ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
სტუმარი
ინტერვიუ სს "ინტერპლასტის" მთავარ ბუღალტერთან მზია ქოქუაშვილთან
#1(109), 2009
2008 წლის ბოლო იღბლიანი აღმოჩნდა ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი აქტიური მკითხველისათვის, ქალბატონ მზია ქოქუაშვილისათვის, რომელმაც "მაგთიკომის" წამახალისებელ ყოველკვირეულ გათამაშებაში ახალთახალი "მერსედესი" მოიგო. ჩვენი რუბრიკის ამჟამინდელი სტუმარი სწორედ ქალბატონი მზიაა, პროფესიონალი ბუღალტერი მუშაობის 20-წლიანი სტაჟით.

- ქალბატონო მზია, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ "მერსედესის" მოგებას. სხვა დროსაც თუ მოგიგიათ რაიმე და თქვენი რეაქცია როგორი იყო?

- არასოდეს არაფერი მომიგია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაღაცა მოვიგე. სულ 2 3 ჯერ დავრეკე და მოვიგე. რეაქცია სასწაულის შესაფერისი იყო – მთელი ოჯახი ვკიოდით. მანქანაც ორიოდე დღეში გამოვიტანეთ. ამ გათამაშებაში ჩაწყობა ნამდვილად არ ხდება. საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით.

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ ბუღალტრული საქმიანობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია გაქვთ. მოკლედ გვიამბეთ თქვენი კარიერის შესახებ.

- მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე, სპეციალობით "მშენებლობის ეკონომიკა, ორგანიზაცია, დაგეგმვა". ჩემი პირველი სამსახური იყო ბოტანიკის ინსტიტუტში, მერე იმავე ინსტიტუტში ვიყავი ეკონომისტი, შემდეგ აკადემიის სისტემაში კიბერნეტიკის ინსტიტუტში ვმუშაობდი, გავხდი მთავარი ბუღალტერი ანუ გადავედი ბუღალტრულ საქმეზე. ამის შემდეგ კი უკვე ძალიან ბევრ საწარმოში მაქვს ნამუშევარი მთავარ ბუღალტრად, მათ შორის ისეთ დიდ საწარმოებში, როგორიცაა "საქართველოს ფოსტა" და სს "ლომისი".

- სანამ სს "ინტერპლასტის" მთავარი ბუღალტერი გახდებოდით, მანამდე თქვენ სს "ლომისის" (ლუდსახარშ "ნატახტარის") მთავარი ბუღალტერი იყავით. რატომ შეიცვალეთ სამსახური?

- "ლომისში" მუშაობა ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. დღესაც გული მწყდება "ლომისიდან" წამოსვლაზე. ქარხანაც და მეც ერთმანეთს კარგად მოვერგეთ. მაგრამ წამოვედი, რადგან ჩავთვალე, რომ უფრო დიდ ქარხანაში წავედი სამუშაოდ. "ინტერპლასტი" გაცილებით დიდი ქარხანაა, ვიდრე "ლომისი".

ისეთი ბუნება მაქვს, რომ სადაც ჩემს შესაძლებლობებს ამოვწურავ, უკვე აღარ მაინტერესებს ის სამსახური. მერე მივდივარ ახალ სამსახურში. იქ, სადაც ახლა ვმუშაობ, გაცილებით დიდი მასშტაბებია. თითქმის ყველანაირ სამშენებლო მასალას აწარმოებს, წლიური ბრუნვაც დიდი აქვს. დაახლოებით ხუთჯერ მეტი მოცულობის წარმოებაა, ვიდრე "ლომისში". ეგ იყო ჩემი წასვლის მიზანი. ჯერ კიდევ "ლომისში" ვმუშაობდი, როდესაც "ინტერპლასტში" გადასვლა მსურდა.

- როგორც ჩვენი შეხვედრის დროზე შეთანხმებისას გავარკვიე, აღმოჩნდა, რომ შაბათ-კვირასაც მუშაობთ. გამოდის, თავისუფალი დრო ბუღალტრისთვის სანატრელია?

- მიმაჩნია, რომ თუ ადამიანი შეეჭიდება რაიმე სერიოზულს, თავისუფალი დრო მეორეხარისხოვანი ხდება. ჩემს შემთხვევაში სამსახური ყველაფერზე წინ დგას. დღე და ღამე არ არსებობს ჩემთვის. ჩემთვის მთავარია პასუხისმგებლობა. თუკი საქმეს შევეჭიდე, უნდა მქონდეს 100%-ით გამართული. უკვე აღარ ვუყურებ ჩემს დატვირთვას: ღამით ვმუშაობ თუ დღისით. მქონია შემთხვევა, ღამე გამითენებია და მეორე დღესაც მიმუშავია... მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ სხვანაირად დიდი საწარმოების ბუღალტერია ვერ აეწყობა. თვითონ თუ არ ჩავიხედე ნებისმიერ საქმეში, მხოლოდ სხვის იმედზე ვერ ვიქნები. მთავარი ბუღალტრისთვის არ არსებობს ისეთი მუშაობა, როცა დილით ცხრა საათზე დაიწყებ და დაასრულებ საღამოს ექვსზე. 3 წელი ვმუშაობდი "ლომისში", "ნატახტარის" ქარხანაში და მე ასე არ მიმუშავია. არც მანამდე, არცერთ სამსახურში მკაცრად შემოსაზღვრული გრაფიკით არ მიმუშავია.

- ასეთ რეჟიმში ოჯახისთვისაც თუ გრჩებათ დრო?

- სულ მონატრება აქვს ოჯახს, სულ მსაყვედურობენ, მალე მოდი სახლშიო. ბავშვები ხშირად მეუბნებიან, გეხვეწები დედა, ადრე წამოდიო, ხან მეუღლე... მაგრამ, საქმე არ მაძლევს საშუალებას, რომ თავის დროზე წავიდე სამსახურიდან.

- ესე იგი, წარმატებულმა მთავარმა ბუღალტერმა თავისუფალი დრო საერთოდ უნდა დაივიწყოს?

- მე ასე მგონია. ეს ჩემი აზრია...

- როგორც ვიცი, თავის დროზე "საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან" ურთიერთობდით და მათი ნამდვილი წევრი იყავით. რამდენად ეფექტური იყო თქვენთვის ბაფ-ის კურსების გავლა და თუ ხართ კვლავ ამ ორგანიზაციის წევრი?

- თავიდან ძალიან ბევრი რამე მოგვცა ბაფ-ის კურსებმა. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები როცა ახალი შემოსული იყო, პრაქტიკულად, სწორედ ბაფ-ის საშუალებით გავეცანით, რა იყო ბასს-ები და როგორ უნდა გამოგვეყენებინა. მაგრამ დღევანდელ დღეს ამ ორგანიზაციასთან ნაკლები შეხება მაქვს,  ვერ ვასწრებ იქ სიარულს და მათთან ურთიერთობას. ამჟამად ბაფ-ში ვირიცხები თუ არა, არც ვიცი ზუსტად. ვიცი, რომ აგრძელებენ ახალგაზრდების სწავლებას, მაგრამ, ჩემი აზრით, ბაფ-ს ცოტა სხვანაირად უნდა წარემართა საქმიანობა. მიმაჩნია, რომ მან კომერციული საქმიანობისკენ აიღო ორიენტაცია.

- დღეს ბაფ-თან ურთიერთობა აღარ გაქვთ?

- აღარ მაქვს, ჩემი დატვირთვიდან გამომდინარე, დრო არ მრჩება საკმარისი.

- ბუღალტერთა და აუდიტორთა საქმიანობის რეგულირების თაობაზე რას ფიქრობთ? არის მოსაზრება, რომ ეს ფუნქცია უმჯობესია პროფესიულმა ორგანიზაციებმა, კონკრეტულად კი ბაფ-მა იტვირთოს. არის სხვა მოსაზრებაც, რომ სახელმწიფო რეგულირების შენარჩუნება ამ სფეროში აუცილებელია. თქვენ რომელ მოსაზრებას უჭერთ მხარს?

- არ მიმაჩნია სწორად, რომ ერთადერთი მარეგულირებელი ორგანიზაცია ბაფ-ი იყოს. ბაფ-ის სერტიფიცირების გარეშეც შეიძლება ადამიანი გაიზარდოს და სერიოზული კადრი დადგეს. არ შეიძლება, რომ რეგულირების ფუნქცია მხოლოდ ბაფ-ს ჰქონდეს და მხოლოდ ის განსაზღვრავდეს ყველაფერს. უნდა იყოს კონკურენცია, ანუ რამდენიმე მასერტიფიცირებელი ორგანო უნდა არსებობდეს და ადამიანს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს – სად მიიღოს განათლება და თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

- წლევანდელი წლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში საკმაოდ ბევრი ახალი ცვლილება ამოქმედდა. თქვენ თუ გაეცანით ცვლილებების შინაარსს? გვაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება საშემოსავლო გადასახადის შემცირებისადმი და მისგან გამომდინარე ხელფასების გადაანგარიშებაზე.

- სრულყოფილად ბოლომდე ჯერ არ გავცნობივარ ამ ცვლილებებს, თუმცა ყველა ძირითად ცვლილებაზე მაქვს ინფორმაცია. მივესალმები, საშემოსავლო გადასახადი 20%-მდე რომ შემცირდა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გაანაწილოს ორგანიზაციამ საშემოსავლო გადასახადის კლებით მიღებული შემოსავალი, თითოეული ფირმის მენეჯმენტმა თვითონ უნდა განსაზღვროს მისი განაწილების პრინციპი, ზოგადად დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, რომ ცვლილებით მიღებული შეღავათი პირდაპირ აისახოს დაქირავებულის ანაზღაურებაზე. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ან ჩემი ბიზნესი რომ მქონოდა, ასე გავაკეთებდი.

- თქვენ საკმაოდ დიდი ხანია ბუღალტრად მუშაობთ. როგორ მიგაჩნიათ, ბუღალტრისთვის რა უფრო უკეთესია: იყოს დაქირავებული ბუღალტერი, რომელსაც გარანტირებულ ხელფასს უხდიან, თუ საკუთარი ბიზნესი ჩამოაყალიბოს და კლიენტებს ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება შესთავაზოს? თქვენ თუ გიფიქრიათ საკუთარი ბიზნესის ჩამოყალიბება?

- მიფიქრია. ჩემი გამოცდილება ბუღალტრულ საქმიანობაში საკმაოდ დიდია. თითქმის არ არსებობს წარმოება, სადაც არ მიმუშავია. ვფიქრობ, თვითონ გადავიდე აუდიტორულ საქმიანობაში და ამ სფეროში გავაგრძელო მუშაობა. ზუსტად არ ვიცი, ეგ მომავლის საქმეა, რამდენად შევძლებ ამის განხორციელებას. მაგრამ ვერ ვხედავ განსხვავებას პასუხისმგებლობაში. – ჩემს საკუთარ ბიზნესში როგორი პასუხისმგებლობაც მექნება, ისეთივე პასუხისმგებლობით ვმუშაობ ახლა, როცა ვარ დაქირავებული თანამშრომელი და ხელფასს მიხდიან.

- სამაგიეროდ, დაქირავებული ბუღალტრის მუშაობაში რისკი ნაკლებია და გარკვეულწილად მშვიდად შეუძლია იმუშაოს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ თავად წარმართავს საკუთარ ბიზნესს - სამეწარმეო თუ სხვა რისკები თავად უნდა გაითვალისწინოს და ორგანიზების სიმძიმეც იტვირთოს.

- ეს კი, მაგრამ... ყველა ბუღალტერი მაინც რისკავს ნებისმიერ შემთხვევაში. დაქირავებული ბუღალტრის საქმიანობა ოფის-მენეჯერის საქმიანობა არ არის. პასუხისმგებლობა ნებისმიერ საკითხში ეკისრება მას თითქმის ისევე, როგორც დამქირავებელს. ამ პასუხისმგებლობას ბუღალტერი ვერ გაექცევა: ფინანსური თუ საგადასახადო კუთხით, ასევე სხვა შემთხვევებიც უამრავია... რისკი სად იყოფა – ვერ ვხვდები. საკუთარ ბიზნესში რასაკვირველია მეტი რისკია, მაგრამ არც დაქირავებული ბუღალტრობის დროს არის ცოტა.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით ბიზნეს-გარემოს დღეს და თუ არის პროგრესი საქართველოში ბიზნესის ლეგალურად კეთების მხრივ?

- რა თქმა უნდა, პროგრესი არის. მიმაჩნია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესი გათეთრდა. ყოველ შემთხვევაში, მე სადაც მიმუშავია, ის ბიზნესები 100 პროცენტით გათეთრებულია. მიმაჩნია, რომ ასეც უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, ბიზნეს-გარემოც უმჯობესია. აგვისტოს ომი რა გავლენას იქონიებს ინვესტირებაზე, ვერ ვიტყვი, მაგრამ ომამდე ინვესტიციები დიდი ოდენობით შემოდიოდა. თუნდაც იგივე "ლომისის" ქარხანა მაშინ გაიყიდა.

- სადაც ამჟამად მუშაობთ, კრიზისის ფონზე "ინტერპლასტის" გაყიდვები რამდენად არის შეცვლილი?

- კრიზისი ყველას შეეხო. ჩვენი წარმოება დამოკიდებულია მშენებლობაზე და სამშენებლო კომპანიებზე. მომავალი გვიჩვენებს, როგორ წავა საქმე. სამშენებლო კომპანიების გაჩერება თავის გავლენას ახდენს სამშენებლო მასალების გაყიდვებზე.

- როგორ ფიქრობთ, ამ კრიზისის ფონზე რამდენად არის სამუშაო ადგილები ბუღალტრებისთვის?

- სამუშაო კი არის, მაგრამ პროფესიონალი ბუღალტერი დეფიციტია. დღეს ბევრი ბუღალტრობს, მაგრამ კვალიფიციური ბუღალტრის მონახვა ძალიან ჭირს. მე მინდა ქარხანაში კადრი ავიყვანო და ვერ ვპოულობ შესაფერის კადრს. უამრავი კურსებია გახსნილი, სადაც ბუღალტერიას ასწავლიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კურსებს გაივლი და გამოხვალ ბუღალტერი. კურსები თეორიის გარდა არაფერს გაძლევს. საჭიროა პრაქტიკა და პროფესიონალის გვერდით მუშაობა დროის გარკვეულ მანძილზე. კვალიფიციურ კადრს კი დამქირავებელმა თავიდანვე უნდა მისცეს კარგი ხელფასი. დაბალი კვალიფიკაციის ბუღალტრის აყვანას სჯობს საერთოდ არ აიყვანო ბუღალტერი.

- ბოლოს, საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებზე გკითხავთ. რომელი საბუღალტრო პროგრამის მომხმარებელი ხართ?

- "ინფო ბუღალტერის" და "ეგზაქტის". "ინფო ბუღალტერი" ძალიან კარგი პროგრამაა და წლების განმავლობაში ამ პროგრამის მომხმარებელი ვიყავი, მაგრამ ისეთ გიგანტურ წარმოებაში, როგორიც "ინტერპლასტია", "ეგზაქტის" დანერგვა გადაწყდა და ამჟამად ამ პროგრამით ვსარგებლობ.

ესაუბრა თემურ იობაშვილი