ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
იურიდიული კონსულტაცია
ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობები
#1(109), 2009
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ: ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებზე, ხელშეკრულების დადების პირობებზე, მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლაზე, ვალდებულების არსებობის პრეზუმფციასა და მისი კეთილსინდისიერად შესრულების აუცილებლობაზე, კრედიტორისა და მოვალის მიერ ვადის გადაცილების შედეგებზე, ვალდებულების დარღვევაზე, ზიანის ანაზღაურების მოვალეობაზე და ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვინაიდან ვალდებულებითი სამართალი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ყველაზე ვრცელი ნაწილია, მასთან დაკავშირებულ დანარჩენ საკითხებზე ჟურნალის შემდგომ ნომრებშიც მოგვიწევს საუბარი. მკითხველებს მივაწვდით ბევრ საინტერესო ინფორმაციას, რომელშიც მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლის დროიდან (1997 წლის 25 ნოემბერი) დღემდე მასში შეტანილ ყველა ცვლილებას გავითვალისწინებთ.

ვალდებულებითი სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს ქონების გადაცემასთან, სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, ზიანის მიყენებასთან, უსაფუძვლო გამდიდრებასთან და სხვა ამგვარ მოქმედებებთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს. იგი შედგება ზოგადი და კერძო ნაწილისგან.
ზოგადი ნაწილი შეიცავს ნორმებს, რომლებიც თანაბრად გამოიყენებიან ყველა ვალდებულების მიმართ, კერძო ნაწილში კი თავმოყრილია ისეთი ნორმები, რომლებიც არეგულირებენ ცალკეულ ვალდებულებებს, მაგალითად, როგორიცაა: ნასყიდობისა, ქირავნობის, სესხის, ნარდობის და სხვა ხელშეკრულებები.

ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობაა. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღსანიშნავია, რომ შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ხელშეკრულების და ხასიათის გათვალისწინებით, მოვალე ვალდებულია შეასრულოს მეორე მხარის ანუ კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება.

ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის დაიდოს ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

კითხვა: კონკრეტულად, ვინ არიან ვალდებულების სუბიექტები?

პასუხი: ვალდებულების სუბიექტები არიან მასში მონაწილე პირები; ისინი იწოდებიან კრედიტორებად და მოვალეებად. კრედიტორი ვალდებულების ის მხარეა, რომელსაც განსაზღვრული მოქმედების შესრულების უფლება აქვს. მოვალე კი არის ის მხარე, რომელმაც უნდა შეასრულოს კრედიტორის მოთხოვნა.

ვალდებულების შესრულებით დაინტერესებული უნდა იყოს კრედიტორიც და მოვალეც. კანონის თანახმად, ვალდებულების შესრულებისას თითოეულმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარეს მისი ვალდებულების შესრულებაში. უფრო მეტიც, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარისათვის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

კითხვა: როგორ გავიგოთ ტერმინი "ვალდებულების ობიექტი" და რა ვალდებულებას აკისრებს მას კანონი?

პასუხი: ვალდებულების ობიექტს წარმოადგენს ის, რაზედაც მიმართულია კრედიტორის უფლება და მოვალის ვალდებულება. რამდენადაც კრედიტორის უფლება და მოვალის ვალდებულება მიმართულია მოქმედების შესრულებაზე ან მისი შესრულებისაგან თავის შეკავებაზე, ისინი შეიძლება გამოხატული იყოს ქონების გადაცემაში. მაგ: ნასყიდობის დროს სამუშაოს შესრულებაში და ამასთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაში.

კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულება ესაა კერძო პირთა შეთანხმება, რომლითაც მხარეებს წარმოეშობათ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. მათ მიეკუთვნება როგორც ყოველდღიური წვრილმანი ხელშეკრულებები, ისე რთულ და დიდ ფინანსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები. ვალდებულების საფუძველი არის გარიგება, სწორედ მის ყველაზე გავრცელებულ სახეს წარმოადგენს ხელშეკრულება. ხელშეკრულების გარდა, ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები ზოგჯერ კანონითაა გათვალისწინებული და მათ კანონისმიერი ვალდებულებები ეწოდება.

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მეწარმეებს გარიგების დასადებად ბევრ ქვეყანაში უხდებათ მოგზაურობა, მაგრამ სანამ ხელშეკრულება დაიდება, ხშირად მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება არის აუცილებელი. კერძოდ, ბაზრის შესწავლა, პარტნიორების გაცნობა, ბიზნეს-გეგმების დამუშავება, მოლაპარაკებები, კონსულტაციები და სხვა. ყოველივე ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც მხარეები თვითონ კისრულობენ. ვინაიდან იყო შემთხვევები, როცა ყველაფერი მომზადდა, მაგრამ ერთი მხარის ბრალით ხელშეკრულება არ დაიდო და რეალურად მეორე მხარეს მოუწია ხარჯების გაწევა, სასამართლო პრაქტიკამ ჩამოაყალიბა ნორმა, რომლის თანახმადაც მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მოსთხოვოს მეორე მონაწილეს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მან ხელშეკრულების დასადებად გასწია, მაგრამ არ დაიდო მეორე მხარის ბრალეული მოქმედებით. მოქმედმა სამოქალაქო კოდექსმა არაკეთილსინდისიერ მონაწილეს ხარჯების ანაზღაურების მოვალეობა დააკისრა.

ხელშეკრულების ძალით, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების თავისუფლება საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. თავისუფლების პრინციპი ორი ნაწილისგან შედგება: ერთი მხრივ, იგი მოიცავს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. მხარეებს ასევე შეუძლიათ, შეწყვიტონ ხელშეკრულება.

კითხვა: აქვთ თუ არა უფლება კერძო სამართლის სუბიექტებს დადონ ისეთი ხელშკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული?

პასუხი: დიახ, მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება. აქვე გასათვალისწინებელი, რომ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ან რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონით.
ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) შეთავაზებულად ითვლება, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება.

იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე ოფერტს უარყოფს, ხოლო საქონელი უკვე გაგზავნილია, იგი ვალდებულია ზიანის თავიდან ასაცილებლად ოფერენტის ხარჯზე დროებით შეინახოს საქონელი ისე, რომ ამით ზიანი არ მიადგეს მას.

კითხვა: რომელ გამონათქვამს უნდა მიენიჭოს უპირატესობა ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხავი გამონათქვამების დროს?

პასუხი: მოქმედი კანონის თანახმად, ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხავი ან მნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა ენიჭება იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესიტყვება ხელშეკრულების შინაარსს.

ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მთელი თავისი მომავალი ქონება ან ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ან უზუფრუქტით დატვირთოს იგი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე. ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, მთელი თავისი ამჟამინდელი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ან უზუფრუქტით დატვირთოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია ამჟამინდელი ქონების ცალკეულ ნივთებზე (08.12.2006 წ. #3879, ძალაშია 2007 წლის 15 მარტიდან).

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ბათილი სამკვიდრო ქონების შესახებ დადებული ხელშეკრულება?

პასუხი: ბათილია პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროს თაობაზე სხვა პირების მიერ დადებული ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ იგივე წესი გამოიყენება პირის სიცოცხლეში მისი სამკვიდროდან გამომდინარე სავალდებულო წილის ან საანდერძო დანაკისრის შესახებ ხელშეკრულების მიმართ.

ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, აუცილებლად უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით და მოხდეს შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება ორი ან მეტი პირის შეთანხმებაა, რომლითაც ისინი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავენ მიზნად და ამისათვის მზად არიან დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი, ე.ი ორმხრივად შეიბოჭონ თავი. სახელშეკრულებო შებოჭვა გულისხმობს იმას, რომ ხელშეკრულების მხარეს ცალმხრივად, თავისუფლად არ შეუძლია ნაკისრი ვალდებულების უარყოფა, რადგან მეორე მხარეს შეუძლია იძულებით მოითხოვოს ნაკისრის შესრულება.

იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ იღებს სარგებელს საგნის სათანადო გამოყენების დარღვევის გამო, თუმცა მას სარგებლის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, იგი ვალდებულია კრედიტორს აუნაზღაუროს სარგებლის მიუღებლობით გამოწვეული ზიანი.

ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ მოვალეს შეეძლო გაქვითვის გზით შეესრულებინა ვალდებულება და გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადებს ვალდებულების გაქვითვის შესახებ. მაგრამ თუ ხელშეკრულება დადებულია იმ პირობით, რომ მოვალემ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უნდა დაკარგოს თავისი უფლებები, თუ იგი თავის ვალდებულებას არ შეასრულებს, ასეთ შემთხვევაში კრედიტორს ამ ფაქტის დადგომისას შეუძლია გავიდეს ხელშეკრულებიდან.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის ყოველგვარი შეთანხმება არ წარმოადგენს ხელშეკრულებას. ასეთებია: ე.წ. ჯენტლმენური და მეგობრული შეთანხმება. ჯენტლმენურია შეთანხმება, როცა მხარეები თანხმდებიან განსაზღვრული მოქმედების შესრულებაზე, მაგრამ მას სამართლებრივად სავალდებულო ხასიათს არ ანიჭებენ. მეგობრულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ასრულებენ განსაზღვრულ მოქმედებებს არა სამართლებრივი შებოჭვის გზით, არამედ მეგობრობის, კოლეგიურობის, მეზობლობის, ურთიერთპატივისცემის გრძნობიდან გამომდინარე.

ხელშეკრულების დადების დროს მხარეები თვითონ უნდა შეთანხმდნენ, თუ რა პირობები ჩაითვლება არსებითად.

კითხვა: მაინც რა პირობები ჩაითვლება არსებითად ხელშეკრულების დადების დროს?

პასუხი: ხელშეკრულების დადების დროს არსებით პირობებად შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების საგანი, ხელშეკრულების სახე, ხელშეკრულების მხარეები, მათ მიერ განსახორციელებელი შესრულება და სხვა. ხელშეკრულების არსებითი პირობები განისაზღვრება ოფერტში (ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებაში). ამ შემთხვევაში აუცილებელია ორივე მხარის ნების გამოვლინება ერთმანეთს ემთხვეოდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება ბათილი იქნება.

სახელშეკრულებო მოლაპარაკების მიმდინარეობისა და მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის დასაფიქსირებლად კანონით გათვალისწინებულია ე.წ. განზრახულობათა ოქმის შედგენა, რომელშიც ხდება უკვე გარკვეული ან გასარკვევი საკითხების აღნიშვნა და მომავალში სამოქმედო გეგმის დასახვა. განზრახულობათა ოქმი გამოხატავს მოლაპარაკების მონაწილეთა ცალმხრივად გამოთქმულ მზადყოფნას, რომ გარკვეული წინაპირობების არსებობისას დადებენ ხელშეკრულებას და ამასთანავე არ კისრულობენ ხელშეკრულების დადების სამართლებრივ ვალდებულებას.

კითხვა: რა არის ოფცია და რით განსხვავდება იგი წინარე ხელშეკრულებისაგან?

პასუხი: წინარე ხელშეკრულების დროს წარმოიშობა მომავალი - ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. წინარე ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია და მხარეებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ იგი. ოფცია კი არის უფლებამოსილი პირის შესაძლებლობა ცალმხრივი ნების გამოვლენის მეშვეობით დადონ ხელშეკრულება ან გააგრძელონ არსებული ხელშეკრულების მოქმედება. ოფცია არის უფლება და არა ვალდებულება.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

კითხვა: კონკრეტულად, მაინც რომელი ხელშეკრულების პირობები არ მიიჩნევა სტანდარტულად, ხელშეკრულების დადების დროს რომელს ენიჭება უპირატესობა და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მსგავსი ხელშეკრულების პირობები ბათილი იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას?

პასუხი: თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, იგი არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. კანონის თანახმად, სტანდარტულ პირობებთან შედარებით, უპირატესობა ენიჭება უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს. აქვე გაცნობებთ, რომ თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.

რაც შეეხება შეკითხვას ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად დებულებები, რომლითაც შემთავაზებელი აწესებს: შეთავაზებული წინადადების მიღების ან უარყოფის ან ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს; მისივე ვალდებულებათა შესასრულებლად კანონით დადგენილი ნორმებისგან განსხვავებულ, შეუსაბამოდ ხანგრძლივ ან არასაკმარისად განსაზღვრულ ვადებს; რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს გაუმართლებლად და ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლის გარეშე უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე; შეცვალოს შეპირებული სამუშაო ან გადაუხვიოს მას, თუ ამის შესახებ შეთანხმება მიუღებელია ხელშეკრულების მეორე მხარისათვის; ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება.

მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი შესრულება, რაც საზოგადოდ შეიძლება იყოს ნებისმიერი ხელშეკრულების საგანი. ეს ის შემთხვევაა, როცა მხარეები დებენ ხელშეკრულებას, მაგრამ მისი სიკეთით, სარგებლით, შესრულებით სხვა პირი სარგებლობს, ე.ი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი დგება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ხელშეკრულების მონაწილე.
გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია ნებისმიერი სახის ხელშეკრულებიდან გასვლა. ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება, არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ. სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან ნაწილობრივ გასვლის უფლებას, რადგან მისი ნაწილი კვლავ ძალაში დარჩება და მხარეები ვალდებულნი იქნებიან შეასრულონ დავალება.

ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და მოტივები შეიძლება განისაზღვროს როგორც კანონით, ისე ხელშეკრულებით. ხელშეკრულებიდან გასვლას შედეგად მოჰყვება ის, რომ მხარეებს აღუდგებათ ის მდგომარეობა, რაც არსებობდა ხელშეკრულების დადებამდე. ამ მიზნის მიღწევას კანონი ორი საშუალებით ცდილობს: ნატურით დაბრუნებით და ფულადი ანაზღაურებით. ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა ერთდროულად უნდა შეასრულონ. ე.ი. მათ ერთმანეთს ფიზიკურად უნდა გადასცენ ის, რაც მიიღეს. ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. დაუშვებელია ხელშეკრულებიდან გასვლა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თუ მოვალეს შეეძლო გაქვითვის გზით შეესრულებინა ვალდებულება და გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ განაცხადებს ვალდებულების გაქვითვის შესახებ.
ყოველი ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
   
კითხვა: როგორ განისაზღვრება კანონის მიხედვით ვალდებულების შესრულების ადგილები, თუ იგი წინასწარ არ იყო განსაზღვრული?

პასუხი: თუ ვალდებულების შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, საგნის მიწოდება შემდეგნაირად უნდა მოხდეს: ინდივიდუალურად განსაზღვრული საგნის შემთხვევაში - იმ ადგილას, სადაც იგი ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის იმყოფებოდა; გვარეობით განსაზღვრული საგნის შემთხვევაში კი იმ ადგილას, სადაც იმყოფებოდა მოვალის საწარმო, ხოლო თუ ასეთი არ არის, - მისი საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

მოვალეს უფლება აქვს ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუ კრედიტორი პატივსადები მიზეზით უარს არ იტყვის შესრულების მიღებაზე.
თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალემ იგი დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. თუ დრო განსაზღვრულია, მაშინ ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.

თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, - ვალდებულება შესასრულებელია იმ დღიდან, როდესაც ეს პირობა დადგა.
მოვალეს უფლება აქვს ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ, თუ კრედიტორი ამაზე თანახმაა. ამასთან კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა. თუ ხელშეკრულების საგანი ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთია, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულების მქონე.

მოქმედი კანონის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში, თუმცა მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული.

აღსანიშნავია, რომ ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს გამოთხოვილი.
მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსილი ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ - ძირითადი ვალდებულება (ვალი) და ბოლოს - პროცენტები.

კითხვა: როგორ გადაწყდება ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას?

პასუხი: თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ჩაითვლება თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ კანონის თანახმად, ვადის გადაცილებად ჩაითვლება აგრეთვე ის გარემოება, როცა ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ეს თუ ის მოქმედება, მაგრამ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.

კითხვა: ვალდებულია თუ არა კრედიტორი აანაზღაუროს ვადის გადაცილების გამო მიყენებული ზიანი?

პასუხი: დიახ, კანონი ითვალისწინებს ასეთ ვალდებულებას; კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მოვალეს მიადგა შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო.

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მოვალე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუ შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას, მისი ბრალის მიუხედავად, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები; მას ეკისრება ასევე ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან განადგურების რისკი და აღარ აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება.

ახლა განვმარტავთ, როგორ არეგულირებს კანონი ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მოქმედი კანონის თანახმად, ვალდებულება მაშინ ირღვევა, როცა იგი არაჯეროვნად ან საერთოდ არ სრულდება. ეს გამოიხატება იმაში, როცა მოვალე არ ასრულებს ვალდებულების შესასრულებლად საჭირო მოქმედებას, რის გამოც კრედიტორი იმას არ იღებს, რაც უნდა მიეღო. მაგალითად, გამყიდველმა არ გადასცა მყიდველს გაყიდული ნივთი და ა.შ. რაც შეეხება არაჯეროვან შესრულებას, ამ შემთხვევაში მართალია ვალდებულება სრულდება, მაგრამ კრედიტორისათვის უფრო ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში. მაგალითად, გამყიდველმა მყიდველს გადასცა უფრო ნაკლები ხარისხის საქონელი, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარებს.

კითხვა: შეიძლება თუ არა მხარეთა წინასწარი შეთანხმება მოვალის განზრახი მოქმედებით ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან მისი გათავისუფლების შესახებ?

პასუხი: არა, არ შეიძლება. ეს მკაცრად არის განსაზღვრული კანონით და დაუშვებელია.
   
მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის ან იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. მაგალითად, თუ რწმუნებულმა არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა დავალებული მოქმედებები, რამაც გამოიწვია ზიანი, პასუხისმგებლობა მოვალეს დაეკისრება. მოვალე პასუხისმგებელია მაშინაც, როცა შესრულების საგანი უნდა მიეღო სხვა პირისაგან, მაგრამ ვერ მიიღო. მაგალითად, ვთქვათ, პირმა დადო ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ ქირავნობის საგანი მას უნდა მიეღო სხვა პირთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და გამყიდველმა დაარღვია ხელშეკრულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ გადასცა ეს ნივთი. ამგვარად, მის გამო გამქირავებელმა ვერ შეასრულა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობა, მაგრამ დამქირავებლის წინაშე პასუხისმგებლობა, კანონის თანახმად, მაინც მას მოუწევს.

კანონი უფლებას აძლევს მხარეებს მოითხოვონ დადებული ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი. ეს დასაშვებია მაშინ, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვლება და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ.

მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. მაგრამ თუ ეს შეუძლებელია ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლებიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად.

კითხვა: კონკრეტულად რა გარემოება შეიძლება მსგავს შემთხვევაში ჩაითვალოს პატივსადებ საფუძვლად?

პასუხი: პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე.

მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება ორი გარემოება: 1. თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; 2. შესრულების ვადის დადგენიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

შესრულების მიღება კრედიტორის უფლებაა და არა ვალდებულება. მოვალის მიერ ვადის გადაცილება კრედიტორს ხდის უფლებამოსილს და არა ვალდებულს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

კითხვა: რას ითვალისწინებს კანონი ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას და ხომ არ არის შეტანილი რაიმე ცვლილება იმ მუხლში, რომელიც აღნიშნულ საკითხს არეგულირებს?

პასუხი: ამ საინტერესო საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი, რომელშიც ცვლილება შეტანილია 2007 წლის 29 ივნისის #5127 კანონით. დღეისათვის ეს მუხლი ჩამოყალიბებულია შემდეგი რედაქციით: "მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადაადგილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია". იქვე მითითებულია, რომ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დრო აფრთხილებს ადამიანის მაგივრად და აღარაა საჭირო კრედიტორის მიერ მოვალის გაფრთხილება. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს განსაზღვრული ვადით დადებული გარიგებანი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელიტიური ბუნების.

კითხვა: გთხოვთ დეტალურად (მაგალითების მოყვანით) განგვიმარტოთ, რა იგულისხმება აბსოლუტური და რელიტიური ვადის გარიგებებში?

პასუხი: აბსოლუტური ვადა მაშინ არის, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს. მაგალითად, შეთანხმებულია მოგზაურობა განსაზღვრულ დროს, გამოძახებულია ტაქსი განსაზღვრულ მატარებელთან მისასვლელად, შეკვეთილია ტორტი დაბადების დღისთვის და სხვა. ყველა მითითებულ შემთხვევაში თუ მოხდა ვადის გადაცილება, ვალდებულება აზრს კარგავს და შეუძლებელია მათი შესრულება.

რელიტიური ვადების შემთხვევაში ვადის გადაცილება აზრს არ უკარგავს ვალდებულების შემდგომ შესრულებას, მხოლოდ ართულებს მას. მოკლედ, შესრულება გამოსწორებადია. მაგალითად, შპს "კოკა-კოლა" ვალდებული იყო მიეწოდებინა რესტორან "მეტეხისთვის" 2008 წლის ბოლომდე 1000 ბოთლი კოკა-კოლა. ვადის გადაცილება დაიწყება 2009 წლის 1 იანვრიდან, მოვალის გაფრთხილების გარეშე.


ვადის გადაცილებას ადგილი აქვს აგრეთვე, როცა შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას. გაფრთხილება ეს არის კრედიტორის ცალმხრივი მოთხოვნა მოვალის მიმართ. გაფრთხილების გავრცელებულ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შემთხვევა, როცა კავშირგაბმულობის ორგანიზაცია აბონენტს ზეპირად (ტელეფონით) ან ცალმხრივი გამორთვით ატყობინებს, რომ უკვე დამდგარია აღნიშნული მომსახურებისათვის დადგენილი თანხის გადახდის ვადა. მსგავსი ხასიათის გაფრთხილების შემდეგ მოვალემ ვალდებულება დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

მოვალე, ვადის გადაცილების დროს, პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის, მათ შორის შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც.

ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს კანონის თანახმად შემდეგნაირად არის გადაწყვეტილი: "თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, მაგრამ თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა - დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება". როცა ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის ინტერესი დაკარგა.

კითხვა: შეუძლია თუ არა კრედიტორს შესრულების ვადის დადგომამდე უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ აშკარაა, რომ დადგება ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძვლები?

პასუხი: დიახ, მსგავს შემთხვევაში კრედიტორს კანონის თანახმად მინიჭებული აქვს ასეთი უფლებამოსილება.

ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით, მაგრამ ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
სამოქალაქო ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმაა. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დადგენილია სამოქალაქო პასუხისმგებლობა სანქციების სახით, მაგრამ ყოველგვარი სანქცია სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას მხოლოდ ის სანქციები წარმოადგენენ, რომლებიც ითვალისწინებენ ვალდებულების დამრღვევი პირისათვის დამატებითი მოქმედების შესრულების დაკისრებას. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.

იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა აუცილებელი ხდება პროფესიული გადამზადება. სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.

კითხვა: როგორ გადაწყდება ზიანის ანაზღაურების საკითხი იმ შემთხვევაში, როცა მის წარმოშობაში დაზარალებულიც არის დამნაშავე?

პასუხი: თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედებაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

კითხვა: შეუძლია თუ არა სასამართლოს შეამციროს პირგასამტეხლო?

პასუხი: სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. ბე ჩაითვლება ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახადის ანგარიშში, ხოლო თუ არ ჩაითვლება, - ხელშეკრულების შესრულების შემდეგ იგი უკან უნდა დაბრუნდეს.

კითხვა: მსურდა ბინის შეძენა, მაგრამ ვინაიდან მთელი თანხა არ მქონდა, მის გამყიდველს ბეს სახით გადავუხადე 2000 აშშ დოლარი. სხვა აუცილებელი საჭიროება გამომიჩნდა, რის გამოც ბინის შესაძენად საჭირო თანხა დღემდე ვერ შევაგროვე, გასაყიდი ბინის მესაკუთრეს ვთხოვე უკან დაებრუნებინა ჩემთვის ბეს სახით მიცემული თანხა, რაზედაც უარი მითხრა, ჩვენს მიერ დათქმული ვადა 2 თვის წინ ამოიწურაო. უკიდურესად მიჭირს და არ ვიცი, რა გზას დავადგე, სანამ სასამართლოს მივმართავდე, თქვენი შეწუხება გადავწყვიტე. იქნებ ამიხსნათ, როგორ არის მსგავსი საკითხი გადაწყვეტილი მოქმედი კანონის შესაბამისად?

პასუხი: სამწუხაროდ, პასუხით ვერ გაგახარებთ, რადგან კანონის თანახმად, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს, ხოლო თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად.

ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, მაგრამ კანონით გათვალისწინებულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა მაშინაც, როცა კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას (28.12.2002 #1902). თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მოვალეს, შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, მაგრამ თუ კრედიტორს არ შეუძლია ამ საბუთის დაბრუნება, მოვალეს უფლება აქვს მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში ჩაითვლება კრედიტორი ვადის გადამცილებლად?

პასუხი: კრედიტორი ვადის გადამცილებლად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გადაცემაზე, საცალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ასევე შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია. ამ შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას მის შესრულებაზე.

ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულია აგრეთვე: ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, დეპონირებით, ვალის პატიებით და ზოგიერთი სხვა საფუძვლით ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობა; განმარტებულია სოლიდარული კრედიტორებისა და მოვალეების უფლებამოსილებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ ერთ სტატიაში ძნელია თითოეულ მათგანზე შეჩერება. ამიტომ თუ დაინტერესებულ მკითხველს მათ ირგვლივ რაიმე კონკრეტული შეკითხვა დაებადება, გთხოვთ მოგვწეროთ, დაგვირეკოთ, შეკითხვა გამოგვიგზავნოთ და თქვენი სურვილის გათვალისწინებით, ზეპირად გიპასუხებთ ან ჩვენს მომდევნო წერილში (რომელსაც უკვე ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხების განმარტებას მივუძღვნით) გაგცემთ პასუხს.
   
ირინე ღლონტი