისთვის, ვთქვათ, დაადგინოს, რომ მძღოლს არ აუნაზღაურდება საწვავი, თუ თვეში ავტომანქანის განარბენი 2000 კმ-ს გადააჭარბებს. ასეთ შემთხვევაში ზენორმატიული ოდენობით საწვავის შესყიდვას უნდა ახდენდეს თავად მძღოლი საკუთარი სახსრებიდან (და არა საწარმო), რადგან თუ საწვავის შესყიდვა მოხდა საწარმოს მიერ და მისი ნაწილი არ გამოიქვითა, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ არგამოქვითული საწვავი გამოყენებული იქნა მძღოლის პირადი მიზნებისათვის და არა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობისათვის. შესაბამისად, ეს საწვავი (არგამოქვითული) დაიბეგრება დღგ-ითაც და საშემოსავლო გადასახადითაც (ჩაეთვლება მძღოლს ხელფასთან გათანაბრებულ განაცემში). ის ფაქტი, რომ მოგების გადასახადის კუთხით ზენორმატიული საწვავის ღირებულებას არ გამოქვითავთ, დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის კუთხით რაიმე შეღავათის მომტანი კი არ არის, არამედ პირიქით, აშკარას ხდის მათი დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის აუცილებლობას.

კითხვა: 1) სსკ 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომელი დოკუმენტები განეკუთვნება "საგადასახადო დოკუმენტებს"? ე.ი. რომელი დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს მითითებულ მოთხოვნებს?
 

2) სსკ 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნას ხომ არ ეწინააღმდეგება სასაქონლო ზედნადების ნუმერაციის ყოველწლიურად განმეორება (ნუმერაციის დაწყება 01-იდან)?

პასუხი: სსკ 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეეხება ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, პირის ქვემოთჩამოთვლილ ვალდებულებათაგან ერთ-ერთს მაინც წარმოშობს:

"ა) აღნიშნული პირის საგადასახადო ვალდებულებას;

ბ) აღნიშნული პირის მიერ გადასახადის დაკავების ვალდებულებას;

გ) აღნიშნული პირის მიერ საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებით
მონაცემების წარდგენის ვალდებულებას".

შესაბამისად, საგადასახადო დოკუმენტებს განეკუთვნება: სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, ხელფასის უწყისები, ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ჩეკები და ა.შ. ისინი შეიძლება არ შეიცავდნენ სსკ 93-ე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული რეკვიზიტებიდან ზოგიერთს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დოკუმენტის დადგენილი ფორმა მათ არ ითვალისწინებს. მაგალითად, საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკში მომხდარ სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მეორე მხარის რეკვიზიტები, ცხადია, ვერანაირად ასახული ვერ იქნება.

რაც შეეხება ამ მუხლის 2-"გ" პუნქტს, მასში მითითებულია, რომ პირველად საგადასახადო დოკუმენტში უნდა აღინიშნოს "დოკუმენტის ნომერი, რომლის გამეორებაც აკრძალულია". ჩვენი აზრით, აღნიშნული აკრძალვა ეხება მხოლოდ საანგარიშო წლის განმავლობაში წარმოებულ საგადასახადო დოკუმენტების ნომრებს, რადგან საქმიან გარემოში დამკვიდრებული წესია, რომ ყოველი საანგარიშო წლის დაწყების შემდეგ დოკუმენტთა ნუმერაცია იწყება 1-იდან. სხვათა შორის, ეს წესი ეხება პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, ასევე მინისტრების ბრძანებებსაც.

კითხვა: მუშაკის სამსახურში მიღებიდან რამდენ თვეში შეიძლება მიეცეს მას ფასიანი შვებულება (კანონის მუხლის მითითებით)?

პასუხი: საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, "დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ". თუმცა, ამავე პუნქტის მიხედვით, "დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც". მუშაობის მეორე წლიდან, დასაქმებულს, მხარეთა შეთანხმებით, შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს, ამასთან, დასაშვებია შვებულების როგორც მთლიანად, ასევე ნაწილ-ნაწილ გამოყენებაც.

კითხვა: საქართველოს საწარმოს დაქირავებული თანამშრომელი, რომლის მუდმივი სამუშაო ადგილი აზერბაიჯანშია, მივლინებით გაემგზავრა ყაზახეთში ბაქოდან. "ბაქო-ალმაატა" ავიარეისის ბილეთის საფასური, რომელიც გადავურიცხეთ აზერბაიჯანულ ავიაკომპანიას საქართველოდან, დაიბეგრება თუ არა არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით 4%-ით?

პასუხი: სსკ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ჟ" პუნქტის თანახმად, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება მხოლოდ "საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით" მიღებული შემოსავალი. ამ განმარტებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული ავიაკომპანიისათვის "ბაქო-ალმაატა" ავიარეისის შესრულება (მისი საფასური), თუნდაც მას საქართველოს მოქალაქე გადაჰყავდეს, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს არ განეკუთვნება და შესაბამისად, არც არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

კითხვა: შპს-ს ნაშთად ერიცხება იმპორტირებული საქონელი, რომლის თვითღირებულებაა 5 ლარი. იგი გასულ პერიოდში საქონლის რეალიზაციიას ახდენდა 5,50 ლარად. მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ცნობილი ფინანსური კრიზისის გამო საქონლის ფასები მკვეთრად დაეცა, მ.შ. საქონლის მიმწოდებელ კომპანიაშიც. შესაბამისად, საქართველოს ბაზარზეც ამ სახეობის საქონლის საბაზრო ფასმა შეადგინა 4 ლარი, რის გამოც იძულებულები ვართ რეალიზაცია მოვახდინოთ შესაბამისად თვითღირებულებაზე დაბალი ფასით, რათა არ დავკარგოთ ბაზარზე მოპოვებული ადგილი. გთხოვთ განგვიმარტოთ, საგადასახადო მიზნებისათვის რომელი ფასი უნდა ვაღიაროთ დასაბეგრ ბაზად (დღგ და მოგების გადასახადი)?

პასუხი: საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციისას (გარდა ზოგიერთი გამონაკლისი შემთხვევისა: ბარტერული გარიგებებისა, აგრეთვე ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებები) დღგ-ით დასაბეგრი ბაზა მისი გაყიდვის ფაქტობრივი საფასურია.

განსხვავებული სიტუაციაა მოგების გადასახადთან მიმართებით: სსკ 210-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულია, რომ "აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას მიმწოდებელი პირის მოგება განისაზღვრება როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული აქტივების ღირებულებას შორის".

თქვენს შემთხვევაში იმისათვის, რომ არ მოგიწიოთ დამატებითი შემოსავლის აღიარება, უნდა დაამტკიცოთ, რომ გაყიდვების მოცემულ მომენტში თქვენი საქონლის საბაზრო ფასი მართლაც 4 ლარი იყო. ასეთ მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს, მაგალითად, კონკურენტისაგან ანალოგიური საქონლის მცირე ოდენობით შესყიდვა. თუ მოხერხდება იმის დასაბუთება, რომ საქონლის საბაზრო ფასი მართლაც 4 ლარია, მაშინ დამატებით დასაბეგრი შემოსავალი არ წარმოგეშობათ. მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო მოგების გადასახადით დაბეგვრის მიზნით თქვენს დასაბეგრ შემოსავლად აღიარებს არა 4 ლარს, არამედ ან 5,50 ლარს, ან 5 ლარს მაინც.

კითხვა: ჩვენი შპს-ის საქმიანობაა საქონლის იმპორტი და რეალიზაცია. რუსეთის აგრესიისგან დაზარალებულ ლტოლვილთათვის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ერთ საქონელზე. ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია საქონლის ღირებულება გაფორმების დღისათვის არსებული სებ კურსით, რომელიც შეადგენდა 1,41 ლარს. სამინისტროს მიერ თანხა ჩარიცხულ იქნა წინასწარ და შესაბამისად კონვერტაციის შემდეგ მიღებული ვალუტა შპს-მ გადაურიცხა მიმწოდებელს. საქონლის მიღების მომენტისათვის დოლარის სებ კურსი გახდა 1,65 ლარი. შპს ვალდებულია სამინისტროს მიყიდოს საქონელი ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასად (და გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც), ანუ თვითღირებულებაზე დაბალი ფასით.

გთხოვთ განგვიმარტოთ, საგადასახადო მიზნებისათვის რომელი ფასი უნდა ვაღიაროთ დასაბეგრ ბაზად (დღგ და მოგების გადასახადი)?


პასუხი: საქონლის თვითღირებულება უნდა განისაზღვროს დადგენილი წესებით, ანუ ამ შემთხვევაში კურსით 1,65 ლარი. ამ შემთხვევაში, ვინაიდან საქონლის ავანსი 1,41 კურსის გათვალისწინებით იქნა მიღებული, საქონლის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციის ფაქტი სახეზეა. დღგ-ის თვალსაზრისით, ეს არ იწვევს რაიმე დამატებით დარიცხვას, რადგან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა საქონლის გასაყიდი ფასია, მაგრამ მოგების გადასახადის მიზნებისათვის, წარმოგეშვებათ დამატებითი დასაბეგრი შემოსავალი (საგადასახადო თვალსაზრისით), რადგან სსკ 210-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, "აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით მიწოდებისას მიმწოდებელი პირის მოგება განისაზღვრება როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 211-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრული აქტივების ღირებულებას შორის".

მოცემული შემთხვევა და მისი საგადასახადო შედეგი უნდა განიხილოთ, როგორც ტენდერებში გამარჯვებისას არსებული, სატენდერო პირობების თანმდევი გარდაუვალი სამეწარმეო რისკის გამოხატულება.
 
კითხვა: "სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაცია" (იმ გადამხდელებისათვის, რომლებიც არ არიან დღგ-ის გადამხდელები) წარმოადგენს თუ არა "საგადასახადო დეკლარაციას" და მის წარუდგენლობაზე გავრცელდება თუ არა სსკ 131-ე მუხლი?

პასუხი: სსკ 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, "საგადასახადო დეკლარაცია წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის წერილობით ანგარიშგებას მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების, შემოსავლის წყაროების, გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების, საგადასახადო შეღავათების, გამოანგარიშებული გადასახადის თანხის ან/და გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ".

ამ განმარტებიდან გამომდინარე, "სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიური დეკლარაცია", რომელიც შემოღებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის #87 ბრძანებით (დანართი #7), არის საგადასახადო დეკლარაცია. თუმცა, ვინაიდან მის მიხედვით გადასახადის დარიცხვა არ ხდება (ის ინფორმაციული ხასიათისაა მხოლოდ), მის წარუდგენლობაზე ან დაგვიანებით წარდგენაზე არ გავრცელდება სსკ 131-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, რადგან ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, "თუ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება".