ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
კითხვა–პასუხი
აუდიტორული საქმიანობა
აღრიცხვა და გადასახადები
იურიდიული კონსულტაცია
საბანკო სისტემა
სადაზღვევო საქმიანობა
სტუმარი
ლოგიკური ამოცანა
სხვადასხვა
შრომის ბირჟა
ნორმატიული დოკუმენტები
შეკითხვა რედაქციას
"აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსების" სტატიები
ელექტრონული დეკლარირების დადებითი და უარყოფითი მხარეები
#4(124), 2010
რას ამბობენ ბუღალტრები ფინანსთა სამინისტროს ინიციატივაზე

გადამხდელთა მომსახურების გამარტივების მიზნით, უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომსახურების ახალი ფორმა - დეკლარაციის ელექტრონული სახით წარდგენის სერვისი დაინერგა. ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს #1000 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელებს უფლება ეძლეოდათ უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა შემოსავლების სამსახურის ინტერნეტ-მომსახურების პორტალის გამოყენებით ონლაინ-რეჟიმში განეხორციელებინათ.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, პროცესის დანერგვა ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო და იგი პირველ ეტაპზე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ გადამხდელებზე ვრცელდებოდა. თუმცა, ბრძანებაში არაფერი იყო ნათქვამი ელექტრონულ დეკლარირებაზე გადასვლის იძულებაზე, რასაც 2009 წელს ჰქონდა ადგილი. ამის შესახებაც ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ. მანამდე კი, იმ სტატისტიკას გაგაცნობთ, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაციიდან მოვიპოვეთ.

თუ 2009 წლის დასაწყისში ყოველთვიურად წარდგენილი დეკლარაციების საერთო რაოდენობაში ელექტრონული წარდგენის ხვედრითი წილი 1,6% იყო, დეკემბერში მან 78,6% შეადგინა. სამინისტროში მოახდინეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხის შედარებითი ანალიზიც. შარშან იანვარში ელექტრონული დეკლარირებით წარდგენილი დოკუმენტებით მეწარმეებზე დარიცხულმა გადასახადებმა მხოლოდ 3 მილიონ 179 ათასი ლარი (ადგილზე წარდგენით 107 მილიონ 74 ათასი ლარი) შეადგინა, დეკემბერში კი _ 265 მილიონ 532 ათასი ლარი (ადგილზე წარდგენით 21 მილიონ 363 ათასი ლარი).

ზრდის ასეთი მასშტაბების დაფიქსირებას, ბუნებრივია, მისი ობიექტურ-სუბიექტური ფაქტორებიც გააჩნდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ის, რომ 2009 წლის მარტიდან ელექტრონული დეკლარირების სერვისი ყველა სახის დეკლარაციის ვირტუალური გზით წარდგენის საშუალებას იძლეოდა, რამაც მეწარმეებს დეკლარაციების ჩასაბარებლად ინტერნეტის გამოყენებისაკენ უბიძგა. თუმცა, ბევრი მოსალოდნელმა სანქციებმაც აიძულა  უარი ეთქვა "ქაღალდომანიაზე". ცნობილია, რომ ყოველი თვის 15 რიცხვამდე დეკლარაციის წარუდგენლობისათვის ჯარიმა 200 ლარია გათვალისწინებული. როცა საგადასახადო ორგანოში მისულ მოქალაქეს დეკლარაციის წერილობით ფორმით ჩაბარებაზე უარს ეტყვიან - წადით და ეს მონაცემები ელექტრონული ფორმით გამოგზავნეთო, გასაგებია, რომ "ჩათრევას ჩაყოლა სჯობს". არადა, ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მეწარმეებს დაავალდებულებდა, რომ დეკლარაციები მხოლოდ ელექტრონული ფორმით წარადგინონ, ჯერ არ არსებობს.

თუმცა, უდავოა, რომ ელექტრონულ დეკლარირებას ბევრი დადებითი მხარე აქვს და დღეს ამ სიახლის კომფორტულობას თითქმის ყველა ადასტურებს. ცნობილია, რომ ელექტრონული სახით დეკლარირება შესაძლებელი გახდა წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების საფუძველზე. დეკლარაციების ელექტრონულად წარმდგენთათვის ზედმეტად გადახდილი თანხების უკან დაბრუნება ავტომატურად ხდება. დღგ-ის დეკლარაციების ელექტრონულად წარმდგენი პირები განთავისუფლდნენ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის ვალდებულებისაგან. იმის გარდა, რომ შესაბამის უწყებაში შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც მეწარმეებს დროის დაზოგვის მიზნით, ელექტრონული დეკლარირების პრივილეგიების გაცნობაში ეხმარებიან, გადამხდელებს შეუძლიათ ისარგებლონ სატელეფონო დახმარების ცენტრი 077-ის უფასო მომსახურებით.

"ააფი" შეეცადა ელექტრონული დეკლარირების დადებით მხარეებზე და ცალკეულ ნაკლოვანებებზე იმ პროფესიონალებს გასაუბრებოდა, რომლებსაც რეგულარული შეხება აქვთ აღნიშნულ პროცესთან. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება რამდენიმე გამოცდილი ბუღალტრის შეფასების გაცნობა:

მაია ხარიტონიშვილი (ავიაკომპანია "ეურექსაირლაინ"-ის მთავარი ბუღალტერი): "სიმართლე გითხრათ, ელექტრონულ დეკლარირებაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. ჩვენ ჯერ კიდევ 2 წლის წინათ დავრეგისტრირდით, მაგრამ არ ვსარგებლობდით ამ სერვისით. შემოსავლების სამსახურიდან ძალდატანება რომ არ ყოფილიყო, ალბათ კიდევ კარგა ხანს არ გადავიდოდით ამ მეთოდზე და ვერც იმ დადებითი მხარეების შესახებ გავიგებდით, რაც მრავლადაა პროგრამაში. მართალია, პორტალი თავიდან გარკვეული შეფერხებებით მუშაობდა, მაგრამ თანდათან ყველაფერი დაიხვეწა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება". 
        
მაია კვანტალიანი (სს "ბიოქიმფარმის" მთავარი ბუღალტერი): "ელექტრონული დეკლარირების მეთოდს ძალიან ბევრი დადებითი გააჩნია, თუმცა მინდა იმ პრობლემებზე გითხრათ, რომლებსაც მუშაობის პროცესში წავაწყდი. მოგების დეკლარაციის ამობეჭდვისას, პროგრამამ საშუალება არ მომცა ფორმა გამედიდებინა, ამობეჭდვისას კი პირველი ციფრი აკლდა. აღნიშნულ დეკლარაციაზე მუშაობისას არ ხდება დაჯამება, რაც შესაბამისი მონაცემის ხელით შეტანას იწვევს.
 

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ნომრის პროგრამაში შეყვანისას, თუ საიდენტიფიკაციო კოდი არასწორად იქნა აკრეფილი, პროგრამა იგივე ანგარიშ-ფაქტურის შეყვანის საშუალებას აღარ იძლევა. იძულებული ხარ წერილობით მიმართო საგადასახადოს, რათა შეცდომა გასწორდეს. და ერთიც: არ მომწონს, ყოველთვიურად პაროლის შეცვლას რომ ითხოვს პროგრამა".

ნინო კაჭარავა (შპს "იბერ-ინფოს" ფინანსური დირექტორი): "მიმაჩნია, რომ ელექტრონული დეკლარირება მისი ფორმითა და შინაარსით ძალიან კომფორტულია. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა შეცდომით დარიცხული გადასახადის ოპერატიულად განულება მოხდეს. ბუნებრივია, ამისთვის აუცილებელია წერილობითი ფორმით მიმართო საგადასახადო ორგანოს და ისინიც საკითხის უმოკლეს ვადებში შესწავლისთანავე ასწორებენ ამ შეცდომას.

უარყოფით მხარეს რაც შეეხება, ჯერ კიდევ შეინიშნება პროგრამული ხარვეზები. პროგრამა "ექსელის" ფაილიდან დეკლარაციების რეესტრის სრულ ატვირთვას არ აკეთებს. უფრო კონკრეტულად, თუ საიდენტიფიკაციო კოდი 9-ნიშნაა, მისი სრულად ატვირთვა ხდება, ხოლო ფიზიკურ პირზე, რომლის კოდი უფრო გრძელია, ასეთი ფაქტურები აუტვირთავი რჩება და იძულებული ვართ ხელით შევიყვანოთ დეკლარაციაში და პირადად წარვადგინოთ.

როცა ახალ პროგრამაზე დაიწყეს გადასვლა, ალბათ ძველი მონაცემების შეყვანის დაგვიანების გამო, საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში კოლოსალური სხვაობები იყო. ბუნებრივია, მოგვიანებით, როცა წარუდგენ შესაბამის დოკუმენტაციებს, შეცდომები სწორდება, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად არ ხარ ადამიანი მომზადებული, ასეთი "სიურპრიზი" პრობლემებს შეგიქმნის".

მაია შენგელია (შპს აუდიტური კონცერნი "ცოდნისა"-ს აუდიტისა და კონსალტინგის მენეჯერი): "ვისთვისაც დრო ძვირად ფასობს, მისთვის ეს სერვისი პირდაპირ მისწრებაა. თუ დეკლარაციის ხელით წარდგენისას უნდა მოგესწრო და 15 რიცხვის საღამოს 6 საათამდე ჩაგებარებინა, ელექტრონული დეკლარირებისას ღამის 12 საათამდე შეგიძლია გაგზავნო და მესიჯით მომენტალურად იღებ ჩაბარების დადასტურებას. ადრე თუ ბიუჯეტთან ანგარიშ-სწორებების ბუღალტრული მონაცემების შედარება საგადასახადოს მონაცემებთან რთულ პროცესს წარმოადგენდა, ახლა ეს ძალიან გაიოლდა, რადგან ნებისმიერ განსხვავებას სწრაფად პოულობ".

ჩვენ ვესაუბრეთ სხვა ბუღალტრებსაც, თუმცა ყველა მათგანის კომენტარის მოყვანა ერთ სტატიაში შეუძლებელია. უმეტესობა ელექტრონულ დეკლარირებას კარგ შეფასებას აძლევს. რამდენიმე ბუღალტერმა ხარვეზად დაასახელა ის, რომ საბაჟოზე დარიცხული და გადახდილი გადასახადების მონაცემები არ იყო სრულად ასახული გადამხდელთა სააღრიცხვო ბარათებზე (ეს ეხება იმ ფირმებს და ინდმეწარმეებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან გადამხდელებად ელექტრონული დეკლარირების შემოღებამდე და რომელთა ძველი წლების მონაცემები, როგორც ჩანს, არ არის შეყვანილი მათ ელექტრონულ სააღრიცხვო ბარათებზე).

ბუღალტრებთან გასაუბრების შემდეგ შევადგინეთ მათი შენიშვნების მოკლე კითხვარი და გავაგზავნეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. გთავაზობთ მასზე გაცემულ პასუხებს, რომელთა მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

- ზოგ ფირმას (განსაკუთრებით იმ ფირმებს, რომლებიც ძველ წლებშია რეგისტრირებული), საბაჟო გადასახდელების გრაფებში ამოსდით არარეალურად გაზრდილი თანხები, თითქოსდა დავალიანების სახით. მართალია, მათ ამ შეცდომით დარიცხული თანხის გადახდას არავინ სთხოვს, მაგრამ პროგრამიდან ასეთი მონაცემების ამოღება გაუთვითცნობიერებელ ბუღალტრებს ძალიან ანერვიულებს. როდის აპირებთ ამ ხარვეზის გამოსწორებას?

- პორტალზე ინფორმაცია ამოდის რეალური მონაცემებიდან. შესაბამისად პირადი აღრიცხვის ბარათებზე და შედარების აქტებზე "არარეალურად გაზრდილი თანხების" წარმოშობის მიზეზი გადამხდელმა უნდა გაარკვიოს აღრიცხვის მიხედვით სათანადო საგადასახადო ორგანოში.

- მოგების დეკლარაციის ცხრილში ჯამი არ კეთდება.

- მოგების დეკლარაციას ცალკე ცხრილი დანართად არ გააჩნია. თვითონ დეკლარაციაში ყველა თვლადი ველი ითვლება პროგრამის მიერ. დაბეჭდილ დეკლარაციაშიც იბეჭდება დასარიცხი თანხები დეკლარაციიდან.

- პროგრამა ყოველთვიურად ითხოვს პაროლის შეცვლას.

- პაროლის შეცვლა უსაფრთხოების მიზნით მსიფლიოში მიღებული პრაქტიკაა და სისტემა ვალდებულია მოითხოვოს პაროლის განახლება.

- კომპიუტერში დათვალიერებისას ყველაფერი კარგად იკითხება, ამობეჭდვისას კი, თუ დიდი რიცხვია მითითებული (მათ შორის, თეთრების მითითებით), რამდენიმე ციფრი "ჩაყლაპულია".  

- გთხოვთ, მიგვითითოთ კონკრეტული შემთხვევა, გადასახადი და თანხა, რომელიც არ ეტევა დაბეჭდილ ვერსიაში.

- ცხრილში ანგარიშ-ფაქტურის სწორი ნომრისა და არასწორი საიდენტიფიკაციო ნომრის (ს/ნ) შეყვანის შემდეგ, პროგრამა იგივე ანგარიშ-ფაქტურაზე შესწორებული ს/ნ-ის მიღების საშუალებას არ იძლევა.

- შეტანილ და უკვე დამატებულ ანგარიშ-ფაქტურაში შესწორების საშუალებას პროგრამა არ მოგცემთ! კოდი და სხვა სათანადო მონაცემები გადაამოწმეთ "დამატება" ღილაკზე დაჭერამდე.

- როგორ აპირებთ, მოიცვათ ელექტრონული დეკლარირების პრაქტიკით ქვეყნის ის რაიონები, სადაც ინტერნეტი ჯერ კიდევ "უცხო ხილია"?

- შემოსავლების სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით ხსნის ან/და რეაბილიტაციას უკეთებს საგადასახადო მომსახურების სერვის-ცენტრებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. შემოსავლების სამსახურის ამოცანაა ყველა სერვისის დეცენტრალიზება, რათა გადამხდელებს საშუალება მიეცეთ თავისი რაიონებიდან გაუსვლელად მიიღონ ყველა სახის საგადასახადო მომსახურება.

- იგეგმება თუ არა სიახლეები ელექტრონული დეკლარირების პროგრამირებაში? როდის და რა ფორმით უნდა ელოდოს მათ გადამხდელი?

- ელექტრონული დეკლარირების სერვისებში აქტიურად ხდება ცვლილებების და სიახლეების დამატება. ხშირად ვითვალისწინებთ მომხმარებლების მოთხოვნებს და აზრს. მომავლისთვის იგეგმება ბევრი სიახლე ამ სერვისის მომხმარებლებისათვის, რომელთა შესახებ საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება.

ფრიდონ კერვალიშვილი