ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
საბანკო სისტემა
რომელ ბანკს ვანდოთ ჩვენი ფული?
#1(109), 2009
სად რა სახის ანაბრებია და რომელ ვალუტაში

ვისაც საკუთარი დანაზოგის ბანკში შენახვის სურვილი გაუჩნდება, ცხადია, პირველ რიგში იმას არკვევს, საამისოდ რომელი ბანკის მიერ შემოთავაზებული პირობებია პირადად მისთვის ყველაზე უფრო მეტად მისაღები. დაინტერესებულ ადამიანს ბანკის შერჩევაში შესაძლოა ეს წერილი დაეხმაროს. საქართველოში მოქმედი 20 კომერციული ბანკიდან, იანვრის თვეში ჩვენ გავეცანით, თუ რა სახის ანაბრების გახსნას გვთავაზობენ და რა პირობებით შემდეგი ბანკები: "ბაზისბანკი", "ვითიბი ბანკი", "თიბისი ბანკი", "ინვესტბანკი", "კორ სტანდარტ ბანკი", "პროკრედიტბანკი", ბანკი "რესპუბლიკა", "საქართველოს ბანკი", "სახალხო ბანკი" და "ბანკი ქართუ". კლიენტის მიბარებულ ფულს ზოგი ბანკი "ანაბარს" უწოდებს და ზოგიც "დეპოზიტს", ამიტომ ამ ორ სიტყვას სინონიმებად გამოვიყენებთ.

ჩვენს მიერ შერჩეული ბანკებიდან ყველაზე ფართო არჩევანს - რვა სახის ანაბარს გვთავაზობს "თიბისი ბანკი"; შვიდ-შვიდი სახის ანაბარია "ვითიბი ბანკში", ბანკ "რესპუბლიკაში", "საქართველოს ბანკსა" და "სახალხო ბანკში". მათი უმრავლესობა ანაბრებს ხსნის სამ ვალუტაში: ლარში, აშშ დოლარსა და ევროში. მეოთხე ვალუტაში - გირვანქა სტერლინგში ანაბარს ხსნის 3 ბანკი. "საქართველოს ბანკი" ყველა სახის ანაბარს ხსნის 4 სახის ვალუტაში, გამონაკლისია საინვესტიციო ანაბარი, რომელიც მხოლოდ აშშ დოლარში იხსნება. ბანკი "რესპუბლიკა" იქ არსებულ ყველა სახის ანაბარს ხსნის ლარშიც, დოლარშიც, ევროშიც და გირვანქა სტერლინგშიც. "ბაზისბანკში" 6-დან 5 სახის ანაბარი შეგიძლიათ გახსნათ 4 სახის ვალუტაში, საბავშვო კი 3 სახისაში (ლარში, დოლარში და ევროში). მარტო ლარსა და აშშ დოლარში ხსნიან ანაბრებს "ინვესტბანკში" სადაც, დანარჩენ 9 ბანკთან შედარებით, ანაბრების ყველაზე ნაკლები - ოთხი სახეობაა.

გთავაზობთ ანაბრების ჩამონათვალს ბანკების მიხედვით:

"ბაზისბანკში" არის: ვადიანი ანაბარი, ზრდადი ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, კონვერტირებადი ვადიანი ანაბარი, საბავშვო ანაბარი და სასარგებლო ანაბარი.

"ვითიბი ბანკი" გვთავაზობს: ზრდად ანაბარს, საბავშვო ანაბარს, მოთხოვნამდე ანაბარს, ვადიან ანაბარს, ეკონომიურ ანაბარს, ელიტურ ანაბარს და კომფორტულ ანაბარს.

"თიბისი ბანკის" ანაბრებია: ოქროს ანაბარი, შემნახველი ანაბარი, ანაბარი "ჩემი სეიფი", ვადიანი ანაბარი, საბავშვო ანაბარი, ზრდადი ანაბარი, "ვადიანი +" ანაბარი, მიმდინარე ანაბარი. 

"ინვესტბანკში" შეგიძლიათ გახსნათ: ვადიანი ანაბარი, მოთხოვნამდე ანაბარი, დაგროვებადი ანაბარი და საბავშვო ანაბარი.

"პროკრედიტბანკის" ანაბრებია: ვადიანი, მოქნილი, ზრდადი, საბავშვო, შემნახველი და "ჩემი ყულაბა".

ბანკი "რესპუბლიკა" გვთავაზობს: მოთხოვნამდე ანაბარს, ვადიან ანაბარს, პრივილეგირებულ ანაბარს, ზრდად ანაბარს, საბავშვო ანაბარს, მოქნილ ანაბარს და კონვერტირებად ანაბარს.

"საქართველოს ბანკის" ანაბრებია: ვადიანი ანაბარი; შემნახველი ანგარიში; საბავშვო, მოთხოვნამდე, შეგროვებადი, მწვანე, საინვესტიციო ანაბრები.

"სახალხო ბანკში" არის: ვადიანი ანაბარი, შევსებადი ვადიანი ანაბარი, მულტისავალუტო ვადიანი ანაბარი, გახარჯვადი ანაბარი, საბავშვო ანაბარი, პენსიონერის ანაბარი, "პოზიტივი". 

"კორ სტანდარტ ბანკი" გვთავაზობს: შემნახველ დეპოზიტს, ზრდად-დაგროვებად დეპოზიტს, უნივერსალურ დეპოზიტს, საბავშვო დეპოზიტს, ვადიან დეპოზიტს.

"ქართუ ბანკში" არის: ვადიანი ანაბარი, მოქნილი ანაბარი, ზრდადი ანაბარი, საბავშვო ანაბარი და მოთხოვნამდე ანაბარი.

შევნიშნავთ, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს ბანკები უპირატესობას ანიჭებენ ტერმინს "ანაბარი". ჩვენს მიერ შერჩეული 10 კომერციული ბანკიდან მხოლოდ "კორ სტანდარტ ბანკი" ხმარობს სიტყვა "დეპოზიტს".

ანაბარზე რიცხული საპროცენტო სარგებლის გატანის განსხვავებული წესები არსებობს და მისი არჩევა მეანაბრის სურვილზეა დამოკიდებული. საპროცენტო სარგებელი ყველაზე მაღალია, თუ მას ანაბრის ვადის ამოწურვის შემდეგ გაიტანთ. უფრო ნაკლებს მიიღებთ მისი წინასწარ გატანის, ან ყოველთვიურად თუ ყოველკვარტალურად გატანის შემთხვევაში. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ცხრილებში მითითებული საპროცენტო განაკვეთები ერიცხება ვადის ამოწურვის შემდეგ.

აქამდე თუ ნებისმიერი სახის დეპოზიტის საპროცენტო სარგებლიდან მეანაბრეს 10% ექვითებოდა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხებოდა, 2009 წლის 2 იანვრიდან ძალაში შევიდა ცვლილება საგადასახადო კოდექსში და მეანაბრე ნებისმიერი სახის დეპოზიტის საპროცენტო სარგებელს სრულად, ყოველგვარი დაქვითვის გარეშე მიიღებს.         

როგორც ვხედავთ, პოტენციურ მეანაბრეს არც თუ მარტივი არჩევანი აქვს გასაკეთებელი, თუ სად განათავსოს თავისი ფულადი სახსარი, მით უმეტეს, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა ბანკი სხვადასხვა სახელწოდების ანაბარში ერთსა და იმავე შინაარსს დებს. ბუნებრივია, დასახელებული ანაბრების მთელ სპექტრს აქ ვერ განვიხილავთ და გთავაზობთ მარტო 4 სახისას, რომელსაც თითქმის ყველა ბანკში შეხვდებით. ესენი გახლავთ: მოთხოვნამდე ანაბარი, ვადიანი ანაბარი, შეგროვებადი ანაბარი და საბავშვო ანაბარი.

მოთხოვნამდე ანაბარი იმითაა მოსახერხებელი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მასზე განთავსებული თანხის როგორც ნაწილობრივ თუ სრულად გატანა, ისე მასზე დამატებითი შენატანის გაკეთება. სამაგიეროდ, როგორც წესი, ამ ტიპის ანაბარზე შეტანილ თანხას ყველაზე ნაკლები სარგებელი ერიცხება. ამ ტიპის ანაბრებზე ანგარიშებს ჩვენს მიერ შერჩეული ათი ბანკიდან ხსნის ყველა, გარდა "სახალხო ბანკისა", რომელსაც ეს პროდუქტი არც გასულ წელს ჰქონდა.
 
ყველაზე მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს კლიენტებს ლარში ანაბრებზე 10%-ს სთავაზობენ "პროკრედიტბანკი"  და "საქართველოს ბანკი"; "საქართველოს ბანკი" ასევე ყველაზე მაღალ მოგებას 7%-ს სთავაზობს აშშ დოლარშიც, ევროშიც და გირვანქა სტერლინგშიც. იმასაც დავძენთ, რომ ამ ბანკში ჰქვია არა მოთხოვნამდე ანაბარი, არამედ შემნახველი ანგარიში, რომელიც, როგორც "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განგვიმარტა, თავისი არსით მოთხოვნამდე ანაბარია. მოთხოვნამდე ანაბრებზე ყველაზე დაბალი სარგებელია "თიბისი ბანკში": ლარში ანაბრებზე 3%-ია; ასევე 3%-ია აშშ დოლარში ოთხ ბანკში - "ბაზისბანკში", "თიბისი ბანკში", "ინვესტბანკში" და "კორ სტანდარტ ბანკში"; გირვანქა სტერლინგში კი - "ბაზისბანკსა" და ბანკ "რესპუბლიკაში".

ვადიანი ანაბარი იხსნება გარკვეული ვადით, რომლის გასვლამდეც დაუშვებელია შენატანზე თანხის დამატებაც და მოკლებაც. ამ ტიპის ანაბარი შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება.

ერთი წლით ვადიან ანაბრებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთია: ლარში ანაბრებზე - 15% "ვითიბი ბანკში", აშშ დოლარში ანაბრებზე - 12% ასევე "ვითიბი ბანკში"; ევროში ანაბრებზე - 11,75% "საქართველოს ბანკში" და გირვანქა სტერლინგში ანაბრებზეც - 11,75% "საქართველოს ბანკში". ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი კი ლარშიც - 9%, აშშ დოლარშიც - 9% და ევროშიც - 9% გახლავთ "ქართუ" ბანკში, გირვანქა სტერლინგში კი - 10% ბანკ "რესპუბლიკაში".

შეგროვებადი ანაბარი ვადიანი ანაბრის ნაირსახეობას წარმოადგენს. მასზეც გარკვეული ვადით შეგაქვთ რაღაც მოცულობის თანხა, ამასთან თვეში ერთხელ მაინც უნდა დაამატოთ ის მინიმალური თანხა, რასაც თავად ბანკი განსაზღვრავს. დასაშვებია, რომ ორი თვე გამოტოვოთ და ძირითად თანხას არაფერი დაამატოთ. ამ ტიპის ანაბარს ზოგი ბანკი შეგროვებად ანაბარს ეძახის, ზოგი ზრდად ანაბარს და ზოგიც დაგროვებად ანაბარს უწოდებს.

შევნიშნავთ, რომ "ქართუში" ანაბარზე თანხის შეტანის სიხშირეა მინიმუმ თვეში ერთხელ, ანუ არც ერთი თვის გამოტოვება არ შეიძლება. ასევე ცოტა განსხვავებულია "სახალხო ბანკის" მსგავსი ანაბარი: ჯერ ერთი, აქ ჰქვია არა შეგროვებადი ან ზრდადი, არამედ შევსებადი ვადიანი ანაბარი და ამასთან, ანაბარზე თანხის ყოველთვიური დამატება სავალდებულო არ არის.

ჩვენს მიერ შერჩეული ბანკებიდან "ვითიბი ბანკი" 3 სახის ვალუტაში გახსნილ შეგროვებად ანაბრებზე გვთავაზობს ყველაზე მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთებს: ლარში 14%-ს, აშშ დოლარში 11%-ს და ევროში 10,5%-ს. სტერლინგში მხოლოდ სამგან არის შესაძლებელი შეგროვებადი ანაბრის გახსნა და ამ ვალუტაში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი 10% არის "საქართველოს ბანკში", ყველაზე დაბალი კი - 7% "ბაზისბანკში". ლარში ანაბრებზე ყველაზე დაბალი სარგებელი - 7,5% არის "ქართუში", აშშ დოლარში - 7% "ქართუში", ევროში ასევე 7%-ია "ბაზისბანკსა" და "ქართუში", გირვანქა სტერლინგშიც - 7% "ბაზისბანკში".

საბავშვო ანაბარიც ვადიანი ანაბრის ერთ-ერთი სახეობაა, მას ბავშვის სახელზე ხსნის ზრდასრული პიროვნება გარკვეული ვადით, რომლის გასვლამდეც ხდება ძირითად თანხაზე თანდათან დამატება.

საბავშვო ანაბრებზე მეანაბრეებს ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ: ლარში გახსნილზე წლიური 17% - "ვითიბი ბანკში", აშშ დოლარში გახსნილზე 14% და ევროში გახსნილზე 12,5% - "ბაზისბანკში", ხოლო სტერლინგში გახსნილზე - 12,25% "საქართველოს ბანკში". საბავშვო ანაბრებზე ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი ლარში არის 9,5% - "ქართუ" ბანკში, აშშ დოლარში - 9% "ინვესტბანკსა" და "ქართუში", გირვანქა სტერლინგში - 9,5% ბანკ "რესპუბლიკაში".

წამახალისებელი აქციები

კლიენტთა მისაზიდად ბანკები ერთმანეთს "ეჯიბრებიან" როგორც ანაბრების ახალ-ახალი სახეობებისა და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების შეთავაზებაში, ისე ნაირნაირი ბონუსების ანუ საჩუქრების გადაცემასა და აქციებში. ბონუსებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია პლასტიკური ბარათები. არის აგრეთვე ისეთი დისტანციური მომსახურებები, როგორებიცაა: ინტერნეტ ბანკი, კომუნალური მომსახურების გადარიცხვები ბანკომატით და ავტომატური კომუნალური გადარიცხვები; ვადიანი ანაბრების მფლობელებს გარკვეული პირობებით სთავაზობენ ოვერდრაფტებს. ჩვენს მიერ შერჩეული ბანკებიდან "საქართველოს ბანკი" კლიენტებს ჯანმრთელობის დაზღვევის გარკვეულ პაკეტებსაც სთავაზობს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვადიან ანაბრებზე გარკვეული მოცულობის თანხებს განათავსებენ.

"თიბისი ბანკი" გვთავაზობს გავხსნათ ოქროს ანაბარი, რომლის დამატებითი საიმედოობა გარანტირებულია ბანკის მიერ შეძენილი ოქროთი. ანაბრის საპროცენტო სარგებელი მიბმულია ოქროს ფასზე. მაგალითად, თუ 1 წლის განმავლობაში ოქროს ფასი: ა) შემცირდა, ან გაიზარდა 0%-იდან 9%-მდე, მაშინ ანაბარს დაერიცხება გარანტირებული 9%; ბ) გაიზარდა 9%-იდან 16%-მდე (მაგალითად, 15%), მაშინ ანაბარს დაერიცხება ოქროს ფასის ზრდის ეკვივალენტური საპროცენტო განაკვეთი (ჩვენს მაგალითში - 15%); გ) გაიზარდა 16%-ზე მეტით, მაშინ ანაბარს დაერიცხება მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, წლიური 16%. ოქროს ანაბრის ვადიანობა არის 1 წელი. ანაბარზე თანხის დამატება ან შემცირება არ არის შესაძლებელი ვადის ბოლომდე. მინიმალური პირველადი შენატანი 500 აშშ დოლარს წარმოადგენს.
"თიბისი ბანკის" შარშანდელი აქცია "გახდი მილიონერი" დასრულდა და როგორც "თიბისიში" გვითხრეს, ბანკი წელს კვლავ შემოგვთავაზებს ანალოგიურ აქციას განახლებული პირობებით.

"საქართველოს ბანკის" პირობებით, ყველა პიროვნების სახელით, ვინც ამ ბანკში გახსნის ვადიან ან საბავშვო ანაბარს, ბანკი დარგავს ხეს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ტყის აღსადგენად. ახლად დარგული ხე დაინომრება და ყველა მეანაბრეს გადაეცემა მისი სახელით დარგული ხის ნომერი და შესაბამისი სერტიფიკატი.

"საქართველოს ბანკი" გვთავაზობს აგრეთვე საინვესტიციო ანაბარს. მისი გახსნის შემთხვევაში თქვენ დაგერიცხებათ გარანტირებული სარგებელი - წლიური 9%, ასევე დამატებითი სარგებელი, რომელიც სასაქონლო ბირჟაზე ნავთობის ფასის ცვლილებას უკავშირდება. აღნიშნული ანაბრის გახსნისას თქვენთვის წინასწარ იქნება ცნობილი ნავთობის დადგენილი ფასი. ამ ფასთან მიმართებით თქვენ გააკეთებთ არჩევანს ნავთობის ფასის კლებაზე ან მატებაზე. ნავთობის საწყისი ფასი და საბოლოო ფასის დადგენის თარიღი განისაზღვრება ხელშეკრულებით. თქვენი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში დამატებითი სარგებელი იქნება ნავთობის ფასის ცვლილების წლიური 30%. მაგალითად, თუ დამატებითი სარგებელი არის 6%, თქვენი სარგებელი იქნება 15% (9%+6%=15%). იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით წინასწარ შეთანხმებული გათვლა არ გამართლდა ან ნავთობის ფასი უცვლელი დარჩა, მაშინ თქვენ მიიღებთ გარანტირებულ სარგებელს წლიურ 9%-ს.

"სახალხო ბანკში" 2008 წლის 5 სექტემბრიდან დაიწყო და 2009 წლის ბოლომდე გაგრძელდება ანაბრების აქცია "პოზიტივი". "პოზიტივი" არის ვადიანი ანაბრის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მიუხედავად ანაბრის ვადისა, ნებისმიერ დროს გაიტანოთ თანხა ისე, რომ არ დაკარგოთ ამ პერიოდისთვის კუთვნილი საპროცენტო სარგებელი. მაგალითად, გახსენით ანაბარი 12 თვის ვადით ლარში და 7 თვის მერე მისი გატანა დაგჭირდათ; სტანდარტულ შემთხვევებში, თანხის ვადაზე ადრე გატანისას ანაბარს ერიცხება 3%, მაგრამ ამ შემთხვევაში დაგერიცხებათ 7-თვიანი ანაბრისთვის კუთვნილი 10,5%. ანგარიშზე მინიმალური შენატანია 100 ლარი/დოლარი/ევრო. ანაბრის ვადაა 2-24 თვე, ანაბარზე თანხის დამატება არ ხდება. ეს აქცია მეანაბრეს საშუალებას აძლევს მოიგოს თბილისში 5 ბინიდან ერთ-ერთი და 50 პრიზი. რაც უფრო დიდია მეანაბრის მიერ გახსნილი "პოზიტივის" ვადა და თანხა, მით მეტია მოგების შანსი. ყოველ გახსნილ 100 ლარზე გეძლევათ 1 ბილეთი, რომელიც მრავლდება გათამაშებამდე დარჩენილ ანაბრის ვადაზე. მაგალითად, თუ თქვენ 1 იანვარს გახსენით 500 ლარიანი ანაბარი 12 თვით, თქვენ გაქვთ 60 ბილეთი (5x12). გათამაშება შედგება სამ თვეში ერთხელ, პირდაპირ ეთერში, რომლის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ SMS-ით.

აქციაში "წლის პენსია" მონაწილეობის მიღება შეუძლია "სახალხო ბანკის" ნებისმიერ მეანაბრეს, ვინც იღებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ დანიშნულ პენსიას. აქციაში მხოლოდ ის მეანაბრეები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც მინიმუმ 10 ლარს განათავსებენ საპენსიო ანაბარზე. ანაბარზე თანხის ზრდასთან ერთად მოგების შანსიც იზრდება. ყოველ შეტანილ 10 ლარზე მეანაბრე მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს. გათამაშება გაიმართება 2009 წლის 25 აპრილს, სადაც 16 გამარჯვებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება. 16 გამარჯვებულს გადაეცემა წლის პენსია - 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით.
            
რომელ ვალუტაშია უფრო მომგებიანი ანაბრის გახსნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების (მიმდინარე ანგარიშების და ვადიანი დეპოზიტების) მოცულობამ 2009 წლის პირველი იანვრისათვის 3,2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 12,5 პროცენტით მეტია 2008 წლის დასაწყისისათვის არსებულ მაჩვენებელზე. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 30,1 პროცენტით, მაშინ, როცა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 21 პროცენტით შემცირდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი, 2008 წლის დასაწყისთან შედარებით, 10,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2009 წლის პირველი  იანვრისათვის 75,8 პროცენტი შეადგინა.

ეროვნული ბანკისავე ინფორმაციით, უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურა ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა ევროს სასარგებლოდ. კერძოდ, თუ 2008 წლის დასაწყისში უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების საერთო მოცულობაში აშშ დოლარის წილი 80,6 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 18,6 პროცენტს შეადგენდა, მიმდინარე წლის 1  იანვრისათვის აშშ დოლარის წილი 74,8 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო ევროს წილი 24,8 პროცენტამდე გაიზარდა.

თუ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდებოდა ნდობა როგორც ჩვენი საბანკო სექტორისადმი, ისე ლარისადმი, სამწუხაროდ, შარშან აგვისტოდან მოყოლებული ჩვენი ეროვნული ვალუტისადმი ნდობა შესუსტდა და ნოემბერში კი შეირყა სერიოზულად. არადა, შეგახსენებთ, ლართან მიმართებაში დოლარის კურსი ისე იყო შემცირებული, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ბევრმა მეანაბრემ დოლარში გახსნილი ანაბარი ლარში გადაიტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს დოლარი უცებ 18 პუნქტით გამყარდა, იგივე ადამიანებმა ანაბრები ისევ დოლარში დააბრუნეს და ფაქტობრივად, წლის განმავლობაში ორჯერ იზარალეს. ლარის გაცვლით სავალუტო კურსებთან დაკავშირებით სამომავლო პროგნოზების გაკეთება ამჟამად რთულია.

თუ ლარის გაცვლით სავალუტო კურსებს აშშ დოლარში, ევროში და გირვანქა სტერლინგში 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (შესაბამისად, 1,6670, 2,3648 და 2,4240) შევადარებთ ანალოგიურ კურსებს 2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით (იყო 1,5916, 2,3420 და 3,1786), დავინახავთ, რომ 2008 წლის დასაწყისში დეპოზიტების განსახორციელებლად საუკეთესო ვალუტა ყოფილა აშშ დოლარი (ლართან სავალუტო კურსის ზრდა +4,7%), შემდეგ ევრო (+1,4%) და ბოლოს, ოდესღაც სტაბილურობით გამორჩეული გირვანქა სტერლინგი ( 23,7%).

რომელი ვალუტაა საუკეთესო არჩევანი ერთწლიანი დეპოზიტების განსახორციელებლად ახლა, 2009 წლის დასაწყისში, ეს რომ განვსაზღვროთ, 2009 წლის სავალუტო კურსები უნდა "განვჭვრიტოთ", რაც, ცხადია, ისედაც ძალიან ძნელია და მით უფრო ახლა, გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში, შეუძლებელია. ამიტომ არითმეტიკული გაანგარიშებების გაკეთება ჩვენი მკითხველებისათვის პიროვნულად მიგვინდია.

დალი ჩიკვაიძე