ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ
#1(109), 2009
ეს არის კანონისა და კონსტიტუციის ფორმალური დაკმაყოფილება

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ყოველი წლის მიწურულს ღებულობს დადგენილებას მომდევნო წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. პარლამენტმა შარშან, 19 დეკემბერს თავისი დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც სულ 3 პუნქტისგან შედგება:

1. საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე 2009 წლისთვის საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განისაზღვრა 9 პროცენტის ოდენობით;

2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2009 წლის განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები (ლიკვიდობის მიწოდება), სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები (ლიკვიდობის ამოღება), ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები;

3. 2009 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი რისკები ძირითადად არის: ნავთობსა და ხორბალზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, საერთაშორისო ბაზარზე ფინანსური კრიზისის შედეგები.

რით გამოირჩევა წლევანდელი ეს დოკუმენტი მისი წინამორბედებისგან? საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლადო პაპავას აზრით, ჩანს ამ დოკუმენტის ავტორებმა იხელმძღვანელეს შოთა რუსთაველის ფრთოსანი გამონათქვამით: "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგიო". მისი თქმით, ეს დოკუმენტი არის "შაირი"; მართალია, მთლად კარგი ვერა, მაგრამ მაინც "შაირია" თუნდაც იმით, რომ სულ რამდენიმე, მათ შორის, სხვადასხვა კანონებიდან თუ სახელმძღვანელოებიდან ცნობილ და იმავდროულად, არაფრისმთქმელ წინადადებას შეიცავს.

სამწუხაროდ, თვითონ დადგენილების ტექსტს პარლამენტის საიტზე ჯერაც ვერ ნახავთ, ხოლო ეროვნული ბანკის საიტზე 15 იანვრამდე იყო განთავსებული 2008 წლის ოქტომბრით დათარიღებული დადგენილების პროექტი, თანმხლებ განმარტებით ბარათთან ერთად. პროექტის ტექსტი გაუმართავი გახლდათ, მასში რაღაც კურიოზულ ჩანაწერებსაც იხილავდით (იმ  ინსტრუმენტების ჩამონათვალს, რომელსაც სებ-ი 2009 წელს გამოიყენებს, მოყვებოდა: "2009 წლის განმავლობაში ასეთ რისკებს, ძირითადად, წარმოადგენს...", რაც წინა ტექსტთან არანაირად მიბმული არ იყო). ეს იყო არასერიოზულად მომზადებული ტექსტი.

პაპავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკში ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს, ხოლო ასეთი ტექსტი არის შეურაცხყოფა თვითონ ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტისა და მათ შორის, იქ მომუშავე პროფესიონალებისა.

"საქართველოს 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებზე" სერიოზულად საუბარი არც ღირს, იმიტომ რომ ამ დოკუმენტში საერთოდ არაფერი წერია. აქ ყველაზე მთავარი ინფორმაცია არის ის, თუ რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს სებ-ი 2009 წელს. მაგრამ რითი განსხვავდება ეს ინსტრუმენტები 2008 წელს გამოყენებული ინსტრუმენტებისაგან? რომელია ახალი ინსტრუმენტი? რატომ ეს და არა სხვა ინსტრუმენტები? არაფერია ნათქვამი, გაცვლითი კურსის ფორმირება როგორ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. ეს დოკუმენტი არანაირ ინფორმაციას არ იძლევა და ისეთი ზოგადი, პრაქტიკულად არაფრისმთქმელი ჩანაწერია, შეიძლება ითქვას, რომ მასში არც არანაირი ვალდებულება არ არის დაფიქსირებული სებ-ის მხრიდან, თუ რა უნდა გააკეთოს 2009 წელს.

საერთოდ, ლადო პაპავას შეცდომად მიაჩნია, როგორადაც მზადდება ხოლმე სებ-ის ეს დოკუმენტი 1995 წლიდან, მას მერე, რაც მიღებულია ორგანული კანონი "ეროვნული ბანკის შესახებ". არცერთხელ პარლამენტს სერიოზული დოკუმენტი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ არ დაუმტკიცებია. ყოველთვის იყო ძალიან მცირე ფორმატიანი "მოთხრობა", რომელიც დადგენილების ფორმას იღებდა. საინტერესო ის არის, რომ ამის შესახებ ხშირად კრიტიკაც გამოითქმებოდა სებ-ის ხელმძღვანელობის მისამართით და პაპავა აქ იხსენებს 2007 წელს, როდესაც სებ-ის პრეზიდენტს რომან გოცირიძეს პარლამენტში მისივე უმრავლესობის წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ, ფულად- საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი ფარატინა ქაღალდი არისო. მაგრამ როგორც კი გოცირიძე სებ-იდან წავიდა, შემდეგ აღარავის დაუყენებია საკითხი: გოცირიძე გავაკრიტიკეთ, ის წავიდა და ვინც მოვიდა, იმან მაინც გააკეთოს ნორმალური ტექსტიო!

ასე რომ, როცა სჭირდებათ სებ-ის ხელმძღვანელობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა, მაშინ გაახსენდებათ, რომ ეს არ არის დოკუმენტი და შეიძლება გასაკრიტიკებლად გამოიყენონ. სამწუხაროდ, დღეს კვლავ არაფერი წერია, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ეწერა 2007 წელს წარდგენილ დოკუმენტში, რასაც პაპავა უკუსვლად, დეგრადაციად აფასებს და მიაჩნია, რომ აუცილებელია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები იყოს ისეთივე სერიოზული დოკუმენტი, როგორიც არის ბიუჯეტი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ძირითადი მიზნებითა და ამოცანებით, ამ მიზნების მიღწევის და ამოცანების გადაწყვეტის ინსტრუმენტებით და გარკვეული ვალდებულებებით, რომელთა შესრულება უნდა იკისროს ეროვნულმა ბანკმა, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა სახელმწიფო ინსტიტუტმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაუგებარია, რას ამტკიცებს პარლამენტი.

როცა ეს დოკუმენტი პარლამენტში შემოდის, შემოდის ეროვნული ბანკის სახელით და არის მისი სახე. ეს სახე არც ადრე იყო დიდად მიმზიდველი და დღეს კიდევ უფრო უარესია. არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, პარლამენტის სახეც არის, როდესაც პარლამენტი იღებს ასეთ დადგენილებას. საერთოდ გაუგებარია, რომ პარლამენტში შეტანილ ასეთ "დეპეშაზე" ვინმეს მხრიდან შენიშვნაც კი არ გამოთქმულა. ეს არის ეროვნული ბანკიდან "დეპეშა" საზოგადოებას და პარლამენტს, რომ ჩვენ ვარსებობთო და მეტი არაფერი!

ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ამგვარი სახით სწორედ იმ მოსავალს ვიმკით, რაც ლადო გურგენიძემ 2008 წლის გაზაფხულზე დათესა, როდესაც წარმოადგინა ვრცელი პაკეტი კანონპროექტებისა და იქ წამყვანი იყო ცვლილებები ეროვნული ბანკის კანონში. ამ ცვლილებების შედეგად კანონში ჩაიწერა, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი არის ინფლაცია. ამდენად, ეროვნულ ბანკს მიმართულებების ჩამოთვლა არ მოეთხოვებოდა და ამიტომაც ასეთი "დეპეშა" წარმოადგინა. თუმცა, შეიძლებოდა ამ ტექსტის სერიოზულად გაშლაც, ვთქვათ, თვითონ ამ დოკუმენტში ახსნა იმისა, 2009 წელს 9%-იან ინფლაციას რომ ვარაუდობენ, რა ხდება რეზერვებში, რა - გაცვლით კურსში და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ ჩაწერეს. ამ დოკუმენტით საზოგადოება არაფრითაა ინფორმირებული. ეს არის კანონის და კონსტიტუციის ფორმალური დაკმაყოფილება.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, ეს დოკუმენტი არ არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებები, ვინაიდან ამ დოკუმენტიდან გაუგებარია, რატომ უნდა გვქონდეს რწმენა, რომ ინფლაცია 9%-ზე გაჩერდება; ძალიან ცოტას ნიშნავს იმის ჩამონათვალი, რა ინსტრუმენტები არსებობს ბუნებაში, რადგან ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას ერთნაირი ეფექტი არა აქვს და კონკრეტულ სიტუაციაში ყველა ინსტრუმენტის გამოყენება შეუძლებელიც არის. ჯავახიშვილი ირონიით დასძენს: "მე არ გამოვრიცხავ, დღევანდელი ჩვენი პარლამენტის წევრები იმდენად კარგად ერკვევიან ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, რომ მათთვის დაკონკრეტება საჭირო არც არის. მე რომ პარლამენტარი ვიყო, მოვითხოვდი, დაეკონკრეტებინათ თითოეული ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა და მისი გამოყენების შედეგად მიღწეული ეფექტი, რადგან ნამდვილად არ მეყოფოდა კვალიფიკაცია, ამისთანა ჩანაწერით მივმხვდარიყავი, ეს რამდენად მიღწევადია. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა ადამიანებს (ყოველ შემთხვევაში ჩემნაირებს, ძნელად რომ ხვდებიან) უნდა აუხსნას: აი, ეს ასეთ სიტუაციაში ამას მოგვცემსო და ეროვნულმა ბანკმაც და ხელისუფლებამაც უნდა იცოდნენ, სიტუაცია როგორია დღეს; როგორი გვექნება ამ წლის განმავლობაში, ეს სიტუაციური სცენარებიც შემუშავებული უნდა იყოს".

მოგეხსენებათ, წინა წლებში 12-14 პუნქტიანი დადგენილების პროექტი იყო ხოლმე. ამჯერად კი, როცა მსოფლიოში სისტემური ხასიათის ეკონომიკური კრიზისია და საბანკო სექტორს ასეთი განსაკუთრებული როლი ეკისრება სახელმწიფოს არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის საქმეში, ნაცვლად იმისა, რომ დაწვრილებით, დეტალურად ყოფილიყო გაწერილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ის დეკლარაციის დონეზე შედგა.

ამის ახსნად არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ პროექტს განმარტებითი ბარათი ახლდა შედარებით ვრცელი; ბარათი სებ-ის მიერ მომზადებული დოკუმენტია და არის არა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, არამედ ეროვნული ბანკის ხედვა. თვითონ მიმართულებებში უნდა ჩანდეს პარლამენტის დამოკიდებულება.

დოკუმენტთან დაკავშირებით პარლამენტში კითხვა რომ არ გაჩენილა და შენიშვნა არ გამოთქმულა, ორი რამ უნდა ვივარაუდოთ. ჯერ ერთი, შეკითხვებს სვამს კომპეტენტური პირი და როცა ადამიანს შენიშვნები არ გააჩნია, ან ყველაფერში ეთანხმება, ანდა არ შეუძლია დასკვნების გაკეთება. მეორეც, შესაძლოა, მმართველი ძალის ერთიანობისა და მონოლითურობის დემონსტრირებისთვის საჭიროდ ჩაითვალა, რომ კითხვები არ დასმულიყო.

ისე, პლატონის გამოთქმის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ, სახელმწიფოს ფილოსოფოსები უნდა მართავდნენო, ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებებს პროფესიონალი ფინანსისტები და ბანკირები უნდა განსაზღვრავდნენ. უცხოეთში, როგორც წესი, პარლამენტი ძირითადად იურისტებითა და ეკონომისტებით არის დაკომპლექტებული; ჩვენთან ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, ფუნდამენტური, საბაზო ეკონომიკური განათლების მქონეთა დეფიციტია.

ვის და რას ემსახურება მემორანდუმი ეროვნულ ბანკსა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შორის 

ჩანს თუ არა ამ დადგენილებიდან რამე კავშირი სებ-სა და საბანკო სექტორს შორის? როგორც ლადო პაპავა აღნიშნავს, ვერ ვიტყვით, რომ ამ დოკუმენტიდან არ ჩანს სებ-სა და საბანკო სექტორს შორის ურთიერთობა. იგივე რეფინანსირების სესხები არის ურთიერთობა კომერციულ ბანკებთან (რეფინანსირების სესხებს კომერციული ბანკები იღებენ); სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონებიც, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნებიც და საერთოდ, ყველა ინსტრუმენტი მეტნაკლებად დაკავშირებულია კომერციულ ბანკებთან; მაგრამ უფრო მეტი ურთიერთობა ვერ ექნება, იმიტომ რომ სწორედ იმ ცვლილებებით, რომლებიც შევიდა 2008 წლის გაზაფხულზე სებ-ის შესახებ კანონში, შეიქმნა სრულიად ახალი სტრუქტურა, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ერთი მხრივ არის სებ-ის დაქვემდებარებაში და ამავდროულად, დამოუკიდებელიცაა, ანუ ეროვნულ ბანკში კიდევაც შედის და არც შედის! არის კიდევ ასეთი ნონსენსი, რომ სებ-ი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონის თანახმად კი საჯარო სამართლის იურიდიული პირი არ შეიძლება ყოფილიყო სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაქვემდებარებაში. ეს გამონაკლისი გაკეთდა სწორედ სებ-თან მიმართებაში, რათა სებ-ს ჩამორთმეოდა საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ახლა სებ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ვერაფერი მსგავსი ვერ მოხვდებოდა.

მაგრამ მივდივართ ერთ ძალიან უცნაურ დოკუმენტთან, რომელსაც ჰქვია "ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შორის". მის შესაფასებლად სიტყვა კურიოზი თუ გამოდგება! ორ სახელმწიფო სტრუქტურას შორის, რომელთაგან ერთი მეორის დაქვემდებარებაშია (მართალია ფორმალურში), გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რადგან ისე შეიძლება მთლად ურთიერთგაგებით ვერ იმუშაონ და თანაც აქ ხაზია გასმული, რომ ეს ორივე სტრუქტურა არის ერთმანეთისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი (არადა, კანონი ასეთ აბსოლუტურ დამოუკიდებლობას არ ცნობს); ყველაზე კურიოზული კი აქ არის არაკონსტიტუციური ორგანოს - საფინანსო სექტორის ერთობლივი კომიტეტის შექმნა.

პაპავას შეფასებით, ქართული ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - ეროვნული ბანკი დააკნინეს. ახლა ქმნიან რაღაც აბსოლუტურად ხელოვნურს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი და ეკონომიკურად არანაირი მიზანშეწონილობა არ გააჩნია! ძალიან ძნელი შესაფასებელია, რას აკეთებენ. ალბათ, ეს არის უვიცობის კონგლომერატი დანაშაულთან. მაგრამ აქ პირველ რიგში მთავრობის იმ ინიციატივის უკან მდგომნი პირები არიან დამნაშავენი, რომლებმაც 2008 წლის გაზაფხულზე, პარლამენტს ეროვნული ბანკის დასუსტება-დაკნინების კანონი მიაღებინეს.

რატომ შეიქმნა ეს მემორანდუმი? სებ-სა და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შორის დადებული მემორანდუმის თანახმად, მმართველი ორგანო არის საფინანსო სექტორის ერთობლივი კომიტეტი, რომელშიც შედიან: სებ-ის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, ზედამხედველობის უფროსი, მისი მოადგილე და ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარე, ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – რობერტ კრისტიანსენი, რომელიც არ არის საქართველოს რეზიდენტი. ექსპერტთა განმარტებით, ამ კომიტეტის მეშვეობით მას უკვე აქვს ის ბერკეტები, რომლითაც იგი განსაზღვრავს მთელ რიგ იმ საქმიანობას, რომელიც ზედამხედველობასაც სცდება. გავიხსენოთ 2005 წელი, როდესაც ამ ადამიანმა, რომელიც დღეს ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარეა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, რომელიც 14,5% ს აღწევდა, განგაში ატეხა და ერთ-ერთ ძირითად დამნაშავედ გამოაცხადა ეროვნული ბანკი მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი საკმაოდ მაღალი იყო და პრივატიზაციიდან მიღებული თანხებიც კი შემოსავლებში შედიოდა და არა ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროებში. ამით ხელოვნურად მცირდებოდა ბიუჯეტის დეფიციტი და რეალურად ეს იყო ინფლაციური ფული (რაც უფრო მაღალია დეფიციტი, მით უფრო მაღალია ინფლაცია), მაგრამ კრისტიანსენს ხმა არ ამოუღია ბიუჯეტის შესახებ, თუ საიდან მოდიოდა ეს ინფლაცია. მერე ამას მოყვა ახალი ცვლილებების ინიციატივა ეროვნულ ბანკში, რომელიც წამოსული იყო ისეთი ადამიანებისაგან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ცვლილებებით შეეძლოთ ინფლაციის შემცირება და ძირითადი აქცენტი აღებული იყო სავალუტო საბჭოზე. საბედნიეროდ, ეს ინიციატივა არ გავიდა.

რობერტ კრისტიანსენს, რომელიც დღეს საქართველოში მოღვაწეობს და არის უცხოეთის მოქალაქე, ჰქონდა თავისი ინტერესები შესულიყო ეროვნულ ბანკში, მაგრამ სებ-ის საბჭოში რომ შესულიყო, საჭირო იქნებოდა პარლამენტში მისი კანდიდატურის წარდგენა, რაც გარკვეულ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან დაიბადებოდა კითხვა: რატომ - უცხოელი, ჩვენ რა, არა გვყავს ქართველები, რომლებსაც ეროვნული ბანკის მართვა შეუძლიათო?!

ამიტომ ყველაზე უკეთესი გამოსავალი იპოვეს, როდესაც ბატონი კრისტიანსენი ჯერ ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნეს, ხოლო ამის მერე, სებ სა და ზედამხედველობას შორის დადებული ამ მემორანდუმის საფუძველზე, მას უკვე კომიტეტის მეშვეობით ჩააბარეს ბერკეტები, რომლებიც პოლიტიკის განსაზღვრას ეხება. შესაბამისად, დღეს ეს არარეზიდენტი პირი მონაწილეობს როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკის, ისე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მართვაში.

დღევანდელი მდგომარეობით პოლიტიკის მართვაზე 3 ინსტიტუტია პასუხისმგებელი. ერთი არის მემორანდუმით გათვალისწინებული კომიტეტი, მეორე - მონეტარული კომიტეტი, რომელიც ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშია და მესამეა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც სებ-ის უმაღლესი მმართველი ორგანოა. მათ შორის კოორდინაცია განსაზღვრული არ არის. ამგვარად, არის 3 დამოუკიდებელი სტრუქტურა და თუკი მათ შორის კონსენსუსი არ აღმოჩნდა, შეიძლება შეიქმნას დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც კრილოვის ცნობილ იგავ-არაკში.

საინტერესოა, რომ მემორანდუმით შექმნილ კომიტეტში შეუძლიათ მიიწვიონ წარმომადგენლები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებიდანაც. გაუგებარია, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რატომ უნდა იყოს მიწვეული, როდესაც ეს უწყება პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ქონების გაყიდვაზე და არავითარ სტრატეგიულ გეგმებს არ ქმნის ეკონომიკის განვითარების შესახებ; ანუ მისი შინაარსობრივი დატვირთვა არის არა ეკონომიკის განვითარება, არამედ ინვესტიციების მოზიდვაა პრივატიზების გზით; ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიწვევა და მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებებში მისი მონაწილეობამ შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს, რადგან ნიკა გილაურის ძმა ამჟამად "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორია. საქმე ისაა, რომ შესაძლოა მონეტარული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავიდანვე ცნობილი იყოს და არც ის არის გამორიცხული, რომ მოხდეს აღნიშნული ბანკის ლობირება.

აუცილებელია ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია დაუბრუნდეს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი განმარტავს, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილებას სათავე დაუდო 2008 წლის გაზაფხულზე მიღებულმა, ფაქტობრივად ახალმა კანონმა "ეროვნული ბანკის შესახებ". მანამდე სებ-ის ინსტიტუციონალურ მოწყობას სრულიად განსხვავებული საფუძველი ჰქონდა და ძირითადად დაკავშირებული იყო სებ-ის პროფესიონალიზმთან, იმ მოქნილ პოლიტიკასთან, რომელსაც სებ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ უნდა გატარებულიყო ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.

2008 წელს კანონმა სებ-ის საქმიანობას გარკვეული შეზღუდვები დაუდო, ის აღარ არის დამოკიდებული სებ-ის სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე, რადგან უკვე კანონით განისაზღვრა ინფლაციური ორიენტირები. თუკი კანონით განისაზღვრა, რომ ინფლაცია უნდა იყოს 9%, ეს უნდა შესრულდეს მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სხვა პარამეტრები გაუარესდეს; ანუ მთავარი ორიენტაცია აღებულია ინფლაციის შეზღუდვაზე. კანონითვე განისაზღვრა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმატიც. კანონმა დაუდო საფუძველი, რომ ამ ფორმატში უნდა იყოს მოქცეული: მიზნობრივი ორიენტაცია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, აგრეთვე ის ინსტრუმენტები, რომლითაც ეს ინფლაცია უნდა განხორციელდეს და ის რისკები, რაც შესაძლოა ამ ინსტრუმენტების განხორციელებას მოყვეს.

ფაქტობრივად, კანონმდებლობას უკვე აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარამეტრი - როგორ მოხდება ინფლაციის სტაბილურობის მიღწევა. ადრე აბსოლუტურად ყველაფერს ექცეოდა ყურადღება: რა სარეზერვო ნორმა ჰქონდა, როგორ იმართებოდა ის, როგორ მოხდებოდა ბანკებთან ურთიერთობა, როგორი იქნებოდა ფულადი მასა, მათ შორის ინფლაცია, გაცვლითი კურსის ნორმატივიც კი დგინდებოდა ხოლმე; ანუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმართულებების ძირითადი მიმართულებები მთელ კომპლექსს მოიცავდა. დღეს უკვე ეს საკითხები თითქოს მეორე პლანზე გადავიდნენ.

ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი ორადაა გახლეჩილი, რადგან მას საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია აღარ აკისრია (ეს დამოუკიდებელი სააგენტოს ფუნქციაში შედის), მაგრამ მისი საქმიანობა იმდენად გადაკვეთილია საბანკო ქცევასთან, რომ დღეს თუ ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელზე დაიყვანს, შესაძლოა მთელი საბანკო სისტემა განწირული აღმოჩნდეს. ეროვნული ბანკი ახლო პერსპექტივაში თავის ინფლაციურ მაჩვენებელს კი მიაღწევს, მაგრამ მას ეს შორეულ პერსპექტივაში უკანვე დაუბრუნდება, ვინაიდან მომავალში უკვე საინვესტიციო გარემოს გაუარესება კიდევ უფრო მეტად მოახდენს ზემოქმედებას ეკონომიკის სტაბილიზაციაზე და შესაძლოა წარმოიშვას მოთხოვნისა და მიწოდების ინფლაციური შოკები, რის შედეგადაც სებ ს ხელმეორედ მოუხდება ახალ ინსტრუმენტებზე ფიქრი და მუშაობის იმაზე აგება, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს მუშაობის ინფლაციური პროცესები.

ასე რომ, თუ 2008 წლის გაზაფხულამდე ეროვნული ბანკის ძირითადი პოლიტიკა ითვალისწინებდა "ოქროს შუალედის" დაჭერას, რომ არც საბანკო სისტემაში საინვესტიციო გარემო არ გაუარესებულიყო და ინფლაციაც ზომიერ ფარგლებში მოექცია, დღეს უკვე კანონმა ეროვნულ ბანკს დაუწესა მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციაზე ფიქრი. თუმცა აგერ, ფინანსური კრიზისი აშკარად გვეუბნება, რომ ეს საკმარისი არ არის და ეროვნულმა ბანკმა საბანკო სისტემაზეც უნდა იზრუნოს, მაგრამ დღეს ის ინსტიტუციურად გახლეჩილია.

როდესაც ეროვნულმა ბანკმა თავისი ინსტრუმენტი შეცვალა და რეფინანსირების განაკვეთის რეგულირებაზე გადავიდა, ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავდა, რომ, ინფლაციის მოთოკვასთან ერთად, მას საპროცენტო განაკვეთების ზემოქმედება უნდა მოეხდინა; შესაბამისად იგი ამით ზემოქმედებას ახდენს კომერციულ ბანკებზე, მაგრამ კომერციული ბანკების არალიკვიდურობის გამო, მას უხდება ფიქრი იმაზე, თუ როგორ გაზარდოს კომერციული ბანკების შესაძლებლობები, კაპიტალიზაცია ისევ საპროცენტო განაკვეთების ზემოქმედებით და არა მარტო იზრუნოს ინფლაციაზე, არამედ იზრუნოს კომერციული ბანკების საქმიანობაზეც და ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სებ-მა მიიღო, ზაფხულში დაწესებული რეფინანსირების განაკვეთებია, რომელსაც ნელ-ნელა ამცირებს იმისათვის, რომ კომერციულმა ბანკებმა ამოისუნთქონ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ინფლაციური ქმედება. ანუ ინფლაციური ქმედებაა, როდესაც სებ-ი სესხს გამოუყოფს კომერციულ ბანკებს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს, ესეც ინფლაციური ქმედებაა, მაგრამ კანონი გეუბნება: ეროვნული ბანკის მთავარი ორიენტაცია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი უნდა იყოსო.

მართალია ეგზოგენური (გარე) ფაქტორების (ძირითადად ნავთობისა და პურის ფასების) ზემოქმედებამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ინფლაციური პროცესების შემცირებას, მაგრამ თუკი ეს გარდატეხა არ მოხდებოდა, მაშინ დღეს ჩვენ აღმოვჩნდებოდით საკმაოდ რთული საფრთხის წინაშე და ალბათ, რეფინანსირების განაკვეთების ასეთი ტემპით შემცირებაზე არ იქნებოდა საუბარი; შესაბამისად, ეროვნული ბანკის წინაშე ისევ დადგებოდა როგორც კომერციული ბანკების, ასევე ინფლაციის მართვის საკითხი.

ამდენად, კანონმა შექმნა მარწუხები, რომელმაც ვერ გაითვალისწინა შესაძლო გლობალური საფრთხეები და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული ბანკი ეკონომიკას მოქნილად უნდა მართავდეს და არ შეიძლება იგი კანონის ჩარჩოებში მოაქციო. ეს უნდა იყოს ყოველთვის დისკუსიის, განხილვის საგანი და ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს თავისი დამოუკიდებლობა იმისათვის, რომ ფინანსური სისტემა სტაბილური გახადოს.

მიხეილ თოქმაზიშვილი ყურადღებას კიდევ ერთი გარემოებაზე ამახვილებს. დღეს ოფიციალური მონაცემებით 5,5%-იანი ინფლაციაა. ერთი შეხედვით, მაღალი არაა, მაგრამ მოდით, ეს ინფლაცია ეკონომიკურად შევაფასოთ. აქამდე 10-12% იან ინფლაციას ვიყავით მიჩვეული და 10-12%-იანი ინფლაცია გვქონდა მაშინ, როცა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპები გვქონდა 9-10-12%. დღეს მშპ-ის ზრდის ტემპები არის 2-3% და 2-3%-თან მიმართებაში 5-6%-იანი ინფლაცია ძალიან მაღალია. ვთქვათ, 2000 წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს ეკონომიკის 2-3% იანი ზრდა ჰქონდა, ინფლაციის ტემპი 3-4% იყო. დღეს თუ ეკონომიკაში 2-3%-იანი ზრდა გვაქვს, ინფლაციის ტემპი არის 5-6%. ეს მაჩვენებლები შედარებით გაუარესდა, ვიდრე იყო მაგალითად 2001-2002 წლებში, როცა დაახლოებით 3%-იანი ზრდა იყო. მაშინ თუ ასეთი დაბალი ზრდის ტემპები იყო იმის გამო, რომ ეკონომიკაში არ ხდებოდა ქმედითი ღონისძიებები, დღეს ზრდის ტემპების დაცემა განპირობებულია ინვესტიციების არშემოდინებით. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებასაც, რომ იმპორტი 4-ჯერ აღემატება ექსპორტს, ეს სხვა არაფერია, თუ არა აქ შემოტანილი ფულის გაჟონვა საზღვარგარეთ. ეს უკვე მეორე საკმაოდ ძლიერი შოკია, რომელიც ეკონომიკას ურტყამს.

ბუნებრივია, ვრჩებით ერთი მნიშვნელოვანი გარემოების წინაშე: ეს ეტაპი როგორღაც უნდა გადავიტანოთ მოქნილი პოლიტიკით; ეს ეტაპი უნდა გადაილახოს მანამ, სანამ კომერციული ბანკები ფეხზე დადგებიან, სანამ ინვესტიციები ისევ დაიწყებს შემოდინებას, სანამ წარმოება ისევ დაიწყებს განვითარებას. თუ კომერციული ბანკები არ დადგნენ ფეხზე, ისინი წარმოებას კრედიტს ვერ მისცემენ, ხოლო არაფორმალური სექტორი (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, მთლიანად რეალური ეკონომიკა) ისე ვერ განვითარდება. ამ მხრივ ეროვნული ბანკისთვის მთავარ ორიენტაციას უნდა წარმოადგენდეს სწორედ იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების ფეხზე წამოყენებას, რომ საინვესტიციო გარემო განვითარდეს და არა ზრუნვა ინფლაციურ მოვლენებზე. რეალურად, ალბათ, დადგება საკითხი იმის შესახებ, რომ ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირებაზე, რათა როგორმე ხელი შეუწყოს ბანკების წინსვლას.

თოქმაზიშვილის განმარტებით, 2009 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში წერია, რომ რეფინანსირების პოლიტიკა იქნება მთავარი წამყვანი პოლიტიკა. თუ მანამდე წამყვანი პოლიტიკა იყო ფასიანი ქაღალდების გაყიდვა სებ-ის დეპოზიტების სახით, ახლა ის უკვე რეფინანსირებაზეა აქცენტირებული. ესეც უკვე პოლიტიკის ცვლილებაა.
გამოკვეთილია პოლიტიკის მიზანი და პოლიტიკის ინსტრუმენტი და თუ ვინმეს არ მოსწონს, ამაზე დისკუსია შეიძლება. მაგრამ თოქმაზიშვილს არ მიაჩნია, რომ რეალურად დღეს სხვა რამე შეიძლება იყოს გამოყენებული იმ მიზნების მისაღწევად, რაც არსებობს. მთელი რიგი აპრობირებული ინსტრუმენტები იყო გამოყენებული, მაგრამ რაც ყველაზე ეფექტურად მუშაობს დღეს, ეს არის უპირველეს ყოვლისა საპროცენტო განაკვეთზე ზემოქმედება და ეკონომიკისათვის ფართო ფულის მიწოდება. ეროვნულმა ბანკმა ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ ძირითადი ინსტრუმენტი იქნება საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედება და ძირითადი ინსტრუმენტი იქნება ფულის მიწოდება, რომლის მეშვეობითაც მოხდება ინფლაციის მოთოკვა. ეს არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტები. ერთი პერიოდი რეპო-ოპერაციები მუშაობდა, მერე ამოღებულ იქნა; კიდევ სხვადასხვა ინსტრუმენტმა იმუშავა, მაგრამ ეკონომიკაზე მათ ისეთი ძლიერი ეფექტი არა აქვთ, როგორც ამ ორ ძირითად ინსტრუმენტს. შესაბამისად სებ-ი სწორედ ამაზე იღებს აქცენტს. თუ შეიცვლება ვითარება, ეროვნული ბანკი შეცვლის თავის ინსტრუმენტებს.

თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს კანონით შეზღუდული ინფლაციურ მაჩვენებელში, ანუ ორგანული კანონი "ეროვნული ბანკის შესახებ" უნდა გადამუშავდეს. ის გარემოება, რომ დღეს ვერც ზედამხედველობის სააგენტო და ვერც სებ-ი ერთმანეთის გარეშე ვეღარ მუშაობენ, იმაზეც მეტყველებს, რომ აუცილებელი იყო სებ-ს ჰქონოდა თავისი ზედამხედველობა კომერციულ ბანკებზე. ეს უკვე ფაქტია, რომელიც ეროვნულ ბანკსა და ზედამხედველობას შორის დადებული მემორანდუმიდანაც ჩანს. მემორანდუმი სწორედ იმ ხვრელის ამოვსებას ცდილობს, რომელიც ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულმა კანონმა შექმნა ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში.

თუმცა, ეს არ არის ის, რითაც შეიძლება ამ ხვრელის ამოვსება, ვინაიდან საკითხავია, რამდენად ჯდება ეს მემორანდუმი კონსტიტუციის ჩარჩოებში. ამ მემორანდუმით ხდება სებ-ის ფუნქციებში შეჭრა ზედამხედველობიდან და პირიქით, სებ-ის შეჭრა ზედამხედველობის ფუნქციებში. თუ ეს საჭირო იყო, მაშინ არ უნდა დარღვეულიყო ეროვნული ბანკის მთლიანობა. დღეს ვლაპარაკობთ, რომ 2 დამოუკიდებელი სტრუქტურაა და ამ დროს ყველაზე კონფიდენციალური თუ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება კომიტეტის მიერ, რომელიც ჯერ არ ვიცით, რა არის, რაზეა დაშენებული, რამდენად უფლებამოსილია ყოველივე ეს გააკეთოს.
ფაქტობრივად, კომიტეტი ღებულობს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ შესაძლოა ეროვნული ბანკის საბჭო მხოლოდ ფაქტის წინაშე დადგეს და მასზე რეაგირება ვერ მოახდინოს.

ეროვნულ ბანკს ერთდროულად სამი მიმართულებით უხდებოდა და უხდება ფიქრი. ერთი არის ინფლაცია, მეორე - გაცვლითი კურსი, რომლის ზემოქმედებაც ძალიან ძლიერია კომერციული ბანკების საქმიანობაზეც და ინფლაციაზეც და მესამე - კომერციულ ბანკებში სტაბილურობა, რაც საინვესტიციო გარემოს განმსაზღვრელია. ეს 3 ფუნქცია დღეს ერთმანეთთან იმდენად ორგანულად არის დაკავშირებული, ამ გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში აშკარად ჩანს, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებისათვის მისი მიცემა არ იყო სწორი და რაციონალური გზა.

რა მოხდება მომავალში, დავუშვათ, თუკი ინფლაციის მაჩვენებელი 9%-ზე დაბლა ჩამოვა? რა, მაშინ ეროვნულმა ბანკმა უნდა იფიქროს მის გაზრდაზე, რადგან 9% წერია?! უკვე ხელი აქვს შეკრული ეროვნულ ბანკს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყნებში რყევები ძალიან მაღალია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, რომლებიც სტაბილურობით გამოირჩევიან, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ბოლო გლობალურ კრიზისს. ყოველი 7-8 წლის მერე გამოწვეული რისკების წინაშე ვდგავართ. ამიტომ კანონმა არ უნდა შეზღუდოს ეროვნული ბანკის საქმიანობა; ის უნდა იყოს მოქნილი და დამოკიდებული პროფესიონალებზე, რომლებიც ნამდვილად არიან ეროვნულ ბანკში.

პროგნოზი

მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ჩვენ მოკლე პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, რა შეიძლება მოხდეს და მოკლევადიან პერიოდზე გვაქვს აქცენტი აღებული. მაგრამ საშუალოვადიან და სტრატეგიულ პერიოდზე გათვლების გაკეთება საკმაოდ ძნელია. ერთ-ერთი პროგნოზით, გლობალური კრიზისი 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება; შესაბამისად, ბანკებს საზღვარგარეთიდან იაფი კრედიტების მოტანა გაუჭირდებათ და უკვე უჭირთ; შესაბამისად, ისინი დგებიან ვალის გადახდის წინაშე და მათ ესეც მძიმედ აწვება; შესაბამისად, საქართველოში დანაზოგები შემცირდება და ბანკები დამატებით რესურსებს ვერ მოიზიდავენ; შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი იქნება იმპორტის წილის ზრდა ექსპორტთან შედარებით, რაც კიდევ უფრო მეტად მოითხოვს ზეწოლას ლარზე და გაიჟონება მთელი რიგი სავალუტო რეზერვები.

2009 წელი იქნება ყველაზე რთული წელიწადი, რადგან ამ პერიოდში კიდევ უფრო დაიძაბება ბაზარი, განსაკუთრებით წლის 1-ლ ნახევარში; შესაბამისად, კომერციული ბანკების საკრედიტო მდგომარეობა მაინც და მაინც მნიშვნელოვნად ვერ გამოსწორდება, მაგრამ შეიქმნება სასტარტო პოზიცია იმისათვის, რომ მომავალში მათ ეკონომიკაში შუამავლის როლის შესრულება შეძლონ. მოსახლეობის გადახდისუნარიანი მოთხოვნის შემცირება შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ინფლაცია არ გაიზარდოს; ალბათ, გაძლიერდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რის შედეგადაც მოხდება კიდევ უფრო დიდი ზეწოლა სავალუტო ბაზარზე და შესაბამისად, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა თანდათანობით გაიზრდება.

ეროვნული ბანკის საქმიანობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება იმ თვალსაზრისით, რომ იგი გახდება ძირითადი ღერძი იმისა, საქართველოში იქნება თუ არა ფინანსური სტაბილურობა. ინვესტიციების შემოსვლა იმ რაოდენობით არ მოხდება, როგორც ეს 2007-2008 წლებში იყო; შესაბამისად ეკონომიკური აქტივობა შემცირდება; უმუშევრობა, მიუხედავად განხორციელებული დასაქმების პროგრამებისა, რეალურად გაიზრდება; ალბათ, გარკვეულწილად გაიზრდება სიღარიბის საზღვრებიც; შესაბამისად, ალბათ, ისევ წარიმართება მიგრაციული პროცესები საქართველოდან. რაც მთავარია, 2009 წლიდან ეს რეცესიული პროცესები არავითარ შემთხვევაში არ გადაიზრდება კრიზისულ ვითარებაში. 2009 წლის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით 2009 წლის ბოლოს უკვე დაიწყება აქტიური მოქმედებები და 2010 წლიდან ალბათ მოხდება გამოსვლა ამ წინასაკრიზისო მდგომარეობიდან.

ასე რომ, ეს ერთი წელი იქნება რეცესიის გაგრძელება და სასტარტო პოზიციების შექმნა, მომზადება შემდგომი აქტიურობისათვის.
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება და არავითარ კონფლიქტური მოვლენები არ იქნება. თუ ასეთი კონფლიქტური მოვლენები წარმოიშვა, მაშინ ის მყისიერად აისახება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე.

დალი ჩიკვაიძე