ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა - ნაკლებად პოპულარული სადაზღვევო პროდუქტი
#1(109), 2009
სადაზღვევო საქმიანობის პრინციპი ის გახლავთ, რომ თუ კლიენტი სადაზღვევო პრემიას დაზღვევის კომპანიას გადაუხდის, შესაბამის ფასად ყველაფერს დაუზღვევენ. შარშანდელი მონაცემებით საქართველოში ყველაზე პოპულარული სამედიცინო დაზღვევაა ბაზრის 37%-ით, შემდეგ ადგილზე კი ქონების დაზღვევა მოდის 17%-ით. დაზღვევის ზოგიერთი სახეობა კი საქართველოში ნაკლებად პოპულარულია, მაგალითად, ესაა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლის წილი განვითარებული ქვეყნების დაზღვევის ბაზრებზე საკმაოდ მაღალია, საქართველოში კი მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2007 წელს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას ბაზრის სულ 1,57% ეკავა. ჩვენს სტატიაში დაზღვევის სწორედ ამ სფეროს მიმოვიხილავთ და შევეცდებით გავარკვიოთ, რომელი პროფესიების დაზღვევაზეა საუბარი და რატომ არის საქართველოში. დაზღვევის ამ სახეობის წილი ასეთი მცირე.

რას მოიცავს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ ყველაზე აქტიურად ექიმები, არქიტექტორები, აუდიტორები და იურისტები მიმართავენ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას. მაგალითად, თუ ექიმმა შეცდომა დაუშვა და პაციენტს გარკვეული ზიანი მიაყენა, მაშინ გართულებული ჯანმრთელობის გამოსასწორებელ ხარჯს სადაზღვევო კომპანია გაიღებს. რასაკვირველია, ექიმის დაშვებული შეცდომის დროს დაზარალებული პაციენტი კომპენსაციას კლინიკისგან ითხოვს, მაგრამ კომპენსაციის ანაზღაურება ექიმსა და კლინიკას რომ არ მოუწიოს, სწორედ ამიტომ ხდება პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. შესაბამისად, კომპენსაციის თანხა უკვე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაიფარება.

როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან გავარკვიეთ, იგივე შეეხება სხვა პროფესიების წარმომადგენლებსაც. მაგალითად, თუ აუდიტორმა, რომლის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია, შეცდომა დაუშვა და შესაბამისად მისი კლიენტი საგადასახადო სამსახურმა მნიშვნელოვანი თანხით დააჯარიმა, მაშინ აუდიტორის მიერ დაშვებული შეცდომის გამო მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანიამ უნდა დაფაროს.

ისევე, როგორც დაზღვევის სხვა სახეობებში, თუ დაზღვეულმა განზრახ მოახდინა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის პროვოცირება, ეს უკვე თაღლითობად მიიჩნევა და ასეთ შემთხვევაში, ცხადია, სადაზღვევო კომპანია ზარალს არ აანაზღაურებს.

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"

სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათი კომპანია ყველაზე აქტიურად ექიმების პროფესიულ პასუხისმგებლობას აზღვევს. შედარებით სოლიდურმა კლინიკებმა დაიწყეს როგორც საკუთარი კლინიკების, ისე მათში მომუშავე ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა შეცდომებისაგან. დაზღვევა ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, თუ ექიმმა შეცდომა დაუშვა და რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა: დაწყებული ინფექციის შეჭრიდან, რაც კლინიკის პასუხისმგებლობაა, რადგან ყველაფერი სუფთა უნდა იყოს, დამთავრებული ოპერაციის დროს ანდა კონსერვატული მკურნალობის დროს დაშვებული შეცდომით. ამავე დროს ყოველი შეცდომის შესაბამისად არის კომპენსაციაც გათვალისწინებული.

"ვთქვათ, ექიმმა დაუშვა შეცდომა და პაციენტმა უჩივლა სასამართლოში. სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ეს შეცდომა ღირს 3 ათასი ლარი. ექიმს დაზღვევით აქვს ლიმიტი და ამ ლიმიტში სადაზღვევო კომპანია დაკისრებულ თანხას დაუფარავს. თუ თეორიულად, სასამართლომ მილიონი დააკისრა და ეს თანხა სადაზღვევო ლიმიტს აღემატება, მაშინ ლიმიტს ზემოთ არსებული თანხა ექიმის დასაფარი იქნება", - ამბობს ნიკოლაძე.

თუ ექიმი და პაციენტი ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ, რა თანხის ზარალზეა საუბარი, მაშინ, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა თანხის შესაბამისად დაარღვია პაციენტის ჯანმრთელობა ექიმის შეცდომამ: თუ გამოსწორებადი შეცდომაა, მაშინ რა ჯდება მკურნალობა მდგომარეობის გამოსწორებისთვის, ან სულაც, თუ საჭიროა, რა დაჯდება ხელახალი ოპერაცია. თუ სასამართლომ დააკისრა ექიმს გარკვეული თანხის გადახდა, მაშინ გადახდა მოუწევს ექიმის მზღვეველ სადაზღვევო კომპანიას.

"იმედი L"-ში ამბობენ, რომ როგორც ზოგადად სადაზღვევო შემთხვევების დროს, აქაც ინდივიდუალურად არის ყველა შემთხვევა გასათვალისწინებელი. საყურადღებოა, თუ ვინ მიიღო ზიანი. `არაბ შეიხს რომ ექიმმა თვალი დაუზიანოს, იგი იგივე თანხაზე ნამდვილად არ იქნება თანახმა, რაზეც, მაგალითად, "ავრორას" მუშა. ამიტომ, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია".

ექსპერტების თქმით, პროფესიული პასუხისმგებლობა ყველა პროფესიაზე შეიძლება გავრცელდეს, მაგალითად, ნოტარიუსებზე, აუდიტორზე, მშენებელზე... მშენებლობის დროს აზღვევენ სამშენებლო რისკებს, აშენების დროს რომ არ დაინგრეს სახლი, რადგან ეს ჯერ არ არის შენობა. ზოგადად კი, რამდენი პროფესიაც არის, იმდენი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა შეიძლება.

"რამდენადაც წარმატებულია ქვეყანა ეკონომიკის თვალსაზრისით, უფრო ადვილია ამ ყველაფრის განხორციელება. ჩვენთან არ არის ჩამოყალიბებული აზრი – რა არის პასუხისმგებლობა. ჩვენი სამოქალაქო კოდექსი და ზოგადად, კანონმდებლობა არ თვალისწინებს მორალურ ზარალს - მხოლოდ მატერიალური ზარალის ანაზღაურებაა გათვალისწინებული", - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.

"იმედი L"-ში ამბობენ, რომ ევროპაში, პრაქტიკულად არ არსებობს პროფესია, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობის დაზღვევა. მით უმეტეს, ეს ეხება ისეთ პროფესიებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების სიცოცხლესთან.
ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური კანონიც კი არსებობს, რომ ვისი პროფესიაც დაკავშირებულია სახიფათო ნედლეულის წარმოებასთან, ქიმიურ მრეწველობასთან და ასე შემდეგ, ვალდებულები არიან ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს აქვს დაზღვეული თავისი საქმიანობა. "იმედი L"-ში ამბობენ, რომ ადრე მათთან იყო დაზღვეული ერთ-ერთი უცხოური კომპანია, რომელიც ნავთობს მოიპოვებდა კახეთის მხარეში. დაზღვევა გარემოს დაბინძურებას შეეხებოდა.

პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე სარისკო პოლიციელთა საქმიანობაა. სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ში ამბობენ, რომ პოლიციელთა პასუხისმგებლობა მათთან არ არის დაზღვეული. "ეგ უნდა დააზღვიოს სახელმწიფომ. მაგრამ, უბრალოდ, არ იციან, რა არის პოლიციელის პასუხისმგებლობა. ამიტომ არ აქვთ შესაძლებლობა დააზღვიონ. "იმედი L"-ს აქვს დაცვის სამსახურების დაზღვევა. მაგალითად, მითითებულია, რომ როგორც კი ჩაირთვება სიგნალიზაცია, 3 წუთში დაცვის სამსახურის წარმომადგენელი უნდა იყოს ადგილზე. თუ დაიგვიანა და მივიდა 5 წუთში, იმ დაგვიანების გამო, რაც ზიანი მიადგა დაცულ ობიექტს, კომპენსაციას გადაიხდის სადაზღვევო სამსახური", - ამბობენ "იმედი L"-ში.

სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი"

საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ლიდერ კომპანია "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოში მხოლოდ ახლა ინერგება და დაზღვევის ამ სეგმენტის განვითარებაც მომავალში უნდა მოხდეს. "ალდაგი ბისიაის" კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი ამბობს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ნიშნავს იმ ვალდებულებებს, რაც შეიძლება წარმოიქმნას ამა თუ იმ პროფესიის საქმიანობიდან გამომდინარე და მიადგეს მესამე პირს ზარალი.

ბარათაშვილის თქმით, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა მსოფლიოში ძალიან განვითარებულია. დამსაქმებლები ითხოვენ, რომ ეს დაზღვევა იყოს გაფორმებული. შესაბამისად, აქ საუბარია ექიმების, იურისტების, აუდიტორების, ბუღალტრების პასუხისმგებლობის დაზღვევაზე.
"ჩვენ 2008 წელს გავეცით სადაზღვევო პოლისი არქიტექტორების პასუხისმგებლობაზე, ანუ, მშენებლობაზეც. ეს მსოფლიოში ძალიან არის განვითარებული და საქართველოში ახლა ინერგება. რასაკვირველია, "ალდაგი ბისიაის" აქვს შესაძლებლობა, დააზღვიოს სხვადასხვა პროფესიული პასუხისმგებლობა. 2008 წელს გავეცით პროფესიული პასუხისმგებლობის პოლისი მხაზველებზე, ვინც შენობას აპროექტებს. ეს იყო პირველი პოლისი ამ სფეროში", - ამბობს გიორგი ბარათაშვილი.

თუმცა, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ძირითადად სპეციფიკურ პროფესიებს ეხება. როგორც "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, მაგალითად, ავტობუსის მძღოლი თუ დაეჯახა ვინმეს და მიაყენა ზარალი, ეს შემთხვევა არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სფერო.

"პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა ეხება სპეციფიკურ პროფესიებს. ეკონომიკის ზრდასთან ერთად დაიბადა მოთხოვნა ამ სახეობის დაზღვევაზეც. უბრალოდ, ეს დაზღვევა ითვალისწინებს სპეციფიკურ მოთხოვნებს. უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რის საფუძველზეც ხდება პოლისის გაცემა", - ამბობს ბარათაშვილი.

რაც შეეხება პოლიციელების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას, "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, რომ ასეთი დაზღვევა საქართველოში აქამდე საერთოდ არ ყოფილა.

"უცხოეთში თუ ხდება ასეთი სახის დაზღვევა, ვერ გეტყვით. როგორც წესი, ადამიანის უფლებები უცხოეთში საკმაოდ კარგად არის დაცული და პოლიციელთა მხრიდან პროფესიული უფლებების გადამეტება ნაკლებად ხდება. ზოგადად კი, თუ პოლიციელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიაყენა ვინმეს ზიანი, ეს უკვე სადაზღვევო სფეროს სცილდება და საქმე კრიმინალს ეხება. ამ ზიანს სადაზღვევო კომპანია არ აანაზღაურებს", - ამბობენ "ალდაგი ბისიაიში".

გიორგი ბარათაშვილის თქმით, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წილის ზრდა მთლიან დაზღვევაში დამოკიდებულია ეკონომიკის ზრდაზე, უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე და ზოგადად ინდუსტრიის განვითარებაზე.

"ჩემი აზრით, ეს იქნება მთავარი წამახალისებელი, რაც განავითარებს ამ სფეროს. ნელ-ნელა ხალხიც მიხვდება, ექიმები, ბუღალტრები, არქიტექტორები და ასე შემდეგ, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეთ დაზღვეული", - გვითხრა ბარათაშვილმა.

ასე რომ, სანამ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზრდება, მანამდე ყველაზე სწრაფად სადაზღვევო სფეროში სამედიცინო დაზღვევა ვითარდება. ამასთანავე, ქართული მენტალიტეტიც თავის სიტყვას ამბობს და როგორც "ალდაგი ბისიაიში" ამბობენ, ჯერჯერობით პროფესიული დაზღვევის სწრაფი ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"საქართველოს სადაზღვევო და საპენსიო ჰოლდინგი"

საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის ერთ-ერთი უმსხვილეს კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგში" აცხადებენ, რომ მათი კომპანია დაარსების დღიდან სთავაზობს მომხარებელს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას – აქ იგულისხმება როგორც აუდიტორთა პასუხისმგებლობა, ისე არქიტექტორთა, კონსტრუქტორთა, ექიმების, გადამზიდველის (საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვები) და ა.შ.

"ჯიპიაიში" ასევე ამბობენ, რომ რაც შეეხება ზოგადად პასუხისმგებლობის დაზღვევას - სამოქალაქო პასუხისმგებლობა, პროდუქტზე პასუხისმგებლობა, გარემოს დაბინძურებაზე პასუხისმგებლობა, და ა.შ. – მსგავს მომსახურებას ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს სთავაზობენ – იქნება ეს საავიაციო, საბანკო, სამშენებლო, სამრეწველო, აუდიტორული საქმიანობა თუ სხვა.

"ჯიპიაი ჰოლდინგში" ამბობენ, რომ ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა მოიცავს ზოგადად ყველა სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება დადგეს ექიმის ან სამედიცინო დაწესებულების წინაშე. აქ საუბარია იურიდიულ პასუხისმგებლობაზე – ანუ თუ ვინმემ იჩივლა და არსებული კანონმდებლობით დაეკისრა ექიმს/დაწესებულებას თანხის გადახდა დაზარალებულის სასარგებლოდ. იგულისხმება ნებისმიერი სახის შეცდომა ან სხვა გადაცდომა, რაც არ არის წინასწარ გამიზნულად გაკეთებული და რამაც შეგნებულად არ დააზიანა პაციენტი.

"დაზღვევის ლიმიტი შეიძლება იყოს ნებისმიერი თანხა, რაც სჭირდება ექიმს ან დაწესებულებას. ჩვენს პრაქტიკაში ქართული სამედიცინო ორგანიზაციები ძირითადად 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე ლიმიტს იღებენ", - ამბობენ  "ჯიპიაიში".

აუდიტორს თუ აქვს პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეული, მისი კლიენტი გარკვეულწილად გარანტირებულია, რომ თუ აუდიტორმა შეცდომა დაუშვა და საგადასახადომ ჯარიმის გადახდა დააკისრა, თანხას სადაზღვევო კომპანია დაფარავს.

როგორც "ჯიპიაიში" ამბობენ, აუდიტორის პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს მხოლოდ აუდიტორის არაწინასწარგამიზნული შეცდომით (უყურადღებობით, ა.შ.) გამოწვეულ ზარალს, რაც მის კლიენტს მიადგა. "თუ რომელიმე კლიენტს საკუთარი არასწორი ქმედებების გამო დაეკისრა ჯარიმები, ცხადია, აქ აუდიტორის პასუხისმგებლობა არ დგას. აქაც საუბარია იურიდიულ პასუხისმგებლობაზე, რომელიც აუდიტორს აქვს კლიენტის წინაშე".

სადაზღვევო კომპანიაში აცხადებენ, რომ არქიტექტორის, ასევე სხვა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევისას, მოზიდული დაზღვევის პრემიის ოდენობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: კომპანიის ან სპეციალისტის საქმიანობის მოცულობა (ბრუნვა მაგალითად), გამოცდილება, წარსულში არსებული ზარალები, ადგილობრივი კანონმდებლობა და ა.შ. კონკრეტულად არქიტექტორის, კონსტრუქტორის, ინჟინრის, ა.შ. – სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა შეიძლება დაიზღვეს ცალკეულ პროექტებზე – აქაც შეფასება რამდენიმე ფაქტორით ხდება და არა მხოლოდ საპროექტო ღირებულებით. გათვალისწინებულია ბევრი სხვა რამ.

რაც შეეხება მოზიდულ ჯამურ პრემიას, "ჯიპიაიში" ამბობენ, რომ 2007 წლის მაჩვენებლებით კომპანიის მიერ მოზიდული ჯამური პრემია 233 744 ლარია, ხოლო 2008 წლის 9 თვის მონაცემებით კი პროფესიული პასუხისმგებლობის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ერთობლივი მაჩვენებელი 306 167 ლარია.

"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო"
 

სადაზღვევო ბაზრის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას მომხმარებლებს კი სთავაზობს, მაგრამ როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაზღვევის ამ სახეობაზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია.

"პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა შედარებით ახალი პროდუქტია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. დაზღვევას ექვემდებარებიან რისკის ფაქტორის მატარებელი ისეთი პროფესიები, როგორიც არიან ექიმები, ადვოკატები, აუდიტორები, ნოტარიუსები. "ირაოს" მენეჯმენტმა აღნიშნული პროდუქტი სადაზღვევო ბაზარს თავიდანვე შესთავაზა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ  დაზღვევის ეს პროდუქტი სავალდებულო სახეს არ ატარებს, შესაბამისად, ბაზარზეც მასზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია", - განაცხადეს "ირაოში".

ამგვარად, დღეს-დღეობით პროფესიული პასუხისმგებლობის წილი მთლიან დაზღვევაში ძალიან დაბალია. როგორც თავად სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, უახლოეს მომავალში დაზღვევის ამ სახეობის მნიშვნელოვანი ზრდა არც არის მოსალოდნელი. ზოგადად, სადაზღვევო ბიზნესის ზრდა, განსაკუთრებით კი პროფესიული პასუხისმგებლობის სფეროში სადაზღვევო პოლისების გაცემა პირდაპირ არის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებული. ჩვენს შემთხვევაში კი ამ მხრივ საკმაოდ ნეგატიური პროგნოზები კეთდება: რუსეთ-საქართველოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მტკივნეული გავლენა საქართველოში, ალბათ, არც ისე მალე აღმოიფხვრება.

აუდიტური ფირმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ჟურნალის მკითხველთა დიდ ნაწილს აუდიტორები და საგადასახადო კონსულტანტები წარმოადგენენ, ჩვენ განსაკუთრებით დავინტერესდით, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში აუდიტური ფირმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის კუთხით და ორ წამყვან სადაზღვევო კომპანიას ("ალდაგი ბისიაის" და "ჯიპიაი ჰოლდინგს") შემდეგი შეკითხვებით მივმართეთ:

1) 2008 წლის განმავლობაში სულ რამდენი აუდიტური კომპანია იქნა დაზღვეული თქვენს მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სფეროში და რა ტიპის (რა რისკების) პროფესიული პასუხისმგებლობა იქნა მათ მიერ დაზღვეული გაფორმებულ დაზღვევის ხელშეკრულებებში?

2) ზოგადად, თუ თქვენი დაზღვეული აუდიტური კომპანიის მიერ აუდიტირებული ფირმა დაჯარიმდა საგადასახადო რევიზიის შედეგად გადასახადების არასწორი დეკლარირების შედეგად და მან სარჩელი წამოუყენა აუდიტურ კომპანიას, რომელსაც ის აღიარებს, რა მოცულობას აანაზღაურებთ თქვენ - სრულად (ფრანშიზის გამოკლებით) თუ მხოლოდ მის ნაწილს? თუ ნაწილს, გთხოვთ მიგვითითოთ კონკრეტული ლიმიტები.

ქვემოთ მოგვყავთ მათი პასუხები:

"ალდაგი ბისიაი":
 

1) ამჟამად ჩვენს მიერ 2008 წლის განმავლობაში გვყავს დაზღვეული 2 აუდიტური კომპანია, რომლებთაც აქვთ შეძენილი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. აქვე აღსანიშნავია, რომ პროფესიულ პასუხისმგებლობის დაზღვევა შეძენილი აქვს კიდევ რამდენიმე იურიდიულ კომპანიას.

2) ძალიან რთული სათქმელია, გააჩნია რა ლიმიტებით აქვს შეძენილი სადაზღვევო პროდუქტი, არის სრული პაკეტი თუ არა. თუ სრული პაკეტი აქვს შეძენილი, მაშინ, რა თქმა უნდა, სრულად აუნაზღაურდება თანხა.

"ჯიპიაი ჰოლდინგი":
 

1) ოთხი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი აუდიტორული კომპანია, რომელთაც ძირითადად დაზღვეული აქვთ აუდიტური კომპანიის არაწინასწარგამიზნული შეცდომით კლიენტისთვის მიყენებული ზარალი.

2) ცხადია, ნებისმიერი ზარალისას ხდება ყველა ასპექტის რევიზია და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას ზარალის ანაზღაურებაზე. ზოგადად, თუ შეცდომა დაუშვა აუდიტურმა კომპანიამ და ამით ზარალი მიადგა მის კლიენტს, ჩვენ ავანაზღაურებთ ზარალს სადაზღვევო პოლისის ლიმიტის ფარგლებში მინუს ფრანშიზა. სადაზღვევო პოლისის ლიმიტი ანუ დაზღვევის ლიმიტი დგინდება აუდიტური კომპანიის სურვილით და შეიძლება იყოს ნებისმიერი - 50 000 ლარი, 100 000 ლარი, 1 000 000 ლარი და ა.შ.

სამწუხაროდ, უფრო დეტალური ინფორმაცია საქართველოში აუდიტური კომპანიების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ ჩვენ ვერ მოვიპოვეთ.

თემურ იობაშვილი