ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
2009 წლის ეკონომიკური კონტურები
#1(109), 2009
საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა 2008 წლის ბოლოს სავალალო გახდა. ქვეყანაში გვაქვს მაღალი ინფლაცია, შემცირებული მთლიანი შიდა პროდუქტი, მზარდი უმუშევრობა, კრიზისი ეკონომიკის წამყვან დარგებში. ასეთ ვითარებაში მთავარია პრობლემების ადეკვატური ანალიზი, რაც სწორი სტრატეგიის შემუშავების საფუძველი გახდება.

რუსეთის აგრესიამ საქართველოს ეკონომიკაში დისპროპორციები გამოავლინა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ კაკულიას განცხადებით, აგვისტოს ომმა ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია. "ამ კონფლიქტმა ფაქტობრივად ყველა შიდა ეკონომიკური წინააღმდეგობები და დისპროპორციები გამოავლინა, რომელიც საქართველოში ამ დრომდე არსებობდა. ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში, როცა მსოფლიო ფინანსური კრიზისი გამწვავდა, ეს დისპროპორციები გაღრმავდა და საქართველოს ეკონომიკის საშუალო განვითარებას ძალიან ღრმა კვალი დაასვა", - განაცხადა კაკულიამ.

ეს ზეგავლენა ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირებით გამოიხატა. 2007 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 12,4%-ით გაიზარდა, 2008 წლის პროგნოზი მხოლოდ 3,5%-ს შეადგენს, ხოლო 2009 წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებში ივარაუდება. ეს საომარი მოქმედებების გამო საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის დაკარგვითაა განპირობებული, რადგან ბოლო წლების ზრდა უმთავრესად უზრუნველყოფილი იყო უცხოური კაპიტალის შემოდინებით, პირდაპირი ინვესტიციებისა და საბანკო კრედიტების სახით.

2009 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო მაჩვენებელი 21 მილიარდ 535 მილიონი ლარი იქნება. ეს დოლარის ეკვივალენტში 13 მილიარდ 52 მილიონ აშშ დოლარია. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2009 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4900 ლარს შეადგენს. დაგეგმილია 2-4%-იანი ეკონომიკური ზრდა და 7-8% იანი ინფლაცია. 2009 წელს ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა 1,401 მილიარდ აშშ დოლარამდეა დაგეგმილი. მთავრობამ 2009 წლის ბიუჯეტი დოლართან მიმართებით 1,65 ლარის საპროგნოზო კურსის გათვალისწინებით შეადგინა. ინფლაციის დონის 7%-იანი ზრდა ივარაუდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ მთლიანად პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არასაკმარისია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ანუ 2004 წლიდან საქართველოში მშპ-ის საშუალო წლიურმა ზრდამ 8,3% შეადგინა, რაც საერთაშორისო სტანდარტებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველომ პოსტსაბჭოთა პერიოდში მოლდოვასთან ერთად ყველაზე დიდი ეკონომიკური ვარდნა განიცადა. საკმარისია ითქვას, რომ 2002 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 1990 წლის მხოლოდ 38%-ს შეადგენდა.

მშპ-ის წლიური ზრდის ადრინდელი ტემპიც (8,3%) რომ შენარჩუნდეს, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ-ს ევროკავშირის დონესთან გასათანაბრებლად 35 წელი დასჭირდება. ამგვარი ტემპით ზრდით, საქართველო 10 წელიწადში ერთ სულზე მშპ-ის ევროკავშირის ამჟამინდელი დონის 12%-ს მიაღწევს, ოც წელიწადში კი 27%-ს.  თუმცა, როგორც უკვე ითქვა, საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება შენარჩუნება პრობლემატურია.
   
როგორ გრძნობს თავს აგვისტოს შემდეგ ქართული ბიზნესი

აგვისტოში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ქართულ ბიზნესისთვის მძიმე დარტყმა იყო, რასაც შემდეგ მსოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენაც დაერთო. ქართული ბიზნესი თავს რომ კარგად ვერ გრძნობს, ეს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამაც დაადასტურა. გამოიკითხა ათასი მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესმენი (გამოკითხულთა 55,3% მცირე კომპანიები იყო, 39,2% - საშუალო, ხოლო 5,5% - დიდი კომპანიები). მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აგვისტოს მოვლენებმა ბიზნესზე ნეგატიური ზეგავლენა იქონია.

კონფლიქტის პერიოდში ქართული ბიზნესის ნაწილი მოროდიორობის მსხვერპლი გახდა. გამოკითხულთა 2,4% ს მატერიალური ზარალი სწორედ ამის გამო მიადგა. ასეთი 24 კომპანია სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლის რეგიონებშია განლაგებული. ზარალის საშუალო მაჩვენებელი კი 133 ათას ლარს შეადგენს.

გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, კონფლიქტმა ნეგატიური (44%) და ძალიან ნეგატიური (42%) გავლენა იქონია ბიზნესზე, მხოლოდ 2%-მა აღნიშნა, რომ აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს კერძო სექტორზე გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება უშუალოდ მათ ბიზნესზე გავლენას - ბაზარზე გაყიდვების პროცესი გაურთულდა რესპოდენტთა 33%-ს, ძალიან გაურთულდა - 37%-ს, ხოლო კვლევაში მონაწილეთა 17,4%-ის გაყიდვები არ გართულებულა. როგორც ვხედავთ, გამოკითხვის თანახმად, აგვისტოს ომის შემდეგ ბიზნესმენების 70%-ისათვის გაყიდვების პროცესი გართულდა, თუმცა კრიზისული მდგომარეობა მსხვილ ბიზნესზე უფრო აისახა, ვიდრე მცირე ზომის კომპანიებზე. რესპონდენტების 71% მიიჩნევს, რომ გაყიდვების მოცულობა შემცირდა მომხმარებლის მოთხოვნის შემცირების გამო.
ყველაზე მეტად გაყიდვების პროცესი დიდი ზომის კომპანიებს გაურთულდა. ამასთან, სხვაობა მნიშვნელოვანი იყო სფეროების მიხედვით. გაყიდვები ძალიან გართულდა ტურიზმის სექტორში (69%), ასევე მშენებლობისა (44%) და მომსახურების (40%) სფეროებში. ბიზნესმენთა შეფასებით, აგვისტოს ომმა ყველაზე სერიოზული დარტყმა საქართველოს ტურიზმის სფეროს მიაყენა. ამ დარგის წარმომადგენელთა 54%-ს გაყიდვების მოცულობა 80-100%-ით შეუმცირდა.

კონფლიქტის შედეგად სირთულეები წარმოიშვა საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის. კვლევაში მონაწილეთა 51%-ს უშუალოდ რაიმე სირთულე ტრანსპორტირების გამო არ შექმნია, დარჩენილ ნაწილს ეს პროცესი სხვადასხვა დონით გაურთულდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მცირე საწარმოები თავად არ უზრუნველყოფენ მომარაგებას, შესაბამისად, ტრანსპორტირების პრობლემა ყველაზე ნაკლებად მათზე აისახა.
კონფლიქტამდე რესპონდენტთა 28% გეგმავდა ბიზნესის გაფართოებას, თუმცა კონფლიქტის შემდეგ დასახული მიზნის სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება მხოლოდ 12%-მა შეძლო.

აღმოჩნდა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, მეწარმეები საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. გამოკითხულთა 18%-ის შეფასებით, კონფლიქტს მათ ბიზნესზე გავლენა არ მოუხდენია; 19% რეაბილიტაციას 3-6 თვემდე პერიოდში შეძლებს. გამოკითხულ რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ ზოგადად კერძო სექტორის რეაბილიტაციისათვის, საშუალოდ, 6 თვე იქნება საჭირო. თუმცა, აღნიშნული პერიოდის ხანგრძლივობა ბიზნესის სფეროების მიხედვით განსხვავებულია.

ვაჭრობის სფეროს წარმომადგენელთა 66%-ის შეფასებით, ისინი ბიზნესის რეაბილიტაციას 6 თვემდე პერიოდში შეძლებენ, ხოლო ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა 18%-ის აზრით, მათ რეაბილიტაციისათვის 18 თვეზე მეტი დასჭირდებათ.

გამოკითხულ ბიზნესმენთა შეფასებით, ბიზნესი დამოუკიდებლად საშუალოდ 6 თვეში მოახდენს რეაბილიტაციას. მათი აზრით, ბიზნესის რეაბილიტაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოს ენიჭება. მათი აზრით, სახელმწიფოს დახმარების შემთხვევაში, ვადა შეიძლება განახევრდეს. გამოკითხულები მიიჩნევენ, რომ ბიზნესის დახმარებისათვის სასურველი იქნება "იაფი კრედიტის" ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით, 6 თვეში ბიზნესის რეაბილიტაცია შეუძლებელია, ის ასევე არასწორად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ბიზნესის ფინანსურ მხარდაჭერას. მისი თქმით, ერთადერთი, რასაც სახელმწიფომ შეიძლება მხარი დაუჭიროს, ესაა საბანკო-საფინანსო სექტორი. ნებისმიერი სხვა ტიპის კომერციული საქმიანობის მხარდაჭერა კი არასწორი და არაჯანსაღია.

საქართველოს ეკონომიკის რთული მომავალი

უახლოეს წლებში რომ საქართველოს ეკონომიკა რთული პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე იდგება, ამას როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები აღნიშნავენ. ამას საქართველოს ხელისუფლებაც აღიარებს და მოსალოდნელ "მძიმე ზამთარსა და გაზაფხულზე" ალაპარაკდა. თუმცა, სირთულეების დაძლევაში საქართველოს ეკონომიკას გარკვეულწილად ის მასშტაბური საერთაშორისო დახმარებაც წაეშველება, რასაც ქვეყანას დასავლეთში აგვისტოს ომის შემდეგ შეჰპირდნენ.

სწორედ დონორების (მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და გაეროს საჭიროებათა შეფასების ერთობლივი მისიის მიერ) მომზადებულ შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "რამდენიმეწლიანი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ", 2008 წლის მეორე ნახევარსა და 2009 წლის პირველ მეოთხედში საქართველოს ეკონომიკაში, სავარაუდოდ, რეცესიას ექნება ადგილი. დონორთა მიერ დახმარების სრულად გამოყოფის შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა შემდგომში განახლდება და 2009 წლის ბოლოსათვის 4%-ს მიაღწევს (ომამდელი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 8-9% უნდა ყოფილიყო). ამ ოპტიმისტური პროგნოზითაც, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავალი 2011 წლისათვის 660 დოლარით ნაკლები იქნება, ვიდრე კრიზისამდე ივარაუდებოდა.

საჭიროებათა შეფასების ერთობლივი დოკუმენტის თანახმად, "ეკონომიკის შენელება აუცილებლად გამოიწვევს სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლების ზრდას". ივარაუდება, რომ ახლო მომავალში საქართველოს დაახლოებით 100 ათასი მოქალაქე დაკარგავს სამუშაო ადგილს. სიღარიბის მაჩვენებელი 2010 წლამდე, სავარაუდოდ, 23,6%-დან 25,9%-მდე აიწევს, ხოლო მათი მდგომარეობა, ვინც უკვე სიღარიბეში ცხოვრობს, კიდევ უფრო გაუარესდება.

ეკონომიკის რეცესიის პარალელურად, დაიკლებს მთავრობის საგადასახადო შემოსავლები, რაც შეამცირებს ხარჯვისა და ინვესტირების შესაძლებლობას. ამავდროულად, მზარდი სოციალური პრობლემების შედეგად, გაძლიერდება საბიუჯეტო დეფიციტი და აგრეთვე საშიშროება იმისა, რომ კერძო სექტორში ინვესტიციების შემცირების პარალელურად სახელმწიფოს მოუწევს საკუთარი ხარჯების შეკვეცაც.

აგვისტოს ომამდე ეკონომიკის ზრდას, ძირითადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და საბანკო კრედიტების მზარდი ხელმისაწვდომობა განაპირობებდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ომის შემდეგ მკვეთრად შემცირდა. საბანკო სექტორი ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და კრედიტების გაცემა კვეთრად შეზღუდა. განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა სამშენებლო და უძრავი ქონების ბიზნესს, საცალო ვაჭრობასა და ტურიზმს ანუ ომამდელი ეკონომიკის საკვანძო სექტორებს.

ექსპერტებში არსებობს შიში, რომ საქართველოსთვის დასახმარებლად გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარი საქართველომდე, თავად ამ დახმარების გამწევ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, შესაძლოა, სრულად არ მოვიდეს.

რთული გამოწვევების წინაშე

ომში დამარცხება და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება საქართველოს ხელმძღვანელობის წინაშე უახლოეს მომავალში რთულ გამოწვევებს აყენებს და კიდევ უფრო სასწრაფოს ხდის სერიოზული რეფორმების განხორციელებას. ამის თაობაზე ნათქვამია საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მოხსენებაში "საქართველო: ზამთრის საფრთხეები", რომელიც ბრიუსელში ნოემბრის ბოლოს გავრცელდა.

როგორც მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მტკიცეა, მის მთავრობას მოუწევს პოლიტიკური და ეკონომიკური გამოცდის გავლა ზამთარსა და გაზაფხულზე. ოპოზიცია აყენებს მწვავე საკითხებს: გარდაუვალი იყო თუ არა აგვისტოს ომი რუსეთთან და მომდევნო ეკონომიკური კრიზისი? საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის პროგნოზით, მსოფლიო ფინანსური კრიზისი და უცხოური ინვესტიციების გადინება გააძლიერებს სოციალურ უკმაყოფილებას, მაგრამ ამჟამად გაურკვეველია, ვინ შეძლებს ამ უკმაყოფილების მობილიზებას.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა სექტემბერში რეფორმების სერიის გატარების პირობა დადო. მაგრამ თუკი ეს რეფორმები არ იქნება ბოლომდე მიყვანილი და გაფართოებული, სავარაუდოდ, საქართველო დაკარგავს საერთაშორისო კეთილგანწყობას და დონორთა კონფერენციაზე დაპირებულ დახმარების ნაწილს - აღნიშნავს საერთაშორისო კრიზის-ჯგუფის კავკასიის განყოფილების დირექტორი ლოურენს შიტსი.

უცხოელ ექსპერტთა აზრით, თბილისისთვის აუცილებელია სტაბილურობის აღდგენა, რათა უზრუნველყოს უცხოური ინვესტიციების შემოდინება და განვითარება. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს უფრო ეფექტური სოციალური პოლიტიკა, შექმნას მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, აღმოფხვრას კორუფცია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, აღკვეთოს საკუთრების უფლებათა დარღვევები, გაზარდოს ელექტრონული მასმედიის თავისუფლების დონე, შეიტანოს მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, პრეზიდენტის უფლებამოსილების ნაწილი გადასცეს საკანონმდებლო ხელისუფლებას და მთავრობას.

ფულადი სახსრების დეფიციტი საბანკო სექტორში

აგვისტოს მოვლენების და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად საბანკო სექტორი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეანაბრეებმა ბანკებიდან გაიტანეს ფულადი დანაზოგების არცთუ მცირე ნაწილი, ქვეყნის შიგნით ბიზნესის მწარმოებლებს განსაკუთრებით გაუჭირდათ აღებული კრედიტების დაბრუნება. ამან საბანკო სექტორში ფულადი სახსრების "შიმშილი" გამოიწვია.
საქართველოში საბანკო კაპიტალის აქტივები, ძირითადად, უძრავ ქონებასა და იპოთეკურ კრედიტებზე მოდიოდა. მნიშვნელოვანი იყო რუსული და ყაზახური კაპიტალი. დანარჩენი მოზიდული სახსრები იყო მოსახლეობის დეპოზიტები და უცხოეთიდან შემოსული თანხები. როგორც ქართული  გაზეთი "კომერსანტი" აღნიშნავს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ საბანკო სფეროდან გავიდა დეპოზიტების 17%, რუსული და ყაზახური კაპიტალი. ამის გამო აგვისტოში კომერციული ბანკების აქტივები 700 მილიონი ლარით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ბანკების ლიკვიდობის პრობლემები ღიად არ დაფიქსირებულა. სექტემბერ-ოქტომბერში მდგომარეობა დროებით განიმუხტა - ბანკების უმეტესობამ გაუძლო მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებებს. თუმცაღა, სექტემბერში ფიზიკურ პირთა დეპოზიტებმა 2 მილიონი ლარით დაიკლო. დიდი დანაკლისია ასევე საკრედიტო დაბანდებების კუთხით. ამ პერიოდში სესხების გაცემა შეჩერებული იყო და საკრედიტო დაბანდება დაახლოებით, 150 მლნ ლარით შემცირდა.

აქტივების კუთხით კი ზრდა თვალსაჩინოა. 2008 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1026,8 მილიონი ლარით, ანუ 14,2%-ით გაიზარდა და 8 მილიარდ 235 მილიონი ლარი შეადგინა. საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით ბანკების რაოდენობა წლის დასაწყისთან შედარებით, 12-დან 14-მდე გაიზარდა და მათმა წილმა ბანკების საერთო განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 70,9% შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ "შოკი" გადატანილია, ექსპერტთა შეფასებით, რთული პერიოდი ჯერ არ დამთავრებულა და რამდენად შეძლებენ ბანკები სისტემური მდგრადობის შენარჩუნებას, ძნელი სათქმელია. ჯერ ერთი, მსოფლიო ფინანსური კრიზისი ართულებს ბანკებისათვის დასავლეთიდან იაფი კრედიტის მოზიდვას. ვეღარც დეპოზიტები გაიზრდება ძველებული ტემპით. მეორე შემაფერხებელი ფაქტორია ის, რომ ომის შედეგად მნიშვნელოვნად შესუსტდა ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა, რის გამოც ბანკებს რისკები გაეზარდათ.

პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანკებში დეპოზიტების მოცულობა შემცირდა. სპეციალისტთა აზრით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანებს ბანკების მიმართ ნდობა შეუმცირდათ და მათ ფულის დაკარგვისა ეშინიათ. ნდობის შემცირება უკავშირდება არა იმდენად აგვისტოს ომს, რამდენადაც მსოფლიოში მიმდინარე ფინანსურ კრიზისს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშები და ვადიანი დეპოზიტები) მოცულობამ 2008 წლის 1 ნოემბრისათვის 2,8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2,4%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ შესაბამის მაჩვენებელზე. ერთი წლის განმავლობაში ფიზიკური პირების ანაბრები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 33 მლნ ლარით (2,6%-ით) შემცირდა და 1,2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 280 ლარს შეადგენს.

ბოლო ერთ წელიწადში ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1,9%-ით გაიზარდა მაშინ როდესაც უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 4,7%-ით შემცირდა. შემცირდა დოლარიზაციის კოეფიციენტიც. ეს მაჩვენებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1,6%-ით შემცირდა და 2008 წლის 1 ნოემბრისათვის 62,9% შეადგინა.

უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. ერთი წლის უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი 83,3%-ს, ხოლო ევროს წილი 16,1%-ს შეადგენდა, 2008 წლის 1 ნოემბრისათვის კი აშშ დოლარის წილი 79,5%-მდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 19,9%-მდე გაიზარდა.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

საქართველო საინვესტიციო შიმშილს განიცდის. აგვისტოს ამბების შემდეგ ქვეყანაში არათუ აღარ შემოდის უცხოური ინვესტიციები, არამედ ის ინვესტორებიც გადიან, ვინც აქ პროექტების განხორციელებას გეგმავდა. საქართველოს ეკონომიკას რეცესია ემუქრება. საუკეთესო შემთხვევაში, გადავადდება ინვესტიციები მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, საცალო ვაჭრობასა და ტურიზმში.

ევრობანკის ვარაუდით, 2008 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაგეგმილზე თითქმის მილიარდი დოლარით ნაკლები იქნება. რაც შეეხება პრივატიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს, აგვისტოს შემდეგ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დიდი ობიექტების პრივატიზება არ განუხორციელებია.

უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირება მარტო რუსეთის აგრესიით როდი აიხსნება. ამას თან დაერთო მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ასეთ სიტუაციაში გარისკვა ცოტას თუ ვინმეს მოუნდება.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2008 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით შემცირდა. 2007 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 1,312 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, 2008 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით კი ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი 1,105 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

უცხოური ინვესტიციების ვარდნა ძირითადად მესამე კვარტალზე მოდის. 2008 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოში მხოლოდ 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით მთელი 339 მილიონი დოლარით ნაკლებია.

უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე იმოქმედა აგვისტოს ომმა, რამაც მკვეთრად გააუარესა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი. ამას კი შემდეგ დაემატა მსოფლიო ფინანსური კრიზისიც. ოფიციალური პროგნოზით, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ეთანხმება, საქართველოში განხორციელებული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2008 წლის პირველი ნახევრის 1,5 მილიარდი აშშ დოლარიდან მეორე ნახევარში 0,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდება.

2008 წლის 9 თვის მანძილზე ყველაზე დიდი ოდენობის ინვესტიციები არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან შემოვიდა. ამ ქვეყნიდან განხორციელებულმა ინვესტიციების მოცულობამ 221 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 188,788 მლნ დოლარით. ამ ქვეყნიდან ყველაზე დიდი ოდენობის ინვესტიციები (135,078 მლნ დოლარი) მეორე კვარტალში განხორციელდა. უცხოელ ინვესტორთა შორის მესამე ადგილზეა თურქეთი - 175,751 მლნ დოლარით. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს საქართველოს ეკონომიკაში თურქეთის ინვესტიციებმა სულ 93,871 მლნ დოლარი შეადგინა.

2008 წლის მესამე კვარტალში საწარმოებში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 146,973 მლნ დოლარი. რაც შეეხება საბანკო სფეროს, ამ სექტორში ინვესტიციების განხორციელება შეჩერდა.

მოხვდება თუ არა საქართველო ვალების მახეში

საქართველოსთვის დონორთა კონფერენციაზე შეპირებული 4,5 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, ანუ მთლიანი დახმარების დაახლოებით ნახევარი სესხებზე მოდის, რომელთა დაბრუნება საქართველოს მომავალში მოუწევს. საქართველოს საგარეო ვალი ლამის გაორმაგდება, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველო "ვალების მახეში" არ აღმოჩნდება, რადგანაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხები შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითაა - ხშირად მხოლოდ 1%-ია, საშეღავათო პერიოდი ხანგრძლივია, ხოლო სესხის ძირითადი თანხის დაფარვის საბოლოო ვადა ზოგიერთ შემთხვევაში 40 წელს შეადგენს.
საქართველოს საგარეო ვალი დღეისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 16%-ს შეადგენს. დონორთა კონფერენციაზე განხილული სამწლიანი პერიოდის დასასრულს საგარეო ვალი სავარაუდოდ კვლავ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე ნაკლები იქნება.

ექსპერტთა განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა პიკს სავარაუდოდ 2013 წელს მიაღწევს. თუმცა, მისი თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ 35%-იან ზღვარზე გაცილებით დაბლა იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ შევარდნაძის მმართველობის პერიოდზე, როდესაც ეს მაჩვენებელი 50%-ს აღემატებოდა.

საქართველოს ეკონომიკის კრიზისისგან თავის დაღწევის პერსპექტივები

ხელისუფლებაც და ექსპერტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებულ პასუხებს იძლევიან იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა კრიზისული ვითარება. ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებენ აგვისტოში რუსეთის აგრესიის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებზე, მაშინ როდესაც ექსპერტთა დიდი ნაწილი კრიზისის უმთავრეს მიზეზად ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას მიიჩნევენ.

"მსოფლიო საფინანსო კრიზისი, პირდაპირ, მისწრება იყო სააკაშვილისათვის, რომელიც დღესაც მონდომებით ცდილობს, რომ მთელი მისი ჩაოხრებული საქმეები სწორედ ამის ახსნას. თუმცა თუ გადავანაწილებთ, რეალურად, ჩვენს ეკონომიკურ სიდუხჭირეში რა პროცენტი უნდა მივაკუთვნოთ სააკაშვილის დანაშაულებრივ პოლიტიკას და რა პროცენტი მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, ასეთ შეფარდებას მივიღებთ: 20-30% მოდის მსოფლიო საფინანსო კრიზისზე, ხოლო დანარჩენი 70-80% სააკაშვილის "დამსახურებაა". აქ იგულისხმება არა მხოლოდ აგვისტოს ავანტიურა, არამედ, პირველ რიგში, ბიზნესისადმი ის მტრული დამოკიდებულება, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი რეკეტი, რომელიც სათავეს იღებს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან", - აღნიშნავს ექსპერტი ნიკო ორველაშვილი.

ექსპერტები პირველ რიგში მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლების პოლიტიკას სტატისტიკასთან დაკავშირებით. ციფრები, რომელთაც სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს და რომელსაც ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის აღსაწერად იყენებს სანდო არ არის და ვითარებას მნიშვნელოვნად ალამაზებს. ასეთია ექსპერტთა პრეტენზია.

"საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი თავის მოვალეობას არ ასრულებს და მხოლოდ იმ მონაცემებს აქვეყნებს, რასაც ხელისუფლება დაავალებს", - აღნიშნავს ყოფილი პარლამენტარი, მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.

პრეტენზიები პირველ რიგში ინფლაციის ოფიციალურად დაფიქსირებულ მაჩვენებელს ეხება. "სტატისტიკის დეპარტამენტის პუბლიკაციით 2008 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია ყოფილა 7%-ის დონეზე, ხოლო ნოემბრის წლიური ინფლაცია - 6,3%. სწორედ ნოემბერში მოხდა ის 15%-იანი ნახტომისებური ვარდნა, რომელიც განიცადა ლარმა ერთ დღეში. ამას მოჰყვა სერიოზული ნახტომი ფასების ზრდაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში მთავრობის გარდა ვერავინ დაიჯერებს, რომ ნოემბრის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6,3%-ია. ფაქტობრივად, ის სულ ცოტა, სამჯერ მეტია", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა.

ქართული ეკონომიკის პრობლემებზე დიდხანს შეიძლება საუბარი. მთავარი, რასაც ექსპერტები მოითხოვენ, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაა. "გარე და საომარ რისკებს ემატება შიდა პოლიტიკური რისკებიც. მხედველობაში მაქვს ბიზნესის რეკეტი და ხელისუფლების მხრიდან განუკითხაობა, რაც კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის სიტუაციას. ამას ემატება არაჯანსაღი ურთიერთობები, ანუ ის, რომ არ არის კონკურენტული გარემო. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, პირველ რიგში შიდა პოლიტიკური რისკებია მოსახსნელი. ამის შემდგომ საგადასახადო სისტემა, თუნდაც, პირველ ეტაპზე უნდა გახდეს მიმზიდველი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ეკონომიკური სისტემების ამუშავება", - აღნიშნავს  ექსპერტი გია ხუხაშვილი.

თუკი ეს ცვლილებები განხორციელდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველო სწრაფად მიაღწევს არა ვირტუალურ, არამედ რეალურ ეკონომიკურ წარმატებებს. "ადეკვატური ხელისუფლების პირობებში, 3 წელიწადში ჩვენ ვიქნებით კარგი ქვეყანა და 5-6 წელიწადში წარმოუდგენლად წარმატებული ქვეყანა. საქართველოს არ სჭირდება ძალიან დიდი ტვინი და ძალიან ხანგრძლივი პერიოდი. ამას სჭირდება სამშობლოზე შეყვარებული კარგი პროფესიონალების გუნდი", - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.

ამ სიტყვებს ძნელია არ დავეთანხმოთ. პროფესიონალი და ქვეყნის ინტერესებით მოქმედი მთავრობა მართლაც წარმატებული იქნება. ვისურვოთ, რომ საქართველოს სწორედ ასეთი მთავრობა ჰყავდეს.

საქართველო "გაორებულ რეალობაში" ცხოვრობს

ერთი მთავარი სერიოზული პრობლემა, რაც დღევანდელ საქართველოში დგას, ეს არსებული რეალობის რადიკალურად განსხვავებული აღქმაა ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს დაამკვიდროს მომხდარისა და უახლოესი მომავლის ოპტიმისტური ხედვა, ოპოზიცია კი ხელისუფლებას პრობლემების მიჩქმალვაში სდებს ბრალს და ეს უაღრესად საშიშად მიაჩნია.

ხელისუფლების პოზიცია გასაგებია - აგვისტოს ომის შემდეგ თუ საზოგადოებას არ შესთავაზებს და არ დააჯერებს სხვადასხვა ოპტიმისტური პროგნოზების რეალობაში, მაშინ მას მოუწევს აღიაროს და პასუხი აგოს იმ მძიმე დამარცხებაზე, რაც საქართველომ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის პირობებში განიცადა. ერთი პერიოდი ხელისუფლების მიერ ოპტიმისტური პროექტების პროპაგანდა ისე ძლიერი იყო, რომ თბილისში გამოკითხულთა მესამედს სჯეროდა - საქართველომ აგვისტოს ომში გაიმარჯვაო.

ამ ოპტიმისტურმა პროექტებმა აშკარად უშველა ხელისუფლებას. თუმცა, ახლა იმედები მაპ-ის მიღებისა, დასავლეთის ქმედითი დახმარებისა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში და მილიარდიანი დახმარებებებისა ნელ-ნელა განელდა. დღეისათვის ხელისუფლება ახალ ოპტიმისტურ პროექტს ახორციელებს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებას ხელისუფლება "საქართველოს ხსნად" და უსაფრთხოების მყარი გარანტიების საწინდრად მიიჩნევს.

სახელისუფლო ოპტიმიზმის ერთი უმთავრესი მიმართულება სოციალური პროგრამების დეკლარირებაა და ჩვენება იმისა, თუ როგორ ზრუნავს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე. თუმცა, საეჭვოა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარების პირობებში ამ მხრივ რაიმე სერიოზული წარმატების მოპოვება იყოს შესაძლებელი. გამოიკვეთა ერთი ტენდენციაც - პრობლემების მსოფლიო კრიზისისათვის გადაბრალება. მთავარია ახლა ეს ყველაფერი დამაჯერებელი აღმოჩნდეს საზოგადოებისათვის.

არასაპარლამენტო ოპოზიციას მთავრობის ამგვარი პოლიტიკა არა მარტო შეცდომად, არამედ უაღრესად საშიშად მიაჩნია. პრობლემების მიჩქმალვით ეს პრობლემები არ ქრება. პირიქით, კიდევ უფრო ღრმავდება და საშიშ ხასიათს ღებულობს. ოპოზიციის შეფასებით ქვეყანა ჩიხშია შესული, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით.

ქართულ საზოგადოებას, რომელსაც "ორ რადიკალურად განსხვავებულ რეალობას" სთავაზობენ, დღეს აშკარად ეტყობა იმედის გაცრუება და ნიჰილიზმი პოლიტიკის მიმართ. თუკი ხუთი წლის წინ ქართული საზოგადოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტურად იყო განწყობილი, დღეს მომავლის უაღრესად პესიმისტური ხედვა აქვს. ის დაბნეულია და ასეთ პირობებში, ალბათ, ყველაზე გონივრული გამოსავალი იქნება ამ ორი "პოლიტიზირებული რეალობის" ერთმანეთთან დაახლოება. ეს შეიძლება მოხდეს დიალოგის გზით. დიალოგი კი, ტრადიციულად დეფიციტია ქართული პოლიტიკისათვის. არსებულ რთულ ვითარებაში ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინება. მით უმეტეს, რომ ეს მოთხოვნები "დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის" კალაპოტში ჯდება. ეს კი ასევე საქართველოს ხელისუფლებისადმი დასავლეთის ერთი უმთავრესი მოთხოვნაცაა.

დავით მალხაზიშვილი