ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები
#1(109), 2009
ტრილიონერი ზიმბაბველები

აფრიკის ერთ-ერთი სახელმწიფოს, ზიმბაბვეს ხელისუფლებამ ბრუნვაში 100 ტრილიონი (!) დოლარის ნომინალის ბანკნოტი გაუშვა, რომელსაც ერთიანთან ერთად 14 ნული "ამშვენებს". ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ეს დაახლოებით 30 ამერიკულ დოლარს უტოლდება. ამავე ქვეყანაში აგრეთვე დაბეჭდეს 10, 20, 50 ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარის ნომინალის კუპიურები. ეროვნული ვალუტისადმი საყოველთაო უნდობლობის გამო ამ ქვეყანაში ამ ფულით ცოტა რამეს თუ ყიდულობენ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამერიკულ დოლარს იყენებს.

სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ ახალი ბანკნოტების გამოშვება ამ ქვეყნის მოქალაქეებს უფლებას აძლევს ხელი მიუწვდებოდეთ მათ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულზე. ქვეყნის ხელისუფლებამ უზარმაზარი ინფლაციის შეჩერება ვერ შეძლო. ბოლო მონაცემების მიხედვით, ზიმბაბვეში ინფლაციამ წელიწადში 321 მილიონი პროცენტი შეადგინა, რაც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია! ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ინფლაციის დასაძლევად სხვა გზა ვერ გამონახა და "ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარის" კუპიურების გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო.

ზიმბაბვედან იტყობინებიან, რომ ამ ქვეყანაში ფასები ყოველდღიურად ორმაგდება. კვების პროდუქტებისა და ბენზინის შეძენა მხოლოდ ამერიკული დოლარით შეიძლება. 2008 წლის დეკემბერში ბანკებმა ნაღდი ფულის გამოტანის დღიური ლიმიტი გააუქმეს, რომელიც ერთი პურის შესაძენად არის საკმარისი. ამჟამად, ბანკებს ნაღდი ფულის უკმარისობის პრობლემა აწუხებს. აქამდე ამ ქვეყანაში მხოლოდ ზოგიერთ მაღაზიას ჰქონდა უცხოურ ვალუტაში ანგარიშის წარმოების უფლება. რეალურად კი მოსახლეობის უმეტესობა პრაქტიკულად ყველაფრის შესაძენად ამერიკულ დოლარს იყენებს. ზიმბაბვეში პროდუქტები მეზობელი ქვეყნებიდან - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ბოტსვანიდან, ზამბიიდან შეაქვთ, რაც ფასებს უფრო ზრდის. სიტუაციას უმუშევრობის მაღალი დონეც აუარესებს, ამ მაჩვენებელმა 80%-ს მიაღწია.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზიმბაბვეში მოღვაწე ბიზნესმენებს საქმიანი გარიგებების დადების უფლება უცხოურ ვალუტაში მიეცემათ. ამ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ ჩინამასამ ამის თაობაზე ქვეყნის პარლამენტში ახალი ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა. ეს ნაბიჯი მთავრობამ მზარდი ინფლაციის შესაჩერებლად გადადგა. აქამდე უცხოური ვალუტის გამოყენების უფლება მხოლოდ ამ ქვეყნის უმსხვილეს საწარმოებს ჰქონდათ. ანალიტიკოსთა თქმით, უცხოურ ვალუტაში ანგარიშის წარმოება პრაქტიკაში უკვე დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. მცირე და საშუალო დონის ბიზნესმენები ამას ფარულად აკეთებდნენ. უნდა ითქვას ისიც, რომ ზიმბაბვეს ეროვნული ვალუტა მსოფლიოს ბიზნეს-სამყაროში უკვე დიდი ხანია მწარე ხუმრობის საგანი გახდა.

იაპონიაში წარმოება მკვეთრად შემცირდა

სამრეწველო წარმოების მოცულობა შარშან იაპონიაში დეკემბრის თვეში წინა პერიოდთან შედარებით, 9,6%-ით შემცირდა. ამის მიზეზი ეკონომიკური კრიზისის პირობებში ექსპორტის შემცირებაა. იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა კაორუ იოსანომ განაცხადა, რომ "ქვეყანაში არსებული სიტუაცია უპრეცედენტოა და წარმოების შემცირება, სავარაუდოდ, გაგრძელდება". ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონე დეკემბერში 4,4%-ით გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სარეკორდო მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სადღეისოდ 2,7 მილიონი იაპონელი უმუშევარია, რაც წინა წელთან შედარებით 400 ათასით მეტია.

იაპონური სამრეწველო საქონელის, მათ შორის ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის ექსპორტის შემცირება მათზე მსოფლიოს  მასშტაბით მოთხოვნილების შემცირებით აიხსნება. ამ ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს საიმისოდ, რომ იაპონიამ ეკონომიკურ კრიზისს პირველმა დააღწიოს თავი. იაპონიის ცენტრალური ბანკის პროგნოზების მიხედვით, დეფლიაციის საფრთხე 2011 წლამდე შენარჩუნდება, ამიტომაც სააღრიცხვო განაკვეთი ნულამდე შემცირდა. იაპონელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირება იანვარ-მარტის პერიოდში გაგრძელდება. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ან გაუარესება ამ ქვეყანაში ექსპორტზე იქნება დამოკიდებული.

ევროზონას საფრთხე 2010 წლამდე ემუქრება

ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროზონაში შემავალი 16 ქვეყნის შიდა საერთო პროდუქტი 2009 წელს 1,9%-ით შემცირდება. ეკონომიკური ზრდა 2010 წლისათვის განახლდება და 0,4%-ს შეადგენს. ევროზონაში ინფლაციის პროგნოზირებადი დონე 2009 წელს 1% იქნება, ხოლო 2010 წელს - 1,8%. ეკონომიკის ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ 2010 წელს უმუშევრობა 10%-ს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი 2008 წელს 7,5%-ს უტოლდებოდა.

ევროკომისიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ შექმნიან ისეთ ეკონომიკურ პირობებს, რომლის შემდეგაც ევროზონის ეკონომიკის აღდგენა 2009 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ევროკომისიის ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინატორმა ხოაკინ ალმუნიამ განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი იქნება ფინანსური ბაზრების  სტაბილიზაციისათვის საჭირო ზომების გატარების, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისა და ეკონომიკის აღდგენის გზით. ამ ცოტა ხნის წინ, ევროკომისიის პროგნოზი 2009 წლისათვის უფრო უარესი იყო და შიდა საერთო პროდუქტის შემცირებას 2,6%-ით ვარაუდობდნენ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროზონა რეცესიის  მდგომარეობაში 2008 წლის სექტემბრიდან აღმოჩნდა.

ბარაკ ობამამ ამერიკული ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას
კატასტროფული უწოდა

ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა კონგრესს ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად 819 მილიარდი დოლარის გამოყოფის წინადადებით მიმართა და ეკონომიკის მდგომარეობას კატასტროფული უწოდა. ამ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, ამერიკის ეკონომიკის მოცულობა 3,8% ით შემცირდა. ბოლო 26 წლის განმავლობაში ეს შიდა საერთო პროდუქტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირებაა. მთლიანობაში, 2008 წლის შედეგების მიხედვით, ამერიკის ეკონომიკის ზრდა 1,3%-ით აღინიშნა, რაც შესაძლებელი იმავე წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული უკეთესი მაჩვენებლების გამო გახდა შესაძლებელი.

ამერიკელ ეკონომისტებს ის ფაქტი აშფოთებთ, რომ პირველად, 1991 წლის შემდეგ, ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირება ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში დაფიქსირდა. ხანგრძლივი გამოყენების საქონლის (ავტომობილები, ელექტრონიკა, ავეჯი) გაყიდვები ერთი კვარტლის განმავლობაში 22,4%-ით შემცირდა, რაც 1987 წლის შემდეგ ამ მაჩვენებლის ყველაზე საგრძნობი შემცირებაა. საკვებზე და ტანსაცმელზე ამერიკელებმა ასეთივე ეკონომია გაწიეს. ამერიკაში გაყიდვები 7,1%-ით, ამერიკაში კი ექსპორტი 19,7%-ით შემცირდა. უფრო შესამჩნევია სამრეწველო და საოფისე მოწყობილობების გაყიდვების მოცულობის შემცირება, რამაც 27,8% შეადგინა. სამშენებლო მასალების გაყიდვები 23,65%-ით შემცირდა.

ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებას უმუშევრობის სწრაფი ზრდა ახლავს თან. ამერიკაში 2008 წელს სამუშაო იმაზე მეტმა ადამიანმა დაკარგა, ვიდრე ნებისმიერ წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ამერიკის საავტომობილო მრეწველობა გაყიდვების მკვეთრი შემცირების გამო გაკოტრების პირას მივიდა. 2008 წლის ბოლოს ამერიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიზისი ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბრიდან დაიწყო.